საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/96
2021 წლის 13 მარტი
ქ.თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში – საავტომობილო გზების დეპარტამენტი) ახორციელებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის – ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტს. სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთის სიგრძე შეადგენს 50 კმ-ს. პროექტი იწყება სოფელ ძირულაში, აღმოსავლეთ-დასავლეთის E-60 ჩქაროსნულ ავტომაგისტრალთან მიერთების ადგილიდან და მთავრდება იმავე ავტომაგისტრალის მიერთების ადგილთან ჩუმათელეთში, ხაშურის მუნიციპალიტეტში. სარეაბილიტაციო გზის უდიდესი ნაწილი მდებარეობს იმერეთის რეგიონში და პროექტის აღმოსავლეთ ბოლოსთან მდებარე რამდენიმე კილომეტრიანი მონაკვეთი - შიდა ქართლის რეგიონში. საავტომობილო გზა გადის ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან მთიანი ქედებით შემოფარგლულ ხეობაში და ხარაგაულის მუნიციპალიტეტს აკავშირებს აღმოსავლეთ-დასავლეთის E-60 ავტომაგისტრალთან. პროექტის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება რიგ დასახლებებთან დაკავშირების შესაძლებლობა.
პროექტის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისათვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი.
ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მოექცა შპს ,,გზამშენი-5“-ის (ს/კ N243855128) საკუთრებაში არსებული, ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 10 219 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილი – 42 კვ.მ უძრავი ქონება ( საკადასტრო კოდი: N69.04.55.176).
კომპანიას, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ წერილობით ეცნობა განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცა პროექტისათვის საჭირო მიწის ნაკვეთის ნაწილის ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც კომპანიამ უარი განაცხადა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შუამდგომლობით მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.
წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის საფუძვლიანობის შესწავლისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება, რადგან:
დადგენილია, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტს.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ N69.04.55.176 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, ხაშურის რაიონი, დაბა სურამი, ჩუმათელეთში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა შპს ,,გზამშენი-5“ (ს/კ 243855128).
დადგენილია, რომ სარეაბილიტაციო პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა შპს ,,გზამშენი-5“-ის საკუთრებაში არსებული 10 219 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილი – 42 კვ.მ მიწის ნაკვეთი (მასზე არსებული შენობა-ნაგებობა, ნარგავები).
დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე დეპარტამენტსა და მესაკუთრეს შორის შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. ასევე მნიშვნელოვანია, რომ 2021 წლის 05 მარტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ კომისიის სხდომაზე ქონების მესაკუთრე განსახორციელებელი პროექტის აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას დაეთანხმა.
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევევში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით.
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“ ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.“
ვინაიდან, ვერ ხერხდება მესაკუთრეებთან უძრავი ქონებების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2021 წლის 05 მარტის სხდომის ოქმის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება პროექტის ფარგლებში მოქცეულ, შპს ,,გზამშენი-5“-ის (ს/ნ 243855128) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ხაშურის რაიონი, დაბა სურამი, ჩუმათელეთი (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი), საექსპროპრიაციო ფართი 42 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა, ნარგავები (ს/კ N69.04.55.176).
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კ.მ, №6).
მინისტრი ნათელა თურნავა