ნივთიერი მტკიცებულების სასწავლო/საწვრთნელი ან სამეცნიერო-კვლევითი მიზნით გადაცემის, შენახვის, გამოყენებისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 12.06.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №362
სარეგისტრაციო კოდი 090000000.10.003.022076
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/06/2020
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.06.2020 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია | პრემიერ - მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და მისი ანალოგის შენახვისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ №11 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ მემანქანის სერტიფიცირებისა და მემანქანის მართვის უფლების შესახებ ნორმების დარღვევის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით გეგმური და არაგეგმური ინსპექტირების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ №10 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ნივთიერი მტკიცებულების სასწავლო/საწვრთნელი ან სამეცნიერო-კვლევითი მიზნით გადაცემის, შენახვის, გამოყენებისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №362
2020 წლის 12 ივნისი
ქ. თბილისი
ნივთიერი მტკიცებულების სასწავლო/საწვრთნელი ან სამეცნიერო-კვლევითი მიზნით გადაცემის, შენახვის, გამოყენებისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ2“ ქვეპუნქტისა და „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს ნივთიერი მტკიცებულების სასწავლო/საწვრთნელი ან სამეცნიერო-კვლევითი მიზნით გადაცემის, შენახვის, გამოყენებისა და განადგურების თანდართული წესი.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია
ნივთიერი მტკიცებულების სასწავლო/საწვრთნელი ან სამეცნიერო-კვლევითი მიზნით გადაცემის, შენახვის, გამოყენებისა და განადგურების წესი
მუხლი 1🔗. მოქმედების სფერო
ნივთიერი მტკიცებულების სასწავლო/საწვრთნელი ან სამეცნიერო-კვლევითი მიზნით გადაცემის, შენახვის, გამოყენებისა და განადგურების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნივთიერი მტკიცებულებების (შემდგომში – ნივთიერი მტკიცებულება) სასწავლო/საწვრთნელი ან სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ადმინისტრაციული ორგანოსათვის გადაცემის, შენახვის, გამოყენებისა და განადგურების წესს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ადმინისტრაციული ორგანო − საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ორგანო;
ბ) ფსიქოაქტიური ნივთიერება − ნარკოტიკული საშუალება, მისი ანალოგი, პრეკურსორი, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, ფსიქოტროპული ნივთიერება ან მისი ანალოგი.
მუხლი 3🔗. ნივთიერი მტკიცებულება, რომლის ადმინისტრაციული ორგანოსათვის გადაცემაც დასაშვებია
1. ადმინისტრაციულ ორგანოს შესაძლებელია, გადაეცეს შემდეგი ნივთიერი მტკიცებულებები:
ა) დანაშაულის იარაღი ან საგანი;
ბ) ბრუნვიდან ამოღებული ნივთი;
გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არ აქვს.
2. ნივთიერი მტკიცებულება ადმინისტრაციულ ორგანოს ამ წესის შესაბამისად შეიძლება, გადაეცეს მხოლოდ სასწავლო/საწვრთნელი ან/და სამეცნიერო-კვლევითი მიზნით.
3. ნივთიერი მტკიცებულება ადმინისტრაციულ ორგანოს გადაეცემა უვადოდ, გარდა ფსიქოაქტიური ნივთიერებისა. ფსიქოაქტიური ნივთიერების ადმინისტრაციული ორგანოსთვის გადაცემა დასაშვებია მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებული კონკრეტული ვადით.
4. სასწავლო/საწვრთნელი, სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ფსიქოაქტიური ნივთიერების გადაცემის მოთხოვნის უფლება აქვს შესაბამისი ლიცენზიის/უფლებამოსილების მქონე სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო საქმიანობის განმახორციელებელ ადმინისტრაციულ ორგანოს, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს (შემდგომში – ადმინისტრაციული ორგანო).
5. ადმინისტრაციულ ორგანოს ნივთიერი მტკიცებულება გადაეცემა შესაბამისი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.
მუხლი 4🔗. ნივთიერი მტკიცებულების გადაცემის მიზნით დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნით მიმართვა
1. დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანო ნივთიერი მტკიცებულების მისთვის გადაცემის მიზნით პროკურორს მიმართავს დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნით (შემდგომში – მოთხოვნა). მოთხოვნაში უნდა მიეთითოს ინფორმაცია ნივთიერი მტკიცებულების გამოყენების მიზნისა და საჭიროების შესახებ, ხოლო ფსიქოაქტიური ნივთიერების გადაცემის მოთხოვნის შემთხვევაში, ასევე უნდა მიეთითოს:
ა) ფსიქოაქტიური ნივთიერების გამოყენების კონკრეტული ვადა;
ბ) ფსიქოაქტიური ნივთიერების (სავარაუდო) რაოდენობა;
გ) ფსიქოაქტიური ნივთიერების შენახვის ადგილი;
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული დასკვნა იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში, სადაც უნდა განხორციელდეს ფსიქოაქტიური საშუალების სასწავლო/საწვრთნელი ან/და სამეცნიერო-კვლევითი მიზნებით გამოყენება/შენახვა, დაცულია მათი შენახვის ამ წესით დადგენილი ნორმები;
ე) ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენებაზე უფლებამოსილი პირის(ების) გამოყოფის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელის მიერ გამოცემული დოკუმენტის ასლი;
ვ) ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენებაზე უფლებამოსილ პირზე(ებზე), შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I, II და III სიაში შეტანილი ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულების ნიშნებისა და ამ ნივთიერებათა ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების ფაქტის არარსებობა.
2. პროკურორი უფლებამოსილია, მოითხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა სხვა დამატებითი დოკუმენტაცია.
3. მოთხოვნის განხილვის შემდეგ პროკურორი უფლებამოსილია, საქმის სასამართლო განხილვის ეტაპზე მიმართოს გადაწყვეტილების მიმღებ პირველი ინსტანციის სასამართლოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის იარაღის/საგნის, ბრუნვიდან ამოღებული ნივთის ან სხვა ნივთის ადმინისტრაციული ორგანოსათვის სასწავლო/საწვრთნელი ან/და სამეცნიერო-კვლევითი მიზნით გადაცემის თაობაზე, ან წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას.
მუხლი 5🔗. ნივთიერი მტკიცებულების გადაცემის თაობაზე მოთხოვნის განხილვა
1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, პროკურორის მიმართვის საფუძველზე გადაწყვეტილებას ნივთიერი მტკიცებულების ადმინისტრაციული ორგანოსთვის გადაცემის თაობაზე იღებს მოსამართლე, განაჩენის დადგენისას ნივთიერ მტკიცებულებათა ბედის გადაწყვეტისას.
2. სასამართლოს გადაწყვეტილება ნივთიერი მტკიცებულების ადმინისტრაციული ორგანოსთვის გადაცემის თაობაზე მიეთითება სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ განაჩენში.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისას, მოთხოვნის საფუძველზე გადაწყვეტილებას დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანოსთვის ნივთიერი მტკიცებულების გადაცემის შესახებ იღებს პროკურორი. აღნიშნული გადაწყვეტილება მიეთითება სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში.
4. ფსიქოაქტიური ნივთიერების ადმინისტრაციული ორგანოსთვის გადაცემის შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ასევე მიეთითება ნივთიერი მტკიცებულების გადაცემის კონკრეტული ვადა.
მუხლი 6🔗. ნივთიერი მტკიცებულების ადმინისტრაციული ორგანოსათვის გადაცემის ზოგადი წესი
1. ადმინისტრაციული ორგანო მისთვის გადაცემული ნივთიერი მტკიცებულების მიღება-ჩაბარების, შემოწმების/დათვალიერების, აღრიცხვის, აგრეთვე მისი მიზნობრივი გამოყენებისა და დაცვისათვის შესაბამისი რეგულაციების შემუშავებასა და სათანადო ღონისძიებების გატარების მიზნით ქმნის კომისიას.
2. ადმინისტრაციული ორგანოსათვის ნივთიერი მტკიცებულების გადაცემისას ხდება ნივთიერი მტკიცებულების დათვალიერება, რაზეც დგება აქტი, რომელშიც აღიწერება ნივთიერი მტკიცებულების რაოდენობა და მისი მახასიათებლები, აგრეთვე დგება ნივთიერი მტკიცებულების მიღება-ჩაბარების აქტი. აღნიშნული აქტები, აგრეთვე ნივთიერი მტკიცებულების თანმდევი (არსებობის შემთხვევაში) დოკუმენტები ინახება ადმინისტრაციულ ორგანოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 7🔗. ადმინისტრაციული ორგანოსათვის გადაცემული ნივთიერი მტკიცებულების შენახვა და განადგურება
1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, განსაზღვროს მისთვის გადაცემული ნივთიერი მტკიცებულების შენახვაზე პასუხისმგებელი პირი, აგრეთვე დაიცვას მისთვის გადაცემული ნივთიერი მტკიცებულების შენახვის, გამოყენებისა და განადგურებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი.
2. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა მიიღოს ყველა ზომა, რათა ხელი შეუშალოს დანაშაულის იარაღის ან/და ბრუნვიდან ამოღებული ნივთის უკანონო ბრუნვაში მოქცევას. აღნიშნული მიზნით, ადმინისტრაციულმა ორგანომ შესაძლებელია, ნივთზე დაიტანოს აღნიშვნა – „სასწავლო მიზნებისათვის“, „ნიმუში“, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ნივთიერი მტკიცებულების სასწავლო/საწვრთნელი ან სამეცნიერო-კვლევითი მიზნით გამოყენების ინტერესებს.
3. წესის შესაბამისად გადაცემული ნივთიერი მტკიცებულების (გარდა ფსიქოაქტიური ნივთიერებისა) დაზიანების, განადგურების, გახარჯვის ან გამოყენების წესით გათვალისწინებული მიზნის ამოწურვის შემთხვევაში, განადგურება/ჩამოწერა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 8🔗. ფსიქოაქტიური ნივთიერების სამინისტროდან გაცემის წესი
1. სამინისტროს სპეციალური საცავიდან ფსიქოაქტიური ნივთიერების გაცემის საფუძველია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენი, განჩინება ან დადგენილება, რომელშიც მითითებულია ფსიქოაქტიური ნივთიერების ადმინისტრაციული ორგანოსთვის გადაცემის საკითხი.
2. სამინისტროში ფსიქოაქტიური ნივთიერების ადმინისტრაციული ორგანოსთვის გადაცემას, მის აღრიცხვას, დაბრუნებას ან/და განადგურებას უზრუნველყოფს სამინისტროში შექმნილი კომისია.
3. ფსიქოაქტიური ნივთიერება ადმინისტრაციულ ორგანოს გადაეცემა შეფუთული და დალუქული სახით, რომელსაც თან ახლავს ნივთიერების რაობის, მისი თვისებებისა და რაოდენობის განმსაზღვრელი დოკუმენტი.
4. ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი ფსიქოაქტიური ნივთიერების შენახვის, აღრიცხვის, გაცემის, დაბრუნების ან/და განადგურების დეტალური წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 9🔗. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებები ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენებისას
1. ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღებისას ადმინისტრაციულ ორგანოში შექმნილი კომისია ამოწმებს ფსიქოაქტიური ნივთიერების ფაქტობრივი რაოდენობის შესაბამისობას თანმხლებ დოკუმენტაციასთან.
2. ადმინისტრაციულ ორგანოში ფსიქოაქტიური ნივთიერებები ინახება ოთახში განთავსებულ რკინის კარადაში. ოთახი უნდა იკეტებოდეს და აღჭურვილი უნდა იყოს დამცავი სიგნალიზაციით. ოთახის შესასვლელსა და ოთახის შიდა სივრცეში უნდა იყოს ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა დამონტაჟებული, რომელიც უზრუნველყოფს შემსვლელი და გამსვლელი პირის დაფიქსირებას. ოთახისა და კარადის გახსნის უფლება აქვს ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელის მიერ გამოყოფილ უფლებამოსილ პირს.
3. ადმინისტრაციული ორგანოსათვის გადაცემული ნივთიერი მტკიცებულების შენახვაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ფსიქოაქტიური ნივთიერებების უშუალოდ სამუშაოს შემსრულებელ პირზე გადაცემა ხდება მოთხოვნის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს საჭირო ნივთიერების დასახელება და რაოდენობა. მოთხოვნას ხელს აწერენ ნივთიერი მტკიცებულების შენახვაზე პასუხისმგებელი პირი, ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი, პირი, რომელიც უშუალოდ ატარებს სამუშაოს და მისი უშუალო ხელმძღვანელი (არსებობის შემთხვევაში).
4. სასწავლო/საწვრთნელი ან/და სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ფსიქოაქტიური ნივთიერების გამომყენებელი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია:
ა) დაიცვას კანონმდებლობით დადგენილი ფსიქოაქტიური ნივთიერების ბრუნვის მოთხოვნები, რომელთა დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) გადაცემული ფსიქოაქტიური ნივთიერებების გადაადგილება განახორციელოს სამინისტროსთან შეთანხმებით და სამინისტროს სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანხლებით;
გ) აწარმოოს ფსიქოაქტიური საშუალების გამოყენების პროცესის აღწერის ჟურნალი, რომელიც უნდა შეივსოს ელექტრონულად, მონაცემები აისახოს ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზაში, სათანადო პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით, რომელზე წვდომა ექნება(თ) სამინისტროს უფლებამოსილ პირ(ებ)ს.
5. სამინისტრო უფლებამოსილია, ადგილზე მისვლით განახორციელოს ადმინისტრაციული ორგანოს შემოწმება ფსიქოაქტიური ნივთიერების ამ წესის შესაბამისად გამოყენების/შენახვის დადგენის მიზნით.
მუხლი 10🔗. ფსიქოაქტიური ნივთიერების დაბრუნება
1. ადმინისტრაციულმა ორგანომ სასწავლო-საწვრთნელი ან სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ფსიქოაქტიური საშუალების გაუვარგისების, დაზიანების, შესაბამისი ვადის გასვლის ან კვლევის მიზნებისათვის გამოუყენებლობის შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს მისი განადგურების მიზნით სამინისტროსთვის გადაცემა.
2. სამინისტროში ფსიქოაქტიური ნივთიერება ბრუნდება შეფუთული და დალუქული სახით, რომელსაც დაბრუნებისას თან უნდა ახლდეს წერილი, სადაც მითითებული იქნება დაბრუნებული ნივთიერი მტკიცებულების წონა და სხვა მახასიათებლები, ასევე მისი გახარჯვის შესახებ დეტალური ინფორმაცია. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაბრუნებულ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას თან უნდა ახლდეს შესაბამისი საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული დასკვნა ფსიქოაქტიური ნივთიერების შემცველი ნარევის საერთო წონის, ფსიქოაქტიური ნივთიერებისა და მასში არსებული მინარევების თვისობრივი ანალიზისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების რაოდენობრივი ანალიზის შესახებ. საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული დასკვნა საჭირო არ არის, თუ ფსიქოაქტიური ნივთიერება დაბრუნდება აღნიშნული ნივთიერების გაცემის დროს არსებული შეფუთვითა და დალუქვით.
მუხლი 11🔗. იარაღის, საბრძოლო მასალისა და ბრუნვიდან ამოღებული სხვა ნივთიერი მტკიცებულების გადაცემა
1. იარაღის, საბრძოლო მასალისა და ბრუნვიდან ამოღებული სხვა ნივთიერი მტკიცებულების ამ წესით გათვალისწინებული მიზნით გადაცემისას დაცული უნდა იყოს დასახელებული ნივთების გადაცემისათვის, შენახვისა და განადგურებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი.
2. ადმინისტრაციულმა ორგანომ ამ მუხლით გათვალისწინებული ნივთიერი მტკიცებულების სასწავლო/საწვრთნელი ან/და სამეცნიერო-კვლევითი მიზნით გამოყენებისას უნდა დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების ნორმები.
3. იარაღისა და საბრძოლო მასალის ბრუნვის წესების დარღვევა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
მუხლი 12🔗. სამართლებრივი აქტების გამოცემა
ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მიზნით, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოები უფლებამოსილნი არიან, კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცენ კანონქვემდებარე ნორმატიული, აგრეთვე სხვა სამართლებრივი აქტები.