საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 12.03.2021
ძალაში შესვლა 11.03.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №06
სარეგისტრაციო კოდი 120300000.22.026.016862
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/03/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება
№06
2021 წლის 12 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 12 დეკემბრის N580 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის დებულება“.
მუხლი 2🔗
ამ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულებით გათვალისწინებული ,,თავდაცვის სტრატეგიული დაგეგმვის, მონიტორინგის და შეფასების სახელმძღვანელოს“ შემუშავების ვადად განისაზღვროს 2021 წლის პირველ ივლისამდე პერიოდი.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 11 მარტიდან.
საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში
სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის
დებულება
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის დებულება (შემდგომში - დებულება) განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში (შემდგომში - სამინისტრო) უწყებრივ დონეზე სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების სახეებს, მათი რეგულირების სფეროებსა და შემუშავების წესს, დაგეგმვის ვადებს, აგრეთვე შეფასებისა და მონიტორინგის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს.
მუხლი 2🔗. სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის პრინციპები
1. სამინისტროში სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის პრინციპებია:
ა) კანონიერება;
ბ) ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების განუხრელი დაცვა და პატივისცემა;
გ) ერთიანი სამთავრობო მიდგომა;
დ) უწყვეტობა;
ე) გეგმურობა;
ვ) საჯაროობა და სამოქალაქო ჩართულობა.
2. სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის უწყებრივი დონის დოკუმენტები ექვემდებარება განახლებას ქვეყნის თავდაცვის საჭიროებიდან გამომდინარე.
მუხლი 3🔗. სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტები
1. სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტები (შემდგომში – კონცეპტუალური დოკუმენტები), მუშავდება სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის ეროვნული დონის დოკუმენტების საფუძველზე.
2. კონცეპტუალური დოკუმენტებია:
ა) თავდაცვის სამინისტროს ხედვა;
ბ) თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა;
გ) თავდაცვის პროგრამების სახელმძღვანელო.
3. თავდაცვის სამინისტროს ხედვა განსაზღვრავს ორგანიზაციის ღირებულებებს, მიდგომებს, განზრახვებსა და პრინციპებს, აგრეთვე სამინისტროს ხედვას, მიზნებსა და ამოცანებს სახელმწიფო თავდაცვის სფეროში ან/და მის ცალკეულ მიმართულებებში თუ საკითხებში. თავდაცვის სამინისტროს ხედვა წარმოადგენს სამინისტროში სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის ფუძემდებლურ დოკუმენტს, რომელსაც უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის უწყებრივი დონის სხვა კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტები.
4. თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა განსაზღვრავს სამინისტროს წინაშე არსებულ პრობლემებს, მათი გადაჭრის გზებს, ვადებს, საშუალებებს, საჭირო რესურსებს და პრიორიტეტულ მიმართულებებს (ფინანსური და სხვა), აგრეთვე მის აღსრულებაზე სამინისტროს პასუხისმგებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს. თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი თავსებადია თავდაცვის სამინისტროს ხედვის დოკუმენტში განსაზღვრულ პრიორიტეტებთან.
5. თავდაცვის პროგრამების სახელმძღვანელო:
ა) განსაზღვრავს სამინისტროს შემდგომი წლების პრიორიტეტული მიმართულებების საბიუჯეტო პროგრამებს და საორიენტაციო ფინანსურ ზღვრულ მოცულობებს;
ბ) მოიცავს საჭირო მითითებებსა და რეკომენდაციებს თავდაცვის (საბიუჯეტო) პროგრამების ხელმძღვანელებისა და სამინისტროს პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულებისათვის, აგრეთვე თავდაცვის პროგრამების მართვაში ჩართული სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის;
გ) მოიცავს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბების პრინციპებს, რომლის გათვალისწინებაც ხდება საბიუჯეტო პროგრამების შემუშავებისას;
დ) ითვალისწინებს გასულ წლებში მიღებულ გამოცდილებას და მოიცავს განახლებული საბიუჯეტო პროგრამების სტრუქტურას საბიუჯეტო და შემდგომი სამი წლისათვის (1+3).
6. თავდაცვის პროგრამების სახელმძღვანელო ეფუძნება თავდაცვის სამინისტროს ხედვას და თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტს.
7. თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტს აქვს დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა, რომელიც ამ დოკუმენტის შემადგენელი ნაწილია.
8. ამ მუხლით განსაზღვრულ კონცეპტუალურ დოკუმენტებს შეიძლება ჰქონდეთ საიდუმლო ნაწილი, რომელიც მტკიცდება სახელმწიფო საიდუმლოების მარეგულირებელი კანონმდებლობის დაცვით.
9. ამ მუხლით განსაზღვრული კონცეპტუალური დოკუმენტები მტკიცდება ამ დოკუმენტებით განსაზღვრული დაგეგმვის პერიოდის დაწყებამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე.
მუხლი 4🔗. სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის უწყებრივი დონის ორგანიზაციული დოკუმენტები და მათი რეგულირების სფერო
1. სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის უწყებრივი დონის ორგანიზაციული დოკუმენტები (შემდგომში – ორგანიზაციული დოკუმენტები) მუშავდება სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის ეროვნული დონის დოკუმენტების ან/და ამ დებულებით განსაზღვრული კონცეპტუალური დოკუმენტების საფუძველზე და მათ აღსასრულებლად.
2. ორგანიზაციული დოკუმენტებია:
ა) საბიუჯეტო (წლიური) პროგრამები - განსაზღვრული პრიორიტეტების მიზნების მისაღწევად განსახორციელებელი ღონისძიებების ერთობლიობა, რომლებიც ხორციელდება ერთი საბოლოო შედეგის მისაღწევად, რომელთა შეჯამების შედეგად ფორმირდება თავდაცვის ბიუჯეტი. სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების მიზნობრივი ხარჯვა ხორციელდება საბიუჯეტო (წლიური) პროგრამების შესაბამისად;
ბ) საბიუჯეტო (წლიური) პროგრამის, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის ეროვნული დონის დოკუმენტების და კონცეპტუალური დოკუმენტების აღმასრულებელი დოკუმენტები (მიუხედავად სახელდებისა), რომლებიც განსაზღვრავენ სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის შესაბამისი დოკუმენტით (მათ შორის, პროგრამით) გათვალისწინებული საბოლოო შედეგის მისაღწევად საჭირო კონკრეტულ აქტივობებს, ამ შედეგების შესრულების შეფასების ინდიკატორებს, სამინისტროს სისტემის პასუხისმგებელ სუბიექტებს (სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები და სისტემის სხვა სუბიექტები), აგრეთვე პარტნიორ უწყებებს, შესრულების ვადებს, რესურსებს, ბიუჯეტსა და დაფინანსების წყაროს.
3. ამ მუხლით განსაზღვრულ ორგანიზაციულ დოკუმენტებს შეიძლება ჰქონდეთ საიდუმლო ნაწილი, რომელიც მტკიცდება სახელმწიფო საიდუმლოების მარეგულირებელი კანონმდებლობის დაცვით.
4. ამ მუხლით განსაზღვრული ორგანიზაციული დოკუმენტები მტკიცდება ამ დოკუმენტებით განსაზღვრული დაგეგმვის პერიოდის დაწყებამდე.
მუხლი 5🔗. სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის პერიოდები
1. სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვა ხორციელდება:
ა) გრძელვადიანი (5 წელზე მეტი ვადით) პერიოდისთვის;
ბ) საშუალოვადიანი (5 წლამდე ვადით) პერიოდისთვის;
გ) მოკლევადიანი (2 წლამდე ვადით) პერიოდისთვის.
2. თავდაცვის სამინისტროს ხედვა წარმოადგენს გრძელვადიანი, საშუალოვადიანი და მოკლევადიანი პერიოდისთვის კონცეპტუალურ დოკუმენტს.
3. თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა და თავდაცვის პროგრამების სახელმძღვანელო წარმოადგენენ საშუალოვადიანი და მოკლევადიანი პერიოდისთვის კონცეპტუალურ დოკუმენტებს.
4. ამ დებულების მე-4 მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები წარმოადგენენ ორგანიზაციულ დოკუმენტებს საშუალოვადიანი და მოკლევადიანი პერიოდისთვის.
მუხლი 6🔗. თავდაცვის სამინისტროს ხედვის შემუშავება და დამტკიცება
1. თავდაცვის სამინისტროს ხედვის პროექტს შეიმუშავებს სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტი საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-5 სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტთან (შემდგომში - J-5 დეპარტამენტი) ერთად.
2. თავდაცვის სამინისტროს ხედვის პროექტი განსახილველად ეგზავნება სამინისტროს სისტემის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს.
3. სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტი თავდაცვის სამინისტროს ხედვის საბოლოო პროექტს დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს.
4. თავდაცვის სამინისტროს ხედვის დოკუმენტის გავლენის შეფასება შუალედურად და დოკუმენტის სამოქმედო ვადის ბოლოს ხორციელდება შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით:
ა) შესაბამისობა, რომელიც განსაზღვრავს განხორციელებული ძალისხმევების მიზნების შესაბამისობის ხარისხს მოთხოვნებსა და საჭიროებებთან მიმართებაში;
ბ) ეფექტურობა, რომელიც განსაზღვრავს თუ, რა ხარისხით იქნა მიღწეული ძალისხმევის შედეგად განსაზღვრული მიზნები;
გ) ეფექტიანობა, რომელიც განსაზღვრავს რესურსების ამოცანის შედეგში გარდასახვის მაჩვენებელს;
დ) მდგრადობა, რომელიც განსაზღვრავს მიღწეული მიზნის გრძელვადიანი შენარჩუნების უნარს. აღნიშნულზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფია სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტი.
მუხლი 7🔗. თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის შემუშავება და დამტკიცება
1. სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტი ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის შემუშავების პროცესს, აგრეთვე შეიმუშავებს მის ინსტიტუციონალურ (მოიცავს სამინისტროს სისტემის განვითარების ორგანიზაციულ მხარეს, თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას და მმართველობითი პროცესების გამართულ ფუნქციონირებას) კომპონენტებს.
2. თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის სამხედრო კომპონენტის (მოიცავს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების ორგანიზაციულ მხარეს და მმართველობითი პროცესების გამართულ ფუნქციონირებას აგრეთვე თავდაცვითი შესაძლებლობების შექმნა/განვითარებას) შემუშავების პროცესს წარმართავს და კოორდინაციას უწევს J-5 დეპარტამენტი, რომელიც ახდენს სამხედრო ვარაუდების განსაზღვრას, სამხედრო მოდელირებას (სამხედრო რისკების შეფასება და სცენარების შემუშავება), არსებულ ძალთა სტრუქტურისა და შესაძლებლობების ანალიზს, ძალთა სამომავლო სტრუქტურისა და განსავითარებელი შესაძლებლობების განსაზღვრას.
3. თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის სამოქმედო გეგმის შემუშავება, მონიტორინგი და შეფასება ხორციელდება ამ დებულების მე-8 მუხლის შესაბამისად.
4. თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის პროცესი მოიცავს შემდეგ ძირითად ეტაპებს:
ა) უსაფრთხოების გარემოს ანალიზი, რომელიც მოიცავს:
ა.ა) პოლიტიკურ და სამხედრო ვარაუდებს, რომლის შემუშავებაზე პასუხისმგებელია სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტი, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი და გენერალური შტაბის J-2 დაზვერვის დეპარტამენტი (შემდგომში - J-2 დეპარტამენტი);
ა.ბ) სამხედრო საფრთხეების, რისკების განსაზღვრას და შეფასებას, რომლის განმახორციელებელია J-2 დეპარტამენტი;
ა.გ) საფრთხის სცენარების და მათზე საპასუხო მოქმედებების გეგმის შემუშავებას, რომლის განმახორციელებელია J-2 დეპარტამენტი, საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტი (შემდგომში - J-3 დეპარტამენტი) და J-5 დეპარტამენტი;
ბ) გამოვლენილი ნაკლოვანებების შეფასება და იდენტიფიცირება, რომელიც მოიცავს:
ბ.ა) საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების ანალიზს, რომლის განმახორციელებელია J-3 და J-5 დეპარტამენტები;
ბ.ბ) თავდაცვის შესაძლებლობების შეფასებას, რომლის განმახორციელებელია J-5 დეპარტამენტი;
ბ.გ) ინსტიტუციონალური ნაკლოვანებების შეფასება, რომლის განმახორციელებელია სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტი და J-5 დეპარტამენტი;
გ) ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად შესაბამისი გზებისა და ღონისძიებების განსაზღვრა, რომელიც მოიცავს:
გ.ა) საქართველოს თავდაცვის ძალების მიზნების და ამოცანების განსაზღვრას, რომლის განმახორციელებელია სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტი;
გ.ბ) ძალთა სამომავლო სტრუქტურის განსაზღვრას, რომლის განმახორციელებელია J-5 დეპარტამენტი;
გ.გ) განსავითარებელი/შესაძენი შესაძლებლობების იდენტიფიცირებას, რომლის განმახორციელებელია J-5 დეპარტამენტი;
გ.დ) ინსტიტუციონალური ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით, საჭირო ღონისძიებების განსაზღვრას, რომლის განმახორციელებელია სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტი.
5. თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის (სამოქმედო გეგმასთან ერთად) პროცესში, კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობენ მის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სამინისტროს სისტემის სტრუქტურული ქვედანაყოფები.
6. თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის (სამოქმედო გეგმასთან ერთად) პროექტი განსახილველად ეგზავნება სამინისტროს სისტემის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს.
7. სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტი თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის საბოლოო პროექტს, დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს.
მუხლი 8🔗. თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის სამოქმედო გეგმის შემუშავება, მონიტორინგი და შეფასება
1. თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის სამოქმედო გეგმის პროექტს, შესაბამის პასუხისმგებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად, შეიმუშავებენ სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების და J-5 დეპარტამენტები, სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მონაწილეობით.
2. თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის აღსრულების მონიტორინგი ხორციელდება წელიწადში ოთხჯერ - ყოველი კვარტალის დასრულების შემდეგ სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ.
3. კვარტალური მონიტორინგების შედეგად დგება შესრულების ანგარიში - აქტივობების დონეზე, ხოლო წლიური ანგარიში - ამოცანების და აქტივობების დონეზე. ანგარიშები ეყრდნობა პრინციპებს, რომლებიც ადგენენ როგორც შინაარსობრივ, ასევე ტექნიკურ სტანდარტებს, კერძოდ:
ა) დროულობა - ანგარიში უნდა იწერებოდეს, ერთი მხრივ, დროულად, ხოლო, მეორე მხრივ, პერიოდის იმგვარი შერჩევით, რომ დაემთხვეს შემდეგი წლის დაგეგმვისა და შეფასების ციკლს;
ბ) მიზნობრიობა - ანგარიში ასახავს ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას შესაბამისი დონის მენეჯერებისთვის, აქტივობის, ამოცანის, მიზნისა და მათ შესაბამის ინდიკატორებზე;
გ) შესაბამისობა - ანგარიშგება ხორციელდება მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ღონისძიებებზე და არა რუტინული ხასიათის, აქტივობების დონის მოქმედებებზე.
4. თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის სამოქმედო გეგმის შეფასება განხორციელდება შემდეგი პერიოდულობის მიხედვით:
ა) შუალედური შეფასება (ნებაყოფლობითია), რომელიც განხორციელდება დაგეგმვიდან 6 თვის ვადაში და მისი მიზანია ხარვეზების გამოვლენა და სტრატეგიის განხორციელების გაუმჯობესება;
ბ) საბოლოო შეფასება (სავალდებულოა), რომელიც განხორციელდება ამ დოკუმენტის სამოქმედო ვადის ამოწურვისთანავე და მისი მიზანია დადგინდეს, მიღწეულია თუ არა სტრატეგიით გათვალისწინებული შედეგები, ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით.
მუხლი 9🔗. თავდაცვის პროგრამების სახელმძღვანელოს შემუშავება და დამტკიცება
1. თავდაცვის პროგრამების სახელმძღვანელოს შეიმუშავებს და შემუშავების პროცესს ხელმძღვანელობს სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკის და განვითარების დეპარტამენტი.
2. თავდაცვის პროგრამების სახელმძღვანელოს შემუშავების პროცესში მონაწილეობენ კონკრეტულ საბიუჯეტო წელთან დაკავშირებული, რესურსების მართვის პროცესში ჩართული სამინისტროს სისტემის სტრუქტურული ქვედანაყოფები.
3. თავდაცვის პროგრამების სახელმძღვანელოს შემუშავების ეტაპებია:
ა) პოლიტიკური პრიორიტეტების ასახვა, რომელსაც ახორციელებს სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტი;
ბ) ფინანსური ჭერების იდენტიფიცირება, რომელსაც ახორციელებს სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტი;
გ) სამხედრო შესაძლებლობების და მათი განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრა, რომელსაც ახორციელებს J-5 დეპარტამენტი;
4. თავდაცვის პროგრამების სახელმძღვანელოს პროექტი განსახილველად ეგზავნება სამინისტროს სისტემის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს.
5. სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტი თავდაცვის პროგრამების სახელმძღვანელოს საბოლოო პროექტს დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს.
6. თავდაცვის პროგრამების სახელმძღვანელოს განახლება ხდება ყოველწლიურად.
მუხლი 10🔗. ორგანიზაციული დოკუმენტების შემუშავება, დამტკიცება, მონიტორინგი და შეფასება
1. ორგანიზაციული დოკუმენტების შემუშავებას ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს შესაბამისი მიმართულებისა და სფეროს განვითარებაზე პასუხისმგებელი სამინისტროს სისტემის სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. ამ დებულების მე-4 მუხლით განსაზღვრულ ორგანიზაციულ დოკუმენტებს ამტკიცებს მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. ორგანიზაციული დოკუმენტების მონიტორინგი ხორციელდება მის შემუშავებაზე პასუხისმგებელი სამინისტროს სისტემის სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ, ამავე სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით. გარდა ამისა, ცალკეული ორგანიზაციული დოკუმენტების მონიტორინგი შესაძლოა განახორციელოს სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტმა მინისტრის დავალებით.
მუხლი 11🔗. უწყებრივი დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დაგეგმვის მეთოდოლოგია
უწყებრივი დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დაგეგმვის მეთოდოლოგია განისაზღვრება „თავდაცვის სტრატეგიული დაგეგმვის, მონიტორინგის და შეფასების სახელმძღვანელოში“, რომლის შემუშავებაზე პასუხისმგებელია სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკის და განვითარების დეპარტამენტი.