უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და მისი ანალოგის შენახვისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 18.09.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №134
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017062
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/09/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.09.2020 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| № | აღწერა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შენახვისა და განადგურების წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მინისტრის ბრძანება 06.03.2006
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ნივთიერი მტკიცებულების სასწავლო/საწვრთნელი ან სამეცნიერო-კვლევითი მიზნით გადაცემის, შენახვის, გამოყენებისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების/ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ ირაკლი ჩხეიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტექსტი
უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და მისი ანალოგის შენახვისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№134
2020 წლის 18 სექტემბერი
ქ. თბილისი
უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და მისი ანალოგის შენახვისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ნივთიერი მტკიცებულების სასწავლო/საწვრთნელი ან სამეცნიერო-კვლევითი მიზნით გადაცემის, შენახვის, გამოყენებისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 ივნისის №362 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და მისი ანალოგის შენახვისა და განადგურების წესი“.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შენახვისა და განადგურების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 6 მარტის №295 ბრძანება (სსმ III, №30, 07/03/2006, 090.120.000.22.034.008.225).
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური
უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და მისი ანალოგის შენახვისა და განადგურების წესი
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
ეს წესი განსაზღვრავს სამართალდამცავი ორგანოების მიერ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და მისი ანალოგის (შემდგომ – ფსიქოაქტიური ნივთიერება) შენახვისა და განადგურების წესს (შემდგომ – წესი).
მუხლი 2🔗
უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ფსიქოაქტიური ნივთიერება, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ნივთიერ მტკიცებულებად ცნობის შემდეგ, ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში (შემდგომ – სამინისტრო).
მუხლი 3🔗
უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ფსიქოაქტიური ნივთიერება ექვემდებარება განადგურებას ამ ბრძანებით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
თავი II. უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ფსიქოაქტიური ნივთიერების შენახვის პირობები
მუხლი 4🔗
1. ნივთიერი მტკიცებულება, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ფსიქოაქტიურ ნივთიერებად ცნობის შემდეგ, ილუქება. ლუქზე აღინიშნება ექსპერტის ხელმოწერა, რომელიც ბეჭდის ანასახიანი ქაღალდიდან გადადის შესაფუთ ქაღალდზე. თუ ნივთიერი მტკიცებულების დალუქვა ხორციელდება იმგვარად, რომ ლუქს ავტომატურად ენიჭება ინდივიდუალური ნომერი, ასეთ შემთხვევაში ლუქზე ექსპერტის ხელმოწერა და ბეჭედი აღარ აღინიშნება.
2. ნივთიერი მტკიცებულება, თუ მისი მოცულობა და თვისება ამის საშუალებას იძლევა, უნდა შეიფუთოს. შეფუთვის ფორმა უნდა გამორიცხავდეს შეფუთვის მთლიანობის დაურღვევლად ნივთიერ მტკიცებულებასთან შეხების შესაძლებლობას. შეფუთვაზე აღინიშნება საქმის ნომერი, ექსპერტის დასკვნის ნომერი, ექსპერტიზის ჩატარების თარიღი, ინფორმაცია ნივთიერი მტკიცებულების შიგთავსისა და რაოდენობის შესახებ, ინფორმაცია, თუ ვისგან არის ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტის ხელმოწერა.
3. ექსპერტიზის დასრულების შემდეგ ფსიქოაქტიური ნივთიერება შეფუთული და დალუქული სახით უბრუნდება ექსპერტიზის დამნიშვნელ პირს/ორგანოს, რომელიც ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, სათანადო თანმხლებ წერილს და ექსპერტიზის დასკვნის ასლს 10 დღის განმავლობაში აბარებს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის (შემდგომ – დეპარტამენტი) სპეციალურ საცავში (შემდგომ – სპეციალური საცავი), რაზეც დგება მიღება-ჩაბარების აქტი, წესის მე-6 მუხლის შესაბამისად.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადა შესაძლოა გაიზარდოს, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების ან სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიზნებისათვის მიზანშეწონილია ნივთიერი მტკიცებულების შემდგომი გამოკვლევა, საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებების ჩატარება.
მუხლი 5🔗
1. ფსიქოაქტიური ნივთიერება ინახება სპეციალურ საცავში, სადაც მის შენახვას და დაცვას უზრუნველყოფს დეპარტამენტი.
2. სპეციალური საცავი არის ვენტილაციით, დამცავი სიგნალიზაციით, რკინის გისოსებითა და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემით აღჭურვილი იზოლირებული სათავსი.
3. სპეციალურ საცავში ჩაბარებული ფსიქოაქტიური ნივთიერება აღირიცხება ელექტრონულად, ასევე მატერიალურად ნივთიერი მტკიცებულებების აღრიცხვის ჟურნალში.
4. ფსიქოაქტიური ნივთიერების აღრიცხვისას მიეთითება ნივთიერი მტკიცებულების მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი პირის/ორგანოს მაიდენტიფიცირებელი მონაცემები.
მუხლი 6🔗
1. ფსიქოაქტიური ნივთიერების სპეციალურ საცავში ჩაბარებისას, სპეციალური საცავიდან გატანისას ან უფლებამოსილი პირისთვის/ორგანოსთვის გადაცემისას, დგება მიღება-ჩაბარების აქტი (დანართი).
2. მიღება-ჩაბარების აქტში აღიწერება ფსიქოაქტიური ნივთიერების მახასიათებლები და მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, აგრეთვე მისი სახეობა, წონა და რაოდენობა.
3. მიღება-ჩაბარების აქტი დგება ორ ეგზემპლარად, რომლებსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფლებამოსილი მოსამსახურე და ფსიქოაქტიური ნივთიერების ჩამბარებელი/გამტანი პირი.
4. მიღება-ჩაბარების აქტის ერთი ეგზემპლარი ინახება დეპარტამენტში, ხოლო მეორე გადაეცემა უფლებამოსილ პირს/ორგანოს, რომელიც აბარებს ან რომელსაც გააქვს ფსიქოაქტიური ნივთიერება.
მუხლი 7🔗
1. სპეციალურ საცავში შენახული ფსიქოაქტიური ნივთიერება ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და სისხლის სამართლის საქმის წარმოებაზე უფლებამოსილ პირს/ორგანოს შეიძლება გადაეცეს წერილობითი მიმართვის საფუძველზე.
2. წერილობით მიმართვაში მითითებული უნდა იყოს სპეციალურ საცავში შენახული ფსიქოაქტიური ნივთიერების გატანაზე უფლებამოსილი პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები.
3. ფსიქოაქტიური ნივთიერების გატანისას დგება მიღება-ჩაბარების აქტი, წესის მე-6 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 8🔗
1. წესის მე-7 მუხლის შესაბამისად გადაცემულ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, სპეციალურ საცავში დაბრუნებისას, თან უნდა ახლდეს წერილი ნივთიერი მტკიცებულების დაბრუნების შესახებ.
2. განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარების შემთხვევაში, ფსიქოაქტიურ ნივთიერებას სპეციალურ საცავში დაბრუნებისას თან უნდა დაერთოს განმეორებითი ექსპერტიზის დასკვნის ასლი, ხოლო საქმის მწარმოებელ ორგანოში ლუქის/შეფუთვის გახსნის შემთხვევაში − ნივთიერი მტკიცებულების გახსნის/დათვალიერების ოქმი.
3. ფსიქოაქტიური ნივთიერების სპეციალურ საცავში დაბრუნებისას დგება მიღება-ჩაბარების აქტი, წესის მე-6 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 9🔗
უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ფსიქოაქტიური ნივთიერება სასწავლო/საწვრთნელი ან სამეცნიერო- კვლევითი მიზნით გაიცემა „ნივთიერი მტკიცებულების სასწავლო/საწვრთნელი ან სამეცნიერო- კვლევითი მიზნით გადაცემის, შენახვის, გამოყენებისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 ივნისის №362 დადგენილებით განსაზღვრული წესით.
თავი III. უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ფსიქოაქტიური ნივთიერების განადგურების პირობები
მუხლი 10🔗
1. უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ფსიქოაქტიური ნივთიერებების განადგურებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილი მუდმივმოქმედი კომისია (შემდგომ – კომისია).
2. კომისიის შემადგენლობაში შედიან სამინისტროს შემდეგი სტრუქტურული დანაყოფების უფლებამოსილი მოსამსახურეები:
ა) დეპარტამენტის საქმისწარმოებისა და ნივთიერ მტკიცებულებათა ბრუნვის სამმართველოს უფროსი – კომისიის თავმჯდომარე;
ბ) დეპარტამენტის ოთხი წარმომადგენელი;
გ) სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ერთი წარმომადგენელი.
3. განადგურების პროცესს ესწრებიან:
ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილი წარმომადგენელი;
ბ) საქართველოს გენერალური პროკურატურის უფლებამოსილი წარმომადგენელი.
მუხლი 11🔗
1. უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ფსიქოაქტიური ნივთიერება განადგურებას ექვემდებარება:
ა) შესაბამისი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ;
ბ) გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ;
გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მწარმოებელი ორგანოს მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ;
დ) „ნივთიერი მტკიცებულების სასწავლო/საწვრთნელი ან სამეცნიერო-კვლევითი მიზნით გადაცემის, შენახვის, გამოყენებისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 ივნისის №362 დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სამინისტროსთვის დაბრუნების შემდეგ.
2. უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ფსიქოაქტიური ნივთიერება ნადგურდება ყოველ 3 (სამ) თვეში ერთხელ. აუცილებლობის არსებობისას, ფსიქოაქტიური ნივთიერება შესაძლოა განადგურდეს კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის დადგომამდე.
3. ფსიქოაქტიური ნივთიერება ნადგურდება სპეციალურ ღუმელში − ინსინირატორში.
მუხლი 12🔗
1. უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ფსიქოაქტიური ნივთიერებების განადგურებისას დგება განადგურების აქტი.
2. განადგურების აქტი დასტურდება კომისიის წევრთა და განადგურების პროცესის დამსწრეთა ხელმოწერებით და მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან დეპარტამენტის კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ.
დანართი
აქტი №
უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების და მისი ანალოგის მიღება-ჩაბარების შესახებ
თანმხლები წერილის № –––––––––––––––– „ −− “ ––––––––––– 20−− წ.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან სისხლის სამართლის საქმის № –––––––––––––––
ნივთიერი მტკიცებულება ამოღებულია –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– სგან
(გვარი, სახელი, მამის სახელი)
მიღებულია 20−− წლის „ −− “ –––––––––––––– № ––––––––
ნივთიერი მტკიცებულების:
№
აღწერა
რაოდენობა
წონა
სახეობა
–––––––––––––––––––––––––––––––––––––– ჩავაბარე ნივთიერი მტკიცებულება და მივიღე აქტი
(სახელი, გვარი, თანამდებობა)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მივიღე ნივთიერი მტკიცებულება
(სახელი, გვარი, თანამდებობა)