„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2021 წლის 17 თებერვლის (N01/355) განცხადება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის (შემდგომში – საავტომობილო გზების დეპარტამენტი) ბაკურციხე-გურჯაანის შემოსავლელი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და გამოარკვია:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) განცხადებით მომართა საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „,ა“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მესამე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გზის მშენებლობის მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.
პროექტის მოკლე აღწერა:
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება ბაკურციხე-გურჯაანის შემოსავლელი გზის მშენებლობის პროექტი. ბაკურციხე-გურჯაანის შემოსავლელი გზა იწყება „თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის“ და „ბაკურციხე-თელავი-ახმეტის“ გზის გადაკვეთიდან და მთავრდება „ბაკურციხე-თელავი-ახმეტის“ გზაზე. საპროექტო მონაკვეთი მოიცავს 15 კილომეტრიან გზის მონაკვეთს კახეთის რეგიონში, სოფელ ბაკურციხიდან სოფელ ჩუმლაყამდე. შემოსავლელი გზა ერთმანეთთან დააკავშირებს „თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი-აზერბაიჯანის“ საზღვრის საერთაშორისო გზას და ,,ახმეტა-თელავი-ბაკურციხის" არსებულ შიდასახელმწიფოებრივ გზას, რომელიც კახეთის რეგიონის ერთ-ერთი მთავარი გზაა. პროექტით გათვალისწინებულია ორზოლიანი შემოსავლელი საავტომობლო გზის მოწყობა წრიული გზაჯვარედინებით გზის დასაწყისსა და დასასრულში კმ0-ზე (სოფ. ბაკურციხე) და კმ 15.6-ზე (სოფ. ჩუმლაყი), ხოლო წრიული გზაჯვარედინის მოწყობა გურჯაანთან კმ. 9.6-ზე. ასევე გადასასვლელების, მილების, საყრდენი კედლების, ნაპირსამაგრი და სარეგულაციო ნაგებობების მოწყობა.
პროექტის განხორციელების მიზნით საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მომზადებულია განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს ნებაყოფლობითი და არანებაყოფლობითი განსახლების პროცედურებს. პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოექცა საქართველოს მოქალაქეების: ლიანა ბეჟაშვილის (პ/ნ 13001062040), ნათია ბეჟაშვილის (პ/ნ 13001009027), მაია ბეჟაშვილის (პ/ნ 13001009028) თანასაკუთრებაში არსებული, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაკურციხეში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 458.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილი – 193 კვ.მ (ს/კ 51.14.61.310) და მასზე განთავსებული ნაგებობა (ღობე), მრავალწლიანი ნარგავები. ამასთან, მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება ქონების თანამესაკუთრეებს და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის ვერ შედგა.
წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება ბაკურციხე-გურჯაანის შემოსავლელი გზის მშენებლობის პროექტი, რომლის ზემოქმედების არეალშიც მოექცა ლიანა ბეჟაშვილის (პ/ნ 13001062040), ნათია ბეჟაშვილის (პ/ნ 13001009027) და მაია ბეჟაშვილის (პ/ნ 13001009028) თანასაკუთრებაში არსებული, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაკურციხეში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 458.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილი – 193 კვ.მ (ს/კ N51.14.61.310), მასზე განთავსებული ნაგებობა (ღობე) და მრავალწლიანი ნარგავები.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ მიწის ნაკვეთი მდებარე გურჯაანი, სოფელი ბაკურციხე, ს/კ N51.14.61.310 რეგისტრირებულია ლიანა ბეჟაშვილის, მაია ბეჟაშვილის და ნათია ბეჟაშვილის თანასაკუთრების უფლებით. ამასთან, მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართია 458 კვ.მ, ხოლო პროექტისათვის საჭირო მიწის ნაკვეთი მოიცავს 193 კვ.მ-ს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის თაობაზე წერილობით მიმართა ქონების მესაკუთრეებს და შესთავაზა პროექტისათვის საჭირო მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ სათანადო ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე განსახლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული შესაბამისი ღირებულების ანაზღაურება, რაზედაც მათ უარი განაცხადეს. მითითებული შეტყობინებით მოქალაქეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია, რომ მათი უარის შემთხვევაში საავტომობილო გზების დეპარტამენტი, როგორც პროექტის განმახორციელებელი, იმოქმედებდა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით მიმართავდა კანონმდებლობით დადგენილ ღონისძიებებს.
დადასტურებულია, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის შეთანხმება ვერ შედგა.
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია". საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.
ვინაიდან, დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების შეზღუდვის საჭიროება.
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2021 წლის 05 მარტის სხდომის ოქმის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ბაკურციხე-გურჯაანის შემოსავლელი გზის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის ფარგლებში მოქცეულ უძრავ ქონებაზე – თანამესაკუთრეები ლიანა ბეჟაშვილი (პ/ნ 13001062040), ნათია ბეჟაშვილი (პ/ნ 13001009027), მაია ბეჟაშვილი (პ/ნ 13001009028), უძრავი ქონება მდებარე გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბაკურციხე (სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საერთო ფართი 458.00 კვ.მ), საექსპროპრიაციო ფართი 193 კვ.მ (ს/კ N51.14.61.310) მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ღობე, ნარგავები.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კ.მ, №6).
მინისტრი ნათელა თურნავა
|