ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.11.2020
ძალის დაკარგვა 02.05.2022
გამომცემი ორგანო ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.113.016428
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/12/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია | ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 02.05.2022
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 29.11.2019
დოკუმენტის ტექსტი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16
2020 წლის 27 ნოემბერი
ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის
დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნტის, 61-ე მუხლის 1-ლი-მე-2 ნაწილების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური“-ს დებულება თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის N28 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 03/12/2019 სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 001026020.35.113.016408).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია
დანართი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული
სამსახურის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომში – „სამსახური“) არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომლის უფლებამოსილებები, ვალდებულებები, სტრუქტურა და მართვის ორგანიზება განისაზღვრება ამ დებულებით.
2. სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი სამსახურის სრული სახელწოდების აღნიშვნით.
3. სამსახურის საშტატო ნუსხა და საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების სისტემის გათვალისწინებით.
4. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. ოზურგეთი, კოსტავას ქ. №1.
მუხლი 2🔗.
სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, საქართველოს კანონი ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“, ,,სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონი,საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება და ეს დებულება.
2. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი (შემდგომში ტექსტში – „მერი“).
თავი II
სამსახურის სტრუქტურა
მუხლი 3🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან (ტექსტში შემდგომში - „განყოფილება“).
2. სამსახურის განყოფილებებია:
ა) საქმისწარმოების განყოფილება;
ბ) სტატისტიკის და ადგილობრივი არქივის განყოფილება;
გ) მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილება;
დ) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;
ე) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მომსახურების განყოფილება.
თავი III
სამსახურის და მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები
მუხლი 4🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობას;
ბ) ელექტრონული საქმისწარმოების დადგენილი სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფას;
გ) სტატისტიკის და ადგილობრივი არქივის წარმოებას;
დ) მერის წარმომადგენლების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობას;
ე) მერის ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან, გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ვ) მერის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფას, აგრეთვე მერის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვას და ორგანიზებას;
ზ) კანონით გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილოების ფორმების აგრეთვე დამატებითი მონაწილეობის ფორმების დანერგვას და განხორციელების ხელშეწყობას;
თ) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის და სოციალური მედიაგვერდების მართვას;
ი) საჯარო ინფორმაციის გაცემის და პროაქტიულად გამოქვეყნების უზრუნველყოფას;
კ) საქართველოს კანონით ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელება, მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში;
ლ) უფლებამოსილების ფარგლებში პრობლემების ანალიზს და მათი გადაწყვეტის გზების შემუშავებას; ასევე საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების დადგენას, შუალედური და საბოლოო შედეგების განსაზღვრას;
მ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 5🔗.
სამსახურის განყოფილების ფუნქციები (გარდა ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მომსახურების განყოფილებისა)
1. საქმისწარმოების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამით კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას;
ბ) ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამით, მათ შორის, მატერიალური სახით, მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ;
გ) ელექტრონულ საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას;
დ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და არქივირებას;
ე) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას;
ვ) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას;
ზ) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის;
თ) დავალებების სათანადოდ გაფორმებას;
ი) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას;
კ) გასული დოკუმენტების გაგზავნას;
ლ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად;
მ) საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას;
ნ) მერიის მოხელეთათვის ელექტრონული საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე;
ო) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
2. სტატისტიკის და ადგილობრივი არქივის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას/დამუშავებას, მათ პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას;
ბ) დოკუმენტაციის შენახვას, დაცვას და საარქივო მასალის დამუშავებას;
გ) საინფორმაციო-საძიებო სისტემის მეშვეობით ადგილობრივი საარქივო ფონდის დოკუმენტების მოძიებასა და გაცნობას, ეროვნული არქივის საინფორმაციო მომსახურებით უზრუნველყოფას;
დ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
3. მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში;
ბ) მერისთვის წინადადებების წარდგენის მომზადებას შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
გ) სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების გაცნობასა და მოსახლეობის კომუნიკაციას საკრებულოსთან, მერიასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან;
დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საკრებულოს და მერის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას, ორგანიზებას, კონტროლსა და მერისთვის ინფორმაციის წარდგენას;
ე) ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვისა და განხილვების ჩატარებას;
ვ) წინადადებების მომზადებაში მონაწილეობის მიღებას თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენისა და ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების თაობაზე; ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობისა და საჯარო განხილვების ორგანიზებაში მონაწილეობას; ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციის განხორციელებასა და მერისთვის მათ მიწოდებას;
ზ) წინადადებების მომზადებას ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების შესახებ და მათი განხორციელების კოორდინაციას;
თ) ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვის კოორდინაციას, სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე წინადადებების შემუშავებასა და კონტროლს;
ი) მონაწილეობის მიღებას ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაში, ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებასა და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებში;
კ) ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილოების სტრატეგიული გეგმის შედგენასა და მისი განხორცილების უზრუნველყოფას;
ლ) მერის ან შესაბამისი სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდებას იმ პირთა შესახებ, რომელთა დახმარება ხდება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან;
მ) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში პირების დაბადებისა და გარდაცვალების და ამ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ ინფორმირებას;
ნ) მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო სასწავლო შეკრებების ჩატარების, დაწყებითი სამხედრო სწავლების, სამხედრო-პატრიოტული აღზრდისა და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების საკითხებში მონაწილეობის მიღებას;
ო) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
4. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებათა და მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ საზოგადოების ინფორმირებას;
ბ) მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობასთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადებასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირებას (გავრცელება);
გ) მერიის საქმიანობის ანგარიშების, პრეს-რელიზების მომზადებასა და გამოქვეყნებას;
დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის საზოგადოებრივ ურთიერთობათა რეგულირებას;
ე) მედიასაშუალებებთან და ჟურნალისტებთან ურთიერთობების წარმართვას;
ვ) მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირების პრესკონფერენციების მომზადებას;
ზ) მუნიციპალიტეტში მიმდინარე ღონისძიებების პრეზენტაციას;
თ) ღონისძიებების ფოტო- და ვიდეოგადაღებას;
ი) მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის შესახებ რეკლამების, საგაზეთო სტატიებისა და ვიდეორგოლების მომზადებაში მონაწილეობას;
კ) მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას;
ლ) სოციალური ქსელების და ვებგვერდის ადმინისტრირებას;
მ) საჯარო ინფორმაციის გაცემასა და პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფას;
ნ) მართავს საჯარო დისკუსიებს, კონფერენციებს, სემინარებს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით;
ო) მონაწილეობას იღებს ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით გამართულ აქტივობებში;
პ) ხელს უწყობს მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივ/საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის ურთიერთობების განვითარებას;
ჟ) მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას;
რ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
თავი IV
ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მომსახურების განყოფილების
ინსტიტუციური მოწყობა და უფლებამოსილებები
მუხლი 6🔗.
ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მომსახურების განყოფილების ფუნქციები
1. განყოფოლების ფუნქციებს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მომსახურების სფეროში წარმოადგენს:
ა) საქართველოს კანონით ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელება, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში;
ბ) საქართველოს კანონით ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში;
გ) ბავშვის მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მათი განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება;
დ) ,,სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვთა დაცვის და მხარდაჭერის სოციალური მუშაკის ქსელის შექმნა და სამოქმედო უბნების განსაზღვრა;
ე) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მიზნით კოორდინირებული მუშაობა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ვ) არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაცია;
ზ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა, შესაბამისი ოქმების შედგენა, სახდელის შეფარდება ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნა;
თ) ბავშვის უფლებების დაცვის პროგრამების განხორციელების მიზნით შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევის, მათი რეგისტრაციის და სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრის პროცესის უზრუნველყოფა;
ი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება; ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და წარმოება;
კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებები.
2. განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობას;
ბ) საკუთარი საქმიანობის გამჭვირვალობას;
გ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით სამსახურის ფუნქციების, ამოცანებისა და საქმიანობის მნიშვნელობის განმარტებას; საინფორმაციო ბიულეტენების, საინფორმაციო ფურცლების, პრესრელიზებისა და სხვა ინფორმაციული მასალების მომზადებას და გავრცელებას;
დ) მერიის ვებგვერდზე ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას.
მუხლი 7🔗.
განყოფილების საქმიანობის პრინციპები
1. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემა ეფუძნება საფრთხის პრევენციისა და ადრეული დახმარების პრინციპს.
2. განყოფილება ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებებს ახორციელებს ინტერდისციპლინური შეფასების საფუძველზე, რაც უზრუნველყოფილია შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პერსონალით.
3. განყოფილების მიერ ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელების მიზნით ჩატარებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობენ, სულ მცირე: ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი, ბავშვის ფსიქოლოგი, ბავშვის ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტი და ბავშვის სამართლებრივი დახმარების სპეციალისტი.
4. განყოფილების მიერ ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ბავშვის უფლებათა კოდექსითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების პრინციპების და პროცედურების დაცვით.
5. განყოფილების ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის, ბავშვის ფსიქოლოგის, ჯანდაცვის სპეციალისტის და იურისტის საქმიანობა ეფუძნება ოთხი თვალის პრინციპს, რაც გულისხმობს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ერთობლივად მიღებას ან მიღებული გადაწყვეტილების სულ მცირე ორი თანამშრომლის მიერ დადასტურებას.
6. ბავშვის მხარდაჭერის მუნიციპალური ღონისძიებების დაგეგმვის ეტაპზე უპირატესობა ენიჭება ბავშვის მხარდაჭერის პროგრამების განხორციელებას ბავშვის მხარდაჭერის კერძო დაწესებულებების კონკურსის წესით შერჩევის საფუძველზე.
მუხლი 8🔗.
განყოფილების საქმიანობის ხელმისაწვდომობა
1. განყოფოლების მიერ ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია:
ა) ბენეფიციარის მიმართვა,
ბ) მესამე პირების მხრიდან განხორციელებული შეტყობინება ან ანონიმური ზარით მიღებული ინფორმაცია,
გ) სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან რეფერირება,
დ) უფლებამოსილი სამსახურის მიერ სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგები,
ე) ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოქმედ საგანმანათლებლო, ჯანდაცვის და ბავშვის თემებზე მომუშავე დაწესებულებებთან და დაინტერესებულ პირებთან (მაგ., პედაგოგები, მშობლები) შეხვედრების შედეგად (,,აუთრიჩი“) გამოვლენილი შემთხვევები.
2. განყოფილება უზრუნველყოფს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სერვისების ხელმისაწვდომობას უშუალოდ და სატელეფონო მომსახურების სახით. სამსახურის ხელმისაწვდომობა მოიცავს შესაბამის სევრვისებზე წვდომას სამუშაო დღეებში და სამუშაო საათებში.
3. ინფორმაცია მუნიციპალურ სერვისებზე და სატელეფონო მომსახურებაზე ქვეყნდება პროაქტიულად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე.
მუხლი 9🔗.
საქმიანობის კოორდინაცია
1. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებები ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკუთარი ან დელეგირებული პროგრამების ფარგლებში.
2. განყოფილების მიერ ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებები ხორციელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან და ბავშვის თემებზე მომუშავე პირებთან კოორდინირებული თანამშრომლობით.
3. თუ კი ბავშვის მხარდაჭერის ღონისძიება არ ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკუთარი ან დელეგირებული პროგრამების ფარგლებში, ბავშვს აღნიშნული სერვისი მიეწოდება შესაბამის უფლებამოსილ ორგანოში რეფერირების გარეშე (გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის მიერ. მხარდაჭერის ღონისძიების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ადმინისტრაციულ წარმოებაში სერვისის განხორციელებაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობის საფუძველზე.
4. განყოფილების მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოსთან უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში დადებული შეთანხმების საფუძველზე.
5. თუ კი ბავშვი იმყოფება სახელმწიფო ზრუნვაში, საქმის მართვაზე პასუხისმგებელი უწყებაა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი კოორდინაციაშია მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს სოციალურ მუშაკთან უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში.
6. განყოფილების მიერ საკითხის შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში რეფერირება ხდება:
ა) თუ კი შეფასების შედეგად დგინდება ბავშვის ოჯახიდან განცალკევების საჭიროება,
ბ) თუ კი განყოფილებაში შემოსული ინფორმაცია უკავშირდება ბავშვზე ძალადობის განხორციელებას ან განხორციელების რისკს. ასეთ შემთხვევაში განყოფილებამ უნდა განახორციელოს შესაბამისი რეაგირების ღონისძიებები ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) მომწესრიგებელი ნორმატიული აქტების საფუძველზე.
გ) როდესაც მისი მართვა არ არის გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში და მუნიციპალიტეტსა და შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს შორის არ არის დადებული ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმება უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების თაობაზე.
მუხლი 10🔗.
საქმის წარმოების ერთიანი სისტემა
1. განყოფილება უზრუნველყოფს ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების კოორდინირებულ განხორციელებას. ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის ღონისძიებების კოორდინირებული პროცესის უზრუნველსაყოფად, იქმნება ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებებში ჩართულ სუბიექტებს შორის ინფორმაციის გაცვლის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ქსელი.
2. ინფორმაციის გაცვლის ერთიან ელექტრონულ საინფორმაციო ქსელის შექმნის მიზანია ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ერთიანი სისტემის ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა.
3. ინფორმაციის გაცვლის ერთიან ელექტრონულ საინფორმაციო ქსელში თავს იყრის ინფორმაცია ბენეფიციარის საჭიროებებზე, მის მიმართ განხორციელებულ დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებებზე, მიღწეულ შედეგებზე და შედეგების პერიოდულ მონიტორინგზე.
4. უფლებამოსილი პირების მიერ ინფორმაციის გაცვლის ერთიან ელექტრონული საინფორმაციო ქსელით სარგებლობა ხდება ბავშვის პერსონალური მონაცემების საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. ბავშვის ვინაობის, მისი ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ მიღებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და ის შესაძლებელია ხელმისაწვდომი გახდეს მხოლოდ ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელებაში ჩართული სუბიექტების მიერ სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების მიზნით. ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია ბავშვის მშობლისთვის/მშობლებისთვის, თუ მათ არ აქვთ შეზღუდული ან ჩამორთმეული მშობლის უფლება, ასევე ბავშვის მეურვისთვის/მზრუნველისთვის.
5. ინფორმაციის გაცვლის ერთიან ელექტრონულ საინფორმაციო ქსელის შექმნის, ფუნქციონირების და ინფორმაციით სარგებლობის წესებს ადგენს დებულება ,,ბავშვთა დაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის შესახებ“.
6. ინფორმაციის გაცვლის ერთიან ელექტრონულ საინფორმაციო ქსელით სარგებლობის უფლების ფარგლები განისაზღვრება მასში ჩართულ სუბიექტებს შორის დადებული მემორანდუმის საფუძველზე.
მუხლი 11🔗.
ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი
1. ბავშვისა და ოჯახისა სოციალური მუშაკი არის განყოფილების საჯარო მოსამსახურე, რომელიც:
ა) ახორციელებს ბავშვის მდგომარეობის შეფასებას ამ დებულების მე-5 თავით გათვალისწინებული ბავშვისა და ოჯახის საჭიროებათა და ზიანის რისკის შეფასების სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით.
ბ) შეიმუშავებს სკრინინგის ან პირველადი/ჩაღრმავებული შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინარული განხილვის საფუძველზე სამოქმედო გეგმას (ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმა);
გ) უზრუნველყოფს ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმით დადგენილი მომსახურებებისადმი ბავშვის ხელმისაწვდომობას;
დ) კოორდინაციას უწევს სამოქმედო გეგმის აღსრულების პროცესს ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელებაზე უფლებამოსილ სუბიექტებთან თანამშრომლობით;
ე) საქმის წარმოების ერთიანი სისტემის გამოყენებით მონიტორინგს უწევს ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელების პროცეს და ადგენს ანგარიშს;
ვ) საგანმანათლებლო-აღმზრდელობით, კულტურისა და სასპორტო დაწესებულებებთან, საზოგადოებრივ გაერთანებებთან და სხვა ბავშვის თემებზე მომუშავე დაწესებულებებთან და დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობით შეიმუშავებს რეკომენდაციებს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სფეროში განსახორციელებელი პრევენციული ღონისძიებების თაობაზე;
2. ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი ახორციელებს ვიზიტს ოჯახში/ბავშვის განთავსების ადგილზე.
3. თუ ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის შეფასების შედეგად დადგინდა, რომ საქმე ეხება გადაუდებელ მდგომარეობას, იგი დაუყოვნებლივ მიმართავს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს. გადაუდებელია მდგომარეობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ბავშვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას ან შეიძლება გამოიწვიოს მისი სიკვდილი ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება მომდევნო 24 საათის განმავლობაში.
მუხლი 12🔗.
ბავშვის ფსიქოლოგი
1. ბავშვის ფსიქოლოგია არის განყოფილების საჯარო მოსამსახურე, რომელიც მონაწილეობს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოების ფარგლებში ინტერდისციპლინური განხილვის პროცესში.
2. ბავშვის ფსიქოლოგი ადგენს ბავშვის მენტალურ ჯანმრთელობას, სწავლობს მის ქცევას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს განსახორციელეებლი ღონისძიებების შესახებ.
3. ბავშვის ფსიქოლოგი, საფრთხის პრევენციისა და ადრეული დახმარების პრინციპის გათვალისწინებით და მეუღლეების თანხმობით ახორციელებს ახალშექმნილი ოჯახის მხარდაჭერას შესაბამისი საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში. აღნიშნული სერვისის განხორციელების მიზნით ბავშვის ფსიქოლოგი ბავშვისა და ოჯახის სოციალურ მუშაკთან ერთად, გარკვეული პერიოდულობით ახდენს ბენეფიციარის ოჯახში ვიზიტს.
მუხლი 13🔗.
ბავშვის ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტი
1. ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტი არის განყოფილების საჯარო მოსამსახურე, რომელიც მონაწილეობს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოების ფარგლებში ინტერდისციპლინური განხილვის პროცესში.
2. ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტი ადგენს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს განსახორციელეებლი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებების შესახებ.
3. ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტი, საფრთხის პრევენციისა და ადრეული დახმარების პრინციპის გათვალისწინებით და ოჯახის თანხმობით ახორციელებს ოჯახის მხარდაჭერას შესაბამისი საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში, ქალის ორსულობის პერიოდში და მშობიარობიდან 1 წლის განმავლობაში. აღნიშნული სერვისის განხორციელების მიზნით ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტი ბავშვისა და ოჯახის სოციალურ მუშაკთან ერთად, გარკვეული პერიოდულობით ახდენს ბენეფიციარის ოჯახში ვიზიტს.
მუხლი 14🔗.
სამართლებრივი დახმარების სპეციალისტი
1. სამართლებრივი დახმარების სპეციალისტი (შემდგომში - იურისტი) არის განყოფილების საჯარო მოსამსახურე, რომელიც მონაწილეობს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოების ფარგლებში ინტერდისციპლინური განხილვის პროცესში.
2. იურისტის ფუნქციებია:
ა) განყოფილების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ბ) განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოების ორგანიზება და სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
გ) ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმის სამართლებრივი ექსპერტიზა;
დ) ბავშვის/ოჯახის სამართლებრივი კონსულტირება.
მუხლი 15🔗.
ბავშვის დაცვის ინსპექტორი
1. ბავშვის დაცვის ინსპექტორი (შემდგომში - ინსპექტორი) არის შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურე, რომელიც ობიექტურობის, მიუკერძოებლობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და კანონიერების პრინციპებზე დაყრდნობით ზედამხედველობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვთა დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესრულებას.
2. ინსპექტორის უფლებამოსილებებია:
ა) საჯარო სივრცეში ბავშვის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობა;
ბ) საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით ბავშვის ჯგუფური ტრანსპორტირების წესების და ბავშვზე მეთვალყურეობის განმახორციელებელი პირების (ღონისძიების ორგანიზატორი) მიერ საკუთარი ვალდებულებების დაცვაზე ზედამხედველობა;
გ) ბავშვისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის შემცველი ბეჭდური მედიის გავრცელების წესების დაცვაზე ზედამხედველობა;
დ) საჯარო კინოჩვენებებზე და ღამის კლუბებში ბავშვის დაშვების წესების დაცვაზე ზედამხედველობა;
ე) ჩაწერილ ფილმებზე ხელმისაწვდომობის სამართლებრივ შეზღუდვების დაცვაზე ზედამხედველობა;
ვ) ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური და სხვა თრობის საშუალებების, ალკოჰოლის შემცველი სასმელის, თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი ნაწარმის ან კაფსულების ბავშვისათვის უსასყიდლო ან სასყიდლიანი მიწოდების აკრძალვის წესების დაცვაზე ზედამხედველობა.
2. ინსპექტორი სამართალდარღვევის თავიდან აცილების მიზნით ახორციელებს შესაბამის ზედამედველობას განყოფილების უფროსის მიერ განსაზღვრული გეგმიური შემოწმების ფარგლებში ან არაგეგმიურ შემოწმებას - შემოსული შეტყობინების საფუძველზე. სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ინსპექტორი ადგენს სამართალდარღვევის ოქმს და წარუდგენს განყოფილების ხელმძღვანელს შემდგომი რეაგირებისათვის.
3. ინსპექტორი პრევენციულ და შესაბამისი რეაგირების ღონისძიებებს ახორციელებს ,,ბავშვის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის საფუძველზე“, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“ მე-18 მუხლის საფუძველზე შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
თავი V
ბავშვისა და ოჯახის საჭიროებათა და ზიანის რისკის შეფასების სისტემა და
სამართლებრივი ინსტრუმენტები
მუხლი 16🔗.
საჭიროებათა და ზიანის რისკის შეფასება
1. ბავშვისა და ოჯახის საჭიროებათა და ზიანის რისკის განსაზღვრა ეფუძნება ბავშვის ბიო-ფსიქო-სოციალური განვითარების საჭიროებების შესწავლას (შეფასებას) და იმ რისკების იდენტიფიცირებას, რომლებიც საფრთხეს უქმნიან (ან შეუძლიათ შეუქმნან) ბავშვის ჯანსაღ ფუნქციონირებას (ან განვითარებას) და ზიანს აყენებენ ბავშვის კეთილდღეობას.
2. საჭიროებათა და ზიანის რისკის განსაზღვრის მიზანია ზიანის რისკის თავიდან აცილება ან, ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში, მისი ეფექტიანად მართვა.
3. ამ თავის მიზნებისთვის ზიანის რისკი არის ინდივიადუალური ბავშვისათვის მოსალოდნელი ის უარყოფითი შედეგები, რომელიც დადგება თუ არ განხორციელდება მხარდაჭერის ღონისძიებები ბავშვის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
4. ბავშვისა და ოჯახის საჭიროებათა და ზიანის რისკის შეფასება გულისხმობს მასზე და მის უშუალო გარემოზე ამომწურავი ინფორმაციის მოგროვებას, მათ შორის, ბავშვის განვითარების მახასიათებლებსა და თავისებურებებზე, ბავშვის/ოჯახის ურთიერთობებსა და მიმართებებზე უშუალო გარემოსთან, ბავშვის/ოჯახის/გარემოს ძლიერ მხარეებსა და რესურსებზე.
5. შეფასების პროცესი მოიცავს ინფორმაციის განსხვავებული წყაროებისგან მოპოვებას და შეჯერებას, მის გადამუშავებას და კრიტიკულად გააზრებას, გარემო და ოჯახური ფაქტორების გავლენის განსაზღვრას ბავშვის კეთილდღეობაზე და იმის გაანალიზებას, თუ ბავშვი რა ზიანის რისკის წინაშე დგას და რა ტიპის მომსახურებები ესაჭიროება მას იმისათვის, რომ მის ჯანმრთელობას, განვითარებას და კეთილდღეობას საფრთხე არ შეექმნას.
მუხლი 17🔗.
შეფასების სისტემა
1. ბავშვისა და ოჯახის საჭიროებათა და ზიანის რისკის შეფასების სისტემა არის ოთხდონიანი:
ა) ნულოვანი საჭიროება და ზიანის რისკი (პირველი დონე);
ბ) საწყისი/ცალკეული საჭიროება/ები და ზიანის მსუბუქი რისკი (მეორე დონე);
გ) მრავალმხრივი კომპლექსური საჭიროებები და ზიანის გამოხატული რისკი (მესამე დონე);
დ) გადაუდებელი საჭიროება/ები და ზიანის მწავავე რისკი ()მეოთხე დონე).
2. ნულოვანი საჭიროება და ზიანის რისკი სახეზეა, როდესაც ბავშვის განვითარების საჭიროებები დაკმაყოფილებულია მშობლებისა და მზრუნველების მიერ და იმ სახელმწიფოს (თვითმმართელობის) საყოველთაო სერვისებით რაც ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის. ბავშვს არ აქვს სხვა დამატებითი საჭიროებები, მისი მშობლები და მზრუნველები თანმიმდევრულად და სათანადოდ ზრუნავენ მასზე და ზიანის რისკი არ იკვეთება.
3. საწყისი/ცალკეული საჭიროება/ები და ზიანის მსუბუქი რისკი სახეზეა, როდესაც მშობლებისა და მზრუნველების მიერ საკუთარი ვალდებულებების შესრულება და სახელმწიფოს (თვითმმართელობის) საყოველთაო სერვისები არ არის საკმარისი და იკვეთება ბავშვის ერთი ან რამდენიმე საწყისი საჭიროება ან საფრთხის პირველადი ნიშნები.
4. მრავალმხრივი კომპლექსური საჭიროებები და ზიანის გამოხატული რისკი სახეზეა, როდესაც ბავშვს ესაჭიროება სპეციალური მომსახურებები მისი კეთილდღეობის, ჯანმრთელობისა თუ განვითარების დამაკმაყოფილებელი დონის შესანარჩუნებლად ან კეთილდღეობის, ჯანმრთელობისა თუ განვითარების სერიოზული შეფერხების ან ზიანის თავიდან ასაცილებლად.
5. გადაუდებელი საჭიროება/ები და ზიანის მწავავე რისკი სახეზეა, როდესაც ბავშვზე ზრუნვისა და დაცვის საჭიროებები უგულველყოფილია, მას აქვს სერიოზული ან/და კომპლექსური ჯანმრთელობის პრობლემები, ან/და არის ძალადობის მსხვერპლი/ძალადობის რისკის ქვეშ, ან განეკუთვნება კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების ჯგუფს.
მუხლი 18🔗.
საჭიროებათა და ზიანის შეფასების ინსტრუმენტები
1. ბავშვისა და ოჯახის საჭიროებათა და ზიანის რისკის შეფასება ხდება ორეტაპიანი პროცედურის საფუძელზე.
2. ადმინისტრაციული წარმოების პირველ ეტაპზე ხდება მონაცემების შეგროვება და ბავშვისა და ოჯახის მოწყვლადობის (დაუცველობის) ძირითადი ფაქტორების დადგენა, აგრეთვე, შემდგომი შეფასების (პირველადი თუ ჩაღრმავებული შეფასება) საჭიროებების განსაზღვრა (სკრინინგი).
3. საფრთხის პირველადი შეფასების საფუძველზე დგინდება საფრთხის ხასიათი, ღონისძიების განხორციელების საჭიროება და სახე (სტანდარტული თუ გადაუდებელი) ან ჩაღრმავებული (მეორადი) შეფასების საჭიროება.
4. თუ კი საფრთხის პირველადი შეფასება არ იძლევა სრულყოფილი დასკვნის შესაძლებლობას, ხორციელდება ჩაღრმავებული (მეორადი) შეფასება, შესაბამისი მოწვეული სპეციალისტის (სპეციალისტების) ჩართულობით.
5. ბავშვისათვის საფრთხის შემცველი ფაქტორების შეფასება ხდება შეფასების საერთო ჩარჩოს საფუძველზე. შეფასება ხდება, სულ მცირე, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
ა) შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეს ბავშვს საცხოვრებელი ან სოციალური გარემოს ფაქტორების გათვალისწინებით;
ბ) საფრთხის ხასიათი, შესაბამისად, ზიანის მოცულობა;
გ) ზიანის დადგომის ალბათობის ხარისხი;
დ) მშობლების/მეურვის უნარი, თავიდან აიცილოს საფრთხე.
მუხლი 19🔗.
სკრინინგი
1. სკრინინგის მიზანია დაადგინოს შეფასების საჭიროება და ბავშვის კეთილდღეობის საჭიროებათა და ზიანის რისკის საწყისი დონე, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება შესაბამისი რეაგირების ფორმა (სტანდარტული თუ გადაუდებელი). სკრინინგი ემსახურება ყველა იმ ბავშვის გამოვლენას, რომელთა ზიანის რისკი სცდება ნულოვან დონეს.
2. სკრინინგი ხორციელდება შესაბამისი წინასწარ დადგენილი ინტრუმენტის საფუძველზე, რომელიც მოიცავს მკაფიოდ ჩამოყალიბებულ ბავშვისა და ოჯახის მოწყვლადობის (დაუცველობის) ძირითად ფაქტორებს .
3. ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი მიერ დასკვნის გაკეთების საფუძველი ხდება ბავშვის ქცევა, საცხოვრებელი გარემო, მშობლების დამოკიდებულება ბავშვისადმი, მიმდინარე ნეგატიური მოვლენები და სოციალური გარემო. ასევე, გათვალისწინებული უნდა იქნას ბავშვის ქრონიკული ავადმყოფობა და შეზღუდული შესაძლებლობები, ბავშვის აღზრდაზე პასუხისმგებელი პირის შესაძლებლობები, მზაობა და მოტივაცია მიიღოს შეთავაზებული დახმარება.
მუხლი 20🔗.
პირველადი შეფასება
1. პირველადი შეფასება გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა ადრეული დახმარების საჭიროება (სკრინინგის შედეგად გამოიკვეთა საწყისი საჭიროება და ზიანის მსუბუქი რისკი - მეორე დონე).
2. პირველადი შეფასების მიზანია ბავშვისა და მისი ოჯახის ზოგადი ფუნქციონირების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი შემჭიდროებულ ვადებში.
3. პირველადი შეფასების ინსტრუმენტში მოცემულია მოწყვლადობის ფაქტორები, რომლებიც ბავშვის, ოჯახისა და თემის მახასიათებლებს ითვალისწინებს, რადგან ბავშვის კეთილდღეობის განხილვა მისი ოჯახისა და თემისგან განცალკევებით არ ხდება. შეფასების ამ ინსტრუმენტში აქცენტი გაკეთებულია კეთილდღეობის მისაღწევად ძირითადი საბაზისო საჭიროებების გამოკვეთა-გაანალიზებაზე.
მუხლი 21🔗.
ჩაღრმავებული შეფასება
1. ჩაღრმავებული შეფასების მიზანია ბავშვისა და მისი ოჯახის ფუნქციონირების სიღრმისეული ანალიზი. ეს შეფასება მოიცავს ფაქტორებს, რომლებიც სამ ძირითად ჯგუფში ერთიანდება:
ა) ბავშვის განვითარების საჭიროებები;
ბ)მშობლების/მზრუნველების შესაძლებლობები და უნარები დააკმაყოფილონ ბავშვის საჭიროებები;
გ) გარემო ფაქტორები, რომლებიც ოჯახის ცხოვრების ხარისხზე ახდენენ გავლენას.
2. ჩაღრმავებული შეფასება ბიო-ფსიქო-სოციალურ მიდგომას ეყრდნობა. ბიო-ფსიქო-სოციალური შეფასება გულისხმობს იმ ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორების შეფასებას, რომლებიც გავლენას ახდენენ ერთმანეთზე და განსაზღვრავენ ბავშვისა და ოჯახის ფუნქციონირების ხარისხს.
3. ჩაღრმავებული შეფასება სხვადასხვა წყაროსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე აანალიზებს და გამოყოფს რესურსებს/ძლიერ მხარეებს (დამცავი ფაქტორები), სირთულეებს (რისკ ფაქტორები) და საჭიროებებს. სახელდობრ, ამ ტიპის შეფასება, ადგენს იმას, თუ რა იწვევს ამ თუ იმ სირთულეს და რა ცვლილებები უნდა მოხდეს ბენეფიციარში ან/და მის გარემოში მათ აღმოსაფხვრელად ან შესამცირებლად, ან ზიანის სამართვად და სირთულეებთან გასამკლავებლად. შეფასების პროცესში ინფორმაციის მოპოვების მეთოდებია: ინტერვიუ, დაკვირვება და დოკუმენტაციის ანალიზი.
4. ჩაღრმავებული შეფასების პროცესში ხაზგასასმელია ბავშვისა და მისი ოჯახის ძლიერ მხარეებზე ორიენტაცია, რათა მათზე დაყრნდობით მოხდეს სირთულეების დაძლევა. ჩაღრმავებული შეფასება არის როგორც მეთოდი, ასევე პროცესი. ეფექტიანად წარმართული შეფასების შედეგია როგორც ანალიტიკური დასკვნა, ასევე, შემფასებელსა და ბავშვს/ოჯახის შორის ნდობისა და თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბება.
მუხლი 22🔗.
შეფასების საერთო ჩარჩო
1. შეფასების საერთო ჩარჩო წარმოადგენს ბავშვებისა და ოჯახებისთვის მომსახურებათა/დახმარებათა მიმწოდებელი ყველა უწყების მიერ შეთანხმებულ და გაზიარებულ ბავშვისა და ოჯახის შეფასების ჩარჩოს. შეფასების საერთო ჩარჩო ემსახურება ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების ადრეულ დადგენას და უწყებათა მიერ კოორდინირებულ მომსახურებათა მიწოდებას.
2. შეფასების საერთო ჩარჩო ბავშვისა და ოჯახის შეფასების საკვანძო ასპექტებს განსაზღვრავს და შეფასების ერთიან სქემას გვთავაზობს. შეფასების ყველა ინსტრუმენტი (სკრინინგი, პირველადი შეფასების ინსტრუმენტი, ჩაღრმავებული შეფასები ინსტრუმენტი) შეფასების საერთო ჩარჩოს ეფუძნება და მასში წარმოდგენილ ასპექტებს/სფეროებს მოიცავს.
მუხლი 23🔗.
საქმის გარემოებათა გამოკვლევა
1. ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იკვლევს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს და 5 სამუშაო დღის ვადაში ამზადებს ამ დებულების მე-19 მუხლით გათვალისწინებულ სკრინინგის დოკუმენტს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ზიანის რისკისა და შესაბამისი რეაგირების ღონისძიების შესახებ. სკრინინგის საფუძველზე შესაძლებელია განსაზღვროს:
ა) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიება,
ბ) პირველადი შეფასების საჭიროება
გ) საკითხის რეფერირება უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში (ამ დებულების მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში).
2. თუ კი სკრინინგის საფუძველზე დადგინდა პირველადი შეფასების საჭიროება, ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი 10 სამუშაო დღის ვადაში ამზადებს ამ დებულების მე-20 მუხლით გათვალისწინებულ პირველადი შეფასების დოკუნეტს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ და უგზავნის მას დაწესებულების ხელმძღვანელს.
3. თუ კი სკრინინგის ან პირველადი შეფასების დოკუმენტით დადგინდა ამ დებულების მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები, საქმის რეფერირება ხდება შესაბამის უფლებამოსილ ორგანოში, რომელიც საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ატარებს პირველად შეფასებას ან/და ჩაღრმავებულ შეფასებას და ადგენს ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმას.
4. საქმის გარემოებათა გამოკვლევაში ამ დებულების 24-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების საფუძველზე ჩართული სტრუქტურული ერთეული/ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ჩაატაროს საქმის ჩაღრმავებული შეფასება, რომლის შედეგებიც მუნიციპალიტეტის ბავშვისა და სოციალური მუშაკის მიმართ იძენს გასათვალისწინებლად სავალდებულო ძალას.
მუხლი 24🔗.
სამოქმედო გეგმის შემუშავება
1. სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი გულისხმობს შეფასებისას გამოკვეთილი საჭიროებების პრიორიტიზაციას და გეგმაში ჩართვას. სამოქმედო გეგმაში ნათლად გაიწერება ბენეფიციართან თანამშრომლობის მიზანი, ამოცანები, მეთოდები, ვადები და პასუხისმგებელი პირები.
2. სამოქმედო გეგმის ინტერდისციპლინური განხილვის საფუძელზე შემუშავება გულისხმობს ადმინისტრაციულ წარმოებაში განყოფილების ბავშვის ფსიქოლოგის, ჯანდაცვის სპეციალისტის და იურისტის ჩართვას საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით განსაზღვრული მიზანშეწონილობის საფუძველზე.
3. სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მიზნები და ამოცანები უნდა იყოს კონკრეტული, გაზომვადი, მიღწევადი, რეალისტური და დროში განსაზღვრული. სამოქმედო გეგმის მიზნები და ამოცანები, უპირველეს ყოვლისა, იმ სირთულის დაძლევას უნდა ემსახურებოდეს, რის გამოც დაიწყო ბავშვთან და მის ოჯახთან მუშაობა და ბავშვის/ოჯახის კეთილდღეობას უნდა ისახავდეს მიზნად.
4. თუ კი სკრინინგის ან პირველადი შეფასების საფუძველზე დადგინდა, რომ ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის ღონისძიება არის მუნიციპალიტეტის საკუთარი ან დელეგირებული პროგრამების ფარგლებში განსახორციელებელი, ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი მხარდაჭერის გეგმის შემუშავების მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბამს პროგრამის განხორციელებეაზე უფლებამოსილ მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულს.
5. თუ კი სკრინინგის ან პირველადი შეფასების საფუძველზე დადგინდა, რომ განსახორციელებელი ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის ღონისძიება არის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში განსახორციელებელი და არ არის ამ დებულების 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი მხარდაჭერის გეგმის შემუშავების მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბამს პროგრამის განხორციელებაზე უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს.
6. სამოქმედო გეგმა უნდა შემუშავდეს ბავშვისა და ოჯახის მაქსიმალური ჩართულობითა ინფორმირებული თანხმობით, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.
7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება საქმის წარმოების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით.
8. გეგმაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია ბენეფიციარის ასაკის და მისი განვითარების გათვალისწინებით, გეგმის განხორციელებაში მონაწილე პირების თანხმობით, დადგენილ ვადაში.
9. თუ ბენეფიციარი არ ეთანხმება გეგმას ან გეგმის ნაწილს, ბავშვისა და ოჯახის სოციალურ მუშაკს უფლება აქვს, მისი ნების საწინააღმდეგოდ დაამტკიცოს გეგმა ან გეგმის ნაწილი, თუკი სხვაგვარად საფრთხე შეექმნება ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესს.
10. ამ მუხლის დებულებები არ ვრცელდება კრიზისული ინტერვენციის შემთხვევაზე. საფრთხის შეწყვეტის შემდეგ ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, შეადგინოს სამოქმედო გეგმა.
თავი VI
სამსახურის მართვა, სამსახურის მოხელეები და მათი უფლება-მოვალეობები
მუხლი 25🔗.
სამსახურის მართვა
1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ამ დებულებით და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
2. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
3. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულების 27-ე მუხლით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
4. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით და ამ დებულებით, ხოლო განყოფილების მოხელეების ფუნქციები შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით.
5. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება და კარიერული განვითარება ხდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 26🔗.
სამსახურის უფროსი
1. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;
ბ) ანაწილებს დავალებებს სამსახურის განყოფილებებსა და მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და მერის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
გ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
დ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;
ზ) სამსახურის საქმიანობის ორგანიზების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში და მერიის დებულების საფუძველზე, მერის მხრიდან ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირების შემთხვევაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;
თ) იბარებს და აფასებს სტრუქტურული ქვედანაყოფის და მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ი) უზრუნველყოფს მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას;
კ) უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვას;
ლ) ინახავს და არსებული წესების შესაბამისად იყენებს სამსახურის ბეჭედს;
მ) ასრულებს ამ დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციებით განსაზღვრულ ფუნქციებს.
2. ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
მუხლი 27🔗.
სამსახურის განყოფილების უფროსი
1. სამსახურის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. განყოფილების უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
გ) სამსახურის უფროსს წარუდგენს განყოფილების სამუშაო გეგმის პროექტს;
დ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
ე) იღებს და აფასებს განყოფილების მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ვ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ;
ზ) უზრუნველყოფს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შინაგანაწესისა და დისციპლინის დაცვას;
თ) დადგენილი წესით აფასებს მოსამსახურეთა საქმიანობას;
ი) ხელს აწერს ან ვიზას ადებს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს;
კ) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა კარიერული განვითარების, წახალისების ან საჯარო მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;
ლ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია მერის და სამსახურის უფროსის წინაშე.
მუხლი 28🔗.
სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები
სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ:
ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის თაობაზე;
ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ) ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისთვის საჭირო პირობებით უზრუნველყოფის შესახებ;
ე) ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებით და გარანტიებით.
მუხლი 29🔗.
სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ვალდებულებები
სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:
ა) სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებული არიან შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით, მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებითა და მერის დავალებით განსაზღვრული ვალდებულებანი.
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელის დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
დ) იმუშაონ საკუთარი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად;
ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკას, ინვენტარს და სხვა ქონებას.
თავი VII
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 30🔗.
სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა
1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. სამსახურის დებულებაში ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სამსახურის რეორგანიზაცია ხორციელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.