დანართი №18
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი
ერთად შევქმნათ უსაფრთხო სამუშაო გარემო!
ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სავაჭრო ცენტრებისთვის (მოლებისთვის)
სავაჭრო ცენტრის (მოლის) ადმინისტრაციის მიერ შესასრულებელი ძირითადი რეკომენდაციები:
o მომხმარებელთა ნაკადების სამართავად სავაჭრო ცენტრში (მოლში) მოაწყვეთ ცალმხრივი შესასვლელები და გასასვლელები;
o მოაწყვეთ სავაჭრო ცენტრების (მოლების) შესასვლელ(ებ)თან თერმოსკრინინგი კამერის სკანირების სისტემით, რათა გააკონტროლოთ პერსონალის/მომხმარებლების/მესამე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში, მოახდინეთ შემთხვევის აღრიცხვა და 112-ის ცხელი ხაზისთვის დაუყოვნებლივ შეტყობინება;
o სავაჭრო ცენტრის (მოლის) სივრცეში უზრუნველყავით იმდენი მომხმარებლის დაშვება, რამდენსაც ითვალისწინებს ინდივიდუალური ფართით მოსარგებლეთა სავაჭრო სივრცეების ჯამი (ინდივიდუალური მაღაზიებისათვის დაწესებული გათვლის პრინციპის გათვალისწინებით – 20 მ2/10მ2-ზე – 1 მომხმარებელი), ხოლო მომხმარებელთა რაოდენობაზე დააწესეთ კონტროლი ელექტრონული ან/და მატერიალური სახით;
o სავაჭრო ცენტრების (მოლების) შესასვლელებთან მომხმარებლები/მესამე პირები უზრუნველყავით არანაკლებ 70% სპირტის შემცველი ხელის დეზინფექციისთვის საჭირო ხსნარით;
o შესასვლელებთან მოახდინეთ დეზობარიერების განთავსება, მასზე გავლის შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;
o უზრუნველყავით მომხმარებელთა/დასაქმებულთა ნაკადის მკაცრი კონტროლი სავაჭრო ცენტრის (მოლის) საერთო სივრცეებში და მომხმარებელთა/დასაქმებულთა/მესამე პირთა შორის უსაფრთხო დისტანციის დაცვა (არანაკლებ 2მ);
o მოახდინეთ სავაჭრო ცენტრის (მოლის) სივრცეში მომხმარებელთა მიერ ნიღბის გამოყენების კონტროლი;
o მომხმარებელთა ნაკადის სამართავად და უსაფრთხო დისტანციის დასაცავად განათავსეთ სავალდებულო პირობითი ნიშნები (იატაკზე შესაბამისი სტიკერების/ნახაზების სახით);
o მოახდინეთ საერთო გამოყენების ფართის ყოველდღიური დალაგება სველი წესით და დეზინფექცია, „ახალი კორონა ვირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის №01-123/ო ბრძანების სათანადო დანართის შესაბამისად;
o განახორციელეთ ესკალატორების სახელურების, ლიფტის ღილაკების, მოაჯირების, კარების სახელურების, საბანკო ტერმინალების და ხშირად გამოყენებული ზედაპირების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება ყოველ 2 საათში ერთხელ;
o დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 2-საათიანი ინტერვალებით, მოახდინეთ სანიტარული კვანძების დალაგება და დეზინფექცია;
o ინფექციის რისკის შემცირების მიზნით, აუდიო/ვიდეო ტექნიკის გამოყენებით, უზრუნველყავით მომხმარებელთა ინფორმირება კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ.
მოთხოვნები კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემების მიმართ (უნდა განხორციელდეს სავაჭრო ცენტრის (მოლის) ადმინისტრაციის მიერ):
o სავაჭრო ცენტრებში (მოლებში) უზრუნველყავით უსაფრთხო ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერის მაღალი კონცენტრაციით;
o გადართეთ ვენტილაცია ნომინალურ სიჩქარეზე სავაჭრო ცენტრის (მოლის) გახსნამდე 2 საათით ადრე და შეამცირეთ სიჩქარე მინიმალურამდე სავაჭრო ცენტრის (მოლის) დახურვიდან 2 საათის შემდეგ;
o არ გამორთოთ ვენტილაცია სრულად, მათ შორის, არასამუშაო საათებში ამუშავეთ ყველაზე მინიმალური სიჩქარით;
o სანიტარიულ კვანძებში დატოვეთ ჩართული ვენტილაცია 24/7 რეჟიმში;
o სველ წერტილებში არ გამოაღოთ ფანჯრები, რათა შესაძლებელი იყოს ჰაერის ნაკადის სწორად მიმართვა;
o მომართეთ ვენტილაცია არანაკლებ 40% გარედან შემოსული ჰაერის ცირკულაციის რეჟიმზე;
o უზრუნველყავით ცენტრალური კონდიცირების სისტემის ფილტრების ყოველთვიური მონიტორინგი და დაბინძურების შესაბამისად (მაგრამ არანაკლებ 4 თვეში ერთხელ) მათი რეცხვა/გასუფთავება/გამოცვლა (საჭიროების მიხედვით).
დამსაქმებლის ვალდებულებები:
o არ დაუშვათ სამუშაო სივრცეში პირი, რომელიც არ არის აღჭურვილი სათანადო ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (შესაძლებელია როგორც პირდაპირი აკრძალვა, ასევე ობიექტის მიერ სათანადო ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფა):
• ნიღაბი – სავალდებულოდ მოსახმარი;
• ხელთათმანები – საჭიროებისამებრ;
• სახის დამცავი ფარი – საჭიროებისამებრ;
• სპეციფიური სამუშაოს შემთხვევაში – სპეცტანსაცმელი.
o განათავსეთ ხელის ჰიგიენის, რესპირატორული ჰიგიენის და კორონავირუსული ინფექციის გადაცემის თავიდან აცილების სხვა თვალსაჩინოებები (მათ შორის, ნიღბის მორგების, მოხსნის შესაბამისი წესები);
o ობიექტზე უზრუნველყავით დასაქმებულთა/მომხმარებელთა/მესამე პირთა მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოახდინეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მეშვეობით.
დამლაგებლის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები:
დამლაგებელი აღჭურვილი უნდა იყოს შემდეგი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით:
• ერთჯერადი სამედიცინო ნიღაბი;
• სპეცფორმა და ზემოდან ერთჯერადი ხალათი, სრული სახელოებით;
• სპეციალური/სქელი ხელთათმანები (მრავალჯერადი);
• თვალის დამცავი (სათვალე ან სახის ფარი);
• დახურული სპეცფეხსაცმელი.
სავაჭრო ცენტრის (მოლის) სივრცეში განთავსებული ინდივიდუალური ფართით მოსარგებლეთა (ინდივიდუალური მაღაზიების ადმინისტრაციის) ვალდებულებები:
o უზრუნველყავით მკაცრი კონტროლი მომხმარებელთა ნაკადების მართვაზე და შეიმუშავეთ შესაბამისი სქემა თქვენს სავაჭრო სივრცეში მომხმარებელთა ეტაპობრივი დაშვების თაობაზე, შემდეგი გაანგარიშებით:
• თუ თქვენ ახორციელებთ სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების რეალიზაციას, ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებას, სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციას, ასევე გაქვთ პრესის ჯიხურები და თქვენი სავაჭრო ფართობი არის 10მ2 და ნაკლები, უზრუნველყავით სავაჭრო სივრცეში მხოლოდ 1 მომხმარებლის დაშვება, ხოლო 10მ2-ის ზევით, ყოველ 10მ2 სავაჭრო ფართზე 1 მომხმარებლის დაშვება;
• თუ თქვენ გაქვთ ყველა სხვა ტიპის სავაჭრო ობიექტი და თქვენი სავაჭრო ფართობი არის 20მ2 და ნაკლები, უზრუნველყავით სავაჭრო სივრცეში მხოლოდ 1 მომხმარებლის დაშვება, ხოლო 20მ2-ის ზევით, ყოველ 20მ2 სავაჭრო ფართზე – 1 მომხმარებლის დაშვება;
o სავაჭრო სივრცეში მომხმარებელთა ნაკადის მართვის მიზნით მოახდინეთ:
• რიგების მართვის კონტროლი, მათ შორის, თქვენი სავაჭრო ობიექტის შესასვლელში;
• რიგში მდგარ მომხმარებლებს შორის დისტანციის დაცვისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სწორად გამოყენების კონტროლი;
o მომხმარებელთა ქცევაზე ზემოქმედების მიზნით, ფასდაკლებების და აქციების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამართვა წახალისდეს ძირითადად დილის საათებში ან/და ონლაინ გაყიდვების სახით;
o სავაჭრო ცენტრისა (მოლის) და ინდივიდუალური ფართით მოსარგებლეთა სავაჭრო სივრცეში აკრძალულია მოსასინჯი ოთახების ფუნქციონირება;
o სამუშაო მაგიდებზე, იქ სადაც დასაქმებულს უწევს კონტაქტი მომხმარებლებთან, დროებით დაამონტაჟეთ გამჭვირვალე დამცავი ბარიერი, რათა მაქსიმალურად იქნეს აცილებული წვეთოვანი გზით ინფიცირების რისკი ან უკიდურეს შემთხვევაში, თანამშრომლები უზრუნველყავით სახის დამცავი ფარით, ხელთათმანითა და შესაბამისი სამედიცინო ნიღბით;
o ,,სავაჭრო კუნძულების“ შემთხვევაში თქვენი ობიექტი აღჭურვეთ ოთხივე მხრიდან გამჭვირვალე დამცავი ბარიერით, ხოლო ისეთი „სავაჭრო კუნძულების“ შემთხვევაში, როდესაც მისი დიზაინი და სპეციფიკა არ იძლევა კოლექტიური დაცვის საშუალებების გამოყენების შესაძლებლობას, დასაქმებულები უზრუნველყავით სახის დამცავი ფარებით, პირბადეებით და ხელთათმანებით. ამასთანავე უზრუნველყავით უსაფრთხო დისტანციის დაცვა (არანაკლებ 2 მ) მომხმარებლებთან და მესამე პირებთან;
o საჭიროების შემთხვევაში, დასაქმებულები უზრუნველყავით, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ხელთათმანები, ნიღაბი, დამცავი ფარი);
o თქვენს სავაჭრო სივრცეში მოახდინეთ ავეჯის ისეთი განლაგება, რომ დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია როგორც დასაქმებულებს, ასევე მომხმარებელსა და დასაქმებულს შორის;
o იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება უსაფრთხო დისტანციის დაცვა დასაქმებულებს შორის (დახლების შემთხვევაში), გამოიყენეთ გამყოფი ტიხრები (ბარიერები);
o უზრუნველყავით თქვენი მაღაზიის სივრცეში (შესასვლელში, დასაქმებულთა სამუშაო ადგილებზე) ხელის სადეზინფექციო 70% ალკოჰოლის შემცველი ხსნარების განთავსება;
o მაღაზიის სივრცეში უსაფრთხო დისტანციის დასაცავად გამოიყენეთ სავალდებულო პირობითი ნიშნები (იატაკზე შესაბამისი სტიკერების/ნახაზების სახით):
o მიაწოდეთ ინფორმაცია დასაქმებულებს/მომხმარებლებს COVID-19 ვირუსთან დაკავშირებული ყველა საკითხისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ (შესაძლებელია აუდიო/ვიდეო სისტემის მეშვეობით);
o განათავსეთ სრულყოფილი ინფორმაცია სათანადო ადგილას, ჰიგიენური საშუალებებით დაცვის ღონისძიებების შესახებ, მათ შორის, ხელის დაბანის, ნიღბის მორგების, ტარების და მოხსნის წესები;
o უზრუნველყავით ყველა ხშირად შეხებადი ზედაპირის დამუშავება სათანადო სადეზინფექციო ხსნარით 2 საათიანი ინტერვალებით (მათ შორის, კლავიატურის, ქალაქის ტელეფონის, ღილაკების, კარების სახელურების, ჩამრთველ/გამომრთველი ღილაკების);
o უზრუნველყავით თქვენს სამუშაო სივრცეში მუდმივი ვენტილაცია;
o უზრუნველყავით დასაქმებულთა/მომხმარებელთა/მესამე პირთა მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღებისა და განკარგვისთვის გამოყავით სათანადო პირი, რომელიც მოახდენს ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით ნარჩენების დროულ გატანას;
o ანგარიშსწორებისთვის უპირატესობა მიანიჭეთ უნაღდო ანგარიშსწორების (ბარათით/გადარიცხვით) მეთოდს.
დასაქმებულთა ვალდებულებები:
ხელის ჰიგიენის რეგულარულად და საფუძვლიანად შესრულება, ასევე ნიღბის გამოყენება წარმოადგენს უმეტესი ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებას.
შესაბამისად, აუცილებელია სამუშაო ადგილზე განახორციელოთ შემდეგი ღონისძიებები:
o დაიცავით ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო ადგილზე;
o სამუშაო პროცესი განახორციელეთ დამსაქმებლის/შრომის უსაფრთხოების მენეჯერის მიერ განსაზღვრული საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმის შესაბამისად;
o მისალმებისას არ ჩამოართვათ ხელი ერთმანეთს და მოერიდეთ სხვებთან კონტაქტს (შეხებას და სხვა);
o მოერიდეთ თავშეყრას, დაიცავით უსაფრთხო დისტანციის (არანაკლებ 2მ) რეკომენდაცია;
o სამუშაოების შესრულებისას გამოიყენეთ სრულად ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომელსაც გაწვდით დამსაქმებელი;
o სამუშაოს დაწყებისას და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ სამუშაო ადგილები და ის ხელსაწყოები, რომელსაც იყენებთ სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას;
o გამოიყენეთ 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გაშრობას. გახსოვდეთ, რომ ხელების დაბანა საპნითა და წყლით არის უპირატესი;
o დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან იდაყვში მოხრილი მხარი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი გადააგდეთ ურნაში;
o მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში უზრუნველყავით თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება.
[pic][pic]