რაიონული პროკურატურის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.05.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №014
სარეგისტრაციო კოდი 110060020.70.082.016026
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/05/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.05.2020 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე | საქართველოს გენერალური პროკურორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საოლქო პროკურატურის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ თბილისის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
რაიონული პროკურატურის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №014
2020 წლის 6 მაისი
ქ. თბილისი
რაიონული პროკურატურის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებისა და მე-18 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს რაიონული პროკურატურის თანდართული ტიპური დებულება.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე
რაიონული პროკურატურის ტიპური
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. რაიონული პროკურატურა არის საქართველოს პროკურატურის (შემდგომში – პროკურატურა) სისტემის შემადგენელი ორგანო, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.
2. რაიონული პროკურატურის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.
3. რაიონულ პროკურატურას აქვს საკუთარი ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და რაიონული პროკურატურის დასახელებით.
მუხლი 2🔗. რაიონული პროკურატურები
პროკურატურის სისტემის რაიონული პროკურატურებია:
ა) თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურა (იურიდიული მისამართი: 0159, ქ. თბილისი, დიღმის მასივი, II კვ. კ, ჩალაძის ქ. №1);
ბ) თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურა (იურიდიული მისამართი: 0159, ქ. თბილისი, დიღმის მასივი, II კვ. კ, ჩალაძის ქ. №1);
გ) თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურა (იურიდიული მისამართი: 0159, ქ. თბილისი, დიღმის მასივი, II კვ. კ, ჩალაძის ქ. №1);
დ) თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურა (იურიდიული მისამართი: (0180, ქ. თბილისი ც. დადიანის ქ. N30);
ე) თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურა (იურიდიული მისამართი: 0159, ქ. თბილისი, დიღმის მასივი, II კვ. კ, ჩალაძის ქ. №1);
ვ) ბათუმის რაიონული პროკურატურა (იურიდიული მისამართი: 6000, ქ. ბათუმი, შ. ხიმშიაშვილის ქ. №7);
ზ) ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურა (იურიდიული მისამართი: 6400, ქ. ბათუმი, ზ. ფანასკერტელ-ციციშვილის ქ. №3);
თ) ოზურგეთის რაიონული პროკურატურა (იურიდიული მისამართი: 3500, ქ. ოზურგეთი, ი. პეტრიწის ქ. №9);
ი) გორის რაიონული პროკურატურა (იურიდიული მისამართი: 1400, ქ. გორი, დ. გურამიშვილის ქ. №5);
კ) მცხეთის რაიონული პროკურატურა (იურიდიული მისამართი: 3300, ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №11);
ლ) ხაშურის რაიონული პროკურატურა (იურიდიული მისამართი: 5700, ქ. ხაშური, ნ. ლომოურის ქ. №15ა);
მ) რუსთავის რაიონული პროკურატურა (იურიდიული მისამართი: 3700, ქ. რუსთავი, ნიკო ფიროსმანის ქ. №17ა);
ნ) მარნეულის რაიონული პროკურატურა (იურიდიული მისამართი: 3000, ქ. მარნეული, რუსთაველის ქ. №1);
ო) ბოლნისის რაიონული პროკურატურა (იურიდიული მისამართი: 1100, ქ. ბოლნისი, აღმაშენებლის ქ. №84);
პ) თელავის რაიონული პროკურატურა (იურიდიული მისამართი: 2200, ქ. თელავი, ერეკლე II--ის გამზირი №3);
ჟ) გურჯაანის რაიონული პროკურატურა (იურიდიული მისამართი: 1500, ქ. გურჯაანი, თამარ მეფის გამზირი №14);
რ) სიღნაღის რაიონული პროკურატურა (იურიდიული მისამართი: 4200, ქ. სიღნაღი, ნ. ბარათაშვილის ქ. №1ა);
ს) ქუთაისის რაიონული პროკურატურა (იურიდიული მისამართი: 4600, ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზირი №20);
ტ) ზესტაფონის რაიონული პროკურატურა (იურიდიული მისამართი: 2000, ქ. ზესტაფონი, აღმაშენებლის ქ. №4);
უ) სამტრედიის რაიონული პროკურატურა (იურიდიული მისამართი: 3900, ქ. სამტრედია, რუსთაველის ქ. №26);
ფ) საჩხერის რაიონული პროკურატურა (იურიდიული მისამართი: 4000, ქ. საჩხერე, აღმაშენებლის ქ. №7);
ქ) ამბროლაურის რაიონული პროკურატურა (იურიდიული მისამართი: 0400, ქ. ამბროლაური, მ. კოსტავას ქ. №20);
ღ) ზუგდიდის რაიონული პროკურატურა (იურიდიული მისამართი: 2100, ქ. ზუგდიდი, ს. კედიას ქ. №5);
ყ) სენაკის რაიონული პროკურატურა (იურიდიული მისამართი: 4100, ქ. სენაკი, ა. ჯორჯაძის ქ. №18);
შ) ფოთის რაიონული პროკურატურა (იურიდიული მისამართი: 4400, ქ. ფოთი, გორგასლის ქ. №22);
ჩ) მესტიის რაიონული პროკურატურა (იურიდიული მისამართი: 3200, დაბა მესტია, ი. გაბლიანის ქ. №1);
ც) ახალციხის რაიონული პროკურატურა (იურიდიული მისამართი: 0800, ქ. ახალციხე, მ. თამარაშვილის ქ. №3);
ძ) ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურა (იურიდიული მისამართი: 0700, ქ. ახალქალაქი, ჩარენცის ქ. №30).
მუხლი 3🔗. რაიონული პროკურატურის საქმიანობის პრინციპები
რაიონული პროკურატურის საქმიანობის პრინციპებია:
ა) კანონიერება და სამართლიანობა;
ბ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა;
გ) პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა;
დ) ერთიანობა და ცენტრალიზაცია, ყველა ქვემდგომი პროკურორის და პროკურატურის სხვა თანამშრომლის საქართველოს გენერალური პროკურორისადმი (შემდგომში – გენერალური პროკურორი) დაქვემდებარება;
ე) პირის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და ღირსების ხელშეუხებლობა;
ვ) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.
მუხლი 4🔗. რაიონული პროკურატურის საქმიანობის სფერო
რაიონული პროკურატურა, გენერალური პროკურორის ბრძანებით განსაზღვრულ სამოქმედო ტერიტორიაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა) ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას;
ბ) სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას;
გ) სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მონაწილეობს როგორც მხარე და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას;
დ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ატარებს გამოძიებას;
ე) ზედამხედველობს ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას;
ვ) უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;
ზ) მონაწილეობს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაციის ღონისძიებებში;
თ) ახორციელებს „პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 5🔗. რაიონული პროკურატურის ხელმძღვანელობა
1. რაიონულ პროკურატურას ხელმძღვანელობს რაიონული პროკურორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
2. რაიონული პროკურორი:
ა) ახორციელებს რაიონული პროკურატურის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს რაიონული პროკურატურის თანამშრომელთა შორის;
გ) აკონტროლებს რაიონული პროკურატურის თანამშრომელთა მიერ მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და შრომის დისციპლინის დაცვას;
დ) გენერალური პროკურორის წინაშე აყენებს საკითხს რაიონული პროკურატურის თანამშრომელთა სამსახურებრივი წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ე) შესაბამის საოლქო პროკურორთან (ასევე შესაბამის რაიონულ პროკურორს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორთან ან თბილისის პროკურორთან) და გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობასთან შეაქვს წინადადებები გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით;
ვ) აუქმებს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების თანამშრომელთა უკანონო და დაუსაბუთებელ დადგენილებებს, გამოითხოვს ქვემდგომი პროკურორების უსაფუძვლო სააპელაციო საჩივრებს;
ზ) იღებს გადაწყვეტილებას გამომძიებლის სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებიდან ჩამოცილების შესახებ;
თ) შესაბამის საოლქო პროკურორთან (ასევე შესაბამისი რაიონული პროკურორი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორთან ან თბილისის პროკურორთან) აყენებს საკითხს პროკურორის სისხლის სამართლის საქმიდან ჩამოცილების თაობაზე;
ი) წყვეტს საკითხს სხვადასხვა სასამართლო ინსტანციებში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვაში პროკურორის მონაწილეობის თაობაზე;
კ) გასცემს წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე;
ლ) კანონით დადგენილი წესით, საგამოძიებო ორგანოებისაგან გამოითხოვს სისხლის სამართლის საქმეებს, მასალებსა და სხვა დოკუმენტებს;
მ) უშუალოდ მონაწილეობს გამოძიებაში, პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საჭიროების შემთხვევაში სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას;
ნ) ამოწმებს ქვემდგომი პროკურორების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, შეაქვს საჩივრები სასამართლოების მიერ მიღებულ უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებზე;
ო) აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების შესრულებას;
პ) ისმენს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების ხელმძღვანელებისა და სხვა ოპერატიული თანამშრომლების ინფორმაციებს როგორც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, ასევე ზოგად თემატურ საკითხებზე, იღებს ზომებს არსებულ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად;
ჟ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა მისდამი დაქვემდებარებული პროკურატურის თანამშრომლებისათვის;
რ) ექვს თვეში ერთხელ, შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, თბილისის ან საოლქო პროკურორს წარუდგენს ანგარიშს გატარებული სისხლის სამართლის პოლიტიკის, სამოქმედო ტერიტორიაზე კრიმინოგენური ვითარების შეფასების, მათ შორის, გავრცელებული დანაშაულების, მათი კატეგორიებისა და ტენდენციების მითითებით, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების, მოქალაქეთა საჩივარ-განცხადებების განხილვის შედეგებისა და გატარებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
ს) ყოველი წლის ბოლოს შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, თბილისის ან საოლქო პროკურორს წარუდგენს წინადადებებს სამოქმედო ტერიტორიაზე საპროკურორო საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის, კრიმინოგენური მდგომარეობის გათვალისწინებით განსახორციელებელი სისხლის სამართლის პოლიტიკის, პრიორიტეტული მიმართულებებისა და დანაშაულის პრევენციის მიზნით მომავალში გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე;
ტ) განიხილავს წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;
უ) ასრულებს გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობის, ასევე, შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, თბილისის ან საოლქო პროკურორის ცალკეულ დავალებებს;
ფ) ახორციელებს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა ფუნქციებს.
3. რაიონული პროკურორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს რაიონული პროკურორის მოადგილე.
4. იმ შემთხვევაში, თუ რაიონულ პროკურორს არ ჰყავს მოადგილე, რაიონული პროკურორის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს გენერალური პროკურორის მიერ განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი პირი.
მუხლი 6🔗. რაიონული პროკურორის მოადგილე
1. რაიონულ პროკურორს შესაძლებელია ჰყავდეს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
2. რაიონული პროკურორის მოადგილე:
ა) უზრუნველყოფს საშემსრულებლო დისციპლინის დაცვის კონტროლს, რაიონული პროკურატურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;
ბ) გასცემს წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე;
გ) უშუალოდ მონაწილეობს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში, პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საჭიროების შემთხვევაში სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას;
დ) რაიონულ პროკურორს წარუდგენს წინადადებებს გამომძიებლის კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებიდან ჩამოცილების შესახებ;
ე) მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას საკასაციო ინსტანციის სასამართლოში. რაიონული პროკურორის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში ამ უფლებამოსილებას ახორციელებს რაიონული პროკურორი;
ვ) ამოწმებს ქვემდგომი პროკურორების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას და იღებს ზომებს გამოვლენილ დარღვევათა აღმოსაფხვრელად; როგორც ზემდგომი პროკურორი, განიხილავს შუამდგომლობებს და რაიონული პროკურატურის პროკურორების გადაწყვეტილებებზე შემოტანილ საჩივრებს; კონტროლს უწევს საჩივრების დროულად განხილვას;
ზ) ახორციელებს საპროკურორო საქმიანობის მონიტორინგს, ამზადებს ანგარიშს საქმეთა შესწავლის შედეგებისა და გადაწყვეტილებათა დროულად მიღების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ;
თ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეაქვს საჩივრები სასამართლოების მიერ მიღებულ უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებზე;
ი) რაიონული პროკურატურის კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, გენერალური პროკურორის მოადგილეების, შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, თბილისის ან საოლქო პროკურორის და რაიონული პროკურორის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებისა და დავალებების შესრულებას;
კ) იხილავს რაიონულ პროკურატურაში შემოსულ წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, კოორდინაციას უწევს მოქალაქეთა/პროცესის მონაწილეთა მიღებას, მონიტორინგს უწევს რაიონული პროკურატურის თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა მიღებას, საჭიროების შემთხვევაში პირადად აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;
ლ) რაიონული პროკურორის წინაშე აყენებს საკითხებს რაიონული პროკურატურის თანამშრომელთა სამსახურებრივი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
მ) ორგანიზებას უწევს რაიონული პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ მომზადებას. მონიტორინგს უწევს რაიონული პროკურატურის თანამშრომელთა მიერ სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამაში მუშაობას, პროგრამის დახვეწის მიზნით შეიმუშავებს წინადადებებს; ზედამხედველობას უწევს სასწავლო პროგრამებში რაიონული პროკურატურის თანამშრომელთა მონაწილეობას;
ნ) რაიონულ პროკურატურაში ხელმძღვანელობს ანალიტიკურ საქმიანობას; უზრუნველყოფს რაიონული პროკურატურის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის პერიოდულ გაანალიზებას; შეიმუშავებს და რაიონულ პროკურორს წარუდგენს წინადადებებს დანაშაულთა გამოძიების, საპროკურორო საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისა და დანაშაულის პრევენციის მიზნით;
ო) აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდებას გენერალური პროკურატურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფებისათვის;
პ) ზედამხედველობას უწევს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის საქმიანობას;
ჟ) გეგმავს და ორგანიზებას უწევს პრევენციული ღონისძიებების ჩატარებას;
რ) ასრულებს გენერალური პროკურორის, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, თბილისის ან საოლქო პროკურორისა და მათი მოადგილეების, რაიონული პროკურორის ცალკეულ დავალებებს, ასრულებს რაიონული პროკურორის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში;
ს) ხელს აწერს რაიონულ პროკურატურაში მომზადებულ დოკუმენტებს;
ტ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 7🔗. რაიონული პროკურატურის თანამშრომლები და მათი უფლებამოსილებები
1. რაიონულ პროკურატურაში შრომით საქმიანობას ეწევიან:
ა) პროკურორები;
ბ) სტაჟიორი;
გ) კანცელარიის უფროსი;
დ) სპეციალისტი;
ე) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.
2. პროკურორები:
ა) ახორციელებენ გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობას;
ბ) მონაწილეობას იღებენ სასამართლოში აღკვეთის ღონისძიებების შერჩევის საკითხის განხილვაში;
გ) გასცემენ წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების თაობაზე, უშუალოდ მონაწილეობენ გამოძიებაში, აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებენ ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, რაიონული პროკურორის ან რაიონული პროკურორის მოადგილის დავალებით სრული მოცულობით აწარმოებენ საქმის გამოძიებას;
დ) იღებენ გადაწყვეტილებას გამომძიებლის კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებიდან ჩამოცილების შესახებ;
ე) მონაწილეობენ სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო განხილვაში და მხარს უჭერენ სახელმწიფო ბრალდებას;
ვ) ახორციელებენ „პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სტაჟიორი – ხელმძღვანელთან შეთანხმებით ახორციელებს პროკურორისათვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ უფლებამოსილებებს.
4. კანცელარიის უფროსი ორგანიზებას უწევს და ახორციელებს კანცელარიის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას, ახორციელებს ღონისძიებებს საქმისწარმოებისა და საარქივო საქმიანობის სრულყოფის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში ასრულებს სპეციალისტის მოვალეობას.
5. სპეციალისტი უზრუნველყოფს რაიონულ პროკურატურაში საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზებას, ახდენს შემოსული და გასული დოკუმენტების, ინფორმაციების და სხვა მასალების სისტემატიზაციასა და კომპიუტერიზაციას, ასრულებს რაიონული პროკურატურის ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს.
6. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი უზრუნველყოფს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას.