აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.05.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №016
სარეგისტრაციო კოდი 110060020.70.082.016028
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/05/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.05.2020 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე | საქართველოს გენერალური პროკურორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის
დებულების დამტკიცების შესახებ თბილისის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ საოლქო პროკურატურის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №016
2020 წლის 6 მაისი
ქ. თბილისი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებისა და მე-18 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა (შემდგომში – ა/რ პროკურატურა) არის საქართველოს პროკურატურის სისტემის შემადგენელი ორგანო, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.
2. ა/რ პროკურატურის იურიდიული მისამართია: 6000, ქ. ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა №7.
3. ა/რ პროკურატურის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.
4. ა/რ პროკურატურას აქვს საკუთარი ბალანსი, მინიჭებული აქვს სახაზინო კოდი – 3302, გააჩნია ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის დასახელებით.
მუხლი 2🔗. ა/რ პროკურატურის საქმიანობის პრინციპები
ა/რ პროკურატურის საქმიანობის პრინციპებია:
ა) კანონიერება და სამართლიანობა;
ბ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა;
გ) პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა;
დ) ერთიანობა და ცენტრალიზაცია, ყველა ქვემდგომი პროკურორის და ა/რ პროკურატურის სხვა თანამშრომლის საქართველოს გენერალური პროკურორისადმი (შემდგომში – გენერალური პროკურორი) დაქვემდებარება;
ე) პირის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და ღირსების ხელშეუხებლობა;
ვ) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.
მუხლი 3🔗. ა/რ პროკურატურის საქმიანობის სფერო
ა/რ პროკურატურა, მის სამოქმედო ტერიტორიაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა) ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას;
ბ) სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას;
გ) სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მონაწილეობს როგორც მხარე და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას;
დ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ატარებს გამოძიებას;
ე) ზედამხედველობს ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას;
ვ) რეაგირებას ახდენს თავისუფლებააღკვეთილ და თავისუფლებაშეზღუდულ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე და ასრულებს საპროცესო მოვალეობებს იმ დაწესებულებებში, რომლებიც სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებით ღონისძიებებს აღასრულებენ;
ზ) უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;
თ) მონაწილეობს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაციის ღონისძიებებში;
ი) ახორციელებს „პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 4🔗. ა/რ პროკურატურის ხელმძღვანელობა
1. ა/რ პროკურატურას ხელმძღვანელობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი (შემდგომში – ა/რ პროკურორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
2. ა/რ პროკურორი:
ა) ახორციელებს ა/რ პროკურატურის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს ა/რ პროკურატურის თანამშრომელთა შორის;
გ) უფლებამოსილია, ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის დაცვით, ერთი საგამოძიებო ორგანოდან ამოიღოს საქმე და გამოსაძიებლად გადასცეს სხვა საგამოძიებო ორგანოს გენერალური პროკურორის მიერ განსაზღვრული წესითა და განსაზღვრულ შემთხვევებში;
დ) აკონტროლებს ა/რ პროკურატურის თანამშრომელთა მიერ მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და შრომის დისციპლინის დაცვას;
ე) გენერალური პროკურორის წინაშე აყენებს საკითხს ა/რ პროკურატურის თანამშრომელთა სამსახურებრივი წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობასთან შეაქვს წინადადებები გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით;
ზ) აუქმებს გამოძიების შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა უკანონო და დაუსაბუთებელ დადგენილებებს, გამოითხოვს ქვემდგომი პროკურორების უსაფუძვლო სააპელაციო/საკასაციო საჩივრებს;
თ) იღებს გადაწყვეტილებას პროკურორის ანდა გამომძიებლის სისხლის სამართლის საქმიდან ჩამოცილების შესახებ;
ი) წყვეტს საკითხს სხვადასხვა სასამართლო ინსტანციაში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვაში პროკურორის მონაწილეობის თაობაზე;
კ) გასცემს წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე;
ლ) კანონით დადგენილი წესით, საგამოძიებო ორგანოებისაგან გამოითხოვს სისხლის სამართლის საქმეებს, მასალებსა და სხვა დოკუმენტებს;
მ) უშუალოდ მონაწილეობს გამოძიებაში, პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საჭიროების შემთხვევაში სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას;
ნ) ამოწმებს ქვემდგომი (ა/რ პროკურატურის და მის ტერიტორიაზე მოქმედი რაიონული პროკურატურების) პროკურორების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, შეაქვს საჩივრები სასამართლოების მიერ მიღებულ უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებზე;
ო) აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების შესრულებას;
პ) ისმენს გამოძიების შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებისა და სხვა ოპერატიული თანამშრომლების ინფორმაციებს როგორც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, ასევე ზოგად თემატურ საკითხებზე, იღებს ზომებს არსებულ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად;
ჟ) გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს, ა/რ პროკურატურისა და მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული რაიონული პროკურატურების შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა დანიშვნისა და გათავისუფლების, ზოგიერთი კატეგორიის თანამშრომელთა შვებულებაში გაშვების (გარდა სასწავლო შვებულებისა) და ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების საკითხებზე; საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს სხვა ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა მისადმი დაქვემდებარებული პროკურატურების თანამშრომელთათვის;
რ) ექვს თვეში ერთხელ გენერალურ პროკურორს წარუდგენს ანგარიშს გატარებული სისხლის სამართლის პოლიტიკის, სამოქმედო ტერიტორიაზე კრიმინოგენური ვითარების შეფასების, მათ შორის, გავრცელებული დანაშაულების, მათი კატეგორიებისა და ტენდენციების მითითებით, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების, მოქალაქეთა საჩივარ-განცხადებების განხილვის შედეგებისა და გატარებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
ს) ყოველი წლის ბოლოს გენერალურ პროკურორს წარუდგენს წინადადებებს სამოქმედო ტერიტორიაზე საპროკურორო საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის, კრიმინოგენური მდგომარეობის გათვალისწინებით განსახორციელებელი სისხლის სამართლის პოლიტიკის, პრიოტიტეტული მიმართულებებისა და დანაშაულის პრევენციის მიზნით მომავალში გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე;
ტ) უზრუნველყოფს ა/რ პროკურატურისათვის გამოყოფილ საბიუჯეტო ასიგნებათა განკარგვას საფინანსო-საბიუჯეტო დისციპლინის მკაცრი დაცვით და ხარჯთანუსხით გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში ხელს აწერს საგადასახადო დავალებებს;
უ) განიხილავს წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;
ფ) ასრულებს გენერალური პროკურორის, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის და მოადგილეების ცალკეულ დავალებებს;
ქ) ახორციელებს „პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა ფუნქციებს.
3. ა/რ პროკურორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ა/რ პროკურორის მოადგილე.
მუხლი 5🔗. ა/რ პროკურორის მოადგილე
1. ა/რ პროკურორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
2. ა/რ პროკურორის მოადგილე:
ა) უზრუნველყოფს საშემსრულებლო დისციპლინის დაცვის კონტროლს ა/რ პროკურატურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
ბ) გასცემს წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე;
გ) უშუალოდ მონაწილეობს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში, პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საჭიროების შემთხვევაში სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას;
დ) ა/რ პროკურორს წარუდგენს წინადადებებს პროკურორისა და გამომძიებლის კონკრეტული სისხლის სამართლის საქმიდან ჩამოცილების შესახებ;
ე) ამოწმებს ქვემდგომი (ა/რ პროკურატურის და მის ტერიტორიაზე მოქმედი რაიონული პროკურატურების) პროკურორების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას და იღებს ზომებს გამოვლენილ დარღვევათა აღმოსაფხვრელად; როგორც ზემდგომი პროკურორი, განიხილავს შუამდგომლობებს და ა/რ პროკურატურის პროკურორების გადაწყვეტილებებზე შემოტანილ საჩივრებს; კონტროლს უწევს საჩივრების დროულად განხილვას;
ვ) ახორციელებს საპროკურორო საქმიანობის მონიტორინგს, ამზადებს ანგარიშს საქმეთა შესწავლის შედეგებისა და გადაწყვეტილებათა დროულად მიღების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ;
ზ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეაქვს საჩივრები სასამართლოების მიერ მიღებულ უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებზე;
თ) ა/რ პროკურატურის კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, ა/რ პროკურორის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებისა და დავალებების შესრულებას;
ი) იხილავს ა/რ პროკურატურაში შემოსულ წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, კოორდინაციას უწევს მოქალაქეთა/პროცესის მონაწილეთა მიღებას, მონიტორინგს უწევს ა/რ პროკურატურის თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა მიღებას, საჭიროების შემთხვევაში პირადად აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;
კ) ა/რ პროკურორის წინაშე აყენებს საკითხებს ა/რ პროკურატურის თანამშრომელთა სამსახურებრივი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
ლ) ორგანიზებას უწევს ა/რ პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ მომზადებას. მონიტორინგს უწევს ა/რ პროკურატურის თანამშრომელთა მიერ სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამაში მუშაობას, პროგრამის დახვეწის მიზნით შეიმუშავებს წინადადებებს; ზედამხედველობას უწევს სასწავლო პროგრამებში ა/რ პროკურატურის თანამშრომელთა მონაწილეობას;
მ) ა/რ პროკურატურაში ხელმძღვანელობს ანალიტიკურ საქმიანობას; უზრუნველყოფს ა/რ პროკურატურის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის პერიოდულ გაანალიზებას; შეიმუშავებს და ა/რ პროკურორს წარუდგენს წინადადებებს დანაშაულთა გამოძიების, საპროკურორო საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისა და დანაშაულის პრევენციის მიზნით;
ნ) აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდებას გენერალური პროკურატურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფებისათვის;
ო) ზედამხედველობას უწევს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის საქმიანობას;
პ) გეგმავს და ორგანიზებას უწევს პრევენციული ღონისძიებების ჩატარებას;
ჟ) ასრულებს გენერალური პროკურორის, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის და მოადგილეების და ა/რ პროკურორის ცალკეულ დავალებებს, ასრულებს ა/რ პროკურორის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში;
რ) ხელს აწერს ა/რ პროკურატურაში მომზადებულ დოკუმენტებს;
ს) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 6🔗. ა/რ პროკურატურის სტრუქტურა
1. ა/რ პროკურატურა შედგება ა/რ პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებისაგან, რომელთა ამოცანები, ხელმძღვანელობა და კომპეტენცია განისაზღვრება ამ დებულებით.
2. ა/რ პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებია:
ა) საპროკურორო სამმართველო;
ბ) საგამოძიებო სამმართველო;
გ) საქმისწარმოების განყოფილება.
მუხლი 7🔗. ა/რ პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების ამოცანები
1. საპროკურორო სამმართველოს ამოცანებია:
ა) ა/რ პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ განხორციელებულ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობისა და გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; ა/რ პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;
ბ) შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებში და სტრუქტურულ ქვედანაყოფში – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში (სამმართველო) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის და გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების და სტრუქტურული ქვედანაყოფის – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების (სამმართველო) მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;
გ) ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ტერიტორიულ ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის და გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ტერიტორიულ ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოს მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.
2. საგამოძიებო სამმართველოს ამოცანებია: ა/რ პროკურატურის სამოქმედო ტერიტორიაზე პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების ჩატარება და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება.
3. საქმისწარმოების განყოფილების ამოცანებია: ა/რ პროკურატურის საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება; ა/რ პროკურატურაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან ა/რ პროკურატურაში შემოსული კორესპონდენციების, აგრეთვე სხვა საკონტროლო დავალებების შესრულების ანალიზი და კონტროლი.
მუხლი 8🔗. სამმართველოს უფროსი
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ორგანიზებას უწევს და ახორციელებს სამმართველოს საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს თანამშრომელთა შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, ახორციელებს კონტროლს სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და შრომის დისციპლინის დაცვაზე;
გ) გასცემს წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე, უშუალოდ მონაწილეობს გამოძიებაში, აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, ა/რ პროკურორის ან მისი მოადგილის დავალებით სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას;
დ) იღებს გადაწყვეტილებას გამომძიებლის კონკრეტული სისხლის სამართლის საქმიდან ჩამოცილების შესახებ;
ე) სამმართველოს წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებასთან დაკავშირებით სხვა საგამოძიებო ორგანოებისაგან ითხოვს სისხლის სამართლის საქმეებს, მასალებსა და სხვა დოკუმენტებს;
ვ) აუქმებს სამმართველოს თანამშრომლების უკანონო და დაუსაბუთებელ დადგენილებებს;
ზ) პერიოდულად ისმენს სამმართველოს თანამშრომელთა ანგარიშებს და განმარტებებს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
თ) იხილავს სამმართველოში შემოსულ წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;
ი) პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
კ) ასრულებს პროკურატურის ზემდგომ თანამდებობის პირთა ცალკეულ დავალებებს;
ლ) ახორციელებს „პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. საპროკურორო სამმართველოს უფროსი დამატებით უზრუნველყოფს:
ა) ა/რ პროკურორის ან მისი მოადგილის დავალებით, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში პროკურორის მონაწილეობას;
ბ) მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას საკასაციო ინსტანციის სასამართლოში.
4. სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში, ა/რ პროკურორის დავალებით, სახელმწიფო ბრალდებას საკასაციო ინსტანციის სასამართლოში მხარს უჭერს ერთ-ერთი პროკურორი.
5. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია ა/რ პროკურორისა და ა/რ პროკურორის მოადგილის წინაშე.
მუხლი 9🔗. ა/რ პროკურატურის თანამშრომლები და მათი უფლებამოსილებები
1. ა/რ პროკურატურაში შრომით საქმიანობას ეწევიან:
ა) უფროსი პროკურორები;
ბ) პროკურორები;
გ) უფროსი გამომძიებლები;
დ) მრჩეველი – მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი;
ე) სტაჟიორი;
ვ) საქმისწარმოების განყოფილების უფროსი;
ზ) მრჩევლები;
თ) სპეციალისტი;
ი) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.
2. საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორები და პროკურორები:
ა) ახორციელებენ გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობას;
ბ) მონაწილეობას იღებენ სასამართლოში აღკვეთის ღონისძიებების შერჩევის საკითხის განხილვაში;
გ) გასცემენ წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების თაობაზე, უშუალოდ მონაწილეობენ გამოძიებაში, აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებენ ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, ა/რ პროკურორის, მისი მოადგილის ან სამმართველოს უფროსის დავალებით სრული მოცულობით აწარმოებენ საქმის გამოძიებას;
დ) იღებენ გადაწყვეტილებას გამომძიებლის კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებიდან ჩამოცილების შესახებ;
ე) მონაწილეობენ სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო განხილვაში და მხარს უჭერენ სახელმწიფო ბრალდებას;
ვ) ახორციელებენ „პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. საგამოძიებო სამმართველოს უფროსი გამომძიებლები უშუალოდ იძიებენ სისხლის სამართლის საქმეებს და ახორციელებენ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ საპროცესო მოქმედებებს.
4. მრჩეველი – მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი ორგანიზებას უწევს და უზრუნველყოფს სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულისა და მოწმისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას და მათთან ურთიერთობის კოორდინაციას.
5. სტაჟიორი – ხელმძღვანელთან შეთანხმებით ახორციელებს უფროსი პროკურორის, პროკურორისა ანდა უფროსი გამომძიებლისათვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ უფლებამოსილებებს.
6. საქმისწარმოების განყოფილების უფროსი ორგანიზებას უწევს და ახორციელებს საქმისწარმოების განყოფილების საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას, ახორციელებს ღონისძიებებს საქმისწარმოებისა და საარქივო საქმიანობის სრულყოფის მიზნით.
7. მრჩევლები და სპეციალისტი უზრუნველყოფენ ა/რ პროკურატურაში საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზებას, ახდენენ შემოსული და გასული დოკუმენტების, ინფორმაციების და სხვა მასალების სისტემატიზაციასა და კომპიუტერიზაციას, ასრულებენ ა/რ პროკურატურის ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს.
8. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი უზრუნველყოფს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას.