მიხეილ სამნიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ

მიღების თარიღი 30.04.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ნომერი №1/6/1499
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016526
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/05/2020
matsne.gov.ge 1,530 სიტყვა · ~8 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

გიორგი ჭაუჭიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 97% 29.04.2020 ლიკა საჯაია და ედუარდ მარიკაშვილი საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 97% 12.11.2020 სალომე ზეინკლიშვილი, მარიამ ტაგანაშვილი, ანა ნაკანი და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 96% 27.12.2024 ანა დოლიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 96% 15.12.2023 მიხეილ სამნიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 96% 16.12.2021

დოკუმენტის ტექსტი

მიხეილ სამნიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის საოქმო ჩანაწერი №1/6/1499 2020 წლის 30 აპრილი ქ. ბათუმი მიხეილ სამნიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ კოლეგიის შემადგენლობა: მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე; ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე; გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი; ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი. სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე. საქმის დასახელება: მიხეილ სამნიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. დავის საგანი: „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19)  გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-2 მუხლის მე-9 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. I აღწერილობითი ნაწილი 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 23 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1499) მიმართა საქართველოს მოქალაქე მიხეილ სამნიძემ. №1499 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2020 წლის 24 აპრილს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 30 აპრილს. 2. №1499 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 31​1 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. 3. „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული გასატარებელი ღონისძიებების მე-2 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, „საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება 21:00 საათიდან 06:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით“. 4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის არჩევისა და საქართველოდან გასვლის უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით“. 5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმა ზღუდავს პირთა თავისუფალი გადაადგილების უფლებას ისე, რომ დაცული არ არის ამ უფლებაში ჩარევის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ფორმალური მოთხოვნები. მოსარჩელის განმარტებით, ორდინალურ შემთხვევებში, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ კანონის საფუძველზე, ხოლო საგანგებო მდგომარეობის დროს კი საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტით, რომელიც მტკიცდება საქართველოს პარლამენტის მიერ და ორგანული კანონის ძალის მქონე აქტია. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული ბრძანება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, ისევე, როგორც საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, არ განსაზღვრავს კონკრეტულ რეგულაციებს და კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის სრულ უფლებამოსილებას გადასცემს საქართველოს მთავრობას, რაც იწვევს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას. მოსარჩელის პოზიციით, საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს მთავრობა არ არის უფლებამოსილი, საკუთარი მიხედულებით დაადგინოს, გააფართოოს ან შეავიწროვოს ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვის არეალი, არამედ იგი ვალდებულია, მხოლოდ აღასრულოს საგანგებო მდგომარეობის შესახებ გამოცემული და პარლამენტის მიერ დაკანონებული აქტები. 6. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მიღებული სამართლებრივი აქტები შეიცავს ადამიანის უფლებათა მომეტებული შეზღუდვის რისკებს, ამიტომაც, მათი დამტკიცება საქართველოს პარლამენტის მიერ წარმოადგენს ამ რისკის შემცირების კონსტიტუციურსამართლებრივ გადაწყვეტას. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებითა და დეკრეტით სხვა კომპეტენტური ორგანოსთვის უფლებამოსილების დელეგირების შემთხვევაში, ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული ის ორგანო, რომელსაც დელეგირებით ენიჭება გარკვეული უფლებამოსილება, ასევე ამ უფლებამოსილების ფარგლები, რათა არალეგიტიმურად და თვითნებურად არ  მოხდეს ადამიანის უფლებათა შეზღუდვა. მოცემულ შემთხვევაში კი, პარლამენტის მიერ დამტკიცდა პრეზიდენტის ისეთი ბრძანება და დეკრეტი, რომლებიც მოკლებულია კონკრეტიკას და კონსტიტუციურ უფლებათა შეზღუდვის მანდატს სრულად გადასცემს საქართველოს მთავრობას. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ამგვარი პროცედურა ნიშნავს პარლამენტის მიერ საკუთარ კონსტიტუციურ უფლებამოსილებაზე – საგანგებო მდგომარეობის დროს მიღებულ აქტებზე კონტროლის განხორციელებაზე უარის თქმას. 7. მოსარჩელის პოზიციით, საქართველოს მთავრობის მიერ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით თავისუფალი გადაადგილების კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევა იმ პირობებში, როდესაც მასზე არ ხორციელდება საპარლამენტო კონტროლი, ვერ ჩაითვლება კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვად და, შესაბამისად, დარღვეულია ამ უფლებაში ჩარევის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი ფორმალური მოთხოვნები. 8. გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმა არც მატერიალური თვალსაზრისით შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას. მისი პოზიციით, გარკვეულ პერიოდში პირთა ნებისმიერი ფორმით გადაადგილების აკრძალვის ლეგიტიმურ მიზანს შესაძლოა, წარმოადგენდეს ახალი კორონავირუსის გავრცელების შემცირება და საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვა, თუმცა სადავო ნორმა ამ მიზნის მიღწევის აშკარად არათანაზომიერი საშუალებაა. მოსარჩელის განმარტებით, გადაადგილების უფლების სრულად აკრძალვის ნაცვლად, შესაძლებელი იყო შემუშავებულიყო უსაფრთხო გადაადგილების სპეციალური წესები და პირებს გამოეყენებინათ ხსენებული ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის აუცილებელი დამცავი საშუალებები. ამასთანავე, დღის იმ მონაკვეთის შემცირება, რომლის განმავლობაშიც პირებს გარეთ გასვლა შეუძლიათ, ავტომატურად ზრდის რისკს, რომ ერთსა და იმავე დროს გარეთ უფრო მეტი ადამიანი მოიყრის თავს და გაიზრდება მათი კონტაქტის ალბათობა. 9. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს. 10. №1499 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე შუამდგომლობს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელე მიუთითებს, რომ, თუ არ მოხდება სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება, შესაძლოა, მას დაეკისროს სისხლისსამართლებრივი სანქცია, რამდენადაც იგი ერთხელ უკვე არის დაჯარიმებული სადავო ნორმით გათვალისწინებული წესის დარღვევისათვის. ამასთან, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება აუცილებელია, რამდენადაც იგი საქართველოს კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნებსაც კი ვერ აკმაყოფილებს. II სამოტივაციო ნაწილი 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1499 კონსტიტუციური სარჩელი სრულიად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31​1 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 31​3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი. 2. №1499 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ითხოვს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია, შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება, თუ მიიჩნევს, რომ მის მოქმედებას შეუძლია ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს. საქართველოს  საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი არის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მოსარჩელის უფლებების პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს მისთვის გამოუსწორებელი შედეგი“ (საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/569 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37). 3. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმატიულ აქტს შეუძლია თუ არა რომელიმე მხარისთვის გამოუსწორებელი შედეგის გამოწვევა ისევე, როგორც, თუ რას წარმოადგენს „გამოუსწორებელი შედეგი“, უნდა დადგინდეს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, კონკრეტული გარემოებების შეფასების საფუძველზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 თებერვლის №1/1/592 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს სადავო ნორმის მოქმედებით მოსარჩელე მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგის დადგომის შესაძლებლობა. 4. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების დასასაბუთებლად მიუთითებს, რომ, რამდენადაც იგი ერთხელ უკვე დაჯარიმებულია სადავო ნორმით გათვალისწინებული წესის დარღვევისათვის, ამ ქმედების განმეორების შემთხვევაში მას ემუქრება ბევრად უფრო მკაცრი – სისხლისსამართლებრივი სანქცია. შესაბამისად, იგი გამოუსწორებელ ზიანად მიიჩნევს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას. ამასთან, მოსარჩელე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების არგუმენტად მიიჩნევს იმას, რომ სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნებსაც კი. 5. აღნიშნულთან დაკავშრებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ: [...] არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი“. მართალია, სადავო ნორმა უშუალოდ არ ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას, თუმცა იგი წარმოადგენს „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით გათვალისწინებული საგანგებო რეჟიმის ნაწილს, რომლის დარღვევამაც შესაძლოა, გამოიწვიოს პირის მსჯავრდება. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებისა და სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, მოსარჩელე უფლებამოსილია, მოითხოვოს მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადახედვა და შესაბამისი საფუძვლის არსებობისას მისი გაუქმება. 6. ამასთანავე, როგორც უკვე აღინიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება დამოკიდებულია მოსარჩელისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების ფაქტზე და არარელევანტურია იმაზე მითითება, გასაჩივრებული დებულება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს ფორმალური თუ მატერიალური თვალსაზრისით. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტი სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი განაჩენის გადასინჯვასთან დაკავშირებით არ იცვლება იმის მიხედვით, ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა მოხდა ფორმალური თუ მატერიალური კრიტერიუმების გათვალისწინებით და მოსარჩელეს, საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ექნება შესაძლებლობა  მოითხოვოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის გადასინჯვა. ამიტომ, მხოლოდ იმ ფაქტზე მითითება, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, შესაძლებელია, მოხდეს მისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება, ვერ გამოდგება მისგან მომდინარე გამოუსწორებელი შედეგის დადგომის სათანადოდ დასასაბუთებლად. 7. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის სათანადოდ დასაბუთებული სადავო ნორმის მოქმედებით მოსარჩელის ან მის მსგავს კატეგორიაში მყოფი პირებისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხე. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ მოსარჩელის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი. III სარეზოლუციო ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 27​1 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 31​1 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 31​2 მუხლის მე-8 პუნქტის, 31​3 მუხლის პირველი პუნქტის, 31​5 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 31​6 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს: 1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1499 კონსტიტუციური სარჩელი („მიხეილ სამნიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“). 2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის მოთხოვნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე. 3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია. 4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. 5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. 6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“. კოლეგიის შემადგენლობა: მერაბ ტურავა ევა გოცირიძე გიორგი კვერენჩხილაძე ხვიჩა კიკილაშვილი.