ბონდო თედორაძე, ანზორ გუბაევი და ხათუნა ბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

მიღების თარიღი 11.12.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ნომერი №2/9/1511
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016575
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2020
matsne.gov.ge 921 სიტყვა · ~5 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ბონდო თედორაძე, ანზორ გუბაევი და ხათუნა ბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 98% 30.04.2020 ბონდო თედორაძე, ანზორ გუბაევი და ხათუნა ბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 97% 14.11.2025 საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 95% 22.04.2021 ვასილ ჟიჟიაშვილი და მარინე კაპანაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 94% 14.12.2023 ლიკა საჯაია და ედუარდ მარიკაშვილი საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 93% 12.11.2020

დოკუმენტის ტექსტი

ბონდო თედორაძე, ანზორ გუბაევი და ხათუნა ბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის საოქმო ჩანაწერი №2/9/1511      2020 წლის 11 დეკემბერი ქ. ბათუმი კოლეგიის შემადგენლობა: თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე; ირინე იმერლიშვილი – წევრი; მანანა კობახიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე; თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი. სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე. საქმის დასახელება: ბონდო თედორაძე, ანზორ გუბაევი და ხათუნა ბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77​1 მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. I აღწერილობითი ნაწილი 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 10 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1511) მომართეს ბონდო თედორაძემ, ანზორ გუბაევმა და ხათუნა ბერიძემ. №1511 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადაეცა 2020 წლის 11 ივნისს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 11 დეკემბერს. 2. №1511 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 31​1 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. 3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77​1 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „დღის საათებში ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება გამოიწვევს ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის გაფრთხილებას“. 4. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება“. 5. №1511 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეებს, 2019 წლის 14 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურმა დააკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77​1 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის. კერძოდ, მოსარჩელეებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების საფუძველი გახდა სოფელ ნატანებში (შეკვეთილი) შპს „ურეკი რეზიდენსის“ კერძო საკუთრების მიმდებარედ, ზღვის სანაპიროზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება. მოსარჩელეები განმარტავდნენ, რომ ისინი შეკრებილი იყვნენ საჯარო სივრცეში, ამასთან, მიმდინარე აქციის „გააღვიძე ოლიგარქი“ მიზანი იყო, დაეფიქსირებინათ პროტესტი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიმართ 2019 წლის 20-21 ივნისს საქართველოში რუსი დეპუტატის ჩამოსვლისა და რუსეთის ოკუპაციის გასაპროტესტებლად გამართული შეკრების ძალის გამოყენებით დაშლის გამო. მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ გამოხატვის ამგვარი ფორმა დაცული იყო შეკრების თავისუფლებით და მათ ჰქონდათ უფლება, გადაეჭარბებინათ აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმებისთვის. თუმცა ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ და ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარეს მოსარჩელეების არგუმენტაცია და ისინი ცნობილ იქნენ ბრალეულებად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77​1 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენაში. 6. მოსარჩელეების განმარტებით, საერთო სასამართლოების მიერ სადავო ნორმისათვის მინიჭებული ნორმატიული შინაარსის თანახმად, იკრძალება შეკრების ჩატარება საჯარო პირზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით, რასაც თან ახლავს აღნიშნული პირისთვის დისკომფორტის შექმნა და შეწუხება. ამასთან, ამგვარი შეკრება აკრძალულია საჯარო სივრცეში, რომელიც მდებარეობს საჯარო პირის კერძო საკუთრებასთან ან საცხოვრებელ სახლთან. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ მათ არაკონსტიტუციურად მიაჩნიათ სადავო ნორმის სწორედ აღნიშნული ნორმატიული შინაარსი. 7. მოსარჩელეების პოზიციით, საჯარო პირებს (პოლიტიკოსები, ცნობილი პირები), განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი თავიანთ ფუნქციებს ასრულებენ, აქვთ მათ პირად ცხოვრებაში ჩარევისას თმენის ვალდებულება. ამასთან, შეკრების ჩატარებისას საცხოვრებელი ადგილის მიმდებარე ტერიტორიის შერჩევის მიზანს სწორედ საჯარო პირის, როგორც პროტესტის ან სოლიდარობის ადრესატის კერძო სფეროსთან მაქსიმალური მიახლოება წარმოადგენს. ასეთ პირობებში, იზრდება შანსი, რომ საზოგადოებრივ პროტესტს მოჰყვეს რეალური შედეგი. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ შეკრების უფლება მოიცავს პროტესტის ისეთ ფორმასაც, რომელიც იწვევს ადრესატის გაღიზიანებასა და შეურაცხყოფას, ამდენად, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს უფლება, მსგავსი ფორმით გამოხატოს საკუთარი უკმაყოფილება საჯარო-პოლიტიკური პირების საქმიანობის მიმართ. 8. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ სადავო ნორმით დადგენილია შეკრების უფლების შინაარსობრივი რეგულირება. სადავო ნორმით განსაზღვრული შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს საჯარო-პოლიტიკური პირის საკუთრების უფლების დაცვა და, ამგვარად, მესაკუთრის ჯანმრთელობისთვის უვნებელი გარემოს შექმნა. თუმცა გამოყენებული შეზღუდვა არ წარმოადგენს მიზნის მიღწევის პროპორციულ საშუალებას. კერძოდ, ნორმა არ განსაზღვრავს ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებით ჩატარებული შეკრების შესაძლებლობას დღის პერიოდში ან ასეთი შეკრების ხანგრძლივობას, რის საფუძველზეც სრულიად იკრძალება საჯარო პირის კერძო საკუთრებასთან ან საცხოვრებელ სახლთან შეკრებით აღნიშნული პირისთვის დისკომფორტის შექმნის შესაძლებლობა. ასევე, შეკრების უფლების შინაარსობრივი რეგულირება უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ ძალადობის აშკარა და მყისიერი საფრთხის არსებობისას, ხოლო სადავო ნორმა შეკრების უფლების შეზღუდვას ითვალისწინებს, მათ შორის, ფორმითა და შინაარსით მშვიდობიან შეკრების შემთხვევაშიც. შესაბამისად, სადავო ნორმით ირღვევა ბალანსი შეკრების უფლებასა და ამ უფლების შეზღუდვით დაცულ სიკეთეებს შორის. 9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარის პოზიციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77​1 მუხლის პირველი ნაწილის სადავო ნორმატიული შინაარსი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულ შეკრების თავისუფლებას. 10. მოსარჩელე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე. II სამოტივაციო ნაწილი 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1511 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31​1 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 31​3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი. III სარეზოლუციო ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 27​1 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 31​1 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 31​2 მუხლის მე-8 პუნქტის, 31​3 მუხლის პირველი პუნქტის, 31​5 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 31​6 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს: 1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1511 კონსტიტუციური სარჩელი („ბონდო თედორაძე, ანზორ გუბაევი და ხათუნა ბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). 2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია. 3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. 4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. 5. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“. კოლეგიის შემადგენლობა: თეიმურაზ ტუღუში ირინე იმერლიშვილი მანანა კობახიძე თამაზ ცაბუტაშვილი