„მცურავი საშუალებისთვის განკუთვნილი დოკის ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელებისა და დოკზე მუშაობის წესის“დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.12.2020
გამომცემი ორგანო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 310020000.55.067.016126
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2020
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.12.2020 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (15)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი | სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„ბორტკვების საწარმოს სერტიფიცირების წესის“
დამტკიცების შესახებ „სამოქალაქო აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიცირებისა და საფრენი მოედნების, რეგისტრაციის და აღრიცხვის წესის“ დამტკიცების შესახებ „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ „სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების საკითხებში
მომზადების პროგრამის“ დამტკიცების შესახებ ნაყარი ტვირთის გადამზიდავ გემებზე ტვირთის უსაფრთხო ჩატვირთვასა და გადმოტვირთვასთან დაკავშირებული წესებისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„მცურავი საშუალებისთვის განკუთვნილი დოკის ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელებისა და დოკზე მუშაობის წესის“დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება №17
2020 წლის 30 დეკემბერი
ქ. ბათუმი
„მცურავი საშუალებისთვის განკუთვნილი დოკის ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელებისა და დოკზე მუშაობის წესის“ დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს კანონი „საქართველოს საზღვაო კოდექსი“ 12-ე და 38-ე მუხლებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „მცურავი საშუალებისთვის განკუთვნილი დოკის ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელებისა და დოკზე მუშაობის წესი“.
მუხლი 2🔗
წინამდებარე წესის მოთხოვნები საქართველოში არსებულ მცურავ დოკზე გავრცელდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს და წესის 21 მუხლით განსაზღვრული ვადების შესაბამისად.
მუხლი 3🔗
წინამდებარე წესის მე-17 მუხლის მე-10 პუნქტი შიდა ნაოსნობაში ჩართული მცურავ საშუალებისთვის ამოქმედეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
მუხლი 4🔗
ბრძანება ამოქმედეს გამოქვეყნებისთანავე.
სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორითამარ იოსელიანი
მცურავი საშუალებისთვის განკუთვნილი დოკის ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელებისა და დოკზე მუშაობის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. „მცურავი საშუალებისთვის განკუთვნილი დოკის ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელებისა და დოკზე მუშაობის წესი“ (შემდეგში – წესი) განსაზღვრავს საქართველოში კერძო ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მცურავი საშუალებების სარემონტო სამუშაოებისთვის განკუთვნილი დოკის ტექნიკური ექსპლუატაციის, რემონტის, მომსახურეობის და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების წესს .
2. ამ წესის მიზნებისთვის დოკის ტექნიკურ ზედამხედველობას/შემოწმებას და აღიარებას ახორციელებს სააგენტო. მიზანშეწონილობიდან გამომდინარე სააგენტოს შეუძლია მოახდინოს უფლებამოსილების დელეგირება აღიარებულ ორგანიზაციაზე.
3. სააგენტო ახორციელებს დოკის საქმიანობის ზედამხედველობას და კონტროლს, მათი საქმიანობის შეჩერებას, გაუქმებას და განახლებას საქართველოს კანონი „საქართველოს საზღვაო კოდექსის“ და ამ წესების შესაბამისად.
4. ტექნიკური ზედამხედველობის დროს შესაძლებელია მოწვეულ იქნეს, საზღვაო კოდექსის შესაბამისად, ევროკავშირის და საქართველოს მიერ აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოების წარმომადგენელი.
5. წინამდებარე ბრძანება ვრცელდება, მცურავ და მშრალ დოკზე, სლიპზე და ელინგზე.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები
1. წინამდებარე ბრძანების მიზნებისთვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მცურავი დოკი – წარმოადგენს სპეციალურ საინჟინრო ნაგებობას (რკინის ან სხვა კონსტრუქციის და საბალასტო სისტემით), რომლის დანიშნულებაა მცურავი საშუალების წყლიდან ამოღება/აწევა, მისი რემონტი, გარე დათვალიერება ან ტრანსპორტირება და წყალში ჩაშვება.
ბ) მშრალი დოკი – განკუთვნილია მცურავი საშუალებების ასაშენებლად ან/და რემონტისთვის, წარმოადგენს ხმელეთზე ჰიდროტექნიკურ ნაგებობას, რომელიც წყლის დონის ქვემოთაა, ივსება თვითდინებით და იცლება ტუმბოებით.
გ) სლიპი – მცურავი საშუალებების წყლიდან ამოსაყვანი და წყალში ჩასაშვები საინჟინრო მოწყობილობა, რომელიც განთავსებულია ხმელეთზე და განკუთვნილია მცურავი საშუალებების ასაშენებლად ან/და რემონტისთვის.
დ) ელინგი – ზღვის, მდინარის ან ტბის ნაპირას გამართული საინჟინრო ნაგებობა მცურავი საშუალებების ასაშენებლად ან გასარემონტებლად, რომელიც გემთსაშენი ქარხანის ძირითადი ნაწილია.
ე) დოკმაისტერი – უფლებამოსილი პირი რომელიც ხელმძღვანელობს მცურავი საშუალების უსაფრთხო დაყენებას და გაყვანას დოკიდან და პასუხისმგებელია დოკის უსაფრთხოებაზე, უშიშროებაზე, გარემოს დაცვაზე და სხვა პირობების დაცვაზე, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
ვ) შემოწმება – სააგენტოს თანამშრომლების ან აღიარებული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული დოკის შემოწმება/ინსპექტირება ამ წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ზ) აღიარების სერტიფიკატი – გაიცემა სააგენტოს მიერ, რომელიც განსაზღვრავს რომ კონკრეტულ დოკს აქვს უფლება განახორციელოს შესაბამისი საქმიანობა ამ წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თ) სარემონტო ქარხანა – წარმოადგენს სარემონტო დაწესებულებას, რომელიც უზრუნველყოფს დოკზე აყვანილი მცურავი საშუალების შეკეთება/რემონტს.
ი) გემთშენებელი ქარხანა – წარმოადგენს მცურავი საშუალებების აგების დაწესებულებას, რომელსაც ასევე შეუძლია განახორციელოს მცურავი საშუალებების რემონტი.
კ) დოკის ადმინისტრაცია – დოკის მმართველი ან დოკის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.
ლ) აღიარებული ორგანიზაცია – საქართველოს კანონი „საქართველოს საზღვაო კოდექსი“ II1 თავის შესაბამისად აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოება;
მ) წყალქვეშა ნაწილის დათვალიერება – წარმოადგენს მცურავი საშუალების ან მცურავი დოკის წყალქვეშა კორპუსის ნაწილის, საჭის მოწყობილობის, წევის ხრახნის და ლილვის, წყალქვეშ არსებული ელექტრო ნავიგაციური ხელსაწყოების, შემოწმებას დოკზე ამოღებულ/აწეულ მდგომარეობაში.
ნ) წყალქვეშა დათვალიერება დოკის გარეშე – წარმოადგენს წყლის ზედაპირზე მყოფ მცურავი საშუალების ან მცურავი დოკის წყალქვეშა კორპუსის ნაწილის, საჭის მოწყობილობის, წევის ხრახნის და ლილვის, წყალქვეშ არსებული ელექტრო ნავიგაციური ხელსაწყოების შემოწმებას, სადაც შესაძლებელია გამოყენებული იქნას წყალქვეშა ვიდეო და ფოტო გადაღება, დისტანციურად მართული წყალქვეშა აპარატი (ROV) და სხვა სპეციალური აღჭურვილობა და ხელსაწყოები.
ო) ტექნიკური ზედამხედველობა – ზედამხედევლობა, რომელიც ხორციელდება საქართველოს საზღვაო კოდექსის დებულებების შესაბამისად, სააგენტოს ან საქართველოს მიერ აღიარებული ორგანიზაციის მიერ, რომლის ტექნიკური დასკვნის საფუძველზე სააგენტო ახორციელებს შესაბამისი სერტიფიკატის გაცემას.
პ) სააგენტო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“.
2. ტერმინები, რომლებიც არაა განსაზღვრული წინამდებარე ბრძანებაში, განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
მუხლი 3🔗. დოკების აღიარების და ტექნიკური ზედამხედველობის მოთხოვნა
1. მცურავი დოკი ვალდებულია იმყოფებოდეს ტექნიკური ზედამხედველობის ქვეშ და უნდა გააჩნდეს შესაბამისი სერტიფიკატები წინამდებარე წესის შესაბამისად.
2. მშრალი დოკი, სლიპი და ელინგი აღიარებული და სერტიფიცირებული უნდა იყოს წინამდებარე წესის შესაბამისად.
მუხლი 4🔗. მცურავი დოკის შემოწმების სტანდარტი
1. მცურავი დოკი ექსპლუატაციაში შესვლამდე პირველად უნდა შემოწმდეს სააგენტოს მიერ და გაიცეს შესაბამისი სერტიფიკატები.
2. მცურავი დოკი ექვემდებარება ყოველწლიურ შემოწმებას სააგენტოს მიერ, შემოწმების დამაკმაყოფილებლად გავლის შემთხვევაში, ყოველწლიური შემოწმების გავლა უნდა დადასტურდეს შესაბამის სერტიფიკატზე. ყოველწლიური შემოწმებები უნდა ჩატარდეს ბოლო განახლებითი შემოწმების (ან პირველადი შემოწმების) თარიღის წლისთავიდან ± 3 თვეში.
3. მცურავი დოკი ექვემდებარება განახლებით შემოწმებას სააგენტოს მიერ. განახლებითი შემოწმების დამაკმაყოფილებლად გავლის შემთხვევაში უნდა გაიცეს შესაბამისი სერტიფიკატი. განახლებითი შემოწმება უნდა ჩატარდეს შესაბამისობის სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 3 თვის განმავლობაში. მფლობელის მიზეზით, განახლებითი შემოწმების ჩაუტარებლობა გამოიწვევს შესაბამისობის სერტიფიკატის მოქმედების ავტომატურ შეჩერებას.
4. განახლებითი შემოწმების დროს მცურავ დოკს უნდა ჩაუტარდეს სრული შემოწმება და აგრეთვე აუცილებელია წყალქვეშა დათვალიერება, განახლებითი შემოწმების გავლა უნდა დადასტურდეს შესაბამისი სერტიფიკატით.
5. მცურავ დოკზე საზღვაო შემთხვევა ან სხვა ინციდენტის გამო შესაძლებელია ჩატარდეს რიგგარეშე შემოწმება.
6. მცურავ დოკში შემოწმებებს ასევე ექვემდებარება შრომის უსაფრთხოების დაცვის, უსაფრთხოების ტექნიკის, საწარმოო სანიტარიის, სახანძრო და ნაოსნობის უსაფრთხოების, გარემოს დაცვის მდგომარეობის მოთხოვნები.
7. რეგისტრაციის სერტიფიკატი გაიცემა უვადოთ, წინამდებარე წესსა და შესაბამისი მარეგულირებელ კანონმდებლობაში მოცემული დებულებების შესაბამისად.
მუხლი 5🔗. მშრალი დოკის, სლიპის და ელინგის შემოწმების სტანდარტი
1. მშრალი დოკის, სლიპის და ელინგის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, პირველად უნდა შემოწმდეს სააგენტოს მიერ და გაიცეს აღიარების სერტიფიკატი.
2. აღიარების სერტიფიკატი გაიცემა უვადოდ.
3. ყოველ 2 წელიწადში ერთხელ სააგენტო ახორციელებს მშრალი დოკის, სლიპის და ელინგის კომპლექსურ შემოწმებას.
4. კომპლექსური შემოწმების დროს მოწმდება შრომის უსაფრთხოების დაცვის, უსაფრთხოების ტექნიკის, საწარმოო სანიტარიის, სახანძრო და ნაოსნობის უსაფრთხოების, გარემოს დაცვის მდგომარეობის სტანდარტები და მოთხოვნები.
5. კომპლექსური შემოწმების ჩატარების დროს უშუალო მონაწილეობა უნდა მიიღოს დოკის ადმინისტრაციამ, სამსახურის ხელმძღვანელებმა მათი განმგებლობის მიხედვით, პირებმა, რომლებიც ახორციელებენ ზედამხედველობას სწორ და უსაფრთხო ექსპლუატაციაზე და ასევე იმ პირებმა, რომლებიც პასუხს აგებენ შრომის დაცვის მდგომარეობაზე შესამოწმებელ ობიექტზე.
6. კომპლექსური შემოწმების შედეგის გათვალისწინებით, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დოკის აღიარების გაგრძელების, შეჩერების ან/და გაუქმების შესახებ.
7. კომპლექსური შემოწმების შედეგები ეცნობება შემოწმებულ მხარეს და ასევე სააგენტო აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე.
მუხლი 6🔗. საბუთების მინიმალური მოთხოვნები
1. ტექნიკური ზედამხედველობის ქვეშ აყვანამდე, მცურავ დოკს უნდა გააჩნდეს შემდეგი საბუთები:
ა) ამწე ნაგებობების/დანადგარების სერტიფიკატი;
ბ) ექსპლუატაციაში შესვლამდე ამწე და სხვა დანადგარების გამოცდისა და შემოწმების სერტიფიკატი;
გ) ჯაჭვების, კაუჭების, კავების და სხვა მსაგავსი მოსახსნელი დეტალების გამოცდის და შემოწმების სერტიფიკატი;
დ)ექსპლუატაციის შეყვანამდე ფოლადის ტროსების შემოწმების სერტიფიკატი;
ე) ხანძარსაწინააღმდეგო დანადგარების ნუსხა და შემოწმების სერტიფიკატი;
ვ) დოკის წინა შემოწმების აქტი (არსებობის შემთხვევაში);
ზ) ნაოსნობის ვარგისიანობის სერტიფიკატის (არსებობის შემთხვევაში);
თ) რადიომოწყობილობების არსებობის აქტი (არსებობის შემთხვევაში);
ი) ღუზის ჯაჭვის სერტიფიკატი;
კ) ღუზის სერტიფიკატი;
2. სააგენტოს აღიარებამდე მშრალ დოკს, სლიპს და ელინგს უნდა გააჩნდეს შემდეგი საბუთები:
ა) ამწე ნაგებობების/დანადგარების სერტიფიკატი;
ბ) ექსპლუატაციაში შესვლამდე ამწე და სხვა დანადგარების გამოცდისა და შემოწმების სერტიფიკატი;
გ)ჯაჭვების, კაუჭების, კავების და სხვა მსაგავსი მოსახსნელი დეტალების გამოცდის და შემოწმების სერტიფიკატი;
დ)ექსპლუატაციის შეყვანამდე ფოლადის ტროსების შემოწმების სერტიფიკატი;
ე) ხანძარსაწინააღმდეგო დანადგარების ნუსხა და შემოწმების სერტიფიკატი;
ვ) დოკის წინა შემოწმების აქტი (არსებობის შემთხვევაში);
ზ) მოთხოვნისამებრ სხვა დამატებითი საბუთები და სერტიფიკატები.
მუხლი 7🔗. დანადგარების მოწყობილობების ტექნიკური ექსპლუატაციის და კონტროლის უზრუნველყოფის მინიმალური მოთხოვნები
1. ყველა ტიპის დოკში არსებული დანადგარების და მოწყობილობების უსაფრთხო ექსპლუატაციასთან და კონტროლთან დაკავშირებით უნდა არსებობდეს შემდეგი ძირითადი საბუთები:
ა. გემის ამწე დანადგარების სავახტო ჟურნალი;
ბ. სამანქანო და ელექტრომექანიკური დეპარტამენტის სავახტო ჟურნალი;
გ. ხანძარსაწინააღმდეგო და საევაკუაციო გეგმა;
დ. არსებული დანადგარების და მოწყობილობების პასპორტი;
ე. ამწე და ამწევი დანადგარის, ჯალამბარის და სხვა მექანიზმების სისტემებისა და მოწყობილობების პასპორტი;
ვ. მოწყობილობების, დანადგარების და სხვა მექანიზმების სისტემების ექსპლუატაციის ინსტრუქციები, რომელიც მოიცავს ამწე, საბალასტო ტუმბოების, დიზელ გენერატორების და სხვა დანადგარების ტექნიკური შენახვის გრაფიკებს,
ზ. თანამშრომლების სამუშაო აღწერილობა და ინსტრუქციები;
2. ნახაზების, დიაგრამების, სქემების და სხვა მონაცემების არსებობა, წინამდებარე წესის დანართი N1-ის შესაბამისად.
3. დოკზე ოფიციალური საკომუნიკაციო და სამუშაო ენად განისაზღვრება ქართული და/ან ინგლისური.
4. დოკზე არსებული ყველა ტიპის ჟურნალის, ინსტრუქციების, პოსტერების, სავარჯიშოების, საქმისწარმოება უნდა ხორციელდებოდეს ქართულ ენაზე, ასევე შესაძლებელია იყოს ინგლისურ ენაზე.
5. დოკზე არსებული ჟურნალების და მსგავსი დოკუმენტების წარმოება შესაძლებელია მატერიალური ან ელექტრონული სახით, რომლის შენახვის ვადა განისაზღვროს არანაკლებ ხუთი წლის ვადით.
მუხლი 8🔗. მცურავი დოკის ტექნიკური ექსპლუატაცია
1. მცურავი დოკის ადმინისტრაციამ უნდა შეიმუშავოს და ჰქონდეს ტექნიკური დოკუმენტაცია.
2. მცურავი საშუალებების დოკირების სავარაუდო გრაფიკის და დოკზე მდგომი ვადები, სარემონტო ქარხანა ამუშავებს დოკის მომზადების გეგმას და ორგანიზებას უწევს გემის ამოყვანას და ჩაშვებას.
3. გეგმაში მოცემული უნდა იყოს ტექნიკური დოკუმენტაციის გაცემის პირობები, ვადები, დოკის მომზადებისთვის აუცილებელი ვადა, მცურავი საშუალების ბუქსირების თარიღი და დრო, ასევე უნდა იყოს მითითებული ცალკეული სამუშაოების ეტაპები და პასუხისმგებელი პირები.
4. გეგმა გადაეცემა დოკის დოკმაისტერს და დოკირებისთვის გამზადებულ მცურავ საშუალების კაპიტანს.
5. იმ მცურავ საშუალებებისთვის, რომელთა დოკირება კონკრეტულ სარემონტო ქარხანაში უნდა განხორციელდეს პირველად, გემთმფლობელი ან მენეჯერი ვალდებულია აყვანამდე გონივრულ ვადაში დოკს წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია.
ა. თეორიული ნახაზები, კონსტრუქციული ნახაზები, სადოკე ნახაზები, არსებული განყოფილებები სქემები, ელექტროენერგიის მოწობილობების სქემები და პარამეტრები, დეგაზირების დამადასტურებელი საბუთი;
ბ. მცურავი საშუალების წონა, წყალწყვა, დიფერენტი;
გ. მყვინთავების მიერ ჩატარებული წყალქვეშა დათვალიერების აქტი;
დ. სხვა დოკუმენტაცია რომელიც დამატებით მოითხოვს დოკის ხელმძღვანელობა.
6. სერიული მცურავი საშუალებების დოკზე აყვანისათვის სარემონტო ქარხანა ამზადებს ტექნიკურ დოკუემნტაციას, რომელიც მოიცავს გემის ან გემების ჯგუფის დოკზე აყვანისთვის საჭირო ნაზაზებს, სქემებს და სპეციალურ ინსტრუქციებს.
7. იმ შემთხვევაში,როდესაც გემის სიგრძე აღემატება დოკის სიგრძეს, ასევე გემების სპეციალური დანიშნულების ან გემების ჯგუფის დოკზე აყვანისას, სარემონტო ქარხანა ახორციელებს აუცილებელ გათვლებს, ამზადებს დოკზე აყვანის ჩამოყვანის ნახაზებს და გამოსცემს შესაბამის ინსტრუქციებს.
8. მთლიანობაში დოკის მზადყოფნა, მცურავი საშუალების აყვანა და ჩამოყვანა უნდა განხორციელდეს დოკმაისტერის მეთვალყურეობით.
9. მცურავი საშუალების დოკში აყვანის შემდეგ, არაუმეტეს 48 საათში, შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ (აღიარებული ორგანიზაცია, გემფლობელი, დოკმაისტერი და სხვა) უნდა ჩატარდეს მცურავი საშუალების წყლის ქვედა ნაწილის ინსპექტირება და შედეგები უნდა გაფორმდეს შესაბამისი დოკუმენტით. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია შევიდეს შესაბამისი ცვლილებები მცურავის საშუალების შეკეთების/რემონტის გეგმაში.
მუხლი 9🔗. მცურავი საშუალების მომზადება ასაყვანად მცურავი დოკში
1. მცურავი საშუალების დოკზე აყვანის წინ სარემონტო ქარხანაში, რომელიც ახორციელებს დოკირების პროცესს, გემთმფლობელი ან მენეჯერი ვალდებულია დოკმეისტერს მიაწოდოს ყველა სახის დოკუმენტაცია ან ინფორმაცია რომელიც აუცილებლი იქნება დოკირების პროცესისთვის.
2. ზამთრის პერიოდში, მცურავი საშუალების დოკში აყვანის ან ჩამოყვანის პერიოდში თუ შეინიშნება აკვატორიის წყლებში ყინული, აუცილებელია მცურავი საშუალება შემოწმდეს მყვინთავების დახმარებით.
3. მცურავი საშუალების გადახრა დოკზე აყვანამდე, უნდა იქნეს მაქსიმალურად შემცირებული და დაყვანილი ნულამდე.
4. მცურავი საშუალების დიფერენტი არ უნდა აღემატებოდეს დოკის ექსპლუატაციის ინსტრუქციებით/პროცედურებით დაშვებულ დიფერენტს.
5. მცურავი საშუალების მოსამზადებელი სამუშაობის დასრულების შემდეგ, გემთმფლობელი ან მენეჯერი ვალდებულია დოკის ხელმძღვანელობას წარუდგინოს ცნობა, გემის აყვანის მზადყოფნასთან დაკავშირებით.
6. დოკის მომზადება მცურავი საშუალების აყვანისას, კილბლოკების ან სხვა საგები მოწყობილობების განლაგება უნდა შეესაბამებოდეს წინამდებარე წესის მე-8 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტის შემუშავებულ ტექნკიკურ დოკუმენტაციას.
7. მცურავი დოკის წყალში ჩაშვებისას უნდა შემოწმდეს;
ა. საბალასტო განყოფილების და ლიალური წყლების სისტემები დახურული მდგომარეობა;
ბ. საბალასტო სისტემების გამართულობა;
გ. ამწე დანადგარების მოწყობილობა/დანადგარები
დ. მცურავი საშუალების შემოყვანის სისტემები;
ე. დოკზე ნაგავის არარსებობა;
ვ. სხვა მოწყობილობები/დანადგარები შეხედულებისამებრ.
8.დოკის ჩაშვებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ამოსაყვანი მცურავი საშუალების წყალწყვა. ასევე დოკის მიერ შემუშავებული უნდა იყო წესები და ინსტრუქციები მცურავი საშუალებების ტიპების, საერთო ტევადობის, კილის და სხვა მონაცემების მიხედვით.
9. დოკის ჩაძირვის მაშტაბი/ზომა ფიქსირებულია იმ მარკების მიხედვით რომელიც დატანილია შესაბამის ადგილას, დოკის უკიდურესად ჩაძირვისას, დოკის ძირსა და კატლავანის ფსკერს შორის მანძილი არ უნდა იყოს ერთ მეტრზე ნაკლები.
10. ჩაძირულ დოკზე მცურავი საშუალების შეყვანის შემდეგ, დოკის დიამეტრული სიბრტყე უნდა იყოს შერწყმული მცურავი საშუალების დიამეტრულ სიბრტყეს დოკის ამოსვლამდე, სიბრტყეების შეუთავსებლობა არ უნდა აღემატებოდეს დოკის პასპორტში მითითებულ სიდიდეს.
11. თუ გემი ან მცურავი დოკი დოკირდება დიფერენტით, გემის კილის წყლის ზედაპირზე ამოსვლის მომენტისთვის დოკის დიფერენტი უნდა იყოს აღმოფხვრილი.
12. აკრძალულია მცურავი საშულების თავისი სვლით დოკში შესვლა და გამოსვლა.
13. დოკის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული უნდა იყოს წესები და ინსტრუქციები, რომელიც შეეხება მცურავი საშუალებების დოკში შეყვანას და გამოყვანას საბუქსირე გემებით.
14. დოკის ბალასტური განყოფილებების დაცლა და შევსება მცურავი საშუალების აყვანისას უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის დამტკიცებულ წესებს და სქემებს, გადახრის, დიფერენტის ან დეფორმაციის შემთხვევაში უნდა დაფიქსირდეს ჟურნალში და არ უნდა აღემატებოდეს დასაშვებ სიდიდეს.
15. მცურავი საშუალების დოკზე აყვანის და ჩამოყვანის დროს აკრძალულია წყლის, საწვავის ან ტვირთის ჩატვირთვა/გადმოტვირთვა.
16. მცურავი საშუალების დოკში დაყენების დროს აუცილებელია მყვინთავების ჩართულობა.
მუხლი 10🔗. მცურავ დოკში დაწესებული ზოგადი აკრძალვები
1. მცურავ დოკში დაუშვებელია/აკრძალულია;
ა) დოკში აყვანა, როცა აყვანის დროს მცურავი საშუალების გადახრა მიაღწევს 1° ან მეტს ;
ბ) მცურავი საშუალების გადახრის გათანაბრება, დოკის გადახრის საპირსპირო მხარეს;
გ) მცურავი საშუალების გადახრის გათანაბრება, წყლის ამოტუმბვის ან სიმძიმის დადებით;
დ) ოპერაციების ჩატარება, როდესაც მეტეოროლოგიური პირობები არ არის ხელსაყრელი;
ე) ღამის სააათებში მცურავი საშუალების დოკირება, როდესაც არ გააჩნია შესაბამისი განათება;
ვ) დოკის ჩაძირვის და ამოყვანის დროს არსებული ამწე დანადგარებით სარგებლობა;
ზ) სხვა მოთხოვნები რომელიც აღნიშნულია დოკში არსებულ ინსტრუქციებში და წესებში.
2. რამდენიმე მცურავი საშუალების ამოყვანის დროს აუცილებელია მოხდეს დოკის გადახრის და დიფერენტის მეთვალყურეობა, ყოველ კონკრეტულ გემის შეყვანის და დაყენების დროს.
3. ამ მუხლის შესაბამისად, დოკის ადმინისტრაცია ვალდებულია გამოსცეს დამატებით შესაბამისი ინსტრუქციები/წესები.
მუხლი 11🔗. მცურავ დოკში გემების გაჩერების ზოგადი მოთხოვნები
1. დოკის ადმინისტრაციამ უნდა შეიმუშავოს მცურავი საშუალების დოკში გაჩერების წესები და მეთოდები სადაც გათვალისწინებული უნდა იყოს:
ა) უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
ბ) უშიშროების ნორმების დაცვა;
გ) სანიტარული ნორმების დაცვა;
დ) ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების დაცვა;
ე) მცურავი საშუალებების ელექტრომომარაგება;
ვ) შრომის უფლებების დაცვა;
ზ) და სხვა საჭიროებიდან გამომდინარე.
2. დოკის ადმინისტრაცია მცურავი საშუალების დოკში დგომის პერიოდში ვალდებულია დააყენოს საბიჯელა/კიბე (დოკი-გემი-დოკი).
3. მცურავი საშუალების დოკში დგომის პერიოდში აკრძალულია ბორტიდან საყოფახხოვრებო ნივთების, ფეკალური და ლიალური წყლების გადასხმა.
მუხლი 12🔗. მცურავ დოკში გემების ჩაშვების ზოგადი მოთხოვნები
1. მცურავი საშუალების წყალში ჩაშვების წინ ქარხანამ და გემფლობელმა ან მისმა წარმომადგენელმა უნდა შეადგინონ ოქმი სარემონტო სამუშაოების დასრულებასთან დაკავშირებით.
2. მცურავი საშუალების კაპიტანი ახორციელებს გემის წყალქვეშა ნაწილის შემოწმებას/დათვალიერებას და აძლევს დოკმეისტერს წერილობით თანხმობას გემის გასვლასთან დაკავშირებით.
3. დოკის ჩაძირვის დროს დოკმეისტერმა უნდა იხელმძღვანელოს დამტკიცებული დოკის ჩაძირვის საბალასტო სქემით.
4. დოკის ჩაძირვის პერიოდში დოკმეისტერი ვალდებულია აკონტროლოს დოკის გადახრა და დიფერენტი.
5. ამ მუხლის შესაბამისად, დოკის ადმინისტრაცია ვალდებულია გამოსცეს დამატებით შესაბამისი ინსტრუქციები/წესები.
მუხლი 13🔗. მშრალი დოკის ტექნიკური ექსპლუატაცია
1. მშრალი დოკის ადმინისტრაცია უნდა შეიმუშავოს და ჰქონდეს ტექნიკური დოკუმენტაცია.
2. მცურავი საშუალების მომზადება დოკირებისთვის უნდა განხორციელდეს მე-8 მუხლის, მე-5 პუნქტის, „ა“ „ბ“ „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით.
3. მშრალი დოკის მომზადება მცურავი საშუალების მისაღებად უნდა განხორციელდეს მე-8 მუხლის, მე-2, მე-3, მე-4, მე-6 და მე-8 პუნქტებით და მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის გათვალისწინებით.
4. დოკის წყლით შევსებამდე, შემოწმებული უნდა იყოს ჩაკეტილ მდგომარეობაში მიმღები კლინკეტები, ასევე უნდა გამოირიცხოს დოკში ზედმეტი საგნების და ნაგვის არსებობა.
5. დოკის კლინკეტები უნდა გაიხსნეს მას შემდეგ რაც მზადყოფნაში იქნება დოკის განყოფილებები წყლის მისაღებად.
6. დოკის განყოფილების შევსების დროს, საჭიროა მეთვალყურეობა, რომ კლინკეტებიდან გამოსულმა წყლის ჭავლმა არ დააზიანოს კილბლოკების ან სხვა საგები მოწყობილობები.
7. მცურავი საშუალებების ბუქსირება დოკში უნდა განხორციელდეს მე-9 მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტების გათვალისწინებით.
8. მცურავი საშუალების კილბლოკებზე ან სხვა მსაგავსი საგები მოწყობილობებზე დაყენების დროს გემის გადახრის აღმოჩენის შემთხვევაში, დოკმეისტერი ვალდებულია გამოიკვლიოს გადახრის მიზეზი და მიიღოს ზომები უსაფრთხო დაყენებასთან დაკავშირებით.
9. აკრძალულია დოკის ამოტუმბვის გაგრძელება, თუ მისი დაშრობის პროცესში მცურავი საშუალების გადახრა აღემატება 1°ან მეტს ;.
10. მცურავი საშუალების დოკში გაჩერებისას უნდა განხორციელდეს ს მე-11 მუხლის შესაბამისად.
11. დოკში დაწესებული ზოგადი აკრძალვები უნდა განხორციელდეს მე-10 მუხლის შესაბამისად.
12. დოკმეისტერი ვალდებულია მეთვალყურეობა ადევნოს სანიაღვრე და სხვა სისტემების სისუფთავეს.
13. მცურავი საშუალების ჩაშვება დოკიდან უნდა განხორციელდეს მე-12 მუხლის 1-ლი, მე-2, მე-5 პუნქტების და მე-8 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად.
მუხლი 14🔗. სლიპის და ელინგის ტექნიკური ექსპლუატაცია
1. მცურავი საშუალების მომზადება ასაყვანად უნდა განხორციელდეს მე-8 მუხლის, მე-5 პუნქტის, „ა“ „ბ“ „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.
2. სლიპის და ელინგის წყლაქვეშა რაიონში აკრძალულია იმყოფებოდეს მცურავი საშუალებები, რომლებიც არ არიან დაკავებული დოკში აყვანის ჩაყვანის ოპერაციებში.
3. აკრძალულია ღუზის ჩაშვება სლიპის და ელინგის მიმდებარე რაიონში.
4. დოკის ადმინისტრაცია ვალდებულია გამოსცეს შესაბამისი ინსტრუქციები ან წესები სლიპის და ელინგის მიმდებარე ზონებთან დაკავშირებით, რომელსაც ათანხმებს შესაბამის უწყებებთან.
5. დოკზე დანადგარების მომზადება მცურავი საშუალების ამოსაღებად უნდა განხორციელდეს მე-8 მუხლის, მე-2, მე-3, მე-4, მე-6 და მე-8 პუნქტებით და მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად.
6. სლიპის ან ელინგის ადმინისტრაციამ უნდა შეიმუშაოს ტექნიკური დოკუმენტაცია, ასევე მცურავი საშუალების დოკში აყვანის და ჩაყვანის წესები და სტანდარტები.
7. მცურავი საშუალების ყოველი აყვანის წინ დოკმაისტერი ვალდებულია;
ა. შეამოწმოს ყველა სარკინიგზო თუ სხვა მსგავსი გზები, მათი დამაგრება, უცხო საგნების არარსებობა, როგორც დოკის ზედაპირზე ისე წყალქვეშ;
ბ. შეამოწმოს ურიკების გამართული მუშაობა, მასზე დაყენებული ჰიდრავლიკური და პნევმატური მოწყობილობების მომსახურეობა, კილბლოკების ან სხვა საგები მოწყობილობების დამაგრება, მოცემული გემის შემუსავებული ნახაზის მიხედვით;
გ. შეამოწმოს საექსპლოატაციო ვარგისიანობა, დასაჭიმი თოკების, ბლოკების, მცურავი საშუალების აყვანის და ჩაყვანის მოწყობილობები და სხვა.
დ. შეამოწმოს სატელეფონო ხაზები, სიგნალიზაცია, რადიო მოწყობილობების და ასე შემდეგ.
8. ზამთრის პერიოდში მცურავი საშუალების ყოველი აყვანის წინ დოკმაისტერი ვალდებულია;
ა. მოახდინოს დოკის ზედაპირისა და წყალქვეშა ტერიტორიის დათვალიერება, ყინულის ან თოვლის არსებობის შემთხვევაში მისგან გასუფთავება;
ბ. საჭიროების შემთხვევაში მყვინთავის მიერ წყალქვეშა იმ ნაწილის დათვალიერება სადაც არის შესაბამისი მოწყობილობები;
გ. დოკის აკვატორიის გაწმენდა ყინულისგან.
9. მცურავი საშუალების დოკში გაჩერებისას უნდა განხორციელდეს მე-11 მუხლის შესაბამისად.
10. მცურავი საშუალების ჩაშვება დოკიდან უნდა განხორციელდეს მე-12 მუხლის 1-ლი, მე-2, მე-5 პუნქტების და მე-8 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად.
11. დოკში დაწესებული ზოგადი აკრძალვები უნდა განხორციელდეს მე-10 მუხლის შესაბამისად.
12. სლიპის და ელინგის ადმინისტრაცია ვალდებულია გამოსცეს წესები და ინსტრუქციები დოკში ზოგად აკრძალვებთან დაკავშირებით.
მუხლი 15🔗. მექანიზმების, დანადგარების, მოწყობილობების და სხვა მსგავსი სისტემების ტექნიკური ექსპლუატაცია
1. მცურავი დოკის ადმინისტრაციამ უნდა შეიმუშავოს მექანიზმების, დანადგარების, მოწყობილობების და სხვა სისტემების ექსპლუატაციის ტექნიკური წესები.
2. მცურავ დოკში გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი მინიმალური მოთხოვნები:
ა. ბალასტური და გაწმენდითი სისტემების აღჭურვილობა უნდა იყოს მუდმივ მზადყოფნაში და შემოწმდეს ყოველდღიურად.
ბ. სადრენაჟო ტუმბოს მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, წყლის ამოტუმბვა საბალასტო განყოფილებებიდან უნდა განხორციელდეს არსებული ტუმბოებიდან და გაწმენდითი სისტემების ტუმბოებით.
გ. ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები და ტუმბოები მუდმივად უნდა იყოს მზადყოფნაში და უნდა ხდებოდეს შემოწმება.
დ. ყოველდღიურად უნდა შემოწმდეს არსებული მილსადენები და დაზიანებულის შეკეთება უნდა განხორციელდეს.
ე. ღუზის მოწყობილობა უნდა შემოწმდეს 3 თვეში ერთხელ.
ვ. ყოველი შტორმის შემდეგ დაუყონებლივ უნდა შემოწმდეს ღუზის მოწყობილობა.
ზ. ღუზის მოწყობილობის წყალქვეშა შემოწმება უნდა განხორციელდეს სამ წელიწადში ერთხელ.
თ. აკრძალულია დოკის შემდგომი ექსპლუატაცია, თუ ღუზის ჯაჭვის ცვეთა მიაღწევს 25%. დოკის ადმინისტრაციას შეუძლია შეიმუშავოს ალტერნატიური საშუალება/მეთოდი, რომელიც დამტკიცებული იქნება სააგენტოს ან აღიარებული ორგანიზაციის მიერ.
ი. ამწე დანადგარების მუშაობა დაუყონებლივ უნდა შეჩერდეს, დოკის გადახრის ან დიფერენტის დროს.
კ. აკრძალულია ამწე დანადგარის მუშაობა, თუ ქარის სიმძლავრე აღემატება ამწის პასპორტში მითითებულ ქარის სიმძლავრეს.
ლ. მცურავი საშუალებების შეყვანის და გამოყვანის მოწყობილობები და ასევე მიბმა/ჩახსნის დანადგარები (ჯალამბარი, კნეხტი, თოკები და ა.შ.) უნდა იყოს კარგ მდგომარეობაში და შემოწმდეს მცურავი საშუალებების შეყვანის და გამოყვანის წინ.
3. მშრალ დოკში გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი მინიმალური მოთხოვნები:
ა. ტუმბოების და გაწმენდითი სისტემების აღჭურვილობა უნდა იყოს მუდმივ მზადყოფნაში და შემოწმდეს ყოველდღიურად.
ბ. ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები მუდმივად უნდა იყოს მზადყოფნაში და უნდა ხდებოდეს შემოწმება.
გ. მინიმუმ თვეში ერთხელ უნდა შემოწმდეს არსებული მილსადენები და დაზიანებულის შეკეთება უნდა განხორციელდეს.
დ. აკრძალულია ამწე დანადგარის მუშაობა, თუ ქარის სიმძლავრე აღემატება ამწის პასპორტში მითითებულ ქარის სიმძლავრეს.
ე. ნაგებობის და კარების შემოწმება უნდა ხორციელდებოდეს ყოველ ექვს თვეში ერთხელ.
4. სლიპის და ელინგისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი მინიმალური მოთხოვნები:
ა. აკრძალულია ჯალამბარის გამოყენაბა ინსტალაციის, შეკეთების ან აღდგენის შემდეგ თუ არ იქნება შესაბამისი სათანადო შემოწმება.
ბ. ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები მუდმივად უნდა იყოს მზადყოფნაში და უნდა ხდებოდეს შემოწმება.
გ. მინიმუმ თვეში ერთხელ უნდა შემოწმდეს არსებული მილსადენები და დაზიანებულის შეკეთება უნდა განხორციელდეს.
დ. აკრძალულია ამწე დანადგარის მუშაობა, თუ ქარის სიმძლავრე აღემატება ამწის პასპორტში მითითებულ ქარის სიმძლავრეს.
5. მექანიზმების ტექნიკური ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს ხარისხის სახელმძღვანელოს შესაბამისად.
6. დოკებზე უნდა არსებობდეს ვიდეო მეთვალყურეობა და ჩანაწერები უნდა ინახებოდეს გარკვეული პერიოდით, არანაკლებ ბოლო 1 თვისა.
მუხლი 16🔗. ჰიდრავლიკური გამოცდები
1. ჰიდრავლიკურ გამოცდას ექვემდებარება ყველა ტიპის ქვაბი, ორთქლის გადამხურებელი, ეკონომაიზერი და მათი ელემენტები, ყველა ტიპის სტაციონალური წნევის ქვეშ მყოფი ბალონი/რეზერვუარი ახალ ადგილზე დამონტაჟებისა და ექსპლუატაციისას, ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული პერიოდულობით.
2. ჰიდრავლიკური გამოცდის დროს, გამოსაცდელი წნევის მნიშვნელობა და გამოცდის ჩატარების წესი უნდა უზუნველყოფდეს ქვაბის ტექნიკური მდგომარეობის და შემდგომი უსაფრთხო მუშაობს დადგენის შესაძლებლობას.
3. ჰიდრავლიკური გამოცდის შედეგები ჩაითვლება დადებითად, თუ გამოცდის დროს ძირითად ლითონში არ იქნება გამოვლენილი ხილული ნარჩენი დეფორმაციები, ბზარები ან მთლიანობის დარღვევის ნიშნები, დენა შენადუღ, გავალცულ, დაშლად და მოქლონურ შეერთებებში. გამოცდის დროს ვალცვურ და გასართ შეერთებებში დასაშვებია ცალკეული წვეთების წარმოქმნა, რომლებიც დაყოვნების დროის განმავლობაში არ მატულობს.
4. დოკის ადმინისტრაცია ვალდებულია შეიმუშავოს ჰიდრავლიკური გამოცდის ტექნიკური სტანდარტი, სადაც გათვალისიწნებული იქნება გამოცდის ჩატარების ტიპები, ვადები და სხვა დამატებითი მოთხოვნევბი.
5. სერვის პროვადეირებთან დაკავშირებით სააგენტო დამატებით გამოსცემს შესაბამის დოკუმენტს.
მუხლი 17🔗. დოკში სამუშაო პირობები
1. დოკის ადმინისტრაცია ვალდებულია აწარმოოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, შიდა სტანდარტი, რომელიც დაადასტურებს მათი საქმიანობის ყოველწლიურ შემოწმებას და გამოავლენს მათ მდგრადობას და ეფექტიან საქმიანობას.
2. დოკის ადმინისტრაციას უნდა გააჩნდეს მისი საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი სამუშაო ინსტრუქციები.
3. დოკის ადმინისტრაციამ უნდა გააჩნდეს და შეინარჩუნოს სერტიფიცირებული, კომპეტენტური და გამოცდილი სამუშაო ძალა ან ჩართოს ქვეკონტრაქტორები დოკის ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებულ მომსახურებებისთვის.
4. დოკში სამუშაოების სტანდარტული მომსახურების საფასურს ადგენს დოკის ადმინისტრაცია, რომელიც წინასწარ არის გამოცემული და გამოქვეყნებული საჯაროდ, ხელშეკრულების დადებამდე დოკის ადმინისტრაციას შეუძლია შეცვალოს ტარიფები.
5. მცურავი საშუალების დოკში რემონტის, გადაკეთების ან ახლის აშენების პერიოდში, ტექნიკური ზედამხედველობა უნდა გაუწიოს სააგენტოს მიერ აღიარებულმა ორგანიზაციამ.
6. შემდუღებელი, რომელიც სამუშაოებს ასრულებს უშუალოდ მცურავ საშუალებაზე ან დოკებზე, სერტიფიცირებული უნდა იყოს აღიარებული ორგანიზაციის მიერ.
7. დოკის ადმინისტრაცია ვალდებულია ოთხ თვეში ერთხელ სააგენტოს მიაწოდოს განახლებული ინფორმაცია მცურავი საშუალებების დოკირებასთან დაკავშირებით.
8. დოკში შრომითი და მისი თანმდევი ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონის „შრომის კოდექსის“ შესაბამისად.
9. დოკში სამუშაო ადგილზე შრომის უსართხოება და მისი თანმდევი საკითხები რეგულირდება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
10. დოკის ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს და შეიმუშაოს გემფლობელებთან ან მენეჯერებთან ურთიერთობის მოთხოვნები, რისკების შეფასებების პროცედურა და სადაზღვევო მოთხოვნები.
მუხლი 18🔗. დოკის აღიარების და შემოწმების საფასური
აღიარების გაცემის და შემოწმების საფასური განისაზღვრება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანების შესაბამისად.
მუხლი 19🔗. დოკმაისტერი უფლებები და ვალდებულებები
1. წინამდებარე მუხლში მოხსენიებული ტერმინი „დოკმაისტერი“ გამოიყენება შინაარსობრივი თვალსაზრისით და არ ზღუდავს დოკის ადმინისტრაციას სხვა სახელით, თუმცა მსგავსი სამუშაო აღწერილობით დანიშნოს შესაბამისი პასუხისმგებელი პირი.
2. დოკმაისტერს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დოკის ადმინისტრაცია.
3. დოკმაისტერის მიერ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დოკში წესრიგის დასაცავად გაცემული განკარგულებები სავალდებულოა შეასრულოს დოკში მყოფმა ყველა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა და გემმა.
4. დოკმაისტერი ადგენს დოკში ღამის და დღის მორიგებობას.
5. ახორციელებს მონიტორინგს დოკის ტექნიკურ მდგომარეობაზე, მის დროულ შეკეთებასა და სათადარიგო ნაწილების ხელმისაწვდომობაზე/მარაგზე.
6. უზრუნველყოფს დოკში მომუშავე პერსონალისთვის შესაბამისი სასწავლო წვრთნების ჩატარებას/ორგანიზებას.
7. უშუალოდ ხელმძღვანელობს და უზრუნველყოფს მცურავი საშუალების უსაფრთხო აყვანას, გაჩერებას და ჩამოყვანას.
8. უზრუნველყოფს და მონიტორინგს უწევს დოკში ჟურნალების და მსგავსი დოკუმენტების წარმოებას.
9. უზრუნველყოფს და მონიტორინგს უწევს დოკში უსაფრთხოების, უშიშროების და გარემოს დაცვის ნორმების/წესების დაცვას.
10. უზრუნველყოფს და მონიტორინგს უწევს დოკში მომუშავე პერსონალის შრომის უსაფრთხოებას.
11. კანონმდებლობის შესაბამისად, ასრულებს სხვა უფლებებს და ვალდებულებებს, რომელიც მინიჭებული აქვს დოკის ადმინისტრაციიდან.
მუხლი 20🔗. დოკის პასუხსიმგებელი პირის დანიშვნის კვალიფიკაციის მინიმალური მოთხოვნები
დოკმაისტერად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე რომელსაც აქვს:
ა. საზღვაო განათლება (ბაკალავრი), გემის ნავიგაციის კვალიფიკაცია და მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი, რომელიც გაცემულია STCW კონვენციის II/2 რეგულაციის თანახმად და გააჩნია მინიმუმ 12 თვის ნაოსნობის გამოცდილება კაპიტნის ან უფროსი თანაშემწედ; ან
ბ. საზღვაო განათლება (ბაკალავრი), გემის ინჟინერ მექანიკოსის კვალიფიკაცია და მართვის დონის სერტიფიკატი, რომელიც გაცემულია STCW კონვენციის III/2 რეგულაციის თანახმად და გააჩნია მინიმუმ 12 თვის ნაოსნობის გამოცდილება უფროს მექანიკოსად ან მეორე მექანიკოსად და უნდა გააჩნდეს სპეციალიზირებული ტრეინინგი (დოკმეისტერი) შესაბამისი კომპეტენციის და უნარჩვევების უზრუნველსაყოფად; ან
გ. საზღვაო განათლება (გემთშენებლობა, ან სხვა მსგავსი კვალიფიკაცია საზღვაო დარგთან დაკავშირებული) და გააჩნია დოკში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება საიდანაც 3 წელი უნდა ჰქონდეს ხელმღვანელ ან ზედამხედველ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება, ასევე გააჩნდეს სპეციალიზირებული ტრეინინგი (დოკმეისტერი) შესაბამისი კომპეტენციის და უნარჩვევების უზრუნველსაყოფად.
მუხლი 21🔗. გარდამავალი დებულება საქართველოში არსებულ მცურავი დოკისთვის
საქართველოში არსებული მცურავ დოკზე სამუშაობის ჩატარება ნებადართულია გარდამავალი პერიოდის განმავლობაში, ასევე განისაზღვროს შესაბამისი ვადები სერტიფიცირებასთან დაკავშირებით.
ა) განხორციელდეს დოკის შემოწმება აღიარებული ორგანიზაციის ან სააგენტოს მიერ, ამ ბრძანების მე-3 მუხლის ამოქმედებიდან სამი თვის განმავლობაში.
ბ) შემოწმების შემდეგ, სამი თვის ვადაში წარუდგინოს სააგენტოს დოკის სრული რეაბილიტაციის გეგმა.
დ) განახორციელოს დოკის მართვა/ოპერირება იმ პირებმა, რომლის კვალიფიკაცია და გამოცდილება არ შეესაბამება ამ ბრძანების მე-20 მუხლის მოთხოვნებს.
ე) ამ ბრძანების მე-8 მუხლის შესაბამისად განახორციელოს და შეასრულოს ტექნიკური ოპერაციები.
ვ) შესაძლო პრაქტიკიდან გამომდინარე, გარდამავალ პერიოდში დოკის ადმინისტრაცია ვალდებულია იხელმძღვანელოს წინამდებარე ბრძანების მოთხოვნებით.