„2019 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე
მიღების თარიღი 29.06.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №6679-რს
სარეგისტრაციო კოდი 480150000.09.001.016605
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/07/2020
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.06.2020 მიღება
📜 ცვლილებების ისტორია (1)
ცვლილება შეაქვს
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე თბილისი, 29 ივნისი 2020 წ. N6679-რს | საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე „2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე „2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე „2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა
დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის
ანგარიშის თაობაზე „2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
„2019 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა
დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის
ანგარიშის თაობაზე
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
„2019 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე
„2019 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში ადამიანის უფლებათა ფართო სპექტრს მიმოიხილავს.
ამ ანგარიშის საფუძვლიანმა ანალიზმა გამოააშკარავა როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯები, ისე გარკვეული გამოწვევები.
ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული საანგარიშო პერიოდში გამოკვეთილი დადებითი ტენდენციები:
ანგარიშში აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნა და ამოქმედება;
მისასალმებელია საქართველოს პარლამენტის მიერ ბავშვის უფლებათა კოდექსის მიღება, რომლითაც შეიქმნა ბავშვთა უფლებების დაცვის სამართლებრივი გარანტიები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შედეგად ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის უზრუნველყოფილ იქნა სასამართლოსთვის მიმართვის უფლება;
ანგარიშში აღნიშნულია სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციებისა და სათემო მომსახურებების რაოდენობის ზრდის ტენდენცია;
არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ გამკაცრდა სისხლის სამართლის პოლიტიკა;
წინ გადადგმულ ნაბიჯად ფასდება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოქმედების ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე გავრცელება და სამუშაო ადგილებზე შრომის ინსპექტორების დაშვების შეზღუდვების მოხსნა;
დადებითად ფასდება იმ საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება, რომლითაც დაიხვეწა და უფრო განჭვრეტადი გახდა მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები;
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის მიხედვით, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ წამების, დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობის განხორციელების ეჭვის გაჩენის შემთხვევაში მოსამართლე რეაგირებისთვის შესაბამის საგამოძიებო ორგანოს მიმართავს;
ანგარიშში აღნიშნულია 2019 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში პირობების გასაუმჯობესებლად გადადგმული ნაბიჯები;
დადებითად ფასდება პენიტენციურ დაწესებულებებში ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადის 30 დღემდე გაზრდა;
მისასალმებელია პოლიციის დეპარტამენტებში, სამმართველოებსა და განყოფილებებში არსებული ვიდეოსათვალთვალო სისტემის ჩანაწერების შენახვის მინიმალურ ვადად 14 დღის განსაზღვრა;
დადებითად ფასდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების 4 იზოლატორში სამედიცინო პუნქტების გახსნა, აგრეთვე დროებითი მოთავსების იზოლატორებში დასაქმებული ექიმების მიერ სამედიცინო შემოწმების ჩატარების დეტალური ინსტრუქციის პროექტის შემუშავება;
დროებითი მოთავსების იზოლატორებში ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად ჩატარდა სარემონტო სამუშაოები;
ანგარიშში საგანგებოდ არის მითითებული და დადებითად ფასდება მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ მიღებული დადებითი გადაწყვეტილებების რაოდენობის ზრდის ტენდენცია, რომელიც 2019 წელს 2018 წელთან შედარებით 6−8%-ით მეტი დადებითი გადაწყვეტილების მიღებით გამოიხატა;
მისასალმებელია პირის დაკავების შესახებ ინფორმაციის მისი ოჯახისთვის მიწოდების კუთხით არსებული დადებითი დინამიკა (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ 3-საათიან ვადაში შეტყობინება საქმეების 94,4%-ში განხორციელდა);
დადებითად ფასდება საქმეში ადვოკატის საწყის ეტაპზე (პირველი 24 საათის განმავლობაში) ჩართვის მაჩვენებლის საგრძნობლად გაუმჯობესება;
დადებითად ფასდება აგრეთვე დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში იმ საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება, რომლითაც ფიზიკურ პირებზე, საჯარო სამართლის სუბიექტების მსგავსად, გავრცელდა საქართველოს სახალხო დამცველის მანდატი შესაბამისი აღსრულების სავალდებულო მექანიზმებით;
მნიშვნელოვნად წინ გადადგმულ ნაბიჯად ფასდება სექსუალური შევიწროების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განსაზღვრა, აგრეთვე „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონით შევიწროებისა და სექსუალური შევიწროების დისკრიმინაციის ფორმებად განსაზღვრა;
დადებითად ფასდება „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის მომზადება;
დადებითად ფასდება აგრეთვე შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ ყველა განყოფილებაში პაციენტების რისკების შეფასების სისტემის დანერგვა;
მისასალმებელია შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა“ და ბათუმის სამედიცინო ცენტრში შიდა გასაჩივრების მექანიზმის არსებობა, აგრეთვე ამ ცენტრებში ვერბალური დეესკალაციის მეთოდების დამტკიცება;
გათანაბრდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიით მოსარგებლეთა მდგომარეობა და ვეტერანის სტატუსის მქონე ყველა პირს მიეცა საყოფაცხოვრებო სუბსიდიით სარგებლობის შესაძლებლობა;
დადებითად ფასდება სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის სათემო ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ხანდაზმულთა და შშმ პირთა სათემო მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის ბიუჯეტის გაზრდა;
დადებითად ფასდება აგრეთვე სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამისთვის ყრუ და სმენის არმქონე შშმ პირთა ვიდეოკონფერენციის ფუნქციის მქონე ტექნიკური საშუალებით (სმარტფონი) უზრუნველყოფის კომპონენტის დამატება;
მნიშვნელოვან მიღწევად ფასდება საკანონმდებლო დონეზე საქართველოს მთავრობის დავალდებულება, დაამტკიცოს „ტექნიკური რეგლამენტი − მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები“ უნივერსალური დიზაინის სტანდარტებისა და პრინციპების საფუძველზე, „მისაწვდომი და გამოყენებადი შენობებისა და მოწყობილობების“ გათვალისწინებით;
ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის სწავლების გასაძლიერებლად პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა, რაც შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგების რაოდენობისა და შრომის ანაზღაურების გაზრდით გამოიხატა;
დადებითად ფასდება თავშესაფრის მაძიებელთათვის ქართული ენის კურსების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
დადებითად ფასდება აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის პროცესში ადმინისტრაციულ ორგანოსა და საერთო სასამართლოებში უფასო იურიდიული მომსახურების უზრუნველყოფა;
მისასალმებელია „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება, რომელიც ატმოსფერული ჰაერის მართვის ევროპულ სტანდარტზე გადასვლას ითვალისწინებს;
დადებითად ფასდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამტვერებადი მასალის განთავსების, ტრანსპორტირებისა და დამუშავების წესის დარღვევის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განსაზღვრა;
დადებითად ფასდება აგრეთვე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით სტატისტიკური ინფორმაციის აღრიცხვის დაწყება.
ზემოთ აღნიშნულ დადებით ტენდენციებთან ერთად, საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია არსებულ პრობლემებზე.
საქართველოს პარლამენტი იზიარებს საქართველოს სახალხო დამცველის შესაბამის რეკომენდაციებს და ადგენს:
1. საქართველოს მთავრობამ:
ა) შეიმუშაოს გეგმა, რომლის მიზანი იქნება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების დროს სტამბოლის ოქმით დადგენილი სახელმძღვანელო პრინციპების განხორციელება და მისი დროულად ჩატარების უზრუნველყოფა;
ბ) დაიწყოს გაეროს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის წინააღმდეგ საერთაშორისო კონვენციით გათვალისწინებული ანგარიშის მომზადება და წარდგენა;
გ) განსაზღვროს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში ფსიქოლოგების სპეციალიზაციაში მომზადებისა/გადამზადებისა და ხარისხის კონტროლის სისტემის შემუშავებისთვის პასუხისმგებელი უწყება;
დ) „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის 30-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის შეიმუშაოს დროული, ადეკვატური და ეფექტიანი კომპენსაციის გაცემის წესი;
ე) გააგრძელოს მუშაობა საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების ისტორიული მესაკუთრეებისთვის დასაბრუნებლად;
ვ) გააძლიეროს თანამშრომლობა საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსთან; ადამიანის უფლებათა სფეროში, რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობის კუთხით სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების მომზადებისას გააძლიეროს რელიგიათა საბჭოს ჩართულობა;
ზ) გენდერული თანასწორობის საკითხებზე არსებულ სამთავრობო სამოქმედო გეგმებსა და სტრატეგიებში განსაზღვროს კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც მიმართული იქნება უფლებადამცველთა მიმართ ძალადობის პრევენციისკენ, გამოვლენისა და აღკვეთისკენ;
თ) უზრუნველყოს ბუნებრივი გაზის შიდა ქსელის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის გამკაცრების მიზნით განსახილველად წარდგენილი ნორმატიული აქტების პროექტების დროულად განხილვა და მიღება;
ი) განსაზღვროს საერთო სარგებლობის სავენტილაციო არხებზე გამწოვების დაერთების წესები და მათ დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო;
კ) შეიმუშაოს პოლიტიკის დოკუმენტები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ენერგორესურსებით რაციონალური სარგებლობისა და მათი მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად;
ლ) საქმიანობის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე უზრუნველყოს შესაბამისი ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტის ხარჯთსარგებლიანობისა და მოსალოდნელი სოციალურ-ეკონომიკური ზემოქმედების კვალიფიციური შესწავლა და შეფასება, აგრეთვე შესწავლის შედეგების საზოგადოებისთვის ეფექტიანი ხელმისაწვდომობა;
მ) შექმნას სამთავრობო უწყებათაშორისი კომისია, რომელიც შეაფასებს საკვების ხელმისაწვდომობის კუთხით არსებულ საჭიროებებს, განსაზღვრავს შესაბამის უფლებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე რეაგირების სახელმწიფო პოლიტიკას და ზედამხედველობას გაუწევს მისი შესრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების საქმიანობას;
ნ) შექმნას პროგრამა, რომელიც იმუშავებს ბავშვთა სუიციდის პრევენციისთვის, ბავშვის უფლებათა კოდექსის შესაბამისად;
ო) ბავშვის უფლებათა კოდექსით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, შეიმუშაოს სრულწლოვანების ასაკს მიღწეული, სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ბენეფიციარების მხარდაჭერისა და ზრუნვის პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ამ ახალგაზრდების უფლებების დაცვას, საზოგადოებაში ინტეგრაციას და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებას;
პ) შეიმუშაოს სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის პროგრამა ბავშვის უფლებათა კოდექსის შესაბამისად;
ჟ) სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა რეაბილიტაციის კონცეფციაზე დაყრდნობით, დანერგოს შესაბამისი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მომსახურება ბავშვის უფლებათა კოდექსის შესაბამისად;
რ) ოჯახში ძალადობის კუთხით პასუხისმგებელ უწყებებს შორის თანამშრომლობის პროცესში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად დანერგოს რეფერირების მექანიზმის შეფასების ინსტრუმენტი;
ს) დანერგოს „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც საგანმანათლებლო რესურსცენტრებს დარღვევის ფაქტების დროულად გამოვლენის შესაძლებლობას მისცემს;
ტ) დაიწყოს მუშაობა არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვისა და მათ მიერ აზარტული თამაშობების თამაშის პრევენციის უზრუნველსაყოფად შესაბამისი პროგრამების შექმნისთვის;
უ) გააგრძელოს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ფორმალური განათლებისა და არაფორმალური განათლების, სოციალური კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვისა და ფსიქოსოციალური მომსახურების ხელშემწყობი სერვისების დანერგვა, მათ შორის, გაზარდოს საბავშვო ბაგა-ბაღებისა და სოფლების ამბულატორიების რაოდენობა, მოაწესრიგოს სასკოლო ინფრასტრუქტურა და სპორტული ინფრასტრუქტურა, სოფლებში მცხოვრები ბავშვებისა და სხვა მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ფსიქოლოგის მომსახურება;
ფ) გააძლიეროს სახელმწიფო უწყებების მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ეროვნული უმცირესობების პროპორციული და თანასწორი მონაწილეობა;
ქ) უზრუნველყოს მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება;
ღ) გააგრძელოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზიანებული ქონების რეაბილიტაციის/კომპენსაციის სამუშაოები და გააძლიეროს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და შემოსავლის წყაროს მოძიების პროგრამები.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ:
ა) სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებს ჩაუტაროს მოკლე ინსტრუქტაჟი პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატისა და უფლებამოსილებების შესახებ;
ბ) ყველა პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოებისა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებების თანამშრომლები ეტაპობრივად გადაამზადოს ისეთ საკითხებში, როგორიცაა კონფლიქტის პრევენცია, მედიაცია და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის პრინციპები;
გ) მიიღოს ყველა ზომა პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ძალადობის მსხვერპლი პატიმრების დასაცავად;
დ) დეესკალაციის ოთახში პირის მოთავსებისას უზრუნველყოს ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, სოციალური მუშაკის, ექიმისა და პენიტენციური დაწესებულების სხვა სამსახურების თანამშრომელთა ერთობლივი, მულტიდისციპლინური მუშაობა რისკების შესამცირებლად/ აღმოსაფხვრელად; დეესკალაციის ოთახში შექმნას უსაფრთხო გარემო, მათ შორის, კედლებისა და იატაკის რბილი მასალით მოპირკეთებით;
ე) განსაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში დასაქმებული ექიმის ვალდებულება, პირისადმი არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტის შესახებ შეტყობინება გაუგზავნოს დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს − სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის აპარატს;
ვ) პენიტენციურ დაწესებულებებში დასაქმებულ ყველა ექიმს, რომლებიც ახდენენ პირის დაზიანების დოკუმენტირებას, ჩაუტაროს ტრენინგი დაზიანების დოკუმენტირებასა და ფოტოგადაღებაში;
ზ) პენიტენციური დაწესებულებების გადატვირთულობის პრობლემის დაძლევის გეგმაში გაითვალისწინოს პატიმართა საცხოვრებელი კორპუსების ფლიგელებში მომუშავე სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების თანამშრომლების რაოდენობის გაზრდა წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის თანამშრომელთა გადატვირთვის გარეშე უზრუნველსაყოფად;
თ) გააძლიეროს მუშაობა კრიმინალური სუბკულტურის პრევენციისთვის;
ი) დახვეწოს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების ფორმა და დისციპლინური ბრალდების შესახებ ოქმის ფორმა;
კ) თითოეული პატიმრის 4 კვ. მ საცხოვრებელი ფართობით დასაკმაყოფილებლად აქტიურად გადადგას ნაბიჯები №2, №8, №14, №15 და №17 პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პატიმრების საკნებში თანაბარი გადანაწილებისა და იმავე ტიპის სხვა პენიტენციურ დაწესებულებებში გადაყვანისთვის, პატიმართა საცხოვრებელი ადგილების გათვალისწინებით;
ლ) №17 პენიტენციურ დაწესებულებაში გააუქმოს ე. წ. ბარაკის ტიპის საცხოვრებლები;
მ) უზრუნველყოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის №2, №8, №14 და №15 პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგის ვიზიტის შემდგომ ანგარიშსა და №3 დაწესებულების მონიტორინგის ვიზიტის შემდგომ ანგარიშში მითითებული, ფიზიკური გარემოს კუთხით არსებული ხარვეზების შემოწმება და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება;
ნ) მიიღოს ყველა ზომა, რათა დახურული ტიპის და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფ პატიმრებს მიეცეთ 1 საათზე მეტი ხნით სუფთა ჰაერზე ყოფნის შესაძლებლობა;
ო) მიიღოს ყველა ზომა №2 და №8 პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პატიმრების მიერ დღის განრიგით გათვალისწინებულ პერიოდში გასეირნების უფლებით სარგებლობის უზრუნველსაყოფად;
პ) უზრუნველყოს №2, №8, №14 და №15 პენიტენციურ დაწესებულებებში სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობის გაზრდით მათი რაოდენობის პატიმართა რაოდენობასთან დაბალანსება;
ჟ) უზრუნველყოს „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად იმ სოციალური მუშაკების გადამზადება, რომელთაც არ აქვთ სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი;
რ) უზრუნველყოს №2, №8, №14 და №15 პენიტენციურ დაწესებულებებში ახალი და მრავალფეროვანი სარეაბილიტაციო ღონისძიებების დანერგვა, გაზარდოს სარეაბილიტაციო ღონისძიებებში მსჯავრდებულთა ჩართვის შესაძლებლობა;
ს) უზრუნველყოს №3 პენიტენციურ დაწესებულებაში სარეაბილიტაციო ღონისძიებების დანერგვა და მათში მსჯავრდებულთა ჩართვა;
ტ) პატიმრისთვის სხვადასხვა სარეაბილიტაციო ღონისძიებაში ჩართვის მოტივაციის შესაქმნელად დაიწყოს მუშაობა ისეთი მექანიზმის შემოღებისთვის, რომლის შედეგად მოხდება დარჩენილი სასჯელის ვადის შემცირება ან სასჯელის სახის შეცვლა;
უ) მსჯავრდებულის შეფასების კრიტერიუმებს დაუმატოს ისეთი ელემენტები, რომლებიც ეხება მსჯავრდებულის სამომავლო გეგმებს, პერსპექტივებს, შესაძლებლობებს და სხვა საკითხებს;
ფ) გაზარდოს სოციალური მუშაკის როლი, რათა სოციალურმა მუშაკმა პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის მიღების შემდეგ დეტალურად აუხსნას პატიმარს მისი უფლებები და მოვალეობები, მოთხოვნის/საჩივრის შეტანისა და განხილვის პროცედურები, სათანადო პერიოდულობით, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად იმუშაოს პატიმრებთან მათი უფლებებისა და მოვალეობების, მოთხოვნის/საჩივრის შეტანისა და განხილვის პროცედურის თემატიკაზე, მათ შორის, ზემოაღნიშნული ინფორმაცია ბროშურის სახით მიაწოდოს ბრალდებულს/მსჯავრდებულს და გამოაკრას პატიმრისთვის ხელმისაწვდომ ადგილებში;
ქ) უზრუნველყოს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სისტემური შემოწმებითა და შესაბამისი რეაგირებით გამოავლინოს და შეისწავლოს №2, №8, №14 და №15 პენიტენციურ დაწესებულებებში საჩივრების კონფიდენციალურად გაგზავნის წესის სავარაუდო დარღვევის შემთხვევები, საჩივრების შეტანის გამო პატიმრების მიმართ განხორციელებული სავარაუდო რეპრესიის ფაქტები და უზრუნველყოს შესაბამის პასუხისმგებელ პირთა სათანადოდ დასჯა;
ღ) უზრუნველყოს №2 და №8 პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ არასრულწლოვანთა ინდივიდუალური საჭიროებებისთვის მორგებული სარეაბილიტაციო ღონისძიებების დანერგვა;
ყ) არასრულწლოვანებთან დაკავშირებული საფრთხეების ვერბალური დეესკალაციის მეთოდებით თავიდან ასაცილებლად უზრუნველყოს კრიზისულ შემთხვევაში მულტიდისციპლინური ჯგუფის (ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის, ექიმის და, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრის) მყისიერი ჩართულობა;
შ) არასრულწლოვანები უზრუნველყოს ოთხჯერადი ჯანსაღი კვებით (ერთ-ერთი კვება უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი);
ჩ) უზრუნველყოს №2 და №8 პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა მსჯავრდებულებისგან იზოლირება (სულ მცირე, მათი ერთმანეთისგან განცალკევებულ საკნებში მოთავსება);
ც) პენიტენციური დაწესებულებების საშუალო სამედიცინო რგოლის, ექთნების, მათ შორის, მორიგე ექთნების, რაოდენობა გაზარდოს არანაკლებ ორჯერ, აგრეთვე აღნიშნული დაწესებულებების სტომატოლოგიურ კაბინეტებს დაუმატოს სტომატოლოგიის ექთნები;
ძ) პენიტენციური დაწესებულებების სამედიცინო პერსონალის უწყვეტი სამედიცინო განათლების ფარგლებში უზრუნველყოს მისი პროფესიული გადამზადება;
წ) №8 და №15 პენიტენციურ დაწესებულებებში, კონსულტაციაზე ჩაწერილი პაციენტების რაოდენობიდან გამომდინარე, უზრუნველყოს ექიმ სპეციალისტთა ვიზიტების სათანადო სიხშირე, რათა პაციენტის მოლოდინის დრო 2 კვირას არ აღემატებოდეს;
ჭ) №8 პენიტენციური დაწესებულების საკმარისი რაოდენობის მედიკამენტებით უზრუნველყოფისთვის, მომარაგებასთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად, მედიკამენტების შესყიდვისას გაითვალისწინოს განვლილ პერიოდში დანიშნული მედიკამენტების მოთხოვნისა და ხარჯვის შესახებ გაანალიზებული მონაცემები;
ხ) პენიტენციურ დაწესებულებებში სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებასთან დაკავშირებული ხარვეზების მაქსიმალურად აღმოსაფხვრელად დანერგოს ინფორმაციული ელექტრონული სისტემა;
ჯ) მიიღოს ყველა ზომა, რათა გეგმური ამბულატორიული რეფერალის ვადა არ აღემატებოდეს 1 თვეს, გეგმური სტაციონარული რეფერალისა − 4 თვეს, ხოლო სასწრაფო, დაუყოვნებელი რეფერალისა − 5 დღეს;
ჰ) უზრუნველყოს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მომსახურების მიმწოდებელთა მოზიდვა;
ჰ1) პენიტენციურ დაწესებულებებში დანერგოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პერიოდული სკრინინგი;
ჰ2) გააგრძელოს პრაქტიკა, რომლის მიხედვით, ექიმი ფსიქიატრის მიერ ერთ დღეში მიღებული პაციენტების რაოდენობა 15-ს არ აღემატება;
ჰ3) გააგრძელოს პრაქტიკა, რომლის მიხედვით, ექიმი ფსიქიატრის ვიზიტამდე პაციენტის მოლოდინის დრო 2 კვირას არ აღემატება;
ჰ
4) პენიტენციური დაწესებულებების თავისებურებებიდან გამომდინარე, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვროს ფსიქიატრიული მულტიდისციპლინური გუნდის შემადგენლობა, გუნდის თითოეული წევრის ფუნქციები და ფსიქიატრიული დახმარების ორგანიზებისა და მიწოდების პროცედურები;
ჰ5) შეიმუშაოს კრიზისული შემთხვევის პრევენციისა და მართვის სახელმძღვანელო და პენიტენციური დაწესებულებების სამედიცინო პერსონალი გადაამზადოს კრიზისული შემთხვევის პრევენციისა და მართვის საკითხებში;
ჰ6) უზრუნველყოს, რომ ფსიქიატრიულმა მულტიდისციპლინურმა გუნდმა შეაფასოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე იმ პაციენტთა საჭიროებები, რომელთაც სტაციონარული მკურნალობა არ ესაჭიროებათ, გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე შეიმუშაოს მათი ბიოფსიქოსოციალური დახმარების ინდივიდუალური გეგმა და გაუწიოს ამ პაციენტებს შესაბამისი დახმარება;
ჰ7) უზრუნველყოს, რომ გენერალური ინსპექციის სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვის სამმართველომ შეისწავლოს ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემის პრაქტიკა და მიიღოს ზომები ფსიქოტროპული მედიკამენტების არამიზნობრივი მიღების თავიდან ასაცილებლად;
ჰ8) პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, მის მიერ პაემნის უფლებით შეუფერხებლად სარგებლობის უზრუნველსაყოფად გაითვალისწინოს პატიმრის ოჯახის წევრების საცხოვრებელი ადგილი;
ჰ9) ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში უზრუნველყოს ხანმოკლე პაემნის მინის გამყოფი ბარიერის გარეშე გამართვა;
ჰ10) №2 და №8 პენიტენციურ დაწესებულებებში მოაწყოს სატელეფონო კაბინები, სადაც შესაძლებელი იქნება სატელეფონო საუბრების კონფიდენციალურ გარემოში წარმოება;
ჰ11) უზრუნველყოს №3 პენიტენციურ დაწესებულებაში სატელეფონო საუბრებისთვის განკუთვნილი სივრცეების დამატებითი საიზოლაციო საშუალებებით აღჭურვა, რათა სხვა პირმა ვერ შეძლოს მსჯავრდებულის საუბრის მოსმენა;
ჰ12) უზრუნველყოს, რომ მონიტორინგის სამსახურმა შეისწავლოს №8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პატიმრების მიერ საზღვარგარეთ დარეკვისა და სატელეფონო საუბრის უფლების განხორციელებაში ხელის შემშლელი პრაქტიკა და მიიღოს ზომები პატიმრების მიერ ამ უფლებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეუფერხებლად სარგებლობის უზრუნველსაყოფად;
ჰ13) №11 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ არასრულწლოვანთა ინტერესების შესაბამისად, დაგეგმოს ეფექტიანი სარეაბილიტაციო, საგანმანათლებლო და პროფესიული პროგრამები, რომლებიც მიმართული იქნება მათი უნარების, ინტერესებისა და მოტივაციის გაძლიერებისკენ და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში მათ სათანადო ინტეგრაციას;
ჰ14) გააძლიეროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან თანამშრომლობა არასრულწლოვანთა კანონიერი წარმომადგენლების მიერ მათი საგანმანათლებლო საჭიროებების უგულებელყოფის შემთხვევებში არასრულწლოვანთა ინტერესებისა და უფლებების დროულად დაცვის მიზნით;
ჰ15) უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ უცხოელთათვის და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის თავშესაფრის პროცედურის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ასლის გადაცემით;
ჰ16) სოციალური სამსახურის თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებში გაითვალისწინოს თავშესაფრის პროცედურასთან დაკავშირებული საკითხები.
3. საქართველოს პროკურატურამ:
ა) ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმის გამოძიების დროს დადგენილი ხარვეზების საფუძველზე დაწყებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგები შემოწმების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ, პერიოდულად აცნობოს საზოგადოებას, შემოწმების მასალები კანონით განსაზღვრული წესით გააცნოს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს და აღნიშნული შემოწმების შედეგების საფუძველზე იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად;
ბ) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ანგარიშში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ასახოს ინფორმაცია სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმეების გამოძიების ეფექტიანობის თაობაზე;
გ) სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმეების გამოძიების ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა შესახებ;
დ) გააგრძელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით №074220619801 სისხლის სამართლის საქმის ეფექტიანი გამოძიება;
ე) ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში საზოგადოებას აცნობოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის საქმეების გამოძიების მიმდინარეობის პროგრესის შესახებ;
ვ) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ანგარიშში ასახოს ინფორმაცია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების შესახებ;
ზ) ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის იმ საქმეებზე, რომლებშიც ქალის გარდაცვალებამდე მის მიერ სამართალდამცავი ორგანოებისადმი ძალადობასთან დაკავშირებით მიმართვის ფაქტები იკვეთება, გააგრძელოს პოლიციისა და პროკურორის მიერ შესაძლო სამსახურებრივი გულგრილობის გამოვლენის გარემოებების გამოკვლევა;
თ) დეტალურად გააანალიზოს ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულები, კერძოდ, ქორწინების იძულება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში, და მათთან დაკავშირებით აწარმოოს სქესისა და ასაკის ნიშნებით სეგრეგირებული სტატისტიკა;
ი) უზრუნველყოს რელიგიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ სტატისტიკური მონაცემების ანალიზი და მისი გამოქვეყნება;
კ) ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმის გამოძიების მიმდინარეობისა და პროგრესის შესახებ;
ლ) ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია „2019 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის მე-11 თავში მითითებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების მიმდინარეობისა და პროგრესის შესახებ;
მ) უზრუნველყოს უფლებადამცველთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისა და საპროცესო ზედამხედველობის შესახებ რეკომენდაციების გონივრულ ვადაში შემუშავება და განხორციელება;
ნ) ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია 2018 და 2019 წლებში, საარჩევნო პერიოდში გამოვლენილი ყველა ძალადობრივი ქმედების ფაქტის გამოძიების მიმდინარეობისა და პროგრესის შესახებ;
ო) „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 68-ე მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ანგარიშში ასახოს ინფორმაცია 2018 და 2019 წლებში, საარჩევნო პერიოდში გამოვლენილი ყველა ძალადობრივი ქმედების ფაქტის გამოძიების მიმდინარეობისა და გაწეული საქმიანობის შესახებ;
პ) ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია რუისი-რიკოთის საავტომობილო გზის მშენებლობის პროცესში არქეოლოგიური ობიექტების განადგურებისა და საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს დაზიანებისა და განადგურების ფაქტების გამოძიების მიმდინარეობისა და პროგრესის შესახებ;
ჟ) ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგულ (გაუჩინარებულ) პირთა საქმეების გამოძიების მიმდინარეობისა და პროგრესის შესახებ.
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ:
ა) შეიმუშაოს მექანიზმი, რომელიც შესაძლებელს გახდის დაკავებული პირის მიერ მისი უფლებების განმარტების მიღებისა და ოჯახის წევრთან/ახლობელთან/ადვოკატთან დაკავშირების უფლების განხორციელებას, ამასთანავე, უზრუნველყოს პოლიციის ყველა განყოფილებაში დაკავებულ პირთა უფლებების ჩამონათვალის ამსახველი საინფორმაციო მასალის თვალსაჩინო ადგილებზე განთავსება;
ბ) შეიმუშაოს დოკუმენტი, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს დაკითხვისა და გამოკითხვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა სამუშაო ოთახებში ჩატარების შემთხვევებსა და საფუძვლებს;
გ) შეისწავლოს საერთაშორისო გამოცდილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა მოქალაქეებთან ურთიერთობისას ვიდეოგადაღების საკითხის დასარეგულირებლად;
დ) შეისწავლოს საერთაშორისო გამოცდილება პატრულ-ინსპექტორების მოქალაქეებთან ურთიერთობისას ვიდეოგადაღების საკითხის მოსაწესრიგებლად;
ე) გააგრძელოს იმ დროებითი მოთავსების იზოლატორების რაოდენობის გაზრდა, რომლებშიც სამედიცინო პუნქტი ფუნქციონირებს;
ვ) დროებითი მოთავსების იზოლატორებში დასაქმებულ ექიმებს ჩაუტაროს ტრენინგები ამ იზოლატორებში მოთავსებულ პირთა სხეულზე არსებული დაზიანებების ფოტოგადაღების ინსტრუქციისა და გადაღებული ფოტომასალის შენახვის წესის შესახებ;
ზ) შეისწავლოს საერთაშორისო გამოცდილება პოლიციის დეპარტამენტებში, სამმართველოებსა და განყოფილებებში გამოკითხვაზე, დაკითხვასა და გასაუბრებაზე მიწვეული ყველა პირის აღრიცხვისთვის რეესტრის წარმოების მიზნით, რომელშიც მიეთითება მათი სტატუსი, შენობაში შეყვანისა და შენობიდან გამოყვანის დრო;
თ) ეტაპობრივად აღმოფხვრას დროებითი მოთავსების იზოლატორებში საყოფაცხოვრებო პირობების კუთხით არსებული ხარვეზები;
ი) შეისწავლოს საერთაშორისო გამოცდილება პოლიციის დაწესებულებებში სისტემატიზებული, სტანდარტიზებული და უნიფიცირებული მონაცემთა ბაზების ეტაპობრივად დანერგვის მიზნით, რომლებიც ჩაანაცვლებს ამ დაწესებულებების ჟურნალებს;
კ) პოლიციის მიერ პრევენციული ფუნქციის შესრულების ფარგლებში გააგრძელოს პირის მიერ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით მიღების შემთხვევაში მისი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ მოსახლეობის საინფორმაციო პრევენციული კამპანიის წარმოება;
ლ) გააგრძელოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა გადამზადება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებში;
მ) ძალადობის მსხვერპლთა ეფექტიანი დაცვისა და დახმარების მიზნით დაიწყოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე გამომძიებელთა სპეციალიზაციის წესის შემუშავება;
ნ) გააუმჯობესოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების ანალიზი;
ო) გააგრძელოს პრევენციული ზომების მიღება ქორწინების იძულებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის შემთხვევების შესამცირებლად, მათ შორის, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კამპანიების წარმოება და მომხდარ დანაშაულთა დეტალური გაანალიზება;
პ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ჩართული სუბიექტის მიერ ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტის გამოვლენისა და ამის შესახებ ინფორმაციის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსთვის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს სათანადო რეაგირება და სანქციის დაკისრება;
ჟ) გააუმჯობესოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ სტატისტიკური მონაცემების ანალიზი, გამოკვეთოს ტენდენციები და უზრუნველყოს მისი გამოქვეყნება;
რ) უზრუნველყოს ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის გამო მათ წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების დროულად და სათანადოდ გამოძიება;
ს) უზრუნველყოს, რომ ნებისმიერი შეკრების ან მანიფესტაციის გამართვისას მშვიდობიანი შეკრებისთვის ხელის შესაწყობად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა უფლებამოსილმა პირებმა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები და საჭიროების შემთხვევაში შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება შეზღუდონ თანაზომიერების პრინციპის განუხრელი დაცვით, მათ შორის, ნაკლებად შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უპირატესობის გათვალისწინებით;
ტ) სპონტანური ან დაგეგმილი შეკრებისა და კონტრშეკრების მშვიდობიანად გამართვის უზრუნველსაყოფად დროულად და სათანადოდ შეაფასოს მოსალოდნელი რისკები და მიიღოს ყველა ზომა, ერთი მხრივ, მშვიდობიანი აქციის ჩატარებისთვის ხელის შესაწყობად და, მეორე მხრივ, ძალადობრივი ან სხვა დანაშაულებრივი ქმედების თავიდან ასაცილებლად;
უ) შეკრების მიმდინარეობისას უზრუნველყოს დროებითი კონსტრუქციების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განთავსების შესაძლებლობის შექმნა და შესაბამისი უფლება შეზღუდოს თანაზომიერების პრინციპის განუხრელი დაცვით, ნაკლებად შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უპირატესობის გათვალისწინებით;
ფ) უზრუნველყოს უფლებადამცველთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოვლენისა და ეფექტიანი გამოძიების შესახებ რეკომენდაციების შემუშავების პროცესის დაწყება;
ქ) დროულად უზრუნველყოს სათანადო მატერიალურ-ტექნიკური რესურსის გამოყოფა და განახორციელოს ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების ნორმაზე მეტი კონცენტრაციის შემთხვევების გამოსავლენად და აღნიშნულ სამართალდარღვევაზე რეაგირების ეფექტიანი მექანიზმის შესაქმნელად და ასამოქმედებლად საჭირო საკანონმდებლო ღონისძიებები;
ღ) გააგრძელოს ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულების ხანდაზმულ მსხვერპლთა აღრიცხვა (სტატისტიკის წარმოება) და მონაცემების დამუშავება;
ყ) მკაფიოდ განსაზღვროს საპატრულო პოლიციისა და სასაზღვრო პოლიციის უფლებები და მოვალეობები თავშესაფრის მაძიებლის საზღვარზე მიღებასა და გადამისამართებასთან დაკავშირებით;
შ) წლის განმავლობაში დაგეგმოს და გადაამზადოს სასაზღვრო პოლიციის იმ რაოდენობის თანამშრომლები, რომელიც ყოველ შესაბამის ერთეულში უზრუნველყოფს თავშესაფრის მაძიებლის მოთხოვნის გარკვევის პრაქტიკის გაუმჯობესებას;
ჩ) გაააქტიუროს ელექტრონული სისტემის (ე. წ. BORS) გონივრულ ვადაში შექმნის პროცესი საზღვრის გადაკვეთისას გამოვლენილი ინციდენტების, მათ შორის, საზღვრის გადაკვეთაზე უარის თქმის შემთხვევების, აღრიცხვისთვის.
5. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ:
ა) გონივრულ ვადაში ეტაპობრივად შეიმუშაოს ახალი მიდგომები სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების გაზრდისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით;
ბ) აღმოფხვრას სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში მის მიმართ პასუხისმგებლობის ზომად არასაწესდებო სასჯელის გამოყენება (დასჯის მიზნით მისი რიგგარეშე ფიზიკური დატვირთვა) და ჯგუფური დასჯის პრაქტიკა და ამისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს დაავალოს, სისტემური კონტროლი გაუწიოს სამხედრო ნაწილებში არასაწესდებო სასჯელის გამოყენებას და ჯგუფურ დასჯას;
გ) უზრუნველყოს, რომ სამხედრო ნაწილებში არსებობდეს აუცილებელ შემთხვევებში თარჯიმნის დაშვების შესაძლებლობა;
დ) შესაძლებლობის ფარგლებში განახორციელოს ღონისძიებები, რათა სამხედრო მოსამსახურეებს არ უწევდეთ რიგგარეშე სადღეღამისო განწესებში ხშირად გასვლა და კუთვნილი შვებულებით სარგებლობა ყველა სამხედრო მოსამსახურეს თანაბრად შეეძლოს;
ე) შეიმუშაოს საკვების გასინჯვის ახალი ინსტრუქცია საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.
6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ:
ა) აქტიურად გადადგას ნაბიჯები სომატური ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებული პაციენტების მკურნალობისთვის;
ბ) დროებითი ღონისძიების სახით უზრუნველყოს ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებული პაციენტებისთვის ოჯახის ექიმის ხელმისაწვდომობა და მათი სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირება;
გ) ეროვნული გაიდლაინების მიხედვით, უზრუნველყოს მედიკამენტების გვერდითი ეფექტების შესაბამისი გამოკვლევებისა და კონსულტაციების საფუძველზე მართვა;
დ) ყველა ფსიქიატრიული დაწესებულებისთვის განსაზღვროს სწრაფი ტრანკვილიზაციის აუცილებლობის დასაბუთების, ტრანკვილიზაციაზე პაციენტის თანხმობის ფაქტის წერილობით დოკუმენტირების, ფიზიკური მონიტორინგის კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელებისა და ამ მონიტორინგის შედეგების სამედიცინო დოკუმენტაციაში ასახვის ვალდებულებები;
ე) უზრუნველყოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში გარდაცვლილ პირთა შესახებ სტატისტიკის წარმოება, გარდაცვალების მიზეზის მითითება და ინფორმაციის სისტემატიზება;
ვ) პაციენტთა შორის ძალადობის პრევენციისა და მათი უსაფრთხოების დაცვის მიზნით შექმნას ნორმატიული ბაზა, რომელიც მოაწესრიგებს ფსიქიატრიული დაწესებულების პერსონალის მიერ ცალკეული პაციენტებისგან მომდინარე რისკების წინასწარ შეფასების სისტემის დანერგვის, მულტიდისციპლინური მუშაობის, პაციენტების ძალადობისგან დაცვისა და მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი პრევენციული ღონისძიებების, პერსონალის მიერ პაციენტებზე სათანადო მეთვალყურეობის/დაკვირვების განხორციელების, პერსონალის სათანადო სწავლების, სტანდარტული საოპერაციო პროცედურებისა და დეესკალაციის სტრატეგიის შემუშავების, საფრთხის წარმოქმნისთანავე, დროულად სათანადო ინტერვენციის განხორციელების, ძალადობის შემთხვევებისა და მათ საპასუხოდ მიღებული ზომების დოკუმენტირების, პერსონალის ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის საკითხებს;
ზ) დახვეწოს კონფლიქტისა და ძალადობის ფაქტებისა და მათ საპასუხოდ განხორციელებული ღონისძიებების დოკუმენტირების წესი და ფსიქიატრიული სტაციონარული დაწესებულებების მიერ ამ წესის გამოყენების ვალდებულება; განსაზღვროს, რომ პაციენტის მიმართ ძალადობის შემთხვევაში შეტყობინება გაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამასთანავე, თუ შეტყობინება ტელეფონით ხდება, შედგეს შესაბამისი ოქმი; უზრუნველყოს შეტყობინებების რეესტრის წარმოება;
თ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დაავალოს, შეისწავლოს ფორმალურად ნებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიმღები პაციენტების რეალურად ნების საწინააღმდეგოდ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები და მიიღოს სტაციონარიდან იმ პაციენტების დაუყოვნებლივ გაწერისთვის საჭირო ყველა ზომა, რომელთა მიმართაც არ არსებობს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების პროცედურის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი;
ი) შეიმუშაოს ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტის მიმართ ფიზიკური შეზღუდვის განხორციელების დეტალური ინსტრუქცია, რომლითაც განისაზღვრება ფიზიკური შეზღუდვის დროს პაციენტის ან/და ფსიქიატრიული დაწესებულების პერსონალის მიერ მიღებული სხეულის დაზიანების შესახებ ჩანაწერის გაკეთების ვალდებულება, ფიზიკური შებოჭვის დროს გამოსაყენებელი სპეციალური საშუალებების მახასიათებლები, ფიზიკური შებოჭვის განხორციელების ადგილი და ამ პროცესზე დასწრების უფლების მქონე პირები, მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სპეციალიზებული საიზოლაციო პალატა, ფიზიკური შეზღუდვის დროს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გამოყენების საკითხი და ფიზიკური შეზღუდვის დასრულების შემდეგ პერსონალის პაციენტთან გასაუბრებისა და მისთვის გასაჩივრების უფლების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება, ამასთანავე, შეიმუშაოს სპეციალური რეესტრის ფორმა და განსაზღვროს მასში ზემოაღნიშნული მონაცემების შეტანის ვალდებულება;
კ) განსაზღვროს ყველა ფსიქიატრიული დაწესებულებისთვის სავალდებულო საჩივრების განხილვისა და უკუკავშირის ერთიანი ჰოსპიტალშიდა პროცედურა. ეს პროცედურა ადამიანის უფლებების შესაბამისი, ხელმისაწვდომი, მარტივი, სამართლიანი და გამჭვირვალე უნდა იყოს;
ლ) უზრუნველყოს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 6 თვეზე მეტი ხნით მოთავსებული პაციენტის საჭიროებების შეფასება მისი დაწესებულებიდან გაწერისა და სათემო მომსახურებებზე გადაყვანის მიზნით; თავშესაფრების შექმნის გეგმა შეიმუშაოს თავშესაფრის მომავალ ბენეფიციართა რაოდენობის გათვალისწინებით;
მ) ფსიქიატრიული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის მიზნით უზრუნველყოს პაციენტთა შეფასება და იმ ბენეფიციართა ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ მომსახურებებზე გადაყვანა, რომლებსაც სტაციონარული მკურნალობა არ ესაჭიროებათ;
ნ) პაციენტის მკურნალობის დაწყებისას, გაგრძელებისას და მკურნალობის სქემის შეცვლისას ყველა ეტაპზე სავალდებულო გახადოს „სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №108/ნ ბრძანების მე-13 დანართით გათვალისწინებული №IV-300-12/ა ფორმის შევსება;
ო) სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დაავალოს, შეისწავლოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ანტიფსიქოზური მედიკამენტების გამოყენებისა და მათი თანამდევი, გვერდითი ეფექტების მართვის პრაქტიკა;
პ) უზრუნველყოს, რომ მულტიდისციპლინურმა გუნდმა გააგრძელოს პაციენტთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ინდივიდუალური გეგმების შედგენა, განახლება და მიღებული შედეგების შეფასება;
ჟ) უზრუნველყოს ფსიქიატრიული შემთხვევის მართვის საკითხებზე ფსიქიატრიული დაწესებულებების პერსონალის სწავლება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სასწავლო მასალებისა და კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების გამოყენებით;
რ) უზრუნველყოს ფსიქიატრიულ სტაციონარებში დასაქმებული ყველა სოციალური მუშაკის გადამზადება, რომელთაც არ აქვთ სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი;
ს) ფსიქიატრიული დაწესებულებების მიერ სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობების დაკმაყოფილების მიზნით შეამოწმოს შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ თავშესაფარსა და ქალთა და მამაკაცთა განყოფილებებში, აგრეთვე ბათუმის სამედიცინო ცენტრის ფსიქიატრიულ სტაციონარში არსებული მდგომარეობა და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება;
ტ) განახორციელოს ფსიქიატრიული დაწესებულებების რეგულარული, სისტემური და პროაქტიული მონიტორინგი, გააკონტროლოს ფსიქიატრიული დაწესებულებების პირობების სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებებით დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობა;
უ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გააგრძელოს ფსიქიატრიული დაწესებულებების პაციენტებისთვის სატელეფონო კომუნიკაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ფ) უზრუნველყოს, რომ სექსუალური ძალადობის შედეგად ქალის დაორსულების შემთხვევაში ორსულობის დაფინანსებისთვის საკმარისი იყოს სექსუალური ძალადობის სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიება;
ქ) მოახდინოს იმ საკანონმდებლო ცვლილების ინიციირება, რომლითაც გათვალისწინებული იქნება სუროგატი დედისა და სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის მშობლების მიერ შვებულებით სარგებლობის საკითხი (შესაბამისი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს);
ღ) ოჯახის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მიზნით ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი ოჯახის დეკლარაცია ხელმისაწვდომი გახადოს ბრაილის შრიფტით ან სხვა, ალტერნატიული საშუალებით;
ყ) კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით გამართოს საინფორმაციო შეხვედრები ქალთა მიმართ ძალადობის, გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობისა და შესაბამისი დაცვისა და დახმარების მომსახურებების ხელმისაწვდომობის საკითხებზე;
შ) შეიმუშაოს სისტემური ხედვა პოსტნატალური ზრუნვის საკითხზე და დედათა ჯანმრთელობის პროგრამების ყველა ეტაპზე უზრუნველყოს მათში ფსიქოლოგიური დახმარების მომსახურების ინტეგრირება;
ჩ) გადაამზადოს სოციალური მუშაკები ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებში, ამასთანავე, შეიმუშაოს ტრენინგისშემდგომი შეფასების დოკუმენტი, რომელიც შესაძლებელს გახდის გადამზადებულ სოციალურ მუშაკთა მიერ მიღწეული პროგრესის შეფასებას;
ც) სოციალური მუშაკებისთვის შეიმუშაოს სპეციალური სახელმძღვანელო წესები ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე, აგრეთვე ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებზე მუშაობისთვის;
ძ) გააგრძელოს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ორგანიზაციული და სტრუქტურული გაძლიერება, მათ შორის, რეგიონული ოფისებით აღჭურვით;
წ) შეიმუშაოს მკაფიო გეგმა პაციენტის საჭიროებებზე ორიენტირებული, მაღალი ხარისხის პირველადი ჯანდაცვის მომსახურებების (პრევენცია, სკრინინგი, მკურნალობა, მართვა) ეფექტიანად და ხარისხიანად მისაწოდებლად და განსაზღვროს მისი განხორციელების ვადა;
ჭ) გააგრძელოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურებების ტარიფების ფორმირების პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა;
ხ) დანერგოს სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვის ეფექტიანი სისტემა, რომლითაც განისაზღვრება შესაბამისი ინდიკატორები. ამ ინდიკატორების შესრულების მონიტორინგი პროაქტიულად განხორციელდება;
ჯ) გაააქტიუროს საექთნო ადამიანური რესურსის განვითარების, დამხმარე სამედიცინო პერსონალის (ექთნის/ფერშლის) პროფესიული საქმიანობისა და შრომის პირობების სტანდარტების, უწყვეტი პროფესიული განვითარებისა და პროფესიული რეგულირების სისტემის ჩამოყალიბების პროცესი;
ჰ) დაიწყოს მუშაობა საარსებო შემწეობის დანიშვნის ვადის გონივრული შემცირებისთვის;
ჰ1) ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიერ ინტელექტუალური შრომის შედეგად თანხის მიღების შესახებ სათანადო ინფორმაციის მიღების შემდეგ ეს თანხა არ ჩათვალოს ოჯახის ამ წევრის პირად ფულად შემოსავლად;
ჰ2) უზრუნველყოს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის უმოკლეს ვადაში შემუშავება და ამ სტრატეგიის შესაბამისად დანერგოს თემზე დაფუძნებული სერვისები;
ჰ3) გაააქტიუროს ღონისძიებები ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა სუიციდის პრევენციის მიზნით;
ჰ4) უზრუნველყოს ფსიქიატრიული დაწესებულებების შიდა ინსპექტირებისა და მონიტორინგის მექანიზმის შემუშავება, მისი საქმიანობის დეტალური აღწერა, ფუნქციებისა და მოვალეობების განსაზღვრა და ამ მექანიზმის დანერგვა;
ჰ5) მიიღოს შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრების რაოდენობის გაზრდისა და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მომსახურების სათანადოდ განვითარებისთვის აუცილებელი ზომები გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვით;
ჰ6) დაგეგმოს ფსიქიატრიის დარგში ადამიანური რესურსების გრძელვადიანი განვითარება და განახორციელოს ქმედითი ღონისძიებები ამ ადამიანური რესურსების (ფსიქიატრები, ფსიქოთერაპევტები, ფსიქიატრიის ექთნები, სოციალური მუშაკები) რაოდენობის გაზრდისა და ქვეყნის მასშტაბით სწორად განაწილების მიზნით;
ჰ7) გაააქტიუროს ღონისძიებები ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად;
ჰ8) უზრუნველყოს ნებაყოფლობითი და არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურებების მიმღებ პირთა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის წესისა და პროცედურების დადგენა ერთგვაროვანი, ეფექტიანი პრაქტიკის ჩამოსაყალიბებლად;
ჰ9) მიიღოს ფსიქიკური აშლილობების ეროვნული გაიდლაინების განახლებისთვის, კერძოდ, მათში რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების სათანადოდ ასახვისთვის საჭირო ყველა ზომა;
ჰ10) საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, უზრუნველყოს ფსიქიკური აშლილობის დროს ორსულობის მართვის პროტოკოლის შემუშავება დიაგნოზის მიხედვით;
ჰ11) უზრუნველყოს ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით პანსიონატებისა და სათემო ორგანიზაციების მიერ რეფერირების განხორციელების შემთხვევებზე ზედამხედველობა და მათი ანალიზი;
ჰ12) გამოიკვლიოს ხანდაზმულთა დაწესებულებების პერსონალის საჭიროებები და განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები გამოკვეთილი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, მათ შორის, პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებლად;
ჰ13) განახორციელოს ღონისძიებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პაციენტებისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეფექტიანად მისაწოდებლად; გადახედოს „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს და შესაბამისი შემთხვევები უმოკლეს ვადაში განიხილოს;
ჰ14) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომუშავე ექიმები ჩართოს გადამზადების იმ პროგრამებში, რომლებსაც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მომუშავე ექიმები გადიან;
ჰ15) გააძლიეროს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი სამედიცინო დაწესებულებებისა და მომუშავე სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერა;
ჰ16) დაადგინოს დევნილთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებიდან გამოსახლებისა და განსახლების წესი, რომლითაც განისაზღვრება მონიტორინგის ჩატარებისა და ფაქტობრივად ცხოვრების პირობების გამოკვლევისთვის საჭირო ყველა პროცედურა;
ჰ17) დევნილთა განსახლების სხვა პროგრამების მსგავსად, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადის წარდგენის შემდეგ დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას მიანიჭოს მისი განხილვის ვადის განსაზღვრის უფლებამოსილება;
ჰ18) გააგრძელოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში მოთავსებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების ისეთი პრაქტიკა, რომელიც საფრთხეს არ უქმნის თავშესაფრით მოსარგებლე სხვა პირებს;
ჰ19) გააგრძელოს თავშესაფრების ფიზიკური გარემოს ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთათვის მისაწოდებელი მომსახურების მაქსიმალურად დახვეწის მიზნით;
ჰ
20) გააგრძელოს თავშესაფრების ეზოების, ინვენტარისა და ბავშვებზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა;
ჰ21) გააძლიეროს საინფორმაციო კამპანია ქვეყანაში არსებული ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მომსახურებების პოპულარიზაციისა და მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით;
ჰ22) დახვეწოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში, აგრეთვე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა თავშესაფარში არსებული მსხვერპლთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მომსახურება;
ჰ23) გააგრძელოს თავშესაფრების პერსონალის, მათ შორის, მედდისა და ძიძის, გადამზადება ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებში;
ჰ24) გააგრძელოს ფსიქოლოგისა და ძიძის სამუშაო საათების განსაზღვრის ისეთი პრაქტიკა, რომელიც მაქსიმალურად ერგება დასაქმებულ ბენეფიციართა საჭიროებებს;
ჰ25) შეიმუშაოს რთული ქცევისა და ტრავმული გამოცდილების მქონე არასრულწლოვანთა ინდივიდუალური საჭიროებებისთვის მორგებული ფსიქოსოციალური და სარეაბილიტაციო პროგრამები ბავშვის უფლებათა კოდექსის შესაბამისად;
ჰ26) ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სტანდარტების სრულფასოვნად განხორციელების მიზნით დაიწყოს რელიგიური კონფესიების პანსიონებში ჩარიცხულ ბავშვებთან ინდივიდუალური მუშაობა მათი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებული წესით;
ჰ27) გააგრძელოს ზომების მიღება საქართველოში მოქმედი ყველა არალიცენზირებული რელიგიური სკოლა-პანსიონის გამოსავლენად და უზრუნველყოს მათი ლიცენზირება და კანონით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელება;
ჰ28) გააძლიეროს რელიგიური კონფესიების პანსიონებში შიდა მონიტორინგი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად;
ჰ29) დაგეგმოს სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში მყოფი, ძალადობის მსხვერპლი ბავშვის სარეაბილიტაციო და თერაპიული ღონისძიებები და ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის მიზნით; ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევაში მუდმივად განახორციელოს ბავშვთან მომუშავე პირთა მიერ რეფერირების პროცედურების აღსრულების მონიტორინგი;
ჰ30) გადახედოს ბავშვთა სიღარიბისა და ცხოვრების არასათანადო დონის დაძლევის პოლიტიკას, კერძოდ, შეაფასოს არსებული სოციალური პროგრამები და გამოკვეთილი საჭიროებების მიხედვით, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების ოჯახების მხარდაჭერის მიზნით დაგეგმოს ეფექტიანი, სიღარიბის პრევენციასა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებული მომსახურებები ბავშვის უფლებათა კოდექსის შესაბამისად;
ჰ31) შვილად აყვანის პროცესში ბავშვის შეთავაზების წესის დასახვეწად მოახდინოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების ინიციირება;
ჰ32) შვილად აყვანის საკითხზე მომუშავე სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები და სხვა პროფესიონალები გადაამზადოს ბავშვის უფლებებისა და ინდივიდუალური საჭიროებების, ბავშვის რთული ქცევის მართვისა და პრევენციის საკითხებში;
ჰ33) შვილად აყვანის საკითხზე მომუშავე სოციალური მუშაკებისა და სხვა პროფესიონალებისთვის შეიმუშაოს სახელმძღვანელო პრინციპები და სარეკომენდაციო მითითებები და ამ სახელმძღვანელო პრინციპების ფარგლებში განსაზღვროს ბავშვთან გასაუბრებისა და შეფასების წესი;
ჰ34) მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალურ და ტერიტორიულ ორგანოებში ბავშვთან შეხვედრისა და გასაუბრებისთვის მოაწყოს მისი საჭიროებებისთვის მორგებული, კეთილსაიმედო, ადაპტირებული გარემო ბავშვის უფლებათა კოდექსის შესაბამისად;
ჰ35) უზრუნველყოს, რომ სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაშიც იქნეს მიწოდებული;
ჰ36) სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსური და ადამიანური რესურსებით გააძლიეროს; შეაფასოს მობილური ჯგუფების საქმიანობის ხარისხი და შეიმუშაოს შეფასების ეფექტიანი ფორმა, რომლითაც განისაზღვრება ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ინდივიდუალური საჭიროებები და რისკები;
ჰ37) უზრუნველყოს ქუჩაში ცხოვრებისა და მუშაობის საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვების ოჯახების ადრეული გამოვლენა და მათთვის ეფექტიანი მომსახურების დროულად მიწოდება ბავშვის უფლებათა კოდექსის შესაბამისად;
ჰ38) ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ოჯახებისა და მშობლებისთვის შეიმუშაოს და დანერგოს დამატებითი სერვისები მათი გადაუდებელი მატერიალური მხარდაჭერისა და აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებისთვის, აგრეთვე დასაქმების მოტივაციის გასაძლიერებლად და შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად, ბავშვის უფლებათა კოდექსის შესაბამისად;
ჰ39) გაააქტიუროს ღონისძიებები ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, აგრეთვე მათ მიმართ მგრძნობელობის ამაღლების მიზნით; დაგეგმოს საინფორმაციო კამპანიები შესაბამის თემებზე, მათ შორის, ქუჩაში ბავშვებისთვის მოწყალების გაღებისა და ამ ბავშვების მიმართ ძალადობის შემთხვევაში განსახორციელებელი ქმედებების საკითხებზე, ბავშვის უფლებათა კოდექსის შესაბამისად;
ჰ40) სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ბენეფიციარებს 18 წლის შესრულების შემდეგ მიაწოდოს შესაბამისი მომსახურება ბავშვის უფლებათა კოდექსის შესაბამისად;
ჰ41) გააძლიეროს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ცენტრები ადამიანური, ტექნიკური და ფინანსური რესურსებით, გაზარდოს სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობა;
ჰ42) დანერგოს ბავშვის მიმართ ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების, აგრეთვე შეფასების პროცესის, ინსტრუმენტისა და კრიტერიუმების მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმი ხარვეზებისა და არასათანადო რეაგირების გამოსავლენად/თავიდან ასაცილებლად;
ჰ43) ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ბავშვთან მუშაობის საწყის ეტაპზე ჩართოს ფსიქოლოგი და დაგეგმოს ბავშვის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის პროცესი ბავშვის უფლებათა კოდექსის შესაბამისად;
ჰ44) უზრუნველყოს საერთაშორისო დაცვის მქონე, თავშესაფრის მაძიებელ და მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანთა უფლებრივი მდგომარეობის სისტემური შეფასება, გამოავლინოს მათი უფლებების დარღვევა და, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მასზე სათანადო რეაგირება მოახდინოს;
ჰ45) შეისწავლოს პანსიონატების ბენეფიციართა ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს მათთვის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მომსახურების ხელმისაწვდომობა;
ჰ46) გააძლიეროს სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებების მიერ ხანდაზმულთათვის მომსახურების მიწოდების რეგულარული მონიტორინგი;
ჰ47) პანსიონატების ბენეფიციარებზე ზრუნვის პროცესში, მათ შორის, მულტიდისციპლინური გუნდის საქმიანობაში, ჩართოს სოციალური მუშაკი;
ჰ48) ბენეფიციართა ინტერესებისთვის მორგებული პირობების გათვალისწინებით, სს „ლიბერთი ბანკთან“ აწარმოოს მოლაპარაკებები დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შესატანად;
ჰ49) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული, მძიმე მდგომარეობაში მყოფი დევნილთა განსახლების 21 ობიექტიდან გამოავლინოს ისეთი შენობები, რომელთა მდგრადობა ბოლო 2 წლის განმავლობაში არ შემოწმებულა, და მათი მდგომარეობა საექსპერტო შეფასებების ჩატარებით გადაამოწმოს;
ჰ50) საექსპერტო შეფასებების ჩატარებით პროაქტიულად გადაამოწმოს დევნილთა განსახლების ობიექტების მდგრადობა, რათა შესაძლებელი გახდეს ე. წ. ნგრევადი შენობების რაოდენობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის შეგროვება;
ჰ51) მაქსიმალურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხის შემცველი დევნილთა ყოფილი კოლექტიური განსახლების ობიექტებიდან ოჯახების გამოსახლებისა და გრძელვადიანი განსახლების მიზნით, ხოლო საკმარისი რესურსის (გასანაწილებელი ბინების) არარსებობის შემთხვევაში ეს ოჯახები გრძელვადიან განსახლებამდე ქირით უზრუნველყოს;
ჰ52) საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან − გარემოს ეროვნული სააგენტოსგან მიღებული გეოლოგიური დასკვნების გაანალიზების შედეგად გამოავლინოს მაღალი რისკის ქვეშ მცხოვრები ოჯახები და განსახლებისთვის გამოყოფილი თანხა შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად მოახმაროს ამ ოჯახების განსახლებას;
ჰ53) გაააქტიუროს 2004−2012 წლებში განსახლებული ეკომიგრანტებისთვის საცხოვრებელი ფართობების საკუთრებაში გადაცემის პროცესი;
ჰ54) ბენეფიციარის საჭიროებების გათვალისწინებით, შეიმუშაოს მისი მომსახურების ინდივიდუალური გეგმა;
ჰ55) აქტიური დაბერების უზრუნველყოფის მიზნით შეიმუშაოს სოციალური ღონისძიებების გეგმა;
ჰ56) გამოავლინოს მხარდამჭერის საჭიროების მქონე ბენეფიციარები და მიიღოს ზომები მათთვის მხარდამჭერის დანიშვნის პროცედურების დასაწყებად;
ჰ57) შეიმუშაოს ფსიქიატრიული დახმარების უზრუნველყოფის ჰოსპიტალგარე სახელმწიფო ზედამხედველობისა და ფსიქიატრიული მომსახურების ხარისხისა და უფლებების დაცვის მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც უფლებამოსილი იქნება, ფსიქიატრიული მომსახურების მიმღები პირებისგან, მათი წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისგან მიიღოს კონფიდენციალური/ღია საჩივრები ფსიქიატრიული მომსახურების ხარისხისა და უფლებების კუთხით გამოვლენილ დარღვევებზე და განახორციელოს ფსიქიატრიული მომსახურების მიმწოდებელთა რეგულარული, სისტემური და პროაქტიული მონიტორინგი;
ჰ58) უზრუნველყოს საჯარო სამსახურში დასაქმებული მნიშვნელოვნად გამოხატული და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების აღრიცხვა (სტატისტიკის წარმოება) მათ მიერ „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით გათვალისწინებული სოციალური პაკეტით სარგებლობისთვის მისი ხელმისაწვდომობის მიზნით;
ჰ59) უზრუნველყოს ნორმატიული აქტების გამოცემა სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების თაობაზე საბჭოს 1989 წლის 30 ნოემბრის 89/654/EEC დირექტივის, სამუშაო ადგილზე მუშაკთა მიერ სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისთვის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების თაობაზე ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 16 სექტემბრის 2009/104/EC დირექტივისა და მონიტორიან დანადგარებთან მუშაობისთვის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების თაობაზე საბჭოს 1990 წლის 29 მაისის 90/270/EEC დირექტივის დებულებათა შესასრულებლად;
ჰ60) განახორციელოს ღონისძიებები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის „მრეწველობასა და ვაჭრობაში შრომის ინსპექციის შესახებ“ №81 კონვენციის, „სოფლის მეურნეობაში შრომის ინსპექციის შესახებ“ №129 კონვენციისა და „სამუშაო ადგილებზე ჯანმრთელობის უსაფრთხოების შესახებ“ №155 კონვენციის რატიფიცირების პროცედურების დასაწყებად;
ჰ61) დააჩქაროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ორგანიზაციული და სტრუქტურული გაძლიერება, მათ შორის, რეგიონული ოფისებით აღჭურვით;
ჰ62) გააძლიეროს სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც უზრუნველყოფს ონკოლოგიურ დაავადებათა ახალი შემთხვევების დროულად გამოვლენას, კიბოს გავრცელების პრევენციას და ონკოლოგიური პაციენტებისთვის მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას;
ჰ63) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ განხორციელებულ შინამეურნეობის კვლევებზე დაყრდნობით, უზრუნველყოს მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის განახლებისა და მისი ეფექტიანობის პერიოდული შესწავლის მეთოდოლოგიის შემუშავება;
ჰ64) გაზარდოს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის, ბავშვთა აბილიტაციის/რეაბილიტაციის, დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფისა და სათემო ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამების შესაბამისი საჭიროების მქონე ყველა პირისთვის ხელმისაწვდომობა ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, საჭიროებების კვლევის, მომსახურებაში გამოკვეთილი ხარვეზების/გამოწვევების შესწავლის, დაფინანსების გაზრდისა და მომსახურების მიმწოდებელი პერსონალის სწავლების/გადამზადების გზით;
ჰ65) უზრუნველყოს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამაში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვების სამიზნე ჯგუფად განსაზღვრა და მათთვის შესაბამისი მომსახურების მიწოდება;
ჰ66) სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით, სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტთან ერთად, გაითვალისწინოს სმენის რეაბილიტაციისა და სასმენი ტექნოლოგიების სრული ხელმისაწვდომობის კომპონენტი;
ჰ67) უზრუნველყოს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის სათემო ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების ბენეფიციართა რაოდენობის გაზრდა;
ჰ68) უზრუნველყოს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ბიუჯეტის ისე გაზრდა და განაწილება, რომ შესაძლებელი გახდეს ბენეფიციარებისთვის სათანადო სარეაბილიტაციო ღონისძიებების მომსახურების მიმწოდებელი კვალიფიციური კადრების მიერ მიწოდება;
ჰ69) უზრუნველყოს მისაწვდომობის საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების, უნივერსალური დიზაინის სტანდარტებისა და პრინციპების საფუძველზე შემუშავებული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მარეგულირებელი ნორმებისა და ვალდებულებების შესახებ საინფორმაციო კამპანიის წარმოება საზოგადოებისა და პასუხისმგებელი სუბიექტებისთვის სათანადო ინფორმაციის მისაწოდებლად;
ჰ70) მისაწვდომობის ეროვნული გეგმა შეიმუშაოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებისა და ამ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართულობით, ამ გეგმაში გაითვალისწინოს საზოგადოებისთვის განკუთვნილი ობიექტების/მომსახურებების და საჯარო დაწესებულებების მისაწვდომობის უზრუნველყოფის პრიორიტეტულობა, ამასთანავე, აღნიშნული გეგმით განსაზღვროს მისი შემჭიდროებულ ვადაში განხორციელება.
7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ:
ა) გააგრძელოს სოფლებში მცხოვრები მეწარმე ქალების პროფესიული განვითარება და ეკონომიკური გაძლიერება მათთვის ტრენინგების ჩატარებითა და პროექტების მართვის უნარ-ჩვევების სწავლებით;
ბ) დახვეწოს მეთოდოლოგია, რომლის საფუძველზედაც მეწარმეობის მხარდამჭერი პროგრამების დაფინანსებისას გათვალისწინებული იქნება შესაბამისი რეგიონის სპეციფიკა და საჭიროებები;
გ) უზრუნველყოს სათანადო მატერიალურ-ტექნიკური რესურსის გამოყოფა და განახორციელოს ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების ნორმაზე მეტი კონცენტრაციის შემთხვევების გამოსავლენად და აღნიშნულ სამართალდარღვევაზე რეაგირების ეფექტიანი მექანიზმის შესაქმნელად და ასამოქმედებლად საჭირო საკანონმდებლო ღონისძიებები.
8. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ:
ა) უზრუნველყოს სკოლის მასწავლებელთა გადამზადება განათლების სისტემაში დასაქმებულ პირთა კანონით განსაზღვრული, ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხთან დაკავშირებული ვალდებულებების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად;
ბ) გააძლიეროს ადამიანის უფლებათა სწავლება საერთაშორისო სახელმძღვანელო პრინციპების გათვალისწინებით;
გ) სკოლების მასწავლებლებისა და სასწავლო პროცესში ჩართული სხვა პირებისთვის შეიმუშაოს ადამიანის უფლებათა სწავლების ერთიანი ტრენინგპოლიტიკის დოკუმენტი;
დ) შეიმუშაოს სკოლებში სუიციდის რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების გამოვლენის მეთოდოლოგია და მათი ინდივიდუალური საჭიროებების გამოვლენით მოახდინოს რეფერირება, ამასთანავე, უზრუნველყოს სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის მომსახურება ბავშვის უფლებათა კოდექსის შესაბამისად;
ე) სკოლებში ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილებში განათავსოს ინფორმაცია მათი უფლებების დაცვის მექანიზმებისა და ამ მექანიზმების საკონტაქტო მონაცემების შესახებ;
ვ) სკოლებში ბავშვებთან მომუშავე პერსონალს აქტიურად ჩაუტაროს ტრენინგები და გადაამზადოს იგი ბავშვთა მიმართ ძალადობის რისკებისა და ბავშვთა რთული ქცევის მართვის საკითხებში;
ზ) შეიმუშაოს პანსიონური მომსახურების ერთიანი სტანდარტი და დანერგოს შესაბამის დაწესებულებებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმი;
თ) შეიმუშაოს მოსწავლის მიერ სკოლის მიტოვების შემთხვევების აღრიცხვისა და სტატისტიკური მონაცემების დამუშავების ერთიანი მეთოდოლოგია და სტანდარტი;
ი) უზრუნველყოს, რომ მულტიდისციპლინურმა გუნდმა დროულად შეაფასოს არასრულწლოვან მსჯავრდებულთა საგანმანათლებლო საჭიროებები და მათთვის ხელმისაწვდომი გახადოს სპეციალური პედაგოგი;
კ) უზრუნველყოს საქართველოში მყოფ საერთაშორისო დაცვის მქონე, თავშესაფრის მაძიებელ და მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანთათვის ზოგადი განათლების მიწოდებისას გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინება;
ლ) გაზარდოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრების რაოდენობა და გააძლიეროს არსებულ ცენტრთა შესაძლებლობები;
მ) უზრუნველყოს ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ბავშვების, აგრეთვე საგანმანათლებლო სისტემაში ჩართული შშმ, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლეების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა (სტატისტიკის წარმოება);
ნ) უზრუნველყოს პრაქტიკაზე ორიენტირებული სატრენინგო მოდულების/პროგრამების გამოყენებით სკოლების მასწავლებლებისა და ინკლუზიური განათლების სპეციალისტების გადამზადება შშმ, სსსმ მოსწავლეთა საგანმანათლებლო საჭიროებების საკითხში, მათ შორის, ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შედგენის, მოსწავლეთა რთული ქცევის მართვის, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე, მძიმე და მრავლობითი დარღვევების მქონე მოსწავლეთა სწავლების მეთოდების, კომუნიკაციის დამხმარე და ალტერნატიული ტექნოლოგიების გამოყენებისა და მოსწავლეთა შეფასების საკითხებში;
ო) უზრუნველყოს ქცევის პოზიტიური მართვის ხელშემწყობი პროგრამების/მომსახურებების შემუშავება და სკოლებში განხორციელება;
პ) უზრუნველყოს უკუკავშირი სკოლების მიერ ჩატარებულ ინკლუზიური განათლების შიდა მონიტორინგთან (მათ შორის, სკოლების მიერ წარდგენილ დასკვნებთან) დაკავშირებით;
ჟ) ინკლუზიური განათლების გარე მონიტორინგი უფრო ხშირად (არანაკლებ სემესტრში ერთხელ) ჩაატაროს, გარე მონიტორინგის პროცესში უზრუნველყოს ინკლუზიური განათლების კუთხით არსებული საჭიროებების სიღრმისეული შესწავლა, დოკუმენტაციის ანალიზი და გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემა;
რ) ზედამხედველობა გაუწიოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების (სკოლების) მიერ შშმ, სსსმ მოსწავლეთათვის მათი საჭიროებების შესაბამისად გარე და შიდა ინფრასტრუქტურის, აგრეთვე სასწავლო მასალების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;
ს) ზედამხედველობა გაუწიოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ინკლუზიური განათლების დანერგვის/განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავებას;
ტ) ზედამხედველობა გაუწიოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მშობლებთან ინკლუზიური განათლების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ბავშვთა უფლებების, დისკრიმინაციისა და ძალადობისგან დაცვის საკითხებზე, მათ შორის, ძალადობის სახეებთან და შედეგებთან, ფსიქოლოგიური ინტერვენციის მნიშვნელობასთან და პასუხისმგებლობის ფორმებთან დაკავშირებულ საკითხებზე, საინფორმაციო შეხვედრების გამართვას;
უ) ზედამხედველობა გაუწიოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ საჭიროების შემთხვევაში ინკლუზიური განათლების სპეციალისტების (ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, მობილობისა და ორიენტაციის სპეციალისტი, ჟესტური ენის სპეციალისტი, ჟესტური ენის თარჯიმანი, ენისა და მეტყველების თერაპევტი) დაქირავებას;
ფ) ზედამხედველობა გაუწიოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ინკლუზიური განათლების შიდა მონიტორინგის სასწავლო წლის განმავლობაში არანაკლებ ერთხელ ჩატარებას, შიდა მონიტორინგის პროცესში ინკლუზიური განათლების კუთხით არსებული ხარვეზების სრულყოფილად გამოვლენას და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას;
ქ) ხელი შეუწყოს ეროვნული უმცირესობების ენების სკოლებისთვის მულტილინგვური სწავლების მოდელის შემუშავებასა და დანერგვას, ორენოვანი მასწავლებლების მომზადებასა და გადამზადებას, ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების შემუშავებას და სასწავლო მასალების შექმნას;
ღ) დაიწყოს საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად გამოცემული სასკოლო სახელმძღვანელოების ეროვნული უმცირესობების ენებზე თარგმნისა და გამოცემის და ამ სახელმძღვანელოებით სკოლების უზრუნველყოფის პროცესი;
ყ) დაიწყოს ქმედითი ღონისძიებების განხორციელება საქართველოს სომხურენოვანი, აზერბაიჯანულენოვანი და რუსულენოვანი სკოლებისთვის მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების შედგენისა და გამოცემის და შესაბამის საგნებში სასწავლო პროცესის საქართველოში გამოცემული სახელმძღვანელოებით წარმართვის უზრუნველსაყოფად;
შ) ხელი შეუწყოს ეროვნული უმცირესობების კულტურის მოღვაწეებისა და შემოქმედებითი ჯგუფების (ანსამბლების, თეატრებისა და სხვათა) კონცერტებისა და შემოქმედებითი საღამოების მოწყობას საქართველოს დედაქალაქსა და სხვადასხვა რეგიონში, ამასთანავე, გააძლიეროს ქვეყნის შიგნით სტუდენტთა და მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამები;
ჩ) ხელი შეუწყოს ქართული კულტურის ცნობილი და პოპულარული შემოქმედებითი ჯგუფების (ანსამბლების, თეატრებისა და სხვათა) გასტროლების, კერძოდ, სპექტაკლების, კონცერტებისა და შემოქმედებითი საღამოების მოწყობას ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში;
ც) გააგრძელოს ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის პროცესი და დაიწყოს ამ ძეგლების კონსერვაცია და რესტავრაცია;
ძ) მუნიციპალიტეტების ორგანოებთან თანამშრომლობით, ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მუნიციპალიტეტებში (სოფლებში და სხვ.) ხელი შეუწყოს კულტურის სახლებისა და კულტურის ცენტრების საქმიანობას;
წ) ხელი შეუწყოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არაფორმალური განათლების პროექტებს;
ჭ) აღადგინოს საქართველოს ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ ან დაფინანსებულ საზაფხულო ბანაკებსა და საზაფხულო სკოლებში მყოფი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ქართული ენის სწავლება, ხოლო სტუდენტებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის პარალელურად, შესთავაზოს ქართული ენის სასწავლო პროგრამები;
ხ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სტუდენტებისთვის შეიმუშაოს სტიპენდიით ან საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა, რათა მათ შესაბამისი გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში სწავლის უნივერსიტეტში გაგრძელება შეძლონ;
ჯ) არსებულ სტუდენტურ საცხოვრებლებში გამოყოს შესაბამისი კვოტა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სტუდენტებისთვის, აგრეთვე გააგრძელოს ახალი სტუდენტური საცხოვრებლების მშენებლობის პროექტზე მუშაობა;
ჰ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მოვლა-პატრონობის წესების დარღვევის შემთხვევაში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინტერესის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, დროულად და ეფექტიანად განახორციელოს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით განსაზღვრული ღონისძიებები, მათ შორის, უზრუნველყოს შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება.
9. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ:
ა) დროულად მოამზადოს სახელმძღვანელო დოკუმენტი სოფლის მეურნეობის სექტორიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად/შესამცირებლად;
ბ) მოახდინოს „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ინიციირება (პროექტი საქართველოს პარლამენტს წლის განმავლობაში წარუდგინოს);
გ) აქტიურად ითანამშრომლოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, რათა ყველა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებისთვის, რომლებიც საკუთარი წყალმომარაგების სისტემით სარგებლობენ, განისაზღვროს სასმელი წყლის ვარგისობის შემოწმების წესი და მისი ლაბორატორიული კვლევის სიხშირე;
დ) დროულად უზრუნველყოს სათანადო მატერიალურ-ტექნიკური რესურსის გამოყოფა და განახორციელოს ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების ნორმაზე მეტი კონცენტრაციის შემთხვევების გამოსავლენად და აღნიშნულ სამართალდარღვევაზე რეაგირების ეფექტიანი მექანიზმის შესაქმნელად და ასამოქმედებლად საჭირო საკანონმდებლო ღონისძიებები;
ე) „ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 აგვისტოს №421 დადგენილებაში შეიტანოს ცვლილება, რომლითაც მკაფიოდ განისაზღვრება ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული 500-მეტრიანი მანძილის გამოთვლის კრიტერიუმები;
ვ) შეიმუშაოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების მაჩვენებლის (ზუსტი მონაცემის) განსაზღვრის მეთოდოლოგია და ამ მაჩვენებლის შეფასების სტანდარტი;
ზ) უზრუნველყოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესება (მათ შორის, მონიტორინგის სადგურების რაოდენობის გაზრდა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი რესურსების გამოყოფით;
თ) დადგენილი ნორმების შეუსაბამო ხარისხის საწვავის მიწოდების მონიტორინგის განხორციელებისას უზრუნველყოს საავტომობილო დიზელისა და ბენზინის სინჯების აღება და მათში ეროვნულ დონეზე განსაზღვრული ყველა ნივთიერების მოცულობითი წილის შეფასება.
10. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააგრძელოს მოლაპარაკებების წარმოება ყველა შესაძლო საერთაშორისო ფორმატის გამოყენებით, რათა რუსეთის ფედერაციის მთავრობამ უზრუნველყოს საერთაშორისო დამკვირვებლების სრული და შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
11. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ:
ა) დახვეწოს რელიგიური გაერთიანებების დაფინანსებისა და საგადასახადო სისტემები;
ბ) უზრუნველყოს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ინიციირება, რომლითაც 2021 წლიდან საშემოსავლო გადასახადის შეღავათი ვეტერანების მიმართ გაიზრდება 6 000 ლარამდე (მკვეთრად გამოხატული და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანების მიმართ − 9 000 ლარამდე).
12. შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა:
ა) უზრუნველყოს, რომ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციისთვის ხელის შესაწყობად შესაბამისი სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შემუშავდეს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების, მათ შორის, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წარმომადგენლების, აქტიური მონაწილეობით;
ბ) აწარმოოს დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებები აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში (განსაკუთრებით − გალის რაიონში) სკოლების მოსწავლეებისა და ახალგაზრდების მიერ არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობისთვის ხელის შესაწყობად;
გ) ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში განახორციელოს საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებები და კამპანიები ანტიდასავლური პროპაგანდისა და ოკუპანტი ქვეყნის (რუსეთის ფედერაციის) საინფორმაციო არხების გავლენის აღმოსაფხვრელად, აგრეთვე ცალკეული ორგანიზაციებისა და პირების მიერ ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობის საწინააღმდეგოდ.
13. მუნიციპალიტეტის ორგანოებმა:
ა) უზრუნველყონ გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრთათვის ქვეყანაში არსებული გენდერული პოლიტიკისა და შესაბამისი ეროვნული სამოქმედო გეგმების შესახებ ტრენინგების ჩატარება;
ბ) უზრუნველყონ ისეთი ინსტრუმენტების დანერგვა, როგორიცაა გენდერული სტრატეგია და გენდერული ბიუჯეტირება, ხელი შეუწყონ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო მომსახურებების, სექსუალური შევიწროებისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხებზე გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრთა მგრძნობელობის ამაღლებას;
გ) შეისწავლონ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალთა სპეციფიკური საჭიროებები და უზრუნველყონ მათი სამოქმედო გეგმებში, სტრატეგიებსა და პოლიტიკის დოკუმენტებში ასახვა, კვლევის ძირითადი მიგნებები გამოაქვეყნონ მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე;
დ) უზრუნველყონ ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული მიზნობრივი პროგრამებისა და გენდერული ბიუჯეტირების განხორციელება;
ე) მიიღონ ყველა შესაძლო ზომა ადგილობრივი თემისთვის პრიორიტეტული პროექტების დაგეგმვისას, განხორციელებისას და შეფასებისას ყველა ეტაპზე ქალთა მონაწილეობის/ჩართულობის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების გათვალისწინებას;
ვ) სოფლებში მცხოვრები ქალებისთვის უზრუნველყონ პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ტრანსპორტირებისა და ბავშვის მოვლის მომსახურების გარანტირებით;
ზ) აღრიცხონ მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარტოხელა და მრავალშვილიანი მშობლები;
თ) რელიგიური გაერთიანებების საკულტო ნაგებობების მშენებლობისას მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში დაიცვან რელიგიური ნეიტრალიტეტი და თანასწორუფლებიანობის კონსტიტუციური პრინციპი;
ი) კერძოდ, დედოფლისწყაროს, ზესტაფონის, ლაგოდეხის, ლანჩხუთის, სიღნაღის, ტყიბულის, ჭიათურისა და ხონის მუნიციპალიტეტების საკრებულოებმა, უზრუნველყონ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და მიღება;
კ) კერძოდ, კასპისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოებმა, უზრუნველყონ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და მიღება;
ლ) აღრიცხონ სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების ოჯახები, მათი ინდივიდუალური საჭიროებები, შეაფასონ მუნიციპალიტეტის დონეზე ბავშვთა სიღარიბის დაძლევის მიზნით არსებული პროგრამების ეფექტიანობა და დაგეგმონ ისეთი პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობს ბავშვთა სიღარიბის პრევენციას ბავშვის უფლებათა კოდექსის შესაბამისად;
მ) თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყონ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ოჯახებისთვის, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვებისა და ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში ჩართვის რისკის მქონე ბავშვების ოჯახებისთვის, მიზნობრივი მომსახურებების მიწოდება ბავშვის უფლებათა კოდექსის შესაბამისად;
ნ) განახორციელონ ღონისძიებები სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებათა შენობების ინფრასტრუქტურისა და ფუნქციური მოწყობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან მისასადაგებლად;
ო) გამოყონ სახსრები საბავშვო ბაღებში ადამიანური და ფინანსური რესურსების გასაზრდელად;
პ) რეგულარულად უზრუნველყონ საბავშვო ბაღებში დასაქმებულ პირთა პროფესიული გადამზადება;
ჟ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებები აღჭურვონ საჭირო ინვენტარით, სახელმძღვანელოებითა და სათამაშოებით;
რ) თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყონ საერთაშორისო დაცვის მქონე, თავშესაფრის მაძიებელ და მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანთა და მათი ოჯახების აღრიცხვა და მათთვის მიზნობრივი მომსახურებების მიწოდება ბავშვის უფლებათა კოდექსის შესაბამისად;
ს) თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყონ საერთაშორისო დაცვის მქონე, თავშესაფრის მაძიებელ და მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანთა მიერ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიღების ხელშეწყობა;
ტ) კომპლექსურად შეისწავლონ ინკლუზიური განათლების კუთხით სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების საჭიროებები და მათი მუნიციპალურ პროგრამებსა და ფინანსურ გეგმებში ასახვა; განსაკუთრებული აქცენტი გააკეთონ საბავშვო ბაგა-ბაღების შიდა და გარე ინფრასტრუქტურისა და რესურსების ხელმისაწვდომობაზე, ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი პერსონალის დაქირავებასა და არსებული პერსონალის გადამზადებაზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) აღსაზრდელთა საჭიროებებსა და სათანადო მიდგომაზე;
უ) უზრუნველყონ საკონსულტაციო საბჭოების შექმნა და ფუნქციონირება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აგრეთვე ამ საბჭოებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) აღსაზრდელთა მშობლების ჩართულობის ხელშეწყობა, მათ შორის, მათთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდებით;
ფ) უზრუნველყონ აღსაზრდელთა მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების განათლება და მხარდაჭერა, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მნიშვნელობის, ბავშვის უფლებების, ინკლუზიური განათლების არსისა და შშმ, სსსმ აღსაზრდელთა საჭიროებების, სათანადო მიდგომისა და ინტერვენციების მნიშვნელობისა და ძალადობისგან დაცვის მექანიზმების შესახებ ცნობიერების ამაღლება ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრების მეშვეობით;
ქ) შესაბამისი არქიტექტურული და საზედამხედველო სამსახურების პერსონალი გადაამზადონ უნივერსალური დიზაინის სტანდარტებისა და პრინციპების საფუძველზე შემუშავებული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად;
ღ) აწარმოონ მუნიციპალიტეტის დონეზე ფიზიკური გარემოს გაუმჯობესების სტატისტიკა;
ყ) სრულყოფილად შეისწავლონ მუნიციპალიტეტის დონეზე მისაწვდომობის კუთხით არსებული ხარვეზები და შეიმუშაონ რეკომენდაციები მათ აღმოსაფხვრელად;
შ) უზრუნველყონ მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს ეფექტიანი საქმიანობა შშმ პირთა და მათი წარმომადგენლების ჩართულობით;
ჩ) გარდაბნის, დუშეთის, ვანის, თიანეთის, კასპის, ყაზბეგის, წალკის, ჭიათურისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების შექმნა და ეფექტიანი საქმიანობა შშმ პირთა და მათი წარმომადგენლების ჩართულობით;
ც) შეისწავლონ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხანდაზმულთა საჭიროებები, შეიმუშაონ მიზნობრივი პროგრამები და ასახონ ისინი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში;
ძ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მუნიციპალიტეტებში (სოფლებში და სხვ.) ხელი შეუწყონ კულტურის სახლებისა და კულტურის ცენტრების საქმიანობას, აღდგენას და სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას;
წ) ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში სწავლების ხარისხის ასამაღლებლად და მათი საქმიანობის ეფექტიანობის გასაზრდელად დაიწყონ პედაგოგთა გადამზადება, სასწავლო რესურსების შექმნა და მათთვის მიწოდება;
ჭ) ქარელის, ხარაგაულის, აბაშის, დედოფლისწყაროს, წალკის, დმანისისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ფორმირებისას მოახდინონ ფინანსების მობილიზება გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოვლენილ გეოლოგიურად აქტიურ ტერიტორიებზე პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად;
ხ) ქარელის, ხარაგაულის, აბაშის, დედოფლისწყაროს, წალკის, დმანისისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებამდე შეისწავლონ საპროექტო ტერიტორიები გეოლოგიური პროცესების იდენტიფიცირების მიზნით და განახორციელონ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ განსაზღვრული ღონისძიებები.
14. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააძლიეროს ეროვნული/ეთნიკური უმცირესობების ენებზე მაუწყებლობა და ხელი შეუწყოს ამ ენებზე მომზადებული მედიაპროდუქტის ხელმისაწვდომობასა და პოპულარიზაციას ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში.
15. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეიმუშაოს და პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზოს ურთიერთშეთანხმების დოკუმენტი საარჩევნო პერიოდში სიძულვილის ენის გამოყენების, სიძულვილის ენის ერთგვაროვანი განმარტებისა და შესაბამისი განცხადებებისგან თავის შეკავების თაობაზე.
16. იმ პასუხისმგებელმა უწყებებმა, რომლებმაც საანგარიშო პერიოდში ვერ უზრუნველყვეს „2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 20 სექტემბრის №5003-Iს დადგენილებით გათვალისწინებული დავალებების სრულყოფილად შესრულება, განახორციელონ ყველა შესაძლო ღონისძიება აღნიშნული დავალებების შესასრულებლად.
17. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მონიტორინგი გაუწიოს „2019 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში მითითებული ფაქტების თავიდან აცილებისა და ამ დადგენილებით გათვალისწინებული დავალებების შესრულებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებას. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს აღნიშნული დავალებების შესრულების შესახებ ანგარიშები წარედგინოს 2021 წლის 1 მარტამდე.
18. საქართველოს პარლამენტში შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც განიხილავს „2019 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში წარმოდგენილი, საქართველოს პარლამენტისადმი მიმართული წინადადებების გათვალისწინების საკითხს.
19. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეარჩილ თალაკვაძე
თბილისი,
29 ივნისი 2020 წ.
N6679-რს