საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.05.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №023
სარეგისტრაციო კოდი 110060000.70.082.016035
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/05/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.05.2020 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე | საქართველოს გენერალური პროკურორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №023
2020 წლის 6 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებისა და მე-18 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს გენერალური პროკურატურის (შემდგომში – გენერალური პროკურატურა) სტრუქტურული დანაყოფი, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს გენერალურ პროკურატურას.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.
3. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს კანონიერებისა და სამართლიანობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის, პროკურატურის ორგანოების ერთიანობისა და ცენტრალიზაციის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე.
4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს გენერალური პროკურორისა (შემდგომში – გენერალური პროკურორი) და გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე, რომელიც ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ამოცანები
დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) სამართალწარმოების მიმდინარეობისას შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებზე, მათ შორის, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის, ქონების იძულებით დათმობისა და სხვა იძულების ფაქტებზე გენერალური პროკურორის მიერ დადგენილ საქმეებზე სრული მოცულობით გამოძიების წარმოება და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება;
ბ) დეპარტამენტის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;
გ) დეპარტამენტის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;
დ) დეპარტამენტის უფლებამოსილების ფარგლებში სისხლის სამართლის საქმეების სისტემატიზაცია და ანალიზი ეფექტიანი კოორდინაციის მიზნით;
ე) მოქალაქეთა ზეპირი/წერილობითი საჩივრების და განცხადებების განხილვა;
ვ) შესაბამისი ოპერატიული სამსახურებისთვის ცალკეული ფაქტების ოპერატიული გადამოწმებისა და დასაბუთებული ინფორმაციის წარმოდგენის მიზნით კონკრეტული მითითებების მიცემა;
ზ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების შესრულება.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის უფროსი
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
2. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ორგანიზებას უწევს და ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) დეპარტამენტის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებასთან დაკავშირებით სხვა საგამოძიებო ორგანოებისაგან ითხოვს სისხლის სამართლის საქმეებს, მასალებსა და სხვა დოკუმენტებს;
გ) აუქმებს დეპარტამენტის თანამშრომლების უკანონო ანდა დაუსაბუთებელ დადგენილებებს;
დ) სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე იძლევა წერილობით მითითებებს, მონაწილეობს გამოძიებაში, აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, გენერალური პროკურორის დავალებით აწარმოებს სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას;
ე) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
ვ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და შრომის დისციპლინის დაცვაზე;
ზ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის თანამშრომელთა ანგარიშებს და განმარტებებს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, გენერალურ პროკურორს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
კ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
ლ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შუამდგომლობს დეპარტამენტის) თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
მ) ექვს თვეში ერთხელ გენერალურ პროკურორს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების, მოქალაქეთა საჩივარ-განცხადებების განხილვის შედეგებისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ;
ნ) ყოველი წლის ბოლოს გენერალურ პროკურორს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის საქმიანობის ეფექტოანობის გაზრდისა და მომავალში გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე;
ო) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
პ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტის მუშაობის ორგანიზაციას, კონტროლს უწევს სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
ბ) გამოითხოვს საგამოძიებო ორგანოებისაგან სისხლის სამართლის საქმეებს, მასალებს, დოკუმენტებს, იძლევა წერილობით მითითებებს საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, საგამოძიებო-ოპერატიული გეგმის თაობაზე, მონაწილეობს გამოძიების წარმოებაში, აუცილებლობის შემთხვევაში პირადად აწარმოებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, გენერალური პროკურორის დავალებით იძიებს სისხლის სამართლის საქმეებს;
გ) აუქმებს დეპარტამენტის თანამშრომელთა უკანონო ანდა დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს სისხლის სამართლის საქმეებსა და მასალებზე;
დ) დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით გენერალური პროკურორის წინაშე აყენებს საკითხს თანამშრომლების წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ე) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის თანამშრომელთა პროფესიულ მომზადებას;
ვ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის პროკურორების მონაწილეობას სასამართლო ინსტანციებში საქმეების განხილვისას;
თ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შეაქვს საჩივრები სასამართლოს გადაწყვეტილებებზე;
ი) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის ანალიტიკურ საქმიანობას;
კ) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებებისა და დავალებების, გენერალური პროკურორის მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას;
ლ) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს;
მ) ასრულებს გენერალური პროკურორის, გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს;
ნ) ახორციელებს „პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებულ ფუნქციებს.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის თანამშრომლები
1. დეპარტამენტში შრომით საქმიანობას ეწევიან:
ა) დეპარტამენტის უფროსი პროკურორები;
ბ) დეპარტამენტის პროკურორები;
გ) დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლები;
დ) დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები;
ე) დეპარტამენტის მრჩეველი;
ვ) დეპარტამენტის მრჩეველი – მოწმისა და დაზარალებულის უფროსი კოორდინატორი;
ზ) დეპარტამენტის მრჩეველი – მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი;
თ) დეპარტამენტის სპეციალისტი.
2. დეპარტამენტის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
3. დეპარტამენტის უფროსი პროკურორები და პროკურორები:
ა) საპროცესო ხელმძღვანელობას უწევენ მათ დაქვემდებარებაში მყოფ გამომძიებელთა წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას;
ბ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოძიების სტადიაზე მონაწილეობას იღებენ სასამართლოში შემოსული საჩივრებისა და აღკვეთის ღონისძიებების შერჩევის საკითხის განხილვაში;
გ) დეპარტამენტის მიერ გამოძიებულ საქმეებზე ახორციელებენ პირველ, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას;
დ) ახორციელებენ დეპარტამენტის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების სისტემატიზაციასა და ანალიზს ეფექტიანი კოორდინაციის მიზნით;
ე) განიხილავენ საჩივარ-განცხადებებს.
4. განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლები და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები უშუალოდ იძიებენ სისხლის სამართლის საქმეებს და ახორციელებენ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ საპროცესო მოქმედებებს.
5. დეპარტამენტის მრჩეველი – მოწმისა და დაზარალებულის უფროსი კოორდინატორი და დეპარტამენტის მრჩეველი – მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი ორგანიზებას უწევენ და უზრუნველყოფენ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულისა და მოწმისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას და მათთან ურთიერთობის კოორდინაციას.
6. დეპარტამენტის მრჩეველი და სპეციალისტი უზრუნველყოფენ დეპარტამენტის საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზებას, ახდენს დეპარტამენტში შემოსული და გასული დოკუმენტების, ინფორმაციების და სხვა მასალების სისტემატიზაციას, კომპიუტერიზაციას, სისხლის სამართლის საქმეთა სტატისტიკასა და დეპარტამენტის წინაშე მდგარი ამოცანების შესასრულებლად შესაბამისი მხარდაჭერის განხორციელებას.
საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე