„საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება
მიღების თარიღი 10.07.2019
ძალაში შესვლა 01.02.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელით
(ხელმოწერილია)
ნომერი №26/14
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016629
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/02/2021
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს სახელით (ხელმოწერილია) | ჩეხეთის რესპუბლიკის სახელით (ხელმოწერილია) |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის
დანაშაულთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება
საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის შეთანხმება დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ
საქართველო და ჩეხეთის რესპუბლიკა (შემდგომში წოდებულნი როგორც „ხელშემკვრელი მხარეები“),
მიზნად ისახავენ რა, განავითარონ და გააძლიერონ მეგობრული ურთიერთობები და ურთიერთსასარგებლო ორმხრივი თანამშრომლობა,
გამოთქვამენ რა შეშფოთებას საერთაშორისო დანაშაულის, განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის ფორმების მზარდი მასშტაბისა და ტენდენციების გამო,
გაცნობიერებული აქვთ რა, რომ ნებისმიერი ფორმის დანაშაული საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგსა და სახელმწიფო უსაფრთხოებას, ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას, საინვესტიციო გარემოს შექმნას, დემოკრატიული ღირებულებებისა და კანონიერების დამკვიდრებას,
გამომდინარეობენ რა სურვილიდან, უზრუნველყონ სიცოცხლის, ჯანმრთელობის, თავისუფლებისა და ადამიანის ღირსების, მოქალაქეთა კანონიერი ინტერესების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების საიმედო დაცვა დანაშაულისაგან,
დარწმუნებულნი არიან რა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობა წარმოადგენს უპირატეს მნიშვნელოვან ფაქტორს ორგანიზებული დანაშაულის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ეფექტურად ბრძოლის კუთხით,
ითვალისწინებენ რა საერთაშორისო ვალდებულებებსა და თავიანთ შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
(1) წინამდებარე შეთანხმების მიზანია თანამშრომლობის გაღრმავება და გაძლიერება დანაშაულების თავიდან აცილებასა და გამოვლენაში და მათი ჩამდენი პირების დადგენაში, განსაკუთრებით კომპეტენტურ ორგანოებს შორის ყველა შესაბამის დონეზე როგორც სტრატეგიული, ასევე ოპერატიული ინფორმაციისა და პირდაპირი კონტაქტების გაცვლის გზით.
(2) წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობა ხორციელდება ხელშემკვრელი მხარეების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და ხელშემკვრელი მხარეებისთვის სავალდებულო საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად და ის არ მოიცავს სისხლის სამართლის საკითხებში სამართლებრივ დახმარებას, რომელიც განეკუთვნება სასამართლო ორგანოების კომპეტენციას.
მუხლი 2🔗
წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობა ეხება ყველა ფორმის დანაშაულებრივ საქმიანობას, კერძოდ, შემდეგს:
a) ორგანიზებული დანაშაული;
b) ტერორიზმი და მისი დაფინანსება;
c) სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული;
d) ადამიანით ვაჭრობა და ადამიანის ორგანოებითა და ქსოვილებით ვაჭრობა;
e) ბავშვთა მიმართ სქესობრივი ძალადობა და ბავშვთა პორნოგრაფია;
f) უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებული დანაშაული;
g) ნარკოტიკული საშუალებებითა და ფსიქოტროპული ნივთიერებებით უკანონო ვაჭრობა „ნარკოტიკული საშუალებებითა და ფსიქოტროპული ნივთიერებებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1988 წლის 20 დეკემბრის კონვენციის თანახმად;
h) კიბერდანაშაული;
i) იარაღის, საბრძოლო მასალებისა და ფეთქებადი ნივთიერებების, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოაქტიური და ბირთვული მასალების, სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე საქონლისა და ტექნოლოგიების, აგრეთვე სხვა განსაკუთრებით საშიში ნივთიერებების, მათ შორის, სახიფათო ნარჩენების უკანონო წარმოება, მოთხოვნა, ფლობა, იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი და მათით ვაჭრობა;
j) საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული;
k) ფულის, ფასიანი ქაღალდების, უნაღდო ანგარიშსწორების საშუალებების გაყალბება და მათი გავრცელება და გამოყენება;
l) ოფიციალური დოკუმენტების, განსაკუთრებით პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაყალბება და მათი გავრცელება და გამოყენება;
m) ეკონომიკური და ფინანსური დანაშაული;
n) ფულის გათეთრება;
o) კორუფცია;
p) ინტელექტუალური საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები;
q) კულტურული და ისტორიული ღირებულების მქონე საგნებთან დაკავშირებული დანაშაული;
r) ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული დანაშაული;
s) გარემოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები.
მუხლი 3🔗
ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ აღმოუჩინონ ერთმანეთს ურთიერთდახმარება პერსონალური და სხვა მონაცემების და დოკუმენტების გაცვლის გზით, კერძოდ, რომლებიც ეხება:
a) დანაშაულებრივ ქმედებებს, მათ შორის, დანაშაულებრივ საქმიანობაში ეჭვმიტანილ ან მონაწილე პირთა შესახებ მონაცემებს, დამნაშავეებს შორის კავშირებს, დანაშაულებრივ საქმიანობაში მონაწილე ჯგუფების ორგანიზაციასა და მათ სტრუქტურას, ცალკეული დამნაშავეებისა და ჯგუფების ტიპობრივ ქცევას, სისხლის სამართლის კანონის დარღვევებსა და გატარებულ ღონისძიებებს;
b) ხელშემკვრელი მხარეების ინტერესების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, ტერორისტული აქტების დაგეგმვას;
c) უკანონო მიგრაციის თავიდან აცილებას და მის წინააღმდეგ ბრძოლას;
d) საგნებს, რომლებიც გამოყენებულია დანაშაულის ჩადენის საშუალებად ან რომლებიც გამომდინარეობენ დანაშაულიდან; თუ ეს შესაძლებელია, მათ უნდა მიაწოდონ ერთმანეთს ამ საგნების ნიმუშები;
e) ეკონომიკურ დანაშაულთან და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ საბანკო ანგარიშებს და ფინანსურ ტრანსაქციებს, რომლებიც მოპოვებულია კომპეტენტური ორგანოების მიერ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად;
f) სპეციალური ქმედებებისა და ოპერაციების დაგეგმვას, რომლებიც შეიძლება წარმოადგენდეს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინტერესის საგანს;
g) დანაშაულის ახალი ფორმების შესახებ ცოდნას, ექსპერტულ ანალიზთან და სპეციალურ ლიტერატურასთან ერთად;
h) საექსპერტო-კრიმინალისტიკური და კრიმინოლოგიური კვლევის შედეგებს, გამოძიების პრაქტიკას, მუშაობის მეთოდებსა და საშუალებებს;
i) წინამდებარე შეთანხმების საგანთან დაკავშირებულ სამართლებრივ დებულებებს.
მუხლი 4🔗
აუცილებლობის შემთხვევაში, ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ კოორდინირება გაუწიონ თავიანთ საქმიანობას და დაეხმარონ ერთმანეთს, განსაკუთრებით:
a) დანაშაულში ეჭვმიტანილი პირების, აგრეთვე იმ პირების ძებნაში, რომლებიც ემალებიან სისხლისსამართლებრივ დევნას ან სასჯელის მოხდას;
b) უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ძებნაში, მათ შორის, იმ პროცედურების განხორციელებაში, რომლებიც დაკავშირებულია პირებისა და ნეშტების იდენტიფიკაციასთან;
c) საგნების ძებნაში, მათ შორის, ისეთი ღონისძიებების განხორციელებაში, რომლებიც მიზნად ისახავს დანაშაულის შედეგად მოპოვებული ქონების აღმოჩენას და მის დაბრუნებას;
d) სპეციალური საგამოძიებო ხერხების, როგორიცაა, კონტროლირებადი მიწოდებები, ვიზუალური კონტროლი და ფარული ოპერაციები, განხორციელების მომზადებასა და ორგანიზებაში;
e) საჰაერო ხომალდის ბორტზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაში;
f) დანაშაულის თავიდან აცილების ერთობლივი პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებაში.
მუხლი 5🔗
(1) მეორე ხელშემკვრელი მხარისთვის დახმარების აღმოჩენის ან კონკრეტულ დანაშაულთან დაკავშირებული ქმედებების კოორდინაციის მიზნით ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ წარგზავნონ კონსულტანტები მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოებში ან შექმნან ანალიტიკური და სხვა შერეული სამუშაო ჯგუფები.
(2) ერთი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოების თანამშრომლებს შეუძლიათ იმოქმედონ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე საკონსულტაციო და მხარდამჭერი უფლებამოსილების ფარგლებში. თავიანთი საკონსულტაციო და მხარდამჭერი უფლებამოსილების განხორციელებისას ისინი უნდა დაემორჩილონ იმ ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოების მითითებებს, რომლის ტერიტორიაზეც არიან წარგზავნილნი. მათ არ უნდა განახორციელონ არანაირი სამართალდაცვითი უფლებამოსილება მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.
მუხლი 6🔗
(1) თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია წარგზავნოს ერთი ან მეტი პოლიციის/უსაფრთხოების ატაშე მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განთავსებულ თავის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით.
(2) პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეებმა უნდა იმოქმედონ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე საკონსულტაციო და მხარდამჭერი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა უზრუნველყონ დახმარება კონტაქტების დამყარებაში და უნდა მიიღონ მონაწილეობა სამუშაო შეხვედრების ორგანიზებაში. მათ უნდა განახორციელონ თავიანთი ამოცანები გამგზავნი ხელშემკვრელი მხარისგან მიღებული მითითებების შესაბამისად.
(3) ერთი ხელშემკვრელი მხარის პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეებს, რომლებიც წარგზავნილნი არიან მესამე სახელმწიფოში, ხელშემკვრელი მხარეების ურთიერთშეთანხმებით და მესამე სახელმწიფოს წერილობითი თანხმობით შეუძლიათ აგრეთვე წარმოადგინონ მეორე ხელშემკვრელი მხარის ინტერესები.
(4) პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეებმა არ უნდა განახორციელონ არანაირი სამართალდაცვითი უფლებამოსილება მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.
მუხლი 7🔗
ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა ითანამშრომლონ ტრენინგისა და განათლების სფეროში და ასეთი თანამშრომლობა უნდა მოიცავდეს განსაკუთრებით შემდეგს:
a) ერთი ხელშემკვრელი მხარის თანამშრომლების მონაწილეობა მეორე ხელშემკვრელი მხარის ტრენინგის კურსებში;
b) ერთობლივი სემინარების, ვარჯიშებისა და ტრენინგის კურსების ჩატარება;
c) სპეციალისტების ტრენინგი;
d) ექსპერტების, აგრეთვე ტრენინგის კონცეფციებისა და პროგრამების, საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცვლა;
e) დამკვირვებლების მონაწილეობა ვარჯიშებზე.
მუხლი 8🔗
ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება, ითანამშრომლონ შესაბამის ხელშემკვრელ მხარეში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდზე საჰაერო მარშლების განთავსებაში. ასეთი განთავსება შესაბამისობაში უნდა იყოს იმ სათანადო მრავალმხრივ საერთაშორისო შეთანხმებებთან, რომლებიც სავალდებულოა ხელშემკვრელი მხარეებისთვის. თუ ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმდებიან, ითანამშრომლონ აღნიშნულ სფეროში, თანამშრომლობა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ხელშემკვრელი მხარეების შესაბამისი ორგანოები დადებენ ცალკე შეთანხმებას, რომელიც დაარეგულირებს აღნიშნული თანამშრომლობის წესებსა და მოდალობებს, მათ შორის, იარაღის ტარების საკითხს.
მუხლი 9🔗
(1) წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში ინფორმაციისა და დახმარების სხვა ფორმების მიწოდება უნდა განხორციელდეს მოთხოვნის საფუძველზე. მოთხოვნები და ასეთ მოთხოვნებზე პასუხები უნდა გაიგზავნოს წერილობითი ფორმით (ფაქსით ან ელფოსტით). პერსონალური მონაცემების გადაცემის შემთხვევაში, არჩეულ უნდა იქნეს გადაცემის დაცული მეთოდი მონაცემთა სენსიტიურობის გათვალისწინებით. გადაუდებელ შემთხვევებში, მოთხოვნები შეიძლება შედგენილ იქნეს ზეპირი ფორმით. თუმცა, შემდგომში ის დაუყოვნებლივ უნდა დადასტურდეს წერილობითი ფორმით. ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მხოლოდ უფლებამოსილ პერსონალს ჰქონდეს გამოყენებულ გადაცემის მოწყობილობასთან წვდომა.
(2) მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურმა ორგანოებმა პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნაზე პასუხი უნდა გასცენ შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში. მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ ითხოვონ დამატებითი ინფორმაცია, თუ ეს აუცილებელია მოთხოვნის შესასრულებლად. თუ ორგანო, რომელმაც მიიღო დახმარების შესახებ მოთხოვნა, არ წარმოადგენს ამ მოთხოვნის შესრულებაზე კომპეტენტურ ორგანოს, მან მოთხოვნა უნდა გადაუგზავნოს იმ ორგანოს, რომელიც კომპეტენტურია აღნიშნულთან დაკავშირებით.
(3) გარკვეულ შემთხვევებში, ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა მიაწოდონ ერთმანეთს ინფორმაცია მოთხოვნის გარეშე, თუ დადასტურებული ფაქტების საფუძველზე არსებობს ვარაუდის მიზეზი, რომ ასეთი ინფორმაცია საჭიროა საზოგადოებრივი წესრიგის ან სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ კონკრეტულ საფრთხეებთან საბრძოლველად ან დანაშაულების თავიდან ასაცილებლად ან გამოსავლენად და მათი ჩამდენი პირების დასადგენად.
(4) თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ თქვას უარი დახმარების შესახებ მოთხოვნაზე, თუ მას მიაჩნია, რომ მოთხოვნის შესრულებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას მის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას ან სხვა სასიცოცხლო ინტერესს, ან თუ მოთხოვნა ეწინააღმდეგება მის შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას ან მის საერთაშორისო ვალდებულებებს. მოთხოვნის შესრულების მიზნით, მოთხოვნის მიმღებ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია დააწესოს პირობები, რომლებიც სავალდებულოა მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარისთვის.
(5) მოთხოვნაზე უარის თქმის ან მისი მხოლოდ ნაწილობრივ შესრულების შემთხვევაში, ხელშემკვრელმა მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ერთმანეთს ამის შესახებ წერილობითი ფორმით.
(6) წინამდებარე შეთანხმების განხორციელებისას ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გამოიყენონ ინგლისური ენა, თუ ისინი სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.
მუხლი 10🔗
ხელშემკვრელმა მხარეებმა ორმხრივად უნდა დაიცვან წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე გაცვლილი პერსონალური მონაცემები (შემდგომში წოდებული როგორც „მონაცემები“) თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და შემდეგი პრინციპების თანახმად:
a) მიმღებ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია გამოიყენოს მონაცემები მხოლოდ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, საზოგადოებრივი წესრიგისა და სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის მიზნებით და მონაცემების გადამცემი ხელშემკვრელი მხარის მიერ განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით; გადაცემული მონაცემები არ შეიძლება იქნეს გამოყენებული სხვა მიზნებით მონაცემების გადამცემი ხელშემკვრელი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
b) მონაცემები, რომლებიც აშკარას ხდის რასობრივ კუთვნილებას, პოლიტიკურ შეხედულებებს ან რელიგიურ ან სხვა მრწამსს, აგრეთვე მონაცემები, რომლებიც ეხება ჯანმრთელობას ან სქესობრივ ცხოვრებას, შეიძლება გადაიცეს მხოლოდ აბსოლუტურად აუცილებელ შემთხვევაში;
c) მონაცემების გადამცემი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმღებმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა აცნობოს მას მონაცემების გამოყენებისა და მათი გამოყენებით მიღწეული შედეგების შესახებ;
d) მონაცემების გადამცემმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა უზრუნველყოს გადაცემული მონაცემების სისწორე და უნდა შეამოწმოს მათი გადაცემის აუცილებლობა და განზრახულ მიზანთან მათი შესაბამისობა;
e) თუ შემდგომში დადასტურდება, რომ გადაცემული მონაცემები არ იყო სწორი ან თუ ისინი არ უნდა გადაცემულიყო, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მიმღებ ხელშემკვრელ მხარეს; მან უნდა გაასწოროს არასწორი მონაცემები და უნდა გაანადგუროს ის მონაცემები, რომლებიც არ უნდა გადაცემულიყო;
f) ხელშემკვრელმა მხარეებმა ეფექტურად უნდა დაიცვან გადაცემული მონაცემები უნებართვო ან შემთხვევითი შეღწევისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, უნებართვო ან შემთხვევითი ცვლილებისგან, უნებართვო ან შემთხვევითი გადაცემისგან, ან უნებართვო ან შემთხვევითი გამჟღავნებისგან;
g) ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა აწარმოონ მონაცემების გადაცემის, მიღებისა და განადგურების აღრიცხვა; ჩანაწერში მითითება განსაკუთრებით უნდა გაკეთდეს გადაცემის მიზანზე, მონაცემთა შინაარსზე, ჩართულ ორგანოებზე და განადგურების მიზეზებზე;
h) მონაცემთა გადაცემისას მონაცემების გადამცემ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მეორე ხელშემკვრელ მხარეს დაუწესოს მათი განადგურების საბოლოო ვადები თავისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად; საბოლოო ვადების მიუხედავად, მონაცემები უნდა განადგურდეს მაშინვე, როდესაც ისინი აღარ არის საჭირო; წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება მისი ჩანაცვლება ახალი საერთაშორისო შეთანხმებით ან ორივე ხელშემკვრელი მხარისთვის სავალდებულო სხვა რეგულაციით, მის საფუძველზე მიღებული ყველა მონაცემი უნდა განადგურდეს;
i) მოთხოვნის შემთხვევაში, თითოეულ პირს აქვს უფლება მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი ორგანოსგან მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ არსებულ მონაცემებზე, რომლებიც იქნა გადაცემული ან დამუშავებული წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე, აგრეთვე მას აქვს არასწორი მონაცემების გასწორების უფლება ან იმ მონაცემთა განადგურების უფლება, რომლებიც უკანონოდ იქნა დამუშავებული; ასეთი ინფორმაციის მიწოდებაზე შეიძლება ითქვას უარი მხოლოდ ხელშემკვრელი მხარეების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში; ორგანომ, რომელიც ამუშავებს ინფორმაციის შესახებ მოთხოვნას, ასეთი ინფორმაცია უნდა გასცეს მეორე ხელშემკვრელი მხარის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში;
j) ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა ითანამშრომლონ გადაცემული მონაცემების დაცვის სფეროში; განსაკუთრებით, მათ უნდა აცნობონ ერთმანეთს პირთა შესაძლებლობების შესახებ, მოითხოვონ თავიანთი უფლებების დაცვა i) ქვეპუნქტის შესაბამისად.
მუხლი 11🔗
ხელშემკვრელ მხარეებს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლა და მისი დაცვა უნდა განხორციელდეს „საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ 2009 წლის 22 იანვრის შეთანხმების შესაბამისად.
მუხლი 12🔗
(1) წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფარგლებში გადაცემული ინფორმაცია და დოკუმენტები შეიძლება მიეწოდოს მესამე სახელმწიფოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მხოლოდ გადამცემი ხელშემკვრელი მხარის წერილობითი თანხმობით.
(2) წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფარგლებში ქართული მხარის მიერ გადაცემული ინფორმაცია ჩეხეთის მხარემ შეიძლება გაუზიაროს ევროპის კავშირის ან შენგენის სივრცის სხვა წევრ სახელმწიფოებს ან ევროპულ უწყებებს ევროპის კავშირის კანონმდებლობით დამტკიცებული საინფორმაციო სისტემების, განსაკუთრებით შენგენის საინფორმაციო სისტემის გამოყენებით საზოგადოებრივი წესრიგისა და სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის, აგრეთვე დანაშაულთან ბრძოლის მიზნით.
მუხლი 13🔗
იმ შემთხვევაში, თუ ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოები წინასწარ სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა ფორმის თანამშრომლობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები უნდა გაიღოს დახმარების აღმომჩენმა ხელშემკვრელმა მხარემ; ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა გაითვალისწინონ ნაცვალგება ხარჯების გაღების დროს.
მუხლი 14🔗
(1) წინამდებარე შეთანხმების განხორციელებაზე კომპეტენტური ორგანოები არიან:
საქართველოსთვის:
a) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
b) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური;
c) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.
ჩეხეთის რესპუბლიკისთვის:
a) შინაგან საქმეთა სამინისტრო;
b) ჩეხეთის რესპუბლიკის პოლიციის ორგანოები;
c) საბაჟოს გენერალური დირექტორატი;
d) უსაფრთხოების დანაყოფების გენერალური ინსპექცია.
(2) წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან 30 დღის განმავლობაში ხელშემკვრელმა მხარეებმა დიპლომატიური არხების მეშვეობით უნდა გაცვალონ საკონტაქტო მისამართები, ტელეფონისა და ფაქსის ნომრები ან სხვა საკონტაქტო დეტალები და, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა დაასახელონ ის საკონტაქტო პირი, რომელიც ფლობს მეორე ხელშემკვრელი მხარის ენას ან ინგლისურ ენას.
(3) ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტურმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ ერთმანეთს მე-2 პუნქტის შესაბამისად მიწოდებულ მონაცემებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ.
მუხლი 15🔗
ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ, აუცილებლობის შემთხვევაში, დადონ საიმპლემენტაციო ოქმები წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე.
მუხლი 16🔗
ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით, უნდა გადაწყდეს ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტურ ორგანოებს შორის კონსულტაციების გზით. იმ შემთხვევაში, თუ დავები ვერ გადაწყდება აღნიშნული გზით, ისინი შემდგომში უნდა გადაწყდეს დიპლომატიური არხების მეშვეობით.
მუხლი 17🔗
წინამდებარე შეთანხმება ზიანს არ აყენებს ხელშემკვრელი მხარეების იმ ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობენ ხელშემკვრელი მხარეებისთვის სავალდებულო სხვა ორმხრივი ან მრავალმხრივი საერთაშორისო შეთანხმებებიდან.
მუხლი 18🔗
წინამდებარე შეთანხმებაში, ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნას ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა წინამდებარე შეთანხმების მე-20 მუხლის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტი წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 19🔗
თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმების განხორციელება ეროვნული უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საჭიროებების გათვალისწინებით. შეჩერება უნდა გაუქმდეს მაშინვე, როდესაც აღარ იარსებებს შეჩერების მიზეზები. ხელშემკვრელმა მხარეებმა დიპლომატიური არხებით დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ ერთმანეთს ასეთი ზომების შემოღების ან გაუქმების შესახებ. წინამდებარე შეთანხმების განხორციელების შეჩერება და ასეთი შეჩერების გაუქმება ძალაში შედის მეორე ხელშემკვრელი მხარისთვის ასეთი შეტყობინების მიწოდებიდან თხუთმეტი დღის ამოწურვის შემდეგ.
მუხლი 20🔗
(1) წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის დიპლომატიური არხების მეშვეობით იმ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მეორე თვის პირველ დღეს, რომლითაც ხელშემკვრელი მხარეები ატყობინებენ ერთმანეთს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულებას.
(2) წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით.
(3) წინამდებარე შეთანხმების მოქმედება შეიძლება შეწყდეს თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დიპლომატიური არხების მეშვეობით გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების გზით. წინამდებარე შეთანხმება წყვეტს მოქმედებას მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ ასეთი წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ.
შესრულებულია, ქ. თბილისში, 2019 წლის 10 ივლისს ორ დედნად, თითოეული ქართულ, ჩეხურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ვერსიას.
საქართველოს სახელით
(ხელმოწერილია)
ჩეხეთის რესპუბლიკის სახელით
(ხელმოწერილია)