ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელების ინსტრუქციისა და შესაბამისი ფორმების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.08.2020
ძალაში შესვლა 01.09.2020
ძალის დაკარგვა 13.11.2020
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.138.016409
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/09/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე | ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელების ინსტრუქციისა და შესაბამისი ფორმების დამტკიცების შესახებ
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2020 წლის 27 აგვისტო
ქ. ახალციხე
ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელების ინსტრუქციისა და შესაბამისი ფორმების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელების ინსტრუქცია დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს სკრინინგის ფორმა დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ბავშვის და ბავშვის/ბავშვების ოჯახის შეფასების ფორმა 3-ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმა დანართი 4-ის შესაბამისად.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან.ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ნოზაძე
დანართი
1
ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელების ინსტრუქცია
თავი I
ძირითადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერა არის მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის მართვა რომელსაც ახორციელებს მუნიციპალიტეტი საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში.
მუხლი 2🔗.
საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერისათვის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი, „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ საქართველოს კანონი, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება, მერიის ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურის დებულება, ეს დებულება და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
მუხლი 3🔗.
საქმიანობის კოორდინაცია
1. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებები ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკუთარი ან დელეგირებული პროგრამების ფარგლებში.
2. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებები ხორციელდება მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან და ბავშვის თემებზე მომუშავე პირებთან კოორდინირებული თანამშრომლობით.
3. თუკი ბავშვის მხარდაჭერის ღონისძიება არ ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკუთარი ან დელეგირებული პროგრამების ფარგლებში, ბავშვს აღნიშნული სერვისი მიეწოდება შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან თანამშრომლობით.
4. თუ კი ბავშვი იმყოფება სახელმწიფო ზრუნვაში, საქმის მართვაზე პასუხისმგებელი უწყებაა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო. მუნიციპალიტეტის სპეციალისტი, რომელიც ამასთანავე სოციალური მუშაკია კოორდინაციაშია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სოციალურ მუშაკთან უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში.
5. მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საკითხის შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში რეფერირება ხდება:
ა) თუ კი შეფასების შედეგად დგინდება ბავშვის ოჯახიდან განცალკევების საჭიროება;
ბ) თუ კი განყოფილებაში შემოსული ინფორმაცია უკავშირდება ბავშვზე ძალადობის განხორციელებას ან განხორციელების რისკს. ასეთ შემთხვევაში განყოფილებამ უნდა განახორციელოს შესაბამისი რეაგირების ღონისძიებები ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) მომწესრიგებელი ნორმატიული აქტების საფუძველზე;
გ) როდესაც მისი მართვა არ არის გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში და მუნიციპალიტეტსა და შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს შორის არ არის დადებული შეთანხმება უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების თაობაზე.
თავი II
ბავშვისა და ოჯახის
საჭიროებათა და ზიანის რისკის შეფასების სისტემა
მუხლი 4🔗.
საჭიროებათა და ზიანის რისკის შეფასება
1. ბავშვისა და ოჯახის საჭიროებათა და ზიანის რისკის განსაზღვრა ეფუძნება ბავშვის ბიო-ფსიქო-სოციალური განვითარების საჭიროებების შესწავლას (შეფასებას) და იმ რისკების იდენტიფიცირებას, რომლებიც საფრთხეს უქმნიან (ან შეუძლიათ შეუქმნან) ბავშვის ჯანსაღ ფუნქციონირებას (ან განვითარებას) და ზიანს აყენებენ ბავშვის კეთილდღეობას.
2. საჭიროებათა და ზიანის რისკის განსაზღვრის მიზანია ზიანის რისკის თავიდან აცილება ან ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში, მისი ეფექტიანად მართვა.
3. ამ თავის მიზნებისთვის ზიანის რისკი არის ინდივიადუალური ბავშვისათვის მოსალოდნელი ის უარყოფითი შედეგები, რომელიც დადგება თუ არ განხორციელდება მხარდაჭერის ღონისძიებები ბავშვის საჭირიროებების დასაკმაყოფილებლად.
4. ბავშვისა და ოჯახის საჭიროებათა და ზიანის რისკის შეფასება გულისხმობს მასზე და მის უშუალო გარემოზე ამომწურავი ინფორმაციის მოგროვებას, მათ შორის, ბავშვის განვითარების მახასიათებლებსა და თავისებურებებზე, ბავშვის/ოჯახის ურთიერთობებსა და მიმართებებზე უშუალო გარემოსთან, ბავშვის/ოჯახის/გარემოს ძლიერ მხარეებსა და რესურსებზე.
5. შეფასების პროცესი მოიცავს ინფორმაციის განსხვავებული წყაროებისგან მოპოვებას და შეჯერებას, მის გადამუშავებას და კრიტიკულად გააზრებას, გარემო და ოჯახური ფაქტორების გავლენის განსაზღვრას ბავშვის კეთილდღეობაზე და იმის გაანალიზებას, თუ ბავშვი რა ზიანის რისკის წინაშე დგას და რა ტიპის მომსახურებები ესაჭიროება მას იმისათვის, რომ მის ჯანმრთელობას, განვითარებას და კეთილდღეობას საფრთხე არ შეექმნას.
მუხლი 5🔗.
შეფასების სისტემა
1. ბავშვისა და ოჯახის საჭიროებათა და ზიანის რისკის შეფასების სისტემა არის ოთხდონიანი:
ა) ნულოვანი საჭიროება და ზიანის რისკი (პირველი დონე)
ბ) საწყისი/ცალკეული საჭიროება/ები და ზიანის მსუბუქი რისკი (მეორე დონე)
გ) მრავალმხრივი კომპლექსური საჭიროებები და ზიანის გამოხატული რისკი (მესამე დონე)
დ) გადაუდებელი საჭიროება/ები და ზიანის მწავავე რისკი (მეოთხე დონე)
2. ნულოვანი საჭიროება და ზიანის რისკი სახეზეა, როდესაც ბავშვის განვითარების საჭიროებები დაკმაყოფილებულია მშობლებისა და მზრუნველების მიერ და იმ სახელმწიფოს (თვითმმართელობის) საყოველთაო სერვისებით რაც ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის. ბავშვს არ აქვს სხვა დამატებითი საჭიროებები, მისი მშობლები და მზრუნველები თანმიმდევრულად და სათანადოდ ზრუნავენ მასზე და ზიანის რისკი არ იკვეთება.
3. საწყისი/ცალკეული საჭიროება/ები და ზიანის მსუბუქი რისკი სახეზეა, როდესაც მშობლებისა და მზრუნველების მიერ საკუთარი ვალდებულებების შესრულება და სახელმწიფოს (თვითმმართელობის) საყოველთაო სერვისები არ არის საკმარისი და იკვეთება ბავშვის ერთი ან რამდენიმე საწყისი საჭიროება ან საფრთხის პირველადი ნიშნები.
4. მრავალმხრივი კომპლექსური საჭიროებები და ზიანის გამოხატული რისკი სახეზეა, როდესაც ბავშვს ესაჭიროება სპეციალური მომსახურებები მისი კეთილდღეობის, ჯანმრთელობისა თუ განვითარების დამაკმაყოფილებელი დონის შესანარჩუნებლად ან კეთილდღეობის, ჯანმრთელობისა თუ განვითარების სერიოზული შეფერხების ან ზიანის თავიდან ასაცილებლად.
5. გადაუდებელი საჭიროება/ები და ზიანის მწავავე რისკი სახეზეა, როდესაც ბავშვზე ზრუნვისა და დაცვის საჭიროებები უგულველყოფილია, მას აქვს სერიოზული ან/და კომპლექსური ჯანმრთელობის პრობლემები, ან/და არის ძალადობის მსხვერპლი/ძალადობის რისკის ქვეშ, ან განეკუთვნება კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების ჯგუფს.
თავი III
ბავშვისა და ოჯახის
საჭიროებათა და ზიანის რისკის შეფასების სამართლებრივი ინსტრუმენტები
მუხლი 6🔗.
საჭიროებათა და ზიანის შეფასების ინსტრუმენტები
1. ბავშვისა და ოჯახის საჭიროებათა და ზიანის რისკის შეფასება ხდება ორეტაპიანი პროცედურის საფუძელზე.
2. ადმინისტრაციული წარმოების პირველ ეტაპზე ხდება მონაცემების შეგროვება და ბავშვისა და ოჯახის მოწყვლადობის (დაუცველობის) ძირითადი ფაქტორების დადგენა, აგრეთვე, შემდგომი შეფასების საჭიროებების განსაზღვრა (სკრინინგი მე-7 მუხლი).
3. საფრთხის პირველადი შეფასების საფუძველზე დგინდება საფრთხის ხასიათი, ღონისძიების განხორციელების საჭიროება და სახე (მე-8 მუხლი).
4. ბავშვისათვის საფრთხის შემცველი ფაქტორების შეფასება ხდება შეფასების საერთო ჩარჩოს საფუძველზე (მე-9 მუხლი). შეფასება ხდება, სულ მცირე, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
ა) შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეს ბავშვს საცხოვრებელი ან სოციალური გარემო ფაქტორების გათვალისწინებით;
ბ) საფრთხის ხასიათი, შესაბამისად, ზიანის მოცულობა;
გ) ზიანის დადგომის ალბათობის ხარისხი;
დ) მშობლების/მეურვის უნარი, თავიდან აიცილოს საფრთხე.
მუხლი 7🔗.
სკრინინგი
1. სკრინინგის მიზანია დაადგინოს შეფასების საჭიროება და ბავშვის კეთილდღეობის საჭიროებათა და ზიანის რისკის საწყისი დონე, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება შესაბამისი რეაგირების ფორმა (სტანდარტული თუ გადაუდებელი). სკრინინგი ემსახურება ყველა იმ ბავშვის გამოვლენას, რომელთა ზიანის რისკი სცდება ნულოვან დონეს.
2. სკრინინგი ხორციელდება შესაბამისი წინასწარ დადგენილი ინტრუმენტის საფუძველზე, რომელიც მოიცავს მკაფიოდ ჩამოყალიბებულ ბავშვისა და ოჯახის მოწყვლადობის (დაუცველობის) ძირითად ფაქტორებს (დანართი 2).
3. ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი მიერ დასკვნის გაკეთების საფუძველი ხდება ბავშვის ქცევა, საცხოვრებელი გარემო, მშობლების დამოკიდებულება ბავშვისადმი, მიმდინარე ნეგატიური მოვლენები და სოციალური გარემო. ასევე, გათვალისწინებული უნდა იქნას ბავშვის ქრონიკული ავადმყოფობა და შეზღუდული შესაძლებლობები, ბავშვის აღზრდაზე პასუხისმგებელი პირის შესაძლებლობები, მზაობა და მოტივაცია მიიღოს შეთავაზებული დახმარება.
მუხლი 8🔗.
ბავშვის და ოჯახის შეფასება
1. ბავშვის და ოჯახის შეფასება გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა ადრეული დახმარების საჭიროება;
2. ბავშვის და ოჯახის შეფასების მიზანია ბავშვისა და მისი ოჯახის ზოგადი ფუნქციონირების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და მისი ანალიზი შემჭიდროებულ ვადებში.
3. ბავშვის და ოჯახის შეფასების ინსტრუმენტში (დანართი 3) მოცემულია მოწყვლადობის ფაქტორები, რომლებიც ბავშვის, ოჯახისა და თემის მახასიათებლებს ითვალისწინებს, რადგან ბავშვის კეთილდღეობის განხილვა მისი ოჯახისა და თემისგან განცალკევებით არ ხდება. შეფასების ამ ინსტრუმენტში აქცენტი გაკეთებულია კეთილდღეობის მისაღწევად ძირითადი საბაზისო საჭიროებების გამოკვეთა-გაანალიზებაზე.
4. ბავშვის და ოჯახის შეფასების მიზანია ბავშვისა და მისი ოჯახის ფუნქციონირების სიღრმისეული ანალიზი. ეს შეფასება მოიცავს ფაქტორებს, რომლებიც სამ ძირითად ჯგუფში ერთიანდება:
ა) ბავშვის განვითარების საჭიროებები;
ბ) მშობლების/მეურვის/მზრუნველების შესაძლებლობები და უნარები დააკმაყოფილონ ბავშვის საჭიროებები;
გ) გარემო ფაქტორები, რომლებიც ოჯახის ცხოვრების ხარისხზე ახდენენ გავლენას.
5. ბავშვის და ოჯახის შეფასება ბიო-ფსიქო-სოციალურ მიდგომას ეყრდნობა. ბიო-ფსიქო-სოციალური შეფასება გულისხმობს იმ ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორების შეფასებას, რომლებიც გავლენას ახდენენ ერთმანეთზე და განსაზღვრავენ ბავშვისა და ოჯახის ფუნქციონირების ხარისხს.
6. შეფასება სხვადასხვა წყაროსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე აანალიზებს და გამოყოფს რესურსებს/ძლიერ მხარეებს (დამცავი ფაქტორები), სირთულეებს (რისკ ფაქტორები) და საჭიროებებს. სახელდობრ, ამ ტიპის შეფასება, ადგენს იმას, თუ რა იწვევს ამ თუ იმ სირთულეს და რა ცვლილებები უნდა მოხდეს ბენეფიციარში ან/და მის გარემოში მათ აღმოსაფხვრელად ან შესამცირებლად, ან ზიანის სამართვად და სირთულეებთან გასამკლავებლად. შეფასების პროცესში ინფორმაციის მოპოვების მეთოდებია: ინტერვიუ, დაკვირვება და დოკუმენტაციის ანალიზი.
7. ბავშვის და ოჯახის შეფასების პროცესში ხაზგასასმელია ბავშვისა და მისი ოჯახის ძლიერ მხარეებზე ორიენტაცია, რათა მათზე დაყრნდობით მოხდეს სირთულეების დაძლევა. აღნიშნული შეფასება არის როგორც მეთოდი, ასევე პროცესი. ეფექტიანად წარმართული შეფასების შედეგია როგორც ანალიტიკური დასკვნა, ასევე, შემფასებელსა და ბავშვს/ოჯახის შორის ნდობისა და თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბება.
მუხლი 9🔗.
შეფასების საერთო ჩარჩო
1. შეფასების საერთო ჩარჩო წარმოადგენს ბავშვებისა და ოჯახებისთვის მომსახურებებათა/დახმარებათა მიმწოდებელი ყველა უწყების მიერ შეთანხმებულ და გაზიარებულ ბავშვისა და ოჯახის შეფასების ჩარჩოს. შეფასების საერთო ჩარჩო ემსახურება ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების ადრეულ დადგენას და უწყებათა მიერ კოორდინირებულ მომსახურებათა მიწოდებას.
2. შეფასების საერთო ჩარჩო ბავშვისა და ოჯახის შეფასების საკვანძო ასპექტებს განსაზღვრავს და შეფასების ერთიან სქემას გვთავაზობს. შეფასების ყველა ინსტრუმენტი (სკრინინგი, ბავშვის და ოჯახის შეფასების ინსტრუმენტი) შეფასების საერთო ჩარჩოს ეფუძნება და მასში წარმოდგენილ ასპექტებს/სფეროებს მოიცავს.
თავი IV
ადმინისტრაციული წარმოება
მუხლი 10🔗.
ადმინისტრაციული წარმოების დაწყება
1. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია:
ა) ბენეფიციარის მიმართვა,
ბ) მესამე პირების მხრიდან განხორციელებული შეტყობინება ან ანონიმური ზარით მიღებული ინფორმაცია,
გ) სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან რეფერირება,
დ) უფლებამოსილი სამსახურის მიერ სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგები,
ე) მუნიციპალიტეტში მოქმედ საგანმანათლებლო, ჯანდაცვის და ბავშვის თემებზე მომუშავე დაწესებულებებთან და დაინტერესებულ პირებთან (მაგ., პედაგოგები, მშობლები) შეხვედრების შედეგად გამოვლენილი შემთხვევები.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ერთ-ერთი საფუძვლის არსებობისას გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე, რომელიც სულ მცირე, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას:
ა) განსახილველი საკითხის შესახებ;
ბ) ბენეფიციარის შესახებ,
ბ) საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის შესახებ,
გ) შესასრულებელი დავალების და შესრულების ვადების შესახებ.
3. ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
4. ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება განცხადებისა და კომუნიკაციის ბავშვზე ადაბტირებული საშუალებების გამოყენებით.
მუხლი 11🔗.
საქმის გარემოებათა გამოკვლევა
1. ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი ამ ინსტრუქციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იკვლევს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს და 5 სამუშაო დღის ვადაში ამზადებს სკრინინგის დოკუმენტს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ზიანის რისკისა და შესაბამისი რეაგირების ღონისძიების შესახებ. სკრინინგის საფუძველზე შესაძლებელია განსაზღვროს:
ა) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიება,
ბ) ბავშვისა და ოჯახის შეფასების საჭიროება
გ) საკითხის რეფერირებას უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში.
2. თუ კი სკრინინგის საფუძველზე დადგინდა ბავშვისა და ოჯახის შეფასების საჭიროება, ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი 10 სამუშაო დღის ვადაში ამზადებს ბავშვისა და ოჯახის შეფასების დოკუნეტს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ და უგზავნის მას დაწესებულების ხელმძღვანელს.
3. თუ კი სკრინინგის ან ბავშვისა და ოჯახის შეფასების დოკუმენტით დადგინდა ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები, საქმის რეფერირება ხდება შესაბამის უფლებამოსილ ორგანოში, რომელიც საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ატარებს შესაბამის შეფასებას და ადგენს ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმას.
მუხლი 12🔗.
სამოქმედო გეგმის შემუშავება
1. ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი შეფასების დოკუმენტის საფუძველზე ადგენს ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის სამოქმედო გეგმას (ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმა). (დანართი №4)
2. სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი გულისხმობს შეფასებისას გამოკვეთილი საჭიროებების პრიორიტიზაციას და გეგმაში ჩართვას. სამოქმედო გეგმაში ნათლად გაიწერება ბენეფიციართან თანამშრომლობის მიზანი, ამოცანები, მეთოდები, ვადები და პასუხისმგებელი პირები.
3. სამოქმედო გეგმის განხილვისას, ადმინისტრაციულ წარმოებაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით განსაზღვრული მიზანშეწონილობის საფუძველზე უნდა მოხდეს ბავშვის ფსიქოლოგის, ჯანდაცვის სპეციალისტის და იურისტის ჩართულობა.
4. სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მიზნები და ამოცანები უნდა იყოს კონკრეტული, გაზომვადი, მიღწევადი, რეალისტური და დროში განსაზღვრული. სამოქმედო გეგმის მიზნები და ამოცანები, უპირველეს ყოვლისა, იმ სირთულის დაძლევას უნდა ემსახურებოდეს, რის გამოც დაიწყო ბავშვთან და მის ოჯახთან მუშაობა და ბავშვის/ოჯახის კეთილდღეობას უნდა ისახავდეს მიზნად.
5. თუ კი სკრინინგის ან შეფასების საფუძველზე დადგინდა, რომ ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის ღონისძიება არის მუნიციპალიტეტის საკუთარი ან დელეგირებული პროგრამების ფარგლებში განსახორციელებელი, ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი მხარდაჭერის გეგმის შემუშავების მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბამს პროგრამის განხორციელებეაზე უფლებამოსილ მუნიციპალურ სტრუქტურულ ერთეულს/შესაბამის პირს.
6. სამოქმედო გეგმა უნდა შემუშავდეს ბავშვისა და ოჯახის მაქსიმალური ჩართულობითა ინფორმირებული თანხმობით, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.
7. გეგმაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია ბენეფიციარის ასაკის და მისი განვითარების გათვალისწინებით, გეგმის განხორციელებაში მონაწილე პირების თანხმობით, დადგენილ ვადაში.
8. თუ ბენეფიციარი არ ეთანხმება გეგმას ან გეგმის ნაწილს, შესაძლებელია მისი ნების საწინააღმდეგოდ დამტკიცდეს გეგმა ან გეგმის ნაწილი, თუკი სხვაგვარად საფრთხე შეექმნება ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესს.
9. ამ მუხლის დებულებები არ ვრცელდება კრიზისული ინტერვენციის შემთხვევაზე. საფრთხის შეწყვეტის შემდეგ ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, შეადგინოს სამოქმედო გეგმა.
თავი V
სამოქმედო გეგმის აღსრულება და მონიტორინგი
მუხლი 13🔗.
სამოქმედო გეგმის აღსრულების მიზანი
1. სამოქმედო გეგმის აღსრულება (განხორციელება) არის პროფესიულ დონეზე კოორდინირებულ მომსახურებათა და ქმედებათა ერთობლიობა, რომელთა საერთო მიზანია ბავშვისა და მისი ოჯახის კეთილდღეობის უზრუნველყოფა ან/და გაუმჯობესება.
2. სამოქმედო გეგმის განხორციელება შეიძლება მიზნად ისახავდეს ბავშვისათვის საფრთხის აცილების პრევენციას ან ბავშვის/ოჯახის კეთილდღეობის მდგომარეობის შენარჩუნებას ან ხელშეწყობას. ამასთან, მხარდაჭერა შეიძლება მიეწოდებოდეს ბავშვის ოჯახის ნებისმიერ წევრს ბავშვის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშესაწყობად.
მუხლი 14🔗.
სამოქმედო გეგმის აღსრულება
1. კოორდინატორი შეიმუშავებს ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმას, რომელიც ეგზავნება მას მის აღსრულებაზე უფლებამოსილ შესაბამის მუნიციპალურ სამსახურს (სამსახურებს) ან/და სახელმწიფო ორგანოს (ორგანოებს).
2. სამოქმედო გეგმის აღსრულება ხდება მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მიერ, შესაბამისი მოხელის საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ, საკუთარი რესურსებით ან ბავშვის მხარდაჭერის ღონისძიებების განმახორციელებელ კერძო პირებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურების ფარგლებში.
3. სამოქმედო გეგმით განსახორციელებელი ღონისძიება, რომელიც არის ბავშვის მხარდაჭერის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანოს უფლებამოსილება, ხორციელდება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ საკუთარი პასუხისმგებლობის ფარგლებში.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სერვისების ბავშვამდე მიტანას და განხორციელებაზე საერთო ზედამხედველობას, მიუხედავად მისი განხორციელების ფორმისა, უზრუნველყოფს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის კოორდინატორი ბავშვისა და ოჯახის სოციალიური მუშაკთან ერთად. შესრულების შედეგებზე დგება შესაბამისი ანგარიში .
5. ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სერვისების განხორციელებისას ბავშვისა და ოჯახის სოციალიური მუშაკი თანამშრომლობს ბავშვის მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელებაზე უფლებამოსილი საჯარო დაწესებულების სოციალურ მუშაკებთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
მუხლი 15🔗.
მონიტორინგი
1. სამოქმედო გეგმის განხორციელების გეგმის მეთვალყურეობა და პერიოდული გადახედვა (მონიტორინგი) ხორციელდება ბავშვის კეთილდღეობის საუკეთესო შედეგების მისაღწევად.
2. მონიტორინგი გულისხმობს საწყისი გეგმის აღსრულების მეთვალყურეობას, პროგრესის შეფასებას და, საჭიროების შემთხვევაში, ამოცანების და მეთოდების გადასინჯვას.
3. მონიტორინგის მიზანია მდგომარეობის გაუარესების პრევენცია და კეთილდღეობის შედეგთა შენარჩუნების დამოუკიდებელი უნარ-ჩვევების ხელშეწყობა.
მუხლი 16🔗.
მხარდაჭერის ღონისძიების დასრულება
1. ბავშვის მხარდაჭერის ღონისძიებების საბოლოო ეტაპი მოიცავს ერთობლივი მუშაობის შედეგების შეჯამებას, პროგრესისა და ძლიერი მხარეების გამოვლენას, შედეგების კონსოლიდირებას და ბენეფიციარის დამოუკიდებელი ფუნქციონირების განმტკიცებას.
2. შედეგის შენარჩუნების ხელშესაწყობად, ბენეფიციარის მომსახურებიდან გასვლამდე, ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი ადგენს ბენეფიციარის მხარდაჭერის მომსახურებიდან გასვლის შემდგომ გეგმას, რომელიც ასახავს ბავშვისა და ოჯახის შემდგომ ქმედებებს, ასევე, რესურსებს, რომლებიც შესაძლოა მათ დასჭირდეთ.
3. მხარდაჭერის ღონისძიებები წყდება შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე. გადაწყვეტილების მიღების საფუძველია:
ა) ბენეფიციარის ინდივიდუალური მომსახურების გეგმაში გაწერილ მიზნების მიღწევა;
ბ) ბენეფიციარის საცხოვრებელი ადგილის შეცვლა;
გ) ბენეფიციარის სხვა პროგრამაში გადასვლა;
დ) ბენეფიციარის შეუსაბამობა მომსახურებაში მონაწილეობის კრიტერიუმებთან;
ე) პროგრამით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
მუხლი 17🔗.
შედეგების მდგრადობის მონიტორინგი
ამ ინსტრუქციის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის მიერ ხდება მიღწული შედეგების მდგრადობის გადამოწმება 6 თვეში ერთხელ, თუ კი ფაქტობრივი გარემოებების ცვლილება არ ითხოვს ვადაზე ადრე მონიტორინგის განხორციელებას.