„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №525 |
|
2020 წლის 21 აგვისტო ქ. თბილისი |
„მუხლი 114. იმ უცხოელი ვიზიტორების მიმართ გასატარებელი ღონისძიებები, რომლებიც საქართველოდან დისტანციურად ახორციელებენ სხვა ქვეყნებში ბიზნეს/შრომით საქმიანობას
1. საქართველოში შემოსვლისას იზოლაციას/კარანტინს ექვემდებარებიან ის უცხოელი ვიზიტორები, რომლებიც ახორციელებენ საქართველოდან ფარგლებს გარეთ დისტანციურად ბიზნეს/შრომით საქმიანობას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები საქართველოს ტერიტორიაზე დაიშვებიან „უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოდან ფარგლებს გარეთ დისტანციურად ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის შევსებისა და თანხმობის მიღების წესის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანების შესაბამისად.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის შევსება შეუძლიათ პროგრამაში მონაწილეობის მსურველ პირებს.
4. საქართველოში შემოსვლაზე თანხმობას ან თანხმობაზე უარს გასცემენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი სამინისტროები, ერთობლივი ბრძანების საფუძველზე და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობებენ პროგრამაში მონაწილეობის მსურველ მხარეს.
5. ელექტრონული პროგრამის შექმნას უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ხოლო ადმინისტრირებას ახორციელებენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამინისტროები.
6. ის უცხოელი, რომელიც საქართველოში შემოვიდა ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, ვალდებულია, საქართველოში შემოსვლისას საკუთარი ხარჯებით გაიაროს სავალდებულო 12-დღიანი კარანტინი, ხოლო 12-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლის შემდგომ საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR ტესტირება.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პირის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
8. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება იმ ქვეყნების მოქალაქეებზე ან ბინადრობის უფლების მქონე პირებზე, რომლებთანაც საქართველოს გახსნილი აქვს საზღვრები ტესტირების და/ან კარანტინის გარეშე.“.
|