მატერიალური და არამატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირების მომსახურების განმახორციელებელი პირის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 11.03.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №99
სარეგისტრაციო კოდი 200250000.10.003.022651
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/03/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.03.2021 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების, სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხების ოდენობების და მათი გადახდის წესის და სატენდერო წინადადების და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფისათვის საბანკო გარანტიების ოდენობებისა და მათი გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ „დავების განხილვის წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის კომისიის შექმნისა და საქმიანობის, აკრედიტაციის კონკურსის ჩატარების, აკრედიტაციის განაცხადის განხილვის საფასურის განსაზღვრისა და ტარიფების განმსაზღვრელი კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
მატერიალური და არამატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირების მომსახურების განმახორციელებელი პირის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №99
2021 წლის 11 მარტი
ქ. თბილისი
მატერიალური და არამატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირების მომსახურების განმახორციელებელი პირის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1921 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „მატერიალური და არამატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირების მომსახურების განმახორციელებელი პირის შერჩევის წესი“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
მატერიალური და არამატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირების მომსახურების განმახორციელებელი პირის შერჩევის წესი
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
„მატერიალური და არამატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირების მომსახურების განმახორციელებელი პირის შერჩევის წესი“ (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს მატერიალური და არამატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირების მომსახურების განმახორციელებელი პირის შერჩევის პროცედურებს, შერჩევის პროცედურაში მონაწილე პრეტენდენტთა წინადადებების განხილვის, შეფასების, გადაწყვეტილების მიღების, შერჩეულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებისა და შერჩევის პროცედურის ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სამსახური − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური;
ბ) შერჩევა − მატერიალური და არამატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირების მომსახურების გაწევის უფლების მისაღებად ჩატარებული პროცესი და პროცედურები;
გ) პირი − რეზიდენტი ან არარეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი;
დ) პრეტენდენტი − საქართველოს ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც წარადგენს წინადადებას და მონაწილეობას იღებს შერჩევის პროცედურაში;
ე) შესარჩევი კომისია − საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით შექმნილი კომისია, რომელიც ახორციელებს ამ წესითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს;
ვ) მატერიალური და არამატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირების მომსახურების გამწევი პირი − მატერიალური და არამატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირების მომსახურების გაწევის უფლების მფლობელი, შერჩევის შედეგად შერჩეული პრეტენდენტი, რომელთანაც სამსახურს გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება და რომელიც საქმიანობას ახორციელებს კანონმდებლობითა და შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;
ზ) პრეტენდენტის წინადადება − პრეტენდენტის მიერ შესარჩევი, კომისიისათვის წარდგენილი წინადადება მატერიალური და არამატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირების მომსახურების გამწევ პირად შერჩევის მიზნით.
მუხლი 3🔗. შერჩევის ჩატარების შესახებ განცხადების შედგენისა და გამოქვეყნების პირობები
1. შერჩევის შესახებ განცხადებასა და შესაბამის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს შეიმუშავებს შესარჩევი კომისია.
2. შერჩევის შესახებ განცხადების გამოქვეყნება მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება: გამოქვეყნებას იმ პერიოდულ გამოცემაში (გამოცემებში), რომელიც (რომლებიც) ფართოდ ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე ან/და ინგლისურ ენაზე, უცხო ქვეყნების იმ პერიოდულ ან სპეციალიზებულ გამოცემაში (გამოცემებში), რომელიც (რომლებიც) ფართოდ ვრცელდება საერთაშორისო მასშტაბით. შესარჩევი კომისია შერჩევის შესახებ განცხადებას უგზავნის საქართველოში აკრედიტებულ უცხო ქვეყნების დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლობებს.
3. შესარჩევი კომისია შერჩევის ჩატარების შესახებ განცხადებას აქვეყნებს პრეტენდენტების წინადადებების მიღების დაწყებამდე არანაკლებ 20 კალენდარული დღისა.
4. შერჩევის შესახებ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს:
ა) სამსახურის რეკვიზიტები;
ბ) საკვალიფიკაციო დოკუმენტაციის ენა, წარდგენის ფორმა, ვადა და ადგილი;
გ) პრეტენდენტის წინადადების წარდგენის ენა, წარდგენის ვადა და ადგილი;
დ) სხვა მონაცემები, რომელთა მითითებას საკვალიფიკაციო დოკუმენტაციისა და პრეტენდენტის წინადადებისათვის შესარჩევი კომისია ჩათვლის საჭიროდ შერჩევის პროცესის ჩატარებასთან დაკავშირებით.
მუხლი 4🔗. საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია
1. საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია, ამ წესთან ერთად, წარმოადგენს დოკუმენტთა პაკეტსა და მონაცემებს, რომელიც შეიცავს სრულ ინფორმაციას შერჩევის პროცედურების ძირითადი პირობების შესახებ და იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი.
2. საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებსა და ინფორმაციას:
ა) მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ პირები შერჩევის პროცესში მონაწილეობის მისაღებად;
ბ) ინსტრუქციას, პრეტენდენტთა წინადადებების შედგენისა და წარდგენის წესის შესახებ;
გ) მითითებას იმის შესახებ, თუ რა ენაზე/ენებზე უნდა მოხდეს პრეტენდენტთა წინადადებების წარდგენა;
დ) პრეტენდენტთა წინადადებების წარდგენის ფორმას, ვადასა და ადგილს;
ე) ინფორმაციას პრეტენდენტის წინადადების უზრუნველყოფისათვის საბანკო გარანტიის ოდენობისა და გამოყენების პირობების შესახებ;
ვ) ინფორმაციას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფისათვის საბანკო გარანტიის ოდენობისა და გამოყენების პირობების შესახებ;
ზ) ინფორმაციას შესარჩევ კომისიასთან კომუნიკაციის წესისა და კომუნიკაციაზე უფლებამოსილი პირის განსაზღვრის შესახებ საკონტაქტო მონაცემების მითითებით;
თ) მოთხოვნას პრეტენდენტის წინადადების მოქმედების მინიმალური ვადის თაობაზე;
ი) სხვა მონაცემებს, რომელთა მითითებასაც შესარჩევი კომისია ჩათვლის საჭიროდ შერჩევის პროცედურის ჩატარებასთან დაკავშირებით.
მუხლი 5🔗. პრეტენდენტის წინადადების შერჩევის, განხილვისა და შეფასების პირობები
1. შესარჩევ კომისიას წარედგინება ამ მუხლის მე-11 პუნქტში აღნიშნული საკვალიფიკაციო დოკუმენტები და ინფორმაცია, ასევე ის დამატებითი დოკუმენტები და ინფორმაცია, რომელსაც პრეტენდენტი მიიჩნევს საჭიროდ და არ სცილდება საკვალიფიკაციო დოკუმენტაციისა და ამ წესის შინაარსს. შესარჩევი კომისიისათვის დაგვიანებით წარდგენილი წინადადებები არ განიხილება და გაუხსნელად უბრუნდება წარმდგენ პრეტენდენტს.
2. პრეტენდენტის წინადადებების მიღების ვადის დასრულების შემდგომ პირველ რიგში შეფასდება ზოგადი ინფორმაციის სისრულე დადებითად ან უარყოფითად. თუკი პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ზოგადი ინფორმაცია შეფასდა უარყოფითად, პრეტენდენტის წინადადება შემდგომ ეტაპზე დამატებით აღარ განიხილება.
3. შერჩევის პროცედურის დროს მოწმდება, შეესაბამება თუ არა პრეტენდენტის წინადადება დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, სრულად არის თუ არა წარდგენილი ყველა შესაბამისი დოკუმენტი, რისი წარდგენაც გათვალისწინებულია საკვალიფიკაციო მოთხოვნებით და დაცულია თუ არა საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის ფორმა, ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც ერთვის პრეტენდენტის წინადადებას.
4. შერჩევის პროცესში შესარჩევი კომისია ახდენს პრეტენდენტების წინადადებების კლასიფიცირებას შემდეგ კატეგორიებად:
ა) პრეტენდენტების წინადადებები, რომლებიც შეიძლება, მისაღებად ჩაითვალოს;
ბ) პრეტენდენტების წინადადებები, რომლებიც მნიშვნელოვანი შეცდომების ან საკვალიფიკაციო დოკუმენტაციასთან შეუსაბამობის გამო ვერ ჩაითვლება მისაღებად.
5. პრეტენდენტის წინადადება და საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია შესარჩევ კომისიას წარედგინება დალუქული კონვერტის სახით. პრეტენდენტს უფლება აქვს, დაესწროს შესარჩევი კომისიის სხდომას კონვერტის გახსნისას. სხვა შემთხვევაში შესარჩევი კომისიის სხდომები დახურულია. შესაბამისად, კონფიდენციალურია ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ეხება შესარჩევი კომისიის მიერ პრეტენდენტთა წინადადებების განხილვას და დაუშვებელია ასეთი ინფორმაციის გახმაურება ნებისმიერი საშუალებით, მესამე პირთა ან კონკურენტ პრეტენდენტთა სასარგებლოდ.
6. შესარჩევ კომისიას უფლება აქვს, წინადადებების განხილვისთვის მიიწვიოს ექსპერტები და კონსულტანტები. კონსულტანტების ან/და ექსპერტების მიერ პრეტენდენტთა წინადადებების შესახებ წარდგენილი ინფორმაციის, დასკვნის ან ანგარიშის განხილვა ხდება შესარჩევი კომისიის სხდომაზე.
7. შესარჩევი კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მისი წინადადება შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომლებიც არსებითად არ ეწინააღმდეგება საკვალიფიკაციო დოკუმენტაციით, ამ წესით ან/და შერჩევის პროცესის ჩატარების შესახებ განცხადებით განსაზღვრულ მოთხოვნებს ან რომელთა გამოსწორება შესაძლებელია პრეტენდენტის წინადადების შინაარსის შეუცვლელად.
8. შესარჩევ კომისიას შეუძლია, თვითონ შეასწოროს მექანიკური შეცდომები, თუ ადგილი აქვს შეუსაბამობას ციფრობრივად და სიტყვიერად გამოსახულ სიდიდეებს შორის (უპირატესობა ენიჭება სიტყვიერ გამოსახულებას).
9. პრეტენდენტთა წინადადებები არ ჩაითვლება მისაღებად და არ დაიშვება შეფასებისათვის შემდეგ შემთხვევებში:
ა) პრეტენდენტის მიერ არ არის წარდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტი (თანმხლები დოკუმენტების ჩათვლით) ან/და ინფორმაცია;
ბ) თუ შესარჩევი კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვერ შეძლებს თავისი წინადადების ან/და საკვალიფიკაციო მონაცემების ხელახალ დადასტურებას;
გ) თუ პრეტენდენტის წინადადება არ არის სრულყოფილად შევსებული/ წარდგენილი;
დ) თუ შერჩევის პროცედურების დროს ადგილი ექნება პრეტენდენტის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას;
ე) თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილი მონაცემები ან/და მათი დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება;
ვ) თუ პრეტენდენტის წინადადება და საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ იქნება შედგენილი შესაბამისი ფორმის დაცვით (უფლებამოსილი პირის ხელმოწერა, თარიღის მითითება, სათანადოდ დამოწმებული თარგმანი და სხვ.);
ზ) თუ პრეტენდენტის წინადადებაში გათვალისწინებული არ იქნება ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები და ინფორმაცია.
10. პრეტენდენტების შეფასების მიზანია მათი ფინანსური მდგომარეობის, ტექნიკური შესაძლებლობების, პერსონალის კვალიფიკაციის, რეპუტაციის, გამოცდილებისა და სხვა მონაცემებისა და მახასიათებლების შედარება.
11. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი უნდა იყოს შემდეგი საკვალიფიკაციო დოკუმენტები და ინფორმაცია:
ა) ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ;
ბ) ინფორმაცია პრეტენდენტის შესაბამისი გამოცდილების თაობაზე;
გ) ინფორმაცია პრეტენდენტის მიმართ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებების თაობაზე, რომლითაც აეკრძალა საქმიანობა, ინფორმაცია მის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტების თაობაზე და სხვა;
დ) ინფორმაცია დაფინანსების თაობაზე;
ე) 1-5-წლიანი და 6-10-წლიანი ბიზნესგეგმა;
ვ) პრეტენდენტის წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია 500 000 აშშ დოლარის ოდენობით;
ზ) სხვა ინფორმაცია და დოკუმენტები, რომლებიც განისაზღვრება შერჩევის შესახებ განცხადებით ან/და საკვალიფიკაციო მოთხოვნებით.
12. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი წინადადების დეტალური განხილვის, შესწავლისა და შეფასების შემდეგ თუ დაკმაყოფილდება შერჩევის შესახებ განცხადებითა და საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული მოთხოვნები, პრეტენდენტის წინადადება ჩაითვლება მისაღებად.
13. შესარჩევი კომისია შერჩევის პროცესში პრეტენდენტის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პრეტენდენტების მიერ წარდგენილი წინადადების, საკვალიფიკაციო დოკუმენტაციისა და შეფასების კრიტერიუმების საფუძველზე.
14. შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილება შერჩევის პროცესით პრეტენდენტის შერჩევის შესახებ ფორმდება შესარჩევი კომისიის სხდომის ოქმით. შერჩევის პროცესში შესარჩევი კომისიის მიერ მიწვეული ექსპერტებისა და კონსულტანტების მონაწილეობის შემთხვევაში, შესარჩევი კომისიის ოქმს დაერთვის მათ მიერ წარდგენილი ინფორმაცია, დასკვნა ან ანგარიში. ოქმში მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია პრეტენდენტების წინადადებების განხილვაში მონაწილე პირებისა და პრეტენდენტების შესახებ.
15. შესარჩევი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა, შესარჩევი კომისია აცნობებს შედეგებს შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა პრეტენდენტს. შესარჩევი კომისიის მიერ განხორციელებული შერჩევისა და შერჩეული პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია, კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოედგინება საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ინფორმაციის განხილვიდან 30 დღის ვადაში სამსახურსა და შერჩეულ პრეტენდენტს შორის ფორმდება ხელშეკრულება.
16. ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმების ვადა შეიძლება, გაგრძელდეს არაუმეტეს 30 დღის ვადით.
17. საქართველოს არარეზიდენტი პირების მიერ წარდგენილი დოკუმენტები გაცემული და დამოწმებული უნდა იყოს სათანადო წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული); უცხოენოვანი დოკუმენტებისათვის საჭიროა ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.
მუხლი 6🔗. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები
1. ყველა პირმა, რომელიც შერჩევის პროცესში სამსახურის ინტერესებს წარმოადგენს (შესარჩევი კომისიის წევრები, შესარჩევი კომისიის აპარატის წევრები, მოწვეული ექსპერტებისა და კონსულტანტების ჩათვლით), თავიდან უნდა აიცილოს ინტერესთა კონფლიქტის ყველანაირი სიტუაცია, ინტერესთა კონფლიქტის წარმომშობი მიზეზების ჩათვლით.
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რომელიმე პირი ინტერესთა კონფლიქტის წინაშე აღმოჩნდება, მან დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ყოველგვარი მონაწილეობა შერჩევის პროცედურებში.
3. ყოველ პირს, რომელიც შერჩევის ჩატარების პროცესში სამსახურის ინტერესებს წარმოადგენს, ექნება ინტერესთა კონფლიქტი, თუ:
ა) თვითონ არის პრეტენდენტი;
ბ) არის შერჩევის პროცესში მონაწილე რომელიმე პრეტენდენტის მფლობელი, აკონტროლებს მას ან არის მისი თანამშრომელი;
გ) არის შერჩევის პროცესში მონაწილე პრეტენდენტის თანამშრომლის, ხელმძღვანელის ან მფლობელის ახლო ნათესავი. ახლო ნათესავში იგულისხმება პირის ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, გერი, და და ძმა, აგრეთვე მშობლისა და შვილის გერები;
დ) ბოლო 3 წლის განმავლობაში მუშაობდა შერჩევის პროცესში მონაწილე პრეტენდენტთან ან ეკავა პრეტენდენტის ორგანიზაციულ იერარქიაში ხელმძღვანელი თანამდებობა;
ე) პირადი ან საქმიანი ინტერესით დაკავშირებულია ან მოლაპარაკებას აწარმოებს ასეთი კავშირის დამყარების თაობაზე შერჩევის პროცედურებში მონაწილე პრეტენდენტებთან;
ვ) შერჩევის პროცედურის შედეგით პირადად არის დაინტერესებული ან აქვს ფინანსური ინტერესი.
4. დაუშვებელია შერჩევის პროცედურისას მასში მონაწილეობის მსურველმა ან/და მონაწილე პრეტენდენტმა შესარჩევ კომისიას (შესარჩევი კომისიის აპარატის წევრებს, მიწვეულ ექსპერტებსა და კონსულტანტებს) ან სახელმწიფო ორგანოებსა და მათ წარმომადგენლებს მიმართოს თხოვნით შუამდგომლობის შესახებ ან მოახდინოს მათზე პირდაპირი ან ფარული ზეგავლენა ნებისმიერი გზით, რათა მოიპოვოს თავისთვის ხელსაყრელი უფლებები ან/და პირობები.
5. დაუშვებელია, შერჩევის პროცესში მონაწილეობა მიიღონ იურიდიულმა პირებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ შერჩევის პროცედურების მოსამზადებელ სამუშაოებში.
6. პრეტენდენტის წინადადებების მიღების ვადის დასრულებისას შესარჩევი კომისიისა და კომისიის აპარატის ყველა წევრი, მოწვეული ექსპერტი და კონსულტანტი, რომელიც დაკავშირებულია ამ შერჩევის პროცესის განხორციელებასთან, ვალდებულნი არიან, წერილობით დაადასტურონ, რომ მათი მონაწილეობა ამ შერჩევის განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში არ ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს.
მუხლი 7🔗. შერჩევის ჩატარებასთან დაკავშირებული ქმედებების გასაჩივრებისა და დავის განხილვის პირობები
1. შერჩევის პროცესში მონაწილე პრეტენდენტებს შეუძლიათ, ნებისმიერ ეტაპზე გაასაჩივრონ შესარჩევი კომისიის ქმედებები საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ან სასამართლოში, თუ მათ მიაჩნიათ, რომ შერჩევის მიმდინარეობის პროცესში დაირღვა ამ წესით ან/და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილი დებულებები ან/და შეილახა მათი უფლებები.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სასამართლოში შერჩევის პროცესთან დაკავშირებული დავები განიხილება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. დავის განხილვა არ იწვევს შერჩევის პროცესის შეჩერებას, გარდა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა.
4. პრეტენზიის მქონე პრეტენდენტი, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, უფლებამოსილია, საჩივრით მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არაუგვიანეს ერთი თვისა იმ გადაწყვეტილების მიღების დღიდან, რომელმაც გამოიწვია პრეტენდენტის პრეტენზია. საჩივრის განხილვაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აგრეთვე იმ პირებს, რომელთა ინტერესებსაც შეეხება ან შეიძლება შეეხოს წარმოშობილი დავა.
5. ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჩივრის მიღებიდან არაუგვიანეს 10 დღისა გამოაქვს დასაბუთებული წერილობითი გადაწყვეტილება და აცნობებს მას მომჩივანს.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ საჩივრის განხილვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლო წესით.
7. საჩივარს უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი და უნდა ახლდეს მომჩივნის დასაბუთებული განმარტება იმის შესახებ, რომ მისი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, იგი მნიშვნელოვნად დაზარალდება. საჩივარი განხილვას არ ექვემდებარება, თუ შესარჩევი კომისია ამ წესის შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებას შერჩევის პროცესის შეწყვეტის შესახებ.
8. პრეტენდენტებს შეუძლიათ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები გაასაჩივრონ სასამართლო წესით.
მუხლი 8🔗. პრეტენდენტის წინადადების უზრუნველყოფისათვის საბანკო გარანტიის ოდენობა
პრეტენდენტის წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, პრეტენდენტი ვალდებულია, წარუდგინოს შესარჩევ კომისიას საბანკო გარანტია, რომლის ოდენობა შეადგენს 500 000 აშშ დოლარს.
მუხლი 9🔗. პრეტენდენტის წინადადების უზრუნველყოფისათვის საბანკო გარანტიის გამოყენების პირობები
1. საგარანტიო მოთხოვნა თანაბრად ეხება ყველა პრეტენდენტს.
2. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 30 დღით უნდა აღემატებოდეს პრეტენდენტის წინადადების მოქმედების ვადას.
3. გარანტიის დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილი უნდა იქნეს პრეტენდენტის წინადადებასთან ერთად.
4. შესარჩევ კომისიას უფლება აქვს, დაიწუნოს პრეტენდენტის მიერ წარდგენილი საბანკო გარანტია, თუ მას საფუძვლიანი ეჭვი აქვს წარდგენილი საბანკო გარანტიის მიმართ ან საბანკო გარანტიაზე დასტურის გამცემი ორგანიზაციის გადახდისუნარიანობაზე.
5. შესარჩევმა კომისიამ უნდა უზრუნველყოს პრეტენდენტებისთვის საბანკო გარანტიების დაბრუნება შერჩეულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადების დღიდან არაუგვიანეს 10 დღისა, მათივე მოთხოვნის საფუძველზე.
6. თუ შესარჩევი კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას შერჩევის პროცედურების შეჩერების ან შეწყვეტის თაობაზე, პრეტენდენტებს საბანკო გარანტიები უბრუნდებათ მათი მოთხოვნისთანავე.
7. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის წინადადების მოქმედების ვადა ამოიწურა პრეტენდენტის წინადადებების შეფასების დასრულებამდე და პრეტენდენტმა უარი განაცხადა ამ ვადის გაგრძელებაზე, პრეტენდენტს საბანკო გარანტია უბრუნდება მოთხოვნისთანავე.
8. საბანკო გარანტიის დაუბრუნებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესარჩევი კომისია და შერჩევის წინადადების უზრუნველყოფისათვის საბანკო გარანტიის თანხა სრულად ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში. ასეთი გადაწყვეტილება მიიღება შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ პრეტენდენტის წინადადებების გახსნის შემდეგ პრეტენდენტმა უარი განაცხადა შერჩევაში მონაწილეობაზე (თავისი წინადადების მოქმედების ვადის დასრულებამდე);
ბ) თუ შერჩეული პრეტენდენტი უარს განაცხადებს ხელშეკრულების დადებაზე;
გ) თუ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულ იქნა შერჩევის პროცედურების დროს კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის გამო.
9. შესარჩევი კომისიის მიერ საბანკო გარანტიის დაუბრუნებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შერჩევაში მონაწილე პრეტენდენტს უფლება აქვს, გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება, ამ წესის მე-7 მუხლისა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 10🔗. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფისათვის საბანკო გარანტიის ოდენობა
ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფისათვის შერჩეული პრეტენდენტი ვალდებულია, სამსახურს წარუდგინოს საბანკო გარანტია, რომლის ოდენობა შეადგენს 500 000 აშშ დოლარს.
მუხლი 11🔗. ხელშეკრულება და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფისათვის საბანკო გარანტიის გამოყენების პირობები
1. შერჩევის შესახებ განცხადების, საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკვალიფიკაციო დოკუმენტაციისა და შერჩეული პრეტენდენტის მიერ წარდგენილი წინადადებით გათვალისწინებული პირობებისა და შერჩეულ პრეტენდენტთან მიღწეული შეთანხმების გათვალისწინებით ხდება ხელშეკრულების შედგენა.
2. შერჩეულ პრეტენდენტთან სამსახურის მიერ ხელშეკრულება იდება 10 წლის ვადით. აღნიშნული ვადა, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანხმობით შესაძლებელია, გაგრძელდეს ახალ შერჩევის პროცედურაში გამოვლენილ ახალ შერჩეულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებამდე.
3. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია უნდა მოქმედებდეს ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში და ძალაში უნდა იყოს ხელშეკრულების დასრულებიდან არანაკლებ 4 თვის განმავლობაში. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, მათ შორის, გამოყენების პირობები, განისაზღვრება შერჩეულ პრეტენდენტთან გაფორმებული ხელშეკრულებით.
4. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება მატერიალური და არამატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირების მომსახურების გამწევი პირისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით, სამსახური ვალდებულია, უზრუნველყოს საბანკო გარანტიის დაუყოვნებლივ დაბრუნება.
მუხლი 12🔗. შერჩევის პროცედურების შეჩერებისა და შეწყვეტის პირობები
1. შესარჩევ კომისიას უფლება აქვს, შერჩევის პროცესის შედეგად შერჩეულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს შერჩევის პროცედურები, როდესაც ამის აუცილებლობა წარმოიქმნება მისგან დამოუკიდებელ და წინასწარ გაუთვალისწინებელ ობიექტურ მიზეზთა გამო, აგრეთვე სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.
2. შესარჩევ კომისიას უფლება აქვს, შეაჩეროს ან შეწყვიტოს შერჩევის პროცედურები, თუ პრეტენდენტის/პრეტენდენტების მიერ წარდგენილი დოკუმენტები ან/და მონაცემები ყალბი აღმოჩნდება.
3. შერჩევის პროცედურების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში, შესარჩევი კომისია არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა თავის გადაწყვეტილებასა და მისი მიღების საფუძველს აცნობებს პრეტენდენტებს. შესარჩევი კომისია არ არის ვალდებული, შერჩევაში მონაწილე პრეტენდენტებს წარუდგინოს მტკიცებულებანი ან დეტალური ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება, აგრეთვე აუნაზღაუროს მათ შერჩევის პროცედურაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები.
4. შერჩევის პროცედურების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესარჩევი კომისია ვალდებულია, პრეტენდენტებისგან მიღებული წინადადებები და თანმხლები დოკუმენტები დაუბრუნოს მათ წარმდგენ პრეტენდენტებს, ხოლო შერჩევის პროცედურების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესარჩევი კომისია ვალდებულია, პრეტენდენტების წინადადებები და თანმხლები დოკუმენტები დაუბრუნოს მათ წარმდგენ პრეტენდენტებს, მათივე მოთხოვნის საფუძველზე.
5. იმ შემთხვევაში, თუ შესარჩევი კომისია შერჩევის პროცედურების შეჩერების შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას შერჩევის პროცედურების გაგრძელების შესახებ, იგი ვალდებულია, განახორციელოს შერჩევის პროცედურები შეჩერებული პროცედურების გაგრძელების მეშვეობით (თუ ის ხორციელდება იმავე წელს). ამისათვის შესარჩევი კომისია მიმართავს პრეტენდენტებს შესარჩევი წინადადებებისა და თანმხლები დოკუმენტების ხელახალი დადასტურების შესახებ წინადადებით. თუ არცერთმა პრეტენდენტმა თანხმობა არ განაცხადა განახლებულ შერჩევის პროცედურებში მონაწილეობაზე, შესარჩევი კომისია იღებს გადაწყვეტილებას ხელახალი შერჩევის გამოცხადების შესახებ.
მუხლი 13🔗. არშემდგარი და უარყოფითი შედეგით დასრულებული შერჩევა
1. შერჩევის პროცედურა ითვლება არშემდგარად, თუ დადგენილ ვადებში არცერთი პრეტენდენტის წინადადება არ იქნა წარდგენილი.
2. შერჩევის პროცესი ითვლება უარყოფითი შედეგით დასრულებულად, თუ არცერთი პრეტენდენტის მიერ წარდგენილი შესარჩევი წინადადება არ შეესაბამებოდა შესარჩევი კომისიის მიერ განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და შერჩევის შესახებ გამოქვეყნებულ განცხადებას.
3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნულ შემთხვევებში, შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, გამოცხადდეს შერჩევის ხელახალი პროცედურა.
მუხლი 14🔗. სხვა დებულებები
შერჩევის განხორციელებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და საინფორმაციო მასალა იკინძება და ინახება შერჩევის პროცესში შერჩეულ პრეტენდენტთან გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.