აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.05.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №018
სარეგისტრაციო კოდი 110060020.70.082.016030
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/05/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.05.2020 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე | საქართველოს გენერალური პროკურორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ თბილისის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ საოლქო პროკურატურის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის
დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №018
2020 წლის 6 მაისი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის
დებულების დამტკიცების შესახებ
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებისა და მე-18 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა (შემდგომში – ა/რ პროკურატურა) არის საქართველოს პროკურატურის სისტემის შემადგენელი ორგანო, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.
2. ა/რ პროკურატურის იურიდიული მისამართია: 0114, თბილისი, გორგასლის ქ. №24.
3. ა/რ პროკურატურის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.
4. ა/რ პროკურატურას გააჩნია ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და ა/რ პროკურატურის დასახელებით.
მუხლი 2🔗. ა/რ პროკურატურის საქმიანობის პრინციპები
ა/რ პროკურატურის საქმიანობის პრინციპებია:
ა) კანონიერება და სამართლიანობა;
ბ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა;
გ) პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა;
დ) ერთიანობა და ცენტრალიზაცია, ყველა ქვემდგომი პროკურორის და ა/რ პროკურატურის სხვა თანამშრომლის საქართველოს გენერალური პროკურორისადმი (შემდგომში – გენერალური პროკურორი) დაქვემდებარება;
ე) პირის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და ღირსების ხელშეუხებლობა;
ვ) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.
მუხლი 3🔗. ა/რ პროკურატურის საქმიანობის სფერო
ა/რ პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ სისხლის საქმეებზე კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა) ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას;
ბ) სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას;
გ) სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მონაწილეობს როგორც მხარე და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას;
დ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ატარებს გამოძიებას;
ე) ზედამხედველობს ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას;
ვ) რეაგირებას ახდენს თავისუფლებააღკვეთილ და თავისუფლებაშეზღუდულ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე და ასრულებს საპროცესო მოვალეობებს იმ დაწესებულებებში, რომლებიც სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებით ღონისძიებებს აღასრულებენ;
ზ) უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;
თ) მონაწილეობს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაციის ღონისძიებებში;
ი) ახორციელებს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 4🔗. ა/რ პროკურატურის ხელმძღვანელობა
1. ა/რ პროკურატურას ხელმძღვანელობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი (შემდგომში – ა/რ პროკურორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
2. ა/რ პროკურორი:
ა) ახორციელებს ა/რ პროკურატურის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს ა/რ პროკურატურის თანამშრომელთა შორის;
გ) უფლებამოსილია ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის დაცვით, ერთი საგამოძიებო ორგანოდან ამოიღოს საქმე და გამოსაძიებლად გადასცენ სხვა საგამოძიებო ორგანოს გენერალური პროკურორის მიერ განსაზღვრული წესითა და განსაზღვრულ შემთხვევებში;
დ) აკონტროლებს ა/რ პროკურატურის თანამშრომელთა მიერ მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და შრომის დისციპლინის დაცვას;
ე) გენერალური პროკურორის წინაშე აყენებს საკითხს ა/რ პროკურატურის თანამშრომელთა სამსახურებრივი წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობასთან შეაქვს წინადადებები გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით;
ზ) აუქმებს გამოძიების შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა უკანონო და დაუსაბუთებელ დადგენილებებს, გამოითხოვს ქვემდგომი პროკურორების უსაფუძვლო სააპელაციო/საკასაციო საჩივრებს;
თ) იღებს გადაწყვეტილებას პროკურორის ანდა გამომძიებლის სისხლის სამართლის საქმიდან ჩამოცილების შესახებ;
ი) წყვეტს საკითხს სხვადასხვა სასამართლო ინსტანციებში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვაში პროკურორის მონაწილეობის თაობაზე;
კ) გასცემს წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე;
ლ) კანონით დადგენილი წესით, საგამოძიებო ორგანოებისაგან გამოითხოვს სისხლის სამართლის საქმეებს, მასალებსა და სხვა დოკუმენტებს;
მ) უშუალოდ მონაწილეობს გამოძიებაში, პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საჭიროების შემთხვევაში სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას;
ნ) ამოწმებს ქვემდგომი პროკურორების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, შეაქვს საჩივრები სასამართლოების მიერ მიღებულ უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებზე;
ო) აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების შესრულებას;
პ) ისმენს გამოძიების შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისა და სხვა ოპერატიული თანამშრომლების ინფორმაციებს როგორც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, ასევე ზოგად თემატურ საკითხებზე, იღებს ზომებს არსებულ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად;
ჟ) გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს, ა/რ პროკურატურაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა დანიშვნისა და გათავისუფლების, ზოგიერთი კატეგორიის თანამშრომელთა შვებულებაში გაშვების (გარდა სასწავლო შვებულებისა) და ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების საკითხებზე; საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს სხვა ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა მისადმი დაქვემდებარებული პროკურატურების თანამშრომელთათვის;
რ) ექვს თვეში ერთხელ გენერალურ პროკურორს წარუდგენს ანგარიშს ა/რ პროკურატურის კომპეტენციას მიკუთვნებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების შესახებ;
ს) ყოველი წლის ბოლოს გენერალურ პროკურორს წარუდგენს წინადადებებს ა/რ პროკურატურის კომპეტენციის ფარგლებში, ა/რ პროკურატურის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, მომავალში გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე;
ტ) განიხილავს წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;
უ) ასრულებს გენერალური პროკურორის, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის და მოადგილეების ცალკეულ დავალებებს;
ფ) ახორციელებს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა ფუნქციებს.
3. ა/რ პროკურორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას, მისივე დავალებით, ასრულებს ა/რ პროკურორის ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 5🔗. ა/რ პროკურორის მოადგილე
1. ა/რ პროკურორს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
2. ა/რ პროკურორის მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებს ბრძანებით ანაწილებს ა/რ პროკურორი.
3. ა/რ პროკურორის მოადგილე:
ა) უზრუნველყოფს საშემსრულებლო დისციპლინის დაცვის კონტროლს, ა/რ პროკურატურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
ბ) გასცემს წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე;
გ) უშუალოდ მონაწილეობს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში, პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საჭიროების შემთხვევაში სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას;
დ) ა/რ პროკურორს წარუდგენს წინადადებებს პროკურორისა და გამომძიებლის კონკრეტული სისხლის სამართლის საქმიდან ჩამოცილების შესახებ;
ე) მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას საკასაციო ინსტანციის სასამართლოში;
ვ) ამოწმებს ქვემდგომი პროკურორების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას და იღებს ზომებს გამოვლენილ დარღვევათა აღმოსაფხვრელად; როგორც ზემდგომი პროკურორი, განიხილავს შუამდგომლობებს და ა/რ პროკურატურის პროკურორების გადაწყვეტილებებზე შემოტანილ საჩივრებს; კონტროლს უწევს საჩივრების დროულად განხილვას;
ზ) ახორციელებს საპროკურორო საქმიანობის მონიტორინგს, ამზადებს ანგარიშს საქმეთა შესწავლის შედეგებისა და გადაწყვეტილებათა დროულად მიღების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ;
თ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეაქვს საჩივრები სასამართლოების მიერ მიღებულ უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებზე;
ი) ა/რ პროკურატურის კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, ა/რ პროკურორის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებისა და დავალებების შესრულებას;
კ) იხილავს ა/რ პროკურატურაში შემოსულ წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, კოორდინაციას უწევს მოქალაქეთა/პროცესის მონაწილეთა მიღებას, მონიტორინგს უწევს ა/რ პროკურატურის თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა მიღებას, საჭიროების შემთხვევაში პირადად აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;
ლ) ა/რ პროკურორის წინაშე აყენებს საკითხებს ა/რ პროკურატურის თანამშრომელთა სამსახურებრივი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
მ) ორგანიზებას უწევს ა/რ პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ მომზადებას. მონიტორინგს უწევს ა/რ პროკურატურის თანამშრომელთა მიერ სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამაში მუშაობას, პროგრამის დახვეწის მიზნით შეიმუშავებს წინადადებებს; ზედამხედველობას უწევს სასწავლო პროგრამებში ა/რ პროკურატურის თანამშრომელთა მონაწილეობას;
ნ) ა/რ პროკურატურაში ხელმძღვანელობს ანალიტიკურ საქმიანობას; შეიმუშავებს და ა/რ პროკურორს წარუდგენს წინადადებებს დანაშაულთა გამოძიების, საპროკურორო საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისა და დანაშაულის პრევენციის მიზნით;
ო) აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდებას გენერალური პროკურატურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფებისათვის;
პ) ზედამხედველობას უწევს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის საქმიანობას;
ჟ) გეგმავს და ორგანიზებას უწევს პრევენციული ღონისძიებების ჩატარებას;
რ) ასრულებს გენერალური პროკურორის, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის და მოადგილეების და ა/რ პროკურორის ცალკეულ დავალებებს, ასრულებს ა/რ პროკურორის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში;
ს) ხელს აწერს ა/რ პროკურატურაში მომზადებულ დოკუმენტებს;
ტ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 6🔗. ა/რ პროკურატურის თანამშრომლები და მათი უფლებამოსილებები
1. ა/რ პროკურატურაში შრომით საქმიანობას ეწევიან:
ა) პროკურორები;
ბ) მრჩეველი – მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი;
გ) სპეციალისტი;
დ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.
2. ა/რ პროკურატურის პროკურორები:
ა) ახორციელებენ გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობას;
ბ) მონაწილეობას იღებენ სასამართლოში აღკვეთის ღონისძიებების შერჩევის საკითხის განხილვაში;
გ) გასცემენ წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების თაობაზე, უშუალოდ მონაწილეობენ გამოძიებაში, აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებენ ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, ა/რ პროკურორის ან მისი მოადგილის დავალებით სრული მოცულობით აწარმოებენ საქმის გამოძიებას;
დ) იღებენ გადაწყვეტილებას გამომძიებლის კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებიდან ჩამოცილების შესახებ;
ე) მონაწილეობენ სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო განხილვაში და მხარს უჭერენ სახელმწიფო ბრალდებას პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში;
ვ) ა/რ პროკურორის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, მხარს უჭერენ სახელმწიფო ბრალდებას საკასაციო ინსტანციის სასამართლოში;
ზ) ახორციელებენ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. მრჩეველი – მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი ორგანიზებას უწევს და უზრუნველყოფს სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულისა და მოწმისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას და მათთან ურთიერთობის კოორდინაციას.
3. ა/რ პროკურატურის სპეციალისტი უზრუნველყოფს ა/რ პროკურატურის საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზებას, ახდენს ა/რ პროკურატურაში შემოსული და გასული დოკუმენტების, ინფორმაციების და სხვა მასალების სისტემატიზაციას, კომპიუტერიზაციას, სისხლის სამართლის საქმეთა სტატისტიკასა და ა/რ პროკურატურის წინაშე მდგარი ამოცანების შესასრულებლად შესაბამისი მხარდაჭერის განხორციელებას.
4. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – უზრუნველყოფს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას.
საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე