ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №267 |
|
2020 წლის 26 აპრილი ქ. თბილისი |
1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის (შემდგომში – თეთრიწყარო) ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის ვადით:
ა) აიკრძალოს ყველა სახის მიმოსვლა, რომელიც გულისხმობს:
ა.ა) თეთრიწყაროს ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება თეთრიწყაროში რეგისტრირებულ/ფაქტობრივად მცხოვრებ პირებზე;
ა.ბ) თეთრიწყაროს ტერიტორიიდან გასვლის აკრძალვას;
ბ) აიკრძალოს თეთრიწყაროს ტერიტორიაზე გადაადგილება. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება:
ბ.ა) სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით გადაადგილებას;
ბ.ბ) სურსათისა და ფარმაცევტული პროდუქტების შეძენის მიზნით გადაადგილებას;
ბ.გ) ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის უზრუნველყოფის ან ამავე ქვეპუნქტში მითითებული საქონლის შეძენის/მომსახურების მიღების/საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;
გ) აიკრძალოს თეთრიწყაროს ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება;
დ) სატრანსპორტო საშუალებების შესვლა/გამოსვლა/გადაადგილება განხორციელდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით;
ე) შეჩერდეს ეკონომიკური საქმიანობა, ნებისმიერი საქონლის/პროდუქტის მიწოდება/რეალიზაცია, გარდა:
ე.ა) სამედიცინო დაწესებულების საქმიანობისა;
ე.ბ) სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციისა;
ე.გ) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა;
ე.დ) თეთრიწყაროს ტერიტორიაზე არსებული მეწარმე სუბიექტებისა, რომელთა ჩამონათვალსა და ფუნქციონირების წესს განსაზღვრავენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროები;
ე.ე) სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასა და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობისა;
ე.ვ) ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა;
ე.ზ) ბანკომატების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობისა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვები არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც თეთრიწყაროს ტერიტორიაზე მიმოსვლას ახორციელებენ ამ დადგენილებით გათვალისწინებული საკარანტინო ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით. ამ პირთა მიმოსვლას არეგულირებენ საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები.
3. ყველა დაშვებული საქმიანობა უნდა განხორციელდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.
|