საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.04.2020
ძალის დაკარგვა 22.07.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №38
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016780
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/04/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (6)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება
№38
2020 წლის 28 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ფ.ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ინსპექტირების წესი.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ინსპექტირების წესი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. ბრძანების რეგულირების სფერო
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) გენერალური ინსპექციის (შემდგომ – გენერალური ინსპექცია) მიერ სამინისტროს სისტემის ინსპექტირების ობიექტებში ინსპექტირების სტანდარტულ სამოქმედო პროცედურებს და ხელს უწყობს ინსპექტირების პროცესის სწორად დაგეგმვასა და ეფექტიან წარმართვას.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ინსპექტირება – სამინისტროს სისტემის ინსპექტირების ობიექტებში კანონმდებლობითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული საქმიანობის შესწავლისა და შეფასების მიზნით განხორციელებული შემოწმება;
ბ) ინსპექტირების ობიექტი – საქართველოს თავდაცვის ძალების (შემდგომ – თავდაცვის ძალები) სტრუქტურული ქვედანაყოფები, სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სტრუქტურული ქვედანაყოფები, სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები (შემდგომ – სსიპ), სამინისტროს, მათ შორის სსიპ-ების სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ-ები და სსიპ-ების მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირები და სამინისტროს მართვაში არსებული იურიდიული პირები (შემდგომ – სამინისტროს სისტემის იურიდიული პირი);
გ) ინსპექტორი – გენერალურ ინსპექციაში დასაქმებული სამხედრო, სპეციალური წოდების მქონე ან სამოქალაქო პირი, რომელსაც გენერალური ინსპექციის დებულებით განსაზღვრული აქვს ინსპექტირების უფლებამოსილება;
დ) მოწვეული სპეციალისტი – მოწვეული პირი, რომელსაც გააჩნია სპეციალური ცოდნა და გამოცდილება ინსპექტირების პროცესში სპეციფიკური საკითხების შესწავლისათვის;
ე) ინსპექტირების ჯგუფის უფროსი – გენერალურ ინსპექციაში დასაქმებული სამხედრო, სპეციალური წოდების მქონე ან სამოქალაქო პირი, რომელიც გენერალური ინსპექციის უფროსის ბრძანებით ხელმძღვანელობს ერთი ან რამდენიმე თემის ინსპექტირების პროცესს;
ვ) ინსპექტირების ხელმძღვანელი – გენერალურ ინსპექციაში დასაქმებული სამხედრო, სპეციალური წოდების მქონე ან სამოქალაქო პირი, რომელიც გეგმავს ინსპექტირების პროცესს და ხელმძღვანელობს ინსპექტირების ჯგუფს/ჯგუფებს.
თავი II
გეგმური/არაგეგმური ინსპექტირება და ინსპექტირების სახეები
მუხლი 3🔗. გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება
გეგმური და არაგეგმური ინსპექტირებებია:
ა) გეგმური ინსპექტირება ხორციელდება ინსპექტირების წლიური გეგმის მიხედვით, რომელიც გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს თავდაცვის მინისტრს (შემდგომში – მინისტრი). ინსპექტირების გეგმაში განისაზღვრება შესამოწმებელი ინსპექტირების ობიექტები, აგრეთვე ამ ობიექტებში ინსპექტირების თემები/საკითხები და პერიოდები;
ბ) არაგეგმური ინსპექტირება ხორციელდება როგორც სამსახურებრივი შემოწმების ან/და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად მიღებული ინფორმაციის, ასევე მინისტრის და გენერალური ინსპექციის უფროსის წერილობითი დავალების საფუძველზე. არაგეგმური ინსპექტირება შეიძლება ჩატარდეს როგორც გეგმით გათვალისწინებულ ინსპექტირების ობიექტებში, აგრეთვე სხვა ინსპექტირების ობიექტებშიც, რომლებიც არ არის გათვალისწინებული წლის გეგმაში.
მუხლი 4🔗. ინსპექტირების სახეები
ინსპექტირების სახეებია:
ა) თემატური ინსპექტირება – კანონმდებლობისა და სხვა სამართლებრივი აქტების მიხედვით ინსპექტირების ობიექტზე ერთი ან რამდენიმე თემის/საკითხის შესწავლისა და შეფასების მიზნით განხორციელებული შემოწმება;
ბ) კომპლექსური ინსპექტირება – კანონმდებლობისა და სხვა სამართლებრივი აქტების მიხედვით ინსპექტირების ობიექტის საქმიანობის სრული სპექტრით შესწავლისა და შეფასების მიზნით განხორციელებული შემოწმება;
გ) რეინსპექტირება – კანონმდებლობისა და სხვა სამართლებრივი აქტების მიხედვით, გენერალური ინსპექციის მიერ ინსპექტირების შემდგომ მომზადებული დასკვნის მიხედვით აღმოჩენილი ხარვეზებისა და ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად მიღებული ზომების და მათი შედეგების შემოწმება.
თავი III
ინსპექტირების პრინციპები და საფუძვლები
მუხლი 5🔗. ინსპექტირების პრინციპები
ინსპექტირების პროცესში დაცული უნდა იქნეს შემდეგი პრინციპები:
ა) კანონის წინაშე თანასწორობა – დაუშვებელია ინსპექტირების პროცესში მხარისათვის რაიმე უპირატესობის მინიჭება ან მის მიმართ დისკრიმინაციული ზომების მიღება;
ბ) საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტა – ინსპექტირების პროცესში არ შეიძლება მონაწილეობა მიიღოს ინსპექტორმა, რომელსაც აქვს პირადი ინტერესი ან/და არსებობს სხვა გარემოება, რომელიც ზეგავლენას მოახდენს საქმის გადაწყვეტაზე. ინსპექტირების პროცესიდან გენერალური ინსპექციის კონკრეტული მოსამსახურის ჩამოცილების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს გენერალური ინსპექციის უფროსი;
გ) უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე – ინსპექტირების პროცესში კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვა;
დ) საიდუმლოება და კონფიდენციალურობა – ინსპექტირების პროცესში მოპოვებული საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა, ასევე, ნებისმიერი ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა, რომლის გავრცელებამაც შეიძლება შელახოს პიროვნების ან სამინისტროს სისტემის რეპუტაცია, და ამ ინფორმაციის არაპროფესიული მიზნებისათვის გამოყენების ან მისი უკანონოდ გავრცელების თავიდან აცილება.
მუხლი 6🔗. ინსპექტირების საფუძვლები
ინსპექტირების საფუძვლებია:
ა) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ინსპექტირების წლიური გეგმა;
ბ) გენერალური ინსპექციის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
გ) გენერალური ინსპექციის უფროსის წერილობითი დავალება;
დ) სამინისტროს სისტემის სტრუქტურული ერთეულების მოსამსახურის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის ან სხვა სამართალდარღვევის შესახებ მიღებული ინფორმაცია (მათ შორის, ოპერატიული ინფორმაცია);
ე) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ცნობები;
ვ) „ცხელი ხაზის“ საშუალებით მიღებული ინფორმაცია;
ზ) ფიზიკური პირის მიერ მოწოდებული ან ორგანიზაცია/დაწესებულებიდან მიღებული ინფორმაცია.
თავი IV
საჭირო ინფორმაციის მიღების მეთოდები
მუხლი 7🔗. ინსპექტირების პროცესში საჭირო ინფორმაციის მიღების მეთოდები
ინსპექტირების პროცესში საჭირო ინფორმაციის მიღების მეთოდებია:
ა) ინტერვიუ – ინსპექტორის მიერ ინსპექტირების საკითხებთან დაკავშირებით წინასწარმომზადებული კითხვების დასმით მოსამსახურისგან ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაციის მიღება;
ბ) დოკუმენტაციის შესწავლა – ინსპექტორის მიერ სამსახურებრივი დოკუმენტაციის გაცნობა/შესწავლა ინსპექტირების ადგილზე ან სხვადასხვა სტრუქტურული ქვედანაყოფიდან მათი გამოთხოვის გზით. საიდუმლო დოკუმენტაციის გაცნობა/შესწავლა ხორციელდება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
გ) დაკვირვება – ინსპექტორის მიერ ინსპექტირების პროცესის მიმდინარეობისას საკითხის ვიზუალური შესწავლა, მათ შორის, თავდაცვის ძალების და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი იურიდიული პირების თეორიულ/პრაქტიკულ ღონისძიებებზე დასწრება/დათვალიერების გზით;
დ) შეფასება – თავდაცვის ძალებში და სამინისტროს სისტემის იურიდიულ პირებში დასაქმებული მოსამსახურეების ფუნქცია-მოვალეობათა შესრულების შეფასება.
თავი V
ინსპექტირების პროცესი
მუხლი 8🔗. ინსპექტირების პროცესი
1. ინსპექტირება ძირითადად შედგება სამი ეტაპისგან: მომზადების ეტაპი, აღსრულების ეტაპი და დასკვნითი ეტაპი.
2. მომზადების ეტაპზე განსახორციელებელი ღონისძიებები:
ა) ინსპექტირების ობიექტის წინასწარ შესწავლა;
ბ) დასახული დავალებიდან გამომდინარე, ინსპექტირების კონცეფციის შემუშავება, რომელშიც გაწერილი უნდა იყოს:
ბ.ა) ინსპექტირების მიზანი, ინსპექტირების ამოცანა, ინსპექტირების პერიოდი, ინსპექტირების ჯგუფის/ჯგუფების შემადგენლობა, ინსპექტირების თემა, ინსპექტირების საკითხები და ინსპექტორების განაწილება შესასწავლი საკითხების მიხედვით, ინსპექტირების საკითხებზე სახელმძღვანელო დოკუმენტების ნუსხა და ინსპექტირებისათვის საჭირო ტექნიკისა და აღჭურვილობის ჩამონათვალი;
ბ.ბ) სათანადო სპეციალისტების მოწვევის აუცილებლობის შემთხვევაში, გენერალური ინსპექციის უფროსის მოთხოვნის საფუძველზე მოწვეული სპეციალისტების მონაცემები;
გ) ინსპექტირების კონცეფციის დასრულების შემდეგ მისი გენერალური ინსპექციის უფროსთან დასამტკიცებლად წარდგენა;
დ) ინსპექტირების შესახებ საორგანიზაციო ბრძანების პროექტის მომზადება;
ე) საჭიროების შემთხვევაში ინსპექტირების ობიექტზე ვიზიტის განხორციელება;
ვ) ყოველი ინსპექტორის მხრიდან შესასწავლ საკითხებზე საინსპექციო შემოწმების ფურცლის (კითხვარი) და აუცილებლობის შემთხვევაში მოსამსახურეების გამოკითხვისათვის (დაკავებული თანამდებობების შესაბამისად) სავარაუდო კითხვების ჩამონათვალის მომზადება;
ზ) ინსპექტირების ობიექტისათვის, დამატებით, გეგმური ინსპექტირების დაწყების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც შესაძლებელია ინსპექტირების დაწყებამდე არაუმეტეს 5 კალენდარული დღით ადრე.
3. არაგეგმური ინსპექტირების შემთხვევაში მოსამზადებელი ეტაპი შესაძლებელია განხორციელდეს არასრულად.
4. აღსრულების ეტაპზე განსახორციელებელი ღონისძიებები:
ა) ინსპექტირების ობიექტზე გამოცხადება და ხელმძღვანელ პირებთან ინსპექტირების თემებზე/საკითხებზე და გენერალური ინსპექციის უფლებამოსილებაზე ინფორმაციის მიწოდება;
ბ) საჭიროების შემთხვევაში მატერიალური ქონების, ტექნიკის, ოთახებისა და შენობა-ნაგებობების დალუქვა;
გ) ინსპექტირების ობიექტზე კანონმდებლობით და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული საქმიანობის, მათ შორის, დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობის შესრულების შემოწმება ამავე წესის მე-7 მუხლში მითითებული მეთოდების გამოყენებით;
დ) საჭიროების შემთხვევაში ინსპექტირების ობიექტის მოსამსახურეებისგან, ასევე ინსპექტირების თემასთან/საკითხთან დაკავშირებული სხვა პირებისგან წერილობითი ახსნა-განმარტების მიღება და სათანადო ოქმების შედგენა;
ე) ინსპექტირების მიმდინარეობისას, გარემოების გათვალისწინების შედეგად, გენერალური ინსპექციის უფროსის გადაწყვეტილებით, ინსპექტირების კონცეფციაში გარკვეული ცვლილებების განხორციელება;
ვ) ინსპექტირების პროცესში გადაცდომის ან/და შესაძლო დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, ინფორმაციის ცნობის სახით წარდგენა გენერალური ინსპექციის უფროსისათვის შემდგომი რეაგირებისათვის.
5. დასკვნით ეტაპზე განსახორციელებელი ღონისძიებები:
ა) აღსრულების ეტაპის დასრულების შემდეგ ინსპექტირების ჯგუფის წევრების მიერ, ინდივიდუალურად ანგარიშის წარდგენა ჯგუფის უფროსისათვის, ინსპექტირების მასალებთან ერთად;
ბ) ინსპექტირების მასალებზე დაყრდნობით ინსპექტირების დასკვნის მომზადება, რომელსაც განხილვის შემდეგ ხელს აწერენ ინსპექტირების ჯგუფის წევრები, ჯგუფის უფროსი და ინსპექტირების ხელმძღვანელი;
გ) გენერალური ინსპექციის უფროსის გადაწყვეტილებით, ინსპექტირების დასკვნის მომზადებამდე, საჭიროების შემთხვევაში, ინსპექტირების შუალედური დასკვნის მომზადება, რომელიც შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გასაცნობად გადაეგზავნება ინსპექტირების ობიექტის ხელმძღვანელობას, რომელსაც შეუძლია გონივრულ ვადაში წარმოადგინოს თავისი მოსაზრებები;
დ) ინსპექტირების შუალედურ დასკვნას, განხილვის შემდეგ ხელს აწერენ ინსპექტირების ჯგუფის წევრები, ინსპექტირების ჯგუფის უფროსი და ინსპექტირების ხელმძღვანელი;
ე) ინსპექტირების დასკვნის დამტკიცება გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ.
6. იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფის უფროსი ან/და ინსპექტირების ხელმძღვანელი არ ეთანხმება ინსპექტირების დასკვნის პროექტს, არ აწერს ხელს მას და უფლება აქვს, გენერალური ინსპექციის უფროსს წარუდგინოს წერილობითი დასაბუთება.
7. ინსპექტირების დასკვნა შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება მინისტრს და ინსპექტირების ობიექტის ხელმძღვანელს. თუ ინსპექტირების ობიექტი თავდაცვის ძალების სტრუქტურული ქვედანაყოფია, დასკვნა შემდგომი რეაგირებისათვის ასევე გადაეგზავნება თავდაცვის ძალების მეთაურს.
თავი VI
გენერალური ინსპექციის ინსპექტორის უფლებამოსილება და ვალდებულება
მუხლი 9🔗. გენერალური ინსპექციის ინსპექტორის უფლებამოსილება
სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ინსპექტორს უფლება აქვს:
ა) არ დაეთანხმოს დასკვნის პროექტს და აღნიშნულთან დაკავშირებით გენერალური ინსპექციის უფროსს წარუდგინოს წერილობითი დასაბუთება;
ბ) სამინისტროს სისტემის სუბიექტებისაგან წერილობით ან სიტყვიერად მოითხოვოს და გონივრულ ვადაში ინსპექტირების პროცესის ზიანის მიუყენებლად მიიღოს ინსპექტირების საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, დოკუმენტაცია ან/და მატერიალური ქონება (მათ შორის, ადგილზე გაცნობით/დათვალიერებით);
გ) ინსპექტირების საქმესთან დაკავშირებით დაათვალიეროს შენობა/ნაგებობა და სხვა ქონება;
დ) ინსპექტირების საქმესთან დაკავშირებით შეუზღუდავად და შეუფერხებლად შევიდეს სამინისტროს სისტემის სუბიექტების ადმინისტრაციულ და სამსახურებრივ შენობა-ნაგებობებში, ობიექტებსა და ქვედანაყოფებში;
ე) ინსპექტირების საქმესთან დაკავშირებით მოითხოვოს და ნებაყოფლობით მიიღოს წერილობითი ახსნა-განმარტებები სამინისტროს სისტემის სუბიექტების მოსამსახურეებისაგან, ასევე ფიზიკური ან/და იურიდიული პირებისაგან (წარმომადგენლებისაგან), რომლებიც არ არიან სამინისტროს სისტემის სუბიექტები;
ვ) უშუალოდ მიმართოს შესაბამის უწყებებს/ორგანიზაციებს გამოკვლევის/ექსპერტიზის ჩატარების მიზნით ინსპექტირების საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოსაკვლევად ან/და აღნიშნული წერილობით მოსთხოვოს სამინისტროს სისტემის სუბიექტებს. ჩატარებული გამოკვლევის/ექსპერტიზის შედეგებზე მიიღოს სპეციალისტის/ექსპერტის წერილობითი ცნობა/დასკვნა.
მუხლი 10🔗. გენერალური ინსპექციის ინსპექტორის ვალდებულება
გენერალური ინსპექციის ინსპექტორი ვალდებულია:
ა) გაეცნოს და შეისწავლოს ეს წესი;
ბ) ინსპექტირების პროცესში იხელმძღვანელოს ამ წესით და ზედმიწევნით დაიცვას ის;
გ) წინასწარ განაცხადოს თვითაცილება და მონაწილეობა არ მიიღოს ინსპექტირების პროცესში ამავე წესის მე-5 მუხლის „ბ“ პუნქტში განხილული გარემოებების შემთხვევაში.