შპს „ორიგინალის“ მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
80210320004018039
საქმე №2/2205-20
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის
გაუქმების შესახებ
2020 წლის 28 იანვარი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე
განმცხადებელი - შპს „ორიგინალი“ (ს/კ 437978501)
წარმომადგენელი - ნუცა ვარდანიძე, ოთარ ხუციშვილი
მოთხოვნა: შპს „ორიგინალის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ორიგინალის“ გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
შპს „ორიგინალის“ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართეს წარმომადგენლებმა ნუცა ვარდანიძემ და ოთარ ხუციშვილმა და აღნიშნეს, რომ შპს ,,ორიგინალი" (ს/ნ 437978501) დაფუძნდა 2018 წლის 6 მარტს. კომპანიის საქმიანობას წარმოადგენდა საცალო გაყიდვები, ე. წ მარკეტის ტიპის მაღაზია. რისთვისაც კომპანიას ნაქირავები ჰქონდა ფართი ქალაქ თბილისში, ცინცაძის ქუჩა #2- ში. მაღაზია მუშაობდა 2019 წლის მარტამდე, რა დროსაც სირთულეების და მაღალი კონკურენციის გამო დაიხურა. 2019 წელსვე კომპანიაში შემოწმება ჩაატარა შემოსავლების სამსახურმა, რის საფუძველზეც საბოლოოდ კომპანიას დაეკისრა სულ 19022 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 14130 ლარი, ჯარიმა 4892 ლარი. შექმნილ ვითარებაში, კომპანიის დირექტორის ინიციატივით 2020 წლის 5 ოქტომბერს ჩატარდა შპს „ორიგინალის“ პარტნიორთა კრება, სადაც გადაწყდა, რომ მოცემულ სიტუაციაში კომპანიას არ ჰქონდა სხვა გზა გარდა იმისა, რომ დაეწყო გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, რომელიც უნდა დასრულდეს კომპანიის გაკოტრებით, ვინაიდან ვადამოსულ მოთხოვნებს ვერ ფარავს კომპანიის აქტივები. უფრო მეტიც, კომპანიის დღეისთვის არსებული ქონება არ არის საკმარისი თავად გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ხარჯების დაფარვისთვისაც.
დღეის მდგომარეობით ,,ორიგინალის’’ საბანკო ანგარიშები ნულოვანია, კომპანიის სალაროში არ არის თანხა, ორიგინალს არ გააჩნია უძრავი ქონება, ხოლო რაც შეეხება მოძრავ ქონებას - კომპანიის აქტივს წარმოადგენს მხოლოდ სალარო აპარატი. ეს მაშინ, როდესაც კომპანიის მიერ კრედიტორების მიმართ შესასრულებელი ვალდებულებების მოცულობა ჯამში არის 19 000 ლარზე მეტი. დღეის მდგომარეობით კომპანიის ერთადერთი კრედიტორია შემოსავლების სამსახური, რომელმაც 2020 წლის 10 სექტემბერს მიმართა შუამდგომლობით ამბროლაურის სასამართლოს და მოითხოვა ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, კერძოდ კი, სალარო აპარატის.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 03 ნოემბრის განჩინებით შპს „ორიგინალს“ უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „ორიგინალის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 03 ნოემბრის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2020 წლის 16 დეკემბერს, ხოლო საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში 2020 წლის 18 ნოემბერს. განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს „ორიგინალი“ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს „ორიგინალის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ორიგინალი“ (ს/კ 437978501) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „ორიგინალის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მანანა ნიკაჭაძე
მოსამართლე