საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 11.11.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №198/04
სარეგისტრაციო კოდი 240080000.18.011.016518
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/11/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.11.2020 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე | ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ სეკიურიტიზაციის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე კომერციული ბანკის ლიკვიდაციისა და გადახდისუუნაროდ ან/და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ საინვესტიციო ფონდების შესახებ აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება
№198/04
2020 წლის 11 ნოემბერი
ქ. თბილისი
საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 524 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის და „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის თანდართული წესი.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე
საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, გამოიყენება:
ა) საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) საფუძველზე ავტორიზებული ან რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდისთვის (შემდგომში – საინვესტიციო ფონდი) ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გაუქმებისას;
ბ) საინვესტიციო ფონდის ქვეფონდის საქმიანობის ვადის ამოწურვისას ან მარეგულირებელი კანონმდებლობისა და საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტის შესაბამისად ქვეფონდის საქმიანობის სხვაგვარად შეწყვეტისას.
2. ეს წესი არ გამოიყენება:
ა) კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე საინვესტიციო ფონდის გარდაქმნისას;
ბ) საინვესტიციო ფონდის ან მისი ქვეფონდის შერწყმისას.
3. ლიკვიდაცია არის პროცესი, რომლის მიზანია საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის აქტივების/ქონების რეალიზაცია და საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის კრედიტორთა, აგრეთვე ერთეულის მფლობელთა მოთხოვნების დაკმაყოფილება კანონის 76-ე მუხლით განსაზღვრული რიგითობით. ლიკვიდაციის მიმდინარეობას აკონტროლებს ეროვნული ბანკი.
4. საინვესტიციო ფონდის თითოეული ქვეფონდის ლიკვიდაცია ხორციელდება სხვა ქვეფონდებისგან დამოუკიდებლად. საინვესტიციო ფონდის ქვეფონდის ლიკვიდაციის დაწყება არ არის სხვა ქვეფონდის ან საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის დაწყების საფუძველი.
5. საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გაუქმების, საინვესტიციო ფონდის ან ქვეფონდის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება ეროვნული ბანკის ვებგვერდზე და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
6. საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის ლიკვიდაციას ახორციელებს ამ წესის მე-2 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ლიკვიდატორი (შემდგომში – ლიკვიდატორი), რომელიც ინიშნება და თავისუფლდება ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ლიკვიდატორი უნდა აკმაყოფილებდეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის №167/04 ბრძანებით დამტკიცებული „აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის, აღიარებისა და საქმიანობის რეგულირების წესის“ მე-5 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ შესაფერისობის მოთხოვნებს. დაუშვებელია ლიკვიდატორი იყოს საინვესტიციო ფონდთან ან მის აქტივების მმართველ კომპანიასთან „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დაკავშირებული პირი (შემდგომში - დაკავშირებული პირი), გარდა ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
7. საინვესტიციო კომპანიის ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გაუქმებისა და ლიკვიდაციის პროცესის დაწყების, აგრეთვე საინვესტიციო კომპანიის ან მისი ქვეფონდის ლიკვიდატორის დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეროვნული ბანკის მიერ იმავე დღეს სარეგისტრაციოდ წარედგინება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ასევე აისახება კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრულ რეესტრში. ერთობლივი ფონდის ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გაუქმების, ერთობლივი ფონდის ან მისი ქვეფონდის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეროვნული ბანკის მიერ დაუყოვნებლივ აისახება კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრულ რეესტრში.
8. „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ურთიერთგაქვითვის შეთანხმების ან ფინანსური გირავნობის მონაწილე საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის მიმართ ლიკვიდაცია ხორციელდება „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის სპეციალური დებულებების გათვალისწინებით.
მუხლი 2🔗. ლიკვიდატორის დანიშვნა
1. კანონის მე-80 მუხლის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გაუქმებისას ეროვნული ბანკი ლიკვიდატორად ნიშნავს საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველ კომპანიას (ასეთის არსებობისას), ხოლო იმ საინვესტიციო კომპანიისათვის, რომელსაც დანიშნული არ ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია – საინვესტიციო კომპანიის მიერ წარდგენილ კანდიდატს, რომელსაც საინვესტიციო კომპანია სრულად გადასცემს ხელმძღვანელობით და წარმომადგენლობით უფლებამოსილებას. კანონის მე-80 მუხლის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძვლით საინვესტიციო ფონდის ქვეფონდის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისას ეროვნული ბანკი ლიკვიდატორად ნიშნავს საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველ კომპანიას (ასეთის არსებობისას), ხოლო იმ საინვესტიციო კომპანიის ქვეფონდისათვის, რომელსაც დანიშნული არ ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია – საინვესტიციო კომპანიის მიერ წარდგენილ კანდიდატს, რომელსაც საინვესტიციო კომპანია გადასცემს ქვეფონდის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის სრულ უფლებამოსილებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ გამოიყენება, თუ საინვესტიციო ფონდი ან მისი აქტივების მმართველი კომპანია კანონის მე-80 მუხლის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეროვნულ ბანკს დადგენილი წესით არ წარუდგენს ლიკვიდაციის გეგმას ან ეროვნული ბანკი უარს იტყვის მის დამტკიცებაზე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში და კანონის მე-80 მუხლის „გ“-„ლ“ ქვეპუნქტების საფუძველზე საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გაუქმებისას ან იმავე ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძვლით ქვეფონდის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისას ლიკვიდატორად ინიშნება ეროვნული ბანკის მიერ შერჩეული პირი. საინვესტიციო ფონდის ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლისთანავე საინვესტიციო ფონდის ყველა ორგანოს (მათ შორის, ერთეულის მფლობელთა კრებას) და აქტივების მმართველ კომპანიას (ასეთის არსებობისას) უწყდებათ უფლებამოსილება და იგი ლიკვიდატორს გადაეცემა. ქვეფონდის ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლისთანავე საინვესტიციო ფონდის ყველა ორგანოს (მათ შორის, ერთეულის მფლობელთა კრებას) და აქტივების მმართველ კომპანიას (ასეთის არსებობისას) უწყდებათ ქვეფონდთან დაკავშირებით ყველა უფლებამოსილება და იგი ლიკვიდატორს გადაეცემა.
4. თუ ლიკვიდაციის პროცესში ირღვევა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები ან/და ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული ლიკვიდაციის გეგმის პირობები, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ლიკვიდატორისათვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და ახალი ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ. საინვესტიციო ფონდის ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლისთანავე საინვესტიციო ფონდის ყველა ორგანოს (ერთეულის მფლობელთა კრებისა და არსებული ლიკვიდატორის ჩათვლით) უწყდებათ უფლებამოსილება და იგი ახალ ლიკვიდატორს გადაეცემა. ქვეფონდის ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლისთანავე საინვესტიციო ფონდის ყველა ორგანოს (ერთეულის მფლობელთა კრებისა და არსებული ლიკვიდატორის ჩათვლით) უწყდებათ ქვეფონდთან დაკავშირებით ყველა უფლებამოსილება და იგი ახალ ლიკვიდატორს გადაეცემა.
5. ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ლიკვიდატორად შეიძლება დაინიშნოს ეროვნული ბანკის თანამშრომელი, ხოლო თუ ლიკვიდატორის კანდიდატი ეროვნული ბანკის თანამშრომელი არ არის, ეროვნულ ბანკსა და ლიკვიდატორის კანდიდატს შორის ფორმდება შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც, მათ შორის, განისაზღვრება ლიკვიდატორის ანაზღაურება. ლიკვიდატორის ანაზღაურება დაიფარება ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით.
მუხლი 3🔗. ლიკვიდაციის პროცესის თავისებურებები
1. ლიკვიდაციის პროცესში მყოფ საინვესტიციო ფონდს/ქვეფონდს მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენს ლიკვიდატორი. ლიკვიდატორი საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის სახელით გარიგებებს დებს და საქმიანობას ახორციელებს მხოლოდ ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის ლიკვიდაციის დასრულების მიზნით.
2. ლიკვიდატორი ვალდებულია საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის კუთვნილი ფულადი სახსრების მიმდინარე ანგარიშებზე არსებული თანხები გადაიტანოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ლიცენზირებულ ერთ-ერთ კომერციულ ბანკში საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის სახელზე გახსნილ სალიკვიდაციო ანგარიშზე, რომლის მეშვეობითაც განხორციელდება ანგარიშსწორება.
3. ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის ან მისი ქვეფონდის ლიკვიდაციის დაწყების მიუხედავად, სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია, ლიკვიდაციის პროცესის თავისებურებათა გათვალისწინებით, გააგრძელოს საკუთარი ფუნქციების შესრულება, კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მის მფლობელობაში არსებული საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის კუთვნილი აქტივების ლიკვიდატორის მიერ სრულად განაწილებამდე/რეალიზაციამდე. ლიკვიდაციის დაწყებიდან მის დასრულებამდე სპეციალიზებული დეპოზიტარისათვის ასანაზღაურებელი მომსახურების ხარჯები დაიფარება ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით.
4. ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის სალიკვიდაციო ანგარიშიდან და პირველ რიგში დაკმაყოფილდება კანონის 76-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
5. თუ ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო ისეთი საინვესტიციო ფონდის მიმართ, რომელსაც ფილიალები ან/და შვილობილი საწარმოები აქვს საზღვარგარეთ, ეროვნული ბანკი შეტყობინებას უგზავნის იმ ქვეყნის ზედამხედველ ორგანოებს, სადაც მდებარეობს ფილიალი ან/და შვილობილი საწარმო.
მუხლი 4🔗. ლიკვიდატორის უფლებები
1. ლიკვიდატორს, საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის ლიკვიდაციის პროცესის დროულად და სწორად წარმართვის მიზნით, უფლება აქვს:
ა) წარმართოს საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საქმეები, დაამთავროს სასამართლო და საარბიტრაჟო საქმეები ან მორიგებით დაასრულოს დავები;
ბ) გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულებები სხვადასხვა პირთან ან/და შესაბამის სამსახურებთან საინვესტიციო ფონდის დოკუმენტაციის დადგენილი წესით აღრიცხვის/შენახვის და დაარქივების უზრუნველსაყოფად;
გ) აქტივების დაცვის მიზნით, დალუქოს და აღრიცხოს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის დოკუმენტაცია, შენობა-ნაგებობები და სხვა ძირითადი საშუალებები;
დ) გაატაროს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ის ღონისძიება, რომელსაც იგი საჭიროდ მიიჩნევს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის კრედიტორთა და სხვა ფინანსური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
2. მხოლოდ ეროვნული ბანკის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, ლიკვიდატორს უფლება აქვს:
ა) შექმნას სალიკვიდაციო კომისია;
ბ) არ დახუროს კომერციულ ბანკებში არსებული მიმდინარე ანგარიშები განსაზღვრული ვადით;
გ) აიღოს სესხი ან სხვა ეკვივალენტური ფორმით მესამე პირის წინაშე იკისროს ფინანსური ვალდებულება;
დ) აქტივებზე მოთხოვნის უფლება გადასცეს კრედიტორებს რიგითობის მიხედვით, ორგანიზება გაუწიოს საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის ვალდებულებათა მესამე პირებისათვის გადაცემას.
3. ლიკვიდატორი უფლებამოსილია სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს ლიკვიდატორის დანიშვნამდე 1 წლის განმავლობაში საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის სახელით განხორციელებული ქმედება ან გარიგება და მოითხოვოს მისი ბათილობა, თუ ამის შედეგად საინვესტიციო ფონდთან/ქვეფონდთან დაკავშირებულმა პირებმა საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის ხარჯზე მიიღეს ქონებრივი სარგებელი ან ისარგებლეს რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით, რამაც გამოიწვია საინვესტიციო ფონდისათვის/ქვეფონდისათვის ან/და მისი კრედიტორებისთვის ზიანის მიყენება.
4. ლიკვიდატორი უფლებამოსილია ლიკვიდაციის პროცესში მყოფი საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის აქტივები საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე გაყიდოს ან ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით აირჩიოს მათი რეალიზაციის სხვა ფორმა, აგრეთვე ამ აქტივებზე მოთხოვნის უფლება გადასცეს კრედიტორებს რიგითობის მიხედვით, ამ აქტივებზე მოთხოვნის უფლება გადასცეს საფინანსო სექტორის წარმომადგენელს ან სხვა პირს. ლიკვიდატორმა ეროვნულ ბანკს უნდა დაუსაბუთოს ის გათვლები და ვარაუდები, რომლებსაც დაეყრდნობა რეალიზაციის ფორმის შერჩევისას, კერძოდ, არსებული და მოსალოდნელი საბაზრო ფასების, ამონაგები თანხის ოდენობის, რეალიზაციის ვადების, საპროცენტო განაკვეთების, ინფლაციის, აქტივების ფლობასთან დაკავშირებული და სხვა ხარჯების შესახებ. ამ პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას უნდა შეიცავდეს ლიკვიდაციის გეგმა, რომელსაც ეროვნულ ბანკს ლიკვიდატორი დასამტკიცებლად წარუდგენს კანონის 73-ე მუხლის შესაბამისად.
5. თუ საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის აქტივების ან ვალდებულებების გადაცემისათვის საჭიროა მოვალის/კრედიტორის თანხმობა, მოვალე/კრედიტორი ვალდებულია ლიკვიდატორის მიერ დადგენილ ვადაში განაცხადოს თანხმობა ან უარი აქტივის/ვალდებულების სხვა პირისთვის გადაცემაზე. ლიკვიდატორის მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ასეთი თანხმობა ავტომატურად გაცემულად ჩაითვლება. მოვალის/კრედიტორის თანხმობა საჭირო არ არის, თუ აქტივის/ვალდებულების სხვა პირისთვის გადაცემისას არ იცვლება ამ აქტივის/ვალდებულების მიმართ არსებული პირობები.
მუხლი 5🔗. ლიკვიდატორის ვალდებულებები
1. ლიკვიდატორმა საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის ლიკვიდაციის პროცესის წარმოებისას უნდა იმოქმედოს კეთილსინდისიერად. მოვალეობათა შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში ლიკვიდატორი პასუხს აგებს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. საინვესტიციო ფონდის მმართველი ორგანოს წევრები ან/და აქტივების მმართველი კომპანია (თუ მმართველი ორგანოს წევრი/აქტივების მმართველი კომპანია თავად არ ახორციელებს საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის ლიკვიდაციას ამ წესის შესაბამისად), აგრეთვე საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის პორტფელის მმართველი (ასეთის არსებობისას), რომელიც მოქმედებს დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე, ვალდებულნი არიან, გადააბარონ საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის საქმეები ლიკვიდატორს ეროვნული ბანკის მიერ მითითებულ ვადებში, ხოლო ლიკვიდატორმა დანიშვნის დღიდან უნდა აღწეროს და გადაიბაროს საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის საქმეები ეროვნული ბანკის მიერ მითითებულ ვადებში.
3. თუ საინვესტიციო ფონდის მმართველი ორგანოს წევრები, აქტივების მმართველი კომპანია ან პორტფელის მმართველი თავს აარიდებენ საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის საქმეების ლიკვიდატორისთვის გადაბარებას, ლიკვიდატორმა უნდა აღწეროს და შეადგინოს საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის საქმეთა ინვენტარიზაციის აქტი, რომელსაც ადასტურებს მის მიერ შექმნილი სალიკვიდაციო კომისია (ასეთის არსებობისას). ამავდროულად, ლიკვიდატორმა უნდა მიიღოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ზომები აღნიშნულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხის დასაყენებლად.
4. ლიკვიდატორი ვალდებულია, საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან 10 სამუშაო დღეში:
ა) გაუგზავნოს შეტყობინებები შესაბამის ფინანსურ ინსტიტუტებს (მათ შორის, სპეციალიზებულ დეპოზიტარს – ასეთის არსებობისას, კომერციულ ბანკებს, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლებს), რომლებთანაც, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, განთავსებულია საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის ფულადი სახსრები/ფასიანი ქაღალდები, რათა მათ ლიკვიდატორის ნებართვის გარეშე არ განკარგონ საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის აქტივები. ასეთი შეტყობინება ფინანსურ ინსტიტუტს უნდა გაეგზავნოს ამ პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგაც, თუ ლიკვიდატორისათვის საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის კუთვნილი სხვა აქტივების შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდა მოგვიანებით;
ბ) აცნობოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, რათა ლიკვიდატორის გარეშე არ მოხდეს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის კუთვნილი ქონების (უძრავი ქონება, ავტოსატრანსპორტო საშუალებები და სხვ.) განკარგვა;
გ) გაუგზავნოს შეტყობინებები საინვესტიციო ფონდის მმართველი ორგანოს ყოფილ წევრ(ებ)ს ან/და აქტივების მმართველ კომპანიას საინვესიტიციო ფონდის და მისი სტრუქტურული ერთეულების ყველა ბეჭდისა და შტამპის (ასეთის არსებობისას) 10 სამუშაო დღის განმავლობაში ჩაბარების მოთხოვნით;
დ) გამოაქვეყნოს განცხადება ლიკვიდაციის დაწყების შესახებ ეროვნული ბანკის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან ერთად „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ეროვნული ბანკის ვებგვერდზე; განცხადებაში მითითებული უნდა იყოს, რომ კრედიტორებს უფლება აქვთ აღნიშნული განცხადების იმავე საშუალებით განმეორებით გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში წარუდგინონ ლიკვიდატორს დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნა თავიანთი კრედიტორული მოთხოვნის ოდენობისა და საფუძვლების მითითებით.
5. საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის ლიკვიდატორმა, მის მიერ შექმნილ სალიკვიდაციო კომისიასთან ერთად (ასეთის არსებობისას), უნდა გაანადგუროს საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის და მისი სტრუქტურული ერთეულების ყველა ბეჭედი და შტამპი (ასეთის არსებობისას) და ამავდროულად უზრუნველყოს ლიკვიდატორის ბეჭდისა და შტამპის დამზადება. ლიკვიდატორი ვალდებულია შესაბამისი განადგურების აქტი წარადგინოს ეროვნულ ბანკში. განადგურების აქტი ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერენ განადგურების პროცესის მონაწილე პირები.
6. საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის ლიკვიდაციის პროცესის დროულად და სწორად წარმართვის მიზნით, ლიკვიდატორი ვალდებულია:
ა) აწარმოოს ზუსტი აღრიცხვა-ანგარიშგება სწორი საბუღალტრო ჩანაწერების განხორციელებით;
ბ) ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში შეადგინოს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის საწყისი ბალანსი არსებული ყოველდღიური საბუღალტრო ანგარიშგების ფორმების ან სხვა შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე და წარუდგინოს ეროვნულ ბანკს;
გ) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განცხადების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში გამოაქვეყნოს იმავე შინაარსის განცხადება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ეროვნული ბანკის ვებგვერდზე;
დ) საწყისი ბალანსის შედგენიდან 1 თვის ვადაში წერილობით შეატყობინოს მისთვის ცნობილ კრედიტორებს ლიკვიდაციის დაწყების შესახებ და აცნობოს, რომ მათ უფლება აქვთ წარადგინონ მოთხოვნები ამ წესის შესაბამისად;
ე) საწყისი ბალანსის შედგენიდან 1 თვის ვადაში გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება მოვალეებს და მოსთხოვოს მათ საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის მიმართ არსებული ვალდებულებების ლიკვიდატორის მიერ დადგენილ ვადაში შესრულება;
ვ) დანიშვნიდან სამი თვის ვადაში განახორციელოს საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის ყველა აქტივისა და ვალდებულების ინვენტარიზაცია და აღრიცხვა, საჭიროების შემთხვევაში – მათი სამართლიანი ღირებულების შეფასება;
ზ) დანიშვნიდან სამი თვის ვადაში ამ პუნქტის „გ“-„ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით, შეადგინოს საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის აქტივ-პასივების დაზუსტებული ნუსხა (ბალანსი) და წარუდგინოს იგი ეროვნულ ბანკს;
თ) უზრუნველყოს საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის მიმართ კრედიტორთა მიერ წაყენებული ყველა მოთხოვნისა და მოვალეთა მიერ დავალიანების თაობაზე მიწოდებული ინფორმაციის კანონიერების/ნამდვილობის შემოწმება;
ი) მოვალეების მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება სასამართლოში სარჩელის შეტანის ჩათვლით;
კ) საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის ქონების გაფლანაგვის ან/და მითვისების ფაქტების ან სხვა დანაშაულის ნიშნების გამოვლენისთანავე აცნობოს ეროვნულ ბანკს და სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი ზომების მიღების მიზნით;
ლ) გაასაჩივროს ნებისმიერი ისეთი გადაწყვეტილება ან აქტი, რომელიც შეიძლება არახელსაყრელი იყოს საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის კრედიტორთა და ერთეულის მფლობელთა ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის;
მ) კანონის შესაბამისად ეროვნულ ბანკს დასამტკიცებლად წარუდგინოს ლიკვიდაციის გეგმა, ხოლო ლიკვიდაციის გეგმით გათვალისწინებული ინფორმაციის არსებითი ცვლილების შემთხვევაში, არა უგვიანეს შესაბამისი თვის დასრულებისა – დასამტკიცებლად წარუდგინოს განახლებული ლიკვიდაციის გეგმა;
ნ) ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი პერიოდულობით ან მოთხოვნისთანავე ეროვნულ ბანკს წარუდგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში, ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტი;
ო) განახორციელოს ამ წესით განსაზღვრული ყველა ღონისძიება, რომლებიც ხელს შეუწყობს კრედიტორთა და ერთეულის მფლობელთა მოთხოვნების მაქსიმალურად და დროულად დაკმაყოფილებას;
პ) უფლებამოსილების განხორციელებისას იხელმძღვანელოს კეთილსინდისიერების პრინციპისა და ეთიკის ნორმების დაცვით;
ჟ) ყოველ 6 თვეში უზრუნველყოს კრედიტორთა და ერთეულის მფლობელთა ინფორმირება ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით.
7. ლიკვიდაციის პროცესში საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის ლიკვიდატორის გათავისუფლების შემთხვევაში, იგი ვალდებულია ახალ ლიკვიდატორს ხელმოწერითა და ბეჭდით დადასტურებული აქტის საფუძველზე, გადააბაროს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის საქმეები და ლიკვიდაციის პროცესის განმავლობაში მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია და დაკავშირებული დოკუმენტაცია.
მუხლი 6🔗. კრედიტორების დაკმაყოფილება
1. საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის კრედიტორთა მოთხოვნები დაკმაყოფილდება სალიკვიდაციო მასიდან, რომელიც შედგება ლიკვიდაციის დაწყების შესახებ ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის მომენტისთვის საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის კუთვნილი აქტივებისა და ლიკვიდაციის პროცესში შეძენილი აქტივებისგან.
2. კრედიტორი, რომლის მოთხოვნის საფუძველი ლიკვიდაციის დაწყების შესახებ ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლამდე წარმოიშვა, ვალდებულია ამ წესის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განცხადების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში წარუდგინოს ლიკვიდატორს დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნა თავისი კრედიტორული მოთხოვნის ოდენობისა და საფუძვლების მითითებით. აღნიშული ვადის დარღვევით წარდგენილი მოთხოვნა ჩაითვლება დაგვიანებულ მოთხოვნად.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კრედიტორული მოთხოვნა არის ვალი ან ვალდებულების შესრულების მოთხოვნა, რომელიც შეიძლება ფულადი სახით გამოიხატოს და რომელიც, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს ვადამოსულ მოთხოვნებს, დაუზუსტებელ მოთხოვნებს, პირობით მოთხოვნებსა და ვადამოუსვლელ (სამომავლო) მოთხოვნებს.
4. ვალდებულებები, რომლებიც არსებობდა ლიკვიდაციის დაწყებამდე და რომელთა შესრულების ვალდებულება წარმოიშვა ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შემდეგ, წარმოშობილად ითვლება ლიკვიდაციის პროცესის დაწყებამდე. სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული მოთხოვნა წარმოშობილად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც წარმოიშვა კრედიტორის მოთხოვნა დავის საგანზე, რომელიც საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის მიერ დაკმაყოფილებული უნდა ყოფილიყო სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.
5. ლიკვიდაციის პროცესში კრედიტორთა მოთხოვნები დაკმაყოფილდება კანონის 76-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი რიგითობის გათვალისწინებით.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს კრედიტორი.
7. მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე ლიკვიდატორი ვალდებულია გადაამოწმოს, პირი შეყვანილი ხომ არ არის ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში.
8. ლიკვიდატორი ვალდებულია მოთხოვნების დაკმაყოფილება უზრუნველყოს ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობას.
მუხლი 7🔗. ლიკვიდაციის პროცესში მყოფი საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის აქტივების საჯარო (ელექტრონული) აუქციონის ფორმით ჩატარების პროცედურა
1. საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის კუთვნილი აქტივების საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე გატანა www.eauction.ge-ის საშუალებით წარიმართება შემდეგი პროცედურების დაცვით:
ა) საჯარო (ელექტრონული) აუქციონის ჩატარების დროს ადგენს ლიკვიდატორი, რომელიც ასევე განსაზღვრავს გასაყიდი ქონების/აქტივის ფასს, ბეს ოდენობასა და საჯარო (ელექტრონული) აუქციონის ბიჯებს. ლიკვიდატორი www.eauction.ge ვებგვერდზე განათავსებს სარეალიზაციო ქონების/აქტივების მოკლე აღწერას. აუქციონი მიმდინარეობს 10 კალენდარული დღის განმავლობაში;
ბ) ლიკვიდატორი განცხადების პროექტს საჯარო (ელექტრონული) აუქციონის ჩატარების შესახებ, შესათანხმებლად, აუქციონის ჩატარებამდე სულ ცოტა 14 კალენდარული დღით ადრე წარუდგენს ეროვნულ ბანკს;
გ) საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე შეძენილი ქონების/აქტივის საფასურის გადახდის შემდეგ უფლებამოსილ პირთან ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება;
დ) საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე გამარჯვებულს ქონების/აქტივის მიმართ შეუძლია გამოიყენოს თავისი კანონიერი უფლებები მხოლოდ ფასის სრულად გადახდის შემდეგ. მყიდველს ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას;
ე) თუ პირველი საჯარო (ელექტრონული) აუქციონის დროს არ მოხდება საწყის ფასში ქონების/აქტივის რეალიზაცია, მაშინ ლიკვიდატორი ნიშნავს განმეორებით საჯარო (ელექტრონულ) აუქციონს პირველი აუქციონის დანიშვნისათვის გათვალისწინებული პროცედურების დაცვით. განმეორებით საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე ქონების/აქტივის სარეალიზაციო საწყისი ფასი შესაძლებელია განისაზღვროს პირველ საჯარო აუქციონზე საწყისი ფასის არანაკლებ 75%-ის ფარგლებში;
ვ) იმ შემთხვევაში, თუ განმეორებით საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე ვერ მოხერხდა ქონების/აქტივის რეალიზაცია საწყისი ფასის არანაკლებ 75%-ის ფარგლებში, შემდეგ საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე სარეალიზაციო ქონების/აქტივის საწყისი ფასი შესაძლებელია განისაზღვროს პირველი აუქციონის საწყისი ფასის არანაკლებ 50%-ის ფარგლებში.
2. საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე გასაყიდი ქონება/აქტივი შეფასებული უნდა იყოს დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების გარდა, საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის კრედიტორთა და ერთეულის მფლობელთა ინტერესების გათვალისწინებით, ლიკვიდატორს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით შეუძლია მოთხოვნის უფლებების რეალიზაციის მიზნით საჯარო (ელექტრონული) აუქციონი ჩაატაროს დამატებით.
4. ლიკვიდატორი უფლებამოსილია ის აქტივები, რომელთა რეალიზაციაც არ განხორციელდა არც ერთი საჯარო (ელექტრონული) აუქციონის დროს და დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ შეფასებულია ნულოვანი ღირებულების მქონედ, ბუღალტრული სტანდარტების შესაბამისი გატარებების მეშვეობით ჩამოწეროს საბალანსო უწყისიდან.
5. ამ წესის საფუძველზე შემძენის საკუთრებაში საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის აქტივის გადასვლის შედეგად (რეალიზაციის ფორმის მიუხედავად) მასზე არსებული ყველა სანივთო და ვალდებულებითი უფლება უქმდება.
მუხლი 8🔗. ლიკვიდაციის პროცესის დასრულება
1. ლიკვიდაციის პროცესის ხანგრძლივობა განისაზღვრება ლიკვიდაციის პროცესში მყოფი საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის ვალდებულებების დაფარვისა და ერთეულების გამოსყიდვის ხანგრძლივობით, რაც დამოკიდებულია საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის აქტივების რეალიზაციასა და სასამართლო საქმეების დასრულების ვადებზე. ლიკვიდაციის პროცესი ვერ დასრულდება, თუ არსებობს მიმდინარე სასამართლო საქმეები.
2. ლიკვიდაციის პროცესის დასრულების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი შემთხვევა:
ა) სრულადაა დაფარული საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის მიმართ არსებული ყველა კრედიტორული მოთხოვნა და, წმინდა აქტივების არსებობისას, გამოსყიდულია ერთეულის მფლობელთა კუთვნილი ერთეულები;
ბ) საინვესტიციო ფონდს/ქვეფონდს ერიცხება დაუფარავი მოთხოვნები, მაგრამ აღარ აქვს აქტივები ასეთი მოთხოვნების დასაფარავად.
3. საინვესტიციო ფონდს/ქვეფონდს აქტივები აღარ აქვს, თუ დაკმაყოფილებულია ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
ა) რეალიზებულია (ამოღებულია) ყველა აქტივი;
ბ) არარეალიზებული აქტივების საბაზრო (სარეალიზაციო) ღირებულება ნულის ტოლია;
გ) დარჩენილი აქტივების ამოღება შეუძლებელია იმის გამო, რომ შესაბამისი მოვალეები გაკოტრებულნი არიან ან არ გააჩნიათ რეალიზებადი ქონება.
4. ლიკვიდატორი ვალდებულია ეროვნულ ბანკს წარუდგინოს საბოლოო საბალანსო ანგარიში და საკუთარი ქმედებების შესახებ ანგარიში ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული ლიკვიდაციის პროცესის დასრულების საფუძვლის წარმოშობიდან 1 თვის ვადაში.
5. ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ლიკვიდატორი ადგენს საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის სალიკვიდაციო აქტს, რომელიც უნდა მოიცავდეს:
ა) ინფორმაციას ლიკვიდატორის მიერ საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის ლიკვიდაციის დაწყების შემდეგ რეალიზებული ყველა აქტივის შესახებ მათი რეალიზაციის საბოლოო ფასის ჩვენებით;
ბ) დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის ყველა არარეალიზებული აქტივის შეფასებას, რომლის საფუძველზეც დასტურდება, რომ ამ აქტივის საბაზრო (სარეალიზაციო) ღირებულება ნულის ტოლია;
გ) საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის მიმართ დავალიანების მქონე იურიდიული თუ ფიზიკური პირის გაკოტრების დამადასტურებელ სასამართლო გადაწყვეტილებებს;
დ) ინფორმაციას საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის კრედიტორთა მოთხოვნების დაფარვის შესახებ;
ე) ინფორმაციას ლიკვიდატორის მიერ განხორციელებული ყველა სხვა ღონისძიების შესახებ.
6. ლიკვიდატორი მისი ხელმოწერითა და ბეჭდით დადასტურებულ საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის სალიკვიდაციო აქტს, საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით წარუდგენს ეროვნულ ბანკს.
7. ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ.
8. საინვესტიციო კომპანიის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იმავე დღეს წარედგინება სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის რეგისტრაციისა და მისი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამოღების მიზნით, აგრეთვე აისახება კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრულ რეესტრში.
9. ერთობლივი ფონდის ან საინვესტიციო ფონდის ქვეფონდის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დაუყოვნებლივ აისახება კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრულ რეესტრში.
მუხლი 9🔗. ეროვნული ბანკის უფლებამოსილება
1. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს:
ა) ნებისმიერ დროს შეამოწმოს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი საინვესტიციო ფონდი/ქვეფონდი;
ბ) შეამოწმოს ლიკვიდატორის საქმიანობა;
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში გაათავისუფლოს ლიკვიდატორი და მის ნაცვლად დანიშნოს სხვა პირი;
დ) მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის ლიკვიდაციის პროცესის მსვლელობის შესახებ;
ე) მოითხოვოს ლიკვიდატორის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ღონისძიების შეჩერება ან გაუქმება, თუ იგი ეწინააღმდეგება ლიკვიდაციის მიზნებს;
ვ) მოსთხოვოს ლიკვიდატორს ლიკვიდაციის გეგმის განახლება;
ზ) განახორციელოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.
2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოვლენილი დარღვევების გამო, ლიკვიდატორის მიმართ გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები, მათ შორის, ჩადენილი დარღვევის სერიოზულობის გათვალისწინებით, საქმე გადასცეს სამართალდამცავ ორგანოებს.