შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პროცესის მონაწილეებთან მუშაობის სტანდარტებისა და მეთოდიკის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 12.03.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 010210060.74.086.016018
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/03/2021
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.03.2021 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ნიკოლოზ მარსაგიშვილი | საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
№2 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ №1 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ №12 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ ლევან დარსალია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტექსტი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პროცესის მონაწილეებთან
მუშაობის სტანდარტებისა და მეთოდიკის დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
დადგენილება №18
2021 წლის 12 მარტი
ქ.თბილისი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პროცესის მონაწილეებთან მუშაობის სტანდარტებისა და მეთოდიკის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ6“ ქვეპუნქტისა და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე, დამტკიცდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პროცესის მონაწილეებთან მუშაობის სტანდარტები და მეთოდიკა თანდართული სახით.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანინიკოლოზ მარსაგიშვილი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პროცესის მონაწილეებთან მუშაობის სტანდარტები და მეთოდიკა
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პროცესის მონაწილეებთან მუშაობის სტანდარტები და მეთოდიკა (შემდგომში – სტანდარტი) განსაზღვრავს შესაბამის პროცედურულ მექანიზმებს და ნებისმიერ გონივრულ მისადაგებას იმისათვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა შეძლოს სასამართლო საქმისწარმოების პროცესში სრულფასოვანი მონაწილეობა.
2. სტანდარტის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია“, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი.
3. სტანდარტი შეეხება პროცესის მონაწილე სუბიექტებს – მოსარჩელე, მოპასუხე, მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით და ასეთი მოთხოვნის გარეშე, წარმომადგენელი, მოწმე, სპეციალისტი, ექსპერტი, ბრალდებული, მსჯავრდებული, პროკურორი, ადვოკატი, თარჯიმანი, დაზარალებული, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი.
4. სტანდარტის დაცვის მოთხოვნა ვრცელდება როგორც მოსამართლეზე, ისე სასამართლო საქმისწარმოებაში მონაწილე სასამართლოს აპარატის შესაბამის მოსამსახურეზე, საქმისწარმოების განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე.
მუხლი 2🔗. ზოგადი პრინციპები
1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის უზრუნველყოფილ უნდა იქნეს სხვებთან თანაბარ პირობებში ინფორმაციისა და საქმის მასალების მიღების შესაძლებლობა. ამ პროცესში გათვალისწინებულ უნდა იქნეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალური საჭიროებები, სენსორული განსხვავებები (მხედველობის დარღვევა, სმენის დარღვევა და სხვ.) და შესაძლებლობები (ინტელექტუალური, ფიზიკური და სხვ.).
2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ეფექტური კომუნიკაცია გულისხმობს სასამართლოს მიერ მათ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე მორგებული კომუნიკაციის დამყარებას ყველა, მათ შორის, ბგერითი, ხმოვანი, ბეჭდვითი ფორმით, ასევე ელექტრონული და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, ხოლო კომუნიკაციის ამგვარი საშუალებების არარსებობისას სასამართლოს მიერ იმგვარი თანაბრად ეფექტური საშუალებების გამოყენებას, რითაც უზრუნველყოფილ იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სხვებთან თანაბარი შესაძლებლობები.
3. კომუნიკაციის პროცესში სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით“ განსაზღვრული ზოგადი პრინციპებით:
ა) ადამიანის თანდაყოლილი პიროვნული ღირსების, მისი ინდივიდუალური ავტონომიის პატივისცემა, გადაწყვეტილების მიღების თავისუფლებისა და პიროვნების დამოუკიდებლობის ჩათვლით;
ბ) დისკრიმინაციის დაუშვებლობა;
გ) საზოგადოებრივ ურთიერთობებში სრულყოფილი ჩართვა და მონაწილეობა;
დ) პატივისცემა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განსხვავებულობისადმი, მათი აღიარება ადამიანთა შორის არსებული განსხვავებულობის შემადგენელ ნაწილად;
ე) თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფა;
ვ) მისაწვდომობა;
ზ) გენდერული თანასწორობა;
თ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების შესაძლებლობის განვითარებისა და ინდივიდუალობის შენარჩუნების უფლების პატივისცემა.
4. სასამართლოს უნდა ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია იმ სერვისებისა და დამხმარე ტექნოლოგიური საშუალებების თაობაზე, რომლებიც საჭიროა ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად.
5. სასამართლომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფისთვის დამხმარე ტექნოლოგიების ან სერვისების გამოყენების საჭიროება უნდა გადაწყვიტოს თითოეული შემთხვევისათვის ინდივიდუალური მიდგომით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ დამხმარე ტექნოლოგიის ან სერვისის გამოყენებაზე ამ უკანასკნელის მითითების უპირატესი გათვალისწინებით.
მუხლი 3🔗. ზოგადი რეკომენდაციები მისაწვდომი კომუნიკაციის შესახებ
1. მოსამართლემ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უნდა მისცეს მისი შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის წარდგენის შესაძლებლობა და შესთავაზოს კომუნიკაციის განსხვავებული ფორმები მისი ინდივიდუალურობისა და ღირსების უპირატესი გათვალისწინებით.
2. სამართალწარმოების პროცესი იმგვარად უნდა იქნეს წარმართული, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს მიეცეს სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობა მისი ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით. სხვებთან თანაბარ პირობებში სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად სასამართლომ უნდა უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შესაძლებლობებისა და საჭიროებების განსაზღვრა.
3. სამართალწარმოების პროცესმა უნდა უზრუნველყოს ღირსებისა და პატივის დაცვაზე დამყარებული მეთოდების დაცვა, რომლებიც დადგენილია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით“ და საქართველოს კანონმდებლობით.
4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთან კომუნიკაცია საჭიროებს შეზღუდული შესაძლებლობის საკითხისადმი მაღალი ცნობიერების არსებობას, რაც გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის შეზღუდული შესაძლებლობებისადმი ყურადღების გამოვლენას, მისი შესაძლებლობებისა და საჭიროებების გათვალისწინებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთან ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით ფიზიკურ და სოციალურ გარემოში არსებული ხელშემწყობი და ხელშემშლელი ფაქტორების გაცნობიერებას და გათვალისწინებას. მოსამართლემ თავი უნდა შეიკავოს ვარაუდების გაკეთებისაგან, რომლებიც ეფუძნება შეზღუდულ შესაძლებლობებს.
5. სამართალწარმოების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაციისას უნდა იქნეს დაცული შემდეგი პრინციპები:
ა) კომუნიკაციის დამყარება უშუალოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთან და არა მის თანმხლებ პირთან (მხარდამჭერი, ჟესტური ენის მცოდნე თარჯიმანი (სურდოთარჯიმანი) და სხვ.);
ბ) პროცესის ყველა მონაწილის მიმართ კომუნიკაციის ერთიანი ფორმების გამოყენება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა განსხვავებული კომუნიკაციის აუცილებლობაზე თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი მიუთითებს;
გ) იმგვარი სიტყვების გამოყენების აკრძალვა, რომლებიც ქმნიან სტერეოტიპებს.
6. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან, განსაკუთრებით, კომუნიკაციის დარღვევის მქონე (მეტყველების დარღვევის მქონე) პირებთან კომუნიკაციისას მოსამართლემ უნდა გამოიჩინოს მეტი ყურადღება, მოთმინება, თავი შეიკავოს შესწორებისგან. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მოსაზრების ბუნდოვანების შემთხვევაში მოსამართლემ უნდა განმარტოს ის, რაც გასაგებია და მისცეს პროცესის მონაწილეს პასუხის გაცემის/დაზუსტების შესაძლებლობა.
7. სასამართლო უზრუნველყოფს საქმის განხილვის პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებით წარმოშობილი საჭიროებების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას და მათზე რეაგირების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარებას, რათა მიღწეულ იქნეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სამართალწარმოების პროცესში თანაბარი მისაწვდომობა.
მუხლი 4🔗. გადაადგილების შეზღუდვის მქონე პირთან კომუნიკაციის სტანდარტი
1. სასამართლომ იმ პირისათვის დახმარების გაწევამდე, რომელსაც შეზღუდული აქვს გადაადგილების შესაძლებლობა, აღნიშნული პირისგან უნდა მიიღოს ინფორმაცია ასეთი დახმარების გაწევის საჭიროებისა და ფორმის თაობაზე.
2. სასამართლო წინასწარ უნდა დაინტერესდეს, რა სახის პრობლემები შეიძლება წარმოიშვას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მონაწილეობით საპროცესო მოქმედების განხორციელების პროცესში და როგორ შეიძლება მათი აღმოფხვრა.
3. სასამართლომ უნდა შეამოწმოს იმ ადგილების შეღწევადობა, სადაც დაგეგმილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთან ერთად საპროცესო მოქმედების განხორციელება.
4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ინტერესების გათვალისწინებით სასამართლომ უნდა უზრუნველყოს ზომების მიღება, რათა არ გაჭიანურდეს საქმის განხილვა და შესაძლებელი გახდეს ერთ სასამართლო სხდომაზე განხილვის დამთავრება.
5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სამართალწარმოების ხელმისაწვდომობის მიზნით სასამართლო, აუცილებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საქმის განხილვაში დისტანციურ მონაწილეობას.
მუხლი 5🔗. უსინათლო და მხედველობადაქვეითებულ პირთან კომუნიკაციის სტანდარტი
1. სასამართლომ უსინათლო და მხედველობადაქვეითებულ პირს უნდა გააცნოს იმ ადგილის მოკლე აღწერილობა, სადაც ტარდება სასამართლო პროცესი, ასევე იმ ბარიერების შესახებ ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება შეაფერხოს პირის გადაადგილება. სასამართლომ დახმარების გაწევამდე შესაბამისი პირისგან უნდა მიიღოს ინფორმაცია ასეთი დახმარების გაწევის საჭიროების თაობაზე.
2. საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მოსამართლემ ან პროცესის მონაწილე სხვა პირმა უნდა უზრუნველყოს საკუთარი თავის წარდგენა.
3. სასამართლო პროცესზე მხარის მიერ ახალი დოკუმენტის ან მასალის წარდგენისას, მოსამართლემ ან სხდომის მდივანმა უნდა უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის დოკუმენტში არსებული საქმისათვის რელევანტური ინფორმაციის ხმამაღლა წაკითხვა ან აღწერა, რის შესახებაც გაფრთხილებულ უნდა იქნეს აღნიშნული პირი.
4. უსინათლო და მხედველობადაქვეითებული პირისათვის ნებისმიერი დოკუმენტის მიწოდება უნდა განხორციელდეს მის მიერ შერჩეული ფორმით (ბრაილის შრიფტი, აუდიო მოწყობილობა, მსხვილი შრიფტი და სხვ.). სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ დოკუმენტის აუდიოჩანაწერი არის გასაგები და ადვილად აღქმადი.
5. უსინათლო და მხედველობადაქვეითებული პირის მიერ დოკუმენტზე ხელმოწერისას უნდა მოხდეს მისთვის დოკუმენტის შინაარსის წინასწარ გაცნობა.
6. თუ უსინათლო პირი გამცილებელ ძაღლთან (გიდი ძაღლი) ერთადაა, დაუშვებელია მასთან როგორც ჩვეულებრივ შინაურ ცხოველთან მოქცევა.
მუხლი 6🔗. ყრუ და სმენადაქვეითებულ პირთან კომუნიკაციის სტანდარტი
1. მოსამართლემ სმენის დაქვეითების განსხვავებული ხარისხის გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში, ყრუ და სმენადაქვეითებული პირისგან უნდა მიიღოს ინფორმაცია შეთავაზებული კომუნიკაციის ფორმებიდან მისთვის სასურველი ფორმის თაობაზე.
2. მოსამართლემ უნდა ისაუბროს გასაგებად, არ მოახდინოს სიტყვების ზედმეტად ხაზგასმა ასეთი საჭიროების არარსებობის შემთხვევაში. შეზღუდვის ფორმისა და ინტენსივობის მიხედვით მოსამართლემ უნდა შეარჩიოს შესაბამისი ხმის ტემბრი.
3. მოსამართლემ, საჭიროების შემთხვევაში, პირთან საუბრის დაწყებისას კომუნიკაციის ალტერნატიული ფორმებით უნდა მიიპყროს სმენადაქვეითებული პირის ყურადღება და დარწმუნდეს, რომ მას არ გამორჩა საუბრის, ინსტრუქციის, ინფორმაციის ნაწილი.
4. მოსამართლემ უნდა გაიმეოროს ნათქვამი სმენადაქვეითებული პირის მიერ ამგვარი მითითებისას და საჭიროების შემთხვევაში უნდა მოახდინოს ალტერნატიული ფორმულირება. მოსამართლე უნდა დარწმუნდეს, რომ მიწოდებული ინფორმაცია გასაგებია სმენადაქვეითებული პირისათვის.
5. საქმის განხილვის პროცესში კომუნიკაციასთან დაკავშირებული სირთულეების წარმოშობისას, თუ ყრუ და სმენადაქვეითებული პირი მიუთითებს ჟესტური ენის მცოდნე თარჯიმნის (სურდოთარჯიმნის) საჭიროებაზე, ასეთი თარჯიმნის წარმოდგენამდე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს კომუნიკაციის წერილობითი ფორმა, თუ ის ყველა გარემოების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ეფექტური კომუნიკაციის შესაძლებლობას. ამასთან, თუ პირი იყენებს ჟესტების ენას და წარადგენს კომპლექსურ და მოცულობით ინფორმაციას, აუცილებელია ჟესტური ენის მცოდნე თარჯიმნის (სურდოთარჯიმნის) გამოყენება.
6. ყრუ და სმენადაქვეითებული პირისთვის წერილობითი ფორმით გადასაცემი შეტყობინებები უნდა იქნეს შედგენილი საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და უნდა იყოს შეძლებისდაგვარად მოკლე და მარტივი.
მუხლი 7🔗. ინტელექტუალური და/ან კომუნიკაციის დარღვევის მქონე პირთან კომუნიკაციის სტანდარტი
1. სასამართლომ შესაბამის პირებთან კომუნიკაციის მეშვეობით უნდა მიიღოს ინფორმაცია პროცესის მონაწილეთა ინტელექტუალური დარღვევის სახის და ინტენსივობის შესახებ.
2. სასამართლომ ინტელექტუალური და/ან კომუნიკაციის დარღვევის მქონე პირთან კომუნიკაცია უნდა განახორციელოს ისეთივე ენითა და ტერმინოლოგიით, როგორც პროცესის მონაწილე სხვა პირებთან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, მხარდამჭერი, წარმომადგენელი ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის თანმხლები მიუთითებენ განსხვავებული კომუნიკაციის საჭიროებაზე.
3. ზეპირი კომუნიკაციისას მოსამართლემ თავი უნდა აარიდოს რთული თანწყობილი და გრძელი წინადადებების გამოყენებას. მოსამართლემ შეკითხვები უნდა დასვას იმ ფორმით, რომ საჭიროებდეს მაქსიმალურად მოკლე პასუხს ან თავის დაკვრას.
4. სასამართლომ ინტელექტუალური და/ან კომუნიკაციის დარღვევის მქონე პირთან კომუნიკაცია შეიძლება აწარმოოს ასევე წერილობითი ფორმით.
5. სასამართლოს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია თვალსაჩინოებისთვის გამოიყენოს კომუნიკაციის ალტერნატიული ფორმები (ფოტოსურათები, ილუსტრაციები, სიმბოლოები, აპლიკაციები და სხვ.). სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ პირმა გადაცემული ინფორმაცია სწორად აღიქვა. ამ მიზნით შეიძლება პირს ეთხოვოს მისი შესაძლებლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის გამეორება. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ინფორმაციის ხელახლა მიწოდება უფრო გამარტივებული ფორმით, ასეთი შესაძლებლობის არსებობისას.
6. პირს, რომელსაც აქვს ინტელექტუალური და/ან კომუნიკაციის დარღვევა, სასამართლომ არ უნდა შეაწყვეტინოს ან შეუსწოროს ნათქვამი და საუბარში ჩაერთოს მხოლოდ მაშინ, როდესაც დარწმუნდება, რომ მან უკვე დაასრულა თავისი განმარტება.
7. სასამართლო უნდა აცნობიერებდეს იმ ფაქტს, რომ მეტყველების სირთულეების მქონე პირთან კომუნიკაცია შესაძლოა მეტ დროს მოითხოვდეს და აღნიშნული, საჭიროების შემთხვევაში, განუმარტოს პროცესის სხვა მონაწილე პირებსაც.
მუხლი 8🔗. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთან კომუნიკაციის ტრენინგი
მოსამართლეს და სასამართლო საქმისწარმოებაში მონაწილე სასამართლოს აპარატის შესაბამის მოსამსახურეს გავლილი უნდა ჰქონდეს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაციისა და ბავშვზე მორგებული გარემოს უზრუნველყოფის მიზნით მოსამართლეთა და სასამართლოს მოხელეთა ტრენინგების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 25 ივნისის №1/218 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ტრენინგი.