შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ისრაელის სახელმწიფოში შრომის ბაზრის კონკრეტულ სექტორებში საქართველოს მოქალაქეთა დროებითი დასაქმების შესახებ
მიღების თარიღი 30.09.2020
ძალაში შესვლა 06.11.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №31/18
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016626
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/11/2020
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| საქართველოს მთავრობის სახელით | ისრაელის სახელმწიფოს მთავრობის სახელით |
| ხელმოწერილია | ხელმოწერილია |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ისრაელის სახელმწიფოში შრომის ბაზრის კონკრეტულ სექტორებში საქართველოს მოქალაქეთა დროებითი დასაქმების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე საქართველოს მთავრობასა და პარაგვაის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის სოფლის მეურნეობის დარგში თანამშრომლობის შესახებ "საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და სენტ-კრისტოფერისა (სენტ-კიტსისა) და ნევისის ფედერაციის მთავრობას შორის დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ისრაელის სახელმწიფოში შრომის ბაზრის კონკრეტულ სექტორებში საქართველოს მოქალაქეთა დროებითი დასაქმების შესახებ
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ისრაელის სახელმწიფოში შრომის ბაზრის კონკრეტულ სექტორებში საქართველოს მოქალაქეთა დროებითი დასაქმების შესახებ
პრეამბულა
სურთ რა საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას (შემდგომში წოდებულნი ერთობლივად „მხარეები“, ხოლო ცალ-ცალკე – მხარე) ამ ორ ქვეყანას შორის მეგობრული და თანამშრომლური კავშირების გაფართოება და გაძლიერება,
ხორციელდება რა ისრაელში უცხოელი მუშაკების დაქირავება და დროებითი დასაქმება ისრაელის მოქმედი კანონმდებლობის, ისრაელის ეროვნული შრომითი ბაზრების მდგომარეობისა და უცხოელი მუშაკების დასაქმებისთვის ღია სექტორების შესახებ ისრაელის სახელმწიფოს მთავრობის პოლიტიკის შესაბამისად, აგრეთვე დროებით დასაქმებული უცხოელი მუშაკების წლიური კვოტებისა და თითოეული ასეთი სექტორისთვის სამუშაო ნებართვის გაცემის წინაპირობების გათვალისწინებით,
აცხადებენ რა მხარეები თავიანთ საერთო მიზანს, იბრძოლონ ადამიანებით ვაჭრობის, უკანონო მიგრაციის, უსაბუთო და არალეგალური მუშახელის აყვანის პრაქტიკისა და უცხოელი მუშაკების უკანონო დასაქმების წინააღმდეგ,
იზიარებენ რა მხარეები ორმხრივ ინტერესს, რომ აღმოფხვრან უცხოელი მუშაკების დაქირავებისთვის მათზე უკანონო გადასახდელების დაკისრების და გადახდის პრაქტიკა დაქირავებისა და დასაქმების პროცესში და აცხადებენ თანამშრომლობისთვის მზადყოფნას ამ მიზნის მისაღწევად,
სურთ რა მხარეებს უზრუნველყონ ისრაელში გარკვეულ სექტორებში დროებითი დასაქმების მიზნით ჩამოსული საქართველოს მოქალაქეების აყვანა და დროებითი ყოფნა კანონიერად, სამართლიანად და სათანადო ინფორმირების საფუძველზე და ამ შეთანხმების განხორციელების ოქმებით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად (შემდგომში წოდებული „განხორციელების ოქმები“), აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება ისრაელში მათი ლეგალურად ყოფნის დასრულების შემდეგ.
მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗. ზოგადი პრინციპები
1. ტერმინი „საქართველოს მოქალაქე“ ნიშნავს ქართველ მუშაკს, რომელიც წინამდებარე შეთანხმების განხორციელების ოქმების შესაბამისად, გარკვეულ სექტორებში დროებითი დასაქმების მიზნით მიემგზავრება ისრაელში.
2. ტერმინი „დროებითი დასაქმება“ ნიშნავს საქართველოში გაცემული ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქის კანონიერ დასაქმებას გარკვეულ სექტორში ისრაელის ტერიტორიაზე იმ დამსაქმებლის მიერ, რომელსაც აქვს ისრაელის სახელმწიფოს მთავრობის მიერ გაცემული მოქმედი ნებართვა უცხოელი მუშაკის შეზღუდული ვადით დასაქმების შესახებ, ისრაელის კანონმდებლობისა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობის ნორმების, წესების, პროცედურებისა და დადგენილებების შესაბამისად, რის შემდეგაც საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს ისრაელი.
3. თითოეულ ნებადართულ სექტორში დროებითი დასაქმების ხანგრძლივობა განისაზღვრება შესაბამისი განხორციელების ოქმით და იგი არ უნდა აღემატებოდეს მაქსიმალურად დაშვებულ ხანგრძლივობას, როგორც განსაზღვრულია ისრაელის შესაბამისი კანონმდებლობით, ასევე ისრაელის სახელმწიფოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებებით, რომელიც ეხება თითოეულ სექტორში დროებით დასაქმებული უცხოელი მუშაკების წლიურ კვოტებს.
4. ისრაელის სახელმწიფოს მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს ამ შეთანხმებით გათვალისწინებული დროებითი სამუშაოსთვის დაქირავებულ საქართველოს მოქალაქეებზე ვიზებისა და სამუშაო ნებართვების გაცემას, თითოეულ განსაზღვრულ სექტორში ისრაელის კანონმდებლობისა და პროცედურების შესაბამისად.
5. მაქსიმალური რაოდენობა საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებსაც შეუძლიათ დროებით დასაქმდნენ ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ თითოეულ ნებადართულ სექტორში, განისაზღვრება კონკრეტული სექტორისთვის გათვალისწინებული განხორციელების ოქმით და დამოკიდებულია დროებითი უცხოელი მუშაკებისთვის ისრაელის სამთავრობო დადგენილებებით განსაზღვრულ კვოტებზე და ასევე, ისრაელელი დამსაქმებლებისგან მიღებული სამუშაო შეთავაზებების რაოდენობაზე.
6. მუშაკებს, რომლებიც დროებით სამუშაოს ასრულებენ, როგორც ეს გათვალისწინებულია შესაბამისი განხორციელების ოქმით, არ აქვთ უფლება დაკავდნენ სხვა ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობით ან დასაქმდნენ სხვა სექტორში, გარდა იმ სექტორისა, რომლისთვისაც მათზე გაიცა ვიზა და სამუშაო ნებართვა.
7. თითოეული მხარე უნდა შეეცადოს, მიიღოს გონივრული და აუცილებელი ზომები საქართველოს მოქალაქეების უფლებების დასაცავად, საკუთარი შესაბამისი კანონებისა და ნორმების საფუძველზე.
მუხლი 2🔗. მიზნები
წინამდებარე შეთანხმება მიზნად ისახავს:
ა) ამ შეთანხმების პრინციპების გათვალისწინებით ისრაელში დროებითი სამუშაოს მიღების მიზნით ჩასული საქართველოს მოქალაქეების კანონიერი, სამართლიანი და სათანადო ინფორმირების საფუძველზე დასაქმების უზრუნველყოფას და ამგვარ დასაქმებასთან დაკავშირებით უკანონო მოსაკრებლების აღების შემთხვევების თავიდან აცილებას.
ბ) ჩარჩოს შექმნას საჭირო ინფორმაციის გაცვლისა და მხარეებს შორის მიმდინარე თანამშრომლობისთვის, დროებითი უცხოელი მუშახელის საკითხებთან დაკავშირებით;
გ) საქართველოს მოქალაქეების დაქირავების, შერჩევის, დაბინავების, ჩამოსვლისა და დასაქმების შესახებ მხარეებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფას, ასევე მათ საქართველოში დაბრუნებას ისრაელში დროებითი დასაქმების შემდეგ;
დ) წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში საქართველოს ისეთი მოქალაქეების დაქირავების უზრუნველყოფას, რომლებიც ფლობენ საჭირო კვალიფიკაციას შესაბამის სექტორებში დასაქმებისთვის, გააზრებული აქვთ ისრაელში დროებითი ყოფნის ვადები და პირობები, და ასევე ვალდებულება, რომ დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში ისრაელში კანონიერი დასაქმების ვადის ამოწურვის შემდეგ;
ე) ისრაელში დროებითი სამუშაოს შესრულებისას საქართველოს მოქალაქეების შრომითი უფლებების დაცვის ხელშეწყობას დაქირავების, შერჩევის, დაბინავების, ჩამოსვლის, დასაქმებისა და სამშობლოში დაბრუნების პროცესში.
მუხლი 3🔗. თანამშრომელი ორგანოები
მხარეებმა უნდა დანიშნონ და უფლებამოსილებით აღჭურვოს შესაბამისი მთავრობის სამინისტროები ან სააგენტოები, რომლებიც მოქმედებაში მოიყვანენ წინამდებარე შეთანხმებას სხვადასხვა შეთანხმებულ სექტორში (შემდეგში „თანამშრომელი ორგანოები“). ამ პროცესში ისრაელის თანამშრომელ ორგანოს შეიძლება დახმარება გაუწიოს ისრაელის კომპეტენტურმა ოფიციალურმა ორგანომ ან მის მიერ ან მისი სახელით ავტორიზებულმა ნებისმიერმა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციამ. შესაბამისი თანამშრომელი ორგანოები თითოეული განსაზღვრული სექტორისთვის უნდა მიეთითოს განხორციელების ოქმში ან დადასტურდეს მხარეთა მიერ დიპლომატიური არხებით, ოფიციალური წერილობითი ფორმით.
მუხლი 4🔗. განხორციელების ზოგადი დებულებები
1. მხარეები თანხმდებიან, რომ საქართველოს მოქალაქეების დაქირავება ისრაელში დროებითი სამუშაოსთვის, თითოეულ კონკრეტულ სექტორში უნდა განხორციელდეს ერთობლივად, როგორც ეს მოცემულია განხორციელების ოქმებში და მათ დანართებში, თითოეული კონკრეტული სექტორისთვის.
2. განხორციელების ოქმებზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება თანამშრომელ ორგანოთა შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, რომელიც გათვალისწინებულია დიპლომატიური არხებით დადასტურებული წერილობითი შეთანხმებით.
3. წინამდებარე შეთანხმების შესრულება და შემდგომში ნებისმიერი საქმიანობის განხორციელება მოცემული შეთანხმების ფარგლებში უნდა მოხდეს თითოეული მონაწილე სახელმწიფოს შესაბამისი მოქმედი კანონების, დადგენილებების, წესების, პროცედურებისა და მექანიზმების შესაბამისად.
მუხლი 5🔗. მუშაკის ზოგადი კვალიფიკაციები
საქართველოს მთავრობამ თავისი სახელით უნდა უხელმძღვანელოს შესაბამის თანამშრომელ ორგანოს, რათა უზრუნველყოს, რომ ამ შეთანხმების საფუძველზე დროებით დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ყველა საჭირო უნარი, ცოდნა და გამოცდილება შესაბამის სექტორში სამუშაოდ, ასევე, გაიარონ სამედიცინო შემოწმება, იყვნენ გონებრივად და ფიზიკურად ჯანმრთელი, ფლობდნენ შესაბამის ჯანმრთელობის ცნობას და არ ჰქონდეთ კრიმინალური წარსული, როგორც გათვალისწინებულია შესაბამის განხორციელების ოქმებში.
მუხლი 6🔗. სამუშაოზე აყვანის პროცედურა
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიიღებენ ყველა გონივრულ, აუცილებელ ზომას იმისთვის, რომ სამუშაოზე აყვანის პროცესი იყოს გამჭვირვალე, განმცხადებლებს მიეწოდოთ ყველა საჭირო ინფორმაცია (მათ შორის, ისრაელში მათ ლეგალურად ყოფნასა და დასაქმებასთან დაკავშირებული ვალდებულებებისა და ისრაელში კანონიერი დასაქმების პერიოდის დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნების ვალდებულების ჩათვლით) და არ მოხდეს განმცხადებლებსა და მუშაკებზე მათ დაქირავებასთან დაკავშირებით რაიმე სახის მოსაკრებლის ან გადასახდელის დაკისრება, პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით, არცერთ ქვეყანაში ისრაელში დაქირავებისა და დასაქმების მთლიანი პროცესის მანძილზე, გარდა განხორციელების ოქმებით გათვალისწინებული ნებადართული გადასახდელებისა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ისრაელის კანონმდებლობით დადგენილ დაშვებულ გადასახდელებს.
მუხლი 7🔗. ერთობლივი საკოორდინაციო კომიტეტი და ინფორმაციის გაცვლა
1. მხარეებმა, შესაბამისი თანამშრომელი ორგანოების მეშვეობით, უნდა გაცვალონ საჭირო ინფორმაცია და სიახლეები შრომითი ურთიერთობებისა და სისხლის სამართლის დანაშაულის მარეგულირებელ მოქმედ კანონმდებლობასა და პროცედურებთან დაკავშირებით, ასევე, უცხოელ მუშაკთა ჩასვლასთან, დარჩენასთან, ანაზღაურებად დასაქმებასა და დამსაქმებლების მოვალეობებთან დაკავშირებით, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს წინამდებარე შეთანხმებით დადგენილ პროცედურებზე.
2. მხარეების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ერთობლივი საკოორდინაციო კომიტეტის (შემდგომში – „ერთობლივი საკოორდინაციო კომიტეტი“) მიზანს წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებით წამოჭრილი პრობლემების გადაწყვეტა.
3. საკოორდინაციო კომიტეტი იკრიბება ყოველწლიურად, რომელიმე მხარის მოთხოვნის საფუძველზე, მონაცვლეობით, თითოეულ ქვეყანაში, ორმხრივად შეთანხმებული პირობებისა და თარიღების შესაბამისად ან, ორივე მხარის თანხმობის შემთხვევაში, ვიდეოკონფერენციის საშუალებით. განსახილველად წარსადგენი სასურველი საკითხების შესახებ მხარეები ერთმანეთს წერილობით შეატყობინებენ თითოეული სხდომის თარიღამდე არანაკლებ 30 დღით ადრე.
4. შეთანხმებული ოქმების გაფორმება ხდება თითოეული სხდომის შემდეგ.
5. ერთობლივი საკოორდინაციო კომიტეტის დამატებითი რიგგარეშე სხდომის მოწვევა ხდება იმ შემთხვევაში, თუ განსახილველია გადაუდებელი საკითხები, რომელიმე მხარის მოთხოვნის საფუძველზე.
მუხლი 8🔗. პირადი მონაცემების დაცვა
იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირთან დაკავშირებული ინფორმაციის გადაცემა, შენახვა და დამუშავება, რომლის გადაცემა ხდება ამ შეთანხმებისა და მისი განხორციელების ოქმების შესაბამისად, რეგულირდება კონფიდენციალურობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ თითოეულ მხარის ქვეყანაში მოქმედი შესაბამისი შიდა კანონმდებლობით.
მუხლი 9🔗. სამართლებრივი თანამშრომლობა
მხარეები ითანამშრომლებენ და დახმარებიან ერთმანეთს ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებზე გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის წარმართვაში, თითოეული მონაწილე სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 10🔗. მუშაკთა სამშობლოში დაბრუნება
1. ნებადართული ყოფნის ვადის გასვლის შემდეგ, საქართველოს მოქალაქე ტოვებს ისრაელს.
2. ისრაელში გამგზავრებამდე საქართველოს მოქალაქეები ხელს აწერენ დეკლარაციას მათთვის გასაგებ ენაზე, რომლითაც ისინი იღებენ ვალდებულებას, შეასრულონ ლეგალური დასაქმებისა და ისრაელში ყოფნის პირობები და დაბრუნდნენ საქართველოში ისრაელში მათი დასაქმების კანონიერი ვადის ამოწურვის შემდეგ. გარდა ამისა, მათ ეკისრებათ ნებისმიერი სხვა პროცედურის შესრულება ან დამატებითი დეკლარაციების გაფორმება, ან რაიმე სხვა სახის გარანტიების გაცემა, როგორც შეთანხმებულია თანამშრომელი ორგანოების მიერ, ამ მუხლთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
3. ისრაელის სახელმწიფოს მთავრობა იტოვებს უფლებას საქართველოს მოქალაქეს დაატოვებინოს ისრაელის ტერიტორია ისრაელის კანონების, ნორმების, წესების, პროცედურებისა და ისრაელის მთავრობის დადგენილებების შესაბამისად, მათ შორის, იმ შემთხვევების ჩათვლით, როდესაც მუშაკი არ ტოვებს ისრაელს ქვეყანაში მისი კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვისთანავე, მუშაკი არღვევს სავიზო პირობებს, სამუშაოს ნებართვის მოთხოვნებს ან მის მიერ ხელმოწერილ დეკლარაციას ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ან არღვევს ამ შეთანხმებას, ან იმ შემთხვევაში, თუ ისრაელის სახელმწიფოს მთავრობა დაადგენს, რომ მისმა ყოფნამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ეროვნულ უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგს ან საზოგადოებრივ ჯანმრთელობას.
4. მხარეები ითანამშრომლებენ საჭიროებისამებრ, რათა უზრუნველყონ ამ შეთანხმებით დაქირავებული საქართველოს მოქალაქეების სწრაფი და ეფექტური დაბრუნება საქართველოში მას შემდეგ, რაც ისრაელში მათი ლეგალური დასაქმების ვადა ამოიწურება. ისინი ასევე ითანამშრომლებენ ამ შეთანხმებით დაქირავებული საქართველოს მოქალაქეების სწრაფი და ეფექტური დაბრუნების მიზნით, რომლებიც უკანონოდ რჩებიან ისრაელში.
მუხლი 11🔗. დავების გადაწყვეტა – ზოგადი პრინციპები
ნებისმიერი დავა, უთანხმოება ან პრეტენზია, რომელიც წარმოიშობა ამ შეთანხმების საფუძველზე ან ეხება მას, მათ შორის მისი ბათილობის, დარღვევის ან შეწყვეტის ჩათვლით, გადაწყდება მხარეთა შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით.
მუხლი 12🔗. დავების გადაწყვეტა დამსაქმებლებსა და მუშაკებს შორის
ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას დამსაქმებლებსა და მუშაკებს შორის, ექვემდებარება ისრაელის სახელმწიფოს სასამართლოების ექსკლუზიურ იურისდიქციას და წყდება მხოლოდ ისრაელის შესაბამისი კანონმდებლობის შესაბამისად, სამართლებრივი ნორმების არჩევის გაუთვალისწინებლად.
მუხლი 13🔗. შეთანხმების ძალაში შესვლა, ხანგრძლივობა და შეწყვეტა
1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის დიპლომატიური არხების მეშვეობით ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების დღეს, რომლითაც მხარეები აცნობებენ ერთმანეთს ამ შეთანხმების ასამოქმედებლად საჭირო თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ.
2. ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, ამ შეთანხმების განხორციელება ნებისმიერი კონკრეტული სექტორისთვის დაიწყება მას შემდეგ, რაც შესაბამისი თანამშრომელი ორგანოები ხელს მოაწერენ ამ სექტორის შესაბამის განხორციელების ოქმს.
3. მხარეებს შეუძლიათ შეიტანონ ცვლილებები წინამდებარე შეთანხმებაში წერილობითი ფორმით, ორმხრივი თანხმობის საფუძველზე. ასეთი ცვლილებები ამოქმედდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად. განხორციელების ოქმში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება ძალაში შევა განხორციელების ოქმში მითითებული პროცედურის შესაბამისად.
4. წინამდებარე შეთანხმება ფორმდება სამი (3) წლის ვადით და ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი ერთი (1) წლის პერიოდებით.
5. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ეს შეთანხმება ნებისმიერ დროს, მეორე მხარისთვის დიპლომატიური ნოტის გაგზავნის გზით, სულ მცირე ექვსი (6) თვით ადრე მოთხოვნილი შეწყვეტის თარიღამდე.
6. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე გამოთქვამს შეშფოთებას დასაქმების მიზნით ქართველ განმცხადებლებზე ან მუშაკებზე საფასურის უკანონოდ დაკისრებასა და გადახდასთან დაკავშირებით და ერთობლივი საკოორდინაციო კომიტეტი ვერ შეძლებს საკითხის ორივე მხარისთვის მისაღები ფორმით გადაწყვეტას, ან არ შეიკრიბება ორმოცდახუთი (45) დღის განმავლობაში (მათ შორის ნებისმიერი ხელმისაწვდომი ელექტრონული საშუალებით) იმ დღიდან, როდესაც რომელიმე მხარე მოითხოვს ერთობლივი საკოორდინაციო კომიტეტის შეხვედრას, ნებისმიერ მხარეს შეუძლია დაუყოვნებლივ, სრულად ან ნაწილობრივ შეაჩეროს შესაბამისი განხორციელების ოქმის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებები.
7. ამ შეთანხმების მე-13(5) მუხლის ან მე-13(6) მუხლის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებები გავლენას არ მოახდენს პირზე, რომელიც ამ გადაწყვეტილების მიღების დღეს უკვე ფლობს ამ შეთანხმების ფარგლებში გაცემულ ვიზას, მათ შორის, წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში ისრაელში ლეგალურად დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების ჩათვლით.
ამის დასტურად, ქვემორე ხელის მომწერნი, ფლობენ რა სათანადო უფლებამოსილებას, აფორმებენ წინამდებარე შეთანხმებას.
ხელმოწერილია ქ.იერუსალიმში, 2020 წლის 30 სექტემბერს, რაც შეესაბამება 5781 წლის 12 ტიშრეი ებრაული კალენდრით, ორ დედნად, ქართულ, ებრაულ და ინგლისურ ენებზე. განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ინგლისურენოვან ტექსტს.
საქართველოს მთავრობის
სახელით
ისრაელის სახელმწიფოს მთავრობის
სახელით
ხელმოწერილია
ხელმოწერილია