საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 25.02.2021
ძალის დაკარგვა 01.07.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №01-30
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.030.016221
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/03/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი | საგარეო საქმეთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 17.05.2016
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №01-30
2021 წლის 25 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2016 წლის 17 მაისის №01-87 ბრძანება.
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საგარეო საქმეთა მინისტრიდავით ზალკალიანი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) შიდა აუდიტის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს სისტემაში არსებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც უზრუნველყოფს ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანების შესრულებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით. დეპარტამენტი მოქმედებს „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური დოკუმენტების, მეთოდოლოგიური მითითებების და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად და საქმიანობისას იცავს შიდა აუდიტის პროფესიული პრაქტიკის ძირითად პრინციპებს და შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსს.
3. დეპარტამენტის საქმიანობა ეფუძნება დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კონფიდენციალურობის, კანონიერებისა და გამჭვირვალობის პრინციპებს.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის დამოუკიდებლობა
1. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია უშუალოდ მინისტრის წინაშე.
2. სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში დეპარტამენტი მოქმედებს ჰარმონიზაციის ცენტრთან კოორდინირებულად.
3. დეპარტამენტი სამინისტროს სისტემის სხვა ქვედანაყოფებისგან არის ფუნქციურად დამოუკიდებელი, თავის მხრივ დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან კომპეტენციით და გააჩნიათ დამოუკიდებელი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები.
4. დეპარტამენტი და აუდიტორი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და მოქმედებს კანონმდებლობის ფარგლებში. დაუშვებელია მის საქმიანობაში სამინისტროს სხვა თანამდებობის პირთა ნებისმიერი ფორმით ჩარევა ან საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება
ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც მათ მინიჭებული აქვთ „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
თავი II
დეპარტამენტის მიზნები, ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის მიზნები და ამოცანები
1. დეპარტამენტის ძირითადი მიზანია სამინისტროს ღირებულების გაზრდა და დაცვა ობიექტური და რისკებზე დაფუძნებული რწმუნების, კონსულტაციისა და პროფესიული გამოცდილების შედეგად მიღებული ცოდნის გაზიარების გზით. დეპარტამენტი უზრუნველყოფს ობიექტური, მარწმუნებელი და საკონსულტაციო მომსახურების გაწევას ოპერაციების გაუმჯობესების და დამატებითი ღირებულებების შექმნისათვის. შიდა აუდიტი ეხმარება სამინისტროს მიზნების და ამოცანების მიღწევაში, რისთვისაც აფასებს და აუმჯობესებს სამინისტროს მართვის, რისკის მართვის და კონტროლის პროცესების ეფექტიანობას.
2. დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიზნები და შიდა აუდიტის განხორციელების პრინციპებია საკითხების სისტემური, კომპლექსური შესწავლისა და რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების შეფასების გზით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფების და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფა, ფინანსების მართვის გაუმჯობესება, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტურობის გაზრდის ხელშეწყობა, ფუნქციონირებისა და მართვის პროცესების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია.
3. დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტებთან დაკავშირებით, კანონშესაბამისი რეაგირება და ასეთი გადაცდომების პრევენცია, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და საჩივრების განხილვა, შესაბამისი დასკვნის მომზადება.
4. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სამინისტროში არსებული პოლიტიკისა და პროცედურების შესრულების, საკანონმდებლო მოთხოვნებისა და არსებული სტანდარტების დაცვის, რესურსების ეფექტურად და ეკონომიურად გამოყენების შეფასება, ასევე არსებული მდგომარეობის ანალიზი და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმარება.
5. დეპარტამენტის ამოცანაა მინისტრი უზრუნველყოს ინფორმაციით სამინისტროში არსებული მართვისა და კონტროლის მექანიზმების ადეკვატურობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობის, მოქმედ სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფების და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის გაუმჯობესება და მისი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა შემდეგი საქმიანობის განხორციელებით:
ა.ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;
ა.ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
ა.გ) სამინისტროს საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება;
ა.დ) სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ა.ე) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;
ა.ვ) სამინისტროს აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;
ა.ზ) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს;
ბ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფებში და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დისციპლინური გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და მისი აღმოჩენის მიზნით შემდეგი ღონისძიებების განხორციელება:
ბ.ა) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია;
ბ.ბ) სამინისტროს სისტემაში თანამშრომელთა მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ფაქტებზე დისციპლინური წარმოების ჩატარება, სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, დასკვნის შედგენა, მისი ხელმძღვანელობისთვის და დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირისთვის (მისი არსებობის შემთხვევაში) წარდგენა;
ბ.გ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, სამინისტროს სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, მისი შედეგების და შემოწმების ობიექტთან შეთანხმებული რეკომენდაციების მინისტრისათვის წარდგენა;
ბ.დ) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი;
ბ.ე) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმათა შესრულების კონტროლი;
ბ.ვ) სამინისტროს მოსამსახურეების ინტერსთა კონფლიქტის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირება;
ბ.ზ) სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე ინფორმაციის შემცველი განცხადებებისა და წერილების შესწავლის შედეგად დასკვნის მომზადება და მინისტრისთვის წარდგენა;
ბ.თ) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებების განხილვა და მათზე რეაგირება;
ბ.ი) დეპარტამენტის „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
მუხლი 6🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი
1. დეპარტამენტის უფლებამოსილება ვრცელდება სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე, საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფებზე და სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე.
2. დეპარტამენტის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს სამინისტროს სისტემაში ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო.
3. დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) სამინისტროს სისტემაში რისკების შეფასებაზე დაფუძნებული შიდა აუდიტის სტრატეგიული და წლიური გეგმების საფუძველზე განახორციელოს შიდა აუდიტორული შემოწმება აუდიტის შემდეგი სახეების გამოყენებით: სისტემური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი, ფინანსური აუდიტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი;
ბ) განახორციელოს სამინისტროს სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი. სამსახურებრივი შემოწმების ან/და დისციპლინური წარმოების შედეგად გამოავლინოს სამინისტროს თანამშრომელთა მიერ დისციპლინური გადაცდომის, სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების, მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების და კანონიერი ინტერესების შელახვის და სხვა მართლსაწინააღმდეგო ფაქტები, განიხილოს და შეისწავლოს შემოსული წერილები, შეტყობინებები, განცხადებები და სხვა სახის ინფორმაცია;
გ) მიიღოს და განიხილოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა, ადმინისტრაციულ ორგანოთა განცხადებები და წერილები;
დ) სამინისტროს სისტემიდან მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, დოკუმენტი, მიუხედავად მათი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა) და ხელი მიუწვდებოდეს მონაცემთა ბაზებზე, მიიღოს სამინისტროს სისტემის ნებისმიერი თანამშრომლისგან შესაბამისი ინფორმაცია ან განმარტება, აგრეთვე მოითხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა;
ე) ჩამოართვას განმარტება ან/და მიიღოს ინფორმაცია იმ პირებისაგან, რომლებიც არ არიან სამინისტროს თანამშრომლები, მათი თანხმობის არსებობის შემთხვევაში;
ვ) განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი კონსულტაციებისათვის მოიწვიოს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეები, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში დადგენილი წესის შესაბამისად მოითხოვოს შესაბამისი სპეციალისტების მოწვევა, ექსპერტიზის ან/და სხვა სახის კვლევების ჩატარების დაკვეთა;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მისცეს მითითება სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებს, დაიცვან სამართლებრივი აქტების მოთხოვნები;
თ) სამინისტროს სისტემის თანამშრომლის მხრიდან ჩადენილი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, წარუდგინოს წინადადება მინისტრს ან/და შესაბამისი დაწესებულების წინაშე დააყენოს საკითხი ასეთი თანამშრომლის მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ და გასცეს რეკომენდაცია მომავალში მსგავსი დარღვევების თავიდან აცილების უზრუნველყოფის მიზნით;
ი) სამსახურებრივი შემოწმების ან დისციპლინური წარმოების შედეგად დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, მინისტრთან შეთანხმებით, გადააგზავნოს მასალები შესაბამის უწყებებში;
კ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფებში განხორციელებული სამსახურებრივი შემოწმების ან დისციპლინური წარმოების შედეგად შედგენილი დასკვნა წარუდგინოს მინისტრს და დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ პირს (მისი არსებობის შემთხვევაში), სამსახურებრივი შემოწმების ან დისციპლინური წარმოების შედეგად შედგენილ დასკვნაში ასახოს რეკომენდაციები (ასეთის არსებობის შემთხვევში) მომავალში მსგავსი დარღვევების პრევენციის ან პროცესის გაუმჯობესების მიზნით.
მუხლი 7🔗. დეპარტამენტის მოვალეობანი
დეპარტამენტი ვალდებულია:
ა) დაიცვას წინამდებარე დებულება, შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია, ინსტრუქციები და შიდა აუდიტის მარეგულირებელი და სხვა სამართლებრივი აქტები;
ბ) შიდა აუდიტის განხორციელებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა;
გ) შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი გაუგზავნოს შიდა აუდიტის ობიექტს იმ მიზნით, რომ მან წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრება და არგუმენტირებული პასუხი ანგარიშში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით;
დ) საბოლოო შიდა აუდიტორული ანგარიში და გაცემული რეკომენდაციების შესრულების გეგმა გაუგზავნოს მინისტრს;
ე) შიდა აუდიტის წლიური ანგარიში წარუდგინოს მინისტრს და ჰარმონიზაციის ცენტრს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე;
ვ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;
ზ) მინისტრის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
თ) სამსახურებრივი შემოწმების ან/და დისციპლინური წარმოების შედეგად შედგენილი დასკვნა, რეაგირებისათვის გადაუგზავნოს მინისტრს და შემოწმებულ ობიექტს.
მუხლი 8🔗. დეპარტამენტის თანამშრომლობა სხვა სახელმწიფო ორგანოებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან
დეპარტამენტი მინისტრთან შეთანხმებით, კომპეტენციის ფარგლებში:
ა) კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, თანამშრომლობს სახელმწიფო მმართველობის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, სამართალდამცავ ორგანოებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან;
ბ) სახელმწიფო ფინანსების კონტროლის სფეროში თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან და ამ მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს „სახელმწიფო აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ აუდიტის ობიექტებთან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ურთიერთობათა კოორდინაციას;
გ) სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედების გამოვლენის შემთხვევაში მასალებს აგზავნის შესაბამის ორგანოში.
თავი III
დეპარტამენტის სტრუქტურა
მუხლი 9🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა
დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) შიდა აუდიტის სამმართველო;
ბ) ინსპექტირების სამმართველო.
მუხლი 10🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ამოცანები, ფუნქციები და უფლება-მოვალეობები
1. შიდა აუდიტის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;
ბ)სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
გ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;
დ) სამინისტროს აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;
ე) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს;
ვ) საკონსულტაციო მომსახურების გაწევა საკუთარი კომპეტენციის, პრაქტიკის და გამოცდილების გაზიარების გზით.
2. დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას, შიდა აუდიტის სამმართველო უფლებამოსილია მოახდინოს:
ა) აუდიტის დაგეგმვა;
ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება (სისტემური აუდიტი);
გ) შიდა აუდიტის ობიექტის მიერ საქმიანობის პოლიტიკასთან, გეგმებთან, პროცედურებთან, კანონებსა და სხვა მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შემოწმება და შეფასება (შესაბამისობის აუდიტი);
დ) შიდა აუდიტის ობიექტის მიერ განხორციელებული ღონისძიებების, ოპერაციების, პროგრამების, დაწესებულების ორგანიზაციული მოწყობისა და სისტემების ობიექტური და საიმედო შეფასება მათი ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის პრინციპებთან შესაბამისობის დადგენისა და გაუმჯობესების პოტენციალის გამოვლენის მიზნით (ეფექტიანობის აუდიტი);
ე) შიდა აუდიტის ობიექტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით (ფინანსური აუდიტი);
ვ) ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით (ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი).
3. დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას შიდა აუდიტის სამმართველო ვალდებულია:
ა) აუდიტის ობიექტს წარუდგინოს შემოწმების ინდივიდუალური გეგმა;
ბ) აუდიტორული შემოწმების ანგარიში წარუდგინოს მინისტრს და შიდა აუდიტის ობიექტს;
გ) უზრუნველყოს გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი.
4. ინსპექტირების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს სისტემის ორგანოებში კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;
ბ) სამინისტროს სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, დისციპლინური გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების ან საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;
გ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ჩადენის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ან დისციპლინური წარმოების ჩატარება, შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და, საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდაციების შემუშავება;
დ) სამინისტროს სისტემაში სამართალდარღვევის ფაქტების, სამსახურებრივი გადაცდომების ან/და მიზნებთან შეუსაბამო ქმედებების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, სამინისტროს სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
ე) სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე მინისტრისათვის ან სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებისათვის გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ რეკომენდაციების წარდგენა;
ვ) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი;
ზ) სამინისტროს მოსამსახურეების ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
თ) კომპეტენციის ფაგლებში სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;
ი) სამმართველოში შემოსულ განცხადებებსა და წერილებზე რეაგირება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში „ცხელი ხაზით“ და ელექტრონული ფოსტით შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება;
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის დირექტორის დავალებებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
5. დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას ინსპექტირების სამმართველო უფლებამოსილია:
ა) განახორციელოს საგარეო საქმეთა სამინიტროს სისტემაში სამსახურებრივი შემოწმება ან/და დისციპლინური წარმოება მიღებული განცხადების, საჩივრის, შეტყობინებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის ინფორმაციის საფუძველზე;
ბ) მოთხოვნისთანავე მიიღოს სამინისტროს სისტემის თანამშრომლებისგან სამსახურებრივი შემოწმებისათვის საჭირო დოკუმენტაცია ან ინფორმაცია;
გ) განსახილველი საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, სამინისტროს სისტემის ნებისმიერი თანამშრომლისგან მიიღოს ახსნა-განმარტება;
დ) ნებაყოფლობის საფუძველზე ახსნა-განმარტება ჩამოართვას, ან/და მიიღოს ინფორმაცია იმ პირისაგან, რომელიც არ არის სამინისტროს სისტემის თანამშრომელი;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს სამინისტროს სისტემაში არსებული მონაცემთა ბაზა;
ვ) ითანამშრომლოს სამართალდამცავ და სასამართლო ორგანოებთან;
ზ) დისციპლინური წარმოების შედეგების საფუძველზე მინისტრს წარუდგინოს რეკომენდაცია გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ;
თ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის მიზნით შეისწავლოს და გააანალიზოს შემოწმების პროცესში მოპოვებული მასალები და მინისტრს წარუდგინოს სათანადო რეკომენდაციები;
ი) წარმოებული სამსახურებრივი შემოწმების ან/და დისციპლინური წარმოების შედეგად სამინისტროს სისტემის თანამშრომლის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, მოპოვებული მასალები, მინისტრთან შეთანხმებით, გადაუგზავნოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს.
6. დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას ინსპექტირების სამმართველო ვალდებულია:
ა) წინასწარ განუმარტოს პირს მისი უფლებები;
ბ) სამსახურებრივი შემოწმება და დისციპლინური წარმოება ჩაატაროს დადგენილ ვადებში და წესით;
გ) აწარმოოს სამინისტროს სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დარღვევის შემთხვევების აღრიცხვა;
დ) სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მიიღოს მონაწილეობა სამინისტროს სისტემაში კანონიერების დარღვევისა და სხვა არამართლზომიერი ქმედებების აღმოფხვრისაკენ მიმართული კომპლექსური ღონისძიებების შემუშავებაში;
ე) დეპარტამენტის დირექტორს მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ანგარიში გაწეული საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შესახებ;
ვ) შეასრულოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.
მუხლი 11🔗. დეპარტამენტის საქმიანობის დაგეგმვა და ანგარიშგების უზრუნველყოფა
1. დეპარტამენტის საქმიანობა ხორციელდება რისკის შეფასებაზე დაფუძნებული შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმის საფუძველზე. შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმა გამომდინარეობს სამინისტროს გრძელვადიანი მიზნებიდან, მოიცავს სამწლიან პერიოდს და განსაზღვრავს შიდა აუდიტის სფეროში სტრატეგიული განვითარების მიმართულებებს.
2. შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმის საფუძველზე, შიდა აუდიტის დეპარტამენტის დირექტორი შეიმუშავებს შიდა აუდიტის წლიურ გეგმას, რომელიც ასახავს კონკრეტულ შიდა აუდიტორულ შემოწმებებს.
3. შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს ამტკიცებს მინისტრი.
4. თითოეული შიდა აუდიტორული შემოწმება ხორციელდება ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს შიდა აუდიტის მოქმედების სფეროს, ამოცანებს, ხანგრძლივობას შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდებს, ფარგლებს, აუდიტის სახეს და სხვა.
5. შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელების შედეგად დეპარტამენტი ადგენს შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტს, რომელსაც დეპარტამენტის დირექტორი უგზავნის შიდა აუდიტის ობიექტს იმ მიზნით, რომ მან განსაზღვრულ გონივრულ ვადაში წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრება ანგარიშში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა, რაც აისახება საბოლოო ანგარიშში.
6. შიდა აუდიტის ობიექტი საპასუხო წერილს და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმას უგზავნის დეპარტამენტის დირექტორს.
7. შიდა აუდიტის ობიექტის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვადის გაშვების შემთხვევაში, შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი ჩაითვლება საბოლოოდ, მასში ასახული გარემოებები დადგენილად და რეკომენდაციები შეთანხმებულად.
8. შიდა აუდიტორულ ანგარიშს ხელს აწერს აუდიტის ჯგუფის ყველა წევრი.
9. შიდა აუდიტის ობიექტის მოსაზრების მიღების შემდეგ დეპარტამენტის დირექტორი საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშს, შიდა აუდიტის ობიექტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმასთან ერთად, წარუდგენს მინისტრს შესაბამისი რეაგირებისთვის.
10. თუ შიდა აუდიტის ობიექტი არ ეთანხმება საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებს, სადავო რეკომენდაციებს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად უგზავნის მინისტრს, რომელიც გონივრულ ვადაში იღებს ამ გადაწყვეტილებას.
11. თუ შიდა აუდიტის ობიექტი არ ასრულებს საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებს, შიდა აუდიტის დეპარტამენტის დირექტორი აღნიშნულ რეკომენდაციებს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად უგზავნის მინისტრს, რომელიც გონივრულ ვადაში იღებს ამ გადაწყვეტილებას.
12. შიდა აუდიტის ობიექტის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე.
13. შიდა აუდიტის დეპარტამენტის დირექტორი მინისტრს წარუდგენს დეპარტამენტის მიერ გაწეული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს მომდევნო წლის 31 იანვრამდე.
14. შიდა აუდიტის დაპარტამენტის დირექტორი ყოველწლიურ ანგარიშში მინისტრს ასევე წარუდგენს შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის და გაუმჯობესების პროგრამის შესახებ ინფორმაციას, მათ შორის, ინფორმაციას შიდა (მიმდინარე და პერიოდული) და გარე შეფასების შედეგებზე, რომელიც ჩატარდება სულ ცოტა ყოველ 5 წელიწადში ერთხელ კვალიფიციური, დამოუკიდებელი შემფასებლის ან შემფასებელთა გარე ჯგუფის მიერ.
თავი IV
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სხვა საჯარო მოხელეები
მუხლი 12🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა:
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დირექტორი.
2. დეპარტამენტის დირექტორს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
4. დეპარტამენტის დირექტორი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და დებულების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს შიდა აუდიტის დეპარტამენტის საქმიანობას მიკუთვნებულ საკითხებზე;
გ) დადგენილი წესის მიხედვით იხილავს შემოსულ კორესპონდენციას, ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის ქვედანაყოფებსა და მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
დ) ხელს აწერს ან/და ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, ან სხვა სტრუქტურულ ერთეულში შემუშავებულ დოკუმენტებს;
ე) შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;
ვ) ამტკიცებს შიდა აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალურ გეგმას ან/და ინსპექტირების პროგრამას;
ზ) მინისტრს წარუდგენს ჩატარებული შიდა აუდიტის შედეგებს, ინსპექტირების დასკვნებსა და შემუშავებულ რეკომენდაციებს;
თ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და დეპარტამენტის მიერ შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე;
ი) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის ოპტიმიზაციის, დეპარტამენტის მოსამსახურეთა მატერიალური წახალისებისა ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
კ) შუამდგომლობს მინისტრთან იმ ფინანსური სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა შიდა აუდიტის დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
მ) თანამშრომლობს ჰარმონიზაციის ცენტრთან და მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის დოკუმენტაციასა და ინფორმაციას, ითვალისწინებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში გაცემულ შესაბამის რეკომენდაციებს;
ნ) უზრუნველყოფს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მთავრობის გადაწყვეტილებების, მინისტრის მითითებების დაცვას, აგრეთვე დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესრულების კონტროლს;
ო) პასუხისმგებელია დეპარტამენტში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
პ) ასრულებს მინისტრის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს;
ჟ) მინისტრს წარუდგენს წინადადებას ინსპექტირების დაწყების/ჩატარების, შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ;
რ) წარუდგენს მინისტრს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ს) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებით და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
5. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას, ორი ან მეტი მოადგილის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შესრულება ეკისრება ერთ-ერთ მოადგილეს.
მუხლი 13🔗. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
1. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ანგარიშვალდებულია მინისტრისა და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე.
3. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის დირექტორს დეპარტამენტის ფუნქციონალური ამოცანების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში;
ბ) იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ შესაბამის სამმართველოებს შორის;
გ) ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ე) პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
ვ) ასრულებს მინისტრის, დეპარტამენტის დირექტორის დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს;
ზ) დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.
მუხლი 14🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი
1. დეპარტამენტში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფს (ქვედანაყოფებს) ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის წინაშე.
3. სამმართველოს უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) გეგმავს, ორგანიზებას უკეთებს და ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის;
გ) იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ სამმართველოს თანამშრომლებს შორის;
დ) ანაწილებს დავალებებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;
ე) ახორციელებს კონტროლს სამმართველოს მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
ვ) დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს სამმართველოს მიერ შედგენილ დასკვნას ან/და შემუშავებულ ანგარიშს;
ზ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
თ) პასუხისმგებელია სამმართველოში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
ი) ასრულებს მინისტრის, დეპარტამენტის დირექტორის, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის კანონშესაბამის მითითებებსა და დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
თავი V
სამსახურებრივი შემოწმების და დისციპლინური წარმოების წესი
მუხლი 15🔗. სამსახურებრივი შემოწმების მიზანი
სამსახურებრივი შემოწმების მიზანია სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და პრევენცია, სამინისტროს სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზების, მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა და მიმდინარე პროცესების გაუმჯობესება. არსებული პრობლემების გადასაწყვეტად ან/და პროცესში არსებული რისკების შესამცირებლად შესაფერისი რეკომენდაციების გაცემა ან/და შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება, შემდგომში დისციპლინური წარმოების დაწყების მიზნით.
მუხლი 16🔗. სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების წესი
1. სამსახურებრივი შემოწმების საფუძველი შეიძლება იყოს ცნობები სამინისტროს სისტემის თანამშრომლების (რომელთა იდენტიფიცირება სამსახურებრივი შემოწმების დაწყების ეტაპზე შეუძლებელია) მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის შესახებ, მათ შორის, მოქალაქეთა წერილობითი საჩივრები, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები და მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული ინფორმაცია, „ცხელი ხაზით“ შემოსული შეტყობინებები და სხვა.
2. სამსახურებრივი შემოწმება ტარდება მინისტრის წერილობითი ბრძანების საფუძველზე.
3. შემოწმების შედეგებზე შემოწმების ჯგუფი ადგენს დასკვნას, რომელშიც აისახება ინფორმაცია მოპოვებული მასალებისა და აღმოჩენილი დარღვევების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ, შემოწმების დროს დაფიქსირებული ფაქტების ანალიზი, არსებულ ან/და მოსალოდნელ დარღვევა-ნაკლოვანებათა გამომწვევი მიზეზები და ხელშემწყობი პირობები, კონკრეტული წინადადებები და მოსაზრებები ნაკლოვანებათა აღმოფხვრის, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და შემოწმების შედეგებზე რეაგირების ღონისძიებათა შესახებ.
4. შემოწმების დასკვნას ხელს აწერს ინსპექტირების სამმართველოს უფროსი და შემოწმების ჯგუფის ყველა წევრი.
5. დასკვნა გაცნობისათვის და შემდგომი რეაგირებისათვის ეგზავნება მინისტრს, ასევე შემოწმებული პირველადი სტრუქტურული ერთეულის (დეპარტამენტი/სამსახური/სამმართველო საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფის ხელმძღვანელს/სამმართველოს ხელმძღვანელს ან/და სხვა უფლებამოსილ პირს).
მუხლი 17🔗. დისციპლინური წარმოების მიზანი
დისციპლინური წარმოების მიზანია დისციპლინური გადაცდომის ფაქტის სწრაფად და სრულად გამოვლენა და დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა.
მუხლი 18🔗. დისციპლინური წარმოების დაწყება
დისციპლინური წარმოება ხორციელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პრინციპებისა და მოთხოვნების დაცვით.
მუხლი 19🔗 ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება
1. დეპარტამენტის მოსამსახურე არ მონაწილეობს შიდა აუდიტორულ შემოწმებაში, თუ გამოვლინდა ინტერესთა კონფლიქტის ერთ-ერთი შემდეგი შემთხვევა:
ა) დეპარტამენტის მოსამსახურე შესამოწმებელ პერიოდში მუშაობდა შიდა აუდიტის ობიექტში;
ბ) დეპარტამენტის მოსამსახურის პირველი და მეორე რიგის მემკვიდრეებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკავიათ ან შესამოწმებელ პერიოდში ეკავათ ხელმძღვანელი თანამდებობები შიდა აუდიტის ობიექტში;
გ) ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევა, რომელსაც აფასებს დეპარტამენტის დირექტორი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, დეპარტამენტის მოსამსახურე ვალდებულია განაცხადოს თვითაცილების შესახებ.
3. დეპარტამენტის მოსამსახურის შიდა აუდიტორული შემოწმების პროცესიდან აცილების საკითხს, კანონმდებლობის საფუძველზე წყვეტს დეპარტამენტის დირექტორი, ხოლო დეპარტამენტის დირექტორის აცილების საკითხს – მინისტრი.