ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№72080/12
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/03/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს

მეხუთე სექციის

გადაწყვეტილება

საქმე „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“

(საჩივარი №72080/12)

მუხლი 2 (პროცედურული) • ეფექტური გამოძიება • შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ხელით მომჩივნის ქმრის გარდაცვალების ფაქტის გამოძიება, რომელიც თავდაპირველად ჩაატარა იმავე ორგანომ და მხოლოდ მათ მიერ შეგროვებულ მტკიცებულებებს ეყრდნობოდა პროკურატურის მიერ გაგრძელებული გამოძიება • მომჩივნისთვის, როგორც უახლოესი ნათესავისთვის, დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა • გაჭიანურებული გამოძიება🔗

მუხლი 2 (არსებითი) • სიცოცხლე • მთავრობის მიერ მტკიცების ტვირთისგან გათავისუფლების შეუძლებლობა მოვლენათა განვითარების დამაკმაყოფილებელი და დამაჯერებელი განმარტებისთვის🔗

სტრასბურგი

2020 წლის 19 ნოემბერი

საბოლოო

19/02/2021

წინამდებარე გადაწყვეტილება გახდა საბოლოო კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. ის შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებას.

საქმეზე „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეხუთე სექცია) პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

სიოფრა ო’ლირი, თავმჯდომარე,მარტინშ მიტსი,განა იუდკივსკა,ლატიფ ჰუსეინოვი,იოვან ილიევსკი,ლადო ჭანტურია,არნფინ ბორდსენი, მოსამართლეები,და ვიქტორ სოლოვეიჩიკი, სექციის განმწესრიგებელი,გაითვალისწინა რა:

საჩივარი (N 72080/12) საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც შეტანილია სასამართლოში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის („კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მოქალაქის, ქ-ნ ციცინო შავაძის („მომჩივანი“) მიერ 2012 წლის 1 ნოემბერს;

გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობისთვის („მთავრობა“) საჩივრის შეტყობინების შესახებ;

მხარეთა მოსაზრებები;

2020 წლის 20 ოქტომბრის დახურული თათბირის შემდეგ,გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც იმავე დღეს იქნა მიღებული:

შესავალი

1. მომჩივანი კონვენციის მე-2 მუხლის შესაბამისად დავობს, პოლიციაში დაკავებისას გარდაცვალების ფაქტსა და ამ ფაქტის ეფექტური გამოძიების არარსებობასთან დაკავშირებით.

ფაქტები

2. მომჩივანი დაიბადა 1965 წელს და ცხოვრობს ბათუმში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, საქართველოში. მას წარმოადგენდა ბ-ნი რ. პაპიძე, ადვოკატი, რომელიც საქმიანობს ბათუმში.

3. მთავრობას წარმოადგენდა მათი წარმომადგენელი, ბ-ნი ლ. მესხორაძე იუსტიციის სამინისტროდან.

4. საქმის ფაქტობრივი გარემოებები, როგორც ისინი მხარეთა მიერ იქნა წარმოდგენილი, შეიძლება შეჯამდეს შემდეგნაირად.

I. მომჩივნის ქმრის მკვლელობა 2008 წლის 16 აგვისტოს

5. 2008 წლის 15 აგვისტოს მომჩივნის ქმარი, რ.შ., რომელიც იყო სამხედრო მოსამსახურე, დისლოცირებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქალაქ ხელვაჩაურის სამხედრო ბაზაზე, დაბარებული იქნა დასაკითხად შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში („კუდი“). როდესაც იმავე დღის საღამოს სახლში ბრუნდებოდა, მან მომჩივანს უთხრა, რომ კუდ-ის თანამშრომლებმა მას შეკითხვები დაუსვეს იმ როლზე, რომელიც მან სამხედრო თანამდებობაზე ყოფნისას შეასრულა ხუთდღიან ომში, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოსა და რუსეთის სამხედრო ძალებს შორის რამდენიმე დღით ადრე, 2008 წლის 8 და 12 აგვისტოს შორის პერიოდში („ხუთდღიანი ომი“).

6. მომდევნო დღეს, 2008 წლის 16 აგვისტოს, რ.შ. ბათუმის ქუჩაში დააპატიმრა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, კუდ-თან არსებულმა უსაფრთხოების ძალების განყოფილებამ. არსებობდა მისი დაპატიმრების რამდენიმე დამოუკიდებელი თვითმხილველი, რომლებმაც შემდგომ განაცხადეს, რომ მომჩივნის ქმრის დაკავების ოპერაციაში მონაწილეობა მიიღო ოცზე მეტმა სამართალდამცავმა, რომლებიც მძიმედ იყვნენ შეიარაღებულები და ბალაკლავას მსგავსი ნიღბები ეკეთათ. იმავე თვითმხილველთა ჩვენებით, პოლიციის ავტომანქანაში ჩასმამდე, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა რ.შ.-ს სასტიკად სცემეს ქუჩაში და ხმამაღლა ყვიროდნენ ასეთ ფრაზებს: „საკუთარი ქვეყნის გამყიდველი“ და „აფერისტი, რომლის კისერზეც არის ჩვენი ათეულობით ბიჭის სიკვდილი“; მათ, როგორც ჩანს, მხედველობაში ჰქონდათ ხუთდღიანი ომი.

7. რ.შ.-ს დაკავებიდან დაახლოებით ექვსი საათის შემდეგ მომჩივანმა ადგილობრივი პოლიციელისგან შეიტყო, რომ მისი ქმარი გარდაიცვალა და რომ მისი გვამი ქალაქის მორგში წაიღეს.

8. მომჩივნის მოვლენათა ვერსიის (რომელიც მთავრობამ სადავო გახადა) თანახმად, დაკავების შემდეგ მის ქმარს კუდ-ის თანამშრომლები სასტიკად მოეპყრნენ, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. ამ ვერსიის გასამყარებლად მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მას შემდეგ, რაც ხელისუფლების ორგანოებმა მისი გარდაცვლილი ქმრის გვამი მას დაუბრუნეს, მასზე აღინიშნებოდა წამების მკაფიოდ შესამჩნევი კვალი. გარდა ამისა, ის ამტკიცებდა, რომ ქმრის გარდაცვალებიდან მალევე, მასთან ტელეფონით რეგულარულად რეკავდნენ უცნობი ადამიანები, რომლებიც მას ან „ციხით“ ემუქრებოდნენ, იმ შემთხვევაში, თუ ის შეეცდებოდა გარდაცვალებასთან დაკავშირებული დეტალების შეტყობინება მოეთხოვა, ან დუმილის სანაცვლოდ ფულს სთავაზობდნენ.

9. მთავრობის მიერ წარდგენილი მოვლენათა ოფიციალური ვერსიის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართალდამცავებმა რ.შ. 2008 წლის 16 აგვისტოს ნარკოდანაშაულის ფაქტზე დააკავეს. თუმცა, მისი დაკავებისა და ბათუმიდან თბილისში მისი გადაყვანის შემდეგ, რ.შ.-მ მართლსაწინააღმდეგო გაქცევა სცადა და გამცილებელი თანამშრომლები იძულებულნი გახდნენ, გამოეყენებინათ სასიკვდილო ძალა, რამაც ეჭვმიტანილი სასიკვდილოდ დააზიანა. ამ საბედისწერო შემთხვევის ოფიციალურ ვერსიასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი დეტალები წარმოდგენილი არ ყოფილა.

10. მომჩივანმა წარადგინა რ.შ.-ს სხეულის გარეგანი დათვალიერების ამსახველი ვიდეო მასალა. მასალაში ნაჩვენებია შიშველი სხეული, რომელსაც ეტყობა სისხლჩაქცევის მსგავსი ფერის ცვლილება გულმკერდსა და მუცლის ღრუზე, გარდაცვალების შემდგომი პათოლოგიურ-ანატომიური გაკვეთის მკაფიოდ შესამჩნევი ნიშნებით. მასში ასევე ნაჩვენებია მრავალჯერადი გამჭოლი ჭრილობა მხრებზე, მკერდზე, მუცელსა და ორივე ბარძაყზე; მარცხენა ხელის საჩვენებელი და შუა თითები ძლიერ დეფორმირებული ჩანს, რაც ძვლების შესაძლო მოტეხილობაზე მიანიშნებს. მთავრობას საგამოძიებო საქმის მასალების რაიმე ნაწილი არ წარმოუდგენია. კერძოდ, მათ არ წარმოუდგენიათ რ.შ.-ს სხეულის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც, მათი თქმით, ჩატარდა გამოძიების ადრეულ ეტაპზე (იხილეთ ქვემოთ პარაგრაფი 11).

II. მომჩივნის ქმრის მკვლელობის გამოძიება

11. იმავე დღეს, 2008 წლის 16 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო რ.შ.-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებების სისხლის სამართლებრივი მოკვლევა და დააკვალიფიცირა, როგორც მკვლელობა, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის შესაბამისად. მთავრობის განცხადების თანახმად (იხილეთ ქვემოთ პარაგრაფი 30), ყველა წინასწარი საგამოძიებო ღონისძიება, მათ შორის, თანმხლები ოფიცრების დაკითხვა და რ.შ.-ს სხეულის და იმ ადგილის ექსპერტიზა, სადაც სხეული იქნა აღმოჩენილი, ჩატარებულ იქნა შემდგომი ორი დღის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლების მიერ. როგორც მთავრობამ დამატებით განმარტა, თავდაპირველი საგამოძიებო ღონისძიებების შედეგები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურას (შემდგომში „რეგიონული პროკურატურა“) გადაეგზავნა 2008 წლის 18 აგვისტოს, რომელმაც მას შემდეგ, საკუთარ თავზე აიღო გამოძიების ხელმძღვანელობა.

12. 2008 წლის 25 აგვისტოს მომჩივანმა მოითხოვა მისთვის დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მინიჭება მისი ქმრის მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით. 2008 წლის 8 სექტემბერს რეგიონულმა პროკურატურამ უპასუხა მის მოთხოვნას და მიუთითა, რომ აღნიშნული მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდებოდა გამოძიების ადრეული ეტაპიდან გამომდინარე. 2008 წლის სექტემბერსა და 2010 წლის იანვარს შორის პერიოდში მან, სულ მცირე, რვაჯერ გაიმეორა თავისი მოთხოვნა და პროკურატურისგან ყოველ ჯერზე იდენტური პასუხები მიიღო, რომ ნაადრევი იყო დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება იმის გამო, რომ ჯერ საჭიროა რამდენიმე მნიშვნელოვანი საგამოძიებო ღონისძიების ჩატარება.

13. 2010 წლის 13 იანვარს მომჩივანმა რეგიონული პროკურატურისგან მოითხოვა ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და სისხლის სამართლის საქმის მასალებზე წვდომა. აღნიშნულმა ორგანომ 2010 წლის 16 იანვარს უპასუხა, რომ მისი მოთხოვნები ვერ იქნებოდა განხილული, ვინაიდან ის საქმისწარმოებაში არ წარმოადგენდა დაზარალებულის უფლებამონაცვლეს.

14. 2010 წლის სექტემბერსა და 2011 წლის მაისს შორის პერიოდში მომჩივანმა განმეორებით იჩივლა როგორც რეგიონულ პროკურატურაში, ისე იერარქიულად მის ზემდგომ - საქართველოს მთავარ პროკურატურაში, და მოითხოვა მისთვის აუცილებელი დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მინიჭება, რაც მას ქმრის გარდაცვალების ფაქტის გამოძიებაში ჩართვის შესაძლებლობას მისცემდა, თუმცა, რეგიონული პროკურატურა ყოველთვის პასუხობდა, რომ მისი მოთხოვნა ნაადრევი იყო და რომ მისი შესწავლა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ გარკვეული საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარების შემდეგ.

15. 2011 წლის 11 მაისს მომჩივანმა რეგიონულ პროკურატურას სთხოვა, მიეცათ წვდომა სისხლის სამართლის მთლიანი საქმის მასალებზე თუ არა, 2008 წლის 16 აგვისტოს მისი ქმრის სხეულის აღმოჩენის შემდეგ ჩატარებულ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე მაინც. რეგიონულმა პროკურატურამ 2011 წლის 18 მაისით დათარიღებული წერილით უპასუხა, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალის გასაცნობად, მომჩივანს ჯერ დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი უნდა მიეღო.

16. 2011 წლის სექტემბერსა და 2016 წლის დეკემბერს შორის პერიოდში მომჩივანმა საქართველოს მთავარ პროკურატურაში რამდენჯერმე იჩივლა რეგიონული პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების არაადეკვატურობასთან დაკავშირებით და მოითხოვა საქმის წარმოების დაჩქარება.

17. საქმის მასალებში არსებული ინფორმაციის თანახმად, მომჩივნის ქმრის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება ჯერ კიდევ არ დასრულებულა. სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალიდან არ ირკვევა, ზემოხსენებული (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 11) ღონისძიების გარდა, განხორციელდა თუ არა რაიმე სხვა კონკრეტული საგამოძიებო ღონისძიება და მომჩივანს მიენიჭა თუ არა დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი.

შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო და სხვა მასალა

I. 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი („სსსკ“).

18. სსსკ-ს 62-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების იმ დროისთვის ძალაში მყოფი ვერსიების შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის გამოძიებას, როგორც წესი, ატარებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, იმ სამართალდარღვევის გამოძიება, რომელშიც, სხვებს შორის, მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციელი, გამომძიებელი, თანამდებობაზე მყოფი უმაღლესი სამხედრო ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე ოფიცერი, ეკისრებოდა პროკურატურას.

19. სსსკ-ს 68-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, იმ დანაშაულის საქმეზე, რომელსაც დაზარალებულის სიკვდილი მოჰყვა, დაზარალებულის უფლებები ენიჭებოდა მის რომელიმე ახლო ნათესავს.

20. სსსკ-ს დანარჩენ შესაბამის დებულებებში ვკითხულობთ:

მუხლი 25 (1)🔗

„დაზარალებულსა და მის წარმომადგენელს უფლება აქვთ მხარი დაუჭირონ პროკურორის მიერ ფორმულირებულ სახელმწიფო ბრალდებას.“.

მუხლი 69🔗

„დაზარალებულის უფლევამონაცვლეს ... აქვს უფლება:

...

(ი) მონაწილეობა მიიღოს თავისი შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში;

(კ) საქმის საბრალდებო დასკვნით სასამართლოში გადაგზავნის შემდეგ გაეცნოს საქმის მთელი მასალის ასლს და ნივთიერ მტკიცებულებებს;

...

(მ) მონაწილეობა მიიღოს სასამართლო განხილვაში: წარმოადგინოს მტკიცებულებანი და გამოიკვლიოს პროცესის სხვა მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებანი...“

II. ეროვნული ანგარიში ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით

21. 2009 წელს საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრმა, ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომლის სპეციალიზაციას წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დარღვევების გამოძიება, გამოაქვეყნა ანგარიში სახელწოდებით „მკვლელობის ლიცენზია“, რომელშიც მიმოხილული იყო სახელმწიფო წარმომადგენლების მიერ ძალის გადამეტების შემთხვევები 2004-2009 წლებს შორის პერიოდში. ანგარიშის შესაბამის ნაწყვეტში, რომელიც შეეხება მომჩივნის ქმრის მკვლელობას, ვკითხულობთ:

„2009 წლის 16 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე დააკავეს [რ.შ.], შეიარაღებული ძალების პირი სერჟანტის წოდებით და მას ადგილზე დაუწყეს ცემა. ეს მოხდა სამხრეთ ოსეთის რეგიონში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან [რ.შ.-ს] გათავისუფლების მეორე დღეს, სადაც ის მსახურობდა სპეციალური სამხედრო დაზვერვის სამსახურში. სპეციალური დანიშნულების რაზმის პოლიციელების მიერ [რ.შ.-ს] დაკავების შემდეგ მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო. იმავე დღეს, მოგვიანებით, ის გარდაცვლილი ნახეს, [მასზე] ძლიერი წამების ნიშნებით. ხელისუფლების შესაბამისმა ორგანოებმა ოჯახს უთხრეს, რომ [რ.შ.-ს] პოლიციამ ესროლა, როდესაც სცადა მათთვის ხელი შეეშალა ნარკოდანაშაულის ადგილიდან გაქცევაში. ...

[როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრს რ.შ.-ს დაკავების თვითმხილველებმა აცნობეს], „სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები მას ქუჩაში ისე უმოწყალოდ სცემდნენ, რომ ზოგიერთ გამვლელს სურვილი გაუჩნდა ჩარეოდა ცემის შესაჩერებლად, მაგრამ სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები საპასუხოდ ყვიროდნენ, რომ ის მოღალატე იყო და მისი ღალატის გამო დაიღუპა მრავალი ჯარისკაცი“. გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მათი ადვოკატი დამატებით იტყობინებოდნენ, რომ [რ.შ.-ს] სხეულზე აღინიშნებოდა სასტიკად მოპყრობის მკაფიო ნიშნები – „მის სხეულში იყო, სულ მცირე, ტყვიის ოცდაშვიდი ნახვრეტი, მას კიდურები მოტეხილი ჰქონდა, ხოლო სხეული კი რამდენიმე ადგილზე დახეთქილი იყო“. ...

[რ.შ.-ს] ქვრივმა ადამიანის უფლებათა ცენტრს უთხრა, რომ მისი ქმრის ჯარის მეგობრებმა, რომლებიც მასთან ერთად იბრძოდნენ, უარი თქვეს დაკრძალვაზე მისვლაზე – „მის ღალატთან დაკავშირებით იმდენი ტყუილი გაავრცელეს განზრახ, რომ ბევრი მეგობარი მასთან გამოსამშვიდობებლად არც კი მოსულა. ზოგიერთმა მათგანმა უბრალოდ დამირეკა ტელეფონზე და მომიბოდიშა, რომ დაკრძალვაზე მოსვლა ვერ შეძლო. ...“

[რ.შ.-ს] გარდაცვალების ფაქტზე დაიწყო სისხლის სამართლებრივი გამოძიება. თუმცა, უამრავი მოთხოვნის მიუხედავად, საგამოძიებო ორგანოებს ჯერაც არ მიუნიჭებიათ დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი რ.შ.-ს უახლოესი ნათესავისთვის; ეროვნულ კანონმდებლობაში არ არსებობს გარდაცვლილი პირის უახლოესი ნათესავისთვის ამ სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი და ამ ქმედებით საგამოძიებო ორგანოები, ფაქტობრივად, ოჯახს უბლოკავენ წვდომას საქმეში არსებულ მასალაზე... ოჯახს ან რომელიმე მესამე მხარეს არ შეუძლია განახორციელოს საგამოძიებო ორგანოების ქმედებების საზოგადოებრივი კონტროლი“.

კანონმდებლობა

I. კონვენციის მე-2 მუხლის სავარაუდო დარღვევები

22. მომჩივანი დავობდა, რომ მისი ქმარი გარდაიცვალა იმ დროს, როდესაც ის დაკავებული იყო პოლიციის მიერ და მის გარდაცვალების ფაქტზე ეფექტური გამოძიება არ ჩატარებულა, რითაც დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლი, რომელშიც ნათქვამია შემდეგი:

„1. ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. არ შეიძლება სიცოცხლის განზრახ ხელყოფა, თუ არა სიკვდილის სასჯელის აღსრულების შედეგად, რომელიც სასამართლოს განაჩენით შეეფარდა მოცემულ პირს ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს ამ სასჯელს.

2. სიცოცხლის ხელყოფა არ განიხილება ამ მუხლის დარღვევად, თუ ის შედეგად მოჰყვა ძალის გამოყენებას, რომელიც აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენდა:

(a) ნებისმიერი პირის დასაცავად არამართლზომიერი ძალადობისაგან;

(b) კანონიერი დაკავებისათვის, ანდა კანონიერად დაპატიმრებული პირის გაქცევის აღსაკვეთად;

(c) კანონიერ ღონისძიებათა განხორციელებისათვის აჯანყების ან ამბოხების ჩასახშობად.“

მისაღებობა

23. მთავრობა აცხადებდა, რომ მომჩივანმა ვერ გამოავლინა სათანადო გულისხმიერება, რათა გამოეჩინა შესაბამისი ინიციატივა და საჭირო ოპერატიულობით წარედგინა სასამართლოში თავისი საჩივარი, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის 35(1)-ე მუხლში მოცემული ექვსთვიანი ვადის წესი. მან ამასთან დაკავშირებით მიუთითა, მას შემდეგ, რაც მომჩივანმა მიიღო პროკურატურის 2011 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება, მას უნდა გაეცნობიერებინა, რომ მისი ქმრის მკვლელობის სისხლის სამართლის გამოძიება იყო არაეფექტური და საჩივარი სასამართლოში მომდევნო ექვსი თვის ვადაში უნდა წარედგინა. თუმცა, წინამდებარე საჩივარი შეტანილი იქნა მხოლოდ 2012 წლის 1 ნოემბერს.

24. მომჩივანი არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ საქმესთან დაკავშირებული ფაქტები მკაფიოდ აჩვენებდა იმას, რომ ის რეგულარულად ცდილობდა ინფორმაცია მიეღო ეროვნულ დონეზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

25. სასამართლო განმეორებით აცხადებს, რომ სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპის შესაბამისად, რომელიც კონვენციის 35(1)-ე მუხლით განსაზღვრული ექვსთვიანი წესის ქვაკუთხედია, კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების სავარაუდო დარღვევის ქმედების მსხვერპლმა უნდა მიიღოს ზომები შესაბამისი სისხლის სამართლის პროცესის ან მისი არარსებობის გასაკონტროლებლად და საჩივარი უნდა შეიტანოს სათანადო სისწრაფით, როგორც კი მისთვის ცნობილი გახდება, ან უნდა გამხდარიყო, ეფექტური სისხლის სამართლის გამოძიების არარსებობის შესახებ (სხვა წყაროებს შორის იხილეთ, Akhvlediani and Others v. Georgia (dec.), N 22026/10, §§ 23‑29, 2013 წლის 9 აპრილი და Ekrem Baytap v. Turkey ( dec.), N 17579/05, 2010 წლის 29 აპრილი). იმ შემთხვევაში, როდესაც საქმეში საკითხის გადასაწყვეტად დროის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, მომჩივანს ეკისრება ტვირთი, რომ მისი საჩივრები, როგორც შესაბამის ეროვნულ ორგანოებში, ისე სასამართლოში, სათანადო სისწრაფით იქნეს წარდგენილი, იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს მათი სათანადოდ და სამართლიანად გადაწყვეტა (იხილეთ, სხვა წყაროებს შორის, Ekrem Baytap v. Turkey (dec.), N 38587/97, ECHR 2002-III). მართლაც, დროის გასვლასთან ერთად მოწმეთა მოგონებები თანდათან ფერმკრთალდება, მოწმეები შეიძლება გარდაიცვალონ ან მათი მიგნება შეუძლებელი გახდეს, მტკიცებულებების მდგომარეობა გაუარესდეს ან საერთოდ გაქრეს და რაიმე ეფექტური გამოძიების ჩატარების შესაძლებლობის პერსპექტივები სულ უფრო მეტად შემცირდეს, ხოლო სტრასბურგის სასამართლოს მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ და მსჯელობამ შეიძლება დაკარგოს აზრი და ეფექტურობა (იხილეთ Varnava and Others v. Turkey [GC], NN 16064/90 და 8 სხვა, § 161, ECHR, 2009).

26. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ საქმეში მომჩივნის ქმრის მკვლელობის ფაქტის სისხლის სამართლის გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყო და ის რეგულარულად ინტერესდებოდა გამოძიების მსვლელობით საქმისწარმოების ადრეული ეტაპიდან დაწყებული (იხილეთ ზემოთ პარაგრაფები 11-16). ამდენად, შეუძლებელია იმის თქმა, რომ მას არ გამოუჩენია ინტერესი ეროვნულ დონეზე სისხლის სამართლის გამოძიების მეშვეობით შესაბამისი ფაქტების გამორკვევასთან დაკავშირებით (საპირისპიროდ: Akhvlediani and Others, ციტირებული ზემოთ, § 25; Manukyan v. Georgia (dec.), N 53073/07, § 30, 2012 წლის 9 ოქტომბერი; და Deari and Others v. the former Yugoslav Republic of Macedonia (dec.), N 54415/09, §§ 47-49, 2012 წლის 6 მარტი). სასამართლო ვერ დარწმუნდა მთავრობის განცხადებით, რომ ექვსთვიანი ვადა უნდა გამოთვლილიყო პროკურატურის 2011 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების შემდეგ. ეს გადაწყვეტილება იყო საკმაოდ უვნებელი პროცესუალური ხასიათის რომლითაც მომჩივანს უბრალოდ უარი ეთქვა სისხლის სამართლის საქმის მასალებზე წვდომის მოთხოვნაზე; ეს არ იყო გადაწყვეტილება საქმისწარმოების საბოლოო შეწყვეტის შესახებ, არც ის გადაწყვეტილება, რომელიც ხელს უშლიდა გამოძიების საბოლოო ეფექტურობას მისი შედეგის წინასწარ განსაზღვრით (მაგალითად, შეადარეთ Sakvarelidze v. Georgia, N 40394/10, § 44, 2020 წლის 6 თებერვალი და საპირისპიროდ, Shavlokhova v. Georgia (dec.) [კომიტეტი], N 4800/10, § 23, 2018 წლის 18 სექტემბერი). პროკურატურის 2011 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგაც კი და მას შემდეგ, რაც მომჩივანმა თავისი საჩივარი შეიტანა 2012 წლის 1 ნოემბერს, მან შემდეგ წლებში განმეორებით რეგულარული ინტერვალებით სცადა ინფორმაცია მიეღო გამოძიების მსვლელობის შესახებ, ეფექტიანი შედეგის იმედით (შეადარეთ Huseynova v. Azerbaijan, N 10653/10, § 89, 2017 წლის 13 აპრილი და Malika Yusupova and Others v. Russia, NN 14705/09 და 4 სხვა, §§ 164-66, 2015 წლის 15 იანვარი).

27. წინამდებარე საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო არ მიიჩნევს, რომ მომჩივანმა ვერ მოახერხა სათანადო გულისხმიერებასთან დაკავშირებული თავისი ვალდებულების შესრულება. ზემოაღნიშნული მიზეზების გამო (იხილეთ წინა პარაგრაფი), 2011 წლის 18 მაისის თარიღი არ არის რელევანტური ექვსთვიანი ვადის გამოსათვლელად და სასამართლო მიიჩნევს, რომ ვერ ჩაითვლება, რომ მომჩივანი მეტისმეტად დიდხანს ელოდა, სანამ გააცნობიერებდა, რომ არსებობდა გამოძიების შედეგების არაეფექტურობის რისკი. შესაბამისად, მთავრობის არგუმენტები უარყოფილი იქნა.

28. სასამართლო დამატებით ადგენს, რომ კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული საჩივრები არ არის მიუღებელი რაიმე სხვა საფუძვლით. შესაბამისად, ისინი უნდა გამოცხადდეს მისაღებად.

არსებითი მხარე

მხარეთა განცხადებები

29. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ სახელმწიფო წარმომადგენლებმა მისი ქმარი სასიკვდილოდ აწამეს და რომ შესაბამისმა ორგანოებმა ვერ შეასრულეს თავიანთი ვალდებულება, ჩაეტარებინათ ეფექტური გამოძიება მკვლელობის ჩამდენი პირების იდენტიფიცირებითა და დასჯით.

30. მომჩივნის იმ ბრალდების უარყოფის გარდა, რომ მისი ქმარი აწამეს და განზრახ მოკლეს და გარდა მტკიცებისა, რომ რ.შ. გარდაიცვალა იმ სასიკვდილო ძალის გამოყენების შედეგად, რომელიც აუცილებელი იყო მართლზომიერი დაკავებისას მისი გაქცევის თავიდან ასაცილებლად, მთავრობას სხვა რაიმე არგუმენტი არ წარუდგენია. მათ წარმოადგინეს იმ საგამოძიებო მოქმედებების თანმიმდევრობა, რომლებიც განხორციელდა რ.შ.-ს გარდაცვალებისთანავე (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 11), თუმცა, იმ შესაბამისი საპროცესო დოკუმენტების ასლის წარდგენის გარეშე, რომლებმაც შექმნა ამ ქმედებების კანონიერი საფუძველი.

სასამართლოს შეფასება

ზოგადი პრინციპები

31. სასამართლომ წინათ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც პირის საპატიმროში განთავსება ხდება ჯანმრთელ მდგომარეობაში და ის გარდაიცვლება უსაფრთხოების ძალების ხელში, ხელისუფლების ორგანოების ვალდებულება პასუხი აგონ ამ პირის მიმართ მოპყრობაზე, განსაკუთრებით მკაცრია (იხილეთ, Meryem Çelik and Others v. Turkey, N 3598/03, § 61, 2013 წლის 16 აპრილი). მტკიცებულების შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა „გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებითი სტანდარტი. თუმცა, ეს მტკიცებულება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, მკაფიო და თანხვედრილი დასკვნების ან ფაქტობრივი გარემოებების მსგავსი უტყუარობის პრეზუმფციების თანაარსებობიდან. იმ შემთხვევაში, როდესაც განსახილველი საკითხი მთლიანად ან დიდწილად, შესაბამისი ორგანოების ექსკლუზიური კომპეტენციის ფარგლებში იმყოფება, როგორც პატიმრობისას მათ კონტროლქვეშ მყოფი პირების შემთხვევაში, ფაქტების სერიოზული პრეზუმპციები წარმოიშობა იმ დაზიანებებისა და გარდაცვალების შემთხვევებთან დაკავშირებით, რომლებიც ამ პატიმრობის დროს ხდება.  მართლაც, შეიძლება ჩაითვალოს, რომ მტკიცების ტვირთი ეკისრებათ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს, რათა წარმოადგინონ დამაკმაყოფილებელი და დამაჯერებელი განმარტება (იხილეთ, სხვა წყაროებს შორის, Salman v. Turkey [GC], N 21986/93, §§ 97-100, ECHR 2000-VII, და Aktaş v. Turkey, N 24351/94, §§ 289-91, ECHR 2003-V (ამონარიდები)).

32. მართლსაწინააღმდეგო და საეჭვო გარდაცვალების შემთხვევების ეფექტური გამოძიების ჩატარების ვალდებულება სასამართლოს პრეცედენტული სამართლით კარგად არის დადგენილი. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც შეიძლება არსებობდეს ისეთი დაბრკოლებები ან სირთულეები, რომლებიც ხელს უშლის კონკრეტულ სიტუაციაში გამოძიების მიმდინარეობას, ხელისუფლების ორგანოების მხრიდან სწრაფი რეაგირება არის სასიცოცხლო, მათ, როგორც კანონის უზენაესობის დამცველების, მიმართ საზოგადოების ნდობის შენარჩუნებისთვის და რაიმე ფორმით მათი უკანონო ქმედებებში ჩართვის ან ასეთის მიმართ ტოლერანტობის გამოვლენის პრევენციისთვის. იმისათვის, რომ გამოძიება შეესაბამებოდეს კონვენციის მე-2 მუხლის მოთხოვნებს, ის უნდა იყოს ეფექტური იმ თვალსაზრისით, რომ მას უნდა შეეძლოს შესაბამისი ფაქტების დადგენა და პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და, საჭიროების შემთხვევაში, მათი დასჯა. ეს არის ვალდებულება, რომელიც ეხება გამოსაყენებელ საშუალებებს და არა – მისაღწევ შედეგებს. ხელისუფლების ორგანოებმა უნდა გადადგან მათ ხელთ არსებული გონივრული ნაბიჯები ინციდენტთან დაკავშირებული მტკიცებულებების დასაცავად, რომელთა შორისაა თვითმხილველთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები და, საჭიროების შემთხვევაში, გვამის გაკვეთის შედეგები, რომელიც სრულად და ზუსტად ასახავს დაზიანებებს და წარმოადგენს კლინიკური დასკვნების ობიექტურ ანალიზს, მათ შორის, გარდაცვალების მიზეზს. ამ კონტექსტში იგულისხმება სისწრაფის და გონივრულობის მოთხოვნები (იხილეთ, როგორც ბოლო წყარო, Vazagashvili and Shanava v. Georgia, N 50375/07, §§ 80‑81, 2019 წლის 18 ივლისი, შემდგომი მითითებებით). სასამართლოს წინაშე არსებულ ბევრ საქმეში დარღვევის დადგენა მნიშვნელოვანწილად ემყარებოდა არაგონივრული შეფერხებების არსებობას და ხელისუფლების ორგანოების მხრიდან საქმისწარმოების განხორციელების პროცესში გულისხმიერების ნაკლებობას, მიუხედავად სამართალწარმოების საბოლოო შედეგისა (მაგალითად, იხილეთ Merkulova v. Ukraine, N 21454/04, § 51, 2011 წლის 3 მარტი, შემდგომი მითითებებით).

33. გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირები უნდა იყვნენ დამოუკიდებელი მოვლენებში ჩართული ან სავარაუდოდ ჩართული ნებისმიერი პირისგან. ეს გულისხმობს არა მხოლოდ იერარქიულ ან ინსტიტუციურ, არამედ ასევე პრაქტიკულ დამოუკიდებლობასაც. მეტიც, გამოძიება ხელმისაწვდომი უნდა იყოს მსხვერპლის ოჯახისთვის იმ მოცულობით, რამდენადაც აუცილებელია მათი კანონიერი ინტერესების დაცვა. ასევე საკმარისად უნდა არსებობდეს გამოძიებაზე საზოგადოებრივი კონტროლის ელემენტი, რომლის ხარისხიც შესაძლოა განსხვავებული იყოს საქმეების მიხედვით. უფრო მეტიც, გამოძიების დასკვნები უნდა ემყარებოდეს ყველა შესაბამისი ელემენტის სრულყოფილ, ობიექტურ და მიუკერძოებელ ანალიზს. როდესაც არ ხდება მოკვლევის მკაფიო ხაზის გაყოლა, ეს მნიშვნელოვნად აფერხებს გამოძიების მიერ საქმის გარემოებებისა და, საჭიროების შემთხვევაში, პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირების შესაძლებლობას. ხელისუფლების ორგანოებმა ყოველთვის უნდა მიმართონ მნიშვნელოვან ძალისხმევას იმის გასარკვევად, თუ რა მოხდა და არ უნდა დაეყრდნონ ნაჩქარევ ან დაუსაბუთებელ დასკვნებს გამოძიების დასასრულებლად (იხილეთ, Mustafa Tunç and Fecire Tunç v. Turkey [GC], N 24014/05, § 175, 2015 წლის 14 აპრილი და El-Masri v. The former Yugoslav Republic of Macedonia [GC], N 39630/09, § 183, ECHR 2012). მიუხედავად იმისა, რომ მე-2 მუხლის პროცედურულ მოთხოვნებთან შესაბამისობა ფასდება რამდენიმე ძირითადი პარამეტრის, მათ შორის, ზემოაღნიშნული პარამეტრების საფუძველზე, ეს ელემენტები ერთმანეთთან არის დაკავშირებული და თითოეული მათგანი, ცალკე აღებული, თვითმიზანს არ წარმოადგენს. ისინი არის კრიტერიუმები, რომლებიც ერთობლივად უზრუნველყოფს გამოძიების ეფექტიანობის ხარისხის შეფასების შესაძლებლობას. სწორედ ეფექტური გამოძიების ამ მიზანთან დაკავშირებით უნდა მოხდეს ნებისმიერი საკითხის, მათ შორის, სისწრაფისა და გონივრული ოპერატიულობის, შეფასება (იხილეთ, როგორც ბოლო წყარო, Kukhalashvili and Others v. Georgia, N 8938/07 და 41891/07, § 131, 2020 წლის 2 აპრილი, დამატებითი მითითებებით).

ზემოაღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში

34. წინამდებარე საქმის გარემოებებში სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, საჩივრის არსებითი მხარის შესწავლის დაწყებას თავდაპირველად იმის განხილვით, რომ მომჩივნის ქმრის გარდაცვალების ფაქტის ეროვნულ დონეზე წარმოებული გამოძიება არაფექტური იყო და შემდეგ გადავიდეს საკითხზე - ეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა სახელმწიფოს გარდაცვალების ფაქტზე.

35. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნის ქმარი გარდაიცვალა 2008 წლის 16 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ხელში. თუმცა, თავდაპირველი საგამოძიებო ღონისძიებები გარდაცვალებისთანავე იქნა ჩატარებული იმავე ორგანოს გამომძიებლების და არა პროკურატურის მიერ, რაც ეწინააღმდეგებოდა ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 18). მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ საკუთარ თავზე აიღო გამოძიება უფრო გვიანდელ ეტაპზე, პროკურორები, როგორც ეს მთავრობამ აღიარა, ეყრდნობოდნენ მხოლოდ სამინისტროს მიერ ადრე შეგროვებულ მტკიცებულებებს (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 11). ამის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლების მიერ განხორციელებული ყველაზე უფრო გადამწყვეტი საგამოძიებო მოქმედებები, გარდა იმისა, რომ აშკარად წარმოადგენდა აუხსნელ გადახვევას შიდასახელმწიფოებრივი პროცედურული წესებიდან, აშკარად არ შეესაბამებოდა კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის აუცილებელ მოთხოვნებს. ამ პროცედურულმა ხარვეზმა არ შეიძლება, უარყოფითად არ იმოქმედოს გამოძიების პროცესში მოვლენების შემდგომ განვითარებაზე (მაგალითად, იხილეთ Vazagashvili and Shanava, ციტირებული ზემოთ, § 87 და Enukidze and Girgvliani v. Georgia, N 25091/07, §§ 245-49, 2011 წლის 26 აპრილი). რაც შეეხება გამოძიების წარმართვას მას შემდეგ, რაც ის გადაეცა რეგიონულ პროკურატურას 2008 წლის 18 აგვისტოს, სასამართლო განსაკუთრებით შეშფოთებულია ამ უკანასკნელი ორგანოს აუხსნელი, დაჟინებული და, ამდენად, შესაძლო წინასწარ განზრახული უარის გამო, რომ ჩაერთო მომჩივანი, რაც ამ უკანასკნელს შესაძლებლობას მისცემდა სრულად ესარგებლა დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსით, რომლის უფლებაც მას ჰქონდა. ამ საპროცესო მდგომარეობის გარეშე მომჩივანს საერთოდ არ შეეძლო ესარგებლა რაიმე საპროცესო უფლებით (იხილეთ ზემოთ პარაგრაფები18-20). მან ვერ მოიპოვა რაიმე ინფორმაცია გამოძიების შესახებ და მას ქმრის სხეულის გარდაცვალების შემდგომი ექსპერტიზის შესახებ დასკვნის გაცნობის უფლებაც კი არ მიეცა (ასევე იხილეთ ქვემოთ პარაგრაფი 39 და შეადარეთ Vazagashvili and Shanava, ციტირებული ზემოთ, § 88).

36. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქმის მასალის მიხედვით, დღეისათვის მომჩივნის ქმრის მკვლელობის გამოძიების შემდეგად, რომელიც 2008 წლის 16 აგვისტოს დაიწყო, რაიმე უტყუარი დასკვნები არ წარმოდგენილა. ასეთი ხელისშემშლელი გაჭიანურება მიუთითებს ეროვნული ორგანოების მიერ სისწრაფისა და გონივრული ოპერატიულობის მოთხოვნების შეუსრულებლობაზე (იხილეთ, მაგალითად, Starčević v. Croatia, N 80909/12, § 58, 2014 წლის 13 ნოემბერი). სასამართლომ ვერ აღმოაჩინა ეროვნულ დონეზე ამ გაჭიანურებული გამოძიების რაიმე კონკრეტული მიზეზი. ამ სათანადო გულისხმიერების ნაკლებობა, რომელიც სასამართლოს შეხედულებით წარმოადგენს განზრახ გაჭიანურებას, არის იმის კიდევ ერთი მაჩვენებელი, რომ სისხლის სამართლის საქმის განხილვა არ იყო ზუსტი და მან მომჩივანს წაართვა კომპენსირების რაიმე შესაძლებლობა (შეადარეთ Sakvarelidze, ზემოთ ციტირებული, § 54). ამასთან დაკავშირებით სასამართლო განმეორებით აცხადებს, რომ გაჭიანურებული მართლმსაჯულება ხშირად წარმოადგენს მართლმსაჯულების უარყოფას, რადგან საქმისწარმოების პროცესში უმოქმედობის არაგონივრული პერიოდების არსებობა და ხელისუფლების ორგანოების მხრიდან გულისხმიერების ნაკლებობა, გამოძიებას არაეფექტურს ხდის მისი საბოლოო შედეგის მიუხედავად (იხილეთ, როგორც ბოლო წყარო, Vazagashvili and Shanava, ციტირებული ზემოთ, § 89).

37. ამდენად, თავდაპირველი გამოძიების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაკლებობის, გარდაცვლილი პირის უახლოესი ნათესავის არდაშვებისა და ხელისშემშლელი გაჭიანურებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის ქმრის გარდაცვალების ფაქტის სისხლისსამართლებრივი გამოძიება იყო არაეფექტური, და მოპასუხე სახელმწიფომ დაარღვია პროცედურული ვალდებულებები, რომლებიც გათვალისწინებულია კონვენციის მე-2 მუხლით.

38. რაც შეეხება საჩივარს კონვენციის მე-2 მუხლის არსებით ნაწილთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეები არ დავობდნენ იმაზე, რომ რ.შ. მოკლულ იქნა სახელმწიფო წარმომადგენლების, კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ თანამშრომლების მიერ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მის დაკავებაში და გადაყვანაში. შესაბამისად, მტკიცების ტვირთი ეკისრება მთავრობას, რომ წარმოადგინოს სადავო მოვლენების განვითარების დამაკმაყოფილებელი და დამაჯერებელი განმარტება (იხილეთ, hayrullina v Russia, N 29729/09, §§ 69-72, 2017 წლის 19 დეკემბერი), რომლის არარსებობაც, სასამართლოს კარგად დადგენილი პრეცედენტული სამართლის მიხედვით, გამოიწვევს კონვენციის მე-2 მუხლის არსებითი ნაწილის დარღვევას  (იხილეთ, სხვა მრავალ წყაროს შორის, Saribekyan and Balyan v. Azerbaijan, N 35746/11, §§ 68-70, 2020 წლის 30 იანვარი; Gulyan v. Armenia, N 11244/12, § 91, 2018 წლის 20 სექტემბერი; და Gaysanova v. Russia, N 62235/09, § 112, 2016 წლის 12 მაისი).

39. ამასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნული გამოძიება რაიმე დასკვნამდე არ მისულა და ჯერ კიდევ მიმდინარეობს (იხილეთ ზემოთ პარაგრაფი 17). მაშინ, როცა მთავრობის მიერ წარდგენილი ოფიციალური ვერსიის მიხედვით, სამართალდამცავების მიერ ძალის გამოყენება მოხდა საპატიმროდან რ.შ.-ს უკანონო გაქცევის თავიდან ასაცილებლად,  ეს ვერსია რაიმე მტკიცებულებით არ არის გამყარებული. ვინაიდან გარდაცვლილის ნათესავს არ მიეცა წვდომა და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, მთავრობამ სასამართლოს არ მიაწოდა მომჩივნის ქმრის გვამის ექსპერტიზის შედეგები, მიუხედავად მისი გადამწყვეტი მნიშვნელობისა დაზიანების მიზეზების ახსნასა და გარდაცვალების მიზეზების დადგენაში, სასამართლო ვერ მიიღებს სასიკვდილო ძალის გამოყენების მიზეზების ოფიციალურ განმარტებას. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო ასევე ითვალისწინებს თვითმხილველების მონათხრობს მომჩივნის ქმრის დაკავებისას პოლიციის მიერ გამოჩენილ სისასტიკესთან დაკავშირებით და გარდაცვლილი პირის სხეულის ამსახველ ვიდეოჩანაწერზე მკაფიოდ შესამჩნევი დაზიანებების ხასიათს, დაკვირვებებს, რომლებიც ძნელად თავსებადია მთავრობის იმ განცხადებასთან, რომ რ.შ.-ს სიცოცხლის ხელყოფა იყო შედეგი იმ ძალის გამოყენებისა, რომელიც აუცილებელი იყო მისი დაკავებისას გაქცევის აღსაკვეთად (იხილეთ ზემოთ პარაგრაფები 8, 10 და 21, და შეადარეთ Vatsayeva v. Russia [კომიტეტი], N 44658/12, § 61, 2020 წლის 21 იანვარი).

40. მთლიანობაში, სასამართლო ასკვნის, რომ მთავრობას არ წარმოუდგენია მომჩივნის ქმრის სიცოცხლის ხელყოფის გარემოებები და რომ სახეზეა მოპასუხე სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით (შეადარეთ, როგორც ბოლო წყარო, საქმე Cantaragiu v. the Republic of Moldova, N 13013/11, § 29, 2020 წლის 24 მარტი და ასევე Tsintsabadze v. Georgia, N 35403/06, § 95, 2011 წლის 15 თებერვალი).

41. აქედან გამომდინარე, სასამართლო ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის როგორც პროცედურულ, ისე არსებითი ნაწილის დარღვევას.

II. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება

42. კონვენციის 41-ე მუხლი ითვალისწინებს:

„თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.“

43. რაც შეეხება მატერიალურ ზიანს, მომჩივანი რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის გარეშე ამტკიცებდა, რომ მისი გარდაცვლილი მეუღლე მათ ოჯახში ერთადერთი მარჩენალი იყო და რომ ამგვარად, მოპასუხე სახელმწიფომ მას უნდა აუნაზღაუროს სახელფასო დანაკარგი ქმრის მართლსაწინააღმდეგო მკვლელობიდან დღემდე.

44. მომჩივანმა ასევე მოითხოვა მორალური ზიანის კომპენსაცია, მისი ქმრის მკვლელობით გამოწვეულ შფოთსა და მწუხარებასთან დაკავშირებით, თუმცა, კონკრეტული თანხის მითითების გარეშე.

45. მომჩივანმა რაიმე დამადასტურებელი იურიდიული ან/და ფინანსური დოკუმენტის წარდგენის გარეშე ასევე მოითხოვა 10,000 აშშ დოლარი სასამართლოში გაწეული ხარჯებისათვის.

46. მთავრობა ამტკიცებდა, რომ მოთხოვნები იყო დაუსაბუთებელი, ან გადაჭარბებული.

47. სასამართლო განმეორებით აცხადებს, რომ უნდა არსებობდეს მკაფიო მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მომჩივნის მიერ მითითებულ ზიანსა და კონვენციის დარღვევას შორის და შესაბამის შემთხვევაში, ეს შეიძლება მოიცავდეს კომპენსაციას მიუღებელი შემოსავლისთვის (იხილეთ, სხვა წყაროებს შორის, Imakayeva v. Russia, N 7615/02, § 213, ECHR 2006-XIII (ამონარიდები)). თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანს მისი მოთხოვნის გასამყარებლად არ წარმოუდგენია რაიმე დოკუმენტი, ვერ დგინდება, რომ მომჩივანი ფინანსურად მხოლოდ თავის გარდაცვლილ მეუღლეზე იყო დამოკიდებული (მაგალითად, შეადარეთ Kukhalashvili and Others, ციტირებული ზემოთ, § 162; Albekov and Others v. Russia, N 68216/01, §§ 125‑27, 2008 წლის 9 ოქტომბერი; და İkincisoy v. Turkey, N 26144/95, § 137, 2004 წლის 27 ივლისი).

48. მეორეს მხრივ, სასამართლო აღიარებს, რომ მომჩივანს მიადგა მორალური ზიანი, რომელიც ვერ ანაზღაურდება მხოლოდ დარღვევის დადგენით. მას მიზანშეწონილად მიაჩნია მომჩივნისთვის 40,000 ევროს მიკუთვნება.

49. სასამართლო განმეორებით აცხადებს, რომ მისი პრეცედენტული სამართლის მიხედვით, მომჩივანი უფლებამოსილია ხარჯების ანაზღაურების მიღებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნაჩვენებია, რომ ეს ხარჯები ნამდვილად, აუცილებლობიდან გამომდინარე და გონივრული ოდენობითაა გაწეული (იხილეთ, Beyeler v. Italy (სამართლიანი დაკმაყოფილება) [GC], N 33202/96, § 27, 2002 წლის 28 მაისი). წინამდებარე საქმეში, ითვალისწინებს რა ხარჯებთან დაკავშირებით მომჩივნის მოთხოვნის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტის არარსებობას, სასამართლო ამ მოთხოვნას უარყოფს.

50. და ბოლოს, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ საურავის განაკვეთი განისაზღვროს ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთით, რომელსაც უნდა დაემატოს სამი პროცენტი.

ამის საფუძველზე სასამართლო ერთხმად

აცხადებს საჩივარს მისაღებად;

ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის როგორც პროცედურული, ისე არსებითი ნაწილის დარღვევას;

ადგენს,რომ მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან სამი თვის განმავლობაში, გადახდის დღეს არსებული კურსით, ეროვნულ ვალუტაში, მომჩივანს გადაუხადოს 40,000 (ორმოცი ათასი) ევრო მორალური ზიანისთვის, დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაეკისროს მომჩივანს;

ზემოხსენებული სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, თანხის სრულ გადარიცხვამდე, გადასახდელ თანხას საჯარიმო პერიოდის განმავლობაში დაერიცხება გადახდის დღეს მოქმედი, ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის თანაბარი პროცენტები, რასაც დაემატება სამი პროცენტი;

უარყოფს, მომჩივნის მოთხოვნას სამართლიანი დაკმაყოფილების დანარჩენ ნაწილში.

შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობათ 2020 წლის 19 ნოემბერს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.

ვიქტორ სოლოვეიჩიკი

სასამართლოს განმწესრიგებელი

(ხელმოწერილია)

სიოფრა ო’ლირი
თავმჯდომარე

(ხელმოწერილია)