საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 22.09.2020
ძალაში შესვლა 19.10.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №169/04
სარეგისტრაციო კოდი 240080000.18.011.016502
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/09/2020
📖 ტერმინთა განმარტებები (9)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე | ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე საინვესტიციო ფონდების შესახებ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება
№169/04
2020 წლის 22 სექტემბერი
ქ. თბილისი
საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოების თანდართული წესი.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 19 ოქტომბრიდან.ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე
საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოების წესსა და პირობებს.
2. ეს წესი ვრცელდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული ავტორიზებული და რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდების (გარდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან კომანდიტური საზოგადოების ფორმით დაფუძნებული საინვესტიციო კომპანიებისა) ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოებაზე.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრი (შემდგომში – რეესტრი) – რეესტრი, რომელსაც აწარმოებს ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი და რომელშიც აღნიშნულია საინვესტიციო ფონდის და არსებობის შემთხვევაში მისი ქვეფონდების ერთეულის მფლობელები და მათ მფლობელობაში არსებული საინვესტიციო ფონდის ერთეულების რაოდენობა, კლასი და მათთან დაკავშირებული, ამ წესითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია;
ბ) აქტივების მმართველი – „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული იურიდიული პირი ან საინვესტიციო კომპანია, რომელსაც დანიშნული არ ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია;
გ) პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ერთობლივი საინვესტიციო ფონდი), რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს;
დ) პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები – ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემები;
ე) ამონაწერი – აქტივების მმართველის ან ნომინალური მფლობელის მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელის უფლება საინვესტიციო ფონდის შესაბამის ერთეულებზე;
ვ) განკარგულება – ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად შედგენილი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც წარმოებს საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელის ან მის ანგარიშზე არსებული ერთეულების რაოდენობის ცვლილება ან მათი დაგირავება;
ზ) საინვესტიციო ფონდის ერთეულის ნომინალური მფლობელი (შემდგომში – ნომინალური მფლობელი) – იურიდიული პირი, რომელიც არის ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი, ბანკი ან ცენტრალური დეპოზიტარი, რომელსაც საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელი წერილობითი ხელშეკრულებით ანიჭებს უფლებას, საინვესტიციო ფონდის ერთეულები ამ ნომინალური მფლობელის სახელზე შეიტანოს რეესტრში და ამ მფლობელის ინტერესებისათვის ჩაებას ამ ერთეულებთან დაკავშირებულ სხვა ოპერაციებში;
თ) სუბრეესტრი – რეესტრი, რომელსაც აწარმოებს ნომინალური მფლობელი და რომელიც მოიცავს კლიენტთა ანგარიშებში ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაცულ მონაცემებს;
ი) უფლებამოსილი წარმომადგენელი – დირექტორი (იურიდიული პირის შემთხვევაში), აგრეთვე სხვა პირი, რომელიც მოქმედებს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.
მუხლი 3🔗. რეესტრის წარმოება
1. რეესტრს აწარმოებს საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველი, მათ შორის, დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე.
2. აქტივების მმართველს უფლება აქვს რეესტრის წარმოების ფუნქციის დელეგირება განახორციელოს მხოლოდ სხვა აქტივების მმართველ კომპანიაზე „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით დადგენილი წესით. რეესტრის წარმოების ფუნქციის დელეგირება არ ახდენს გავლენას აქტივების მმართველის პასუხისმგებლობაზე.
3. აქტივების მმართველი პასუხისმგებელია მის მიერ წარმოებული რეესტრის სისრულეზე, სისწორესა და უსაფრთხოებაზე.
4. აქტივების მმართველმა უნდა უზრუნველყოს საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელებზე და რეესტრში წარმოებულ ანგარიშებზე, ასევე ელექტრონულ მატარებლებზე არსებული ინფორმაციის, ჩანაწერებისა და მასთან შენახული სხვა დოკუმენტების დაცვა უკანონო მოპოვების, შეცვლის, განადგურების, გაყალბების და გავრცელების, აგრეთვე მათი დაკარგვისა ან დაზიანებისაგან. ამ მიზნით აქტივების მმართველი ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები.
5. აქტივების მმართველი უნდა ფლობდეს მის მიერ შენახული ინფორმაციის/ჩანაწერების აღდგენის საშუალებებს მათი დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში.
6. აქტივების მმართველმა უნდა უზრუნველყოს:
ა) რეესტრის წარმოება ამ წესის, საინვესტიციო ფონდების მარეგულირებელი კანონმდებლობის და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონმდებლობის სრული დაცვით;
ბ) რეესტრში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა;
გ) რეესტრში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მხოლოდ ამ წესითა და „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პირებისთვის.
7. აქტივების მმართველი ვალდებულია რეესტრი აწარმოოს არამატერიალიზებული ფორმით, ისე რომ შესაძლებელი იყოს ელექტრონული რეესტრიდან ნებისმიერ დროს ამონაწერების მომზადება და, ასევე, რეესტრის სტანდარტულ ფორმატში (Word; Excel; PDF) ასახვა.
8. აქტივების მმართველი ვალდებულია უზრუნველყოს ყოველი კალენდარული წლის ბოლო სამუშაო დღის მდგომარეობით მის მიერ წარმოებული რეესტრების ასლების გადატანა ინფორმაციის მყარ მატარებელზე, აგრეთვე მათი შენახვა მოშორებული წვდომის ალტერნატიული საშუალებით, რომელიც იზოლირებულია აქტივების მმართველის სამუშაო ადგილსა ან/და დამხმარე სარეზერვო სათავსებში განლაგებული ელექტრონული მატარებელებისაგან (სერვერებისაგან).
9. რეესტრის ოფიციალური ასლები უნდა მოიცავდეს საინვესტიციო ფონდის შესახებ ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციასა და საინვესტიციო ფონდის ყოველი ერთეულის მფლობელის ანგარიშების (როგორც პირადი, ისე ნომინალური მფლობელის) ყველა მონაცემს. აქტივების მმართველი ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნული ასლების შენახვა მათი მომზადებიდან არანაკლებ 10 (ათი) წლის განმავლობაში.
10. აქტივების მმართველმა რეესტრში განხორციელებულ ოპერაციებზე ჩანაწერები ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად უნდა აღრიცხოს ქრონოლოგიურად და მიანიჭოს თითოეულ ჩანაწერს თანმიმდევრული ინდივიდუალური ნომერი. დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც ხდება რეესტრში ცვლილებების შეტანა, აქტივების მმართველ კომპანიასთან უნდა ინახებოდეს არანაკლებ 10 (ათი) წლის განმავლობაში.
11. ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული რეესტრის ოფიციალური ასლებისა და დოკუმენტების მოპყრობის წესები, აქტივების მმართველთან მათი შენახვის ვადის დასრულების შემდეგ, განისაზღვრება დაწესებულებების საქმიანობის პროცესში შექმნილი ტიპობრივი მმართველობითი დოკუმენტების შენახვისა და დაცვის შესახებ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
12. რეესტრის წარმოების პროცესში აქტივების მმართველმა ელექტრონული ან მატერიალური ფორმით უნდა აწარმოოს ამონაწერების გაცემის ჟურნალი, სადაც აღირიცხება განაცხადის მიღებისა და ამონაწერების გაცემის (გაგზავნის) თარიღი, ნომერი, ფონდის ერთეულის მფლობელის (ან მისი წარმომადგენლის) დასახელება, ფონდის დასახელება და ერთეულის საიდენტიფიკაციო ნომერი (არსებობის შემთხვევაში).
მუხლი 4🔗. ნომინალური მფლობელი
1. ნომინალურ მფლობელობაში გადაცემულ ერთეულებზე უფლებების გადაცემა (გასხვისება, დაგირავება), აგრეთვე აღნიშნულ ერთეულებზე საკუთრების უფლება დასტურდება შესაბამისი ნომინალური მფლობელის მიერ წარმოებული სუბრეესტრის ჩანაწერით.
2. პირად ანგარიშზე რიცხული ერთეულების ნომინალურ მფლობელობაში გადაცემისას, აქტივების მმართველი ვალდებულია გადაცემული ერთეულები გადაიტანოს ნომინალური მფლობელის ანგარიშზე.
3. ნომინალური მფლობელი ვალდებულია საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელებს ანგარიშები გაუხსნას ამ წესის მე-5 მუხლის მე-4-მე-8 პუნქტების შესაბამისად, მათზე ოპერაციები განახორციელოს ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად, ხოლო შესაბამისი ამონაწერები და განკარგულებები მოამზადოს ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად. ნომინალურმა მფლობელმა შესაბამისი დოკუმენტების შენახვა უნდა უზრუნველყოს არანაკლებ 10 წლის ვადით.
4. ნომინალური მფლობელი ვალდებულია შესაბამისი მოთხოვნის წარდგენისას გაუმჟღავნოს აქტივების მმართველს ინფორმაცია სუბრეესტრში აღრიცხული მფლობელების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ერთეულის მფლობელი ნომინალურ მფლობელს ანიჭებს მისი ინტერესებისათვის შესაბამისი მოქმედებების განხორციელების უფლებამოსილებას.
5. ფონდის ერთეულების გადაცემა ერთი ნომინალური მფლობელის კლიენტებს შორის აქტივების მმართველთან არ რეგისტრირდება.
მუხლი 5🔗. რეესტრის ფორმირება, რეესტრში ანგარიშების გახსნა და წარმოება
1. რეესტრის ფორმირებისთვის, აქტივების მმართველს უნდა გააჩნდეს „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საინვესტიციო ფონდის დაფუძნებისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაცია.
2. რეესტრი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) აქტივების მმართველის საიდენტიფიკაციო მონაცემებს;
ბ) საინვესტიციო ფონდის დასახელებას და ტიპს (ღია, დახურული, ინტერვალური), სტრუქტურას (ქოლგისებრი, ინვესტიციის მიმღები, ინვესტორი), სამართლებრივ ფორმას (საინვესტიციო კომპანიის შემთხვევაში), საიდენტიფიკაციო კოდს, მისამართს, ტელეფონის ნომერს, ინფორმაციას საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა შესახებ ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად;
გ) საინვესტიციო ფონდის ერთეულის კლასების მიხედვით ინფორმაციას ნებადართული, გამოშვებული და განთავსებული (მათ შორის, განაღდებული) ერთეულების, მათი ერთეულის ღირებულების, მიმოქცევის ვადის, დაფარვის თარიღის, უფლებების, პრივილეგიებისა და შეზღუდვების შესახებ;
დ) საინვესტიციო ფონდის ერთეულების საიდენტიფიკაციო ნომერს;
ე) თითოეული ერთეულის მფლობელის საიდენტიფიკაციო მონაცემებს;
ვ) თითოეული ერთეულის მფლობელის ან ნომინალური მფლობელის სახელზე რეგისტრირებული შესაბამისი კლასის ერთეულების რაოდენობასა და მათ სახელზე ერთეულების რეგისტრაციის თარიღს.
3. რეესტრის ფორმირებისას საინვესტიციო ფონდს (არსებობის შემთხვევაში ქვეფონდს) უნდა გაეხსნას შემდეგი ანგარიშები:
ა) საინვესტიციო ფონდის საემისიო ანგარიში – სადაც აღირიცხება საინვესტიციო ფონდის მიერ გამოშვებული ერთეულები, რომლებიც მომავალში გადაირიცხება შესაბამის პირად ან ნომინალური მფლობელის ანგარიშებზე ან ანულირდება მათი გაუქმების შემთხვევაში;
ბ) საინვესტიციო ფონდის პირადი ანგარიში – სადაც აღირიცხება საინვესტიციო ფონდის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით შეძენილი ან გამოსყიდული (მათ შორის გაუქმებული) საკუთარი ერთეულები.
4. პირადი ანგარიში უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელის ყველა საიდენტიფიკაციო მონაცემს:
ა.ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში – ინვესტორის ტიპი (გათვითცნობიერებული/ გაუთვითცნობიერებელი), სახელი და გვარი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი, საცხოვრებელი ადგილი; პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი და მოქალაქის პირადი ნომერი პირადობის მოწმობის (პასპორტის) მიხედვით,თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე – შესაბამისი რეგისტრაციის თარიღი, ნომერი, მარეგისტრირებელი ორგანო, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;
ა.ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში – ინვესტორის ტიპი (გათვითცნობიერებული/ გაუთვითცნობიერებელი), სრული სახელწოდება; საქმიანობის საგანი; იურიდიული მისამართი (ფილიალის ან წარმომადგენლობის შემთხვევაში, როგორც მისი მისამართი, ასევე ძირითადი დაწესებულების მისამართი); მარეგისტრირებელი ორგანო, რეგისტრაციის თარიღი და ნომერი; გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები (ამ პუნქტის შესაბამისად);
ბ) პირადი ანგარიშის უნიკალურ ნომერს;
გ) საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელის სახელზე რიცხულ ერთეულებს (ნომინალური მფლობელისათვის გადაცემული ერთეულების გარდა), შესაბამისი კლასისა და რაოდენობის მითითებით;
დ) ოპერაციების ისტორიულ მონაცემებს (ოპერაციის თარიღების და ღირებულების ჩათვლით), რომელთა საფუძველზეც ფონდის ერთეულის მფლობელს ერიცხება პირად ანგარიშზე შესაბამისი ერთეულები;
ე) საინვესტიციო ფონდის ერთეულებზე გირავნობის უფლების არსებობის ან ოპერაციების ბლოკირების შემთხვევაში, ინფორმაციას დაგირავებული/ბლოკირებული ერთეულების რაოდენობისა და კლასის შესახებ.
5. პირადი ანგარიშები უნდა გაეხსნას საინვესტიციო ფონდის ერთეულის ყველა ახალ მფლობელს. ერთი საინვესტიციო ფონდის რეესტრში პირს ეხსნება მხოლოდ ერთი პირადი ანგარიში, სადაც ქრონოლოგიურად აისახება ანგარიშზე არსებული ერთეულების ბრუნვა და ამ წესით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია. თითოეულ პირად ანგარიშს უნდა მიენიჭოს უნიკალური ნომერი.
6. ნომინალურ მფლობელს რეესტრში/სუბრეესტრში ეხსნება ნომინალური მფლობელის ანგარიში, რომელიც უნდა მოიცავდეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას. თუ ნომინალურ მფლობელს, კლიენტების ერთეულების გარდა, აქვს საკუთარი ერთეულებიც, რეესტრში/სუბრეესტრში მას უნდა გაეხსნას ცალკე პირადი ანგარიში.
7. თუ საინვესტიციო ფონდის ერთეული იმყოფება თანასაკუთრებაში, რეესტრში/სუბრეესტრში იხსნება ერთი პირადი ანგარიში, რომელშიც ამ წესით დადგენილი მოთხოვნების გარდა დამატებით მიეთითება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები ყველა თანამესაკუთრისა და თანასაკუთრებაში თითოეულის წილის თაობაზე.
8. ანგარიშის მფლობელის საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილების შემთხვევაში აქტივების მმართველს/ნომინალურ მფლობელს უნდა წარედგინოს ცვლილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია. მფლობელის შესახებ საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილება რეესტრში/სუბრეესტრში უნდა განხორციელდეს მოთხოვნიდან 1 სამუშაო დღეში.
მუხლი 6🔗. ოპერაციები საინვესტიციო ფონდის ერთეულებზე
1. საინვესტიციო ფონდის ერთეულების ღირებულების ცვლილებისას რეესტრში/სუბრეესტრში ქრონოლოგიურად უნდა გაკეთდეს ჩანაწერი ცვლილების თარიღისა და ერთეულის ღირებულების შესახებ.
2. პირად ანგარიშზე საინვესტიციო ფონდის ერთეულების რაოდენობის ყოველი ცვლილებისას, რეესტრში/სუბრეესტრში ქრონოლოგიურად უნდა გაკეთდეს ჩანაწერი ცვლილების მიზეზის, საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელის სახელზე არსებული ერთეულების შეცვლილი რაოდენობის, ოპერაციის ღირებულების და ცვლილების თარიღის შესახებ განხორციელებული ოპერაციის ტიპის შესაბამისად.
3. საინვესტიციო ფონდის ერთეულების ნასყიდობის, გამოსყიდვის, გაცვლის, სესხების, ჩუქების, მემკვიდრეობით გადაცემის, ბლოკირების ან ბლოკირების მოხსნის, დაგირავების ან გირავნობის მოხსნის შემთხვევაში, ასევე საინვესტიციო ფონდის ერთეულების ნომინალურ მფლობელობაში გადაცემისას ან ნომინალური მფლობელის მიერ ერთეულების გადაცემისას იმ პირისათვის (კლიენტისათვის), რომლის ინტერესებისთვის და დავალებით იგი ნომინალურად ფლობდა აღნიშნულ ერთეულებს ან შეიძინა ისინი:
ა) უნდა შედგეს შესაბამისი განკარგულება (გარდა განთავსების შემთხვევისა), რომელსაც თან უნდა დაერთოს ამ მუხლის მე-4-მე-5 პუნქტებით განსაზღვრული შესაბამისი დოკუმენტაცია;
ბ) რეესტრში/სუბრეესტრში უნდა აისახოს შემდეგი ინფორმაცია: მოთხოვნის შემოსვლის თარიღი, ოპერაციის შინაარსი, ოპერაციის განხორციელების თარიღი, დრო და ნომერი, საინვესტიციო ფონდის საიდენტიფიკაციო მონაცემები, საინვესტიციო ფონდის ერთეულის საიდენტიფიკაციო ნომერი, ოპერაციაში მონაწილე მხარეების ან იმ უფლებამოსილი ორგანოს/სუბიექტის დასახელება, რომლის გადაწყვეტილებითაც ხორციელდება შესაბამისი ოპერაცია, საინვესტიციო ფონდის ერთეულების რაოდენობა, ფასი (არსებობის შემთხვევაში), ოპერაციის ღირებულება (არსებობის შემთხვევაში), გადახდის საშუალებები და ოპერაციის განხორციელების საკომისიო(ები).
4. ახალი ერთეულების განთავსებისას ან გამოსყიდვისას აქტივების მმართველს უნდა წარედგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც დაკავშირებულია ერთეულების გამოშვებასთან/განთავსებასთან ან გამოსყიდვასთან, ერთეულების ოდენობის ან/და სტრუქტურის ცვლილებასთან.
5. ოპერაციის შინაარსიდან გამომდინარე, აქტივების მმართველს/ნომინალურ მფლობელს უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) თუ ოპერაციის საფუძველია სასამართლოს გადაწყვეტილება, – კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება ან სააღსრულებო ფურცელი;
ბ) თუ ერთეულებზე ოპერაციის საფუძველია ხელშეკრულება, – შესაბამისი ხელშეკრულება;
გ) ერთეულების მემკვიდრეობით გადაცემის შემთხვევაში – ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა;
დ) ბლოკირების ან ბლოკირების მოხსნის შემთხვევაში – საქართველოს ეროვნული ბანკის ან/და სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წერილობითი მითითება ან/და სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
6. თუ ერთეულზე უფლების გადაცემის საფუძველია ხელშეკრულება, საინვესტიციო ფონდის ერთეულებზე ოპერაციების განხორციელებისას, აქტივების მმართველთან/ნომინალურ მფლობელთან წარმოდგენილნი უნდა იყვნენ გარიგების უშუალო მხარე(ები) ან მათი (მისი) უფლებამოსილი წარმომადგენლები, რომლებიც აქტივების მმართველის/ნომინალური მფლობელის თანდასწრებით ხელს აწერენ შესაბამის განკარგულებას. მხარეთა წარმომადგენლების უფლებამოსილება უნდა დასტურდებოდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი დოკუმენტ(ებ)ით. ხელმომწერი პირების აქტივების მმართველთან/ნომინალურ მფლობელთან დასწრება სავალდებულო არ არის, თუ მას წარედგინება მხარეების ან მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ხელმოწერილი, სათანადო წესით დამოწმებული განკარგულება. ამასთან, თუ განკარგულებაზე დამოწმებულია მხოლოდ მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერების ნამდვილობა, ხელმომწერ პირთა უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების აქტივების მმართველის/ნომინალური მფლობელისთვის წარდგენა სავალდებულოა.
7. თუ ერთეული არის თანასაკუთრებაში, მასზე ოპერაციის განსახორციელებლად საჭიროა ყველა თანამესაკუთრის წერილობითი თანხმობა ან სათანადო წესით დამოწმებული რწმუნებულება, რომლის საფუძველზეც რწმუნებული უფლებამოსილია თანამესაკუთრეთა სახელით იმოქმედოს.
8. რეესტრში/სუბრეესტრში ოპერაციის ასახვა უნდა მოხდეს შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებისთანავე, თუმცა არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.
მუხლი 7🔗. ამონაწერი, განკარგულება და მათი შინაარსი
1. აქტივების მმართველმა/ნომინალურმა მფლობელმა საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელის შესაბამისი წერილობითი ან აქტივების მმართველის მიერ წინასწარ განსაზღვრული სხვა ალტერნატიული ფორმით წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე, საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელს მოთხოვნიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში უნდა მიაწოდოს:
ა) მისი ანგარიშიდან ამონაწერი კონკრეტული თარიღისათვის;
ბ) ამონაწერი ანგარიშზე განხორციელებული ბრუნვისა და საინვესტიციო ფონდის ერთეულების ღირებულების ცვლილების შესახებ კონკრეტული პერიოდისათვის.
2. ამონაწერში აღნიშნული უნდა იყოს:
ა) საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია;
ბ) საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელის ანგარიშის ნომერი;
გ) ამონაწერის გაცემის თარიღი და დრო (ბრუნვის ამონაწერის შემთხვევაში – პერიოდი);
დ) საინვესტიციო ფონდის სრული სახელწოდება, იურიდიული მისამართი და საინვესტიციო ფონდის ერთეულის საიდენტიფიკაციო კოდი;
ე) საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელის ანგარიშზე არსებული ერთეულების რაოდენობა და ღირებულება;
ვ) ერთეულების გირავნობის უფლებით დატვირთვის ან ანგარიშის ბლოკირების შემთხვევაში, რეესტრიდან/სუბრეესტრიდან ამონაწერი უნდა შეიცავდეს რეესტრში/სუბრეესტრში არსებულ შესაბამის ინფორმაციას;
ზ) აქტივების მმართველის სრული სახელწოდება და საკონტაქტო რეკვიზიტები, საქმიანობის ავტორიზაციის/რეგისტრაციის/აღიარების/ლიცენზიის მიღების თარიღი და ნომერი; აქტივების მმართველის/ნომინალური მფლობელის პასუხისმგებელი ფიზიკური პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საკონტაქტო რეკვიზიტები და ხელმოწერა;
თ) მკაფიო მითითება, რომ მოცემული ამონაწერი არ არის საინვესტიციო ფონდის ერთეული და მხოლოდ ჩანაწერია იმის შესახებ, რომ ამონაწერში ხსენებული პირი არის ამ ერთეულების მფლობელი (მფლობელის ტიპის მითითებით) მასში მითითებული თარიღისათვის.
3. განკარგულება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) იმ აქტივების მმართველის/ნომინალური მფლობელის სახელწოდებას, რომელიც ადგენს განკარგულებას;
ბ) საინვესტიციო ფონდის ერთეულის გადამცემი/დამგირავებელი/ბლოკირების განმახორციელებელი პირის მონაცემებს:
ბ.ა) მის საიდენტიფიკაციო ინფორმაციას, მისამართსა და საკონტაქტო ინფორმაციას; თუ ოპერაცია ხორციელდება უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, – წარმომადგენლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს და მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემებს;
ბ.ბ) ანგარიშის ნომერს, საიდანაც ხდება ერთეულების გადარიცხვა ან რომელზეც აისახება გირავნობა/ბლოკირება;
გ) საინვესტიციო ფონდის ერთეულის მიმღები/მოგირავნე პირის მონაცემებს:
გ.ა) მის საიდენტიფიკაციო ინფორმაციას, მისამართსა და საკონტაქტო ინფორმაციას; თუ ოპერაცია ხორციელდება უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, – წარმომადგენლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს და მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემებს;
გ.ბ) ანგარიშის ნომერს, რომელზეც ხდება ერთეულების მიღება ან რომელზეც აისახება გირავნობა/ბლოკირება;
დ) საინვესტიციო ფონდის ერთეულის საიდენტიფიკაციო ნომერს;
ე) ოპერაციის სახეს (ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად);
ვ) საინვესტიციო ფონდის ერთეულის რაოდენობას, ოპერაციის ღირებულებასა და საკომისიო(ებ)ს;
ზ) გარკვეულ პირობებს (შეზღუდვებს), რომლებიც ახლავს ერთეულების შემდგომ გადაცემას ან დაგირავებას/ბლოკირებას;
თ) მხარეთა შორის ანგარიშსწორების პირობებს (თუ გადაცემა სასყიდლიანია);
ი) იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რომლებიც თან ერთვის განკარგულებას;
კ) განკარგულების შედგენის თარიღს;
ლ) მონაწილე მხარეთა/უფლებამოსილ წარმომადგენელთა ხელმოწერას/ხელმოწერებს, თარიღს;
მ) საბროკერო კომპანიის მონაწილეობის შემთხვევაში, საბროკერო კომპანიის დასახელებას და უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერას, თარიღს;
ნ) აქტივების მმართველის/ნომინალური მფლობელის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერას, თარიღს.
მუხლი 8🔗. რეესტრსა და ნომინალურ მფლობელთან არსებული ინფორმაციის მოპოვების უფლება
1. ამ მუხლის პირობების გათვალისწინებით, რეესტრსა და ნომინალურ მფლობელთან არსებული ინფორმაციის მოპოვების უფლება აქვთ შემდეგ პირებს:
ა) საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;
ბ) საქართველოს ეროვნულ ბანკს;
გ) სპეციალიზებულ დეპოზიტარს, კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით;
დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელს უფლება აქვს მიიღოს რეესტრიდან/სუბრეესტრიდან ინფორმაცია თავის სახელზე რეგისტრირებული ერთეულების შესახებ ამ წესის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად.
3. აქტივების მმართველი და ნომინალური მფლობელი ვალდებულნი არიან საქართველოს ეროვნულ ბანკს მიაწოდოს მის მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ვადებისა და ფორმების შესაბამისად, აგრეთვე ცალკეული მოთხოვნის შემთხვევაში.