„სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
გამოქვეყნების წყარო
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №226/04

2020 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge  28/09/2018, ს/კ: 220010020.18.011.016345) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და ამავე ორგანული კანონის 522 მუხლის მე-3 პუნქტის, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“.

2. ბრძანებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:

„მუხლი 21. ფულადი ჯარიმები „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების, ეროვნული ბანკის შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად განსაზღვრული მოთხოვნების, წერილობითი მითითებების ან/და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების შეუსრულებლობისათვის

1. „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების, ეროვნული ბანკის შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად განსაზღვრული მოთხოვნების, წერილობითი მითითებების ან/და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების შეუსრულებლობით გამოწვეული დარღვევები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

ა) განსაკუთრებით მძიმე დარღვევები;

ბ) მძიმე დარღვევები;

გ) ნაკლებად მძიმე დარღვევები.

2. განსაკუთრებით მძიმე დარღვევებს მიეკუთვნება შემდეგი დარღვევები და იწვევს სესხის გამცემი სუბიექტის დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით:

ა) დადგენილ ვადებში ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმის წარუდგენლობა - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილ ვადებში წარუდგენლობა – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

გ) გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შეუსრულებლობისთვის – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

დ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე, ყადაღის დადების შესახებ სასამართლო ბრძანების შეუსრულებლობის შემთხვევაში – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ ყადაღასთან მიმართებაში;

ე) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის  მიზნებისათვის პროგრამული (ელექტრონული) სისტემის (რომელიც უზრუნველყოფს საყურადღებო/საეჭვო ნიშნების, მათ შორის, დანაწევრებული ოპერაციების (გარიგებების) გამოვლენას და პირების ავტომატურ გადამოწმებას პოლიტიკურად აქტიურ და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით გათვალისწინებულ სანქციადაკისრებულ პირთა სიებში) არქონის ან მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირების  შემთხვევაში  – 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით;

ვ) სესხის გამცემი სუბიექტის შემოწმების პროცესში, ეროვნული ბანკისთვის მხარეთა შორის შემოწმების პერიოდში გაფორმებული შეთანხმების თითოეული პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შემოწმების ვადის დასრულებამდე წარუდგენლობა – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, შეთანხმების თითოეული პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარუდგენლობისთვის;

ზ) სესხის გამცემი სუბიექტის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების პერიოდში შემმოწმებელთა ჯგუფისათვის ხელის შეშლა, რამაც გამოიწვია შემოწმების განხორციელების შეფერხება – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;

თ) დისტანციური შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად, სესხის გამცემი სუბიექტისთვის წერილობით განსაზღვრული  მოთხოვნების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეული შეუსრულებელი მოთხოვნის ფაქტზე;

ი) ადგილზე შემოწმების შედეგად, სესხის გამცემი სუბიექტისთვის წერილობით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადებში შეუსრულებლობა – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეული შეუსრულებელი მოთხოვნის ფაქტზე;

კ) კლიენტის ან/და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობა – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

3. მძიმე დარღვევებს მიეკუთვნება შემდეგი დარღვევები და იწვევს სესხის გამცემი სუბიექტის დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით:

ა) კლიენტის მფლობელობის და მმართველობის (კონტროლის) განმახორციელებელი სტრუქტურის დადგენის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე პირისთვის მომსახურების გაწევის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ბ) პირისთვის (მათ შორის, კლიენტის სახელით მოქმედი პირის) იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე მომსახურების გაწევის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

გ) სესხის გამცემი სუბიექტის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის კლიენტს არ აქვს რისკი მინიჭებული – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ კლიენტთან მიმართებაში;

დ) რისკის შესაბამისად კლიენტის/ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ ინფორმაციის განუახლებლობა ან/და ხელმძღვანელობისგან პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან/და გაგრძელების თაობაზე ნებართვის მიუღებლობა (გარდა პოლიტიკურად აქტიური პირისა) – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

ე) პოლიტიკურად აქტიურ პირთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ პირთან მიმართებაში;

ვ) კლიენტისათვის რისკის მინიჭება, საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, რისკის შეფასების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით ან/და სესხის გამცემი სუბიექტის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამისი რისკ-ფაქტორების გათვალისწინების გარეშე – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ კლიენტთან მიმართებაში;

ზ)  კლიენტთან მიმართებაში სესხის გამცემი სუბიექტი არ ახორციელებს კანონმდებლობის შესაბამისად გარიგების ან/და ქონების (ფულადი სახსრების) წარმომავლობის შესწავლას – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებაში;

თ) კლიენტის საქმიანობის არსის ან/და საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის დაუდგენლობა – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებაში;

ი) სესხის გამცემ სუბიექტს არ აქვს შემუშავებული შიდა კონტროლთან დაკავშირებული პოლიტიკა/პროცედურები ან/და ინსტრუქციები/წესები ან მის მიერ შემუშავებული/დანერგილი პოლიტიკა/პროცედურები ან/და ინსტრუქციები/წესები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით (ასევე, ეროვნული ბანკის სახელმძღვანელოებით) განსაზღვრულ მოთხოვნებს  – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

კ) სესხის გამცემი სუბიექტის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ეროვნული ბანკისთვის დადგენილი ვადის გასვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

ლ) სესხის გამცემი სუბიექტის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების გაგზავნისას სესხის გამცემი სუბიექტის ხელთ არსებული ინფორმაციის არასწორად  წარდგენა – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ არასწორად წარდგენილ ანგარიშგებასთან მიმართებაში;

მ) ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ან/და დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის ან სესხის გამცემი სუბიექტის ხელთ არსებული  დოკუმენტების/ინფორმაციის არასწორად წარდგენის შემთხვევაში – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ნ) სესხის გამცემი სუბიექტის შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენა მხარეთა შორის შემოწმების პერიოდში გაფორმებული შეთანხმების თითოეული პუნქტით გათვალისწინებული ვადის გადაცილებით ან/და სესხის გამცემი სუბიექტის ხელთ არსებული  ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენა – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, შეთანხმების თითოეული პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის ვადის გადაცილებით ან არასწორად წარმოდგენის შემთხვევაში.

4. ნაკლებად მძიმე დარღვევებს მიეკუთვნება შემდეგი დარღვევები და იწვევს სესხის გამცემი სუბიექტის დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით:

ა)  პირების (მათ შორის, კლიენტის სახელით მოქმედი პირის) ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის დადგენის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის, მის მიერ განხორციელებული ოპერაციების (გარიგებების) შესახებ სათანადო ინფორმაციის/დოკუმენტაციის აღრიცხვისათვის ან/და შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში – 500 (ხუთასი)  ლარის  ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ბ) სესხის გამცემი სუბიექტის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტების დადგენილი ვადის დაუცველად წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე:

ბ.ა) 5 სამუშაო დღემდე დაგვიანებისათვის – 100 (ასი) ლარის ოდენობით;

ბ.ბ) 5 და მეტი სამუშაო დღით დაგვიანებისთვის – 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

გ) სესხის გამცემი სუბიექტის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებით ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

დ) სესხის გამცემი სუბიექტის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ეროვნული ბანკისთვის 30 კალენდარულ დღემდე დაგვიანებით წარმოდგენის შემთხვევაში – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

ე) ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტების (გარდა შემოწმების ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაციისა) არასწორად ან/და არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში – 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. 

5. ამ პუნქტით გათვალისწინებულ დარღვევებს ეროვნული ბანკის მიერ მიენიჭება სისტემატური დარღვევის სტატუსი და გამოიწვევს სესხის გამცემი სუბიექტის დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით:

ა) სესხის გამცემი სუბიექტის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ეროვნული ბანკისთვის განმეორებით წარმოუდგენლობა, თუ სესხის გამცემი სუბიექტი უკვე იყო დაჯარიმებული ამ მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოიწვევს დაჯარიმებას –10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით  წარმოუდგენელ ანგარიშგებაზე;

ბ) სესხის გამცემი სუბიექტის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის 30 დღემდე დაგვიანებით წარმოდგენა, თუ სესხის გამცემი სუბიექტი უკვე იყო დაჯარიმებული ამ მუხლის მე-4 პუნქტს „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოიწვევს დაჯარიმებას – 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ დაგვიანებით წარმოდგენილ ანგარიშგებაზე;

გ) დისტანციური შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად წერილობით განსაზღვრული  მოთხოვნების  დადგენილ ვადაში განმეორებით შეუსრულებლობა – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეული შეუსრულებელი მოთხოვნის გამოვლენის ფაქტზე;

დ) ადგილზე შემოწმების შედეგად სესხის გამცემი სუბიექტისთვის წერილობით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადებში განმეორებით შეუსრულებლობა – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეული შეუსრულებელი მოთხოვნის გამოვლენის ფაქტზე;

ე) კლიენტის ან/და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის აღურიცხაობის ფაქტის განმეორება იმავე პირთან ან/და ოპერაციებთან (გარიგებებთან) მიმართებაში უკვე იყო დაჯარიმებული ამ მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად – 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ვ) კლიენტის მფლობელობის და მმართველობის (კონტროლის) განმახორციელებელი სტრუქტურის დადგენის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე განმეორებით იმავე პირისთვის მომსახურების გაწევის შემთხვევაში, თუ სესხის გამცემი სუბიექტი ამ პირთან მიმართებაში უკვე დაჯარიმებული იყო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ზ) განმეორებით იმავე კლიენტის (ან/და კლიენტის სახელით მოქმედი პირის)  იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე მომსახურების გაწევის შემთხვევაში, თუ სესხის გამცემი სუბიექტი ამ პირთან მიმართებაში უკვე დაჯარიმებული იყო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

6. თუ სესხის გამცემი სუბიექტის შემოწმების შედეგად კვლავ დაფიქსირდა ისეთი დარღვევა, რომლისთვისაც სესხის გამცემი სუბიექტის მიმართ ერთხელ უკვე იყო გამოყენებული ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სანქცია, ან/და გარკვეული დარღვევა/დარღვევები სესხის გამცემი სუბიექტისთვის ქმნის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების სისტემურ რისკს, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, სესხის გამცემი სუბიექტი დააჯარიმოს 100 000 (ასი ათასი) ლარის  ოდენობით ან/და გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე