სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 22.09.2020
ძალაში შესვლა 19.10.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №168/04
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016503
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/09/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,699 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.09.2020 მიღება
19.10.2020 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 93% 30.12.2024 აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 92% 22.09.2020 საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 92% 11.11.2020 საინვესტიციო ფონდების შესახებ საქართველოს კანონი 92% 14.07.2020 სეკიურიტიზაციის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 91% 29.03.2024

დოკუმენტის ტექსტი

სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება  №168/04 2020 წლის 22 სექტემბერი ქ. თბილისი სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 52​4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების, 34-ე მუხლის მე-8 პუნქტის, 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 36-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 86-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის წესი დანართთან ერთად. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 19 ოქტომბრიდან.ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის განსახორციელებლად თანხმობის გაცემის პროცედურასა და  სპეციალიზებული დეპოზიტარის რეგულირების საკითხებს, მათ შორის: ა) სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის განსახორციელებლად ეროვნული ბანკის მიერ თანხმობის გაცემის პირობებს, შესაბამისი განცხადების ფორმასა და წარდგენის პროცედურას, ასევე, თანხმობისა გაცემისა და მისი გაუქმების  და თანხმობის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლებს; ბ) სპეციალიზებული დეპოზიტარის უფლებებს, ფუნქციებსა და მოვალეობებს;  ორგანიზაციულ და ფინანსურ მოთხოვნებს, მათ შორის, მოთხოვნებს ჩანაწერების წარმოებისა და საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობის მიმართ; გ) სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ ანგარიშებისა და შეტყობინებების შედგენისა  და მათი ეროვნულ ბანკში წარმოდგენის ვადებს, პროცედურებს; დ) მოთხოვნებს სპეციალიზებულ დეპოზიტარსა და აქტივების მმართველ კომპანიას/საინვესტიციო კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების მიმართ. 2. ეს წესი ვრცელდება ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ იმ სპეციალიზებულ დეპოზიტარებზე, რომლებიც მომსახურებას უწევენ ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდებს. მუხლი 2🔗. სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციების შესრულებაზე უფლებამოსილი პირები, სპეციალიზებული  დეპოზიტარის საქმიანობის განსახორციელებლად ეროვნული ბანკის თანხმობის მისაღებად მიმართვა 1. საინვესტიციო ფონდისთვის სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების გაწევის უფლება აქვს საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკს ან საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ლიცენზირებულ სხვა იურიდიულ პირს, რომელსაც უფლება აქვს განახორციელოს ფინანსური ინსტრუმენტების შენახვის მომსახურება (შემდგომში – ფინანსური ინსტიტუტი). 2. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან ერთად, ფინანსური ინსტიტუტი საინვესტიციო ფონდისთვის  სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების გასაწევად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) ფინანსური ინსტიტუტის საკუთარი  კაპიტალი,  რომელიც  გაანგარიშებულია  ფინანსური  ანგარიშგების  საერთაშორისო სტანდარტების  შესაბამისად, უნდა შეადგენდეს არანაკლებ 750,000 (შვიდას ორმოცდაათი ათასი) ლარს; ბ) ფინანსურ  ინსტიტუტს  უნდა ჰქონდეს გამართული  კორპორაციული  მართვის სისტემა,  გააჩნდეს საკმარისი  ფინანსური და ადამიანური რესურსი, ასევე შესაბამისი საინფორმაციო  სისტემები,  რათა უზრუნველყოს ამ წესითა  და საქართველოს  კანონმდებლობით მასზე  დაკისრებული  ვალდებულებების  ჯეროვნად შესრულება. 3.  დაუშვებელია საინვესტიციო ფონდთან მიმართებით ერთმა და იმავე პირმა იმოქმედოს როგორც „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი)   მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ​1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა აქტივების მმართველმა კომპანიამ (შემდგომში – აქტივების მმართველი)  და სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა. დაუშვებელია ერთმა და იმავე პირმა იმოქმედოს როგორც საინვესტიციო კომპანიამ და სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა. 4. ფინანსურ ინსტიტუტს ეკრძალება საინვესტიციო კომპანიასთან ან საინვესტიციო ფონდის სახელით მოქმედ აქტივების მმართველთან  დაკავშირებით ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელმაც შესაძლებელია წარმოშვას ინტერესთა კონფლიქტი, ერთი მხრივ, სპეციალიზებულ დეპოზიტარსა და, მეორე მხრივ, საინვესტიციო ფონდს, მისი ერთეულის მფლობელებს ან აქტივების მმართველ კომპანიას შორის. აღნიშნული არ ვრცელდება  იმ შემთხვევაზე, როდესაც ფინანსურ ინსტიტუტს საკუთარი დეპოზიტარული ფუნქციები ფუნქციურად და იერარქიულად განცალკევებული აქვს  სხვა, პოტენციურად ინტერესთა კონფლიქტის წარმომშობი საქმიანობისგან და იგი სათანადოდ მართავს და აკონტროლებს პოტენციურ ინტერესთა კონფლიქტს და ამგვარი პოტენციური ინტერესთა კონფლიქტი გამჟღავნებულია ერთეულის მფლობელებისთვის. 5. ფინანსურმა ინსტიტუტმა, საინვესტიციო კომპანიასთან/აქტივების მმართველთან სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების ხელშეკრულების  გაფორმებამდე,  უნდა მოიპოვოს  ეროვნული  ბანკის თანხმობა. თანხმობის მისაღებად მან ეროვნულ ბანკს უნდა მიმართოს  წერილობითი განცხადებით, რომელსაც თან უნდა დაურთოს შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები: ა)  განაცხადი  სპეციალიზებული  დეპოზიტარის  საქმიანობის  განსახორციელებლად  თანხმობის მოთხოვნის შესახებ (დანართი №1); ბ) ორგანიზაციული სტრუქტურის  აღწერა და ინფორმაცია/დოკუმენტები,  რომლებიც  დაადასტურებს,  რომ ფინანსურ  ინსტიტუტს  ჰყავს შესაბამისი რაოდენობის, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს სპეციალიზებულ დეპოზიტარზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას; გ) სტრატეგია და ბიზნეს-გეგმა, თუ როგორ უზრუნველყოფს ფინანსური ინსტიტუტი სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციების შესრულებას; დ)   ამ წესის   მე-6   მუხლის    მიხედვით   განსაზღვრული საინფორმაციო   საშუალებების, სისტემებისა   და ტექნიკური   ინფრასტრუქტურის   მახასიათებლების   აღწერა,   რომლებიც   უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესით განსაზღვრული სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციების დროულად და ეფექტიანად განხორციელებას. 6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ფინანსურ ინსტიტუტს, წარმოდგენილი  ინფორმაციის  გარდა, დამატებით  მოსთხოვოს  ინფორმაცია  ან/და დოკუმენტაცია,  აგრეთვე განუსაზღვროს მათი წარმოდგენის ფორმა და ვადა. 7. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე  დაადგინოს  ხარვეზი  და განსაზღვროს  აღნიშნულის  გამოსასწორებელი  ვადა,  ფორმა  და პროცედურა. მუხლი 3🔗. სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის განსახორციელებლად ეროვნული ბანკის მიერ თანხმობის გაცემა და თანხმობის გაცემაზე უარი 1.  ეროვნული  ბანკი  უფლებამოსილია განმცხადებელს უარი უთხრას თანხმობის გაცემაზე, თუ: ა) წარდგენილი წერილობითი განაცხადი  და თანდართული დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობითა  და  ამ  წესით  განსაზღვრულ  მოთხოვნებს,   არის  არასრული,  შეცდომაში  შემყვანი  ან არასწორი ან /და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ხარვეზი განმცხადებლის მიერ  არ იქნა აღმოფხვრილი  დადგენილ ვადაში და დადგენილი ფორმით; ბ)  განმცხადებელს არ  გააჩნია  შესაბამისი  რესურსები  ან/და გამოცდილება,  რათა უზრუნველყოს თავისი საქმიანობის უწყვეტობა და დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულება; გ) სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის განსახორციელებლად თანხმობის მიღების შემთხვევაში შესაძლოა საფრთხე შეექმნას  განმცხადებლის არსებულ   საქმიანობას   ან   განმცხადებელმა ვეღარ   შეასრულოს   არსებული   ლიცენზიის ფარგლებში მასზე დაკისრებული ვალდებულებები; დ) განმცხადებელზე სპეციალიზებული  დეპოზიტარის  საქმიანობის განხორციელებაზე თანხმობის გაცემამ   შესაძლოა   საფრთხე   შეუქმნას   საინვესტიციო ფონდის ინვესტორთა  ინტერესებს ან ფინანსური სისტემის სტაბილურობას. 2. ეროვნული   ბანკი  თანხმობის გაცემის  ან თანხმობის გაცემაზე  უარის  შესახებ  გადაწყვეტილებას   იღებს  განაცხადის მიღებიდან  30 დღის ვადაში, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს განმცხადებელს. უარის შემთხვევაში ეროვნული ბანკი ვალდებულია განმცხადებელს   გაუგზავნოს დასაბუთებული პასუხი. თანხმობის გაცემაზე უარის თქმად ჩაითვლება, თუ ეროვნული ბანკი ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას თანხმობის გაცემის  ან თანხმობის გაცემაზე  უარის  შესახებ. მუხლი 4🔗. სპეციალიზებული დეპოზიტარის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები 1. სპეციალიზებულ დეპოზიტარს საინვესტიციო ფონდისთვის დეპოზიტარული მომსახურების გაწევის უფლებამოსილება შეუწყდება კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში. კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უქმდება სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის განხორციელებაზე გაცემული თანხმობა. 2.  კანონის 39-ე მუხლის მეორე პუნქტის მიზნებისათვის ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სპეციალიზებულ დეპოზიტარს შეუწყვიტოს ერთი ან რამდენიმე საინვესტიციო ფონდისთვის დეპოზიტარული მომსახურების გაწევის უფლებამოსილება / გაუუქმოს სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის განსახორციელებაზე გაცემული თანხმობა, თუ სპეციალიზებული დეპოზიტარი არღვევს კანონით, საფინანსო სექტორის მარეგულირებელი სხვა კანონებით, მათ საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტებით, ამ წესით ან ეროვნული ბანკის მითითებით დადგენილ მოთხოვნებს ან აშკარა საფრთხეს უქმნის საინვესტიციო ფონდს ან მის ინვესტორებს, მათ შორის საინვესტიციო კომპანიასთან/აქტივების მმართველთან  გაფორმებული  ხელშეკრულებით  მასზე დაკისრებულ ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო ან თუ კომერციული ბანკის მიმართ შემოღებულია რეზოლუციის რეჟიმი. 3. სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა სპეციალიზებული დეპოზირატის საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღეში უნდა აცნობოს ეროვნულ ბანკს. მუხლი 5🔗. ხელშეკრულება აქტივების მმართველსა/საინვესტიციო კომპანიასა და სპეციალიზებულ დეპოზიტარს შორის 1.  სპეციალიზებული დეპოზიტარი უნდა დაინიშნოს აქტივების მმართველთან/ საინვესტიციო კომპანიასთან გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული  ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ საკითხებს: ა) მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს; მხარეთა პასუხისმგებლობებს ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, რომელიც, მათ შორის, უნდა მოიცავდეს სპეციალიზებული დეპოზიტარის პასუხისმგებლობას მის მიერ აქტივების შენახვის უფლებამოსილების მესამე პირზე გადაცემის შემთხვევაში; ბ) სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების პირობებსა და პროცედურებს, რომელთა მეშვეობითაც სპეციალიზებული დეპოზიტარი შეასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს; ამ ვალდებულებათა შესრულების ვადებს; გ) სპეციალიზებული დეპოზიტარის ანაზღაურების ოდენობასა და გამოთვლის წესს; დ)  სპეციალიზებულ დეპოზიტარსა და აქტივების მმართველს/საინვესტიციო კომპანიას შორის იმ ინფორმაციის მიმოცვლის არხებისა და პროცედურების აღწერას, რომელიც აუცილებელია სპეციალიზებული დეპოზიტარისა და აქტივების მმართველის/საინვესტიციო კომპანიის  მიერ საკუთარი ფუნქციების  შესრულებისთვის; ასევე, კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის ვალდებულებას; ე) საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტში ან/და პროსპექტში ცვლილებების შეტანის პროცედურას, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს შემთხვევებს, როდესაც საჭირო იქნება სპეციალიზებული დეპოზიტარის ცვლილების შემდგომ  ინფორმირება ან მისგან წინასწარ თანხმობის მიღება ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებში ცვლილების შეტანამდე; ვ) როდესაც მხარეებს განზრახული აქვთ მათი ვალდებულებების ნაწილის მესამე პირისთვის გადაცემა (დელეგირება),  ვალდებულებას იმის შესახებ, რომ მხარეები რეგულარულად გაცვლიან ინფორმაციას მათ მიერ შერჩეული მესამე პირების შესახებ; აგრეთვე, მოთხოვნის შემთხვევაში, ერთმანეთს მიაწვდიან ინფორმაციას იმ კრიტერიუმების შესახებ, რომელთა საფუძველზეც მოხდა მესამე პირის შერჩევა და იმ მექანიზმების აღწერას, რომელთა მეშვეობითაც უზრუნველყოფენ მისი ქმედებების მონიტორინგს; ზ) მხარეთა შორის დავების მოგვარების პროცედურებს; თ) ხელშეკრულების მოქმედების ვადას; ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანისა და მისი შეწყვეტის პირობებსა და პროცედურებს, რომელიც უნდა მოიცავდეს ხელშეკრულების შეწყვეტის დროს საინვესტიციო ფონდის აქტივების შენახვისა და სხვა სპეციალიზებულ დეპოზიტართან გადატანის პროცედურასაც; ი) აქტივების მმართველისათვის/ საინვესტიციო კომპანიისათვის სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ საინვესტიციო ფონდის ყველა აქტივის ამომწურავი ნუსხის მიწოდების სიხშირეს.  3. ხელშეკრულება აქტივების მმართველს/საინვესტიციო კომპანიასა და სპეციალიზებულ დეპოზიტარს შორის შესაძლოა შეწყდეს  საქართველოს კანონმდებლობისა და ხელშეკრულებით   გათვალისწინებული   პირობების  შესაბამისად.   ხელშეკრულების   შეწყვეტის  მსურველმა მხარემ,  აღნიშნულის  შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადით ადრე, რომელიც უნდა იყოს სულ მცირე 1 (ერთი) თვე, წერილობით  უნდა აცნობოს მეორე მხარეს.  4. ხელშეკრულების  შეწყვეტის შემთხვევაში, სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია  საქმიანობა განაგრძოს ახალი სპეციალიზებული დეპოზიტარის დანიშვნამდე. სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ გაწეული დეპოზიტარული მომსახურება ანაზღაურდება მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტამდე მოქმედი დეპოზიტარული მომსახურების ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. 5. სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია მასთან განთავსებული საინვესტიციო ფონდის აქტივები და მის მიერ ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი გადასცეს ახალ სპეციალიზებულ დეპოზიტარს, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ან მხარეთა შორის დამატებით შეთანხმებულ ვადებში.   მუხლი 6🔗.  ორგანიზაციული მოთხოვნები 1.  სპეციალიზებული   დეპოზიტარის ორგანიზაციული სტრუქტურა და ტექნიკური საშუალებები,  მისი ფინანსური მდგომარეობა, თანამშრომლების    კომპეტენცია და გამოცდილება    საკმარისი    უნდა    იყოს კანონით, ამ წესითა და საინვესტიციო კომპანიასთან/აქტივების მმართველთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად. 2. სპეციალიზებულ დეპოზიტარს უნდა გააჩნდეს: ა) ადეკვატური და მისი ზომის შესაბამისი ორგანიზაციული სტრუქტურა, რომლითაც ფუნქციურად და იერარქიულად ერთმანეთისგან გამიჯნული იქნება საინვესტიციო ფონდის  სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციები ფინანსური ინსტიტუტის სხვა ფუნქციებისგან, მკაფიოდ იქნება განსაზღვრული მისი სტრუქტურული ერთეულების პასუხისმგებლობები; ბ) სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო შესაბამისი რაოდენობის, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე თანამშრომლები; გ) მის საქმიანობასთან დაკავშირებული  არსებული ან/და პოტენციური საოპერაციო თუ სხვა სახის რისკების იდენტიფიკაციის, მართვისა და მიტიგაციის პოლიტიკა და პროცედურები; დ) ადეკვატური  შიდა კონტროლის  მექანიზმები,  მათ შორის, შესაბამისი ადმინისტრაციული და აღრიცხვის პროცედურები, რომლებიც უნდა მოიცავდეს მისი საქმიანობის განხორციელებისას აღმოჩენილი ხარვეზებისა და სხვადასხვა ინციდენტების აღრიცხვის პროცედურასაც; ე) შესაბამისი საინფორმაციო     სისტემები     და ტექნიკური ინფრასტრუქტურა,    რომლითაც    უზრუნველყოფს    მის   მიმართ    არსებული    საოპერაციო    მოთხოვნების შესრულებასა და საოპერაციო რისკების შემცირებას; ვ) სპეციალიზებული დეპოზიტარის საინფორმაციო სისტემები, რომლებიც: ვ.ა)  უნდა  იყოს  მოქნილი  და  საკმარისი  სიმძლავრის  იმისათვის,  რომ უზრუნველყოს  ბაზარზე  შექმნილი  სტრესული  მდგომარეობის შემთხვევაში, გამართულად ფუნქციონირება; ვ.ბ) უნდა უზრუნველყოფდეს სისტემაში მოხვედრილი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, მისი კონფიდენციალურობისა და მთლიანობის დაცვის მექანიზმებს; ვ.გ) უნდა ითვალისწინებდეს კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის ეფექტურ მექანიზმს; ზ) ინფორმაციის, მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის  შენახვის, დაცვისა და კონტროლის ეფექტური მექანიზმები; თ) ბიზნესის უწყვეტობის გეგმა. 3. სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია საქმიანობის ყოველ ეტაპზე განახორციელოს მის მიერ შემუშავებული პოლიტიკისა და პროცედურების განახლება და მათი შესრულების მონიტორინგი. მუხლი 7🔗.  სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციები და მოვალეობები 1.  საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარი უნდა მოქმედებდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ასრულებდეს დეპოზიტარული მომსახურების ხელშეკრულებით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს. 2.  სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა საინვესტიციო ფონდის საინვესტიციო სტრატეგიისა და პოლიტიკის ხასიათის, ზომისა და კომპლექსურობიდან გამომდინარე, უნდა შეაფასოს საინვესტიციო ფონდსა და აქტივების მმართველთან დაკავშირებული რისკები. ამ შეფასების საფუძველზე, სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა საინვესტიციო ფონდისა და მისი აქტივების მონიტორინგისათვის უნდა შეიმუშავოს, დანერგოს და რეგულარულად განაახლოს  შესაბამისი საზედამხედველო პროცედურები. 3.  სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა უნდა უზრუნველყოს საინვესტიციო ფონდის აქტივების შენახვასა და ამ აქტივების შენახვის (მფლობელობის) ჯაჭვთან დაკავშირებული რისკების რეგულარული შეფასება და  მონიტორინგი, აგრეთვე, აქტივების მმართველის ინფორმირება მის მიერ იდენტიფიცირებული მატერიალური რისკების შესახებ. 4.  კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის შესრულების მიზნით, სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია შეიმუშავოს და დანერგოს საინვესტიციო ფონდის აქტივების შენახვისა და აღრიცხვის პროცედურები. აღნიშნული პროცედურები უნდა მოიცავდეს საინვესტიციო ფონდის იმ აქტივების აღრიცხვისა და საინვესტიციო ფონდის აქტივებზე საკუთრების უფლების გადამოწმების  პროცედურებსაც, რომელთა შენახვა სპეციალიზებულ დეპოზიტარს არ შეუძლია და უნდა უზრუნველყოფდეს, რომ ამ აქტივების განკარგვა სპეციალიზებული დეპოზიტარის ინფორმირების გარეშე არ მოხდეს. 5.  კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნის შესრულების მიზნით, სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა უნდა უზრუნველყოს: ა) საინვესტიციო ფონდის ფულადი სახსრების მოძრაობის რეკონსილაციასთან დაკავშირებული პროცედურების შემუშავება და დანერგვა. რეკონსილაცია უნდა იყოს ყოველდღიური ხასიათის, ხოლო, თუ ფულადი სახსრების მოძრაობა ხშირი არ არის, რეკონსილაცია უნდა განხორციელდეს ფულადი სახსრების ყოველი მოძრაობის დროს; ბ) ყოველი სამუშაო დღის დასრულებისას, მნიშვნელოვანი მოცულობის ფულადი სახსრების ან/და ისეთი ფულადი სახსრების იდენტიფიცირების პროცედურების შემუშავება და დანერგვა, რომლებიც შესაძლოა საინვესტიციო ფონდის საქმიანობასთან შეუსაბამო იყოს. 6. კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის შესრულების მიზნით, სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა უნდა უზრუნველყოს საინვესტიციო ფონდის ერთეულების რეესტრის რეგულარული მონიტორინგი; კერძოდ,  უზრუნველყოს საინვესტიციო ფონდის საემისიო ანგარიშებსა და პირად (მათ შორის საინვესტიციო ფონდის პირადი ანგარიში)/ნომინალურ მფლობელების ანგარიშებზე რიცხული ერთეულების ჯამური რაოდენობების წინასწარგანსაზღვრული პერიოდულობით რეკონსილაცია. 7. კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის შესრულების მიზნით, სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა უნდა უზრუნველყოს საინვესტიციო ფონდის აქტივების და მისი ერთეულების ღირებულების გამოთვლის  მონიტორინგი იმ სიხშირით, რა სიხშირითაც ხორციელდება საინვესტიციო ფონდის აქტივების/ერთეულების შეფასება. არალიკვიდური ან ისეთი აქტივების შემთხვევაში, რომელთა საბაზრო ფასი საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის, სპეციალიზებულ დეპოზიტარს შეუძლია დაეყრდნოს საინვესტიციო ფონდის მიერ გამოყენებულ შეფასების ანგარიშს.  8.  კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის შესრულების მიზნით, სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა უნდა უზრუნველყოს აქტივების მმართველის ან საინვესტიციო კომპანიის ინსტრუქციების შესრულება  და მისი შესაბამისობის მონიტორინგი კანონმდებლობასთან, საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტაციასა და პროსპექტის პირობებთან; კერძოდ, შესაბამისობა ნებადართულ აქტივებთან, საინვესტიციო შეზღუდვებსა და ლევერიჯის ლიმიტებთან. აღნიშნული მონიტორინგის პროცედურა საინვესტიციო ფონდის ზომისა და რისკის პროფილის პროპორციული უნდა იყოს.  9.  კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის შესრულების მიზნით, სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა უნდა უზრუნველყოს, რომ საინვესტიციო ფონდის წმინდა მოგების გამოთვლა შეესაბამებოდეს  მოქმედ კანონმდებლობას, საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტაციასა და პროსპექტს. 10. სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა უნდა უზრუნველყოს აქტივების მმართველისთვის გადახდილი ანაზღაურების  მოქმედ კანონმდებლობასთან, საინვესტიცო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტაციასა და პროსპექტთან შესაბამისობის გადამოწმება. 11. სპეციალიზებულ დეპოზიტარს ან მისი ფუნქციების შემსრულებელ მესამე პირს, რომელზეც დელეგირებულია აქტივების შენახვის ფუნქცია, ეკრძალება საინვესტიციო ფონდის აქტივების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება/განკარგვა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ: ა) აქტივების გამოყენება ხდება მხოლოდ საინვესტიციო ფონდის და ერთეულების მფლობელების მიზნებიდან გამომდინარე ამ საინვესტიციო ფონდის წინასწარი თანხმობის საფუძველზე; და ბ) ტრანზაქციის უზრუნველყოფის მიზნით, საინვესტიციო ფონდს საკუთრების უფლება გადაეცემა მაღალი ხარისხისა და ლიკვიდურ გირავნობის საგანზე. გირავნობის საგნის საბაზრო ღირებულება ნებისმიერ დროს უნდა შეადგენდეს ან აღემატებოდეს გამოყენებული აქტივის საბაზრო ღირებულებისა და შესაბამისი მარჟის ჯამს. 12. ამ მუხლის მე-6 -მე-10 პუნქტებით განსაზღვრული მონიტორინგი  (მათ შორის აქტივების მმართველისგან/საინვესტიციო კომპანიისგან მიღებული ინსტრუქციების შესაბამისობის გადამოწმება) სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა უნდა განახორციელოს შესაბამისი ოპერაციის შესრულების შემდგომ. 13. სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა კანონით გათვალისწინებული ფუნქციის მესამე პირზე დელეგირებისას უნდა იხელმძღვანელოს კანონის 38-ე მუხლით დადგენლი მოთხოვნების შესაბამისად. 14. სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა უნდა შეიმუშავოს და დანერგოს მის მიერ ზედამხედველობის განხორციელების დროს აღმოჩენილ დარღვევებზე რეაგირების პროცედურები. მუხლი 8🔗. ჩანაწერების წარმოება 1. სპეციალიზებულმა  დეპოზიტარმა  უნდა  აწარმოოს  და დროულად   განაახლოს  ყველა  დოკუმენტაცია  და ჩანაწერი, რომლებიც უკავშირდება მის საქმიანობას, კერძოდ: ა)  ყველა   მიღებულ  ინსტრუქციასა   და  დავალებასთან   დაკავშირებული   ინფორმაცია   და  დოკუმენტაცია როგორც მის შიდა ჩანაწერებში, ისე ორიგინალი დოკუმენტაციის სახით; ბ)  დეტალური  ინფორმაცია  ყველა  განხორციელებულ  ტრანზაქციასთან  დაკავშირებით  როგორც  მის შიდა ჩანაწერებში, ისე ორიგინალი დოკუმენტაციის სახით; გ) ინფორმაცია და დოკუმენტაცია საინვესტიციო ფონდის აქტივების რეესტრის შესახებ, მათ შორის  საინვესტიციო ფონდის აქტივების საკუთრების უფლების დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია;  დ) ინფორმაცია და დოკუმენტაცია საინვესტიციო ფონდის საქმიანობის მონიტორინგთან დაკავშირებით, მათ შორის ინფორმაცია აქტივების/ერთეულების ღირებულების და საინვესტიციო ფონდის წმინდა მოგების გამოთვლის და საინვესტიციო ფონდის ერთეულების რეესტრის მონაცემების შემოწმების შესახებ; ე) ინფორმაცია და დოკუმენტაცია საინვესტიციო ფონდთან/მესამე პირებთან  განხორციელებული რეკონსილაციების შესახებ; ვ)  ინფორმაცია  და დოკუმენტაცია  იმ  საკანონმდებლო  თუ  სხვა  დარღვევებთან  დაკავშირებით,  რომლებიც აღმოჩენილ იქნა მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელების პროცესში; ზ)  ყველა სხვა ინფორმაცია და დოკუმენტაცია,  რომელიც დაკავშირებულია  მის საქმიანობასა  და მოვალეობებთან და რომელიც უზრუნველყოფს  ეროვნული ბანკისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას, მისი საზედამხედველო ფუნქციების შესასრულებლად. 2. საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე, სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა უნდა უზრუნველყოს ჩანაწერების იმგვარად წარმოება და შენახვა, რომ დაცული იყოს ჩანაწერების სისწორე და სისრულე. 3. ჩანაწერები  უნდა  იყოს შენახული  ისეთი  სახით,  რომ შესაძლებელი  იყოს ყველა შეტანილი  ცვლილების, ცვლილებამდელი   ჩანაწერის,  ცვლილების  თარიღისა  და  ცვლილების  განხორციელებაზე  პასუხისმგებელი პირის ნახვა. 4. ამ მუხლით განსაზღვრული  დოკუმენტაცია და ჩანაწერები  შესაძლებელია არსებობდეს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით და სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა მათი შენახვა უნდა უზრუნველყოს მინიმუმ 6 წლის ვადით. 5. სპეციალიზებული  დეპოზიტარის  დოკუმენტაცია,  ჩანაწერები  და ტრანზაქციების  მონაცემები მოთხოვნის შემთხვევაში უნდა იყოს ხელმისაწვდომი ეროვნული ბანკისთვის მის მიერვე განსაზღვრულ ვადაში. მუხლი 9🔗. აქტივების მმართველის/საინვესტიციო კომპანიის ვალდებულებები სპეციალიზებული დეპოზიტარის მიმართ 1. აქტივების მმართველი/საინვესტიციო კომპანია ვალდებულია სპეციალიზებულ დეპოზიტარს ნებისმიერ დროს მიაწოდოს მისი ფუნქციების განსახორციელებლად  საჭირო ყველანაირი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. 2. აქტივების მმართველმა/საინვესტიციო კომპანიამ უნდა უზრუნველყოს, რომ საინვესტიციო ფონდის აქტივებთან დაკავშირებული ყველა ინსტრუქცია და შესაბამისი ინფორმაცია დროულად ეგზავნებოდეს სპეციალურ დეპოზიტარს, რათა მან შეძლოს შესაბამისი მონიტორინგისა და რეკონსილაციის პროცედურების განხორციელება. 3. აქტივების მმართველმა/საინვესტიციო კომპანიამ უნდა უზრუნველყოს, რომ სპეციალიზებულ დეპოზიტარს წვდომა ჰქონდეს საინვესტიციო ფონდის ფულადი სახსრების ანგარიშებთან დაკავშირებულ სრულ ინფორმაციაზე, რომელიც, მათ შორის, უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ახალი ანგარიშების გახსნის შესახებ. 4. აქტივების მმართველმა/საინვესტიციო კომპანიამ უნდა უზრუნველყოს, რომ ყოველი სამუშაო დღის დასრულებისას, სპეციალიზებულ დეპოზიტარს მიაწოდოს ინფორმაცია ერთეულების მფლობელების მიერ ან მათი სახელით საინვესტიციო ფონდის ერთეულების შესყიდვისას განხორციელებულ გადახდებზე. აქტივების მმართველმა უნდა უზრუნველყოს, რომ სპეციალიზებულ დეპოზიტარს გააჩნდეს ყველა საჭირო ინფორმაცია, რათა დარწმუნდეს, რომ ინვესტორის მიერ გადახდილი თანხები მიღებულია და საინვესტიციო ფონდის ფულადი სახსრები განთავსებულია საქართველოში ან უცხოეთში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში საინვესტიციო ფონდის სახელზე ან საინვესტიციო ფონდის სასარგებლოდ მოქმედი აქტივების მმართველის ან სპეციალიზებული დეპოზიტარის სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშებზე.  5. აქტივების მმართველმა/საინვესტიციო კომპანიამ უნდა უზრუნველყოს, რომ სპეციალიზებულ დეპოზიტარს ჰქონდეს ყველა საჭირო ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება საინვესტიციო ფონდის აქტივების შეფასებასა და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშებს. აღნიშნული უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ანგარიშებში არსებული შეუსაბამობებისა და კორექტირებების შესახებ. მუხლი 10🔗. სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ წარსადგენი ანგარიშები და შეტყობინებები 1. სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია აქტივების მმართველს/საინვესტიციო კომპანიას, წერილობითი ხელშეკრულებით შეთანხმებული სიხშირით, მიაწოდოს საინვესტიციო ფონდის ყველა აქტივის ამომწურავი ნუსხა და ინფორმაცია განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ. 2. სპეციალიზებულმა  დეპოზიტარმა  ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ  უნდა წარუდგინოს  ინფორმაცია,  თუ აღმოაჩენს, რომ საინვესტიციო ფონდის საქმიანობის პროცესში ხდება საქართველოს  კანონმდებლობის არსებითად დარღვევა, აგრეთვე ყველა სხვა არსებითი დარღვევის შესახებ, რომლებსაც აღმოაჩენს მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულების პროცესში. 3. ამ წესის მე-7 მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევის შესახებ სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ეროვნულ ბანკს. 4. სპეციალიზებული  დეპოზიტარი  ვალდებულია  მოამზადოს  და ეროვნულ ბანკში წარადგინოს შეტყობინება  არაუგვიანეს შესაბამისი მოვლენის დადგომიდან 7 კალენდარული დღისა, თუ მისი საკუთარი კაპიტალის ოდენობა ვეღარ აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მინიმალურ ოდენობას. აღნიშნულ შემთხვევაში სპეციალიზებული  დეპოზიტარი ვალდებულია ეროვნულ ბანკს წარუდგინოს არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად მიღებული ან/და მისაღები ღონისძიებების გეგმა-გრაფიკი. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კორექტირებები შეიტანოს წარმოდგენილ ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკში. 5. სპეციალიზებულმა  დეპოზიტარმა  ამ მუხლით გათვალისწინებული  შეტყობინებები  და ანგარიშები   უნდა  წარადგინოს  როგორც  მატერიალური,  ასევე  ელექტრონული   ფორმით.  ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა იყოს Excel-ისა და PDF-ის ფორმატში.