საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის და სს სელედის წარმომადგენლის განცხადება სს ,,აზოტის" დაგვიანებით გაცხადებულ მოთხოვნათა რეესტრში შეტანის შესახებ არ დაკმაყოფილდეს

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-72-09
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/06/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

                 
                
საქმე №2-72-09 

განჩინება

საქართველოს სახელით

2020 წლის 11 ივნისი

ქ. რუსთავი 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე  ნატა თედეშვილი

სხდომის მდივანი ნათია ქავთარაძე

განმცხადებელი: მოვალე – სს „აზოტი“

საიდენტიფიკაციო კოდი   216316029

გაკოტრების მმართველი  სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი  სანდრო საგინაძე

მოთხოვნა  გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება

სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე განიხილა გაკოტრების მმართველის ანაზღაურებისა და დაგვიანებით გაცხადებულ მოთხოვნათა შემოწმების საკითხი და

გამოარკვია

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 06 ივნისის განჩინებით სს „აზოტის“ მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება (ტომი I, ს. ფ. 65-69).

2005 წლის 25-26 ივლისს ჩატარებული იქნა სს „აზოტის“ კრედიტორთა მოთხოვნების შესამოწმებელი კრება, რომელზეც შემოწმებულ იქნა ვადაში წარდგენილი მოთხოვნები  (ტომი II, ს. ფ.  86-88).

2005 წლის 25-26 ივლისის განჩინებით განხილულ იქნა 28 კრედიტორის განცხადება კრედიტორად აღიარების შესახებ, საიდანაც აღიარებულ იქნა 19 კრედიტორული მოთხოვნა, რომელთა ჯამი ლარში შეადგენს 100 520 264,69 ლარს. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 31 აგვისტოს განჩინებით  სს „აზოტის“ კრედიტორთა კომიტეტის კრების 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა სამეურნეო მასის რეალიზაცია და ამოღებული თანხით 34  295 000 ლარი შემდგომი განკარგვის მიზნით გაკოტრების მმართველის განცხადებით თანხის განაწილების შესახებ დაკმაყოფილდა და  მოხდა საქმის გახსნამდე არსებული საგადასახადო დავალიანების დაფარვა.

2008 წლის 25 ნოემბრის განჩინების საფუძველზე აღიარებულ იქნა 7 კრედიტორი, რომელთა ჯამური მოთხოვნა შეადგენს 1 239 820.21 ლარს. კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრის თანახმად, აზოტის მიმართ წარმოდგენილ იქნა 26 კრედიტორული მოთხოვნა და მათი საერთო თანხა შეადგენს 101 757 084,49 ლარს. აზოტის გაკოტრების მმართველის მალხაზ ალბორაშვილის 2012 წლის 31 იანვრის განცხადებით ირკვევა, რომ სასამართლოს 2005 წლის 31  აგვისტოს განჩინების საფუძველზე განხორციელდა გაკოტრების მასის რეალიზაციიდან მიღებული ფულადი სახსრების წინასაწარი განაწილება.

2009 წლის 21 იანვარს რუსთავის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა  საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ სს „აზოტის“ დაგვიანებით წარდგენილ კრედიტორთა რეესტრში 135 000 ლარის ოდენობით შეტანის შესახებ.

2005 წლის 02 სექტემბერს და 2009 წლის 9 სექტემბერს რუსთავის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა სს „სელედის“ წარმომადგენელმა  საზოგადოების სს „აზოტის“ კრედიტორთა მოთხოვნის რეესტრში შეყვანის მოთხოვნით.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 03 ივნისის განჩინებით მოწვეულ იქნა სს „აზოტის“ კრედიტორთა კრება, რომლის ერთ-ერთ დღის წესრიგს წარმოადგენს დაგვიანებით გაცხადებული მოთხოვნების შემოწმება.

გაკოტრების მმართველი და კრების მონაწილე პირთა წარმომადგენლები ნაწილობრივ დაეთანხმნენ შუამდგომლობას.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 თებერვალს წარმოდგენილი გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშით მოთხოვნილ იქნა გაკოტრების მმართველის ანაზღაურება 5 000 ლარის ოდენობით.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, გაკოტრების მმართველად აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის შემთხვევაში გაკოტრების მმართველის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს  მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან, ხოლო მე-40 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, პირველ რიგში დაკმაყოფილდება – საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 31 აგვისტოს განჩინებით, სს „აზოტის“ გაკოტრების მმართველს მიეცა გაკოტრების სასამართლოს თანხმობა, რათა გაკოტრების მასის რეალიზაციიდან მიღებული ამონაგენის ნაწილით დაფაროს „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ, საქმის წარმოების გახსნამდე არსებული საგადასახადო დავალიანება. დაევალა სს „აზოტის“ გაკოტრების მმართველს „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 271 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, განესაზღვრა წინასწარი განაწილებისათვის გადასახდელი პროცენტული განაკვეთი მოთხოვნების მოცულობის პროპორციულობის გათვალიწინებით, კრედიტორთა კომიტეტის თანხმობით. გაკოტრების მმართველს ასევე დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 31 აგვისტოს განჩინებით, სს „აზოტის“ გაკოტრების მმართველის ზურაბ იაშვილის განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ,აზოტის“ გაკოტრების მმართველს ზურაბ იაშვილს განესაზღვრა  გასამრჯელო სასამართლოს მიერ დამტკიცებულ საბოლოო ანგარიშიდან გაკოტრების მასის ღირებულების 0,12%-ის ოდენობით (ტომი 5ა, 59-60, 61).

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 31 აგვისტოს განჩინებით, სს „აზოტის“ გაკოტრების მმართველს მიეცა გაკოტრების სასამართლოს თანხმობა გასამრჯელოს ანაზღაურების თაობაზე და აღნიშნული გაცემულია გაკოტრების მასიდან, სასამართლო მიიჩნევს, რომ გაკოტრების მმართველის ხელფასის მეორედ გაცემა ეწინააღმდეგება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანს მოვალისა და კრედიტორების ინტერესების თანაბარზომიერ დაცვისა და მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრის შესახებ. აგრეთვე ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკამყოფილებას.

რაც შეეხება შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ წარმომადგენლის მოთხოვნას სს „აზოტის“ მიმართ დაგვიანებით წარდგენილ კრედიტორთა რეესტრში 135 000 ლარის და ის წარმომადგენლის მოთხოვნას 16 726 877 დოლარის შეტანის შესახებ, სასამართლო განმარტავს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლს, რომლითაც კანონით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარდგენილი მოთხოვნის აღიარების ან უარყოფის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო მხარეთა მოსმენის შედეგად და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. დაგვიანებით წარდგენილი მოთხოვნის მფლობელი პირის მოთხოვნა მისი აღიარების შემთხვევაში დაკმაყოფილდება ამ კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რიგითობით და იმ პროპორციულობით, როგორითაც დაკმაყოფილდა შესატყვისი რიგის სხვა კრედიტორთა მოთხოვნები.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ წარმომადგენელი მოთხოვნის აღიარების საფუძვლად მიუთითებს 2005 წლის 28 იანვრის და 01 თებერვლის საგადასახადო დავალებებს. შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟო „აღმოსავლეთის“ უფროსის მოადგილის 2007 წლის 16 ივლისის №4-2163 წერილის შინაარსიდან გამომდინარე (ტომი 7ა, ს. ფ. 118) დგინდება, რომ განმცხადებელი თანხის დაკისრებას მოითხოვს იმის გამო, რომ სს „აზოტის“ მიერ გადახდილი თანხების ჩარიცხვა არ იქნა ჩათვლილი შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“  საკმარისი საიდენტიფიკაციო ნიშნების მიუთითებლობის გამო. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ქვითრების შინაარსით დგინდება, რომ სს „აზოტს“ დროის სხვადასხვა მონაკვეთში შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“  სასარგებლოდ გადახდილი აქვს 85 000, 40 000 და 10 000 ლარი. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა. რაც შეეხება „სელედის“ წარმომადგენლის 2005 წლის 02 სექტემბერს (ტომი 51, ს. ფ. 79-80) და 2009 წლის 09 სექტემბერს (ტომი 7ა, ს. ფ. 137) წარმოდგენილ მოთხოვნას კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრში 16 726 877 დოლარის ოდენობით შეტანის შესახებ, სასამართლო აღნიშნულს მიიჩნევს დაგვიანებით გაცხადებულად, ვინაიდან, განცხადებას ახლავს „სელედის“ და გაკოტრების მმართველს შორის 2005 წლის 30 აგვისტოს გაფორმებული მორიგების აქტი.

სასამართლო „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლზე მითითებით განმარტავს, რომ სელედის წარმომადგენლის მხრიდან არ წარმოდგენილა იმ ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სს „აზოტს“ ამ უკანასკნელის მიმართ გააჩნია დასახელებული ოდენობის დავალიანება. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 25-26 ივლისის განჩინებით, სწორედ დასახელებულ თანხით სადავო მოთხოვნათა რიგი განესაზღვრა სელედს და აღნიშნული გადაწყვეტილება ამ უკანასკნელის მიერ არ გასაჩივრებულა. გარდა ამისა მორიგების აქტში კონკრეტულად იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სს აზოტს“ სელედის მიმართ გააჩნია არ წარმოდგენილა. სს „აზოტის“ 2005 წლის 24 აგვისტოს №12/281 ცნობის შინაარსიდან გამომდინარე, კრედიტორული დავალიანება წარმოშობილია მოთხოვნათა დათმობის გზით, რომლის შინაარსიც ასევე გაურკვეველია.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7–9, 29-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე–285-ე მუხლებით

             

 

1. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის და სს „სელედის“ წარმომადგენლის განცხადება სს „აზოტის“ დაგვიანებით გაცხადებულ მოთხოვნათა რეესტრში შეტანის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების სამსახურის ქეის-მენეჯერი სანდრო საგინაძის მოთხოვნა გაკოტრების მმართველის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

3. განჩინება გამოქვეყნდეს ელექტრონულ სისტემაში, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, განთავსდეს საერთო სასამართლოების ვებგვერდზე;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, წერილობითი ფორმით იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეების მიერ, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირების მიერ, რომელთაც უშუალოდ ეხება ეს განჩინება, განჩინების ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრება კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. 

 

მოსამართლე                                                                                                    ნატა თედეშვილი.