გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2-72-09
განჩინება
საქართველოს სახელით
გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ
2020 წლის 11 ივნისი
ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე ნატა თედეშვილი
სხდომის მდივანი ნათია ქავთარაძე
განმცხადებელი: მოვალე – სს ,,აზოტი“
საიდენტიფიკაციო კოდი – 216316029,
გაკოტრების მმართველი – სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი – სანდრო საგინაძე,
მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება
სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე განიხილა გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხი
გამოარკვია:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 06 ივნისის განჩინებით სს ,,აზოტის" მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება. (ტომი I, ს. ფ. 65-69)
2005 წლის 25-26 ივლისს ჩატარებული იქნა სს ,,აზოტის" კრედიტორთა მოთხოვნების შესამოწმებელი კრება, რომელზეც შემოწმებული იქნა ვადაში წარდგენილი მოთხოვნები. (ტომი II, ს. ფ. 86-88)
სს ,,აზოტის" კრედიტორთა მოთხოვნების შესამოწმებელი კრების შედეგებით 2005 წლის 25-26 ივლისის მდგომარეობით ფინანსთა სამინისტრო (ბიუჯეტი) მოთხოვნა 43 561 733. 00 (სესხი) 8 822 007.00 ლარის ფარგლებში აღიარებულია. ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი 27 405 594.00 ლარი, კონცერნი „დვინი" (4.734.753,00$) 8 640 924.23 ლარი, საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტი 1 408 506.00 ლარი, ფირმა „მონტაჟტურბო" 941 787, 14 ლარი, შპს ,,მუშთარი" 155.72 ლარი, საქ. ელექტროსისტემა 242 466.32 ლარი, შპს „ვირტუოზი" 261 571.96 ლარი, ფირმა „აჭარა" 242 743. 25 ლარი, ფირმა „ფერაზო" 166 423.58 ლარი, „სემეკი" 133 815.00 ლარი, „აზოტმშენი" 69 398.02 ლარი, შპს „ფოლადკონსტრუქცია" 33 664.80 ლარი, კერძო პირი „გ. ნიბლაძე" 29 119.00 ლარი, სს „ქიმბოჭკო" 4 775.20 ლარი, ფირმა „ალსო"-ინგლისი 7 900 980.34 ლარი, ფირმა „ალსო"-საქართველო 82 553.88 ლარი, ფირმა „პოლისაქსი"-გერმანია 572 046.25 ლარი, სულ 100 520 264.69 ლარი.
სასამართლოს მიერ სხვადასხვა დროს შემოწმებული იქნა დაგვიანებით წარმოდგენილი მოთხოვნები და ასევე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის თარიღიდან მოვალის მიმართ წარმოქმნილი დავალიანებები.
2020 წლის 10 თებერვალს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მომართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს გადახდისუუნარობის საქმისწარმოების სამსახურის ქეის-მენეჯერმა სანდრო საგინაძემ კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის, სს ,,აზოტის" მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით.
განცხადებაში მითითებულია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 06 ივნისის განჩინებით სს ,,აზოტის" მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება. ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2012 წლის 31 იანვარს სს ,,აზოტის" გაკოტრების საქმე გადაეცა აღსრულების ეროვნულ ბიუროს. 2019 წლის 01 ნოემბერს კრედიტორის ხმათა 50 პროცენტზე მეტ მფლობელ კრედიტორს სსიპ შემოსავლების სამსახურს №78997 განცხადებით მიემართა ბალანსზე რიცხული ავტომანქანების მოუძიებლობის გამო მოძიების გაგრძელების შეწყვეტის შესახებ. კრედიტორის შემოსავლების სამსახურის ამა წლის 22 იანვრის №21-04/6153 მიმართვის საფუძვლიდან გამომდინარე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება მოვალის ქონების გაგრძელების თაობაზე და განხორციელდა შემდეგი მოქმედებები: ა) საწარმოს მოუძიებელი ავტომობილების შესახებ დამატებითი ინფორმაციის გამოკვლევის მიზნით 2020 წლის 01 თებერვლის გაკოტრების მმართველის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი იქნა ბალანსზე რიცხულ შემდეგ მოძრავ ქონებაზე ინფორმაცია: ნომრით EEZ732, მოდელი VAZ2107; ნომერი EAC 925, მოდელი: UAZ 33031 და ნომერი AOA486, მოდელი GAZ 31029. აღნიშნულ ავტომობილებზე რაიმე სახის სამართალდარღვევის ან საზღვის გადაკვეთის ფაქტი არ დგინდება. ბ) მოვალე ორგანიზაცია სს ,,აზოტი" დღეის მდგომარეობით არ ფუნქციონირებს. საკუთრებაში არ გააჩნია რაიმე სახის უძრავი ქონება, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 28 იანვრის №25931 წერილით. გ) სს ,,აზოტი" რეგისტრირებულია შპს ,,ფერაზო" კაპიტალში 10 პროცენტიანი წილის მესაკუთრედ. კუთვნილი წილის შეფასების მიზნით შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ შპს ,,ფერაზოს" საკუთრებაში არ ერიცხება რაიმე სახის ქონება, ასევე მის მიმართ არ მიმდინარეობს რაიმე სახის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება. აღნიშნულ შპს-ს ბალანსზე რაიმე სახის ქონება არ გააჩნია, შესაბამისად აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის მიერ ვერ ხერხდება წილის შეფასება. დ) ამ დროისათვის საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულებიდან მიღებული ინფორმაციით, მოვალე საწარმო სს ,,აზოტს" მიმდინარე ანგარიში გააჩნია მხოლოდ სს ,,თიბისი ბანკში", შემდეგ ვალუტაში: 0,45 რუბლი, 43,95 აშშ დოლარი, 0,98 ევრო და 34,29 ლარი. ე) რაც შეეხება სს ,,აზოტის" აქციებს დახურულ სააქციო საზოგადოების ,,ვ.ა.ო. აგროქიმექსპორტის" საწესდება კაპიტალში, აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის მიერ ვერ მოხდა მათი შეფასება. სს,,აზოტის" კუთვნილი 25 აქციის შეფასებისათვის საჭიროა ს.ს ,,ვ.ა.ო. აგროქიმექსპორტის" ქონების ინსპექტირება, რისი განხორციელებას შეუძლებელია, ვინაიდან საწარმო რეგისტრირებულია რუსეთის ფედერაციაში. გაკოტრების მმართველი მიუთითებს, რომ გაკოტრების მმართველის მიერ ამოწურულია ყველა ღონისძიება და საქმე ექვემდებარება შეწყვეტას.
2020 წლის 19 თებერვალს მოწვეული იქნა კრედიტორთა კრება, რომელზეც გაკოტრების მმართველის აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენილის მიერ წარმოდგენილი იქნა სს ,,აზოტის" გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაზე საბოლოო ანგარიში და მოითხოვა გაკოტრების საქმის დასრულება. კრედიტორთა კრება მოწვეული იქნა 2020 წლის 11 ივნისს სადაც გაკოტრების მმართველმა მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ მოთხოვნას სს ,,აზოტის" გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებასა და რეგისტრაციის გაუქმებას.
კრედიტორთა კრების მონაწილეების დაეთანხმნენ შუამდგომლობას.
დადგენილია, რომ სს ,,აზოტი" რეგისტრირებულია რუსთავის საქალაქო სასამართლოს 1996 წლის 30 აგვისტოს №9/5-25 დადგენილებით, იურიდიული მისამართი ქ. რუსთავი მშვიდობის ქუჩა №2. სამეწარმეო საქმიანობის სახეს წარმოადგენს ქიმიური მრეწველობა. სს ,,აზოტის" გაკოტრების საქმის წარმოება გაიხსნა 2005 წლის 06 ივნისს. 2005 წლის 25-26 ივლისის განჩინებით განხილულ იქნა 28 კრედიტორის განცხადება კრედიტორად აღიარების შესახებ, საიდანაც აღიარებული იქნა 19 კრედიტორული მოთხოვნა, რომელთა ჯამი ლარში შეადგენს 100 520 264,69 ლარს. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 31 აგვისტოს განჩინებით სს ,,აზოტის" კრედიტორთა კომიტეტის კრების 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა სამეურნეო მასის რეალიზაცია და ამოღებული თანხით 34 295 000 ლარი შემდგომი განკარგვის მიზნით გაკოტრების მმართველის განცხადებით თანხის განაწილების შესახებ დაკმაყოფილდა და მოხდა საქმის გახსნამდე არსებული საგადასახადო დავალიანების დაფარვა.
2008 წლის 25 ნოემბრის განჩინების საფუძველზე აღიარებულ იქნა 7 კრედიტორი, რომელთა ჯამური მოთხოვნა შეადგენს 1 239 820.21 ლარს. კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრის თანახმად, აზოტის მიმართ წარმოდგენილ იქნა 26 კრედიტორული მოთხოვნა და მათი საერთო თანხა შეადგენს 101 757 084,49 ლარს. აზოტის გაკოტრების მმართველის მალხაზ ალბორაშვილის 2012 წლის 31 იანვრის განცხადებით ირკვევა, რომ სასამართლოს 2005 წლის 31 აგვისტოს განჩინების საფუძველზე განხორციელდა გაკოტრების მასის რეალიზაციიდან მიღებული ფულადი სახსრების წინასაწარი განაწილება.
გაკოტრების მმართველის ანგარიშის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, 2019 წლის 01 ნოემბერს კრედიტორთა ხმათა 50%ზე მეტის მფლობელ კრედიტორს სსიპ შემოსავლების სამსახურს განცხადებით მიემართა ბალანსზე რიცხული ავტომანქანების მოუძიებლობის გამო, მოძიების გაგრძელების შეწყვეტის შესახებ.
აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმდინარე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ფარგლებში მოვალე სს ,,აზოტის" დებოტორული მოთხოვნის ფარგლებში სს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიმართ 18 355 ლარის ფარგლებში განხორციელდა მოთხოვნის უფლების რეალიზაცია აუქციონის გზით. აღნიშნული დებიტორული მოთხოვნა შეფასებული იქნა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 4 600 ლარად, ხოლო აუქციონის შედეგად ამოღებული იქნა 2 346 ლარი.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა გაკოტრების მმართველს, კრედიტორებს მიაჩნია, რომ მოვალეს აღარ გააჩნია ისეთი აქტივი, რომლის რეალიზების შესაძლებლობაც ექნება გაკოტრების მმართველს, შესაბამისად, მიზანშეწონილია მიღებული იქნეს განჩინება გაკოტრების მმართველის მიერ წარდგენილი საბოლოო ანგარიშის და კრედიტორთა შორის არსებული თანხების განაწილების დამტკიცების, აგრეთვე სს,,აზოტის" გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და მოვალე საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
დადგენილია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 31 აგვისტოს განჩინებით, სს ,,აზოტის" გაკოტრების მმართველს მიეცა გაკოტრების სასამართლოს თანხმობა რათა გაკოტრების მასის რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების ნაწილით დაფაროს ,,გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის, ა1 ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ, საქმის წარმოების გახსნამდე არსებული საგადასახადო დავალიანება. გაკოტრების მმართველს აღნიშნულის განხორციელება დაევალა კრედიტორთა კომიტეტის თანხმობით. (ტომი 5ა, ს. ფ. 59-60)
დასახელებული განჩინების საფუძველზე განხორციელდა გაკოტრების მასის რეალიზაციიდან მიღებული ფულადი თანხების წინასწარი განაწილება, რაც სრულად მიემართა საბიუჯეტო ვალდებულებების დასაფარავად. დადგენილია, რომ გაკოტრების მასა გაიყიდა 19 000 000 აშშ დოლარი ექვივალენტ ლარში, რაც შეადგენდა 34 295 000 ლარს, საიდანაც 34 274 435 ლარი გადახდილ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
დადგენილია, რომ მოვალე სს ,,აზოტის" დებოტორული მოთხოვნის ფარგლებში სს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიმართ 18 355 ლარის ფარგლებში განხორციელდა მოთხოვნის უფლების რეალიზაცია აუქციონის გზით. აღნიშნული დებიტორული მოთხოვნა შეფასებული იქნა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 4 600 ლარად, ხოლო აუქციონის შედეგად ამოღებული იქნა 2 346 ლარი.
ასევე დადგენილია, რომ სს თიბისი ბანკში სს აზოტს გააჩნია 0, 45 რუბლი, 43,95 აშშ დოლარი, 0,98 ევრო და 34,29 ლარი. რაც შეეხება სს ,,აზოტის" კუთვნილი 25 აქციის შეფასება დახურული ტიპის სს ვ.ა.ო. აგროქიმესპორტის" საწესდებო კაპიტალში, აღნიშნულის შეფასება შეუძლებელია რადგან სს რეგისტრირებულია რუსეთის ფედერაციაში. შპს ,,ფერაზოს" კაპიტალში ვერ განხორციელდა სს ,,აზოტის" 10% წილის შეფასება. გაკოტრების მმართველის მიერ ვერ იქნა მოძიებული სს ,,აზოტის" სახელზე რეგისტრირებული მოძრავი ქონება.
კრედიტორები შეთანხმდნენ რომ დასახელებული სადავო ქონება არ არის მათი ინტერესის საგანი და თანახმანი არიან მოვალის ქონებასთან დაკავშირებულ დავაზე საქმის წარმოება შეწყდეს.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, თუ კრედიტორთა შეთანხმებით (ერთხმად) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შესაბამისად, ვინაიდან თანხა სრულად ვერ ფარავს წინა რიგის კრედიტორის მოთხოვნებს, შემდგომი რიგის კრედიტორთა მოთხოვნების თუნდაც ნაწილობრივ დაკმაყოფილება შეუძლებელია. აღნიშნულის შესაბამისად, დაუკმაყოფილებელი რჩება შემდგომი რიგის კრედიტორის მოთხოვნები.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირების რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, რომელიც ქვეყნდება ელექტრონულ სისტემაში.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-5, მე-7-9, 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დამტკიცდეს გაკოტრების მმართველის წარმოდგენილი ანგარიში; დასრულდეს სს ,,აზოტის" გაკოტრების საქმის წარმოება (მისამართი: ქ. რუსთავი, მშვიდობია ქ. №2, საიდენტიფიკაციო კოდი 216316029);
2. ,,აზოტის" (საიდენტიფიკაციო კოდი 216316029) რეგისტრაცია გაუქმდეს;
3. განჩინება გამოქვეყნდეს ელექტრონულ სისტემაში, ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში", განთავსდეს საერთო სასამართლოების ვებ გვერდზე;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, წერილობითი ფორმით იმ სასამართლოში რომელმაც მიიღო განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეების მიერ, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირების მიერ რომელთაც უშუალოდ ეხება ეს განჩინება განჩინების ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრება კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლე ნატა თედეშვილი