„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 11 მარტის №05/21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№83/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.017942
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/07/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №83/ნ

2020 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 11 მარტის №05/21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონის (დოკუმენტის ნომერი: 3024-რს) მე-2 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტების საფუძველზე ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 11 მარტის №05/21 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 13/03/2015, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.054.016146) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დებულებას“ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 მუხლები:

 

„მუხლი 31. სამეთვალყურეო ორგანო  მუზეუმის სტრატეგიული განვითარების საბჭო

1. მუზეუმის სტრატეგიული განვითარების საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის მუზეუმის მართვის მიზნით შექმნილი სამეთვალყურეო ორგანო, რომელიც ფუნქციონირებს საზოგადოებრივ საწყისებზე.

2. საბჭო იქმნება 5 წევრის შემადგენლობით (საბჭოს თავმჯდომარის ჩათვლით), რომელთაც 4 წლის ვადით ნიშნავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).

3. მინისტრს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საბჭოს წევრთათვის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე და მოახდინოს მისი ახალი წევრით ჩანაცვლება. ახალი წევრის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება არაუმეტეს საბჭოს უფლებამოსილების ვადით.

4. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომებს ესწრება არანაკლებ 3 წევრი მაინც, მათ შორის, საბჭოს თავმჯდომარე.

5. თავმჯდომარის მიერ საბჭოს სხდომის მოწვევა ხდება თვეში ერთხელ მაინც. სხდომის დღის წესრიგის შესახებ საბჭოს წევრებს უნდა ეცნობოთ სხდომამდე არაუგვიანეს სამი დღისა.

6. საბჭო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, სხდომაზე სათათბირო ხმის უფლებით მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირები/დარგის ექსპერტები.

7. საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს წინამდებარე დებულებით მისთვის განსაზღვრულ საკითხებზე საბჭოს სხდომებზე ღია კენჭისყრით, დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.

8. საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ადგენს ამ მიზნით სხდომაზე მოწვეული მუზეუმის თანამშრომელი.  საბჭოს სხდომის ოქმს ხელს აწერენ მხოლოდ ის წევრები, რომლებიც მხარს უჭერენ საკითხთან დაკავშირებით სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

9. იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს რომელიმე წევრი არ ეთანხმება სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს თავისი პოზიცია დააფიქსიროს წერილობით,  რომელიც უნდა დაერთოს  სხდომის ოქმს.

10. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მუზეუმის განვითარების გრძელვადიანი და მოკლევადიანი სტრატეგიული გეგმების დამტკიცების თაობაზე, სხდომის ოქმის საფუძველზე, ფორმდება საბჭოს თავმჯდომარის ბრძანე­ბით.

 

მუხლი 32. საბჭოს ფუნქციები

საბჭოს ფუნქციებია:

1. მუზეუმის განვითარების გრძელვადიანი და მოკლევადიანი სტრატეგიული გეგმების შემუშავება და სამინისტროსთან შეთანხმებით მისი დამტკიცება.

2. მუზეუმის მართვის გაუმჯობესების მიზნით, შესაბამისი ორგანიზაციული, სტრუქტურული და საშტატო ცვლილებების საკითხის განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

3. მუზეუმის თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების, სამუშაო აღწერილობების შემუშავება და მის საფუძველზე შესაბამისი კონკურსების გამოცხადების კოორდინაცია, ასევე საკონკურსო კომისიის ფუნქციის შესრულება.

4. მუზეუმის დირექტორისა და მისი  მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხების განხილვა და ამ მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების სამინისტროსთვის წარდგენა.

5. მუზეუმის პოპულარიზაციის მიზნით, სხვადასხვა ტიპის აქტივობების (გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები, საერთაშორისო კონფერენციები, გამოცემები და ა.შ)  დაგეგმვა ქვეყნაში/ქვეყნის ფარგლებს გარეთ და მათი განხორციელების კოორდინაცია.

6. სამუზეუმო საქმიანობის სრულყოფილად წარმართვის მიზნით (მ.შ. ვიზიტორთა მომსახურების გაუმჯობესების, ახალი ექსპოზიციების მოწყობის, მუზეუმში დაცული ექსპონატების დაცვა-აღრიცხვის, დიგიტალიზაციის, სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოების, საგანმანათლებლო პროგრამების და სხვა) შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და აღნიშნული რეკომენდაციების შესრულების ზედამხედველობა.

7. საბჭოს სხდომის ოქმები, გარდა უშუალოდ სამინისტროსათვის წარმოსადგენი საკითხებისა, შესაბამისი რეაგირებისათვის  ეგზავნება მუზეუმის დირექტორს, რომელიც ვალდებულია აღნიშნული რეკომენდაციების/გადაწყვეტილებების შესრულების მიზნით, განახორციელოს მუზეუმის დებულებითა და კანონმდებლობით მის კომპეტენციას მიკუთვნებული შესაბამისი ქმედებები.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ჩხენკელი