სს ,,აზოტის" გაკოტრების საქმეზე კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განჩინება
საქართველოს სახელით
2020 წლის 3 ივნისი
ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნატა თედეშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს „აზოტის“ გაკოტრების საქმეზე კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2020 წლის 10 თებერვალს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მომართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს გადახდისუუნარობის საქმისწარმოების სამსახურის ქეისმენეჯერმა სანდრო საგინაძემ კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის, სს „აზოტის“ მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით.
განცხადებაში მითითებულია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 06 ივნისის განჩინებით სს „აზოტის“ მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2012 წლის 31 იანვარს სს „აზოტის“ გაკოტრების საქმე გადაეცა აღსრულების ეროვნულ ბიუროს. 2019 წლის 01 ნოემბერს კრედიტორის ხმათა 50 პროცენტზე მეტ მფლობელ კრედიტორს – სსიპ – შემოსავლების სამსახურს №78997 განცხადებით მიემართა ბალანსზე რიცხული ავტომანქანების მოუძიებლობის გამო მოძიების გაგრძელების შეწყვეტის შესახებ. კრედიტორის – შემოსავლების სამსახურის ამა წლის 22 იანვრის №21-04/6153 მიმართვის საფუძვლიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოვალის ქონების გაგრძელების თაობაზე და განხორციელდა შემდეგი მოქმედებები: ა) საწარმოს მოუძიებელი ავტომობილების შესახებ დამატებითი ინფორმაციის გამოკვლევის მიზნით 2020 წლის 01 თებერვალს გაკოტრების მმართველის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ბალანსზე რიცხულ შემდეგ მოძრავ ქონებაზე: ნომრით EEZ732, მოდელი VAZ2107; ნომერი EAC 925, მოდელი: UAZ 33031 და ნომერი AOA486, მოდელი GAZ 31029. აღნიშნულ ავტომობილებზე რაიმე სახის სამართალდარღვევის ან საზღვის გადაკვეთის ფაქტი არ დგინდება; ბ) მოვალე ორგანიზაცია სს „აზოტი“ დღეის მდგომარეობით არ ფუნქციონირებს. საკუთრებაში არ გააჩნია რაიმე სახის უძრავი ქონება, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 28 იანვრის №25931 წერილით; გ) სს „აზოტი“ რეგისტრირებულია შპს „ფერაზო" კაპიტალში 10 პროცენტიანი წილის მესაკუთრედ. კუთვნილი წილის შეფასების მიზნით შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ შპს „ფერაზოს“ საკუთრებაში არ ერიცხება რაიმე სახის ქონება, ასევე მის მიმართ არ მიმდინარეობს რაიმე სახის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება. აღნიშნულ შპს-ს ბალანსზე რაიმე სახის ქონება არ გააჩნია, შესაბამისად აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის მიერ ვერ ხერხდება წილის შეფასება; დ) ამ დროისათვის საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულებიდან მიღებული ინფორმაციით, მოვალე საწარმო სს „აზოტს“ მიმდინარე ანგარიში გააჩნია მხოლოდ სს „თიბისი ბანკში“, შემდეგ ვალუტაში: 0,45 რუბლი, 43,95 აშშ დოლარი, 0,98 ევრო და 34,29 ლარი; ე) რაც შეეხება სს „აზოტის“ აქციებს დახურულ სააქციო საზოგადოების „ვ.ა.ო. აგროქიმექსპორტის“ საწესდებო კაპიტალში, აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის მიერ ვერ მოხდა მათი შეფასება. სს„აზოტის“ კუთვნილი 25 აქციის შეფასებისათვის საჭიროა სს „ვ.ა.ო. აგროქიმექსპორტის“ ქონების ინსპექტირება, რისი განხორციელებას შეუძლებელია, ვინაიდან საწარმო რეგისტრირებულია რუსეთის ფედერაციაში. გაკოტრების მმართველი მიუთითებს, რომ გაკოტრების მმართველის მიერ ამოწურულია ყველა ღონისძიება და საქმე ექვემდებარება შეწყვეტას.
მოცემულ საქმეზე კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნა 2020 წლის 19 თებერვალს, 12:00 საათზე. საოქმო განჩინებით, კრედიტორთა კრების ხანგრძლივობა გაგრძელდა არაუმეტეს 7 (შვიდი) სამუშაო დღით. 2020 წლის 28 თებერვლის კრედიტორთა კრება გაკოტრების მმართველის წარმომადგენლის სანდრო საგინაძის მოთხოვნით გადაიდო იმ საფუძვლით, რომ გაკოტრების მმართველი არ იცნობს დაგვიანებით წარმოდგენილ კრედიტორულ მოთხოვნებს და მის საფუძვლებს.
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილი საქმის მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ მოწვეული უნდა იქნას კრედიტორთა კრება შემდეგ გარემოებათა გამო: „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კრედიტორთა კრება იმართება გადახდისუუნარობის საქმის განმხილველ სასამართლოში. კრედიტორთა კრებას ამზადებს და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს მეურვე თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, ხოლო გაკოტრების ან რეაბილიტაციის პერიოდში – გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველი. კრედიტორთა კრებას უძღვება მოსამართლე. ამავე ნორმის მეოთხე პუნქტის შესაბამისად, კრედიტორთა კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ან მასზე წარმოდგენილია კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 51%.
მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, რომლის დღის წესრიგიც განისაზღვრება შემდეგი საკითხებით: ა) დაგვიანებით გაცხადებული მოთხოვნების შემოწმება, ბ) გაკოტრების მმართველის ანგარიშის მოსმენა; გ) სს „აზოტის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება, მოვალე საწარმოს რეგისტრაციის გაუქმება.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, რომელიც ქვეყნდება ელექტრონულ სისტემაში.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, 27-ე, 42-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მოცემულ საქმეზე კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2020 წლის 11 ივნისს 12:00 საათზე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობაში: ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6. დღის წესრიგად განისაზღვროს: ა) დაგვიანებით გაცხადებული მოთხოვნების შემოწმება, ბ) გაკოტრების მმართველის ანგარიშის მოსმენა; გ) სს „აზოტის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება, მოვალე საწარმოს რეგისტრაციის გაუქმება.
2. განჩინების ასლი დაუყონებლივ გადაეცეს სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელმაც სხდომის დღის თარიღის და ადგილის შესახებ უშუალოდ შეატყობინოს მოვალეს და დღეისათვის ცნობილ ყველა კრედიტორს.
3. განჩინება გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში.
4. განჩინების მხოლოდ შესავალი და სარეზოლუციო ნაწილები გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. განჩინების გამოქვეყნების უზრუნველყოფა განხორციელდეს გაკოტრების მმართველის მიერ.
მოსამართლე ნატა თედეშვილი