ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე „მეგრელიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№30364/09
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/11/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს

მეხუთე სექციის

გადაწყვეტილება 

საქმეზე „მეგრელიშვილი საქართველოს წინააღმდეგ

(საჩივარი  30364/09)

სტრასბურგი

2020 წლის 7 მაისი

 

ეს გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებას.

 

საქმეშიმეგრელიშვილი საქართველოს წინააღმდეგ

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს“ (მეხუთე სექცია) პალატამ, შემდეგი შემადგენლობით:

ჟანა იუდკივსკა, თავმჯდომარე,
იონკო გროზევი,
ლადო ჭანტურია, მოსამართლეები,
და ვიქტორ სოლოვეიტჩიკი, სექციის განმწესრიგებლის მოადგილე,

გაითვალისწინა რა:

საქართველოს მოქალაქის, ბ-ნი მერაბ მეგრელიშვილის (შემდგომში „მომჩივანი“), მიერ „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად 2009 წლის 18 მაისს საქართველოს წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი საჩივარი;

აღნიშნა რა, რომ 2016 წლის 21 იანვარს მთავრობას ეცნობა საჩივრის შესახებ;

აღნიშნა რა მხარეთა არგუმენტები;

2020 წლის 24 მარტის დახურული თათბირის შემდეგ, გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც იმავე დღეს იქნა მიღებული:

 

შესავალი

1. საქმე ეხება მომჩივნის მიმართ სავარაუდოდ უსამართლოდ განხორციელებულ სისხლის სამართლის საქმის წარმოებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იქნა ძირითადი მტკიცებულებები მოპოვებული და გამოყენებული მის წინააღმდეგ.

ფაქტები

2. მომჩივანი დაიბადა 1961 წელს და ამჟამად თბილისშია დაკავებული. მას წარმოადგენდა ადვოკატთა ჯგუფი „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან“ (შემდგომში „საია“), რომელიც საქმიანობს თბილისში, და სამი ბრიტანელი ადვოკატი „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრიდან“ (EHRAC), რომელიც მდებარეობს ლონდონში.

3. საქართველოს მთავრობას (შემდგომში „მთავრობა”) წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან, ბ-ნი ბ. ძამაშვილი.

A. მომჩივნის დაკავება და ჩხრეკა

4. 2007 წლის 3 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (შემდგომში „სოდ“) ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსის მოადგილემ შეადგინა ოქმი, სადაც აღნიშნული იყო, რომ მათ მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც გარკვეულ მისამართზე მცხოვრები პირი, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც გ.ვ., რეგულარულად ყიდულობდა ნარკოტიკებს მომჩივნისგან. იმავე ოქმში აღნიშნული იყო, რომ 2007 წლის 3 ივლისის დილას ადრე, გ.ვ. სახლში იქნებოდა და მას თან ექნებოდა ნარკოტიკები, ამავდროულად მომჩივანი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდებოდა მდინარის მარცხენა სანაპიროზე და ასევე, მასაც თან ექნებოდა ნარკოტიკები. დაუყოვნებლივ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მომჩივნისა და დაუდგენელ პირთა მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებდა ნარკოტიკების უკანონო შეძენას, შენახვასა და რეალიზაციას.

5. იმავე დღეს, როდესაც მომჩივანი თავისი მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილდებოდა თბილისში, ის გააჩერა „სოდ“-ის თანამშრომლების ჯგუფმა ნარკოტიკების ფლობის ეჭვის საფუძველზე. ავტომანქანიდან გადმოსვლის შემდეგ მას დაადეს ხელბორკილები და გაჩხრიკეს. პოლიციის შესაბამისი ოქმის მიხედვით, ჩხრეკა ჩატარდა გადაუდებელ გარემოებებში, პასუხისმგებელი გამომძიებლის რ.მ.-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ უკანასკნელისა და ორი თანამშრომლის გ.ჯ.-ს და გ.ტ.-ს მონაწილეობით, დილის 10.40 საათიდან 10.50 საათამდე შუალედში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში „სსსკ“) 102-ე მუხლის მე-4 ნაწილზე მითითებით (იხ., ციტირება ქვემოთ 23-ე პარაგრაფში) მომჩივანს უარი ეთქვა ჩხრეკაზე დასასწრებად დამსწრეთა მოწვევის უფლებით სარგებლობაზე. ოქმში ასევე აღნიშნული იყო, რომ:

„... არსებობდა საკმარისი საფუძველი ეჭვისთვის, რომ მ. მეგრელიშვილი ნარკოტიკს ფლობდა და რომ ის ეცდებოდა [ნარკოტიკული საშუალების] გადამალვას ან განადგურებას.“

6. ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთებს შორის იყო ორი აბი „სუბოტექსის“ წარწერით, რომელიც აღმოაჩინეს მომჩივნის ჯინსის შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბეში. ამასთან ერთად, ორი და ნახევარი აბი აღმოაჩინეს მის წინა მარჯვენა ჯიბეში. ჩხრეკის შესახებ ოქმში გაკეთებული შენიშვნის თანახმად, როდესაც ჩხრეკა დასრულდა და „რისკები აღარ არსებობდა“, მომჩივანს უფლება მისცეს მოეწვია დამსწრე, მაგრამ მან ამაზე უარი განაცხადა. მან ასევე უარი თქვა პირადი ჩხრეკის ოქმის ხელმოწერაზე, ამტკიცებდა რა, რომ აღმოჩენილი აბები მას არ ეკუთვნოდა.

7. დილის 11.00 საათზე მომჩივანი ოფიციალურად დააკავეს ნარკოტიკული დანაშაულის შესახებ ეჭვის საფუძველზე.

8. დილის 11.05 საათზე „სოდ“-ის თანამშრომლებმა ჩაატარეს მომჩივნის მსუბუქი ავტომანქანის ჩხრეკა. სატრანსპორტო საშუალების წინა სავარძელში კიდევ იქნა ნაპოვნი დამალული სუბოტექსის აბები. შესაბამისი ოქმის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების ჩხრეკა ჩატარდა იმავე გამომძიებლის მიერ, იმავე ორი თანამშრომლის დახმარებით; მომჩივანს არ მიეცა დამსწრეთა მოწვევის უფლება სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული გადაუდებელი გარემოებების გამო. ისევე როგორც პირადი ჩხრეკის ოქმში, აქაც აღინიშნა, რომ არსებობდა საკმარისი საფუძველი ეჭვისთვის, რომ მომჩივანი ეცდებოდა ნარკოტიკული ნივთიერების გადამალვას ან განადგურებას. მომჩივანმა უარი თქვა სატრანსპორტო საშუალების ჩხრეკის ოქმის ხელმოწერაზე, ამტკიცებდა რა, რომ ნარკოტიკები მას არ ეკუთვნოდა.

9. იმავე დღეს, ზემოხსენებული დაკავებისა და ჩხრეკის ოპერაციების გარდა, „სოდ“-ის თანამშრომლების კიდევ ერთი ჯგუფი გაგზავნილ იქნა მომჩივნის ბინასა და ავტოფარეხში ჩხრეკის ჩასატარებლად. ბინის ჩხრეკა ჩატარდა დილის 11.15 საათიდან შუადღის 1.30 საათამდე შუალედში, ხოლო ავტოფარეხის ჩხრეკა ჩატარდა შუადღის 2.25 საათიდან 2.55 საათამდე შუალედში. ბინის ჩხრეკისას, რომელიც ჩატარდა მომჩივნის მეუღლის, ორი ბავშვისა და სიდედრის თანდასწრებით, აივანზე კიდევ იქნა აღმოჩენილი ნარკოტიკები. მეუღლის მოთხოვნა ჩხრეკაზე დასასწრებად დამსწრეთა მოწვევის შესახებ უარყოფილ იქნა გადაუდებელი გარემოებების არსებობის გამო. პოლიციის შესაბამის ოქმში აღნიშნულ იქნა, სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-4 ნაწილზე მითითებით, რომ არსებობდა მტკიცებულებების გადამალვის ან განადგურების რისკი. ავტოფარეხის ჩხრეკა, რომლის დროსაც ასევე ამოღებულ იქნა ნარკოტიკები, ანალოგიურად ჩატარდა დამსწრეთა გარეშე.

10. სულ აღმოჩენილ იქნა სამოცდაორი აბი, ოცდაოთხი გაყოფილი აბი და ფხვნილი, რომელიც შეიცავდა 0,5562 გრამ ნარკოტიკულ ნივთიერება ბუპრენორფინს. იმავე დღეს მომჩივანმა გაიარა შემოწმება, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ის იმყოფებოდა ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ.

11. იმავდროულად, პოლიციამ ასევე დააკავა გ.ვ., პირი, რომელიც ნახსენები იყო პოლიციის ოპერატიულ ინფორმაციაში. მის ბინაში აღმოჩენილ იქნა ნარკოტიკები. მან აღიარა, რომ იყო ნარკოტიკების მომხმარებელი, მაგრამ უარყო მათი შეძენა მომჩივნისგან.

12. გამოძიების საქმის მასალების თანახმად, 2007 წლის 4 ივლისს მომჩივანს ბრალი წარუდგინეს მძიმე ნარკოტიკულ დანაშაულში სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3(ა) ნაწილის საფუძველზე. იმავე დღეს, ზედამხედველმა პროკურორმა მიმართა თბილისის რაიონულ სასამართლოს 2007 წლის 3 ივლისს ჩატარებული ოთხი ჩხრეკის კანონიერად ცნობის მოთხოვნით, რომლებიც, მისი მტკიცებით, იყო გადაუდებელი. მოთხოვნებში მითითებული იყო ოთხივე ჩხრეკის ჩატარების ადგილი, აღმოჩენილი ნივთიერებები და დანაშაული, რომელშიც ბრალი წაუყენეს მომჩივანს. მოთხოვნების თანახმად, ოთხივე ჩხრეკა ჩატარდა გადაუდებელ გარემოებებში. სსსკ-ის 290-ე, 315-ე, 217-ე, 322-ე და 323-ე მუხლების თანახმად, პროკურორმა მიმართა სასამართლოს ოთხივე ჩხრეკის კანონიერად ცნობის მოთხოვნით. როგორც ირკვევა, სასამართლოსთვის წარდგენილი მოთხოვნები არ შეიცავდა არც მომჩივნის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის შემცველი ოქმის ასლს (იხ. ზემოთ მე-4 პარაგრაფი), და არც გადაუდებელ გარემოებებში ჩხრეკის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებებს.

13. იმავე დღეს სასამართლომ განიხილა ოთხივე წერილობითი მოთხოვნა ისე, რომ საშუალება არ მისცა მომჩივანს წარედგინა თავისი განცხადებები, და ოთხივე ჩხრეკა კანონიერად გამოაცხადა. სასამართლომ დაასკვნა, რომ ბრალდების მხარის მოთხოვნებიდან ჩანდა, რომ ოთხივე ჩხრეკა ჩატარდა გადაუდებელი აუცილებლობის გამო და სისხლის სამართლის პროცედურული წესების დაცვით. შეჯამების სახით დაწერილი გადაწყვეტილებები არ მიუთითებდა რაიმე ფაქტობრივ გარემოებებზე და არ შეიცავდა კონკრეტულ მიზეზებს. გადაწყვეტილებებით გათვალისწინებული იყო სამოცდათორმეტ საათიანი გასაჩივრების ვადა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მომჩივანმა არ გამოიყენა ეს შესაძლებლობა.

14. 2007 წლის 4 აგვისტოს პასუხისმგებელმა გამომძიებელმა დაკითხა მომჩივნის სიდედრი და მეუღლე. ამ უკანასკნელის განცხადებით, ბინაში შესვლამდე „სოდ“-ის თანამშრომლები დაელოდნენ მის ბინიდან გასვლას და მის დაბრუნებამდე, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში, იყვნენ იქ ორ ბავშვთან ერთად. მათ არ დააკმაყოფილეს მეუღლის მოთხოვნა, რომ მოეწვია მეზობლები ჩხრეკაზე დასასწრებად. ოთხმა თანამშრომელმა ჩაატარა ჩხრეკა, ხოლო რამდენიმე სხვა თანამშრომელი იმყოფებოდა და თავისუფლად მოძრაობდა ბინაში, შედიოდა და გამოდიოდა. ჩხრეკის დაწყებამდე ავტოფარეხის კარი უკვე გაღებული იყო. ერთ-ერთმა თანამშრომელმა მოახდინა ორივე ჩხრეკის ვიდეოგადაღება. მომჩივნის სიდედრმა, რომელიც ბინაში მივიდა ჩხრეკის დროს, დაადასტურა, რომ ჩხრეკის დროს ბინაში მინიმუმ ოთხი თანამშრომელი იმყოფებოდა, დანარჩენები კი შედიოდნენ და გამოდიოდნენ.

15. 2007 წლის 6 აგვისტოს მომჩივნის უფლებათა დამცველმა ადვოკატმა მისწერა საქმეზე პასუხისმგებელ გამომძიებელ რ.მ.-ს. მომჩივნის მეუღლისა და სიდედრის ჩვენებებზე მითითებით, ის აღნიშნავდა, რომ ბინის და ავტოფარეხის ჩხრეკა ჩატარდა ექვსი თანამშრომლის მიერ და არა სამის მიერ, როგორც ეს შესაბამის ჩხრეკის ოქმებში იყო მითითებული, და რომ მომჩვნის მეუღლის მოთხოვნას დამსწრეთა მოწვევის შესახებ თვითნებურად ეთქვა უარი. ის ასევე აღნიშნავდა, რომ განხორციელდა ჩხრეკის ვიდეოჩაწერა, და ითხოვდა წვდომას შესაბამის ჩანაწერებზე. 2007 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით, გამომძიებელმა არ დააკმაყოფილა ადვოკატის მოთხოვნა, განაცხადა რა, რომ ჩხრეკის ვიდეოგადაღება არ მომხდარა. მან ასევე განაცხადა, რომ არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ჩხრეკაში მონაწილეობდა სამზე მეტი თანამშრომელი და რომ მომჩივნის ოჯახის წევრების ჩვენებები, ნებისმიერ შემთხვევაში, იყო არასანდო.

B. მომჩივნის მსჯავრდება

16. 2008 წლის 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მსჯავრი დასდო მომჩივანს დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შენახვაში, დანაშაულში, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით. პირველი ინსტანციის მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა პოლიციის მიერ მომჩივნის დაკავებისა და ჩატარებული ოთხი ჩხრეკის ოქმებზე, ასევე „სოდ“-ის იმ ხუთი თანამშრომლის ჩვენებებზე, რომლებმაც ჩაატარეს ეს ოთხი ჩხრეკა. მომჩივანს მიესაჯა თორმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა. სასამართლომ მოუხსნა მომჩივანს ნარკოტიკების რეალიზაციასთან დაკავშირებული ბრალდებები არასაკმარისი მტკიცებულებების გამო.

17. სასამართლო საქმისწარმოების განმავლობაში მომჩივანი განმეორებით ითხოვდა მტკიცებულებების ამორიცხვას და ამტკიცებდა, რომ აღნიშნული მტკიცებულებები უკანონოდ იქნა მოპოვებული. კერძოდ, მან წამოაყენა საკითხი დამოუკიდებელი მოწმეების არარსებობასთან დაკავშირებით ოთხი ჩხრეკის დროს, როდესაც მის წინააღმდეგ ამოღებულ იქნა მტკიცებულებები. ამასთან დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ ვინაიდან მას დაკავებისთანავე დაუყოვნებლივ დაადეს ხელბორკილები „სოდ“-ის თანამშრომლებმა, მას არ შეეძლო ხელი შეეშალა მტკიცებულებების ამოღებაში. მეუღლის ჩვენებაზე მითითებით მომჩივანმა აღნიშნა, რომ „სოდ“-ის თანამშრომლები მის ბინაში შევიდნენ მისი არყოფნის დროს და იმყოფებოდნენ იქ დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მხოლოდ ბავშვებთან ერთად. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივნის ბრალდებები. მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით ნებადართული იყო ჩხრეკის ჩატარება დამსწრეთა არარსებობის პირობებში, პირველი ინსტანციის მოსამართლემ აღნიშნა, რომ მომჩივნისა და მისი ოჯახის წევრების ჩვენებები ჩხრეკის გარემოებებთან დაკავშირებით იყო არასანდო. მოსამართლემ ასევე მიუთითა „სოდ“-ის თანამშრომლების მიერ სასამართლოს წინაშე მიცემულ ჩვენებებზე, რომლებიც აცხადებდნენ რომ არსებობდა გადაუდებელი გარემოებები, რაც ათავისუფლებდა მათ დამსწრეთა მოწვევის მოთხოვნის შესრულებისგან. მოსამართლემ ასევე აღნიშნა რომ ნებისმიერ შემთხვევაში ოთხივე ჩხრეკა კანონიერად იქნა ცნობილი და მომჩივანს არ გაუსაჩივრებია შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილებები.

18. მომჩივანმა გაასაჩივრა მისი მსჯავრდება. მან განაცხადა, რომ ნარკოტიკები, რომლებიც სავარაუდოდ აღმოჩენილ იქნა მისი პირადი ჩხრეკის დროს, მის ავტომანქანაში, ასევე მის ბინასა და ავტოფარეხში, მას „ჩაუდეს“ ოთხივე ჩხრეკის პროცესში. ის ჩიოდა, რომ მის მიერ დამსწრეთა მოწვევის უფლება თვითნებურად შეიზღუდა, და რომ არ არსებობდა ისეთი გადაუდებელი გარემოებები, რომლებიც ამართლებდა ჩხრეკის ჩატარებას ასეთი მოწმეების არარსებობის პირობებში, და რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია მისი ბრალდებები, inter alia, არ გაითვალისწინა მისი ოჯახის წევრების ჩვენებები.

19. სააპელაციო წარმოება დაიწყო მომჩივნის უფროსი ქალიშვილის მიერ ჩვენების მიცემით. მისი ჩვენების თანახმად, 2007 წლის 3 აპრილს ის და მისი უმცროსი და იმყოფებოდნენ მარტო ბინაში, როდესაც ვიღაცამ დააკაკუნა კარზე და თქვა რომ იყვნენ საკაბალო ტელევიზიის კომპანიიდან. როდესაც მან კარი გააღო, ხუთი-ექვსი ადამიანი შევიდა ბინაში და ჩაიცვა „სოდ“-ის ფორმა. მათ არ დაუწყიათ ჩხრეკა, სანამ მათი დედა არ დაბრუნდა შინ დაახლოებით 15 წუთის შემდეგ. მომჩივნის ქალიშვილმა დაადასტურა, რომ დედის მოთხოვნა დამსწრეთა მოწვევის თაობაზე უარყოფილ იქნა. მან ასევე აღნიშნა, რომ ჩხრეკის ჩასატარებლად თანამშრომლები დაიყვნენ სამ ჯგუფად, მაგრამ ასევე იყვნენ სხვებიც, რომლებიც შედიოდნენ ბინაში და გადიოდნენ ბინიდან, იმ თანამშრომლის ჩათვლით, რომელმაც სავარაუდოდ აღმოაჩინა ნარკოტიკები აივანზე. დედის მსგავსად მანაც განაცხადა, რომ ბინის ჩხრეკის დროს მიმდინარეობდა ვიდეოგადაღება.

20. 2008 წლის 16 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა მომჩივნის მსჯავრდება. „სოდ“-ის თანამშრომლების ჩვენებებზე მითითებით, სასამართლომ დაადგინა, რომ მათ არ ჰქონდათ მომჩივნისთვის ნარკოტიკების „ჩადების“ რაიმე ინტერესი. ამასთან, მან გამარტივებული წარმოების წესით დაასკვნა, რომ ოთხივე ჩხრეკის დროს არანაირ პროცედურულ დარღვევას არ ჰქონია ადგილი, და რომ მომჩივნის ოჯახის წევრების მიერ მიცემული ჩვენებები იყო სუბიექტური და მათზე დაყრდნობა არ შეიძლებოდა.

21. მომჩივანმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა საკასაციო წესით. სხვა არგუმენტებთან ერთად მან გაიმეორა, რომ დამოუკიდებელი მოწმეების არყოფნის დროს ჩატარებული ოთხივე ჩხრეკა იყო მართლსაწინააღმდეგო, რომ ხელბორკილდადებულს და „სოდ“-ის თანამშრომლების კონტროლის ქვეშ მყოფს, მას არ შეეძლო გადაემალა ან სხვა გზით გაენადგურებინა რაიმე მტკიცებულება, და რადგანაც „სოდ“-ის შესაბამისი თანამშრომლები დაინტერესებულნი იყვნენ საქმის შედეგით, მათი ჩვენებები თავისთავად ვერ იქნებოდა სანდო.

22. 2008 წლის 19 ნოემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივნის საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი.

 

შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო

23. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი დებულებები, იმ დროს მოქმედი რედაქციით, ადგენს შემდეგს:

 

მუხლი 13. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა

 

„1. არავის არა აქვს უფლება თვითნებურად და უკანონოდ ჩაერიოს სხვის პირად ცხოვრებაში. საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის ... ხელშეუხებლობა გარანტირებულია კანონით.

2. ჩხრეკა, [ან/და] ამოღება ... შეიძლება მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით ან სასამართლოს განჩინებით (დადგენილებით). თუ არსებობს კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობა ... ჩხრეკა და ამოღება შეიძლება ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების გარეშე, მაგრამ მათი კანონიერება და დასაბუთებულობა უნდა შეამოწმოს მოსამართლემ მათ შესახებ მასალების წარდგენიდან არაუგვიანეს [ოცდაოთხი] საათისა. ამასთან, მოსამართლე წყვეტს აღნიშნული საპროცესო მოქმედებებით მიღებული მტკიცებულების დასაშვებობის საკითხს.“

მუხლი 102. დამსწრე

 

„1. დამსწრე მოიწვევა ჩხრეკის, ამოღების ან შემთხვევის ადგილის დათვალიერების ჩატარების ფაქტის, მიმდინარეობისა და შედეგების დასადასტურებლად, აგრეთვე ამ კოდექსით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში. ამ ნაწილით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებამდე გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებულია დამსწრის მოწვევის უფლება ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი შეზღუდვის გათვალისწინებით განუმარტოს ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებში მითითებულ პირებს.

2. ეჭვმიტანილს, ბრალდებულს ან განსასჯელს ამ მუხლის პირველ ნაწილში გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე მოთხოვნის შემთხვევაში, დამსწრის მოსაწვევად მიეცემა გონივრული ვადა, არანაკლებ ერთი საათისა. დამსწრედ არ შეიძლება მოწვეულ იქნენ ის პირები, რომლებსაც კანონით მინიჭებული აქვთ უფლება, არ მისცენ ეჭვმიტანილის, ბრალდებულის ან განსასჯელის საწინააღმდეგო ჩვენება.

3. ჩხრეკის ან/და ამოღებისას პირს, რომელიც არ არის ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან განსასჯელი, მაგრამ შეიძლება შეეხოს აღნიშნული საპროცესო მოქმედება, უფლება აქვს ამ მუხლით გათვალისწინებული წესით მოიწვიოს დამსწრე.

4. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება შესაძლებელია დამსწრის გარეშე, მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც არსებობს ... მტკიცებულებათა დაზიანება-განადგურების ან გადამალვის რეალური საფრთხე. საფრთხის აღმოფხვრისთანავე ეჭვმიტანილი და ბრალდებული სარგებლობენ ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრული უფლებით ...“

 

მუხლი 111. დაუშვებელი მტკიცებულება

„1. მტკიცებულება დაუშვებლად მიიჩნევა, თუ იგი მიღებულია:

...

გ) კანონით დადგენილი წესის დარღვევით, აგრეთვე ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შანტაჟის, პიროვნების აბუჩად აგდების ან სხვა უკანონო მეთოდის გამოყენებით;

დ) პირისაგან, რომელმაც დაარღვია კანონი ან რომელსაც არ შეუძლია მიუთითოს, რა წყაროდან, სად, როდის და როგორ გამოვლინდა მის მიერ წარმოდგენილი მონაცემები.“

 

მუხლი 293. მოსამართლის ბრძანება საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ

„ ...

3. სასამართლოს დადგენილება ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ მისი გამოცემიდან ... [სამოცდათორმეტ] საათში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში ...“

სამართალი

I. კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის სავარაუდო დარღვევა

24. მომჩივანი ჩიოდა, რომ ნარკოტიკი „ჩაუდეს“ მას „სოდ“-ის თანამშრომლებმა და ყველა ჩხრეკა, ნებისმიერ შემთხვევაში, იყო არამართლზომიერი, რადგან მას და მის ოჯახის წევრებს თვითნებურად ეთქვათ უარი დამსწრეთა მოწვევის უფლებით სარგებლობაზე. მან ასევე განაცხადა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სათანადოდ არ გაითვალისწინეს დაცვის მხარის არგუმენტი, რომელიც ეჭვქვეშ აყენებდა აღნიშნული მტკიცებულებების სანდოობასა და გამოყენებას, რის გამოც მისი სასამართლო პროცესი იყო უსამართლო. მომჩივანი ეყრდნობოდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ პუნქტს, რომლის შესაბამისი ნაწილის თანახმად:

 „ყოველი ადამიანი ... მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია ... მისი საქმის სამართლიანი ... განხილვის უფლებით ... სასამართლოს მიერ.“

A. მისაღებობა

25. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს საჩივარი არც აშკარად დაუსაბუთებელია და არც მიუღებელია კონვენციის 35-ე მუხლში ჩამოთვლილი რომელიმე სხვა საფუძვლით. აქედან გამომდინარე, საჩივარი მისაღებად უნდა გამოცხადდეს.

B. საქმის არსებითი მხარე

1. მხარეთა არგუმენტები

(a) მომჩივანი

26. მომჩივანმა განაცხადა, რომ მისი საქმის განხილვა სასამართლოში იყო უსამართლო სამი ძირითადი მიზეზის გამო. მასა და მის მეუღლეს თვითნებურად ეთქვათ უარი ჩხრეკის დროს დამსწრეთა მოწვევის უფლებით სარგებლობაზე, რაც ეჭვქვეშ აყენებს შედეგად მიღებული მამხილებელი მტკიცებულებების სანდოობასა და სისწორეს. გარდა ამისა, ეროვნულმა სასამართლოებმა სათანადოდ არ გაითვალისწინეს ზემოხსენებული არგუმენტები, რის გამოც მას არ მიეცა შესაძლებლობა არსებითად გაესაჩივრებინა მის წინააღმდეგ აღნიშნული მტკიცებულებების გამოყენება. და ბოლოს, მის წინააღმდეგ არ ყოფილა რაიმე სხვა დამადასტურებელი მტკიცებულება.

27. რაც შეეხება ბოლო არგუმენტს, მომჩივანი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ მისი მსჯავრდება ეფუძნებოდა ოთხივე ჩხრეკის შედეგად მოპოვებულ ფიზიკურ მტკიცებულებებს და მათში მონაწილე თანამშრომელთა ჩვენებებს. მისი დანაშაულის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულება არ ყოფილა წარმოდგენილი. მისი პირადი ჩხრეკის და მისი სატრანსპორტო საშუალების ჩხრეკის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მომჩივანმა განაცხადა, რომ არავინ ხდიდა სადავოდ იმ ფაქტს, რომ ის დააკავეს და ხელბორკილები დაადეს ორივე ჩხრეკის ჩატარებამდე. აქედან გამომდინარე, ამ დროს ის იყო შესაბამისი ორგანოების კონტროლის ქვეშ და ვერ ხვდებოდა, თუ როგორ შეეძლო ჩარეულიყო საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებაში, მაგალითად, მტკიცებულებების გადამალვით ან განადგურებით, მაშინ როდესაც მას ხელბორკილები ედო. ამასთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ დროის ხანგრძლივობამ მის დაკავებასა და ჩხრეკებს შორის გაამყარა მისი არგუმენტი მტკიცებულების „ჩადების“ შესახებ (მან მიუთითა საქმეებზე Layijov v. Azerbaijan, no. 22062/07, § 69, 2014 წლის 10 აპრილი და Sakit Zahidov v. Azerbaijan, no. 51164/07, § 53, 2015 წლის 12 ნოემბერი). იმავე დასაბუთებით მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მისი ბინის და ავტოფარეხის ჩხრეკა არ ჩატარებულა გადაუდებელ გარემოებებში და რომ გარკვეული დრო გავიდა თანამშრომლების ბინაში შესვლიდან ჩხრეკის ჩატარებამდე.

28. რაც შეეხება პროცედურულ გარანტიებს, მომჩივანმა აღნიშნა, რომ ერთადერთი გარანტია, რომელიც მას ჰქონდა, იყო დამსწრეთა მოწვევა, მაგრამ მას თვითნებურად ეთქვა უარი ამ უფლებით სარგებლობაზე. მან განაცხადა, რომ პოლიციას არ მიუთითებია ოქმებში კონკრეტული გადაუდებელი გარემოებები, რაც გაამართლებდა აღნიშნული ოთხი ჩხრეკის ჩატარებას დამსწრეთა მოწვევის გარეშე. რაც შეეხება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების სასამართლო მოკვლევას, მომჩივანმა განაცხადა რომ მისი არგუმენტები ჩხრეკის მართლწინააღმდეგობასთან დაკავშირებით არ იქნა სათანადოდ განხილული ეროვნული სასამართლოების მიერ. ამასთან დაკავშირებით მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი არგუმენტები თანამშრომლების მიერ ნარკოტიკების „ჩადებასთან“ დაკავშირებით სასამართლომ უბრალოდ უგულებელყო როგორც თავდაცვითი ხასიათის, ყოველგვარი სათანადო განხილვის გარეშე.

(b)მთავრობა

29. მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება მთლიანობაში იყო სამართლიანი. მთავრობა თვლიდა, რომ ოთხივე ჩხრეკა ჩატარდა გადაუდებელ გარემოებებში, რადგან არსებობდა ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომჩივანი ფლობდა ნარკოტიკებს. მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ ნარკოტიკების მცირე ზომებიდან გამომდინარე არსებობდა მომჩივნის მიერ მათი გადაყლაპვის, გადაყრის ან სხვაგვარად თავიდან მოშორების რეალური რისკი. რაც შეეხება დამსწრეთა მოწვევის საკითხს, მთავრობამ განაცხადა, რომ თუ მომჩივანს მისცემდნენ ამის საშუალებას, მას ექნებოდა ერთი საათი (იხ.ზემოთ 23-ე პარაგრაფში ციტირებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილი) მათი დასწრების უზრუნველსაყოფად, რაც გულისხმობდა იმას, რომ მას შეეძლო თავისუფლად, პოლიციის კონტროლის გარეშე, გადაადგილება ამ ერთი საათის განმავლობაში და მტკიცებულებების განადგურება. იგივე არგუმენტი იქნა გამოყენებული მომჩივნის ბინასა და ავტოფარეხში ჩატარებულ ჩხრეკასთან მიმართებაში, სადაც არსებობდა ოჯახის წევრების მხრიდან მტკიცებულებების თავიდან მოშორების რისკი.

30. მთავრობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომჩივანმა არ გაასაჩივრა ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებები, რომელთა თანახმადაც რეტროსპექტულად კანონიერად იქნა ცნობილი ოთხივე ჩხრეკა და მათი შედეგები. რაც შეეხება საქმის ფაქტობრივ სასამართლო განხილვას, ეროვნულმა სასამართლოებმა საფუძვლიანად შეისწავლეს მისი ბრალდებები. მომჩივნის მოთხოვნით ყველა შესაბამისმა მოწმემ მისცა ჩვენება, მათ შორის, წინასწარი გამოძიების ჩატარებაზე პასუხისმგებელმა გამომძიებელმაც. ჩვენება მისცეს ასევე ბრალდების მხარის მოწმეებმაც, მათ შორის ყველა იმ თანამშრომელმა, რომელმაც ზემოხსენებული ოთხი ჩხრეკა ჩაატარა. ის ფაქტი, რომ მომჩივნისთვის წაყენებული ზოგი ბრალდება იქნა მოხსნილი, მიუთითებს იმაზე, რომ ეროვნული სასამართლოები მოქმედებდნენ სათანადო გულმოდგინებით და კეთილსინდისიერად.

2.სასამართლოს შეფასება

(a) ზოგადი პრინციპები

31. შესაბამისი ზოგადი პრინციპები ახლახან შეაჯამა სასამართლომ საქმეში „კობიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ(no. 36416/06, §§ 56-58, 2019 წლის 14 მარტი).

(b))ზოგადი პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში

32. სასამართლომ უკვე განიხილა საქმე, რომელიც ეხებოდა სასამართლოს მიერ წინასწარი ნებართვის გაცემის გარეშე ჩატარებული ჩხრეკის სავარაუდო მართლწინააღმდეგობას და ამის შედეგად ამოღებული მტკიცებულებების არასანდოობას, და დაადგინა, რომ მომჩივნის წინააღმდეგ ძირითადი მტკიცებულებების მოპოვების მეთოდი ეჭვქვეშ აყენებს მათ სანდოობას და სისწორეს (იხ. ზემოთ ციტირებული საქმე „კობიაშვილი“, 59-73-ე პარაგრაფები). აღნიშნული მტკიცებულებების მნიშვნელობის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია რომ, კუმულაციურად, მომჩივნის პირადი ჩხრეკისას განხორციელებული პროცედურული დარღვევები, არათანმიმდევრული და ურთიერთსაპირისპირო ჩვენებები ჩხრეკის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, არასათანადო სასამართლო მოკვლევა როგორც საქმის სასამართლო განხილვის დაწყებამდე, ისე მისი მიმდინარეობის დროს, მათ შორის ის, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სათანადოდ არ გამოიკვლიეს მომჩივნის ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ ნარკოტიკები მას არ ეკუთვნოდა, და დამადასტურებელი მტკიცებულებების სისუსტე, განაპირობებს მთლიანობაში მომჩივნის სასამართლო პროცესის უსამართლობას (იქვე., § 73).

33. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმის გარემოებები გარკვეულწილად განსხვავებულია, გადამწყვეტი ელემენტები სასამართლოს ანალიზში იგივე რჩება. ოთხივე ჩხრეკა ჩატარდა ეგრეთ წოდებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის სასამართლო მოკვლევაც, როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, არ მომხდარა არც წინასასამართლო და არც საქმის სასამართლო განხილვის ეტაპზე (იხ. ზემოთ მე-12-13 და მე-17-20-ე პარაგრაფები). გარდა ამისა, ოთხივე ჩხრეკა ჩატარდა „გადაუდებელ გარემოებებში”, წინასწარი სასამართლო ორდერის გარეშე. მაშინ როდესაც, ეს თავისთავად არ განაპირობებს საგამოძიებო მოქმედებების მართლწინააღმდეგობას (იხ. ზემოთ 23-ე პარაგრაფში ციტირებული სსსკ-ის 290-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილები), უნდა აღინიშნოს რომ შესაბამისი გადაწყვეტილებები არ იყო დასაბუთებული, რადგან მათში არ იყო მითითებული ის გადაუდებელი გარემოებები, რომლებმაც სავარაუდოდ განაპირობეს ჩხრეკის წინასწარი სასამართლო ორდერის გარეშე ჩატარების საჭიროება (აღნიშნულთან დაკავშირებით იხ. იქვე, სსსკ-ის 290-ე მუხლის მე-3 ნაწილი). გარდა ამისა, საქმისგანკობიაშვილი განსხვავებით, „სოდ“-ის თანამშრომლებმა უარი უთხრეს მომჩივანსა და მის მეუღლეს ჩხრეკაზე დასასწრებად დამსწრეთა მოწვევის უფლებით სარგებლობაზე. დამსწრეთა მოწვევაზე უარის თქმის გასამართლებლად მათ მიუთითეს „გადაუდებელ გარემოებებზე“. თუმცა, არც პოლიციის შესაბამის ოქმებში და არც შემდგომ მათ მიერ მიცემულ ჩვენებებში მათ არ მიუთითებიათ კონკრეტული „გადაუდებელი გარემოებები“ (იხ. ზემოთ მე-5-8-9პარაგრაფები). ამასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს მთავრობის არგუმენტს, რომ ნარკოტიკები, რომელსაც ეძებდნენ „სოდ“-ის თანამშრომლები, იყო მცირე ზომის და მათი თავიდან მოშორება ადვილად იყო შესაძლებელი (იხ. ზემოთ 29-ე პარაგრაფი). ძნელია აღნიშნული არგუმენტის მიღება in abstracto, რადგან თუ მას მისაღებად ჩავთვლით, ამ დასაბუთებით დამსწრეთა მოწვევის ცნება მთლიანად აზრს მოკლებული გახდება, რადგან მცირე ზომის საგნების საპოვნელად ნებისმიერი ჩხრეკა თავისთავად იქნება გადაუდებელი გარემოება ჩხრეკის კონკრეტული გარემოებების მიუხედავად, მათ შორის იმ კონკრეტული მდგომარეობის მიუხედავად, რომელშიც აღმოჩნდება გასაჩხრეკი პირი. გარდა ამისა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მომჩივნის მიერ დამსწრეთა მოწვევის უფლება აშკარად იყო გარანტირებული კანონმდებლობით (იხ. ზემოთ 23-ე პარაგრაფში ციტირებული სსსკ-ის 102-ე მუხლი). მომჩივანი აცხადებდა, რომ ჩხრეკის დროს მას ედო ხელბორკილები და გარშემორტყმული იყო რამდენიმე თანამშრომლის მიერ, ამიტომ მას არ შეეძლო ხელი შეეშალა მტკიცებულების პოვნაში. ეს არგუმენტი არასდროს ყოფილა გათვალისწინებული საქმის სასამართლო განხილვის პროცესში, რის შედეგადაც მომჩივნის საჩივარი მის მიერ საპროცესო უფლებით სარგებლობაზე თვითნებურ უართან დაკავშირებით, დარჩა პასუხგაუცემელი.

34. იმავე დასაბუთებით, მომჩივნის მეუღლე საქმის მთელი წინასწარი განხილვის და სასამართლო განხილვის ეტაპზე აცხადებდა, რომ „სოდ“-ის თანამშრომლები დაელოდნენ მის წასვლას და ამის შემდეგ შევიდნენ მათ ბინაში, სადაც იმ დროს მხოლოდ მისი შვილები იმყოფებოდნენ; რომ ისინი ბინაში იმყოფებოდნენ ორ ბავშვთან ერთად დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მის დაბრუნებამდე, ხოლო მისი დაბრუნების შემდეგ, მას უსაფუძვლოდ უთხრეს უარი მეზობლების მოწვევაზე ჩხრეკაზე დასასწრებად. არც ერთი ზემოთ აღნიშნული ბრალდება არ ყოფილა სათანადოდ გამოკვლეული და ეროვნულმა სასამართლოებმა უბრალოდ არ დააკმაყოფილეს ისინი მათი სუბიექტურობის მიზეზით (იხ. ზემოთ მე-17 და 20-ე პარაგრაფები), ამგვარად, მათ ვერ შეძლეს ჩატარებული ჩხრეკების ზუსტი გარემოებების დადგენა.

35. მთავრობა ამტკიცებდა, რომ ოთხივე ჩხრეკის გარემოებები და შედეგად აღმოჩენილი მტკიცებულებების სანდოობა სასამართლო მოკვლევის საგნად იქცა საქმის წარმოების ორ ეტაპზე: პირველად, ჩხრეკის შემდგომი სასამართლო გადასინჯვის კონტექსტში და მეორედ, მომჩივნის საქმის ფაქტობრივი სასამართლო განხილვის დროს. რაც შეეხება ჩხრეკის შემდგომ სასამართლო გადასინჯვას, სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ ასეთი გადასინჯვა არ არის ადეკვატური და საკმარისი მტკიცებულების ნამდვილობისა და სანდოობის დასადგენად (იხ. ზემოთ ციტირებული საქმე კობიაშვილი, §§ 67-69). მართალია, საქმისგან კობიაშვილიგანსხვავებით, შესწორებული საპროცესო კანონმდებლობის გათვალისწინებით, ამ საქმეში მომჩივანს შესაძლებლობა ჰქონდა გაესაჩივრებინა გადაწყვეტილებები, რომლებიც აღიარებდნენ ჩატარებული ოთხი ჩხრეკის კანონიერებას (იხ. ზემოთ 23-ე პარაგრაფში ციტირებული 293-ე მუხლის მე-3 ნაწილი). მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანმა არ ისარგებლა აღნიშნული სამართლებრივი დაცვის საშუალებით, მთავრობამ ვერ მოახერხა იმის ჩვენება, თუ როგორ შეიძლებოდა გასაჩივრებით მომჩივნისთვის სათანადო სამართლებრივი დაცვის საშუალების შეთავაზება, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმისწარმოების შეზღუდული შესაძლებლობებისა და შესაბამის სასამართლო გადაწყვეტილებებში დასაბუთების არარსებობის ფონზე (იხ. ზემოთ მე-13 პარაგრაფი). მთავრობას არ წარმოუდგენია შიდა პრეცედენტული სამართლის რაიმე მაგალითი ასეთი მოსაზრების გასამყარებლად.

36. რაც შეეხება სისხლის სამართლის პროცესს, მომჩივანმა სთხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომ განუხილველად დაეტოვებინა ოთხი ჩხრეკის შესახებ ოქმები მათი არამართლზომიერებიდან გამომდინარე (იხ. ზემოთ მე-17პარაგრაფი), მაგრამ მისი თხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა და დაასკვნა, მათ შორის, რომ ოთხივე ჩხრეკა, ნებისმიერ შემთხვევაში, უკვე კანონიერად იყო ცნობილი (იქვე). ამ სასამართლოს განსჯადობის ამგვარი შემზღუდველი ინტერპრეტაცია ეწინააღმდეგება სსსკ-ის 111-ე მუხლს (იხ. ზემოთ 23-ე პარაგრაფი) და ასევე მთავრობის პოზიციას სასამართლოს წინაშე (იხ. ზემოთ 35-ე პარაგრაფი). სააპელაციო საქმისწარმოების პროცესში, მომჩივანმა კვლავ სთხოვა სასამართლოს გამოერიცხა ჩხრეკის ოქმები, როგორც დაუშვებელი მტკიცებულება, რადგან ისინი შეიცავდნენ რიგ პროცედურულ ხარვეზებს (იხ. ზემოთ მე-18 პარაგრაფი). პასუხად, სააპელაციო სასამართლომ უბრალოდ დაადგინა, ყოველგვარი მიზეზის მითითების გარეშე, რომ ჩატარებული ოთხი ჩხრეკის დროს ადგილი არ ჰქონია პროცედურულ დარღვევებს და, შესაბამისად, მტკიცებულებები იყო დასაშვები (იხ. ზემოთ მე-20 პარაგრაფი). ხაზგასმით უნდა აღინიშნოს რომ ოპერატიული ინფორმაცია, რომელმაც გამოიწვია აღნიშნული ოთხი ჩხრეკის ჩატარება, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, არ იყო წარმოდგენილი იმ საქმის მასალებში, რომელიც ხელმისაწვდომი იყოს საქმის განმხილველი პირველი ინსტანციის, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებისთვის. ასეთ ვითარებაში, საეჭვოა, რომ სასამართლოებს შეძლებოდათ არსებითად შეეფასებინათ იმ გონივრული ეჭვის ხარისხი, რომელიც ორგანოებს გააჩნდათ მომჩივნის წინააღმდეგ სანამ მას გაჩხრეკდნენ, იმ ნარკოტიკების ტიპის წინასწარი ცოდნა რომელსაც ეძებდნენ, ან წინასწარი სასამართლო ორდერის გარეშე ჩხრეკის ჩატარების აუცილებლობა და გადაუდებლობა (ამასთან დაკავშირებით იხ. ზემოთ ციტირებული საქმეკობიაშვილი, §68).

37. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ გარემოებები, რომლებშიც ჩატარდა ოთხი ჩხრეკა, ეჭვქვეშ აყენებს ამოღებული მტკიცებულებების სანდოობას, და რომ მომჩივანს არ მიეცა ეფექტური შესაძლებლობა სადავოდ გაეხადა ეს გარემოებები და გაეპროტესტებინა ამგვარად ამოღებული მტკიცებულებების გამოყენება ეროვნულ დონეზე.

38. ასევე განსახილველია, დადასტურდა თუ არა ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები სხვა წყაროებიდან მიღებული მტკიცებულებით. სასამართლო თვლის, რომ საქმის მასალებში არსებული არც ერთი სხვა მტკიცებულება, ჩხრეკის ოქმების არარსებობის პირობებში, არ იყო თავისთავად საკმარისად მყარი. რაც შეეხება „სოდ“-ის თანამშრომლებს, სასამართლომ აღნიშნა, რომ რადგან ისინი მომჩივნის წინააღმდეგ გამოდიოდნენ საქმისწარმოების საწყის ეტაპზე და მიეკუთვნებოდნენ იმ ორგანოს, რომელმაც წამოიწყო აღნიშნული საქმისწარმოება, ისინი დაინტერესებულნი იყვნენ ბრალდების შედეგით. მათი ინტერესი განსაკუთრებით აშკარა იყო მომჩივნის ბრალდების გათვალისწინებით იმასთან დაკავშირებით, რომ მომჩივანს ნარკოტიკები მათ „ჩაუდეს“. ამის მიუხედავად, მათი ჩვენება ავტომატურად მიჩნეულ იქნა ობიექტურად, მაგალითად, მომჩივნის ოჯახის წევრების ჩვენებებისგან განსხვავებით, რომლებიც უარყოფილ იქნა როგორც სუბიექტური და არასანდო (იხ. ზემოთ მე-17 და მე-20 პარაგრაფები).

39. თუ შევაჯამებთ, ამ საქმეში მომჩივნის წინააღმდეგ ძირითადი მტკიცებულებების მოპოვების მეთოდი ეჭვქვეშ აყენებს მათ სანდოობასა და სისწორეს. ამ მტკიცებულებათა მნიშვნელობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ, კუმულაციურად, ოთხივე ჩხრეკისას დაშვებული პროცედურული დარღვევები, არაადეკვატური სასამართლო მოკვლევა როგორც საქმის სასამართლო განხილვის დაწყებამდე, ისე სასამართლო განხილვის განმავლობაში, მათ შორის ეროვნული სასამართლოების მიერ მომჩივნის ბრალდებების არასაკმარისად გამოკვლევა იმასთან დაკავშირებით, რომ ნარკოტიკები მას არ ეკუთვნოდა, და დამადასტურებელი მტკიცებულებების სისუსტე, მთლიანობაში განაპირობებს მომჩივნის სასამართლო პროცესის უსამართლობას. შესაბამისად, ადგილი აქვს კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევას.

II. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება

40. კონვენციის 41-ე მუხლი

„თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.“

A.ზიანი

41. მომჩივანმა მოითხოვა 3 000 ევრო მორალური ზიანისთვის.

42. მთავრობამ განაცხადა, რომ მოთხოვნილი თანხა იყო გადაჭარბებული.

43. სასამართლომ, non ultra petita პრინციპის საფუძველზე, დააკმაყოფილა მომჩივნის მოთხოვნა მის მიერ ფაქტობრივად მოთხოვნილი თანხის ანაზღაურებით.

B. ხარჯები და დანახარჯები

44. მომჩივანმა ასევე მოითხოვა 975 ფუნტი სტერლინგი გაწეული სასამართლო ხარჯების ასანაზღაურებლად, და 140.92 ფუნტი სტერლინგი სხვადასხვა ადმინისტრაციული ხარჯების ასანაზღაურებლად.

45. სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებით მთავრობამ განაცხადა, რომ მოთხოვნილი თანხიდან 750 ფუნტი სტერლინგი დაკავშრებული იყო „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის“ ( EHRAC) ადვოკატთან, რომლის უფლებამოსილებაც არ იყო წარმოდგენილი აღნიშნული საქმის მასალებში. ამიტომ მთავრობამ მოითხოვა, რომ სასარჩელო მოთხოვნის ეს ნაწილი ყოფილიყო უგულებელყოფილი სასამართლოს მიერ. რაც შეეხება სხვადასხვა ადმინისტრაციულ ხარჯებს, მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებიდან არ ჩანდა, რომ ხარჯების გაწევა მოხდა კონკრეტულად მის საქმესთან დაკავშირებით.

46. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანს არ წარმოუდგენია დოკუმენტები, სადაც ჩანდა რომ მან გადაიხადა ან მას ჰქონდა კანონიერი ვალდებულება, რომ გადაეხადა ბრიტანელი წარმომადგენლების მიერ დაკისრებული საფასური ან დაეფარა მათ მიერ გაწეული ხარჯები. ამგვარი დოკუმენტების არარსებობის გამო, სასამართლო ვერ ხედავს საფუძველს დაადგინოს, რომ მომჩივნის მიერ მოთხოვნილი ხარჯები და დანახარჯები რეალურად იქნა გაწეული (იხ. საქმე მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ [GC], no. 72508/13, §§ 370-373, 2017 წლის 28 ნოემბერი). აქედან გამომდინარე, მოთხოვნა უნდა იქნეს უარყოფილი.

C. საურავი

47. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ საურავის განაკვეთი განისაზღვროს ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთით, რომელსაც უნდა დაემატოს სამი პროცენტი.

ამ მოტივით, სასამართლო ერთხმად:

1. აცხადებს საჩივარს მისაღებად;

2. ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევას;

3. ადგენს

(a)რომ მოპასუხე სახელმწიფომ სამი თვის ვადაში უნდა გადაუხადოს მომჩივანს 3 000 ევრო (სამი ათასი ევრო), ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს არსებული კურსით, დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაეკისროს მომჩივანს.

(b)რომ ზემოაღნიშნული სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ თანხის სრულ გადარიცხვამდე, გადასახდელ თანხას საჯარიმო პერიოდის განმავლობაში დაერიცხება გადახდის დღეს მოქმედი ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის თანაბარი ჩვეულებრივი პროცენტები, რასაც დაემატება სამი პროცენტი;

4. უარყოფს მომჩივნის მოთხოვნას სამართლიანი დაკმაყოფილების დანარჩენ ნაწილში.

შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობათ 2020 წლის 7 მაისს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.

 

ვიქტორ სოლოვეიტჩიკი                                        განა იუდკივსკა

განმწესრიგებლის მოადგილე                              თავმჯდომარე.