„საქართველოს საბანკო დაწესებულებების მიერ რეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის უცხოურ ვალუტაში ანგარიშის (ანაბრის) გახსნისა და წარმოების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“
მიღების თარიღი 19.08.1998
ძალის დაკარგვა 07.04.2011
გამომცემი ორგანო ეროვნული ბანკის გამგეობა
ნომერი №75
სარეგისტრაციო კოდი 090.009.003.351
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 19/08/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს საბანკო დაწესებულებების მიერ რეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის უცხოურ ვალუტაში ანგარიშის (ანაბრის) გახსნისა და წარმოების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №75
1998 წლის 19 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს საბანკო დაწესებულებების მიერ რეზიდენტი
იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის უცხოურ ვალუტაში ანგარიშის (ანაბრის) გახსნისა და წარმოების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის კანონის“ მე-2, 59-ე და 73-ე მუხლებისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗. დამტკიცდეს ინსტრუქცია „საქართველოს საბანკო დაწესებულებების მიერ რეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის უცხოურ ვალუტაში ანგარიშის (ანაბრის) გახსნისა და წარმოების შესახებ“ თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗. ეს ინსტრუქცია ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრეზიდენტი ი. მანაგაძე
ინსტრუქცია
საქართველოს საბანკო დაწესებულებების მიერ რეზიდენტი
იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის უცხოურ ვალუტაში ანგარიშის (ანაბრის) გახსნისა და წარმოების შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეს ინსტრუქცია შემუშავებულია „მეწარმეთა შესახებ“ „საქართველოს ეროვნული ბანკის“, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.
2. საბანკო დაწესებულებები უფლებამოსილი არიან გაუხსნან სავალუტო ანგარიშები და ვადიანი ანაბრები (დეპოზიტები) საქართველოს რეზიდენტ იურიდიულ პირებს (აგრეთვე საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებს), მათ ფილიალებსა და წარმომადგენლობებს, ფიზიკურ პირებს – მეწარმე სუბიექტებს, საქართველოს მოქალაქეებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და მოქალაქეების არმქონე პირებს – არამეწარმე ფიზიკურ პირებს.
3. საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული და რეგისტრირებული რეზიდენტები (ყველა სახის საწარმოები, ორგანიზაციები და დაწესებულებები, საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) ამონაგები ნაღდი სავალუტო სახსრების აკუმულირებას საბანკო დაწესებულებაში გახსნილ სავალუტო ანგარიშზე ახდენენ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 1996 წლის 20 დეკემბრის №52 ბრძანებით დამტკიცებული „საწარმოებში, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში სალაროს მეურნეობის გაძღოლის შესახებ“ დებულების შესაბამისად.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილ რეზიდენტებს შეიძლიათ სავალუტო ანგარიში (ანაბარი) გახსნან ერთ ან რამდენიმე ბანკში.
5. რეზიდენტებს შეუძლიათ ანგარიში (ანაბარი) გახსნან სხვადასხვა ვალუტაში, ან სურვილისამებრ, მხოლოდ ერთ ვალუტაში.
მუხლი 2🔗. ანგარიშის (ანაბრის) გახსნა
1. საბანკო დაწესებულებები რეზიდენტებს (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირებისა) სავალუტო ანგარიშებს უხსნიან მხოლოდ სახელმწიფო საგადასახადო ორგანოში აღრიცხვაზე აყვანის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემდეგ და ანგარიშის გახსნის შესახებ 5 დღის ვადაში აცნობებენ შესაბამის საგადასახადო ორგანოს.
2. საბანკო დაწესებულებების მიერ რეზიდენტებისათვის (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირებისა) სავალუტო ანგარიშების გახსნა დაუშვებელია აგრეთვე საქართველოს სტატისტიკის სახელწმიფო დეპარტამენტის მიერ მათთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდის წარდგენის გარეშე.
3. რეზიდენტებმა ანგარიშის გასახსნელად ბანკს უნდა წარუდგინონ შემდეგი საბუთები:
ა) იურიდიულმა პირებმა (აგრეთვე საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ორგანოებმა), მათმა ფილიალებმა და ფიზიკურმა პირებმა – მეწარმე სუბიექტებმა: განცხადება ანგარიშის გახსნის შესახებ; შესაბამისი რაიონის სასამართლოს დადგენილების ნოტარიულად დამოწმებული ასლი რეგისტრაციის გავლის შესახებ; ცნობა სახელმწიფო საგადასახადო ორგანოში აღრიცხვაზე აყვანის შესახებ, საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით; საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდი; ნოტარიულად დამოწმებული წესდების (დებულების) ასლი (იურიდიულმა პირებმა (საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ორგანოებმა – დებულების ასლი) და მათმა ფილიალებმა); პირადობის დამადასტურებელი საბუთი (ფიზიკურმა პირებმა); ნოტარიულად დამოწმებული ბარათი ანგარიშის განკარგვაზე რწმუნებული პირების ხელმოწერის ნიმუშითა (იურიდიულმა (საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ორგანოებმა) და ფიზიკურმა პირებმა) და ბეჭდის ანაბეჭდით (იურიდიულმა პირებმა (საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ორგანოებმა)).
ბ) საქართველოს მოქალაქეებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა და მოქალაქეობის არმქონე პირებმა: განცხადება ანგარიშის გახსნის შესახებ; პირადობის დამადასტურებელი საბუთი; ბარათი ანგარიშის განკარგვაზე რწმუნებული პირის ხელმოწერის ნიმუშით, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის მიერ.
4. საბანკო დაწესებულებები რეზიდენტებისათვის სავალუტო ანგარიშის (ანაბრის) გახსნას აფორმებენ ხელშეკრულებით, რომელშიც შეიძლება განისაზღვროს: ანგარიშის წარმოების რეჟიმი, საკომისიო გასამრჯელო ანგარიშის გახსნისა და წარმოებისათვის, სატელეგრაფო და სხვა ხარჯები, მხარეთა უფლება-მოვალეობანი და სხვა პირობები მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, ვადიანი ანაბრის (დეპოზიტის) გასახსნელად ხელშეკრულებაში შეიძლება ნაჩვენები იყოს თანხის ოდენობა, ვადა, დასარიცხი პროცენტების ოდენობა და სხვა პირობები.
მუხლი 3🔗. ანგარიშის წარმოება
1. რეზიდენტების სავალუტო ანგარიშებზე შეიძლება ჩაირიცხოს უცხოური ვალუტა:
ა) საქართველოს შიდა სავალუტო ბაზარზე შეძენილი;
ბ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობიდან ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით შემოსული;
გ) საზღვარგარეთიდან შემოტანილი ან გადმორიცხული;
დ) მათ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა შემოსულობანი.
2. ანგარიშის მფლობელის განკარგულებით შეიძლება:
ა) შეუზღუდავად გაიცეს ნაღდი ვალუტა და გადაირიცხოს საზღვარგარეთ ანგარიშზე რიცხული ნაშთის ფარგლებში;
ბ) განხორციელდეს კონვერსია სხვა უცხოურ ვალუტაში ან საქართველოს ეროვნულ ვალუტაში;
გ) განხორციელდეს სხვა ოპერაციები, რომლებიც შეესაბამებიან მათ საქმიანობას და საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული არ არის.
3. სავალუტო ანგარიშის მფლობელი რეზიდენტის დავალებით საბანკო დაწესებულებას შეუძლია სავალუტო სახსრები მათი ანგარიშიდან გადარიცხოს ვადიან ანაბარზე (დეპოზიტზე).
4. რეზიდენტების სავალუტო ანგარიშზე რიცხული ფულადი სახსრების გამოყენება შეიძლება:
ა) საქართველოს შიდა სავალუტო ბაზარზე საქართველოს ეროვნული ვალუტის შესაძენად;
ბ) საიმპორტო ოპერაციების განსახორციელებლად;
გ) საქართველოს ფარგლებს გარეთ სამივლინებო ხარჯებისათვის;
დ) სხვა ოპერაციების განსახორციელებლად, რომლებიც შეესაბამებიან რეზიდენტების საქმიანობას და საქართველოს კანონმდებლობით არ არის აკრძალული.
5. რეზიდენტებმა (მეწარმე სუბიექტებმა) საზღვარგარეთ უცხოური ვალუტის გადარიცხვისას, საგადასახადო დავალებაში ზუსტად უნდა მიუთითონ განსახორციელებელი ოპერაციის მიზანი და წარმოადგინონ ოპერაციის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელთა ერთი ასლი უნდა ინახებოდეს საბანკო დაწესებულებაში.
6. რეზიდენტებს შეუძლიათ მათ კუთვნილ სავალუტო ანგარიშზე რიცხული სახსრებით შიდა სავალუტო ბაზარზე შეისყიდონ საქართველოს ეროვნული ვალუტა საბანკო დაწესებულებების მეშვეობით.
7. საბანკო დაწესებულებებს შეუძლიათ რეზიდენტების სავალუტო ანგარიშებს დაარიცხონ პროცენტები მათთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
8. საბანკო დაწესებულებებს შეუძლიათ რეზიდენტების (როგორც მეწარმე, ისე არამეწარმე) სავალუტო ანგარიშზე დაუშვან ოვერდრაფტი, მათთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
9. საქართველოს ტერიტორიაზე რეზიდენტებს შორის უცხოური ვალუტით ანგარიშსწორება აკრძალულია.
10. საქართველოს ტერიტორიაზე რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს საქართველოს ეროვნული ვალუტით, გარდა საექსპორტო-საიმპორტო საქმიანობასთან დაკავშირებული ოპერაციებისა, რომელიც შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტით ან მხარეებისათვის მისაღები სხვა უცხოური ვალუტით.
მუხლი 4🔗. რეზიდენტი არამეწარმე ფიზიკური პირების ანგარიშების (ანაბრების) განკარგვა
1. ანგარიშის (ვადიანი ანაბრის) მფლობელ რეზიდენტ მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს შეუძლიათ მისცენ მინდობილობა სხვა ერთ ან რამდენიმე პირს თავიანთი ანგარიშიდან (ვადიანი ანაბრიდან) სახსრების განკარგვაზე.
2. მინდობილობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად.
მუხლი 5🔗. საიდუმლოება
1. ბანკი ვალდებულია დაიცვას კლიენტის ანგარიშისა (ანაბრის) და ოპერაციების საიდუმლოება.
2. ცნობები რეზიდენტების ანგარიშისა (ანაბრის) და ოპერაციების შესახებ გაიცემა „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 6🔗. ანგარიშის (ანაბრის) დახურვა
რეზიდენტების სავალუტო ანგარიშები (ანაბრები) შეიძლება დაიხუროს:
ა) ანგარიშის მფლობელის განცხადების საფუძველზე;
ბ) იმ ორგანოს გადაწყვეტილებით, რომელსაც გააჩნია საწარმოს ლიკვიდაციის (რეორგანიზაციის) უფლებამოსილება;
გ) დადგენილი წესით საწარმოს გაკოტრებულად ცნობის შემთხვევაში;
დ) სასამართლოს გადაწყვეტილებით;
ე) კლიენტის მიერ საბანკო მომსახურების ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში;
ვ) ანგარიშზე სამი თვის განმავლობაში ჩანაწერის არარსებობისას;
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 7🔗. სანქციები
საბანკო დაწესებულებების მიერ ამ ინსტრუქციის მოთხოვნების დარღვევის ან შეუსრულებლობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი მათ მიმართ განახორციელებს სანქციებს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად.