საინვესტიციო საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.12.2020
ძალის დაკარგვა 01.05.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №236/04
სარეგისტრაციო კოდი 240080000.18.011.016534
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/12/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე | ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 01.05.2025
დოკუმენტის ტექსტი
საინვესტიციო საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება
№236/04
2020 წლის 25 დეკემბერი
ქ. თბილისი
საინვესტიციო საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საინვესტიციო საბჭოს საქმიანობის წესი თანდართული რედაქციით.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე
საინვესტიციო საბჭოს საქმიანობის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი მომზადებულია „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ – კანონი) შესაბამისად, სსიპ – საპენსიო სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) საინვესტიციო საბჭოს (შემდგომ – საბჭო) საქმიანობის წესისა და პროცედურების განსაზღვრის მიზნით.
2. კანონის თანახმად, საბჭოს ამოცანებია:
ა) საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება;
ბ) საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის, მათ შორის, აქტივების განთავსების სტრატეგიის პერიოდული გადახედვა;
გ) სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის მონიტორინგი და შეფასება;
დ) სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან შესაბამისობის შეფასება;
ე) სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევა;
ვ) აქტივების მმართველი კომპანიის შერჩევა;
ზ) უფროსი საინვესტიციო ოფიცრის შერჩევა, დანიშვნა და ანაზღაურების განსაზღვრა;
თ) სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის წლიური ბიუჯეტის განსაზღვრა და საპენსიო სააგენტოს წლიური ბიუჯეტის მომზადების მიზნით საპენსიო სააგენტოს დირექტორისათვის წარდგენა.
3. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა, თუ ამ წესით სხვაგვარად არაა დადგენილი.
4. ამ წესის მიზნებისთვის, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი ნიშნავს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს საბჭოს მიერ დამტკიცებულ ან/და დასამტკიცებელ ყველა იმ სხვა დოკუმენტთან ერთად, რომელიც გათვალისწინებულია ან მითითებულია საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტში.
მუხლი 2🔗. კომიტეტები
1. საბჭოს საქმიანობის სათანადო ორგანიზებისა და სტრუქტურირების მიზნით, საბჭოს შეუძლია საბჭოს ქვეშ შექმნას კომიტეტები, რაც ასახული უნდა იყოს შესაბამის ოქმში.
2. კომიტეტებს არ აქვთ უფლება, საბჭოს სახელით მიიღონ გადაწყვეტილებები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც კანონით საბჭოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება და საბჭომ, თავის მხრივ, არ უნდა გადასცეს კომიტეტს მსგავსი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება. კომიტეტმა უნდა განიხილოს საბჭოს შესაბამისი ოქმით განსაზღვრული საკითხები და რეკომენდაციები წარუდგინოს საბჭოს, რათა დაეხმაროს შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
3. კომიტეტები იკრიბებიან საჭიროების შემთხვევაში და საჭირო ფორმატში (პირადად ან დისტანციური კომუნიკაციის საშუალებით ან ორივე ფორმით ერთდროულად) და ანგარიშვალდებულები არიან მხოლოდ საბჭოს წინაშე.
4. კომიტეტის წევრობა არ ექვემდებარება დამატებით ანაზღაურებას.
5. კომიტეტის წევრებს ნიშნავს და ათავისუფლებს საბჭო, საბჭოს შესაბამისი სხდომის ოქმის საფუძველზე.
6. საბჭოს ნებისმიერ წევრს ან სააგენტოს თანამშრომელს უფლება აქვს იყოს კომიტეტის წევრი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს ან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ინტერესთა კონფლიქტს კომიტეტის მიერ განსახილველი საკითხების მიმართ. კომიტეტის წევრის დანიშვნამდე, საბჭოს თავმჯდომარე ამოწმებს მიმდინარე ან/და პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის არსებობას და ამისათვის უზრუნველყოფს, რომ კომიტეტის წევრობის კანდიდატმა ხელი მოაწეროს შესაბამის დეკლარაციას. თუ აღმოჩნდა, რომ კომიტეტის წევრს აქვს ინტერესთა კონფლიქტი კომიტეტის მიერ განსახილველი ან განხილვის პროცესში მყოფი საკითხის მიმართ, კომიტეტის წევრი ვალდებულია განაცხადოს ამის შესახებ. საბჭოს თავმჯდომარე მიიღებს შესაბამის ზომებს, რომ ამ წევრმა მონაწილეობა არ მიიღოს კომიტეტის იმ საქმიანობაში, რომელიც ინტერსთა კონფლიქტს იწვევს.
7. თითოეული კომიტეტის უფლებამოსილების ფარგლებს განსაზღვრავს საბჭო, შესაბამისი სხდომის ოქმით.
მუხლი 3🔗. საბჭოს სხდომები
1. საბჭო უნდა შეიკრიბოს საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ კვარტალში ერთხელ. საბჭოს სხდომა შესაძლოა გაიმართოს პირადად, დისტანციური კომუნიკაციის საშუალებით ან ორივე ფორმით ერთდროულად.
2. დირექტორის აპარატი ან/და საინვესტიციო სამსახური ასრულებს საბჭოს სამდივნოს ფუნქციას (შემდგომში – სამდივნო).
3. სამდივნო, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების მხარდაჭერით, ეხმარება საბჭოს სხდომასთან დაკავშირებული საქმიანობის დაგეგმვასა და კოორდინირებაში.
4. საბჭოს სხდომის ოქმს ამზადებს სამდივნო და ამტკიცებს საბჭო. სამდივნო სააგენტოს დირექტორს წარუდგენს ხელმოწერილ ოქმებს გამოქვეყნების მიზნით.
მუხლი 4🔗. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის მომზადება და პერიოდული გადახედვა
1. უფროსი საინვესტიციო ოფიცრისა და სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის დახმარებით, საბჭო შეიმუშავებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის პროექტს.
2. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის პროექტს საბჭოს თავმჯდომარე ოფიციალურად წარუდგენს საქართველოს ეროვნულ ბანკს (შემდგომ - ეროვნული ბანკი) ფოსტით ან/და სააგენტოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის საშუალებით, განხილვისა და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის პროექტის კანონთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით.
3. თუ საბჭო ეროვნული ბანკისგან მიიღებს კომენტარებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით, საბჭო აღნიშნულ კომენტარებს განიხილავს უახლოეს სხდომაზე და საჭიროების შემთხვევაში შეიტანს შესწორებებს. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესწორებულ პროექტს საბჭო წარუდგენს ეროვნულ ბანკს შემდგომი განხილვისთვის ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სანამ საბჭო არ მიიღებს ეროვნული ბანკისგან კანონთან შესაბამისობის დასტურს.
4. ეროვნული ბანკის დასტურის მიღების შემდეგ, საბჭო მოიწონებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის პროექტს შესაბამისი ოქმით და თავმჯდომარე ან საბჭოს ნებისმიერი წევრი სააგენტოს დირექტორს წარუდგენს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის პროექტს, სხდომის ოქმს, რომლის საფუძველზეც საბჭომ მოიწონა დოკუმენტი და ეროვნული ბანკის დასტურს, კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებისა და გამოქვეყნების მიზნით.
5. საბჭო საჭიროებისამებრ, თუმცა, არანაკლებ წელიწადში ერთხელ, გადახედავს და განაახლებს როგორც საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს, ასევე აქტივების განთავსების სტრატეგიას. საბჭოს აქვს აქტივების განთავსების სტრატეგიისა და მის შედეგად მიღებული ბენჩმარკ პორტფელის განსაზღვრის სრული დისკრეცია, თუ ის შეესაბამება კანონს.
6.საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის ცვლილების პროექტის დამტკიცებისთვის საბჭო მოქმედებს ამ მუხლის შესაბამისად.
7. საფინანსო ბაზრის ტენდენციების გათვალისწინებით, საბჭომ, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის მეშვეობით, საჯაროდ უნდა განაცხადოს აქტივების მმართველი კომპანიებისა და ღია საფონდო ინსტრუმენტების მეშვეობით განთავსებული თანხების მთლიან წლიურ ინვესტიციაში წილობრივ პროპორციასთან დაკავშირებული გეგმა, რომელიც გათვლილი უნდა იყოს მომდევნო 3-წლიანი პერიოდისათვის.
მუხლი 5🔗. უფროსი საინვესტიციო ოფიცრის შერჩევა და თანამდებობიდან გათავისუფლება
1. საბჭო, კანონის შესაბამისად, გამჭვირვალე და კონკურენტული გზით ირჩევს უფროს საინვესტიციო ოფიცერს და შერჩეულ კანდიდატს წარუდგენს სამეთვალყურეო საბჭოს დანიშვნის მიზნით.
2. უფროსი საინვესტიციო ოფიცრის შერჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებს ამტკიცებს საბჭო, საბჭოს სხდომის შესაბამისი ოქმით.
3. საბჭო განსაზღვრავს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის ანაზღაურებას ამ წესის მე-9 მუხლის შესაბამისად.
4. სააგენტოს დირექტორისათვის დასამტკიცებლად წარდგენამდე, საბჭო იწონებს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის მიერ განსაზღვრულ საინვესტიციო სამსახურის სტრუქტურას.
5. საბჭო უფლებამოსილია მიმართოს სამეთვალყურეო საბჭოს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის გათავისუფლების მოთხოვნით შემდეგ შემთხვევებში:
ა) უფროსი საინვესტიციო ოფიცერი/საინვესტიციო სამსახური ვერ ასრულებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით განსაზღვრულ რისკისა და შემოსავლიანობის მიზნებს;
ბ) უფროსი საინვესტიციო ოფიცერი/საინვესტიციო სამსახური არღვევს კანონით განსაზღვრულ ნდობით ვალდებულებას;
გ) უფროსი საინვესტიციო ოფიცრის/საინვესტიციო სამსახურის მიერ საპენსიო აქტივების მართვა იწვევს კანონთან და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან რეგულარულ შეუსაბამობას;
დ) სააგენტოს წესდებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 6🔗. სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის მონიტორინგი და შეფასება
1. საბჭო რეგულარულად, არანაკლებ კვარტალში ერთხელ, ამოწმებს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის/საინვესტიციო სამსახურის საინვესტიციო საქმიანობას, უფროსი საინვესტიციო ოფიცრის, მთავარი რისკის ოფიცრის, სპეციალიზებული დეპოზიტარისა ან/და შესაბამისი კომიტეტების ანგარიშგებაზე დაყრდნობით.
2. საბჭო აფასებს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის/საინვესტიციო სამსახურის საინვესტიციო საქმიანობის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან შესაბამისობას და რისკისა და შემოსავლიანობის მიზნების შესრულებას. ასეთი შეფასება ხორციელდება არანაკლებ კვარტალში ერთხელ. ამ შეფასების შედეგები აისახება საბჭოს სხდომის ოქმში.
3. უფროსი საინვესტიციო ოფიცრის/საინვესტიციო სამსახურის საქმიანობის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან შეუსაბამობის ან/და რისკისა და შემოსავლიანობის მიზნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საბჭო უფროსი საინვესტიციო ოფიცრისაგან მოითხოვს, რომ გონივრულ ვადაში წარუდგინოს დასამტკიცებლად სამოქმედო გეგმა საინვესტიციო პორტფელის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ან რისკისა და შემოსავლიანობის მიზნების მისაღწევად საჭირო სხვა ზომების შესახებ.
4. საბჭო ზედამხედველობს მთავარი რისკის ოფიცრისა და რისკის კონტროლის სამსახურის თანამშრომლების საქმიანობას საინვესტიციო რისკთან მიმართებაში. საბჭო ასევე აფასებს საპენსიო აქტივების ინვესტიციებთან დაკავშირებულ ყველა საქმიანობას, მათ შორის, საოპერაციო საკითხებსა და ეფექტიანობას, მთავარი რისკის ოფიცრის, შიდა და გარე აუდიტის, ან სხვა წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
მუხლი 7🔗. სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევა, მონიტორინგი და შეფასება
1. საბჭო კონკურსის წესით შეარჩევს სპეციალიზებულ დეპოზიტარს.
2. კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების, მოთხოვნებისა და პირობების გათვალისწინებით, სპეციალიზებული დეპოზიტარის ყოველი შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებს ამტკიცებს საბჭო, სხდომის შესაბამისი ოქმით.
3. სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის პროცესი, ისევე როგორც საბჭოს მიერ ჩატარებული კონკურსის ყველა ეტაპი, საბჭოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება სათანადოდ უნდა იყოს დოკუმენტირებული. საბჭოს გადაწყვეტილება აისახება საბჭოს სხდომის ოქმში. აღნიშნული დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს ეროვნული ბანკისათვის განხილვის მიზნით.
4. სპეციალიზებული დეპოზიტარის შეცვლა უნდა განხორციელდეს ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნას სააგენტოს მიერ სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების შეუფერხებლად მიღება.
5. საბჭო ახორციელებს სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის მონიტორინგსა და შეფასებას სპეციალიზებულ დეპოზიტართან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად და უფროსი საინვესტიციო ოფიცრის მიერ არანაკლებ წელიწადში ერთხელ წარდგენილი ანგარიშების საფუძველზე.
6. საბჭოს მიმართვის საფუძველზე სააგენტო უზრუნველყოფს სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის პროცესში საბჭოს ადმინისტრაციულ და იურიდიულ მხარდაჭერას.
7. სპეციალიზებულ დეპოზიტართან გაფორმებული ხელშეკრულება, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს, ეროვნული ბანკის შესაბამისი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ საკითხებს.
მუხლი 8🔗. აქტივების მმართველი კომპანიის შერჩევა, მონიტორინგი და შეფასება
1. საბჭოს შეუძლია აირჩიოს ერთი ან რამდენიმე აქტივების მმართველი კომპანია გარკვეული საპენსიო აქტივების სამართავად გადაცემის მიზნით.
2. აქტივების მმართველი კომპანიის შერჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებს ამტკიცებს საბჭო, სხდომის შესაბამისი ოქმით. შერჩევის პროცესი და მინიმალური კრიტერიუმები უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობას. შერჩევის პროცესი უნდა იყოს გამჭირვალე.
3. თითოეული აქტივების მმართველი კომპანიისთვის საბჭო შეიმუშავებს და ამტკიცებს ინვესტიციის დეტალურ სახელმძღვანელოს, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან.
4. საბჭოს მიერ აქტივების მმართველი კომპანიის შერჩევის პროცესი უნდა იყოს დოკუმენტირებული და ასახული საბჭოს სხდომის ოქმში, რომლის საფუძველზეც მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება აქტივების მმართველ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.
5. საბჭომ ან/და აქტივების მმართველმა კომპანიამ გამჭვირვალე პროცედურით უნდა შეარჩიოს ერთი ან ერთზე მეტი ღია საფონდო ინსტრუმენტი, მათი სტანდარტული პროსპექტების პირობების შედარების საფუძველზე. აღნიშნულ შერჩევაზე არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი.
6. საბჭო ახორციელებს აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობის მონიტორინგსა და შეფასებას აქტივების მმართველ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
7. საბჭოს მიმართვის საფუძველზე სააგენტო უზრუნველყოფს აქტივების მმართველი კომპანიის შერჩევის პროცესში საბჭოს ადმინისტრაციულ და იურიდიულ მხარდაჭერას.
8. საბჭო ვალდებულია, მისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს აქტივების მმართველი კომპანიისა და ღია საფონდო ინსტრუმენტების ჩართულობის ზრდა საპენსიო აქტივების ინვესტირების პროცესში.
მუხლი 9🔗. საინვესტიციო საქმიანობის წლიური ბიუჯეტის განსაზღვრა
1. საბჭო განსაზღვრავს საინვესტიციო საქმიანობისათვის საჭირო წლიურ ბიუჯეტს, რომელიც მოიცავს:
ა) საინვესტიციო სამსახურის თანამშრომლების რაოდენობასა და შრომის ანაზღაურებას, მათ შორის, უფროსი საინვესტიციო ოფიცრის შრომის ანაზღაურებას;
ბ) საქონლისა და მომსახურებების, მათ შორის, სპეციალიზებული დეპოზიტარისა და აქტივების მართვის მომსახურების შესყიდვის საჭიროებას და შესყიდვის სავარაუდო ფასს;
გ) მომსახურების მომწოდებელ სუბიექტებთან არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებში გასაწევ ხარჯებს.
2. საინვესტიციო საბჭოს მიერ განსაზღვრული წლიური ბიუჯეტი სააგენტოს დირექტორს წარედგინება არა უგვიანეს ყოველი წლის 1 ოქტომბრისა.
მუხლი 10🔗. შესაბამისობა
1. საბჭოს თავმჯდომარემ უნდა მიიღოს ყველა გონივრულ ზომა, რათა უზრუნველყოს კანონმდებლობისა და ამ პროცედურის დაცვა საბჭოსა და საბჭოს ყველა წევრის მიერ.
2. ინტერესთა კონფლიქტი განისაზღვრება, როგორც ნებისმიერი სიტუაცია, რომელშიც წევრის გადაწყვეტილებამ ან ხმამ შეიძლება არსებითად და პირდაპირ მოახდინოს გავლენა წევრის პროფესიულ, პირად, ფინანსურ ან საქმიან ინტერესებზე. ინტერესთა კონფლიქტი წარმოიშობა იმ ინტერესებიდან, რომელიც შეიძლება იყოს:
ა) არსებული (გადაწყვეტილებიდან მიღებულია რეალური უპირატესობა);
ბ) პოტენციური (არსებობს გადაწყვეტილებიდან პოტენციურად უპირატესობის მიღების შესაძლებლობა);
გ) შესაძლო (დამკვირვებლებს შესაძლოა ჰქონდეთ გონივრული ეჭვი, რომ არსებობს ინტერესთა კონფლიქტი, მიუხედავად იმისა, არსებობს ის თუ არა).
3. საბჭოს ყველა წევრს აქვს შემდეგი ვალდებულებები:
ა) გაამჟღავნონ ყველა არსებული, პოტენციური ან შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი;
ბ) განსაზღვრონ, შესაძლებელია თუ არა, რომ ადგილი ჰქონდეს არსებულ, პოტენციურ ან შესაძლო ინტერესთა კონფლიქტს;
გ) უზრუნველყონ პრევენციული ზომების მიღება არსებული, პოტენციური ან შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის სამართავად.
4. საბჭოს წევრებმა წერილობით უნდა დაადასტურონ ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ საბჭოს წევრად მათ დანიშვნამდე ან დანიშნვისთანავე. ნებისმიერი ინტერესთა კონფლიქტი წევრებმა წერილობით უნდა გააცნონ საბჭოს თავმჯდომარეს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს, რომ ამ წევრმა მონაწილეობა არ მიიღოს იმ საკითხზე მსჯელობაში ან/და გადაწყვეტილების მიღებაში, რომლის მიმართაც არსებობს ინტერესთა კონფლიქტი. თუ თავმჯდომარეს აქვს ინტერესთა კონფლიქტი საბჭოს მიერ განხილულ ან/და გადასაჭრელ საკითხთან დაკავშირებით, თავმჯდომარე წერილობით აცნობებს საბჭოს ყველა წევრს ინტერესთა კონფლიქტის შესახებ და არ მიიღებს მონაწილეობას შესაბამის განხილვებში/გადაწყვეტილების მიღების პროცესში.