ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 09.02.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №08/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430050000.22.022.017989
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/02/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.02.2021 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დროებითი მართვის საინფორმაციო სისტემის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის
ბრძანება №08/ნ
2021 წლის 9 თებერვალი
ქ. თბილისი
ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნის და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი1“ პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნის და ადმინისტრირების წესი და პირობები“ თანდართული დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დანართი
ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნის და ადმინისტრირების წესი და პირობები
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
1. ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომში – სისტემა) შექმნისა და ადმინისტრირების წესი და პირობები (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების, სისტემაში ინფორმაციის დამუშავების (სისტემაში ინფორმაციის შეტანა, შენახვა, შეცვლა, გამოყენება ან/და გაცემა) წესებს და პირობებს, ასევე პასუხისმგებლობებს სისტემაში ინფორმაციის დამუშავებაზე.
2. სისტემა წარმოადგენს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომში – მართვის სისტემა) სერვერზე განთავსებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზას, რომელიც აერთიანებს კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ ინფორმაციას და რომელშიც ინფორმაციის დამუშავება ხორციელდება მხოლოდ ავტორიზებული მომხმარებლების მიერ.
3. ამ წესის მიზანია საქართველოს კონსტიტუციის, კონსტიტუციური შეთანხმების, საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად მართვის სისტემის მიერ ინფორმაციის შეგროვების, შენახვის, დამუშავების, ანალიზისა და ადმინისტრირების უზრუნველყოფა.
მუხლი 2🔗. სისტემის ადმინისტრირება
1. სისტემის შექმნასა და ადმინისტრირებაზე, ასევე მასში ასახული ინფორმაციის შეგროვების, შენახვის, დამუშავებისა და ანალიზის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ სუბიექტს წარმოადგენს მართვის სისტემა.
2. მართვის სისტემა უფლებამოსილია სისტემის ფუნქციონირებისა და ადმინისტრირების მიზნით, უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს სისტემაზე წვდომის/დაშვების დონეები.
3. სისტემაში აისახება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, საგანმანათლებლო პროგრამების, სისტემაში ელექტრონულად მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია, ასევე, საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი პერსონალის, საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მქონე/ჩარიცხული პირებისა და მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის პერსონალური მონაცემები, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში − მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემი (მხოლოდ მოსწავლეების შემთხვევაში).
4. მართვის სისტემა უფლებამოსილია, სისტემაში კანონმდებლობით დადგენილი წესით ასახულ ფიზიკურ პირთა იდენტიფიცირების/ვერიფიკაციის ან/და მათი მოქალაქეობრივი მდგომარეობის დადგენის/გადამოწმების მიზნით, მიიღოს და დაამუშაოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცული, ფიზიკური პირის შემდეგი პერსონალური მონაცემები:
ა) სახელი, გვარი;
ბ) პირადი ნომერი;
გ) დაბადების თარიღი;
დ) სქესი;
ე) მოქალაქეობა;
ვ) იურიდიული და/ან ფაქტობრივი მისამართი;
ზ) გარდაცვალების სტატუსი.
5. მართვის სისტემა უფლებამოსილია, ამ წესით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების მიზნით, მიიღოს და გამოიყენოს სამინისტროს სისტემაში შემავალ სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში არსებული პერსონალური მონაცემები.
6. მართვის სისტემა უფლებამოსილია შესაბამისი საკანონმდებლო საფუძვლების შესაბამისად მოახდინოს მონაცემთა მიმოცვლა სხვა სახელმწიფო უწყებების მონაცემთა ბაზებთან.
მუხლი 3🔗. სისტემის სუბიექტები და ინფორმაციაზე/მონაცემებზე წვდომის უფლებები
1. სისტემით სარგებლობის უფლება აქვთ მხოლოდ სისტემის სუბიექტებს.
2. მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული უფლება-მოვალეობების ფარგლებში, სისტემის სუბიექტები არიან:
ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება);
ბ) მართვის სისტემა;
გ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;
დ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – საგანმანათლებლო რესურსცენტრი;
ე) სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი;
ვ) სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო;
ზ) სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი;
თ) სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი;
ი) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სხვა დაწესებულება.
3. სისტემა მოიცავს ინფორმაციაზე/მონაცემზე წვდომის შემდეგი სახის უფლებებს:
ა) ინფორმაციის/მონაცემის ხედვა;
ბ) ინფორმაციის/მონაცემის ასახვა/რედაქტირება.
4. ინფორმაციაზე/მონაცემზე ხედვის უფლება გულისხმობს, ელექტრონული სისტემის მომხმარებლის მიერ ინფორმაციის/მონაცემების მხოლოდ დათვალიერების შესაძლებლობას.
5. ინფორმაციის/მონაცემის ასახვა/რედაქტირების უფლება გულისხმობს, ელექტრონული სისტემის მომხმარებლის მიერ ინფორმაციის/მონაცემის ასახვის, შეცვლისა და წაშლის/გაუქმების შესაძლებლობას.
6. შესაძლებელია სისტემის სუბიექტს ერთდროულად გააჩნდეს ინფორმაციის/მონაცემის ხედვისა და ინფორმაციის/მონაცემის ასახვა/რედაქტირების უფლება.
7. წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლების/უფლებების მინიჭება კონკრეტული პირისათვის განხორციელდება უფლებამოსილი დაწესებულების მიერ მართვის სისტემისათვის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.
მუხლი 4🔗. სისტემაში ავტორიზაცია
1. სისტემის სუბიექტის მხრიდან სისტემაზე წვდომისათვის საჭიროა ავტორიზაციის გავლა. სისტემის სუბიექტის უფლებამოსილი პირის სისტემის ავტორიზებულ მომხმარებლად რეგისტრაცია და ამ წესით გათვალისწინებული უფლების/უფლებების მინიჭება ხორციელდება უშუალოდ სისტემის სუბიექტის ან მართვის სისტემის მიერ.
2. სისტემაზე წვდომისათვის საჭიროა მომხმარებელმა გაიაროს ავტორიზაცია, რომელიც ხორციელდება დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (eflow) რეგისტრაციისათვის არსებული სახელითა და პაროლით.
3. ავტორიზაციის გავლის შემდეგ თითოეულ მომხმარებელს ელექტრონულ სისტემაში გააჩნია მონაცემებზე მისთვის მინიჭებული წვდომის შესაბამისი დონე.
4. ავტორიზაციის პაროლის დავიწყების შემთხვევაში პაროლის აღდგენა შესაძლებელია მართვის სისტემის ცხელ ხაზზე შეტყობინების და მომხმარებლისთვის ახალი ერთჯერადი პაროლის მიწოდების გზით.
5. სისტემაში შესაბამისი თანამშრომლის/თანამშრომლების მომხმარებლად რეგისტრაცია და ამ წესით გათვალისწინებული უფლების/უფლებების მინიჭება, ასევე მომხმარებლის გაუქმება და მინიჭებული უფლებების ცვლილება კონკრეტული პირისათვის განხორციელდება უფლებამოსილი დაწესებულების მიერ მართვის სისტემისათვის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.
მუხლი 5🔗. სისტემაში მიმდინარე პროცესები
სისტემაში, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და შესაბამის ვადაში, ელექტრონულად მიმდინარეობს შემდეგი პროცესები:
ა) მოსწავლის ჩარიცხვა/გარიცხვა/ამორიცხვა;
ბ) მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერება/სტატუსის აღდგენა;
გ) მოსწავლის მიერ კლასის/სემესტრის დაძლევა;
დ) მოსწავლის მობილობა;
ე) საგაკვეთილო ცხრილის შექმნა, მათ შორის არჩევითი საგნის დამატება;
ვ) მასწავლებლებისთვის საგნების განაწილება;
ზ) მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით გათვალისწინებული აქტივობები;
თ) მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით გათვალისწინებული სტატუსების ასახვა;
ი) დაწესებულებების მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების არჩევა;
კ) ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული გამოცდების შედეგების ასახვა;
ლ) იმ პირების შესახებ ინფორმაციის/მონაცემის ასახვა, რომელთაც მოიპოვეს საბაზო და/ან სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის მიღების უფლება;
მ) წარჩინებულ მოსწავლეთა შესახებ ინფორმაციის/მონაცემის ასახვა;
ნ) სამეურვეო საბჭოს არჩევნების შედეგების შეჯამება, სამეურვეო საბჭოს/საბჭოს წევრის/წევრების უფლებამოსილების წარმოშობის და უფლებამოსილების შეწყვეტის რეგისტრაცია;
ო) სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების შეჩერება/აღდგენა;
პ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა პროცესები.
მუხლი 6🔗. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ ასასახი ინფორმაცია/მონაცემი
1. დაწესებულებების შესახებ სისტემა მოიცავს შემდეგ ინფორმაციას/მონაცემს:
ა) დაწესებულების სრული იურიდიული დასახელება ქართულ და ინგლისურ ენებზე (შესაბამისი სამართლებრივი ფორმის მითითებით);
ბ) საიდენტიფიკაციო კოდი;
გ) მისამართი (რეგიონისა და თვითმმართველი ქალაქის/მუნიციპალიტეტის მითითებით);
დ) ავტორიზაციის მინიჭების თარიღი და ვადა;
ე) საფეხური, რაზეც მინიჭებული აქვს ავტორიზაცია;
ვ) ავტორიზაციით განსაზღვრული მოსწავლეთა ზღვრული ოდენობა (კერძო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (შემდგომში – კერძო სკოლა) შემთხვევაში);
ზ) საფეხურის /საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ენა;
თ) საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ.ფოსტა, სკოლის ვებგვერდი);
ი) საბანკო რეკვიზიტები;
კ) ბალანსზე რიცხული შენობები;
ლ) შენობების რაოდენობა (ძირითადი/დამატებითი);
მ) ინფორმაცია/მონაცემი, რომელ შენობაში მიმდინარეობს სასწავლო პროცესი;
ნ) რეორგანიზაციის შედეგად გადაცემული შენობა (რეორგანიზაციისა და შენობის გადაცემის აქტის დასახელება);
ო) პანსიონის შესახებ (საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (შემდეგში – საჯარო სკოლას) შემთხვევაში;
პ) მაღალმთიან დასახლებაში მდებარეობის შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას კერძო სკოლის შემთხვევაში, გარდა ინგლისურ ენაზე დაწესებულების იურიდიული დასახელებისა, სისტემაში ასახავს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ე“ და „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას/მონაცემს, საჯარო სკოლის შემთხვევაში, სისტემაში ასახავს მართვის სისტემა.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულების სრულ იურიდიულ დასახელებას ინგლისურ ენაზე, კერძო სკოლის შემთხვევაში, სისტემაში ასახავს მართვის სისტემა.
5. სისტემაში დაწესებულებების მიერ შეიტანება ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“-„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია შესაბამისი აქტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღის ვადაში, ხოლო თუ ინფორმაციის არსებობა არ უკავშირდება აქტის გამოცემას – შესაბამისი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღის ვადაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ საკითხის მომწესრიგებელი სპეციალური სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულია კონკრეტული ინფორმაციის/მონაცემის სისტემაში ასახვის განსხვავებული ვადები).
6. იდენტიფიცირებისათვის სისტემა დაწესებულებას ანიჭებს ოთხნიშნა უნიკალურ კოდს.
მუხლი 7🔗. ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების შესახებ შესატანი ინფორმაცია/მონაცემი
1. სისტემა დაწესებულებების პროგრამების შესახებ მოიცავს შემდეგ ინფორმაციას/მონაცემს:
ა) ზოგადი განათლების საფეხური;
ბ) ზოგადი განათლების საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ენა;
გ) საგნების ჩამონათვალი;
დ) კლასების ჩამონათვალი;
ე) ცვლები;
ვ) საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ არჩეული სახელმძღვანელოები კლასებისა და სექტორების მიხედვით;
ზ) სწავლების დაწყებისა და დასრულების თარიღი.
2. სისტემაში დაწესებულებების მიერ შეიტანება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“-„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია/მონაცემი შესაბამისი აქტის ძალაში შესვლიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში, ხოლო თუ ინფორმაციის არსებობა არ უკავშირდება აქტის გამოცემას – შესაბამისი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღის ვადაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ საკითხის მომწესრიგებელი სპეციალური სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულია კონკრეტული ინფორმაციის რეესტრში ასახვის განსხვავებული ვადები).
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია შეიტანება მართვის სისტემის მიერ.
მუხლი 8🔗. საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში განხორციელებასთან დაკავშირებით ასასახი ინფორმაცია/მონაცემი
1. საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის შესახებ სისტემა მოიცავს შემდეგ ინფორმაციას/მონაცემებს:
ა) საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის აღიარების განმახორციელებელი უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ინსტიტუტის (შემდგომში – ინსტიტუტი) სრული იურიდიული დასახელება ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომელსაც სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან დადებული აქვს ხელშეკრულება;
ბ) სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და ინსტიტუტს შორის დადებული ხელშეკრულების ძალაში შესვლისა და მოქმედების ვადა;
გ) საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დასახელება ქართულ და ინგლისურ ენებზე;
დ) საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ენა.
2. დაწესებულების შესახებ, რომელსაც აქვს საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში განხორციელების უფლება, სისტემა მოიცავს შემდეგ ინფორმაციას/მონაცემებს:
ა) დაწესებულების სრული იურიდიული დასახელება ქართულ ენაზე (შესაბამისი სამართლებრივი ფორმისა და საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით);
ბ) დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ.ფოსტა, ვებგვერდი);
გ) დაწესებულების დირექტორის/ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის შესახებ ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა, მისამართი, ტელეფონი, ელ.ფოსტა).
3. სისტემა საზღვარგარეთ აღიარებულ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მქონე/ჩარიცხულ პირთა (მოსწავლის) შესახებ მოიცავს შემდეგ ინფორმაციას/მონაცემებს:
ა) სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა;
ბ) მისამართი (იურიდიული/ფაქტობრივი);
გ) ჩარიცხვის უფლების მქონე პირის რეგისტრაციის თარიღი;
დ) მოსწავლის ჩარიცხვის, სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია, საფუძველი, აქტის ნომერი და თარიღი;
ე) სექტორი, კლასი, პარალელური კლასი და განაყოფი, რომელშიც ჩაირიცხა/სწავლობს მოსწავლე;
ვ) კლასის დაძლევის შესახებ ინფორმაცია, შესაბამისი აქტის ნომერი და თარიღი;
ზ) მოსწავლის მიერ საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ, დასრულების აქტის ნომერი და თარიღი;
თ) მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/მეურვის შესახებ ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა, ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტა).
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“-,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას სისტემაში ასახავს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, მასსა და ინსტიტუტს შორის დადებული ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას სისტემაში ასახავს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ინსტიტუტის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“- ,,გ“ ქვეპუნქტებით და მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას სისტემაში ასახავს ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც აქვს საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში განხორციელების უფლება. სისტემაში ინფორმაცია აისახება შესაბამისი აქტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღის ვადაში, ხოლო თუ ინფორმაციის არსებობა არ უკავშირდება აქტის გამოცემას – შესაბამისი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს 5 დღის ვადაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ საკითხის მომწესრიგებელი სპეციალური სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულია კონკრეტული ინფორმაციის/მონაცემის სისტემაში ასახვის განსხვავებული ვადები).
მუხლი 9🔗. ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის შესახებ შესატანი ინფორმაცია/მონაცემი
1. სისტემა მოიცავს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის შესახებ შემდეგ ინფორმაციას/მონაცემებს:
ა) საჯარო სკოლის დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი;
ბ) საჯარო სკოლის დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის სახელი, გვარი პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი;
გ) საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრთა სახელი, გვარი, პირადი ნომერი და სტატუსი;
დ) დაწესებულების პერსონალის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა, მისამართი (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით), ტელეფონი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;
ე) პერსონალის დაკავებული თანამდებობა, თანამდებობის დაკავების ან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის თარიღი;
ვ) პერსონალის განათლება, ინფორმაცია აკადემიური ხარისხის შესახებ, კვალიფიკაცია, სტაჟი;
ზ) პედაგოგის საათობრივი დატვირთვა (მოიცავს საგანს, კლასსა და სექტორს);
თ) პედაგოგის შრომის ანაზღაურების ოდენობა;
ი) პედაგოგის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსი.
2. სისტემაში დაწესებულებების მიერ შეიტანება ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“-თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია, შესაბამისი აქტის ძალაში შესვლიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში, ხოლო თუ ინფორმაციის არსებობა არ უკავშირდება აქტის გამოცემას – შესაბამისი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღის ვადაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ საკითხის მომწესრიგებელი სპეციალური სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულია კონკრეტული ინფორმაციის/მონაცემის სისტემაში ასახვის განსხვავებული ვადები).
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ბ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას სისტემაში ასახავს მართვის სისტემა.
მუხლი 10🔗. ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მქონე/ჩარიცხული პირების (მოსწავლის) და მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის/მეურვის შესახებ შესატანი ინფორმაცია/მონაცემი
1. სისტემა პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მქონე/ჩარიცხულ პირთა (მოსწავლის) შესახებ მოიცავს შემდეგ ინფორმაციას/მონაცემებს/დოკუმენტაციას:
ა) სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა;
ბ) მისამართი (იურიდიული/ფაქტობრივი);
გ) ჩარიცხვის უფლების მქონე პირის რეგისტრაციის თარიღი;
ე) მოსწავლის ჩარიცხვის, სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია, აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) სექტორი, კლასი, პარალელური კლასი და განაყოფი, რომელშიც ჩაირიცხა/სწავლობს მოსწავლე;
ზ) კლასის დაძლევის შესახებ ინფორმაცია, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) მოსწავლის მიერ პროგრამის დასრულების შემდეგ დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ი) მოსწავლის მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის/მეურვის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა, ტელეფონის ნომერი;
კ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის (შესაბამისი დარღვევის ტიპის მითითებით) სტატუსი, აღნიშნულის დამადასტურებელი მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნა;
ლ) სოციალურად დაუცველი პირის სტატუსი;
მ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლის სტატუსი;
ნ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის სტატუსი – ბრალდებული/მსჯავრდებული მოსწავლის არსებობის შემთხვევაში;
ო) მოსწავლის ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის და თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი;
პ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მონაცემები.
2. სისტემაში დაწესებულებების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია აისახება შესაბამისი აქტის ძალაში შესვლიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში, ხოლო თუ ინფორმაციის არსებობა არ უკავშირდება აქტის გამოცემას – შესაბამისი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღის ვადაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ საკითხის მომწესრიგებელი სპეციალური სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულია კონკრეტული ინფორმაციის სისტემაში ასახვის განსხვავებული ვადები).
3. პროგრამებზე ჩარიცხვის უფლების მქონე/ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არ მქონე პირს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ აქვს მინიჭებული პირადი ნომერი, სისტემა პირის იდენტიფიცირებისათვის ავტომატურად ანიჭებს უნიკალურ კოდს, რომელიც შედგება 11 სიმბოლოსგან.
მუხლი 11🔗. ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია
ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის პროცედურების, ასევე, სისტემაში შესატანი კონკრეტული ინფორმაციის ჩამონათვალი, ასევე ინფორმაციის შეტანაზე პასუხისმგებელი პირები და მათი კონკრეტული ვალდებულებები განისაზღვრება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №04/ნ ბრძანებით.
მუხლი 12🔗. სისტემის მონიტორინგი და ასახული ინფორმაციის/მონაცემის ცვლილება
1. სისტემაში შეტანილი ინფორმაციის/მონაცემების/მონაცემის გადამოწმება (მონიტორინგი) ხორციელდება მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.
2. იმ გარემოებათა შეცვლისას, რომელიც საფუძვლად დაედო სისტემაში ინფორმაციის/მონაცემის შეტანას, უნდა განხორციელდეს შესაბამისი ცვლილება. სისტემაში ცვლილებას განახორციელებს ამ ინფორმაციის/მონაცემის შემტანი დაწესებულება.
3. სისტემაში ასახული ინფორმაციის/მონაცემის ცვლილების (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა) ან ინფორმაციის/მონაცემის ამოღების საფუძველი შეიძლება იყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონიტორინგის შედეგები ან ინფორმაციის/მონაცემის შესახებ დაშვებული ტექნიკური შეცდომა.
მუხლი 13🔗. სისტემაში ასახული ინფორმაციის უტყუარობის პრეზუმფცია
1. სისტემაში ასახული ინფორმაციის მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია.
2. დაწესებულების სამართლებრივ აქტებში ასახულ ინფორმაციას და სისტემაში ასახულ შესაბამის ინფორმაციას შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში გაითვალისწინება სისტემის ინფორმაცია.
3. ინფორმაციის შემტანი დაწესებულება ვალდებულია წინამდებარე წესითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადაში ასახოს სისტემაში შესაბამისი ინფორმაცია/მონაცემი.
4. დაწესებულების მიერ სისტემაში შესაბამისი ინფორმაციის დროულად შეუტანლობა შეიძლება გახდეს ინფორმაციაზე დაყრდნობით განსახორციელებელი სათანადო მოქმედების შეჩერების ან ამ მოქმედების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძველი.
5. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაძლებელია დადგინდეს სისტემაში შეტანილი ინფორმაციის დადასტურების ფორმები.
6. სისტემაში შეტანილი ინფორმაციის სისწორისა და სისრულისათვის პასუხისმგებელია ამ ინფორმაციის სისტემაში ასახვის ვალდებულების მქონე სუბიექტი.
მუხლი 14🔗. სისტემის უსაფრთხოება
1. სისტემის ვებგვერდი განთავსებულია მართვის სისტემის სერვერებზე, რომლის უსაფრთხოებასა და მაღალტექნოლოგიურობას უზრუნველყოფს მართვის სისტემა.
2. სისტემის და მონაცემთა ბაზების რეზერვირება ხორციელდება მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი სარეზერვო ასლების და ჩანაწერების შენახვის წესის შესაბამისად.
3. ავტორიზებული მომხმარებლის სესიის ხანგრძლივობა სისტემაში უმოქმედობის შემთხვევაში განისაზღვრება 30 წუთით. ამ დროის გასვლის შემდეგ ავტომატურად ხდება სისტემიდან გამოსვლა (Log out) და სესიის გასუფთავება.
მუხლი 15🔗. სისტემაში განხორციელებული ოპერაციების შენახვა (ლოგირება)
1. ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფილია ე.წ. აუდიტ ლოგირების საშუალებებით. მომხმარებლის სამუშაო გარემოდან განხორციელებული წარმატებული და წარუმატებელი ოპერაციების და მცდელობების 100% (წაკითხვა, დამატება, რედაქტირება და წაშლა-CRUD) ინახება (ლოგირება), წაკითხვის შემთხვევაში, განხორციელდება მხოლოდ იმ გვერდების ლოგირება, სადაც ფიქსირდება პერსონალური მონაცემი.
2. სისტემისგან დამოუკიდებლად განხორციელდება მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორის მომხმარებლის მიერ განხორციელებული ქმედებების (CRUD) ლოგირება.
3. ავტორიზებული მომხმარებლის ქმედების ლოგირება:
ა) ქმედების ტიპი – CRUD;
ბ) ქმედების ობიექტი;
გ) ქმედების დრო;
დ) მომხმარებლის სახელი;
ე) IP მისამართი.
4. შეცდომის ლოგირება:
ა) შეცდომის ტიპი;
ბ) შეცდომის დაშვების დრო;
გ) ქმედების ობიექტი;
დ) IP მისამართი.
მუხლი 16🔗. სისტემიდან ინფორმაციის ელექტრონულად გამოთხოვისა და მიწოდების ელექტრონული აღრიცხვა
1. მართვის სისტემა აწარმოებს სისტემიდან ინფორმაციის ელექტრონულად გამოთხოვისა და მიწოდების აღრიცხვას. აღრიცხვის მიზნით მართვის სისტემა ინახავს გამოთხოვილი ინფორმაციის საერთო რაოდენობას, თითოეული მოთხოვნის გაგზავნის დროს და შინაარსს, მიღებული ინფორმაციის შინაარსსა და დროს. ასევე, მართვის სისტემა უზრუნველყოფს მისგან გაგზავნილი ყოველი მოთხოვნის ავტორის (მომხმარებლის) იდენტიფიცირებას და აღრიცხვას.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაცია ინახება 6 თვის ვადით.
მუხლი 17🔗. სისტემაში არსებული ინფორმაციის/მონაცემების კონფიდენციალობა და შენახვის ვადა
1. სისტემაში ასახული ზოგიერთი ინფორმაცია წარმოადგენს პერსონალურ მონაცემს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემს.
2. სისტემაში ასახული პერსონალური მონაცემი არ არის ხელმისაწვდომი მესამე პირებისთვის და დაცულია კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად.
3. სისტემაში ასახულ პერსონალურ მონაცემებზე წვდომა გააჩნია:
ა) სისტემის სუბიექტის თანამშრომლებს, რომელთაც გააჩნიათ სისტემაში ინფორმაციაზე/მონაცემებზე წვდომის შესაბამისი დონე;
ბ) მართვის სისტემის თანამშრომლებს, რომელთაც საკუთარი უფლება-მოვალეობის შესრულების მიზნით ესაჭიროებათ ინფორმაციაზე/მონაცემებზე წვდომა და გააჩნიათ სისტემაში ინფორმაციზე/მონაცემებზე წვდომის შესაბამისი მასშტაბი;
გ) მართვის სისტემის თანამშრომლებს, რომლებიც მონაწილეობენ სისტემის შექმნაში (დეველოპერი), დახვეწაში ან/და მართვაში;
დ) სხვა პირებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირები ვალდებულნი არიან დაიცვან კონფიდენციალობა, არ გაამჟღავნონ ინფორმაცია, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. სისტემაში ასახული მონაცემები ინახება აღნიშნული პირების აქტიური სტატუსის განმავლობაში. აქტიური სტატუსის შეწყვეტისას მონაცემები ელექტრონულად არქივდება და ინახება 75 წლის განმავლობაში. დაარქივებული მონაცემები ხელმისაწვდომი აღარ არის სისტემის მომხმარებლებისათვის. დაარქივებულ მონაცემებზე წვდომა ექნება მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ პირს/პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 75-წლიანი ვადის გასვლის შემდგომ – მონაცემები წაიშლება.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისთვის აქტიური სტატუსის შეწყვეტაში იგულისხმება - დაწესებულებაში ჩარიცხული პირისათვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სტატუსის შეწყვეტა, ხოლო საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული ნებისმიერი პირისთვის – ამავე დაწესებულებასთან არსებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.
7. სისტემაში ასახული მონაცემები, რომლებიც არ განეკუთვნება პერსონალურ მონაცემებს, ელექტრონულად არქივდება და ინახება მათი სისტემიდან ამოღებიდან 75 წლის განმავლობაში.
მუხლი 18🔗. გარდამავალი დებულებები
1. საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრი არის სისტემის მონაცემთა წყარო. ამ წესის ძალაში შესვლის მომენტამდე საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში არსებული ინფორმაცია/მონაცემი ჩაითვალოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახულ ინფორმაციად/მონაცემად.
2. სისტემის შესაბამისი ფუნქციის შექმნამდე:
2.1. ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება ხორციელდება შემდეგი პრინციპით:
ა) სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ავტორიზაციის მინიჭების ან ცვლილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, წერილობით აწვდის მართვის სისტემას შემდეგ ინფორმაციას:
ა.ა) დაწესებულების დასახელება ქართულ ენაზე;
ა.ბ) საიდენტიფიკაციო კოდი;
ა.გ) მისამართი (რეგიონის და თვითმმართველი ქალაქის/მუნიციპალიტეტის მითითებით);
ა.დ) მინიჭებული ავტორიზაციის ხანგრძლივობა;
ა.ე) საფეხური, რაზეც მინიჭებული აქვს ავტორიზაცია;
ა.ვ) მოსწავლეთა ზღვრული ოდენობა;
ა.ზ) საფეხურის /საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ენა.
ბ) სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, წერილობით აწვდის მართვის სისტემას ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“, „ა.ბ“ და „ა.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას.
გ) მართვის სისტემა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას/მონაცემს, მიღებიდან არაუგვიანეს სამი სამუშაო დღისა, ასახავს სისტემაში.
2.2. ამ წესის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ამ წესის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ მონაცემებს, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის (eFlow) მეშვეობით აწვდის მართვის სისტემას ამავე მუხლში დადგენილი ვადების შესაბამისად. მართვის სისტემა ვალდებულია სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან მიღებული მონაცემები სისტემაში ასახოს მიღებიდან 3 სამუშაო დღეში.
3. მართვის სისტემა ვალდებულია 2022 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით უზრუნველყოს წინამდებარე წესით გათვალისწინებული ფუნქციონალის შექმნა და გამართული ფუნქციონირება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ჩხენკელი