ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურის შესწავლის და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 21.10.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №189/04
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016512
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/10/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.10.2020 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე | ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის მფლობელობისა და
კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურის შესწავლის და ბენეფიციარი მესაკუთრის
იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესი ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირის მიერ ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის და კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურის შესწავლის წესის დამტკიცების შესახებ ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურის შესწავლის და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება
№189/04
2020 წლის 21 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურის შესწავლის და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის და მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურის შესწავლის და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესი დანართებთან ერთად.
მუხლი 2🔗
ამ ბრძანების ამოქმედებამდე ანგარიშვალდებულ პირთან საქმიან ურთიერთობაში მყოფი კლიენტების ბენეფიციარი მესაკუთრეების იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მიზნით მოპოვებული საიდენტიფიკაციო მონაცემების, ინფორმაციისა და დოკუმენტების ამ ბრძანებასთან შესაბამისობაში მოყვანა განხორციელდეს აღნიშნული კლიენტების რისკის შესაბამისი პერიოდულობით, კლიენტთან დაკავშირებული ინფორმაციისა და დოკუმენტების განახლების დროს.
მუხლი 3🔗
ანგარიშვალდებულმა პირებმა 2021 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ საკუთარი შიდა კონტროლის პოლიტიკისა და წესების შესაბამისობა ამ ბრძანებით დადგენილ მოთხოვნებთან.
მუხლი 4🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე
ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურის შესწავლის და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურის შესწავლის და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის (შემდგომში – წესი) მოქმედება ვრცელდება „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“, „ა.დ“-„ა.თ“ და „ა.ლ“-„ა.ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებზე.
2. ამ წესით განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირის (შემდგომში – ანგარიშვალდებული პირი) მიერ კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურის შესწავლის და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციის მიზნით მოსაპოვებელი საიდენტიფიკაციო მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტები, აგრეთვე ამ მონაცემების, ინფორმაციისა და დოკუმენტების აღრიცხვის, განახლების, დამოწმებისა და შენახვის წესი.
3. აკრძალულია საქმიანი ურთიერთობის დამყარება ან გაგრძელება, ერთჯერადი გარიგების დადება ან შესრულება, თუ ანგარიშვალდებული პირი, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, არ განახორციელებს კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურის შესწავლას და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციასა და ვერიფიკაციას.
4. აკრძალულია საქმიანი ურთიერთობის დამყარება ან გაგრძელება, ერთჯერადი გარიგების დადება ან შესრულება, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრე შეყვანილია სანქციადაკისრებულ პირთა სიაში.
5. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 2🔗.
მფლობელობის და კონტროლის სტრუქტურის შესწავლა
1. ბენეფიციარი მესაკუთრეების დადგენის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მიზნით, ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურის შესწავლა.
2. კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურის შესწავლისთვის ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა განახორციელოს ყველა შემდეგი მოქმედება:
ა) კლიენტისგან უნდა გამოითხოვოს მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურის შესახებ ინფორმაცია, რომელიც შეიძლება დადასტურებული იყოს განცხადებით ან სქემის სახით (თვითდეკლარირება);
ბ) სანდო წყაროდან მოპოვებულ დოკუმენტაციაზე/ინფორმაციაზე დაყრდნობით დარწმუნდეს კლიენტის მიერ გაცხადებული ინფორმაციის სისწორეში.
3. ანგარიშვალდებული პირის მიერ მოპოვებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურაში შემავალი თითოეული იურიდიული პირის/არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის შესახებ ისეთ უნიკალურ ინფორმაციას/მონაცემებს, რაც აუცილებელია მფლობელობის სტრუქტურის ჯაჭვის მიდევნებისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების დადგენისთვის.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულების მიზნით, ანგარიშვალდებულმა პირმა, მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურაში შემავალი თითოეული იურიდიული პირის/არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის სახელწოდებასთან ერთად უნდა მოიპოვოს ერთ-ერთი:
ა) საიდენტიფიკაციო ნომერი ან რეგისტრაციის ნომერი;
ბ) რეგისტრაციის თარიღი და ქვეყანა.
5. მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურის შესწავლა უნდა განხორციელდეს ამ დოკუმენტით განსაზღვრული სანდო წყაროების გამოყენებით. დაბალი რისკის დონისთვის მიკუთვნებული კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურის შესწავლის მიზნით, ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია გამოიყენოს ამ წესით განსაზღვრული სანდო წყაროებისაგან განსხვავებული სანდო წყაროები.
6. ანგარიშვალდებულმა პირმა, ბენეფიციარი მესაკუთრის დადგენის მიზნით, სრულყოფილად უნდა შეისწავლოს კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურის ჯაჭვი უკანასკნელი დონის ჩათვლით, რათა დარწმუნდეს, რომ დანამდვილებით იცის ვინ არის, მისი ბენეფიციარი მესაკუთრე.
7. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია იხელმძღვანელოს მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურის შესწავლის განსხვავებული წესით, თუ კლიენტი წარმოადგენს ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ რომელიმე პირს.
მუხლი 3🔗.
ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია
1. ანგარიშვალდებულმა პირმა, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის მიზნით უნდა მოიპოვოს შემდეგი საიდენტიფიკაციო მონაცემები:
ა) სახელი და გვარი;
ბ) მოქალაქეობა;
გ) დაბადების თარიღი;
დ) პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) პირადობის ან/და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი (ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო მონაცემის არარსებობის შემთხვევაში).
2. ანგარიშვალდებული პირი საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია, დამატებით მოიპოვოს ბენეფიციარი მესაკუთრის სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის:
ა) მამის სახელი;
ბ) სქესი;
გ) დაბადების ადგილი (ქალაქი, ქვეყანა);
დ) პირადობის ან/და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის თარიღი, გამცემი ქვეყანა, გამცემი ორგანო და დოკუმენტის მოქმედების ვადა;
ე) რეგისტრაციის ან/და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი.
3. ანგარიშვალდებულმა პირმა, დაბალი რისკის არსებობის შემთხვევაში, ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის მიზნით, სულ მცირე, უნდა მოიპოვოს მისი სახელი და გვარი, მოქალაქეობა და ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთ-ერთი საიდენტიფიკაციო მონაცემი.
4. ანგარიშვალდებულმა პირმა, ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის მიზნით, სულ მცირე, უნდა მოიპოვოს მისი სახელი და გვარი და, აგრეთვე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთ-ერთი საიდენტიფიკაციო მონაცემი, თუ კლიენტი წარმოადგენს ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ რომელიმე პირს.
მუხლი 4🔗.
ბენეფიციარი მესაკუთრის ვერიფიკაცია
1. სტანდარტული და მაღალი რისკის არსებობის შემთხვევაში, ანგარიშვალდებულმა პირმა, ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და ასევე, „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო მონაცემების ვერიფიკაცია უნდა განახორციელოს ამ წესის მე-6 მუხლით დადგენილი სანდო წყაროს საფუძველზე.
2. დაბალი რისკის არსებობის შემთხვევაში, ანგარიშვალდებულმა პირმა, ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ასევე, „გ“-„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი საიდენტიფიკაციო მონაცემის ვერიფიკაცია უნდა განახორციელოს ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრული სანდო წყაროს საფუძველზე ან სხვა სანდო წყაროზე დაყრდნობით.
3. დაბალი რისკის არსებობის შემთხვევაში, ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, გადაამოწმოს ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო მონაცემის სიზუსტე, თუ გაჩნდა ეჭვი ამ საიდენტიფიკაციო მონაცემის სიზუსტესთან დაკავშირებით.
4. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია, ბენეფიციარი მესაკუთრის ვერიფიკაციის მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე, მოიპოვოს ამ წესის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო მონაცემები, და აგრეთვე, ფოტოსურათი.
5. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია იხელმძღვანელოს ბენეფიციარი მესაკუთრის ვერიფიკაციის განსხვავებული წესით, თუ კლიენტი წარმოადგენს ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ რომელიმე პირს.
მუხლი 5🔗.
ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის განსხვავებული წესი
1. კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მიზნით, ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია გამოიყენოს ამ მუხლით დადგენილი წესი, თუ კლიენტი წარმოადგენს ერთ-ერთ შემდეგ პირს:
ა) ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ექვემდებარება ზედამხედველობას „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ბ) უცხო ქვეყნაში რეგისტრირებული რესპონდენტი კომერციული ბანკი, რომელიც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით ექვემდებარება ზედამხედველობას ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით;
გ) ამ წესის დანართი №2-ით განსაზღვრული საერთაშორისო ორგანიზაცია;
დ) ამ წესის დანართი №3-ით განსაზღვრული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი;
ე) სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო/დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა);
ვ) საქართველოში დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირი სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით ან საქართველოს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი;
ზ) დიპლომატიური წარმომადგენლობა, საკონსულო დაწესებულება;
თ) პირი, რომელსაც საფონდო ბირჟის ან კანონმდებლობის თანახმად მოეთხოვება ინფორმაციის გამჟღავნება, ბენეფიციური მფლობელობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და რომლის აქციებიც საჯაროდ ივაჭრება ამ წესის დანართი №4-ით განსაზღვრულ ერთ-ერთ საფონდო ბირჟაზე;
ი) საქართველოში რეგისტრირებული სამეწარმეო იურიდიული პირი, რომელთა მფლობელობის (კონტროლის) სტრუქტურაში მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირები მონაწილეობენ და რომელთა საბოლოო ბენეფიციარ მესაკუთრემდე გასვლა შესაძლებელია სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერების საშუალებით (მათ შორის, ორი და მეტდონიანი სტრუქტურის შემთხვევაშიც).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ვერიფიკაციის მიზნით, ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია გამოიყენოს ინფორმაცია, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია ოფიციალური უწყებების ვებგვერდებზე, და ასევე, სანდო და ავტორიტეტულ კომერციულ ბაზებსა და მედიაგამოცემებში.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია საზედამხედველო ორგანოს ვებგვერდზე გადაამოწმოს და დარწმუნდეს, რომ ფინანსური ინსტიტუტი შესაბამისი ორგანოს ზედამხედველობას ექვემდებარება.
4. ამ მუხლით დადგენილი იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის განსხვავებული წესის გამოყენება არ დაიშვება, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რესპონდენტი კომერციული ბანკი რეგისტრირებულია (დაფუძნებული) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით განსაზღვრულ მაღალი რისკის იურისდიქციაში ან ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დანართით განსაზღვრულ რომელიმე ოფშორულ იურისდიქციაში.
5. ამ მუხლით დადგენილი იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის განსხვავებული წესის გამოყენება დაუშვებელია, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რესპონდენტი კომერციული ბანკის შიდა კონტროლის სისტემა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ტერორიზმის დაფინანსებისა და ფულის გათეთრების რისკების მიტიგაციას.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის განსხვავებული წესის გამოყენება დასაშვებია, თუ ყველა შესაბამისი წყაროს გადამოწმების შემდეგ, ანგარიშვალდებული პირი დარწმუნდება რესპონდენტ კომერციულ ბანკთან დაკავშირებული ნეგატიური ინფორმაციის არარსებობაში.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ნეგატიურ ინფორმაციად განიხილება:
ა) კლიენტის, კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის ან კლიენტთან მჭიდრო საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნა ან სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის არსებობა ტერორიზმის დაფინანსების ან ფულის გათეთრების დანაშაულზე ან დანაშაულთა იმ კატეგორიებზე, რომელიც შესაძლებელია განხილულ იქნეს ფულის გათეთრების პრედიკატად;
ბ) ინფორმაცია რესპონდენტ ბანკში ტერორიზმის დაფინანსების ან ფულის გათეთრების მიმართულებით სისტემური დარღვევების აღმოჩენის თაობაზე.
8. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის განსხვავებული წესი არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით განსაზღვრულ მაღალი რისკის იურისდიქციაში და ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დანართით განსაზღვრულ რომელიმე ოფშორულ იურისდიქციაში რეგისტრირებულ (დაფუძნებულ) პირზე.
9. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ანგარიშვალდებულმა პირმა, კლიენტის თვითდეკლარირების ფორმასთან ერთად, უნდა გაითვალისწინოს საფონდო ბირჟის და კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ან/და აღიარებული საბუღალტრო პრინციპების შესაბამისად შემუშავებული ფინანსური ანგარიშგება, რომელიც გამოქვეყნებულია აუდიტორის ან იმ პირის ვებგვერდზე, რომლის აქციებიც საჯაროდ ივაჭრება.
10. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია თავად უზრუნველყოს სამეწარმეო რეესტრის ამონაწერების ამოღება სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
11. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირების ფილიალების (წარმომადგენლობის), და ასევე, მათი შვილობილი იურიდიული პირების შემთხვევაში, ანგარიშვალდებულმა პირმა, სანდო და დამოუკიდებელ წყაროებზე დაყრდნობით, უნდა დაადასტუროს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კატეგორიის პირების სტატუსი და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენოს ამ მუხლით გათვალისწინებული ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მიდგომა.
12. თუ კლიენტის სტრუქტურაში, გარდა პირველი პუნქტით განსაზღვრული პირებისა, მონაწილეობენ სხვა პირები, აღნიშნული პირების მიმართ გამოიყენება ამ წესის მე-2 - მე-4 მუხლებით განსაზღვრული იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციის სტანდარტული წესები.
13. ანგარიშვალდებული პირი არ არის უფლებამოსილი, გამოიყენოს ამ მუხლით გათვალისწინებული იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის განსხვავებული წესი, თუ:
ა) მას აქვს ეჭვი კლიენტის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის უკვე განხორციელებული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის სისწორეში;
ბ) კლიენტთან დაკავშირებული გარემოების არსებითი ცვლილებისას.
14. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევები არ განიხილება დაბალი რისკის მინიჭების ავტომატურ საფუძვლად.
მუხლი 6🔗.
სანდო წყარო
1. მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურის შესწავლის და ბენეფიციარი მესაკუთრის ვერიფიკაციის მიზნით, ანგარიშვალდებული პირი უნდა დაეყრდნოს ამ მუხლით განსაზღვრულ სანდო წყაროს, რომელიც ამ წესით განსაზღვრული ყველა შესაბამისი საიდენტიფიკაციო მონაცემის გადამოწმების საშუალებას იძლევა.
2. სანდო წყაროს წარმოადგენს:
ა) სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები;
ბ) სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული ინფორმაცია ან/და დოკუმენტები, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა;
გ) სახელმწიფო ორგანოების ვებგვერდებზე განთავსებული ინფორმაცია ან/და დოკუმენტები;
დ) ამონაწერი აქციათა რეესტრიდან, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორის რეპუტაციისა და რეგულირების ხარისხის გათვალისწინებით. მაღალი რისკის არსებობისას, თუ რეესტრს აწარმოებს თავად შესასწავლი პირი, დამატებით საჭიროა სხვა სანდო წყაროს გამოყენება. ამასთან, ანგარიშვალდებული პირი უნდა დარწმუნდეს, რომ შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობა უშვებს აქციების თავად იურიდიული პირის მიერ აღრიცხვის შესაძლებლობას;
ე) ზედამხედველობას დაქვემდებარებული ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემული ინფორმაცია ან/და დოკუმენტები, მათი რეპუტაციისა და რეგულირების ხარისხის გათვალისწინებით;
ვ) სატრასტო ან კომპანიის მომსახურების პროვაიდერის მიერ გაცემული ინფორმაცია ან/და დოკუმენტები, რომელსაც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით აქვს კლიენტის მფლობელობის სტრუქტურასთან ან/და ბენეფიციარ მესაკუთრეებთან დაკავშირებული ინფორმაციისა და დოკუმენტების გაცემის უფლებამოსილება, სატრასტო ან კომპანიის მომსახურების პროვაიდერის რეპუტაციისა და რეგულირების ხარისხის გათვალისწინებით;
ზ) ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრული აუდიტორული კომპანიების დასკვნა;
თ) უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია (მაგ., წესდება, კრების ოქმი). მხედველობაში არ მიიღება ის დოკუმენტაცია, სადაც ნოტარიუსი მხოლოდ ხელმოწერის ნამდვილობას ადასტურებს;
ი) შესაბამისი წესით დამოწმებული არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია. სადამფუძნებლო დოკუმენტის დამოწმება არ მოითხოვება, თუ ანგარიშვალდებული პირი დარწმუნდება, რომ შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მსგავსი ტიპის დოკუმენტების დამოწმებას;
კ) სასამართლოს მიერ გაცემული დოკუმენტი, თუ გაცემული დოკუმენტის ვალიდურობას ადასტურებს სასამართლო, ან დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება ბენეფიციარი მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემები, გაცემულია თავად სასამართლოს მიერ;
ლ) ნოტარიუსის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება ბენეფიციარი მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
მ) საგადასახადო და საბაჟო დეკლარაციები.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ბენეფიციარი მესაკუთრის ვერიფიკაციის მიზნით მოპოვებული დოკუმენტის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს გასული.
4. უცხო ქვეყნის მოქალაქე ბენეფიციარი მესაკუთრის ვერიფიკაციის მიზნით დაუშვებელია იმ დოკუმენტის გამოყენება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის ან საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად, არ არის დაშვებული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისთვის.
5. მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურის შესწავლის და ბენეფიციარი მესაკუთრის ვერიფიკაციის მიზნით, დაბალი რისკის არსებობის შემთხვევაში, ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია დაეყრდნოს სხვა სანდო წყაროს ან წყაროებს, რომელიც ამ წესით განსაზღვრული ყველა შესაბამისი საიდენტიფიკაციო მონაცემის გადამოწმების საშუალებას იძლევა.
6. დაუშვებელია კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურის შესწავლისას და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციისას, წარმომდგენზე ფასიან ქაღალდებზე (ე.წ. Bearer Shares) დაყრდნობა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარმომდგენზე ფასიანი ქაღალდები ინახება ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ფინანსურ ინსტიტუტთან ან პროფესიულ შუამავალთან. ასეთ შემთხვევაში, ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა გაითვალისწინოს იმ იურისდიქციის შესაბამისობა ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციებთან, სადაც რეგისტრირებულია/საქმიანობს ფინანსური ინსტიტუტი ან პროფესიული შუამავალი და მხედველობაში მიიღოს მისი ზედამხედველობის ეფექტიანობა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით.
7. მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურის შესწავლის და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მიზნით მოპოვებული დოკუმენტები უნდა შეიცავდეს ვერიფიკაციის დროისთვის არსებულ, ამ წესით გათვალისწინებულ საიდენტიფიკაციო მონაცემებს და თარიღდებოდეს (დოკუმენტის გაცემის თარიღი) ვერიფიკაციამდე არაუგვიანეს 12 თვით, გარდა ამ მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებისა, და გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვერიფიკაცია იურიდიულ პირთა შესაბამის რეესტრზე პირდაპირი წვდომით ხორციელდება.
8. მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურის შესწავლის და ბენეფიციარი მესაკუთრის ვერიფიკაციის მიზნით მოპოვებული დოკუმენტები უნდა იყოს დამოწმებული შესაბამისი წესით, ნოტარიუსის მიერ, ხოლო უცხო ქვეყნის ოფიციალური დოკუმენტაციის შემთხვევაში – შესაბამისი წესით დამოწმებული აპოსტილით ან ლეგალიზებული, თუ საერთაშორისო შეთანხმებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
9. შესაბამისი წესით დამოწმებას არ ექვემდებარება სახელმწიფო ორგანოების ვებგვერდებზე განთავსებული ინფორმაცია და ანგარიშვალდებული პირის მიერ შესაბამისი სახელმწიფო რეესტრებიდან ამოღებული ამონაწერები. ნოტარიულ დამოწმებას ასევე არ საჭიროებს ორიგინალი დოკუმენტები (მათ შორის, აპოსტილით დამოწმებული/ლეგალიზებული), რომელიც წარედგინა ანგარიშვალდებულ პირს.
10. პირის ვერიფიკაციის მიზნით მოპოვებული, უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტი უნდა ითარგმნოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე და თარჯიმნის ხელმოწერის ნამდვილობა დადასტურდეს ნოტარიუსის მიერ.
11. სახელმწიფო ორგანოების ვებგვერდებზე განთავსებული ინფორმაცია და დოკუმენტები დასაშვებია, თუ:
ა) მოპოვებული ინფორმაცია/დოკუმენტი შეიცავს წყაროს დასახელებას;
ბ) მოპოვებული ინფორმაცია/დოკუმენტი შეიცავს გადმოწერის თარიღს (ამ მონაცემის არარსებობის შემთხვევაში აუცილებელია, ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოძიების თარიღის დადასტურება, მათ შორის, ანგარიშვალდებული პირის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ);
გ) წყარო იძლევა ცვლილებების ისტორიის გადამოწმების შესაძლებლობას (იმ შემთხვევაში, თუ ცვლილების ისტორიის გადამოწმება შეუძლებელია, ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა შეინახოს შესაბამისი ვებგვერდის მისამართი (URL));
დ) ვებგვერდზე განთავსებული სადამფუძნებლო დოკუმენტი ხელმოწერილია უფლებამოსილი პირის მიერ და აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს.
12. ელექტრონულ წყაროებში განთავსებული ინფორმაცია (მონაცემები) დასაშვებია, თუ იგი:
ა) შეიცავს წყაროს დასახელებას;
ბ) შეიცავს გადმოწერის თარიღს;
გ) შესაძლებელია შესაბამისი ცვლილებების ისტორიის გადამოწმება.
მუხლი 7🔗.
ინფორმაციის აღრიცხვა და შენახვა
1. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია შეინახოს ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად მოპოვებული მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტები საქმიანი ურთიერთობის შეწყვეტიდან ან ერთჯერადი გარიგების დადებიდან 5 წლის განმავლობაში. ეს ვადა შეიძლება გაიზარდოს სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ან საქართველოს ეროვნული ბანკის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, არაუმეტეს 5 წლით.
2. ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა აღრიცხოს და შეინახოს კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის შესწავლის და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის მიზნებისთვის, ამ წესის შესაბამისად მოპოვებული მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტები იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის (დოკუმენტის) შეუფერხებელი წარდგენა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში.
3. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია კანონმდებლობის შესაბამისად, შექმნას ინფორმაციის აღრიცხვისა და შენახვის პროგრამული (ელექტრონული) სისტემა, რომელიც ანგარიშვალდებული პირის საქმიანობის ხასიათის და მოცულობის პროპორციულია.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა ინახებოდეს ისეთი ფორმით, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი დაცულობა და სწრაფი მოძიების შესაძლებლობა.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა და დოკუმენტების მიწოდება საქართველოს ეროვნული ბანკისთვის უნდა განხორციელდეს ქართულ ენაზე, ხოლო არარეზიდენტი კლიენტის და, აგრეთვე, იმ კლიენტის შემთხვევაში, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე ან მფლობელობის სტრუქტურაში მონაწილე რომელიმე პირი არარეზიდენტია, ინფორმაციისა და დოკუმენტების მიწოდება ასევე დასაშვებია ინგლისურ ენაზე.
6. მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურის შესწავლის და ბენეფიციარის ვერიფიკაციის (მათ შორის, ინფორმაციის განახლების) მიზნით მიღებული დოკუმენტები უნდა იყოს დათარიღებული და დამოწმებული ანგარიშვალდებული პირის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ.
მუხლი 8🔗.
მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურის შესწავლის და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის დრო
1. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია განახორციელოს კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურის შესწავლა და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია:
ა) საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე;
ბ) ერთჯერადი გარიგების დადებამდე.
2. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების დაბალი რისკების არსებობისას, მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურის შესწავლა და ბენეფიციარი მესაკუთრის ვერიფიკაცია შესაძლებელია დასრულდეს საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემდეგ, თუ ეს აუცილებელია კლიენტის მომსახურების შეფერხების თავიდან ასაცილებლად. ამ შემთხვევაში, მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურის შესწავლა და ბენეფიციარი მესაკუთრის ვერიფიკაცია უნდა დასრულდეს გონივრულ ვადაში, არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა საქმიანი ურთიერთობის დამყარებიდან.
3. მფლობელობის და კონტროლის სტრუქტურის შესახებ მონაცემების, ასევე, ბენეფიციარი მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემების განახლების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები უნდა განისაზღვროს კლიენტის რისკის დონის შესაბამისად და საჭიროების შემთხვევაში უნდა მოიცავდეს ამ წესით გათვალისწინებული სანდო წყაროებიდან განახლებული დოკუმენტების/ინფორმაციის მოპოვების ვალდებულებას.
4. ანგარიშვალდებულმა პირმა საქმიანი ურთიერთობის მიმდინარეობისას, უნდა განაახლოს მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია/დოკუმენტები და კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრეების საიდენტიფიკაციო მონაცემები რისკის დონის შესაბამისი პერიოდულობით და, ასევე, შემდეგ შემთხვევებში:
ა) ცნობილი გახდა კლიენტის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურაში ცვლილების შესახებ;
ბ) არსებობს ეჭვი კლიენტის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტესთან ან ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისობასთან დაკავშირებით (მათ შორის, მფლობელობის და კონტროლის სტრუქტურის კუთხით).
5. საქმიანი ურთიერთობის მიმდინარეობისას ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია განაახლოს დაბალი რისკის დონისთვის მიკუთვნებული კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემები, თუ სახეზეა ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:
ა) ცნობილი გახდა კლიენტის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურაში ცვლილების შესახებ;
ბ) არსებობს ეჭვი კლიენტის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტესთან ან ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისობასთან დაკავშირებით (მათ შორის, მფლობელობის და კონტროლის სტრუქტურის კუთხით).
6. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია, არსებული კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემების განახლების მიზნით, სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე, მოიპოვოს ამ წესით გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო მონაცემები (მათ შორის, ფოტოსურათი).
დანართი №1
აუდიტორული კომპანიების ჩამონათვალი
1. Deloitte.
2. PwC.
3. Ernst & Young.
4. KPMG.
5. Grant Thornton.
6. RSM Tenon.
7. Smith & Williamson.
8. Baker Tilly.
9. Moore Stephens.
10. Mazars.
11. BDO;
12. Haines Watts.
13. Crowe Clark Whitehill.
14. Saffery Champness.
15. Begbies Traynor.
16. UHY Hacker Young.
17. Kingston Smith.
18. Zolfo Cooper.
19. MHA MacIntyre Hudson.
20. Johnston Carmichael.
დანართი №2
საერთაშორისო ორგანიზაციების ჩამონათვალი
1. ევროპის პარლამენტი.
2. ევროკომისია.
3. ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო (ECJ).
4. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, მისი ოფისები და პროგრამები.
5. ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია.
6. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (NATO).
7. ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია.
8. ევროპის სტატისტიკის სამსახური (EUROSTAT).
9. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი.
10. მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაცია.
11. ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია.
12. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია.
13. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია.
14. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია.
15. შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია.
16. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია.
17. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.
18. მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმი.
დანართი №3
საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ჩამონათვალი
1. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD).
2. აზიის განვითარების ბანკი (ADB).
3. მსოფლიო ბანკის ჯგუფი (WBG).
ა) საერთაშორისო განვითარების ასოციაცია (IDA);
ბ) რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD);
გ) საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC);
დ) მრავალმხრივი ინვესტიციების გარანტიის სააგენტო (MIGA).
4. ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB).
5. ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი (CEB)..
6. საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF).
7. სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაცია (NEFCO).
8. შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB).
9. უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაცია (OPIC).
10. ნიდერლანდების განვითარების ბანკი (FMO).
11. ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB).
12. საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი (BIS).
დანართი №4
საფონდო ბირჟების ჩამონათვალი
1. ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა – http://www.nyse.com.
2. „ნასდაკი“ – http://nasdaqomx.com.
3. იაპონიის საფონდო ჯგუფი – https://www.jpx.co.jp.
4. შანჰაის საფონდო ბირჟა – http://www.sse.com.cn.
5. ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟა – http://www.hkex.com.hk.
6. „ევრონექსტ“ – http://www.euronext.com.
7. ლონდონის საფონდო ბირჟა – https://www.londonstockexchange.com.
8. შენჟენის საფონდო ბირჟა – http://www.szse.cn.
9. ტორონტოს საფონდო ბირჟა – https://www.tsx.com.
10. „დოიჩე ბორსე“ – http://deutsche-boerse.com.