სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის თაობაზე
მიღების თარიღი 15.07.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №6851-რს
სარეგისტრაციო კოდი 010100000.09.001.016609
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/07/2020
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.07.2020 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე თბილისი, 15 ივლისი 2020 წ. N6851-რს | საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ „2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა
დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის
ანგარიშის თაობაზე „2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე „2019 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა
დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის
ანგარიშის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის თაობაზე
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის თაობაზე
2019 წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი გარდაიქმნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურად, რომლის მიზანია, განახორციელოს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი, ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ დანაშაულთა მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება.
საქართველოს პარლამენტი ხაზგასმით აღნიშნავს ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის სფეროში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განსაკუთრებულ როლს.
საქართველოს პარლამენტი აღიარებს, რომ პირადი ცხოვრების უფლების დაცვა არის მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ღირებულება, რომელიც პიროვნების თავისუფალ განვითარებას უზრუნველყოფს. ეს უფლება ადამიანის თავისუფლებისთვის, თვითმყოფადობისა და თვითრეალიზაციისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. ამ უფლების სრულყოფილად გამოყენების ხელშეწყობა და დაცვა დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის არსებითად განმსაზღვრელია.
საქართველოს პარლამენტს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ადამიანის პირადი სივრცის არა მხოლოდ რეალური, ფაქტობრივი ხელშეუხებლობა, არამედ ადამიანის მიერ მისი ხელშეუხებლობის მყარი შეგრძნება, განცდა, აღქმა.
საქართველოს პარლამენტი აღნიშნავს, რომ პირადი ცხოვრების სფეროს ნებისმიერი სუბიექტისთვის არამართლზომიერი ხელმისაწვდომობის საფრთხის არსებობაც კი თრგუნავს ადამიანის თვითგამორკვევას, ინიციატივასა და თვითრეალიზაციის პერსპექტივას, რაც აფერხებს მის პიროვნულ განვითარებას, აგრეთვე ხელს უშლის საზოგადოების ჯანსაღ და დემოკრატიულ განვითარებას.
საქართველოს პარლამენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ დანაშაულთა დროულად, მიუკერძოებლად და ეფექტიანად გამოძიება მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული საგამოძიებო სამსახურის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობასა და ინტერესთა კონფლიქტის არარსებობაზე.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 169-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ 2019 წელს განხორციელებული საქმიანობა დადებითად შეფასდეს.
2. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით:
ა.ა) განახორციელოს შემოწმება (ინსპექტირება) სამართალდამცავი ორგანოების მიერ ელექტრონულ სისტემებში (ბაზებში) არსებულ და ვიდეოთვალთვალის სისტემით მიღებულ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის მიზნით;
ა.ბ) შეიმუშაოს რეკომენდაციები პერსონალურ მონაცემთა დამუშავების ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების საკითხებზე, რომლებიც უზრუნველყოფს ორგანიზაციებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით არსებული რისკების პრევენციას;
ა.გ) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოვლენილი პრობლემების გადასაჭრელად მონაცემთა დამმუშავებლებისა და უფლებამოსილი პირებისთვის შეიმუშაოს თემატური რეკომენდაციები ერთგვაროვანი მიდგომის ჩამოყალიბების მიზნით;
ა.დ) გააძლიეროს ბიზნესის სექტორების წარმომადგენლებთან მუშაობა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების უზრუნველყოფისა და ამ სექტორებში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების თანამიმდევრული პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით;
ა.ე) გააგრძელოს ტრენინგების ჩატარება დაინტერესებული პირების ცნობიერების ასამაღლებლად და დამატებით დანერგოს ტრენინგები პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით;
ა.ვ) ხელი შეუწყოს საჯარო დაწესებულებებსა და კერძო დაწესებულებებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შემუშავებასა და დანერგვას და ამ მიზნით გამართოს შესაბამისი შეხვედრები;
ა.ზ) საჯარო დაწესებულებებს მისცეს რეკომენდაციები მათ საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ ობიექტებში ვიდეოთვალთვალის განხორციელების წესსა და ვიდეოჩანაწერების შენახვასა და დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით;
ა.თ) შეაფასოს საჯარო დაწესებულებების ტრენინგცენტრების სასწავლო პროგრამებით გათვალისწინებული, პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული საკითხები და მისცეს მათ შესაბამისი რეკომენდაციები აღნიშნულ საკითხებზე საჯარო მოსამსახურეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით;
ა.ი) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ერთწლიანი მუშაობის პროცესში იდენტიფიცირებული პრობლემების გადასაჭრელად სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანის მიზნით შეიმუშაოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს შესაბამისი საკანონმდებლო წინადადება;
ბ) საგამოძიებო საქმიანობის მიმართულებით:
ბ.ა) შეისწავლოს საქართველოს კანონმდებლობით პროკურორისთვის მინიჭებული, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დარღვევის გამოვლენის მიზნით პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელზე გავრცელების საჭიროება და შესაბამის ორგანოებთან კონსულტაციები გამართოს;
ბ.ბ) შეისწავლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ნორმის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელზე გავრცელების საჭიროება, რომლის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებას ეკრძალება, შეაჩეროს ან/და შეამოწმოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის პროკურორი, და შესაბამის ორგანოებთან კონსულტაციები გამართოს;
ბ.გ) საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილების შესახებ, მათ შორის, საგამოძიებო ორგანოებში, დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში შესაბამისი ბეჭდური მასალის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცხელი ხაზის შესახებ ინფორმაციის თვალსაჩინო ადგილზე განთავსებით;
ბ.დ) გაააქტიუროს მუშაობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად;
ბ.ე) განახორციელოს ღონისძიებები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გასაუმჯობესებლად;
ბ.ვ) აქტიური მონაწილეობა მიიღოს საპროკურორო უფლებამოსილებისა და საგამოძიებო უფლებამოსილების გამიჯვნის მიზნით რეფორმის განხორციელებაში;
ბ.ზ) განახორციელოს ღონისძიებები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ტერიტორიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეარჩილ თალაკვაძე
თბილისი,
15 ივლისი 2020 წ.
N6851-რს