„საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აღიარების, აღიარების სერტიფიკატის გაცემის, გაცემის პირობების მონიტორინგის და ზედამხედველობის, აღიარების სერტიფიკატის შეჩერების/შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 04.08.2020
ძალაში შესვლა 26.08.2020
ძალის დაკარგვა 01.07.2024
გამომცემი ორგანო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 310020000.55.067.016119
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/08/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი | სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
დოკუმენტის ტექსტი
„საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აღიარების, აღიარების სერტიფიკატის გაცემის, გაცემის პირობების მონიტორინგის და ზედამხედველობის, აღიარების სერტიფიკატის შეჩერების/შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება №10
2020 წლის 4 აგვისტო
ქ. ბათუმი
„საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აღიარების, აღიარების სერტიფიკატის გაცემის, გაცემის პირობების მონიტორინგის და ზედამხედველობის, აღიარების სერტიფიკატის შეჩერების/შეწყვეტის წესის“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს საზღვაო კოდექსის 692 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის „დ" ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აღიარების, აღიარების სერტიფიკატის გაცემის, გაცემის პირობების მონიტორინგის და ზედამხედველობის, აღიარების სერტიფიკატის შეჩერების/შეწყვეტის წესი“.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის 2012 წლის 31 დეკემბრის №31 ბრძანება „საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აღიარების, აღიარების სერტიფიკატის გაცემის, გაცემის პირობების მონიტორინგის და ზედამხედველობის, აღიარების სერტიფიკატის შეჩერების/შეწყვეტის წესი“.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში შესაბამისი ცვლილების გამოქვეყნებისთანავე.სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორითამარ იოსელიანი
საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აღიარების, აღიარების სერტიფიკატის გაცემის, გაცემის პირობების მონიტორინგის და ზედამხედველობის, აღიარების სერტიფიკატის შეჩერების/შეწყვეტის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა (შემდგომში – საკრუინგო კომპანია) აღიარების, აღიარების სერტიფიკატის გაცემის, გაცემის პირობების მონიტორინგის და ზედამხედველობის, აღიარების სერტიფიკატის შეჩერების/შეწყვეტის წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს:
ა) საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის აღიარების პროცედურებს;
ბ) საკრუინგო კომპანიის მიმართ გაცემული აღიარების სერტიფიკატის შესაბამისობის ზედამხედველობისა და მონიტორინგის წესს საქართველოს საზღვაო კოდექსისა და წინამდებარე წესის დებულებებთან;
გ) საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის უფლებებს, ვალდებულებებს და პასუხისმგებლობას.
2. საკრუინგო კომპანიის აღიარება ნებაყოფლობითია. აღიარების არქონა არ წარმოადგენს საქმიანობის შემაფერხებელ გარემოებას.
3. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის აღიარების სერტიფიკატის ფორმა განისაზღვრება წინამდებარე წესის დანართი 1-ის შესაბამისად.
4. აღიარების სერტიფიკატის მქონე საკრუინგო კომპანია, გემის ეკიპაჟის დასაკომპლექტებლად მეზღვაურთა შერჩევის და დასაქმების მიზნით, ახორციელებს:
ა) მეზღვაურთა კონსულტირებას შერჩევისა და დასაქმების პროცესში;
ბ) აცნობებს არსებული ვაკანსიების შესახებ;
გ) აწვდის სამუშაო ძალას დამსაქმებელს; ან/და
დ) ახორციელებს სხვა ნებისმიერ ქმედებას, რომელიც დაკავშირებულია მეზღვაურთა დასაქმებასთან.
5. კოდექსისა და წინამდებარე წესის მიზნებისათვის საკრუინგო კომპანიის აღიარებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“ (შემდგომში – სააგენტო).
6. სააგენტო აღიარებული საკრუინგო კომპანიების შესახებ მონაცემებს აქვეყნებს საჯაროდ, საკუთარ ვებგვერდზე – www.mta.gov.ge, რომელიც საქართველოში აღიარებული საკრუინგო კომპანიების ოფიციალურ სიას წარმოადგენს.
7. საკრუინგო კომპანიის აღიარების და შემდგომი ყოველწლიური მონიტორინგის საფასურის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (შემდგომში „საფასურის წესი“) შესაბამისად.
მუხლი 2🔗. აღიარების სერტიფიკატის გაცემის პროცედურა
1. საკრუინგო კომპანიამ, რომელსაც სურს მიიღოს აღიარება, სააგენტოს უნდა წარუდგინოს სააგენტოს მიერ დამტკიცებული შევსებული განაცხადის ფორმა, რომელსაც თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
ბ) გემთმფლობელთან გაფორმებული ხელშეკრულება / შეთანხმება მეზღვაურთა შერჩევისა და დასაქმების სფეროში თანამშრომლობის შესახებ;
გ) მეზღვაურსა და გემთმფლობელს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ნიმუში;
დ) დოკუმენტური დასაბუთება იმის შესახებ, რომ საკრუინგო კომპანიას გააჩნია შესაბამისი ადმინისტრაციული შენობა მეზღვაურთა შერჩევისა და დასაქმების საწარმოებლად;
ე) დოკუმენტური დასაბუთება იმის შესახებ, რომ მეზღვაურთა შერჩევისა და დასაქმების პროცესში ჩართული იქნება, როგორც მინიმუმ ერთი პირი, რომელსაც გააჩნია საზღვაო განათლება, გემის მართვის დონის ერთ-ერთი წოდება და მინიმუმ ერთი წლის აღიარებული სანაოსნო სტაჟი, ან პირი, რომელსაც არ გააჩნია ამ პუნქტში მითითებული საზღვაო კვალიფიკაციები, თუმცა მეზღვაურთა შერჩევისა და დასაქმების სფეროში აქვს მუშაობის მინიმუმ 2 (ორი) წლის სტაჟი;
ვ) საკრუინგო კომპანიის ოფიციალური ბეჭდის ასლი და იმ პირის ხელმოწერის ნიმუში, რომელსაც გააჩნია უფლებამოსილება ხელი მოაწეროს მეზღვაურთა შერჩევისა და დასაქმების პროცესში საწარმოებელ დოკუმენტაციას;
ზ) საკრუინგო კომპანიის მმართველი საბჭოს, ზედამხედველი ორგანოს წევრის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის ნასამართლობის შესახებ ცნობა, გაცემული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, იმაზედ რომ აღნიშნული პირი არ არის ნასამართლევი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ ოფიციალური დოკუმენტაციის გაყალბების, ბლანკის, ბეჭდის ნიმუშის ან ყალბი დოკუმენტების დამზადება-გავრცელების კუთხით;
თ) საფასურის წესით გათვალისწინებული გადახდის ქვითარი;
ი) სერტიფიკატის გაცემის საფასური განისაზღვრება საფასურის წესით;
კ) საკრუინგო კომპანიას გააჩნია ხარისხის მართვის სისტემის შესაბამისობის მოქმედი სერტიფიკატი, ამასთანავე, თუკი ხარისხის მართვის სისტემის შესაბამისობის სერტიფიკატი გაცემულია აღიარების შემოტანამდე წინა წელს, მაშინ სერტიფიკატთან ერთად უნდა წარადგინოს აღიარების შემოტანის წელს ჩატარებული საზედამხედველო აუდიტის ანგარიში ან /და შეთანხმება საზედამხედველო აუდიტის შესახებ;
ლ) საზღვაო შრომის კონვენციის (MLC, 2006) მოქმედი სერტიფიკატი;
მ) მეზღვაურთა დასაქმების პროცესი, სადაც გათვალისწინებული იქნება დასაქმებამდე ყველა აუცილებელი დოკუმენტაციის გაცნობის ინსტრუქციები შესაბამისი მტკიცებულებების უზრუნველყოფით,სადაც ასახული იქნება მეზღვაურის დასაქმების პროცესში საკრუინგო კომპანიის მიერ დასაქმებული მეზღვაურების შესახებ ინფორმაციის შენახვის პროცედურები, დასაქმებულ მეზღვაურთა მონაცემთა ბაზა და ა.შ.
2. წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაციით, საკრუინგო კომპანია ადასტურებს, რომ:
ა) საკრუინგო კომპანია დაარსებულია და დარეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) საკრუინგო კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის, გაკოტრების ან რეაბილიტაციის საქმის წარმოება, არ იმყოფება ლიკვიდაციის პროცესში ან მისი ეკონომიკური საქმიანობა არ არის შეჩერებული.
3. სააგენტო ჩაატარებს საკრუინგო კომპანიის შეფასებას აღიარების მიზნით. სააგენტო აფასებს წარმოდგენილ დოკუმენტაციასა და ამოწმებს მის სისწორეს. თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აღმოჩნდება საკმარისი შემოწმების ჩასატარებლად, სააგენტო შესასრულებელი სამუშაოს გათვალისწინებით საკრუინგო კომპანიას განუსაზღვრავს დამატებით ვადას.
4. სააგენტო აღიარების სერტიფიკატს გასცემს ან გაცემაზე უარს აცხადებს საფასურის წესით განსაზღვრულ ვადებში.
5. აღიარების სერტიფიკატის მოქმედების ვადა არის 5 წელი.
6. თუ შერჩეულ საკრუინგო კომპანიას სურს გააგრძელოს ამ ბრძანებით გათვალისწინებული საქმიანობა, ის უფლებამოსილია შემოიტანოს განაცხადი ამ ბრძანებით გათვალისწინებული საქმიანობის გაგრძელების სურვილის შესახებ სერტიფიკატის ვადის ამოწურვამდე 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, მაგრამ არაუგვიანეს 2 (ორი) თვისა. სააგენტო უფლებამოსილია განაახლოს სერტიფიკატი მისი მოქმედების ვადის ამოწურვიდან 5 (ხუთი) წლის პერიოდით.
7. სერტიფიკატის ვადის გასაგრძელებლად კომპანიამ განაცხადთან ერთად უნდა წარმოადგინოს მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ზ“, „თ“ და „მ“ ქვეპუნქტებით მოთხოვნილი დოკუმენტები.
8. თუ აღიარებულ საკრუინგო კომპანიას სერტიფიკატის ვადის გასვლის შემდეგ სურს განაგრძოს ამ ბრძანებით გათვალისწინებული საქმიანობა, მან ხელახლა უნდა გაიაროს ამ წესით დადგენილი საკრუინგო კომპანიის აღიარების პროცედურა.
9. საკრუინგო კომპანიის სახელის ცვლილების შემთხვევაში სააგენტო გასცემს აღიარების ახალ სერტიფიკატს, რომლის გაცემამდე საკრუინგო კომპანია ვალდებულია დააბრუნოს ძველი სერტიფიკატი. ახალი სერტიფიკატის გაცემის საფასური განისაზღვრება საფასურის წესის მიხედვით.
მუხლი 3🔗. საკრუინგო კომპანიის ვალდებულებები და პასუხისმგებლობა
1. აღიარების სერტიფიკატის მქონე საკრუინგო კომპანიას გააჩნია შემდეგი ვალდებულებები:
ა) გააჩნდეს შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება, ასევე განუწყვეტლივ ეცნობოდეს საერთაშორისო სტანდარტებსა და ეროვნულ კანონმდებლობას მეზღვაურთა განათლების, სერტიფიცირებისა და დასაქმების სფეროში;
ბ) დაასაქმოს მხოლოდ შესაბამისად კვალიფიციური პირი, მათ შორის სერტიფიცირებული, საქართველოს კანონის „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ შესაბამისად;
გ) შეამოწმოს დასასაქმებელი პირის კვალიფიკაცია და მიაწოდოს ინფორმაცია სააგენტოს ნებისმიერი ყალბი დოკუმენტაციის აღმოჩენის შემთხვევაში;
დ) აწარმოოს მათ მიერ შერჩეული მეზღვაურების მონაცემთა ბაზა, რომელიც მინიმუმ მოიცავს შემდეგს:
დ.ა) მეზღვაურის სახელი და გვარი;
დ.ბ) მეზღვაურის ნომერი და პირადი ნომერი
დ.გ) მეზღვაურის დაბადების თარიღი;
დ.დ) გემის მონაცემები (გემის სახელი, ტიპი, IMO ნომერი, დროშა, ტევადობა, სიმძლავრე) დასაქმების შემთხვევაში;
დ.ე) ნაოსნობის პერიოდი (დანიშვნის თარიღი, დათხოვნის თარიღი);
დ.ვ) რანგი;
ე) შეინახოს მათი კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სავალდებულო წვრთნის გავლის შესახებ ინფორმაცია, სამედიცინო შემოწმების შესახებ დოკუმენტაცია და შრომითი ხელშეკრულების ასლები. ასევე შეინახოს ინფორმაცია სანაოსნო სტაჟის შესახებ და დოკუმენტაცია, შესაბამისი ორგანოდან მეზღვაურის საბუთების ნამდვილობის დადასტურების მოთხოვნის შემთხვევაში;
ვ) უზრუნველყოს კოლექტიური შრომითი ხელშეკრულების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან;
ზ) დასაქმებამდე დეტალურად გააცნოს მეზღვაურს შრომითი ხელშეკრულების პირობები, მათ შორის, შესასრულებელი სამუშაოს, მეზღვაურის უფლებებისა და მოვალეობების თაობაზე, ასევე მიაწოდოს ოფიციალური ინფორმაცია იმ ხარჯების შესახებ, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას მეზღვაურის დასაქმების პროცესში;
თ) კომპანიის ნარკოტიკისა და ალკოჰოლის მიღების შესახებ პოლიტიკა (Company’s D & A policy);
ი) მეზღვაურთა დისციპლინარულ (Disciplinary process) და გემიდან/სამსახურიდან დათხოვნის პროცესთან (Dismissal process) დაკავშირებული საკითხები;
კ) გამოიკვლიოს და უპასუხოს ნებისმიერ პრეტენზიას, რომელიც უკავშირდება მის საქმიანობას და სააგენტოს შეატყობინოს ნებისმიერი გადაუწყვეტელი პრობლემის შესახებ;
ლ) შესაძლებლობის ფარგლებში შეამოწმოს გემთმფლობელის შესაბამისი საშუალებები სხვა სახელმწიფოს ნავსადგურებში მიტოვებული მეზღვაურების დასაცავად;
მ) ყოველ 3 (სამი) თვეში ერთხელ მიაწოდოს სააგენტოს სტატისტიკური ინფორმაცია მის მიერ დასაქმებული მეზღვაურების შესახებ, სააგენტოს მიერ მიწოდებული (რეგისტრირებული) ფორმის შესაბამისად;
ნ) სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში წარადგინოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია, რაც დაკავშირებულია სააგენტოს მიერ აღიარების პირობების მონიტორინგის ფუნქციის სრულად და შეუფერხებლად განხორციელებასთან;
ო) საკრუინგო საქმიანობის განხორციელებისას სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირს დაუსაბუთებლად არ განუცხადოს უარი დასაქმებაზე;
პ) უზრუნველყოს, რომ მეზღვაურთა შერჩევისა და დასაქმების პროცესში ჩართული იქნება, როგორც მინიმუმ ერთი პირი რომელსაც გააჩნია გემის მართვის დონის ერთ-ერთი წოდება და მინიმუმ ერთი წლის აღიარებული ნაოსნობის სტაჟი ან პირი, რომელსაც არ გააჩნია ამ პუნქტში მითითებული საზღვაო კვალიფიკაცია, თუმცა მეზღვაურთა შერჩევისა და დასაქმების სფეროში აქვს მუშაობის მინიმუმ 2 (ორი) წლის სტაჟი;
ჟ) უზრუნველყოს მინიმუმ ერთი მეზღვაურის დასაქმება, აღიარების მოპოვებიდან ერთი კალენდარული წლის განმავლობაში;
რ) შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოს გემთმფლობელის მიერ შრომით ხელშეკრულებაში მეზღვაურთა სოციალური დაცვის პირობების გათვალისწინება და მათი ჯეროვანი შესრულება;
ს) უზრუნველყოს შრომითი ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ მეზღვაურისათვის ხელშეკრულების ორიგინალის 2 ეგზემპლარად მიწოდება, 1 გემზე წარსადგენად, მე-2 მეზღვაურისთვის;
ტ) დარწმუნდეს, რომ შრომითი ხელშეკრულება მეზღვაურს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არ ჩააყენებს და არ შექმნის მისი შრომითი თუ სხვა სახის ექსპლუატაციის საფრთხეს;
უ) შესაძლებლობის ფარგლებში, დახმარება გაუწიოს მონეტარული დანაკარგების საფრთხის წინაშე აღმოჩენილ პირს, მათ შორის გემთმფლობელთან კონსულტაციების მეშვეობით;
ფ) 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში შეატყობინოს სააგენტოს:
ფ.ა) აღიარების სერტიფიკატის დაკარგვის, მოპარვის ან დაზიანების ფაქტი;
ფ.ბ) ინფორმაცია სააგენტოში წარდგენილ დოკუმენტაციაში მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ იმ დოკუმენტების წარდგენის გზით, რომლებიც ადასტურებენ ამ ცვლილებებს;
ფ.გ) ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საკრუინგო კომპანია წყვეტს/დროებით აჩერებს მის საქმიანობას.
მუხლი 4🔗. ზედამხედველობა აღიარების სერტიფიკატის გაცემის პირობებთან შესაბამისობაზე
1. სააგენტო არანაკლებ წელიწადში ერთხელ ახორციელებს საკრუინგო კომპანიის შესაბამისობის შემოწმებას:
ა) კომპანიაში ვიზიტის დროს; ან
ბ) ხარისხის მართვის სისტემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გამოთხოვნით ან/და
გ) სასერტიფიკაციო ორგანიზაციის მიერ კომპანიაში ჩატარებულ ხარისხის მართვის სისტემის აუდიტზე დასწრებით; ან/და
დ) სასერტიფიკაციო ორგანიზაციის მიერ კომპანიაში ჩატარებულ MLC 2006-ის აუდიტზე დასწრებით.
2. შემოწმების პროცესში, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოქმედებებს მოიცავს, სააგენტო განსაზღვრავს მინიმუმ 10 (ათი) სამუშაო დღეს აღმოჩენილი შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად. საკრუინგო კომპანია ვალდებულია შეატყობინოს სააგენტოს შეუსაბამობების აღმოფხვრის შესახებ, რომლის შემდეგაც სააგენტო უფლებამოსილია ადგილზე ან/და შემდგომი ყოველწლიური მონიტორინგის დროს გადაამოწმოს აღმოფხვრილი შეუსაბამობები.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში გათვალისწინებულ შემოწმებაზე დასწრების შედეგად სააგენტო უფლებამოსილია გაუწიოს დამატებითი რეკომენდაციები საკრუინგო კომპანიას.
4. სააგენტო უფლებამოსილია, წინასწარი შეტყობინების გარეშე, განახორციელოს დაუგეგმავი შემოწმება, თუკი არსებობს ინფორმაცია/დასაბუთებული (ან გონივრული) ეჭვი, რომ საკრუინგო კომპანია არღვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ან ხარისხის მართვის სისტემაში დაფიქსირებული შეუსაბამობები პირდაპირ უკავშირდება მეზღვაურთა შერჩევისა და დასაქმების პროცესს.
5. აღიარების სერტიფიკატის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით. აღიარების სერტიფიკატის შეჩერების ვადა განისაზღვრება 2 თვით.
6. აღიარების სერტიფიკატის შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება:
ა) თუ საკრუინგო კომპანიამ არ აღმოფხვრა დაფიქსირებული შეუსაბამობები ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;
ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული გარემოებების დადასტურებისას.
7. შეჩერებული აღიარების სერტიფიკატის განახლების მოთხოვნით, საკრუინგო კომპანია უფლებამოსილია წარადგინოს აღიარების სერტიფიკატის შეჩერების გამომწვევი გარემოებების აღმოფხვრის შესახებ დოკუმენტურად დასაბუთებული ინფორმაცია შეჩერებიდან 2 თვის ვადაში. ამ პუნქტით დადგენილ ვადაში ინფორმაციის წარუდგენლობა გამოიწვევს აღიარების სერტიფიკატის მოქმედების შეწყვეტას.
8. აღიარების სერტიფიკატის შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება:
ა) თუ საკრუინგო კომპანია აღარ შეესაბამება წინამდებარე წესის მოთხოვნებს;
ბ) თუ საკრუინგო კომპანიამ წარადგინა მცდარი ან ცრუ ინფორმაცია სააგენტოში;
გ) თუ საკრუინგო კომპანიამ შეწყვიტა საქმიანობა;
დ) თუ საკრუინგო კომპანიამ მინიმუმ ერთი მეზღვაური მაინც არ დაასაქმა კალენდარული წლის განმავლობაში;
ე) ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული დოკუმენტურად დასაბუთებული ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო, 2-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ.
9. აღიარების სერტიფიკატის მოქმედების შეწყვეტის შემდეგ, სააგენტოს გადაწყვეტილების შეტყობიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში საკრუინგო კომპანია ვალდებულია დააბრუნოს აღიარების სერტიფიკატი.
10. საკრუინგო კომპანია უფლებამოსილია ხელახლა შეიტანოს განაცხადი აღიარების მოთხოვნით, აღიარების სერტიფიკატის მოქმედების შეწყვეტიდან 6 თვის ვადის გასვლის შემდეგ.
11. სააგენტო ოფიციალურად აქვეყნებს აღიარების სერტიფიკატის მოქმედების შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას საკუთარ ვებგვერდზე.
12. წინამდებარე წესიდან გამომდინარე, ნებისმიერი გადაწყვეტილება, გარდა ყოველწლიური მონიტორინგის განხორციელებისა, ფორმდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტით.
13. ყოველწლიური მონიტორინგი ტარდება ერთი წლის ვადის გასვლიდან მომდევნო 2 (ორი) თვის განმავლობაში.
მუხლი 5🔗. პერსონალურ მონაცემთა დაცვა
1. საკრუინგო კომპანია ვალდებულია მონაცემთა ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემების დამუშავება და დაცვა მოახდინოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. აღიარებული საკრუინგო კომპანია ვალდებულია მის მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია არ გამოიყენოს მეზღვაურის სხვა კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობის შეზღუდვის მიზნით.
მუხლი 6🔗. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
საკრუინგო კომპანიები, რომელთაც ამ წესის ამოქმედებამდე მოპოვებული აქვთ სააგენტოს აღიარება, ვალდებულნი არიან 2021 წლის 31 დეკემბრამდე ხელახლა მოიპოვონ აღიარება მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.