შპს „ორიგინალის“ გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განჩინება
საქართველოს სახელით
გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე
უარის თქმის შესახებ
2020 წლის 3 ნოემბერი
ქ. ქუთაისი
მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე
წარმომადგენელი – ნუცა ვარდანიძე, ოთარ ხუციშვილი
მოთხოვნა: შპს „ორიგინალის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ორიგინალის“ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
შპს „ორიგინალის“ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართეს წარმომადგენლებმა ნუცა ვარდანიძემ და ოთარ ხუციშვილმა და აღნიშნეს, რომ შპს „ორიგინალი“ (ს/ნ 437978501) დაფუძნდა 2018 წლის 6 მარტს. კომპანიის საქმიანობას წარმოადგენდა საცალო გაყიდვები, ე. წ მარკეტის ტიპის მაღაზია. რისთვისაც კომპანიას ნაქირავები ჰქონდა ფართი ქალაქ თბილისში ცინცაძის ქუჩა №2-ში. მაღაზია მუშაობდა 2019 წლის მარტამდე, რა დროსაც სირთულეების და მაღალი კონკურენციის გამო დაიხურა. 2019 წელსვე კომპანიაში შემოწმება ჩაატარა შემოსავლების სამსახურმა, რის საფუძველზეც საბოლოოდ კომპანიას დაეკისრა სულ 19022 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 14130 ლარი, ჯარიმა 4892 ლარი. შექმნილ ვითარებაში, კომპანიის დირექტორის ინიციატივით 2020 წლის 5 ოქტომბერს ჩატარდა შპს „ორიგინალის“ პარტნიორთა კრება, სადაც გადაწყდა, რომ მოცემულ სიტუაციაში კომპანიას არ ჰქონდა სხვა გზა გარდა იმისა, რომ დაეწყო გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, რომელიც უნდა დასრულდეს კომპანიის გაკოტრებით, ვინაიდან ვადამოსულ მოთხოვნებს ვერ ფარავს კომპანიის აქტივები. უფრო მეტიც, კომპანიის დღეისთვის არსებული ქონება არ არის საკმარისი თავად გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ხარჯების დაფარვისთვისაც.
დღეის მდგომარეობით „ორიგინალის“ საბანკო ანგარიშები ნულოვანია, კომპანიის სალაროში არ არის თანხა, ორიგინალს არ გააჩნია უძრავი ქონება, ხოლო რაც შეეხება მოძრავ ქონებას – კომპანიის აქტივს წარმოადგენს მხოლოდ სალარო აპარატი. ეს მაშინ როდესაც კომპანიის მიერ კრედიტორების მიმართ შესასრულებელი ვალდებულებების მოცულობა ჯამში არის 19 000 ლარზე მეტი. დღეის მდგომარეობით კომპანიის ერთადერთი კრედიტორია შემოსავლების სამსახური, რომელმაც 2020 წლის 10 სექტემბერს მიმართა შუამდგომლობით ამბროლაურის სასამართლოს და მოიოთხოვა ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია კერძოდ კი სალარო აპარატის.
განმცხადებელი ითხოვს შპს „ორიგინალის“ გაკოტრებულად გამოცხადებას.
განმცხადებელს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 16.10.2020 წ. განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი, რომელიც აღმოფხვრილ იქნა კანონით დადგენილ ვადაში.
სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ არსებობს განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მიხედვით – ამ კანონის მიზანია მოვალის და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
აღნიშნული ნორმით, კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე და ასეთი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, იმ შემთხვევაში დაიწყება საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, თუ შესაძლებელი იქნება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევა. მხოლოდ ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარო მოვალის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი ასეთი წარმოების დაწყებისათვის, თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს გაკოტრების მიზნის მიღწევას.
ვინაიდან შპს „ორიგინალს“ არ გააჩნია ქონება და ფინანსები, უარი უნდა ეთქვას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ამასთან, უნდა განიმარტოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-16, მე-19, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ორიგინალს“ (ს/კ 437978501) უარი ეთქვას გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. მიეთითოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
2. განჩინებით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, რომლის საფასურის გადახდაც უზრუნველყოს მოვალემ.
3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე