შპს „დავითის“ განცხადების გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განჩინება
საქართველოს სახელით
გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე
უარის თქმის შესახებ
2020 წლის 12 ივნისი
ქ. ქუთაისი
მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე
განმცხადებელი – შპს „დავითი“ (ს/კ 445475879)
წარმომადგენელი – ინგა გაბრიელიანი
მოთხოვნა: შპს „დავითის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „დავითის“ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
შპს „დავითის“ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა წარმომადგენელმა ინგა გაბრიელიანმა და აღნიშნა, რომ შპს „დავითი“ რეგისტრირებულია 2016 წლის 11 იანვარს. საზოგადოება ძირითადად ახორციელებდა სურსათით ვაჭრობას. 2018 წ-ს. კომპანია იძულებული გახდა შეეწყვიტა სამეწარმეო საქმიანობა. 2020 წლის 02 ივნისის მდგომარეობით კომპანიას კრედიტორების მიმართ გააჩნია 128393.29 ლარის ოდენობის დავალიანება. კომპანიას უკვე დაუდგა ვალდებულებების შესრულების დრო, მაგრამ ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია ვალების გასტუმრება, რის გამოც ამჟამად, ორგანიზაციის ანგარიშებს ადევს ინკასო.
ამასთან, კომპანიის წარმომადგენელი უთითებს, რომ გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე – შპს „დავითი“ თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას.
შპს „დავითს“ განცხადების სასამართლოში შეტანის დღისთვის გააჩნია: 1. მეორადი სალარო აპარატი, ფასი 300 ლარი; 2. სს „საქართველოს ბანკში“ გახსნილი აქვს ანგარიში, რომელზეც კომპანიას ნაშთი არ უფიქსირდება; 3. შპს „დავითს“ უზრუნველყოფილი კრედიტორი არ ჰყავს; 4. შპს „დავითს“ სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიმართ გააჩნია დავალიანება 128393.29 ლარის ოდენობით; 5. კომპანიას დებიტორები არ ჰყავს.
განმცხადებელი ითხოვს შპს „დავითის“ გაკოტრებულად გამოცხადებას.
სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ არსებობს განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მიხედვით, ამ კანონის მიზანია მოვალის და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
აღნიშნული ნორმით, კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე და ასეთი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, იმ შემთხვევაში დაიწყება საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, თუ შესაძლებელი იქნება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევა. მხოლოდ ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარო მოვალის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი ასეთი წარმოების დაწყებისათვის, თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს გაკოტრების მიზნის მიღწევას.
ვინაიდან შპს „დავითს“ არ გააჩნია ქონება და ფინანსები, უარი უნდა ეთქვას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ამასთან, უნდა განიმარტოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-16, მე-19, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „დავითს“ (ს/კ 445475879) უარი ეთქვას გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. მიეთითოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება;
2. განჩინებით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, რომლის საფასურის გადახდაც უზრუნველყოს მოვალემ;
3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია;
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე