„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ოფიცერთა და ზევადიანი (კონტრაქტით) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა მომზადებისა და გადამზადების კურსების დებულების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 04.08.1998
ძალის დაკარგვა 28.01.2022
გამომცემი ორგანო შინაგან საქმეთა სამინისტრო
ნომერი №406
სარეგისტრაციო კოდი 340.012.003.347
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 04/08/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ოფიცერთა და ზევადიანი (კონტრაქტით) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა მომზადებისა და გადამზადების კურსების დებულების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №406
1998 წლის 4 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს შსს შინაგანი ჯარების ოფიცერთა და ზევადიანი (კონტრაქტით)
სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა მომზადებისა და გადამზადების კურსების დებულების დამტკიცების შესახებ
1. დამტკიცდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ოფიცერთა და ზევადიანი (კონტრაქტით) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა მომზადებისა და გადამზადების კურსების დებულება (თან ერთვის).
2. შინაგანი ჯარების სარდალმა (შინაგანი ჯარების გენერალ-მაიორი გ. შერვაშიძე) წარმოადგინოს ოფიცერთა და ზევადიანი სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა მომზადებისა და გადამზადების სასწავლო კურსების საშტატო განრიგი დასამტკიცებლად, უზრუნველყოს აღნიშნული კურსების დაკომპლექტება გამოცდილი ოფიცრებით.
3. შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს უფროსმა (ვიცე-პოლკოვნიკი დ. კობახიძე), როგორც გამონაკლისი წარმოადგინოს სამხედრო წოდების „შინაგანი ჯარების უმცროსი ლეიტენანტის“ მისანიჭებლად შსს კადრებში ჩარიცხვით, შინაგანი ჯარების ოფიცერთა სასწავლო კურსების ის მსმენელები, რომლებმაც დაამთავრეს აღნიშნული კურსების ოფიცერთა მომზადების ჯგუფი, სრულფასოვნად შეისწავლეს საბრძოლო და სპეციალური მომზადების საფუძვლები და ხასიათდებიან დადებითად.
4. წინამდებარე ბრძანება გამოიცემა „საქართველოს შინაგანი ჯარების შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 30 აპრილის კანონის შესაბამისად და მის შესასრულებლად.
5. ბრძანება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებისთანავე.
6. ბრძანება დაიგზავნოს კუთვნილებისამებრ.
მ ი ნ ი ს ტ რ ი
პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი
კ. თარგამაძე
საქართველოს შსს შინაგანი ჯარების ოფიცერთა
და ზევადიანი (კონტრაქტით) სამხედრო სამსახურის სამხედრო
მოსამსახურეთა მომზადებისა და გადამზადების კურსების
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
I თავი
ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს შსს შინაგანი ჯარების სასწავლო კურსები იქმნება სასწავლო ბატალიონის ბაზაზე, სადაც ხორციელდება შინაგანი ჯარების ოფიცერთა და ზევადიანი (კონტრაქტით) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა მომზადება და გადამზადება.
2. ოფიცრები და ზევადიანი სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ჩარიცხულნი არიან სასწავლო კურსებზე, იწოდებიან მსმენელებად. მათი უზრუნველყოფა ხორციელდება კმაყოფის ყველა სახეობით.
3. შინაგანი ჯარების სასწავლო კურსების ძირითადი ამოცანას წარმოადგენს დაჩქარებული პროგრამით მოამზადოს კვალიფიციური ოფიცრები და ზევადიანი სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები, რომელთაც ექნებათ სამხედრო ცოდნა, სახელმწიფოებრივი მრწამსი და ერთგულად ემსახურებიან საქართველოს ინტერესებს.
4. სასწავლო კურსების ოფიცერთა გადამზადების ჯგუფები დაკომპლექტდებიან შინაგანი ჯარების ოფიცრებით, რომლებსაც არ გააჩნიათ სამხედრო მომზადება, სამხედრო ნაწილებსა და ქვედანაყოფებში ნამსახურები აქვთ არანაკლები ერთი წლისა, აქვთ უმაღლესი ან საშუალო სპეციალური განათლება, ხასიათდებიან დადებითად, აქვთ მაღალი მორალური და საქმიანი თვისებები, კარგი ფიზიკური მომზადება.
5. სასწავლო კურსების ოფიცერთა მომზადების ჯგუფები კომპლექტდებიან ზევადიანი სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა და ვადიანი სამსახურის სერჟანტებისაგან, რომელთაც დამთავრებული აქვთ უმაღლესი ან საშუალო სპეციალური სასწავლებლები და სამხედრო ნაწილებში იმსახურეს არანაკლებ ერთი წლისა, გააჩნიათ მაღალი საქმიანი, მორალური თვისებები, კარგი ფიზიკური მომზადება.
6. კურსების წარმატებით დამთავრების შემთხვევაში მსმენელებს შინაგანი ჯარების სარდლის წარდგინებით სამმართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ მიენიჭებათ სამხედრო წოდება შინაგანი ჯარების „უმცროსი ლეიტენანტი".
7. სასწავლო კურსების ზევადიანი (კონტრაქტით) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეების მომზადების ჯგუფები კომპლექტდებიან იმ სამხედრო მოსამსახურეებისაგან, რომლებიც დანიშნული არიან თანამდებობაზე სამხედრო წოდების მინიჭების გარეშე. კურსების წარმატებით დამთავრების შემთხვევაში მიენიჭებათ სამხედრო წოდება „საქართველოს შეიარაღებულ ძალებში რიგითების, სერჟანტებისა და ზემდეგების ვადიანი და ზევადიანი (კონტრაქტით) სამხედრო სამსახურის გავლის დებულების” შესაბამისად.
8.მსმენელები, რომლებიც გამოავლენენ უდისციპლინობას, შესაბამისი სადისციპლინო ზომების გატარების შემდეგ, გაირიცხებიან კურსებიდან. საკითხს მათი შინაგან ჯარებში შემდგომი სამსახურის შესახებ განიხილავს და გადაწყვეტს შინაგანი ჯარების სარდლობა.
9. სასწავლებლად მსმენელთა შესარჩევად შინაგანი ჯარების სარდლის მიერ ყალიბდება მიმღები კომისია, რომლის თავმჯდომარედ ინიშნება სარდლის ერთ-ერთი მოადგილე. კომისია შედგება: მსმენელთა კანდიდატების სამედიცინო შემოწმების, ფსიქოლოგიური შერჩევისა და ზურგის უზრუნველყოფის ჯგუფებისაგან. კომისია განიხილავს კადრების სამმართველოს მიერ შერჩეულ კანდიდატურებს სასწავლო კურსების შესაბამის ჯგუფებში ჩარიცხვის მიზნით.
10. თავდაპირველად კანდიდატების შერჩევასა და შემოწმებას ახორციელებს შინაგანი ჯარების კადრების სამმართველო, რისთვისაც სამხედრო ნაწილებიდან გამოითხოვს თითოეულ მათგანზე საატესტაციო მასალებს, რომლებიც წარედგინება მიმღებ კომისიას.
11. მსმენელთა ყოველმხრივი შესწავლის შემდეგ მიმღები კომისია განსაზღვრავს საბოლოო კომპლექტაციის საკითხს და ანაწილებს მათ დანიშნულებისამებრ.
12. კომისიის მუშაობის შედეგები ფორმდება ოქმით, რის საფუძველზე შინაგანი ჯარების კადრების სამმართველო მოამზადებს და შინაგანი ჯარების სარდალი გამოსცემს ბრძანებას სასწავლო კურსების შესაბამის ქვედანაყოფებში მსმენელთა ჩარიცხვის შესახებ.
13. მსმენელთა მომზადების პროცესში შინაგანი ჯარების კადრების სამმართველო, საბრძოლო მომზადების განყოფილება აგრძელებენ მათ ინდივიდუალურ-ფსიქოლოგიურ თვისებების შესწავლას, სწავლებისათვის ვარგისიანობას, მათ მიერ უკვე გამოტანილი დასკვნების დაზუსტების მიზნით.
14. პროფესიულ-ფსიქოლოგიური შერჩევის ჩატარების შედეგად არსებული დოკუმენტები მთელი სასწავლო პერიოდის განმავლობაში ინახება სასწავლო კურსებზე, ხოლო შემდეგ გადაიგზავნება იმ სამხედრო ნაწილში, სადაც კურსდამთავრებული სამხედრო მოსამსახურე გააგრძელებს სამსახურს.
15. ოფიცერთა და ზემსახურთა შემადგენლობის მოსამზადებელ და გადასამზადებელ კურსებზე მსმენელთა რაოდენობა ყოველ მორიგ ნაკადზე განისაზღვრება შინაგანი ჯარების სარდლის მიერ კადრების სამმართველოს წარდგინებით.
16. სახელმწიფოებრივ, სპეციალურ, საბრძოლო, ტაქტიკურ და ფიზიკურ მომზადებაში ჩამორჩენილებს, უდისციპლინო პირებზე სასწავლო კურსების უფროსის მიერ დგება გასარიცხ კანდიდატთა სია. მსმენელთა გარიცხვა ხორციელდება შინაგანი ჯარების სარდლის მიერ კადრების სამმართველოს წარდგინებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო-საექიმო კომისიის დასკვნის საფუძველზე.
17. მსმენელები ვალდებულნი არიან დაესწრონ სასწავლო-აღმზრდელობით მეცადინეობებს, გარდა იმ პირებისა, რომლებიც იმყოფებიან სადღეღამისო განწესის სამსახურში. მსმენელთა ჩართვა სხვადასხვა ღონისძიებებში მეცადინეობების მსვლელობის დროს კატეგორიულად აკრძალულია.
18. მსმენელთა გამოყენება სტიქიურ უბედურებათა წინააღმდეგ ბრძოლაში ან მოსახლეობისათვის დახმარების გასაწევად დაშვებულია მხოლოდ შინაგანი ჯარების სარდლის ბრძანებით.
II თავი
სასწავლო პროცესის ორგანიზაცია
19. სასწავლო კურსებზე საბრძოლო და სახელმწიფოებრივი მომზადებების დაგეგმვა ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და შინაგანი ჯარების სარდლის ბრძანებების, საორგანიზაციო-მეთოდური მითითებების, საბრძოლო და სახელმწიფოებრივი მომზადების გეგმების და სასწავლო პროგრამების მიხედვით.
20. ოფიცერთა კურსებზე სწავლების წესი განისაზღვრება სასწავლო გეგმებისა და პროგრამების შესაბამისად. სწავლება ტარდება სპეციალური პროგრამების მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოებრივ და საბრძოლო მომზადების ძირითად საგნებს:
ა) ოფიცერთა გადამზადების ხანგრძლივობა შეადგენს ოთხ თვეს, სწავლების საერთო მოცულობა შეადგენს 600 საათს;
ბ) ოფიცერთა მომზადების ხანგრძლივობა შეადგენს ექვს თვეს, სწავლების მოცულობა 900 საათს;
გ) ზევადიანი სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა მომზადების ხანგრძლივობა ექვს კვირას, სწავლების მოცულობა 216 საათს;
დ) სასწავლო ჯგუფის (ოცეულის) მეცადინეობის განრიგი დგება ერთი კვირის პერიოდით.
21. სასწავლო ბატალიონის შტაბს და სასწავლო კურსების უფროს ეკისრებათ:
ა) მსმენელებთან სასწავლო პროცესის დაგეგმვა და მეთოდური მუშაობა;
ბ) სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ობიექტების განაწილება და მოტო- რესურსებითა და საბრძოლო მასალებით სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა;
გ) მსმენელთა სწავლების შეჯამება თითოეული თვის მიხედვით და გამოსაშვები გამოცდების ანალიზი;
დ) სასწავლო ოცეულების საბრძოლო მომზადების გეგმის შესრულების ყოველთვიური აღრიცხვა;
ე) სასწავლო პროცესის ორგანიზაცია და უზრუნველყოფა სასწავლო მასალებით, თვალსაჩინოებით, სახელმძღვანელოებით, სასწავლო-მეთოდური ლიტერატურით და სამსახურებრივი დოკუმენტებით;
ვ) სასწავლო-მეთოდური მუშაობა.
22. მსმენელთა სწავლებაზე კონტროლს ახორციელებს შინაგანი ჯარების სარდალი და მისივე დავალებით კომპეტენტური ოფიცრები, კადრების სამმართველო, საბრძოლო მომზადების და პირად შემადგენლობასთან მუშაობის განყოფილება.
23. სასწავლო პროცესის შემოწმება და კონტროლი ხორციელდება ყოველკვირეულად
სასწავლო კურსების უფროსის მიერ შემუშავებული გემის მიხედვით. სასწავლო პროცესის კონტროლის დროს დადგენილი უნდა იქნეს:
ა) სასწავლო პროგრამის, საბრძოლო და სახელმწიფოებრივი მომზადების გეგმის შესრულების სისრულე და ხარისხი;
ბ) მეცადინეობებზე შესასწავლი მასალების შესაბამისობა სასწავლო პროგრამებთან;
გ) მეცადინეობების ორგანიზაციული, თეორიული და მეთოდური დონე;
დ) მსმენელების მიერ სასწავლო მასალის ათვისების ხარისხი;
ე) ჩატარებული მეცადინეობის ხარისხი, მათი ინტენსიურობა, მსმენელთა აქტიურობა მეცადინეობაზე;
ვ) მსმენელთა სწავლების ეფექტურობა, სამეთაურო ჩვევების, ქვედანაყოფების მართვის თვისებების გამომუშავება;
ზ) მსმენელების დამოუკიდებელი მომზადების ორგანიზაცია და მისი ჩატარება;
თ) სამხედრო დისციპლინის მდგომარეობა;
ი) შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის გამოყენების დროს უსაფრთხოების წესების დაცვა;
კ) სწავლებაში და აღზრდაში არსებული მოწინავე გამოცდილებების შესწავლა და დანერგვა;
24. კონტროლი ხორციელდება:
ა) მეცადინეობის ხელმძღვანელებთან საუბრით, მათი კონსპექტების გეგმების, აქციებისა და მეთოდური მითითებების შემოწმებით;
ბ) სწავლების დაწყებამდე ხელმძღვანელების მიერ მსმენელების მზადყოფნის შემოწმებით;
გ) მეცადინეობებზე უფროსების ან მათ მიერ გამოგზავნილი პირების დასწრებით;
დ) ქვედანაყოფებში კომპლექსური შემოწმების ჩატარებით, ძირითად ღონისძიებათა გეგმის შესაბამისად.
25. მსმენელების მომზადება უნდა ატარებდეს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ხასიათს და უმეტეს შემთხვევაში მიმდინარეობდეს საველე პირობებში. იგი უნდა ტარდებოდეს შეიარაღების, საბრძოლო და სპეციალური ტექნიკის შესწავლის გზით. ტაქტიკური სწავლება, სპეციალური მომზადება, სავარჯიშოების შესრულება სროლაში უნდა ხდებოდეს სასწავლო ცენტრის ობიექტებზე.
26. სასწავლო ბატალიონის შტაბის და სასწავლო კურსების უფროსის მიერ მუშავდება სასწავლო ობიექტების გამოყენების გრაფიკი, რომლის მიხედვით იგეგმება მსმენელების სწავლება.
27. მსმენელების სწავლების ძირითად ფორმებს წარმოადგენენ:
ა) პრაქტიკული მეცადინეობები, – გამოიყენება მსმენელთა მიერ წესდებების, ნორმატიული აქტების, დებულებების, შეიარაღებისა და ტექნიკის შესასწავლად, მათი საბრძოლო გამოყენებისათვის. პრაქტიკული მეცადინეობების ძირითად მეთოდებს წარმოადგენენ: ახსნა, ჩვენება და ვარჯიში. აგრეთვე სასწავლო-სავარჯიშო რუკის დახმარებით ტექნიკისა და შეიარაღების ექსპლუატაცია;
ბ) ჯგუფური ვარჯიშები, – წარმოადგენენ მსმენელთა სამეთაურო სწავლების ერთ-ერთ ფორმას შინაგანი ჯარების ტაქტიკასა და საერთო-ტაქტიკურ მომზადებაში.
ჯგუფური ვარჯიშები გამოიყენება აგრეთვე საყარაულო სამსახურის ორგანიზაციის შესწავლის დროს;
გ) მეთოდური მეცადინეობები, _ ტარდება მსმენელებთან შინაგანი ჯარების ტაქტიკაში, საერთო-ტაქტიკურ, სპეციალურ, საცეცხლე, სამწყობრო, ფიზიკურ მომზადებაში და სხვა სახეობებში, რომლებზეც მსმენელები გამოიმუშავებენ პრაქტიკულ სამეთაურო ჩვევებს სწავლების მომზადებისა და ჩატარებისათვის.
სწავლების ჩასატარებლად ემზადება ყველა მსმენელი, ხოლო სწავლებას ატარებენ მხოლოდ ოცმეთაურების მიერ დანიშნული პირები. ყოველი სასწავლო საკითხის დამუშავების შემდეგ წარმოებს გარჩევა და მეცადინეობების ხელმძღვანელების შეცვლა;
დ) საკონტროლო მეცადინეობები – ტარდება მსმენელთა მიერ განვლილი პროგრამების ათვისების ხარისხის შესამოწმებლად. საკონტროლო მეცადინეობების შედეგები არის საფუძველი საბრძოლო და სახელმწიფოებრივი მომზადების შეჯამებისათვის;
ე) საველე გასვლა – წარმოადგენს მსმენელების საბრძოლო და ფსიქოლოგიური მომზადების ერთ-ერთ ფორმას. საველე მეცადინეობა იგეგმება არანაკლებ 5 დღე-ღამის განმავლობაში, კლიმატური პირობებიდან და სასწავლო კურსების დისლოკაციიდან გამომდინარე: საველე გასვლების დროს მოწმდება მსმენელთა უნარი და ჩვევები იმ საგნებში, რომლებიც გამოსაშვებ გამოცდაზე არ გამოიტანება. სწავლების ძირითადი ფორმებია: ჯგუფური ვარჯიშები, ტაქტიკურ-სამწყობრო, ტაქტიკურ-სპეციალური და ტაქტიკური მეცადინეობები, საკონტროლო სროლების ვარჯიშების შესრულება;
ვ) ინდივიდუალური მომზადება – მიმდინარეობს იმ მსმენელებთან, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შეიარაღებისა და ტექნიკის მომსახურებასთან. ტარდება ჯგუფური კონსულტაციები, რომელშიც მონაწილეობას იღებენ შტაბის ოფიცრები. სემინარული მეცადინეობები გამოიყენება ცოდნის განმტკიცებისათვის და მსმენელის მიერ აზრის ზუსტად და მოკლედ ფორმულირებისათვის;
ზ) ჩათვლები – მიმდინარეობს სწავლების ყველა იმ საგანში, რომლებიც გამოცდებში არ შეიტანება. ჩათვლების ჩაბარებისას შეფასება ხდება ოთხბალიანი სისტემით. ჩათვლების მიღების უფლება აქვს სასწავლო ბატალიონის მეთაურს, სასწავლო კურსების უფროსს, მათ მოადგილეებს და ნაწილის ოფიცრებს.
28. სამხედრო ნაწილებსა და ქვედანაყოფებში სამსახურებრივ-საბრძოლო ამოცანების პრაქტიკული შესრულებით მსმენელები იმაღლებენ კვალიფიკაციას, სასწავლო კურსების შტაბი აზუსტებს მეცადინეობების თემებს, რომელიც უნდა დამუშავდეს საბრძოლო ქვედანაყოფებში და რომლის მეშვეობითაც მოხდება მსმენელების კვალიფიკაციის ამაღლება.
კვალიფიკაციის ამაღლების დამთავრების შემდეგ ხელმძღვანელი ოფიცერი ამზადებს დასკვნას, რომელშიც აღნიშნავს, თუ რომელ ნაწილში მიმდინარეობდა კვალიფიკაციის ამაღლება, როგორ შესრულდა დასახული პროგრამა, მონაწილეობა საბრძოლო სამსახურის შესრულებასა და საბრძოლო მომზადებაში, სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობა, სამხედრო დისციპლინა.
29. მეთოდური მუშაობა არის სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის განუყოფელი ნაწილი და ყველა მეთაურის მოღვაწეობის ერთ-ერთი სახეობა. იგი მიმართული უნდა იყოს მსმენელების მეთოდური ოსტატობის სრულყოფისათვის.
მეთოდური მუშაობის სისტემა მოიცავს: სასწავლო-მეთოდურ შეკრებებს, საინსტრუქტორო-მეთოდური სწავლებებს, ინსტრუქტაჟს, მეთოდურ შეკრებებს.
ა) სასწავლო პროცესის მსვლელობაში განიხილება საბრძოლო და აღმზრდელობითი მუშაობის გეგმები;
ბ) განიხილავენ სამხედრო დისციპლინის მდგომარეობას, შეისწავლიან მისი განმტკიცების მეთოდიკას;
გ) განიხილავენ სპორტულ-მასობრივ მუშაობის და შეჯიბრების ჩატარების მეთოდიკას.
30. სასწავლო კურსების ოფიცერთა შემადგენლობასთან მეთოდური მუშაობის გეგმა დგება სწავლების მთელი პერიოდის განმავლობაში და მტკიცდება შინაგანი ჯარების სარდლის შესაბამისი მოადგილის მიერ.
ა) 5-დღიანი სასწავლო-მეთოდური შეკრებები სასწავლო ოცეულების მეთაურებთან ტარდება სწავლების თითოეული პერიოდის დაწყებამდე სასწავლო კურსების უფროსის ხელმძღვანელობით. შეკრებებზე ხდება განვლილი სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობის გაანალიზება და ახალი ამოცანების დასახვა:
ბ) საინსტრუქტორო-მეთოდური მეცადინეობები მიმდინარეობს 5-7 დღით ადრე. ვიდრე მსმენელები შეუდგებიან შემდეგი თემის შესწავლას. მეცადინეობებს ხელმძღვანელობს მეთოდისტი ოფიცერი, რომელიც თანამდებობის მიხედვით ორი საფეხურით მაღლა დგას, ვიდრე მსმენელები;
გ) საჩვენებელი მეცადინეობები: საჩვენებელი მეცადინეობის ხელმძღვანელი ახდენს სწავლების რაც შეიძლება ეფექტური მეთოდური ხერხების დემონსტრირებას და გადასცემს მსმენელებს საუკეთესო მეთოდისტების გამოცდილებას;
დ) ინსტრუქტაჟი მიმდინარეობს ყოველდღიურად სასწავლო კურსების უფროსის მიერ განსაზღვრულ საათებში;
ე) მეცადინეობის ჩატარების გეგმის დამტკიცება წარმოადგენს მეცადინეობების ხელმძღვანელების მომზადების ერთ-ერთ ფორმას;
ვ) მეთოდური თათბირები მიმდინარეობს ყოველთვიურად სასწავლო კურსების
ოფიცრებთან, მეთოდურ თათბირებზე განიხილება სწავლების ეფექტური მეთოდიკა. მსმენელთა აღზრდის გაუმჯობესების გზები და მეცადინეობის ჩატარების გეგმა.
III თავი
სასწავლო პროცესის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა
31. სასწავლო ბატალიონის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უნდა უზრუნველყოფდეს კურსების მსმენელთა ხარისხიან მომზადებას.
32. სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა იქმნება სასწავლო ბატალიონისა და სასწავლო ცენტრის განლაგების ადგილებზე.
33. სასწავლო ბატალიონში კურსების მსმენელთა მომზადების პროფილის შესაბამისად იქმნება სპეციალიზებული კლასები სწავლების ძირითადი საგნების
მიხედვით.
34. სასწავლო ბატალიონში სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ეწყობა შინაგანი ჯარების სარდლის ბრძანების მოთხოვნილების შესაბამისად.
IV თავი მსმენელთა გამოსაშვები გამოცდების ჩატარება
35. მსმენელთა შემოწმება მიმდინარეობს სასწავლო პერიოდის მსვლელობისას და მისი დამთავრებისას, მსმენელთა გამოსაშვები გამოცდების ჩატარების დროს.
სასწავლო შემოწმებებმა სასწავლო პროცესის მსვლელობის დროს არ უნდა დაარღვიოს სასწავლო პროცესის გეგმიურობა და განხორციელდეს საკონტროლო მეცადინეობების გზით. გამოსაშვები გამოცდები ტარდება სწავლების ძირითად საგნებში საბრძოლო მომზადების არსებული პროგრამების მოცულობით.
გამოსაშვებ გამოცდებზე დაიშვებიან ის მსმენელები, რომლებმაც გაიარეს სწავლების სრული კურსი.
36. გამოსაშვები გამოცდების ჩასატარებლად შინაგანი ჯარების სარდლის ბრძანებით ინიშნება საგამოცდო კომისია, რომელიც ერთდროულად წარმოადგენს საკვალიფიკაციო კომისიასაც. მის შემადგენლობაში ინიშნებიან შინაგანი ჯარების მთავარი სამმართველოსა და სამხედრო ნაწილების კვალიფიკაციური ოფიცრები.
37. საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე, როგორც წესი, ინიშნება მთავარი სამმართველოს ოფიცერთა შემადგენლობიდან, ხოლო სპეციალისტების გამოშვებისას – სათანადო სამსახურების ოფიცრების რიცხვიდან. საგამოცდო კომისიის შემადგენლობიდან ყალიბდება ქვეკომისიები თავმჯდომარისა და ორი ან სამი წევრის შემადგენლობით იმ საგნების მიხედვით, რომლებიც გამოიტანება გამოცდებზე.
საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე და მისი წევრები პასუხისმგებელი არიან შემოწმებებისა და გამოსაშვები გამოცდების ჩატარება-ორგანიზაციაზე, შეძენილი ცოდნის, პრაქტიკული უნარ-ჩვევებისა და შემოწმების სხვა ელემენტების ობიექტურ შეფასებაზე.
38. გამოცდების დაწყებამდე მსმენელების მიერ ჩატარებული უნდა იქნეს ჩათვლები იმ საგნებში, რომლებშიც გამოცდები არ არის დანიშნული.
39. გამოცდების ჩასატარებლად საბრძოლო მომზადების განყოფილების მიერ მუშავდება და შინაგანი ჯარების სარდლის მიერ მტკიცდება საგამოცდო ბილეთები. პრაქტიკული საკითხების, ამოცანებისა და ნორმატივების ჩამონათვალი არაუგვიანეს 10 დღის გამოცდების დაწყებამდე. გამოსაშვები გამოცდები მიმდინარეობს 7 დღის განმავლობაში.
40. სასწავლო სროლების, ამოცანებისა და ნორმატივების ჩამონათვალი განისაზღვრება შინაგანი ჯარების სარდლის მიერ. სროლის წესების და საფუძვლების, ტექნიკისა და შეიარაღების შემოწმება ხდება სასროლო სავარჯიშოების ჩატარების დროს, შეიარაღებისა და ტექნიკის საბრძოლო გამოიყენება კი სპეციალურ მეცადინეობებზე.
41. გამოსაშვები გამოცდები შინაგანი ჯარების ტაქტიკაში, საერთო-ტაქტიკურ, საინჟინრო-ტექნიკურ, სპეციალურ, საცეცხლე მომზადებაში ხდება ველზე. ამასთან მაქსიმალურად გამოიყენება ტაქტიკური სასწავლო ველები, მათზე არსებული საკონტროლო ზოლები, სასწავლო ქალაქები, სასროლეთები, ავტოდრომები და სასწავლო-საველე ბაზის სხვა ობიექტები.
42. მეთოდურ მომზადებაში გამოცდებისათვის გამოიყოფა დრო, რომლის განმავლობაში მოწმდება მსმენელების მიერ საბრძოლო და ტაქტიკურ მომზადებაში მეცადინეობის ჩატარების უნარი, თითოეული ოფიცერი აბარებს გამოცდებს ერთ-ერთ მითითებულ საგანში/ინდივიდუალური დავალებები ეძლევათ ამ დისციპლინაში გამოცდებამდე 2-3 დღით ადრე. გამოცდები საბრძოლო და სამწყობრო მომზადების მეთოდიკაში მიიღება შესაბამისად არსებული დებულებისა.
43. იმ მსმენელებმა, რომლებმაც გაიარეს სწავლების სრული კურსი, მაგრამ რაღაც სხვადასხვა საპატიო მიზეზების გამო ვერ ჩააბარეს გამოცდები დადგენილ დროში, აბარებენ კომისიას, რომლებიც შექმნილია სასწავლო კურსების უფროსის მიერ მისი თავმჯდომარეობით.
44. სასწავლო ბატალიონის მეთაური, კურსების უფროსი, კომისიის მოსვლამდე ვალდებული არიან:
ა) მიიღონ დამტკიცებული საგამოცდო საკითხების ნუსხა და ბილეთები. აუცილებელი მითითებანი შემოწმების წესებისა და შინაარსის, გამოსაშვები გამოცდების ორგანიზების თაობაზე;
ბ) ოფიცერთა შემადგენლობასთან ერთად შეისწავლონ შესაბამისი ბრძანებები, დირექტივები და დებულებები;
გ) შეიმუშაონ შემოწმებისა და გამოცდების ცხრილი დაწყებიდან არაუგვიანეს 3 დღისა და წარუდგინონ კომისიის თავმჯდომარეს დასამტკიცებლად;
დ) მოამზადონ შეიარაღება, ტექნიკა და სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ობიექტები;
ე) მოამზადონ გამოცდების მსვლელობის და შემაჯამებელი შემოწმებების გაფორმებისათვის საჭირო დოკუმენტაცია;
ვ) მოამზადონ მოხსენება საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის, სწავლების პროგრამების შესრულების, მსმენელების მომზადების, სამხედრო დისციპლინის, სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და ზურგის უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;
ზ) ჩაატარონ სასწავლო ოცეულების მეთაურთა მოხსენებების მოსმენა, რომლებმაც თითოეულ მსმენელს უნდა მისცენ დახასიათება შესაბამისი დასკვნებით მისი ჯარებში შემდგომი გამოყენებისათვის.
45. თითოეულ სუსტად მომზადებულ მსმენელზე და მათზე, ვინც სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ დასძლია სასწავლო პროგრამა, სასწავლო ბატალიონის მეთაური, კურსების უფროსი ახსენებენ საგამოცდო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც წყვეტს ასეთი მსმენელების გამოცდაზე დაშვების საკითხს.
46. საგამოცდო კომისია ნაწილში უნდა გამოცხადდეს გამოცდების დაწყებამდე, არაუგვიანეს 3 დღით ადრე. იგი ვალდებულია:
ა) შეისწავლოს სასწავლო კურსებზე საბრძოლო და სახელმწიფოებრივი მომზადების, სწავლების პროგრამების შესრულების მდგომარეობა, განსაკუთრებულად კი ათეულების და ოცეულების მეთაურთა მიერ მეთოდური მუშაობის განხორციელება და ორგანიზაცია;
ბ) დაადგინოს გამოცდების თანმიმდევრობა;
გ) შეამოწმოს სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამართულობა.
განსაზღვროს რომელ სასწავლო ხელმძღვანელობით აქვთ უფლება მსმენელებს ისარგებლონ პასუხების მოსამზადებლად გამოცდების ჩაბარების დროს.
47. სამუშაოს დამთავრების შემდეგ კომისია ადგენს ოქმს, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის და ქვეკომისიის თავმჯდომარეები და ამტკიცებს შინაგანი ჯარების სარდალია სასწავლო ნაწილიდან მსმენელების გამოშვება და მათი ჯარებში განაწილება ხდება საზეიმო ვითარებაში.
48. იმ მსმენელებმა, რომლებმაც სასწავლო კურსები დაამთავრეს ოფიცრების მომზადების პროგრამით, საბრძოლო და სახელმწიფოებრივ მომზადებაში გამოცდები ჩააბარეს დადებითი ნიშნებით და გამოავლინეს სამაგალითო სამხედრო დისციპლინა.
დადგენილი წესით ენიჭებათ სამხედრო წოდება „შინაგანი ჯარების უმცროსი ლეიტენანტი" შსს კადრში ჩარიცხვით. ბრძანება სასწავლო კურსების დამთავრების შესახებ და სამხედრო წოდების მინიჭება მსმენელებს ეცნობა მწყობრის წინაშე დადგენილი მოწმობის გადაცემით. წოდებების მინიჭებასთან ერთად მათ გადაეცემათ შესაბამისი სამხრეები. კურსდამთავრებულების დანიშვნა სამხედრო ნაწილებსა და ქვედანაყოფებში საშტატო თანამდებობებზე ხორციელდება შინაგანი ჯარების სარდლის ბრძანებით.
49. ოფიცრებს, რომლებმაც დაამთავრეს გადასამზადებელი კურსები, გადაეცემათ შესაბამისი მოწმობები.
50. მსმენელებს, რომლებმაც წარმატებით დაამთავრეს ზევადიანი სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეების მოსამზადებელი კურსები, მიეცემათ მოწმობები და შესაბამისი მეთაურების მიერ მიენიჭებათ სამხედრო წოდება
„საქართველოს შეიარაღებულ ძალებში რიგითების, სერჟანტებისა და ზემდეგების ვადიანი და ზევადიანი სამხედრო სამსახურის გავლის დებულების” შესაბამისად.
V თავი
მსმენელთა საბრძოლო და სახელმწიფოებრივი მომზადების შეფასება
51. თითოეულ სასწავლო საგანში მსმენელების ცოდნის შეფასება ხდება შემდეგი შეფასებით: "ფრიადი", "კარგი", "დამაკმაყოფილებელი", "არადამაკმაყოფილებელი". ყოველივე ეს საბოლოოდ ჯამდება პრაქტიკულ მოქმედებისა და ზეპირი პასუხების შეკრების საფუძველზე.
52. იმ შემთხვევაში, როდესაც მსმენელი ვერ პასუხობს დასმულ კითხვას /ბილეთს/, მაშინ მას შესაძლებელია დაესვას სხვა შეკითხვა ან აიღოს სხვა /ბილეთი/. ამასთან პასუხზე ნიშანი ერთი ქულით აკლდება.
53. ჩათვლებზე და გამოცდებზე მიღებული დადებითი ნიშნების მიხედვით მსმენელი ითვლება კურსდამთავრებულად საერთო ნიშნის განსაზღვრის დროს აუცილებლად უნდა იქნეს წესებით გათვალისწინებული სამხედრო დისციპლინის დაცვა.
54. კურსების მსმენელთა ქვედანაყოფების შეფასება ცალკეულ სასწავლო საგნებში და საერთო შეფასება წარმოებს წესით, რომელიც განსაზღვრულია სასწავლო ბატალიონის დებულებით.
შინაგანი ჯარების კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის
სამმართველო,
საბრძოლო მომზადების განყოფილება.