აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება მოქმედი სახელმწიფო მმართველობა
მიღების თარიღი 27.05.2020
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
ნომერი №N- 08 ს
სარეგისტრაციო კოდი 010190040.31.060.016015
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/06/2020
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.05.2020 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ სამსონ ურიდიასათვის შეთანხმებაზე ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის სახელმწიფო
ვოკალურ ანსამბლ „ბათუმის“ დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
დადგენილება №08-ს
2020 წლის 27 მაისი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 127-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმები (თან ერთვის).
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეჯემალ გამახარია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ ეთიკის ნორმების დაცვა კარგი მმართველობის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია. იგი საზოგადოების წინაშე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების ამაღლებას ემსახურება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმების (შემდგომ − ეთიკის ნორმები) მიზანია, სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, მისთვის განსაზღვროს ქცევის მაღალი ეთიკური სტანდარტები, აგრეთვე ხელი შეუწყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ თავისი მოვალეობების ღირსეულად და კეთილსინდისიერად შესრულებას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის რეპუტაციის, პატივისა და ღირსების დაცვას.
მუხლი 1🔗. ეთიკის ნორმების მოქმედების სფერო
1. ეთიკის ნორმები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსიდან გამომდინარე, ადგენს მისი ქცევის სტანდარტს, აგრეთვე განსაზღვრავს ქცევის წესებს, რომლებიც უმაღლესი საბჭოს წევრმა საქმიანობის განხორციელებისას და კოლეგებთან, სხვა თანამშრომლებთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, სხვა ინსტიტუტებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დროს უნდა გაითვალისწინოს.
2. ეთიკის ნორმების სამართლებრივი საფუძვლებია: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, სხვა საკანონმდებლო აქტები.
მუხლი 2🔗. ეთიკის ნორმების ძირითადი პრინციპები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს შემდეგი ძირითადი პრინციპებით:
ა) კანონიერება და ერთგულება:
ა.ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენელი; იგი იცავს საქართველოს კონსტიტუციას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას, საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს;
ა.ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ზრუნავს დემოკრატიის გაძლიერებისთვის და პატივს სცემს დემოკრატიულ ინსტიტუტებს;
ა.გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ხალხისა და სახელმწიფოს ერთგულია;
ა.დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი თავისი ქმედებით უფრთხილდება ქვეყნისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იმიჯს; იგი ხელს უწყობს სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, სამოქალაქო საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას;
ბ) თანასწორობა:
ბ.ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი თანასწორად ეპყრობა ყველა მოქალაქეს, რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის განურჩევლად;
ბ.ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი პატივს სცემს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს; იგი აღიარებს მამაკაცთა და ქალთა თანაბარ უფლებებს;
ბ.გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი პატივისცემით ექცევა უმაღლესი საბჭოს სხვა წევრებსა და მოქალაქეებს; იგი რასის, კანის ფერის, სქესის, რელიგიის ან სხვა ნიშნით განსაზღვრული უმცირესობის მიმართ არ იყენებს სიძულვილის ენას;
გ) კეთილსინდისიერება:
გ.ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ადმინისტრაციულ რესურსს პასუხისმგებლობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების გათვალისწინებით იყენებს;
გ.ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი პირადი ფინანსური ინტერესის გათვალისწინებით არ იღებს გადაწყვეტილებას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის მიერ უმაღლესი საბჭოს წევრის მოვალეობების ობიექტურად შესრულებაზე, მათ შორის, არ ახორციელებს ლობირებას პირადი სარგებლის სანაცვლოდ;
დ) ანგარიშვალდებულება: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ანგარიშვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის წინაშე; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობას უნდა შეეძლოს უმაღლესი საბჭოს წევრთან დაკავშირება; უმაღლესი საბჭოს წევრი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობას აწვდის ინფორმაციას მისი უფლებებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის თაობაზე, აგრეთვე ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების საკანონმდებლო პროცესში ჩართულობას;
ე) გამჭვირვალობა:
ე.ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჯარო ინტერესს ემსახურება და გამჭვირვალეა;
ე.ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი თანამშრომლობს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან;
ე.გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ხელს უწყობს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას;
ვ) პასუხისმგებლობა:
ვ.ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი იცავს და აძლიერებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ინსტიტუციურ დამოუკიდებლობასა და რეპუტაციას;
ვ.ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი კანონით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული ყველა ორგანოს კონტროლს;
ვ.გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ხელს უწყობს უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმების დაცვას.
მუხლი 3🔗. ქცევის წესები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა დაიცვას ქცევის შემდეგი წესები:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსი თავისი, ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის ინტერესებისთვის არ უნდა გამოიყენოს. ეთიკის ნორმების მიზნებისთვის „ოჯახის წევრსა“ და „ახლო ნათესავში“ იგულისხმებიან „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირები;
ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებულია შესაბამისი საკითხის განხილვის დასრულებამდე თავისი ან ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული ინტერესის თაობაზე წერილობით აცნობოს უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელიც ამ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოაქვეყნებს;
გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრს ეკრძალება ნებისმიერი საჩუქრის მიღება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე. საჩუქრის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით;
დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებულია მიღებიდან 1 თვის ვადაში განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იმ საჩუქრის საჩუქრების რეესტრში დეკლარირება, რომლის საბაზრო ღირებულება 300 ლარს აღემატება. საჩუქრების რეესტრში უნდა მიეთითოს: საჩუქრის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის სახელი და გვარი, მჩუქებლის სახელი და გვარი (იურიდიული პირის შემთხვევაში − იურიდიული პირის სახელწოდება), საჩუქრის მიღების თარიღი, საჩუქრის აღწერა და საბაზრო ღირებულება. საჩუქრების რეესტრი საჯაროა. მას აწარმოებს ეთიკის საბჭოს სამდივნო;
ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსის სამეწარმეო საქმიანობასთან ან საჯარო სამსახურში რაიმე თანამდებობასთან შეთავსება დაუშვებელია. აღნიშნული შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს საკანონმდებლო აქტებით;
ვ) „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება არა აქვს, თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში განახორციელოს ლობისტური საქმიანობა;
ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული ლობისტისგან არ უნდა მიიღოს საჩუქარი/ჯილდო;
თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ ლობისტთან გამართული საქმიანი შეხვედრის გამჭვირვალობის მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი უზრუნველყოფს ამ შეხვედრის გამართვის თაობაზე ინფორმაციის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებას;
ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა არ უნდა დადოს ისეთი გარიგება, რომელიც მას უმაღლესი საბჭოს წევრის საქმიანობის განხორციელების პროცესში დამოუკიდებლობას უზღუდავს;
კ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებულია „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით შეავსოს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია;
ლ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში;
მ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა ადმინისტრაციული რესურსი პირადი ინტერესებისთვის (მათ შორის, კონკრეტული ჯგუფის ან პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ) არ უნდა გამოიყენოს;
ნ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა თანამშრომლებთან ურთიერთობისას არ უნდა მოახდინოს მათი დისკრიმინაცია/გამორჩევა რასის, სქესის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის ან სხვა ნიშნით; უმაღლესი საბჭოს წევრმა უმაღლესი საბჭოს თანამშრომელს არ უნდა დაავალოს ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც მისი სამუშაოს აღწერილობით გათვალისწინებული არ არის;
ო) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრისთვის დაუშვებელია სხვისი ღირსების შემლახველი, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლა, მიმართვა, მოქმედება და სიძულვილის ენის სხვაგვარი გამოყენება;
პ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებულია ხელმისაწვდომი გახადოს სამსახურებრივი საკონტაქტო ინფორმაცია;
ჟ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა არასამსახურებრივი მიზნით არ უნდა გამოიყენოს სამსახურებრივი საიდუმლოების შემცველი ან სხვა კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა საჯარო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში.
მუხლი 4🔗. ეთიკის ნორმების დარღვევის შემთხვევების მონიტორინგი და ეთიკის ნორმების აღსრულება
1. ეთიკის ნორმების მე-3 მუხლის „გ“, „ე“, „ვ“, „კ“−„მ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქცევის წესების დარღვევის შემთხვევები რეგულირდება საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით.
2. ეთიკის ნორმების მე-3 მუხლის „ა“, „ბ“, „დ“, „ზ“−„ი“ და „ნ“−„პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქცევის წესების დარღვევის შემთხვევებს შეისწავლის და მონიტორინგს უწევს ეთიკის საბჭო.
3. ეთიკის საბჭოს შექმნისა და შემადგენლობის განსაზღვრის წესი დგინდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით.
4. ეთიკის საბჭო თავისი ინიციატივით ან საჩივრის საფუძველზე განიხილავს ეთიკის ნორმების სავარაუდო დარღვევის ფაქტს.
5. ეთიკის საბჭოს ჰყავს თავმჯდომარე. ეთიკის საბჭოს თავმჯდომარეს ირჩევს ეთიკის საბჭო. ეთიკის საბჭოს თავმჯდომარის არჩევის წესი, აგრეთვე მისი უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ეთიკის საბჭოს დებულებით.
6. ეთიკის საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს შემადგენლობის უმრავლესობა. ეთიკის საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
7. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა ან პირმა, რომელსაც მიაჩნია, რომ მის მიმართ დაირღვა ეთიკის ნორმები, შეიძლება წარადგინოს საჩივარი ეთიკის ნორმების დარღვევის თაობაზე, რისთვისაც მან უნდა შეავსოს საჩივრის სპეციალური ფორმა.
8. თუ ეთიკის ნორმების სავარაუდო დარღვევა ეთიკის საბჭოს წევრმა ჩაიდინა, საბჭო შესაბამის საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ამ წევრის მონაწილეობის გარეშე. ამ შემთხვევაში აღნიშნული წევრის დამნიშვნელ ფრაქციას უფლება აქვს, იგი დროებით, საკითხის გადაწყვეტამდე, ფრაქციის სხვა წევრით შეცვალოს.
9. საჩივრის სპეციალური ფორმის შევსება და საჩივრის წარდგენა შესაძლებელია როგორც წერილობით, ისე ელექტრონულად.
10. საჩივრის რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ეთიკის საბჭოს თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დასაშვებობის თაობაზე. საჩივარი დასაშვები არ არის, თუ საჩივარში მითითებული საკითხი სცილდება ეთიკის საბჭოს ეთიკის ნორმებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, საჩივარი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-7 და მე-11 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს ან/და აღნიშნულ საკითხზე ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილება მიღებული აქვს. საჩივრის დასაშვებობის თაობაზე გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება მომჩივანს.
11. საჩივარი შეიძლება წარდგენილ იქნეს ეთიკის ნორმების სავარაუდო დარღვევის ფაქტის დადგომიდან/გამოვლენიდან არაუგვიანეს 1 თვისა.
12. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის წინააღმდეგ საჩივრის წარდგენის შემთხვევაში მას დაუყოვნებლივ წერილობით ეცნობება აღნიშნული საჩივრის თაობაზე და ეძლევა საჩივრის დასაშვებად მიჩნევიდან 10 სამუშაო დღე საჩივარზე საპასუხოდ. ეს ვადა შეიძლება არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე 5 სამუშაო დღით გაგრძელდეს.
13. თუ არსებობს დასაბუთებული საჩივარი და საკითხი სცილდება ეთიკის საბჭოს კომპეტენციას, საბჭოს თავმჯდომარე ვალდებულია საკითხი საბჭოს სხდომაზე წარადგინოს. ეთიკის საბჭო უფლებამოსილია იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე და მიიღოს გადაწყვეტილება საჩივრის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოსთვის გადაგზავნის შესახებ. ეთიკის საბჭო ამ გადაწყვეტილების შესახებ აცნობებს უმაღლესი საბჭოს წევრს და მომჩივანს.
14. ეთიკის საბჭო საჩივარს საჩივარზე საპასუხოდ განსაზღვრული ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში განიხილავს.
15. საჩივრის განხილვის პროცესში ეთიკის საბჭო უფლებამოსილია მოიძიოს შესაბამისი მტკიცებულებები და გამოითხოვოს საკითხის გადაწყვეტისთვის საჭირო სხვა ინფორმაცია.
16. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი თანამშრომლობს ეთიკის საბჭოსთან.
17. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა ეთიკის ნორმების დარღვევის თაობაზე საჩივრის განხილვის პროცესში უნდა დაიცვას კონფიდენციალურობის დაცვისათვის დადგენილი ნორმა და არ უნდა გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც სათანადო წესით არ დადასტურებულა და ჯერ კიდევ არ გამხდარა საჯარო.
18. ეთიკის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება უმაღლესი საბჭოს იმ წევრის სახელი და გვარი, რომელმაც დაარღვია ეთიკის ნორმები, აგრეთვე დარღვევის მოკლე აღწერა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ ეთიკის ნორმებით გათვალისწინებული ქცევის წესის დარღვევის შემთხვევაში ეთიკის საბჭო უფლებამოსილია მას სარეკომენდაციო ბარათით მიმართოს.
19. თუ ეთიკის საბჭო დაადგენს, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრს ეთიკის ნორმები არ დაურღვევია, მისი სახელი და გვარი, აგრეთვე შემთხვევის მოკლე აღწერა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება მხოლოდ უმაღლესი საბჭოს აღნიშნული წევრის თანხმობის შემთხვევაში, ხოლო მომჩივანს ეცნობება საბჭოს გადაწყვეტილების თაობაზე.
20. ეთიკის საბჭო ამზადებს საბჭოს საქმიანობის წლიურ ანგარიშს, რომელიც ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.
21. საჩივრის განხილვის პროცესი კონფიდენციალურია, ხოლო ეთიკის საბჭოს სხდომა − დახურული. ორივე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში ეთიკის საბჭო უფლებამოსილია გამართოს საჯარო სხდომა. საჯარო სხდომის გამართვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ეთიკის საბჭო.
22. ეთიკის საბჭოს წევრი, საბჭოს სამდივნოს თანამშრომელი, ვალდებულია დაიცვას სამსახურებრივი საიდუმლოების შემცველი ან სხვა კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა საჩივრის განხილვის პროცესში.
მუხლი 5🔗. ეთიკის ნორმების აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის გაცნობა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის ეთიკის ნორმების გაცნობას უზრუნველყოფს წერილობითი ფორმით, რასაც უმაღლესი საბჭოს წევრი ხელმოწერით ადასტურებს.
მუხლი 6🔗. გარდამავალი დებულება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში უნდა მიიღოს ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ დადგენილება.