საქართველოს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.10.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №042
სარეგისტრაციო კოდი 110060080.70.082.016055
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/10/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.10.2020 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე | საქართველოს გენერალური პროკურორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმის, წესისა და საგამოცდო პროგრამის, საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩატარების წესის, პირობებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის შესაბამისობის გამოცდის ჩატარების წესისა და პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №042
2020 წლის 16 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პროგრამის დამტკიცების შესახებ
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლის და 63-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების თანდართული წესი და პროგრამა.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. საკვალიფიკაციო გამოცდის მიზნები
1. საქართველოს პროკურატურის (შემდგომში – პროკურატურა) საკვალიფიკაციო გამოცდის (შემდგომში – საკვალიფიკაციო გამოცდა) მიზანია მაღალკვალიფიციური იურისტების შერჩევა შემდგომში პროკურატურაში სამუშოდ მისაღებად.
2. საკვალიფიკაციო გამოცდა განსაზღვრავს, რამდენად შეესაბამება გამოსაცდელი პირი პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის/პროკურატურის სტაჟიორისათვის წაყენებულ მოთხოვნებს, საკმარისია თუ არა მისი თეორიული ცოდნა და შესწევს თუ არა მას თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი.
მუხლი 2🔗. საკვალიფიკაციო გამოცდა
1. საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ დისციპლინებში.
3. საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება სახელმწიფო ენაზე.
მუხლი 3🔗. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლების მქონე პირები
1. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს ოცდაერთი წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას.
2. ამ წესის მიზნებისთვის უმაღლესი იურიდიული განათლების მქონედ ითვლება:
ა) პირი, თუ მას დამთავრებული აქვს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი სპეციალობით „სამართლისმცოდნეობა“ და სახელმწიფო საგამოცდო კომისიის მიერ მინიჭებული აქვს „იურისტის“ კვალიფიკაცია;
ბ) პირი, რომელსაც აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აქვს ბაკალავრის, დიპლომირებული სპეციალისტის ან მაგისტრის უმაღლესი აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობაში. მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირი უნდა ფლობდეს ბაკალავრის აკადემიურ ხარისხსაც სამართალმცოდნეობაში;
გ) პირი, რომელსაც ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აქვს სამართლის ბაკალავრის ან სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირი უნდა ფლობდეს სამართლის ბაკალავრის აკადემიურ ხარისხსაც.
3. პირი, რომელიც სავარაუდოდ ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების შესახებ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში.
4. პირი, რომელსაც უმაღლესი იურიდიული განათლება მიღებული აქვს უცხოეთში, საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება განათლების აღიარების შესახებ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში.
მუხლი 4🔗. პირები, რომლებიც თავისუფლდებიან საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან
საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისგან თავისუფლდებიან:
ა) საქართველოს გენერალური პროკურორი (შემდგომში – გენერალური პროკურორი), გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე და მოადგილეები;
ბ) პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის ან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
თავი II. საკვალიფიკაციო გამოცდის კომისია
მუხლი 5🔗. საკვალიფიკაციო გამოცდის კომისიის შექმნა
1. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით, პროკურატურაში იქმნება პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის კომისია (შემდგომში – კომისია), რომელიც საქმიანობას ახორციელებს საკვალიფიკაციო გამოცდის გამოცხადებიდან გამოცდის საბოლოო შედეგების დამტკიცებამდე.
2. კომისიას ჰყავს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე. კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილესა და წევრებს ნიშნავს გენერალური პროკურორი.
მუხლი 6🔗. კომისიის უფლებამოსილება
1. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის უფლებამოსილებას წარმოადგენს გამოცდის ჩატარების გამოცხადება, გამოცდის ჩატარების თარიღის, ასევე ცალკეული პირობებისა და პროცედურების განსაზღვრა, გამოცდის ჩატარების პროცესის ზედამხედველობა, საპრეტენზიო განცხადებების/საჩივრების განხილვა, გამოცდის საბოლოო შედეგების დამტკიცება.
3. გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით, ღია კენჭისყრით. ხმების თანაბარი გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
4. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები.
5. კომისიის გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული.
მუხლი 7🔗. კომისიის სამდივნო
1. საკვალიფიკაციო გამოცდის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით იქმნება კომისიის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო), რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
2. სამდივნოს შემადგენლობაში შედიან საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტისა და გენერალური პროკურატურის სხვა თანამშრომლები.
3. სამდივნოს ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი, რომელსაც ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 8🔗. საკვალიფიკაციო გამოცდის ორგანიზაციული უზრუნველყოფა
სამდივნოს ევალება გამოცდების მოსამზადებლად აუცილებელი ყველა ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტა, მათ შორის, გამოცდის ჩაბარების მსურველთა განცხადებების მიღება, მათი საბუთების დადგენილ წესებთან შესაბამისობის შემოწმება, საგამოცდო დავალებების ელექტრონულ სისტემაში შეყვანა, საგამოცდო ინსტრუქტაჟის მომზადება და გამოსაცდელებისათვის გაცნობა, პროკურატურის ვებგვერდზე საკვალიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებული ინფორმაციის, მათ შორის საგამოცდო პროგრამის განთავსება და სხვა ტექნიკური დავალებების შესრულება.
თავი III. საკვალიფიკაციო გამოცდის გამოცხადება და რეგისტრაცია
მუხლი 9🔗. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების გამოცხადება და ჩატარების ვადები
1. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების თარიღი, პირობები, ვადები და სხვა საკითხები განისაზღვრება საგამოცდო კომისიის მიერ.
2. საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება მისი გამოცხადებიდან არაუადრეს 3 კვირისა.
3. საკვალიფიკაციო გამოცდის პროგრამა განისაზღვრება დანართის შესაბამისად (დანართი №1).
4. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება პროკურატურის ვებგვერდის საშუალებით.
მუხლი 10🔗. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველის რეგისტრაცია
1. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების გამოცხადების შემდეგ, გამოცდის ჩაბარების მსურველი პირი რეგისტრაციას გადის შესაბამისი პროგრამის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
2. ელქტრონული ფოსტის მეშვეობით რეგისტრაციის გავლისას პირი ვალდებულია წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი იურიდიული განათლების მიღების შესახებ;
გ) რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე;
დ) ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია.
3. გამოცდებისა და შერჩევის მართვის ელექტრონული სისტემით (პროგრამით) რეგისტრაციისას საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველი პირი ავსებს შესაბამის სააპლიკაციო ფორმას.
4. საკვალიფიკაციო გამოცდაზე მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია წარმოებს საკვალიფიკაციო გამოცდის გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში.
5. რეგისტრაციისას დოკუმენტაციის არასრულად ან/და ხარვეზით წარმოდგენის შემთხვევაში, საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველ პირს ხარვეზის გამოსასწორებლად ეძლევა ვადა, რეგისტრაციის დასრულებიდან არაუმეტეს 3 სამუშაო დღისა. ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, პირი ვერ გაივლის რეგისტრაციას და საკვალიფიკაციო გამოცდაზე არ იქნება დაშვებული.
6. რეგისტრაციის დადასტურების, ხარვეზის გამოსასწორებლად ვადის დადგენის, ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველ პირს ეცნობება ელექტრონული სისტემის (პროგრამის) ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
თავი IV. ტესტური გამოცდა
მუხლი 11🔗. საგამოცდო ტესტი
1. საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება ერთ ეტაპად, ელექტრონულად, ტესტური მეთოდით.
2. საგამოცდო ტესტი შეიცავს საკვალიფიკაციო გამოცდისათვის გათვალისწინებული სამართლის შესაბამისი დარგების მიხედვით შედგენილ 100 (ასი) არჩევით პასუხიან დავალებას, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება შემდეგი წესით:
• საკონსტიტუციო სამართალი 5 ტესტი
• ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი 3 ტესტი
• სისხლის სამართალი 40 ტესტი
• სისხლის საპროცესო სამართალი 40 ტესტი
• ადმინისტრაციული სამართალი 5 ტესტი
• სასჯელაღსრულებითი სამართალი 5 ტესტი
• ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საფუძვლები 2 ტესტი.
3. ყოველი ტესტური დავალება შედგება ორი ნაწილის – პირობისა და ოთხი სავარაუდო პასუხისაგან. ტესტის ოთხი სავარაუდო პასუხიდან სწორია მხოლოდ ერთი.
4. ყოველ ტესტზე სწორი პასუხი ფასდება 1 (ერთი) ქულით, არასწორი პასუხი კი – 0 (ნული) ქულით. თუ არც ერთი პასუხი არ არის აღნიშნული, ტესტის ამოხსნა შეფასდება 0 (ნული) ქულით.
5. ტესტური გამოცდის მინიმალური შეფასება არის 0 (ნული) ქულა, ხოლო მაქსიმალური შეფასება – 100 (ასი) ქულა.
6. ტესტური გამოცდის შედეგები ელექტრონული სისტემის მეშვეობით ინდივიდუალურად ეცნობება ყველა გამოსაცდელს, ხოლო გამოცდის შედეგების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია განთავსდება პროკურატურის ვებგვერდზე.
7. გამოსაცდელს, რომელიც ტესტურ გამოცდაში დააგროვებს 75 (სამოცდათხუთმეტ) ან მეტ ქულას, გამოცდა ჩაბარებულად ეთვლება.
მუხლი 12🔗. საგამოცდო დრო
1. ტესტური გამოცდის ჩასაბარებლად გამოსაცდელს ეძლევა ოთხი საათი. დროის ამოწურვის შემდეგ ელექტრონული სისტემა აფიქსირებს და აფასებს გამოსაცდელის პასუხებს.
2. გამოსაცდელები მიიღებენ გაფრთხილებას საგამოცდო დროის ამოწურვის შესახებ სამჯერ – დროის დამთავრებამდე 2 საათით ადრე, 30 წუთით ადრე და 15 წუთით ადრე.
მუხლი 13🔗. საგამოცდო დავალების შედგენა
1. ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფს თითოეული გამოსაცდელისათვის საგამოცდო დავალებების თანმიმდევრობის ინდივიდუალურად შედგენას.
2. საგამოცდო დავალების შედგენისას უნდა იქნეს დაცული თანმიმდევრობა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის გათვალისწინებული სამართლის შესაბამისი დარგების მიხედვით.
მუხლი 14🔗. საგამოცდო დავალებების საჯაროობა
საკვალიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული საგამოცდო დავალებები არ არის საჯარო და ხელმისაწვდომი.
მუხლი15. საკვალიფიკაციო გამოცდაზე გამოცხადების დრო
1. საკვალიფიკაციო გამოცდის დღეს ყველა გამოსაცდელი უნდა გამოცხადდეს გამოცდის ჩატარების ადგილზე წინასწარ განსაზღვრულ დროს და გაიაროს რეგისტრაცია.
2. გამოსაცდელმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში პირი საკვალიფიკაციო გამოცდაზე არ დაიშვება.
3. საკვალიფიკაციო გამოცდის დაწყების შემდეგ გამოცხადებული პირები გამოცდაზე არ დაიშვებიან.
მუხლი 16🔗. საკვალიფიკაციო გამოცდაზე გამოუცხადებლობის შედეგები
საკვალიფიკაციო გამოცდაზე გამოუცხადებლობა პირს უფლებას ართმევს მოითხოვოს დამატებითი გამოცდის ჩატარება, მიუხედავად იმისა, გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული თუ არა.
მუხლი 17🔗. საგამოცდო დარბაზში ადგილის დაკავების წესი
საგამოცდო დარბაზში შესვლამდე გამოსაცდელები იღებენ ადგილის დაკავებისათვის განკუთვნილ დანომრილ ბარათებს, რომლის მიხედვით იკავებენ ადგილს საგამოცდო დარბაზში.
მუხლი 18🔗. ინსტრუქტაჟი გამოცდის დაწყებამდე
საკვალიფიკაციო გამოცდის დაწყებამდე სამდივნოს წარმომადგენელი გამოსაცდელებს უტარებს ინსტრუქტაჟს ელექტრონული სისტემის გამოყენების, საკვალიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობისა და საგამოცდო დარბაზში ქცევის წესების შესახებ.
მუხლი 19🔗. საგამოცდო დარბაზში შესვლის უფლება
გამოსაცდელებთან ერთად საგამოცდო დარბაზში დაიშვებიან კომისიის წევრები, სამდივნოს წარმომადგენლები და კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული სხვა პირები შესაბამისი სამკერდე მოწმობით (ბეიჯით).
მუხლი 20🔗. საკანონმდებლო მასალის გამოყენების აკრძალვა
1. საკვალიფიკაციო გამოცდის განმავლობაში გამოსაცდელს ეკრძალება ნორმატიული აქტების, კანონთა კომენტარების, სახელმძღვანელოების ან სხვა ანალოგიური მასალის, ასევე აუდიო ან სხვა ნებისმიერი ტექნიკური საშუალებების (მათ შორის, მობილური ტელეფონების) გამოყენება.
2. გამოსაცდელი, რომელიც შემჩნეული იქნება პირველი პუნქტით გათვალისწინებული მასალის ან ტექნიკური საშუალების გამოყენებაში, მოიხსნება საკვალიფიკაციო გამოცდიდან და დაეწერება შეფასება 0 (ნული).
3. გამოსაცდელის საკვალიფიკაციო გამოცდიდან მოხსნის შემთხვევაში დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს გამოსაცდელი და სამდივნოს წარმომადგენელი.
მუხლი 21🔗. საკვალიფიკაციო გამოცდიდან მოხსნის შედეგები
1. საკვალიფიკაციო გამოცდაზე წესრიგის უხეში დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში გამოსაცდელი მოიხსნება გამოცდიდან.
2. უხეშ დარღვევად შესაძლებელია ჩაითვალოს:
ა) გამოსაცდელი პირის მიერ გადაწერის მცდელობა/გადაწერა;
ბ) გამოსაცდელი პირის მიერ საკვალიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობისათვის ხელის შეშლა;
გ) გამოსაცდელი პირის მიერ ნორმატიული აქტების, კანონთა კომენტარების, სახელმძღვანელოების ან სხვა ანალოგიური მასალის, ასევე აუდიო ან სხვა ნებისმიერი ტექნიკური საშუალებების (მათ შორის, მობილური ტელეფონების) გამოყენება;
დ) გამოსაცდელი პირის მიერ სხვა გამოსაცდელ პირთან კომუნიკაცია.
3. სამდივნოს წარმომადგენლის მიერ, ზემოთ ხსენებული გარემოებებიდან ერთ-ერთის დაფიქსირების შემთხვევაში, დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს სამდივნოს წარმომადგენლი და გამოსაცდელი პირი.
მუხლი 22🔗. საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების შემოწმება
1. ტესტური გამოცდის პასუხები მოწმდება ელექტრონული სისტემის საშუალებით და გამოცდის დასრულებისთანავე ხდება ცნობილი გამოსაცდელისათვის.
2. გამოსაცდელს გადაეცემა ტესტური გამოცდის პასუხების მოსანიშნი ფურცელი.
თავი V. საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების გასაჩივრება და საკვალიფიკაციო გამოცდის საბოლოო შედეგები
მუხლი 23🔗. საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების გასაჩივრების, პრეტენზიის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა
1. საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგებს განიხილავს კომისია.
2.გამოსაცდელი უფლებამოსილია საპრეტენზიო განცხადებით მიმართოს საგამოცდო კომისიის თავმჯდომარეს. განცხადება მიიღება საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების გაცნობიდან ორი სამუშაო დღის განმავლობაში. დაგვიანებით შემოსული საპრეტენზიო განცხადება არ განიხილება.
3. საპრეტენზიო განცხადების განხილვისას დაცულია ორმხრივი ანონიმურობის პრინციპი.
მუხლი 24🔗. საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგები
1. საკვალიფიკაციო გამოცდის საბოლოო შედეგებს ამტკიცებს კომისია.
2. პირებს, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს საკვალიფიკაციო გამოცდა, გადაეცემათ სერტიფიკატი, რომელსაც ხელს აწერს გენერალური პროკურორი ან გენერალური პროკურორის მოადგილე.
3. სერტიფიკატის დაკარგვის/დაზიანების შემთხვევაში საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი უფლებამოსილია გასცეს ცნობა საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შესახებ.
დანართი №1
საქართველოს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის პროგრამა
ნაწილი I. შინაარსი
1. საკონსტიტუციო სამართალი
2. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი
3. სისხლის სამართალი
4. სისხლის საპროცესო სამართალი
5. ადმინისტრაციული სამართალი
6. სასჯელაღსრულებითი სამართალი
7. ოპერატიულ- სამძებრო საქმიანობის საფუძვლები.
ნაწილი II. საკონსტიტუციო სამართალი
თემა I. საქართველოს კონსტიტუცია.
ნაწილი III. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი
თემა I. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენცია;
თემა II. „სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ“ 1959 წლის ევროპული კონვენცია;
თემა III. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენცია (გარდა II და III თავებისა);
თემა IV. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის ევროპული კონვენცია.
ნაწილი IV. სისხლის სამართალი
თემა I. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი.
ნაწილი V. სისხლის საპროცესო სამართლი
თემა I. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.
ნაწილი VI. ადმინისტრაციული სამართალი
თემა I. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
ნაწილი VII. სასჯელაღსრულებითი სამართალი
თემა I. საქართველოს კანონი „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“;
თემა II. საქართველოს პატიმრობის კოდექსი.
ნაწილი VIII. ოპერატიულ- სამძებრო საქმიანობის საფუძვლები
თემა I. საქართველოს კანონი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“.
საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე