„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სასმელი წყლის რეზერვუარის (თბილისის წყალსაცავის) სანიტარიული დაცვის ზონის დადგენისა და მართვის წესის დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 01.10.2020
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №64-103
სარეგისტრაციო კოდი 400020010.35.101.016782
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/10/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.10.2020 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას დაქვემდებარებული მიწისქვეშა წყლის ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონების განსაზღვრისა და დამტკიცების წესის თაობაზე წყლის რესურსების მართვის შესახებ წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩამდინარე წყლის ჩაშვებისა და მიღების პირობებისა და დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ნორმების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე ტექნიკური რეგლამენტის − ნატურალური მინერალური წყლების ექსპლუატაციისა და ბაზარზე განთავსების წესების დამტკიცების შესახებ დაფასოებული ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სასმელი წყლის რეზერვუარის (თბილისის წყალსაცავის) სანიტარიული დაცვის ზონის დადგენისა და მართვის წესის დამტკიცების შესახებ“
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №64-103
2020 წლის 1 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სასმელი წყლის რეზერვუარის (თბილისის წყალსაცავის) სანიტარიული დაცვის ზონის დადგენისა და მართვის წესის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ვ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 64-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სასმელი წყლის რეზერვუარის (თბილისის წყალსაცავის) სანიტარიული დაცვის ზონის დადგენისა და მართვის წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სასმელი წყლის რეზერვუარის (თბილისის წყალსაცავის) სანიტარიული დაცვის ზონის საზღვრების რუკა“ დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე
დანართი №1
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სასმელი წყლის რეზერვუარის (თბილისის წყალსაცავის) სანიტარიული დაცვის ზონის დადგენისა და მართვის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სასმელი წყლის რეზერვუარის (შემდგომში – თბილისის წყალსაცავი) დაბინძურებისაგან დაცვის მიზნით დადგენილია სანიტარიული დაცვის ზონა (შემდგომში – სანიტარიული დაცვის ზონა)
2. თბილისის წყალსაცავის სანიტარიული დაცვის ზონის საზღვრები დადგენილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სასმელი წყლის რეზერვუარის სანიტარიული დაცვის ზონის საზღვრების რუკით (დანართი №2).
3. თბილისის წყალსაცავის სანიტარიული დაცვის ზონა იყოფა სამ სარტყლად. მესამე სარტყელი, თავის მხრივ, იყოფა ორ არეალად. თითოეულ სარტყელს წყლის რესურსების დაბინძურების, მოლამვისა და დაშრეტისაგან დასაცავად განსაკუთრებული რეჟიმი აქვს:
ა) პირველი სარტყელი – მკაცრი რეჟიმის ზონა, რომელიც მოიცავს ტერიტორიას, სადაც მდებარეობს წყლის აღების უბნები და წყალსადენის ნაგებობები.
ბ) მეორე სარტყელი – სარეკრეაციო ზონა, რომელიც მოიცავს თბილისის წყალსაცავის მთელ აკვატორიას და ტერიტორიას თბილისის წყალსაცავის საპროექტო ნიშნულიდან, ფორსირებული შევსების დონე 550მ ნიშნულზე, ცხრილ 2-ში მითითებული კოორდინატების თანმხვედრ ხაზამდე.
გ) მესამე სარტყლის I არეალი – განაშენიანების აკრძალვის ზონა, რომლის საზღვრები დადგენილია ფერდობების დახრილობის, გამწვანებული ტერიტორიების და წყლის დაბინძურების მაღალი რისკის მქონე ადგილების გათვალისწინებით;
დ) მესამე სარტყლის II არეალი – განაშენიანების შეზღუდვის ზონა, რომელიც მოიცავს მესამე სარტყლის I არეალის მოსაზღვრე ტერიტორიას და სადაც განაშენიანება დაშვებულია შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვებით.
4. მესამე სარტყლის საზღვარი დადგენილია თბილისის წყალსაცავის სანაპირო ზოლის მთელი პერიმეტრისათვის წყალშემკრები აუზის მთლიან ფართობზე.
5. მეორე და მესამე სარტყლის საზღვრები არ მოიცავს პირველი სარტყლის საზღვრებს.
6. პირველი სარტყლის საზღვრების გეოგრაფიული კოორდინატები მოცემულია ცხრილ 1-ში.
7. მეორე სარტყლის საზღვრების გეოგრაფიული კოორდინატები მოცემულია ცხრილ 2-ში.
8. მესამე სარტყლის I არეალის საზღვრების გეოგრაფიული კოორდინატები მოცემულია ცხრილ 3-ში.
9. მესამე სარტყლის II არეალის საზღვრების გეოგრაფიული კოორდინატები მოცემულია ცხრილ 4-ში.
10. იმ ტერიტორიაზე, სადაც სანიტარიული დაცვის ზონის სარტყლების კოორდინატები ემთხვევა ერთმანეთს, ვრცელდება უფრო მკაცრი რეჟიმის სარტყლის რეგულაციები.
მუხლი 2🔗.
პირველი სარტყელი
1. წყლის აღების უბნების სანიტარიული დაცვის ზონის პირველი სარტყლის საზღვარი, წყლის აკვატორიის ნაწილში, დადგენილია 250 მეტრის რადიუსით ყველა მიმართულებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირველი სარტყლის საზღვარი წყლის აღების უბნების მიმდებარე სახმელეთო ნაწილში დადგენილია წყლის აღების უბნების სანაპირო ზოლის ორივე მხარეს 250 მეტრის დაცილებით, ხოლო ზედა ნიშნულებზე საავტომობილო გზის გვერდულის კიდემდე.
მუხლი 3🔗.
პირველ სარტყელში არსებული შეზღუდვები
პირველი სარტყელი წარმოადგენს მკაცრი რეჟიმის ზონას, სადაც აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს თბილისის წყალსაცავის დაბინძურება ან/და წყლის ხარისხის გაუარესება, მათ შორის:
ა) ყოველგვარი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, გარდა წყლის აღების უბნების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საქმიანობისა;
ბ) ყოველგვარი სამეურნეო საქმიანობა, მათ შორის მშენებლობა, გარდა წყალსადენის ნაგებობების ექსპლუატაციის, რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის ან/და გაფართოებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებისა;
გ) დროებითი შენობა-ნაგებობების განთავსება;
დ) პირთა გადაადგილება, გარდა წყალსადენის ტექნიკური მომსახურებისათვის საჭირო პერსონალისა;
ე) ყოველგვარი მცურავი საშუალების მოძრაობა, ბანაობა, პირუტყვის ძოვება და დარწყულება, რეცხვა, თევზჭერა და სხვა წყალსარგებლობის სახეები, რომელიც გავლენას ახდენეს წყლის ხარისხზე;
ვ) ნებისმიერი ჩამდინარე წყლის ჩაშვება (მათ შორის სანიაღვრე წყლები), გაწმენდილი ჩამდინარე წყლების ჩათვლით;
ზ) ინერტული მასალის მოპოვება;
თ) შხამ-ქიმიკატებისა და მინერალური სასუქების გამოყენება მცენარეთა დაცვის მიზნით.
მუხლი 4🔗.
მეორე სარტყელი
სანიტარიული დაცვის ზონის მეორე სარტყლის საზღვარი წყლის აკვატორიის ნაწილში დადგენილია თბილისის წყალსაცავის მთელ აკვატორიაზე და ამ სარტყლისთვის დადგენილი ყველა სახის შეზღუდვა ვრცელდება თბილისის წყალსაცავის სარკის ზედაპირის მთლიან ფართობზე, 550მ ნიშნულზე შევსების მდგომარეობით.
მუხლი 5🔗.
მეორე სარტყლის წყლის აკვატორიაში არსებული შეზღუდვები
მეორე სარტყლის წყლის აკვატორიაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს თბილისის წყალსაცავის დაბინძურება ან/და წყლის ხარისხის გაურესება, მათ შორის:
ა) ფსკერის დაღრმავების სამუშაოები;
ბ) შიდაწვის ძრავიანი მცურავი საშუალებების გადაადგილება, თუ ეს არ არის დაკავშირებული სპეციალური სამსახურების გადაუდებელ სამუშაოებთან;
გ) თბილისის წყალსაცავის სანაპირო ზოლში ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რეცხვა;
დ) ნებისმიერი ჩამდინარე წყლის ჩაშვება (მათ შორის, სანიაღვრე წყლები), გაწმენდილი ჩამდინარე წყლის ჩათვლით;
ე) თევზის მოშენება, გარდა სპეციალური სამსახურის მიერ წყლის ხარისხის შენარჩუნების ან გაუმჯობესების მიზნით გარკვეული სახეობის თევზის გამრავლებისა.
მუხლი 6🔗.
მეორე სარტყელის სახმელეთო ნაწილში არსებული შეზღუდვები და დასაშვები საქმიანობები
1. გარდა მესამე სარტყელში არსებული აკრძალვებისა, მეორე სარტყელში ასევე აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს თბილისის წყალსაცავის დაბინძურება ან/და წყლის ხარისხის გაურესება, მათ შორის:
ა) ყოველგვარი შენობა-ნაგებობის განთავსება;
ბ) შიდაწვის ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების და ტექნიკის გადაადგილება, თუ ეს არ არის დაკავშირებული სპეციალური სამსახურების გადაუდებელ სამუშაოებთან;
გ) ცხოველების შეყვანა, დაბანა ან/და დარწყულება.
დ) ყველა სახის არსებული შენობა-ნაგებობის განვითარება ან/და გაფართოება.
2. მეორე სარტყელში დასაშვებია:
ა) თბილისის წყალსაცავის წყლის გამოყენება საწყალოსნო სპორტისა და თევზჭერისათვის.
ბ) სარეკრეაციოდ განვითარებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, კანონმდებლობით განსაზღვრული მცირე არქიტექტურული ფორმების, მათ შორის განათების, სარწყავი და სხვა დამხმარე საშუალებების მოწყობა, ასევე, პლაჟისათვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის, გასახდელების, სანიტარიული კვანძების, საშხაპეების, სათავსების განთავსება. თუ ამგვარ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე ხორციელდება წყლის მოხმარება, მაშინ იგი მიერთებული უნდა იყოს ჩამდინარე წყლების გაწმენდისა და წყალარინების სისტემასთან, მათ შორის, საასენიზაციო (ჰერმეტული) ორმოსთან ან/და ცენტრალურ სანიაღვრე სისტემასთან;
გ) საფეხმავლო ან/და ველო-ბილიკების, შესაბამისი გამაფრთხილებელი ან/და ამკრძალავი ნიშნების, ღამის განათების ინფრასტრუქტურის მოწყობა ან/და აღდგენა-რეაბილიტაცია;
დ) დეკორატიული გაფორმების ობიექტების, საპარკე სკამების, საბავშვო მოედნების განთავსება ან/და აღდგენა-რეაბილიტაცია.
მუხლი 7🔗.
მესამე სარტყელში არსებული შეზღუდვები და დასაშვები საქმიანობები
1. გარდა მესამე სარტყლის II არეალში არსებული აკრძალვებისაა, მესამე სარტყლის I არეალში ასევე აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს თბილისის წყალსაცავის დაბინძურება ან/და წყლის ხარისხის გაურესება, მათ შორის:
ა) შხამ-ქიმიკატების, მინერალური სასუქების და მცენარეთა ზრდის მასტიმულირებელი საშუალებების გამოყენება;
ბ) გრუნტში, წყალსაცავში და მის შენაკადებში ყოველგვარი ჩამდინარე წყლის (მათ შორის სანიაღვრე წყლების) ჩაშვება;
გ) ცხოველთა სადგომების მოწყობა, საქონლის ძოვება, მიწის და ტყის რესურსებით სარგებლობა;
დ) ყოველგვარი შენობა-ნაგებობის განთავსება;
ე) ყველა სახის არსებული შენობა-ნაგებობის განვითარება ან/და გაფართოება.
2. მესამე სარტყლის I არეალში დასაშვებია:
ა) საფეხმავლო გზებისა ან/და ბილიკების, დასასვენებელი ადგილების, სანიტარიული კვანძების, წყლის სასმელი შადრევნების, მცირე არქიტექტურული ფორმების, ღამის განათების ინფრასტრუქტურის მოწყობა ან/და აღდგენა-რეაბილიტაცია. თუ ამგვარ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე ხორციელდება წყლის მოხმარება, მაშინ იგი მიერთებული უნდა იყოს ჩამდინარე წყლების გაწმენდისა და წყალარინების სისტემასთან, მათ შორის საასენიზაციო (ჰერმეტული) ორმოსთან ან/და ცენტრალურ სანიაღვრე სისტემასთან;
ბ) საპარკე და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის და მათი ფუნქციონირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა ან/და აღდგენა-რეაბილიტაცია.
გ) თბილისის წყალსაცავის პერიმეტრზე არსებული შემოვლითი საავტომობილო გზის გასწვრივ, სათანადო ადგილებზე ავტოსადგომების მოწყობა ან/და აღდგენა-რეაბილიტაცია;
3. მესამე სარტყლის II არეალში აკრძალულია:
ა) ისეთი ობიექტების განთავსება ან/და ექსპლუატაცია, რომელიც ქმნის გარემოსთან ან/და ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მაღალ რისკებს.
ბ) მეცხოველეობის ფერმის, მეფრინველეობის ფერმის, თევზსაშენის ან/და თევზსაჭერი მეურნეობის განთავსება ან/და ექსპლუატაცია;
გ) სახიფათო ნივთიერებების, მათ შორის, შხამ-ქიმიკატების და მინერალური სასუქების საწყობების განთავსება ან/და ექსპლუატაცია;
დ) ყველა სახის შენობა-ნაგებობის განთავსება ან/და ექსპლუატაცია, რომელსაც არ აქვს ჩამდინარე წყლების გაწმენდისა და წყალარინების სისტემა (მათ შორის საასენიზაციო (ჰერმეტული) ორმო) ან არ არის მიერთებული ცენტრალურ სანიაღვრე სისტემასთან.
ე) სასაფლაოების და ცხოველთა სამარხების მოწყობა;
ვ) საყოფაცხოვრებო ან/და სამრეწველო ნარჩენების სანაყაროების/სამარხების მოწყობა.
მუხლი 8🔗.
მდინარე არაგვის და მდინარე იორის წყალსადინარების სანიტარიული დაცვის ზოლში არსებული შეზღუდვები
1. მდინარე არაგვის და მდინარე იორის წყალსადინარების კანონით განსაზღვრული სანიტარიული დაცვის ზოლში აკრძალულია:
ა) ყოველგვარი შენობა-ნაგებობის ან/და კომუნიკაციის განთავსება ან/და ექსპლუატაცია;
ბ) ნებისმიერი ჩამდინარე წყლის ჩაშვება, გაწმენდილი წყლის ჩათვლით;
გ) მრავალწლიანი ნარგავების გაშენება;
დ) ნებისმიერი დანიშნულებით წყალაღება;
ე) წყლის საბანაოდ გამოყენება;
ვ) ნაპირებზე ნებისმიერი ნარჩენის ან/და მყარი მასალის განთავსება.
2. მდინარე არაგვის და მდინარე იორის წყალსადინარების დაბინძურებისაგან დაცვის მიზნით დადგენილია 20 მეტრი სიგანის სანიტარიული დაცვის ზოლი, რომლის გაანგარიშებაც ხდება წყალსადინარის ორივე განაპირა ხაზიდან.
მუხლი 9🔗.
გარდამავალი დებულებები
1. მეორე სარტყლის სახმელეთო ნაწილსა და მესამე სარტყლის I არეალში არსებული ყველა შენობა-ნაგებობა შესაბამისობაში უნდა იქნეს მოყვანილი აღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებულ პირობებთან, რომელიც თავის მხრივ უნდა შეთანხმდეს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სამსახურებთან.
2. თბილისის წყალსაცავის დაბინძურებისაგან დაცვის მიზნით ამ დადგენილებით განსაზღვრულ შესაბამის სარტყლებში არსებული შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციის, რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციისა და დაგეგმილი მშენებლობისათვის საჭირო ნებართვის გაცემა განხორციელდეს ამ დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
3. ამ წესის პირველი მუხლის მესამე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მესამე სარტყლის I არეალში, ამ დადგენილების ამოქმედებამდე დამტკიცებული ქალაქგეგმარებითი დოკუმენტების შესაბამისად მშენებლობის ნებართვა საჭიროებს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს თანხმობას.