„სახელმწიფო პროგრამის − თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“ დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 03.12.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №728
სარეგისტრაციო კოდი 240140000.10.003.022450
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/12/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.12.2020 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია | პრემიერ - მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„თანადაფინანსების მექანიზმი მცირე და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის შემუშავებული მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ „სახელმწიფო პროგრამის − სუბსიდირების მექანიზმი სპორტული ობიექტებისა და საბავშვო ბაღების ხელშეწყობისთვის“ დამტკიცების თაობაზე „საქართველოს, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (განრიგი 4-ის მიზნებისათვის) შორის სასესხო შეთანხმება (რეგიონალური განვითარების მეორე პროექტის დამატებითი დაფინანსება)“ სახელმწიფო პროგრამის − უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„სახელმწიფო პროგრამის − თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“ დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №728
2020 წლის 3 დეკემბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო პროგრამის − თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“ დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1🔗
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური საფრთხეების თავიდან არიდების მიზნით, დამტკიცდეს თანდართული „სახელმწიფო პროგრამა − თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აწარმოე საქართველოში, კომპეტენციის შესაბამისად, უზრუნველყოს ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია
სახელმწიფო პროგრამა − თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის
ზოგადი ნაწილი
მუხლი 1🔗. ტერმინთა განმარტება
პროგრამის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პროგრამა − სახელმწიფო პროგრამა − თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის;
ბ) სამინისტრო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
გ) სააგენტო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – აწარმოე საქართველოში;
დ) მეწარმე სუბიექტი – ამ პროგრამის მიზნებისათვის, პროგრამაში ჩართვის მსურველი, მიმართვის წარდგენის მომენტისათვის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის, აგრეთვე სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისა), რომელიც საქმიანობას ახორციელებს სარესტორნო ინდუსტრიის ფარგლებში და კომერციულ ბანკთან/ლიზინგის გამცემთან გაფორმებული აქვს სესხის/ლიზინგის ხელშეკრულება და საბანკო მიმართვის/სალიზინგო მიმართვის წარდგენის მომენტისათვის არ გააჩნია სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება ან/და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;
ე) პროგრამის ბენეფიციარი – მეწარმე სუბიექტი, რომელმაც მიიღო პროგრამით განსაზღვრული ხელშეწყობა ამ პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად;
ვ) კომერციული ბანკი − „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომერციული ბანკი, რომელთანაც ამ პროგრამის ფარგლებში სააგენტოს გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება;
ზ) ლიზინგის გამცემი − საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მეწარმე სუბიექტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, ლიზინგით გასცემს ლიზინგის საგანს (ახორციელებს სალიზინგო პროექტს) და რომელთანაც ამ პროგრამის ფარგლებში სააგენტოს გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება;
თ) რესტორანი – მეწარმე სუბიექტის საკუთრებაში ან დროებით სარგებლობაში არსებული კაპიტალური/მოძრავი შენობა/კონსტრუქცია ან/და შენობა-ნაგებობათა/კონსტრუქციათა ერთობლიობა, თავისი ინფრასტრუქტურითა და უშუალო მოხმარებისათვის მზა საკვებისა და სასმლის მიწოდებით, როგორც ტრადიციულ რესტორნებში, ისე თვითმომსახურებისა და სწრაფი კვების ობიექტებში, ასევე არამოტორიზებულ ურიკებში, დასაჯდომი ადგილების უზრუნველყოფით ან მათ გარეშე (აღნიშნული ჯგუფი მოიცავს რესტორნებს, კაფეტერიებს, სწრაფი კვების რესტორნებს, ბარებს, ლუდის ბარებს, ტავერნებს, კოქტეილ-ბარებს, ყავის/ჩაის სახლებს და ა. შ.);
ი) სესხი − კომერციულ ბანკში არსებული მეწარმე სუბიექტის სესხი, რომლის მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად ირკვევა, რომ სესხის სრული ოდენობის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია რესტორნისთვის საჭირო ძირითადი საშუალების შეძენის მიზნობრიობით;
კ) ძირითადი საშუალება − მატერიალური ან/და არამატერიალური აქტივი (გარდა გუდვილისა), რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოებისთვის, საქონლის მიწოდებისთვის/მომსახურების გაწევისთვის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისთვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია;
ლ) სალიზინგო პროექტი − ლიზინგის გამცემსა და მეწარმე სუბიექტს შორის სარესტორნო ინდუსტრიის ფარგლებში შეთანხმებული პროექტი, რომელიც ითვალისწინებს დადგენილი პერიოდულობით გადასახდელი საზღაურის (ლიზინგის საგნის ღირებულება და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი) სანაცვლოდ ლიზინგის გამცემის მიერ მეწარმე სუბიექტზე ლიზინგის საგნის გაცემას, ამ საგნის შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე;
მ) ლიზინგის საგანი − ლიზინგის გამცემის მიერ მეწარმე სუბიექტზე ლიზინგით გაცემული მოძრავი ნივთი, მეწარმე სუბიექტის ბიზნესგეგმის შესაბამისად განსაზღვრული რესტორნისთვის საჭირო ძირითადი საშუალება, რომელსაც პირი იყენებს საკვების ან/და სასმლის წარმოებისთვის, საქონლის მიწოდებისთვის/მომსახურების გაწევისთვის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისთვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია;
ნ) ლიზინგის საგნის ღირებულება − ლიზინგით გაცემული ქონების საწყისი ღირებულება, დღგ-ის გარეშე და დამატებითი მომსახურების ღირებულება (ლიზინგის გამცემის ან მისი დაკვეთით მესამე პირის მიერ ლიზინგის საგანთან დაკავშირებით გაწეული ტრანსპორტირების, მართვის, დაზღვევის, საგარანტიო მომსახურების, რემონტისა და სხვა მსგავსი მომსახურების ღირებულება), ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომელსაც შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ერიცხება წლიური საპროცენტო განაკვეთი;
ო) ხაზინა − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სახაზინო სამსახური;
პ) საბანკო მიმართვა − კომერციულ ბანკსა და სააგენტოს შორის ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებული ფორმით მეწარმე სუბიექტის მიერ კომერციულ ბანკში დაფიქსირებული განცხადება პროგრამაში ჩართვის თაობაზე, რომელიც, მათ შორის და არა მხოლოდ, უნდა მოიცავდეს ამ პროგრამის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ინფორმაციას და რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს 2020 წლის 4 დეკემბრიდან 2020 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში;
ჟ) სალიზინგო მიმართვა − ლიზინგის გამცემსა და სააგენტოს შორის ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებული ფორმით მეწარმე სუბიექტის მიერ ლიზინგის გამცემთან დაფიქსირებული განცხადება პროგრამაში ჩართვის თაობაზე, რომელიც, მათ შორის და არა მხოლოდ, უნდა მოიცავდეს ამ პროგრამის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ინფორმაციას და რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს 2020 წლის 4 დეკემბრიდან 2020 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში;
რ) საბანკო განაცხადი − კომერციულ ბანკსა და სააგენტოს შორის ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებული ფორმით კომერციული ბანკის მიერ სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტი, რომელიც, მათ შორის და არა მხოლოდ, უნდა მოიცავდეს ამ პროგრამის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ინფორმაციას;
ს) სალიზინგო განაცხადი − ლიზინგის გამცემსა და სააგენტოს შორის ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებული ფორმით ლიზინგის გამცემის მიერ სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტი, რომელიც, მათ შორის და არა მხოლოდ, უნდა მოიცავდეს ამ პროგრამის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ინფორმაციას;
ტ) თანადაფინანსების მექანიზმის თანხა − პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ კომერციული ბანკისათვის/ლიზინგის გამცემისათვის მის მიერ გაცემული სესხებისათვის/სალიზინგო პროექტებისათვის გადასარიცხი თანადაფინანსების თანხ(ებ)ის ჯამური ოდენობა;
უ) თანადაფინანსების თანხა − პროგრამით განსაზღვრული წესით მეწარმე სუბიექტისათვის ჩასარიცხი/ჩარიცხული თანხა, რომელიც დათვლილია 2020 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით არსებული, მისი სესხის ძირის ნაშთზე/ლიზინგის საგნის ღირებულების ნაშთზე მომდევნო 6 თვის მანძილზე დარიცხული/დასარიცხი საპროცენტო სარგებლის (80%-ის − ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის/სალიზინგო პროექტის შემთხვევაში, ხოლო 70%-ის − უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხის/სალიზინგო პროექტის შემთხვევაში) ჯამური ოდენობის შესაბამისად 1 დეკემბრის მდგომარეობით იმავე სესხზე/სალიზინგო პროექტზე არსებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით;
ფ) ხელშეკრულება − სააგენტოსა და კომერციულ ბანკს/ლიზინგის გამცემს შორის ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულება;
ქ) სესხის რეფინანსირება/რესტრუქტურიზება − მეწარმე სუბიექტის მიერ სესხის მთლიანი ან ნაწილობრივი დაფარვა/გადაფარვა/გაზრდა იმავე ან სხვა კომერციული ბანკისგან მიღებული რეფინანსირების/რესტრუქტურიზების სესხით, რომლითაც დაფარულია/გადაფარულია/გაზრდილია მეწარმე სუბიექტის/მისი დამფუძნებლის ის სესხ(ებ)ი, რომლის მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად ირკვევა, რომ რეფინანსირების/რესტრუქტურიზების სესხის სრული ოდენობის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია რესტორნისათვის საჭირო ძირითადი საშუალების შეძენის მიზნობრიობით;
ღ) სალიზინგო პროექტის რეფინანსირება − მეწარმე სუბიექტის მიერ მიმდინარე სალიზინგო პროექტის მთლიანი ან ნაწილობრივი დაფარვა/გადაფარვა იმავე ან სხვა ლიზინგის გამცემისგან მიღებული ახალი სალიზინგო პროექტით;
ყ) სალიზინგო პროექტის რეფინანსირება კომერციულ ბანკში − მეწარმე სუბიექტის მიერ მიმდინარე სალიზინგო პროექტის მთლიანი ან ნაწილობრივი დაფარვა/გადაფარვა კომერციული ბანკისგან მიღებული სესხით;
შ) შემოსავალი – „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული შემოსავალი;
ჩ) უკულიზინგი − სალიზინგო პროექტი, რომლის ფარგლებში ლიზინგის საგნის მიმწოდებელი და ლიზინგის საგნის მიმღები ერთი და იგივე პირია.
მუხლი 2🔗. პროგრამის მიზანი და აღწერა
1. „სახელმწიფო პროგრამის − თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“ (შემდგომში − პროგრამა) მიზანია, ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეებიდან გამომდინარე, სარესტორნო ინდუსტრიის სფეროში მოქმედი იმ მეწარმე სუბიექტების მიერ კომერციულ ბანკში/ლიზინგის გამცემთან აღებული სესხების/შეთანხმებული სალიზინგო პროექტების სუბსიდირება, რომელთაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეეზღუდათ ოპერირების შესაძლებლობა და, შესაბამისად, შეუმცირდათ ოპერირებიდან მიღებული შემოსავალი.
2. პროგრამა მოიცავს ორ კომპონენტს: სესხის თანადაფინანსების კომპონენტი და სალიზინგო პროექტის თანადაფინანსების კომპონენტი.
3. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარი უფლებამოსილია, ისარგებლოს როგორც ორივე კომპონენტით ერთდროულად, ისე ცალ-ცალკე.
4. სააგენტოსა და კომერციულ ბანკს/ლიზინგის გამცემს შორის, პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.
5. პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, სააგენტო უფლებამოსილია, თანადაფინანსების მექანიზმთან დაკავშირებით დაადგინოს დამატებითი პირობები კომერციული ბანკისათვის/ლიზინგის გამცემისათვის მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით.
მუხლი 3🔗. პროგრამის კოორდინაცია და მონიტორინგი
1. პროგრამის კოორდინაციას ახორციელებს სამინისტრო, რომელიც ასევე უზრუნველყოფს სააგენტოს მიერ ამ პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების ზედამხედველობას.
2. პროგრამის მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო.
3. კომერციული ბანკის/ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის არამიზნობრივი განხორციელების აღმოჩენის შემთხვევაში ან/და პროგრამით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, სააგენტო იმოქმედებს ამ პროგრამით, მოქმედი კანონმდებლობითა და პროგრამის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
მუხლი 4🔗. თანადაფინანსების მექანიზმის შეწყვეტა
1. პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების მექანიზმი სააგენტოს მიერ წყდება ამ პროგრამით დადგენილი პირობებით, სააგენტოს, კომერციული ბანკისა/ლიზინგის გამცემისა და პროგრამის ბენეფიციარის მიერ ამავე პროგრამით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებით.
2. პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების მექანიზმი სააგენტოს მიერ შეიძლება, შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ პროგრამით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 5🔗. პროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება
1. პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტით სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნებები.
2. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შესაძლოა, დამატებით დაფინანსდეს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით.
მუხლი 6🔗. დამატებითი პირობები
1. ამ პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსების მექანიზმზე ხელმისაწვდომობის მიზნით, ამავე პროგრამით დადგენილი წესით, შესაბამისი საბანკო განაცხადის/სალიზინგო განაცხადის მიღების ვადა განისაზღვრება სააგენტოსა და კომერციულ ბანკს/ლიზინგის გამცემს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
2. ამ პროგრამის განხორციელებიდან გამომდინარე ნებისმიერი დავა განიხილება საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი I
სესხის თანადაფინანსების კომპონენტი
მუხლი 7🔗. სესხის თანადაფინანსების მექანიზმი
1. სესხის თანადაფინანსების მექანიზმი მოიცავს სააგენტოს მიერ, სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, 2020 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, მეწარმე სუბიექტის სესხის ძირის ნაშთზე მომდევნო 6 თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის (80%-ის − ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში, ხოლო 70%-ის − უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში) ჯამური ოდენობის თანადაფინანსებას, რომელიც დაითვლება ამ სესხზე 1 დეკემბრის მდგომარეობით არსებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით.
2. თანადაფინანსების თანხის გამოყენება შესაძლებელია როგორც აღნიშნული სესხის 2020 წლის 1 დეკემბრამდე წარმოშობილი ვალდებულებების, ასევე 2020 წლის 1 დეკემბრის შემდგომ გადასახდელი ვალდებულების (სესხის ძირისა და დარიცხული საპროცენტო სარგებლის) დასაფარად.
3. პროგრამით დადგენილი თანადაფინანსებით ვერ ისარგებლებს ის მეწარმე სუბიექტი, რომლის მიერ აღებული სესხი კომერციული ბანკის მიერ 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით პრობლემურ კატეგორიაში იყო კლასიფიცირებული, მხარეებს შორის შეთანხმებისა და ბანკის შიდა პროცედურების შესაბამისად.
4. პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება ის სესხი, რომელიც გაცემულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ამ დადგენილებით განსაზღვრული სარესტორნო ინდუსტრიის სფეროში და სააგენტოს მხრიდან ჯერ კიდევ არ არის დასრულებული ამ სესხზე თანადაფინანსების პერიოდი ან/და სააგენტოს მხრიდან არ არის სრულად გადარიცხული თანადაფინანსების თანხა.
მუხლი 8🔗. სესხის თანადაფინანსების მექანიზმის ბენეფიციარები
1. მეწარმე სუბიექტი პროგრამაში ჩართვის მომენტისათვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) კომერციული ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტზე სესხი გაცემული უნდა იყოს 2020 წლის 1 მარტამდე პერიოდში;
ბ) მეწარმე სუბიექტზე გაცემული სესხის მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტის/დოკუმენტების შესაბამისად უნდა ირკვეოდეს, რომ სესხის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია რესტორნისათვის საჭირო ძირითადი საშუალების შეძენის მიზნობრიობით. ამასთან, სესხის მიზნობრიობის დადგენა ან/და საეჭვოობისას მონიტორინგის განხორციელების შედეგად მიზნობრიობის დადასტურების ვალდებულება ეკისრება კომერციულ ბანკს;
გ) მეწარმე სუბიექტი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უნდა აკმაყოფილებდეს III ან IV კატეგორიის საწარმოსთვის დადგენილ მოთხოვნებს მხოლოდ საწარმოს შემოსავლის კომპონენტში.
2. პროგრამით გათვალისწინებული თანადაფინანსებით შესაძლოა, ისარგებლოს იმ მეწარმე სუბიექტმაც, რომლის მიმდინარე რეფინანსირების/რესტრუქტურიზების სესხით დაფარულია/გადაფარულია /გაზრდილია მეწარმე სუბიექტზე ან/და მის დამფუძნებელზე გაცემული კრედიტ(ებ)ი, რომელიც გაცემულია 2020 წლის 1 მარტამდე და 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არ არის კლასიფიცირებული პრობლემურ კატეგორიაში და რომლის მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტების შესაბამისად ირკვევა, რომ რეფინანსირების/რესტრუქტურიზების სესხის სრული ოდენობის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია რესტორნისათვის საჭირო ძირითადი საშუალების შეძენის მიზნობრიობით.
3. პროგრამით გათვალისწინებული თანადაფინანსებით შესაძლოა, ისარგებლოს იმ მეწარმე სუბიექტმაც, რომლის მიმდინარე სესხით დაფარულია/გადაფარულია მეწარმე სუბიექტის ან/და მისი დამფუძნებლის სალიზინგო პროექტები, რომელიც გაცემულია 2020 წლის 1 მარტამდე და 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით პრობლემურად არ არის მიჩნეული, მხარეებს შორის შეთანხმებისა და ლიზინგის გამცემის შიდა პროცედურების შესაბამისად.
მუხლი 9🔗. სესხის თანადაფინანსების მექანიზმის განხორციელების პროცესი და თანადაფინანსების მექანიზმის თანხის მართვა
1. პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მეწარმე სუბიექტი, სესხის თანადაფინანსების მექანიზმის ფარგლებში, კომერციულ ბანკში წარადგენს საბანკო მიმართვას.
2. მეწარმე სუბიექტის მიერ საბანკო მიმართვაში მისათითებელი ინფორმაცია:
ა) მეწარმე სუბიექტის სამართლებრივი ფორმა/სახელწოდება;
ბ) საკონტაქტო ტელეფონის ნომერი/ელექტრონული ფოსტის მისამართი;
გ) რესტორნის სახელწოდება;
დ) რესტორნის ფაქტობრივი მისამართი;
ე) რესტორნის საკადასტრო კოდი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ან/და მოვალეთა რეესტრში რეგისტრირების თაობაზე.
3. კომერციული ბანკი ამოწმებს მეწარმე სუბიექტის შესაბამისობას ამ პროგრამის მე-7 და მე-8 მუხლების მოთხოვნებთან და, დასახელებულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, სააგენტოს უგზავნის საბანკო განაცხადს.
4. კომერციული ბანკის მიერ სააგენტოში წარსადგენ საბანკო განაცხადში მისათითებელი ინფორმაცია:
ა) პროგრამის კრიტერიუმების შესაბამისი მეწარმე სუბიექტების დასახელება/საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ) დამტკიცებული სესხების მოცულობა;
გ) სესხის გაცემის თარიღი;
დ) სესხის მიზნობრიობის აღწერა;
ე) რესტორნის საკადასტრო კოდი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) 2020 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით არსებული სესხის ძირის ნაშთი, ამავე დღის მდგომარეობით არსებული საპროცენტო განაკვეთი და არსებული ძირის ნაშთზე მომდევნო 6 თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის (80%-ის − ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში, ხოლო 70%-ის − უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში) ჯამური ოდენობა.
5. კომერციული ბანკის მიერ სააგენტოში შესაბამისი საბანკო განაცხადის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სააგენტო ჩარიცხავს ინდივიდუალური ბანკისთვის განკუთვნილ თანადაფინანსების მექანიზმის თანხას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომერციულ ბანკში აღნიშნული მიზნით გახსნილ ანგარიშზე.
6. სააგენტოს მიერ აღნიშნულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემდეგ კომერციული ბანკი უზრუნველყოფს მეწარმე სუბიექტის სესხის ძირის ან/და დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას.
7. ბანკი ვალდებულია, სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია ანგარიშიდან განხორციელებული ჩამოჭრების, თანადაფინანსების მექანიზმის ბენეფიციარების ოდენობისა და ბანკსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრული მონაცემების შესახებ.
8. იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე სუბიექტის მიერ პროგრამაში ჩართვის მომენტისათვის გადახდილია 2020 წლის 1 დეკემბრიდან დაწყებული რომელიმე თვის/თვეების დარიცხული საპროცენტო სარგებელი ან/და სესხის ძირი, სააგენტოს მიერ გადახდილი თანადაფინანსების თანხები მოხმარდება სესხის მომდევნო თვეების გადასახდელი სესხის ძირის ან/და დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაფარვას.
9. კომერციული ბანკი ვალდებულია, საბანკო განაცხადში ფიქსირებული ბენეფიციარისათვის სესხის ძირისა და დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაფარვის შემდეგ, აღნიშნული ბენეფიციარისთვის გათვალისწინებული თანხის ანგარიშზე დარჩენის შემთხვევაში, რიცხული ნაშთი ჩარიცხოს ხაზინის ერთიან ანგარიშზე და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს.
თავი II
სალიზინგო პროექტის თანადაფინანსების კომპონენტი
მუხლი 10🔗. სალიზინგო პროექტის თანადაფინანსების მექანიზმი
1. სალიზინგო პროექტის თანადაფინანსების მექანიზმი მოიცავს სააგენტოს მიერ, სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, 2020 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, მეწარმე სუბიექტის ლიზინგის საგნის ღირებულების ნაშთზე მომდევნო 6 თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის (80%-ის − ეროვნულ ვალუტაში გაცემული სალიზინგო პროექტის შემთხვევაში, ხოლო 70%-ის − უცხოურ ვალუტაში გაცემული სალიზინგო პროექტის შემთხვევაში) ჯამური ოდენობის თანადაფინანსებას, რომელიც დაითვლება ამ სალიზინგო პროექტზე 1 დეკემბრის მდგომარეობით არსებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით.
2. თანადაფინანსების თანხის გამოყენება შესაძლებელია როგორც აღნიშნული სალიზინგო პროექტის 2020 წლის 1 დეკემბრამდე წარმოშობილი ვალდებულებების, ასევე 2020 წლის 1 დეკემბრის შემდგომ გადასახდელი ვალდებულების (ლიზინგის საგნის ღირებულებისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის) დასაფარად.
3. პროგრამით დადგენილი თანადაფინანსებით ვერ ისარგებლებს ის მეწარმე სუბიექტი, რომლის სალიზინგო პროექტი ლიზინგის გამცემის მიერ 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით პრობლემურად არის მიჩნეული, მხარეებს შორის შეთანხმებისა და ლიზინგის გამცემის შიდა პროცედურების შესაბამისად.
4. პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება ის სალიზინგო პროექტი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ამ დადგენილებით განსაზღვრული სარესტორნო ინდუსტრიის სფეროში და სააგენტოს მხრიდან ჯერ კიდევ არ არის დასრულებული ამ სალიზინგო პროექტის თანადაფინანსების პერიოდი ან/და სააგენტოს მხრიდან არ არის სრულად გადარიცხული თანადაფინანსების თანხა.
5. პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება ის სალიზინგო პროექტები, რომლებიც ხორციელდება უკულიზინგის წესით.
მუხლი 11🔗. სალიზინგო პროექტის თანადაფინანსების მექანიზმის ბენეფიციარები
1. მეწარმე სუბიექტი პროგრამაში ჩართვის მომენტისათვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) ლიზინგის გამცემის მიერ მეწარმე სუბიექტზე ლიზინგის საგანი გაცემული უნდა იყოს 2020 წლის 1 მარტამდე პერიოდში;
ბ) მეწარმე სუბიექტის მიერ წარდგენილი ბიზნესგეგმის შესაბამისად უნდა ირკვეოდეს, რომ სახეზეა სალიზინგო პროექტი;
გ) მეწარმე სუბიექტი, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უნდა აკმაყოფილებდეს III ან IV კატეგორიის საწარმოსთვის დადგენილ მოთხოვნებს მხოლოდ საწარმოს შემოსავლის კომპონენტში.
2. პროგრამით გათვალისწინებული თანადაფინანსებით შესაძლოა, ისარგებლოს იმ მეწარმე სუბიექტმაც, რომელმაც იმავე ან სხვა ლიზინგის გამცემისგან მიღებული ახალი სალიზინგო პროექტით მოახდინა მისი ან მისი დამფუძნებლის იმ სალიზინგო პროექტის დაფარვა/გადაფარვა, რომელიც გაცემულია 2020 წლის 1 მარტამდე და 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით პრობლემურად არ არის მიჩნეული მხარეებს შორის შეთანხმებისა და ლიზინგის გამცემის შიდა პროცედურების შესაბამისად.
მუხლი 12🔗. სალიზინგო პროექტის თანადაფინანსების მექანიზმის განხორციელების პროცესი და თანადაფინანსების მექანიზმის თანხის მართვა
1. პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მეწარმე სუბიექტი, სალიზინგო პროექტის თანადაფინანსების მექანიზმის ფარგლებში, ლიზინგის გამცემთან წარადგენს სალიზინგო მიმართვას.
2. მეწარმე სუბიექტის მიერ სალიზინგო მიმართვაში მისათითებელი ინფორმაცია:
ა) მეწარმე სუბიექტის სამართლებრივი ფორმა/სახელწოდება;
ბ) საკონტაქტო ტელეფონის ნომერი/ელექტრონული ფოსტის მისამართი;
გ) რესტორნის სახელწოდება;
დ) რესტორნის ფაქტობრივი მისამართი;
ე) რესტორნის საკადასტრო კოდი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ან/და მოვალეთა რეესტრში რეგისტრირების თაობაზე.
3. ლიზინგის გამცემი ამოწმებს მეწარმე სუბიექტის შესაბამისობას ამ პროგრამის მე-10 და მე-11 მუხლების მოთხოვნებთან და დასახელებულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, სააგენტოს უგზავნის სალიზინგო განაცხადს.
4. ლიზინგის გამცემის მიერ სააგენტოში წარსადგენ სალიზინგო განაცხადში მისათითებელი ინფორმაცია:
ა) პროგრამის კრიტერიუმების შესაბამისი მეწარმე სუბიექტების დასახელება/საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ) ლიზინგის საგნის ღირებულება;
გ) ლიზინგის საგნის გაცემის თარიღი;
დ) სალიზინგო პროექტის აღწერა;
ე) ლიზინგის საგნის აღწერა ბიზნესგეგმის შესაბამისად;
ვ) რესტორნის საკადასტრო კოდი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) 2020 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით არსებული ლიზინგის საგნის ღირებულების ნაშთი ამავე დღის მდგომარეობით არსებული საპროცენტო განაკვეთი და არსებული ლიზინგის საგნის ღირებულების ნაშთზე მომდევნო 6 თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის (80%-ის − ეროვნულ ვალუტაში გაცემული სალიზინგო პროექტის შემთხვევაში, ხოლო 70%-ის − უცხოურ ვალუტაში გაცემული სალიზინგო პროექტის შემთხვევაში) ჯამური ოდენობა.
5. ლიზინგის გამცემის მიერ სააგენტოში შესაბამისი სალიზინგო განაცხადის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სააგენტო ჩარიცხავს ინდივიდუალური ლიზინგის გამცემისათვის განკუთვნილ თანადაფინანსების მექანიზმის თანხას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიზინგის გამცემის შესაბამის ანგარიშზე.
6. სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემდეგ, ლიზინგის გამცემი უზრუნველყოფს მეწარმე სუბიექტის ლიზინგის საგნის ღირებულების ან/და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას.
7. ლიზინგის გამცემი ვალდებულია, სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია ანგარიშიდან განხორციელებული დაფარვების, თანადაფინანსების მექანიზმის ბენეფიციარების ოდენობისა და ლიზინგის გამცემსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრული მონაცემების შესახებ.
8. იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე სუბიექტის მიერ პროგრამაში ჩართვის მომენტისათვის გადახდილია 2020 წლის 1 დეკემბრიდან დაწყებული რომელიმე თვის/თვეების დარიცხული საპროცენტო სარგებელი ან/და ლიზინგის საგნის ღირებულება, სააგენტოს მიერ გადახდილი თანადაფინანსების თანხები მოხმარდება სალიზინგო პროექტის ფარგლებში მომდევნო თვეების გადასახდელი ლიზინგის საგნის ღირებულების ან/და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაფარვას.
9. ლიზინგის გამცემი ვალდებულია, სალიზინგო განაცხადში ფიქსირებული ბენეფიციარისათვის ლიზინგის საგნის ღირებულებისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაფარვის შემდეგ, აღნიშნული ბენეფიციარისთვის გათვალისწინებული თანხის ანგარიშზე დარჩენის შემთხვევაში, რიცხული ნაშთი ჩარიცხოს ხაზინის ერთიან ანგარიშზე და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს.