საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.03.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №02/ნ
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.022.018002
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/03/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.03.2021 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინიტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის – შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება
№02/ნ
2021 წლის 26 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის №118 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗
დეპარტამენტი არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პირველადი სტრუქტურული ერთეული.
მუხლი 3🔗
დეპარტამენტის შიდა აუდიტორული ფუნქცია მიმართულია საქმიანობის გაუმჯობესებისკენ, მისი მიზნების მიღწევის უზრუნველყოფისა და კომპეტენციის სრულყოფილად შესრულებისკენ, დამოუკიდებელი, ობიექტური, მარწმუნებელი და საკონსულტაციო საქმიანობით. დეპარტამენტი სისტემატიზებული, დისციპლინებული და ორგანიზებული მიდგომით აფასებს და აუმჯობესებს რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესის ეფექტიანობას.
მუხლი 4🔗
დეპარტამენტი მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, სამინისტროს დებულების, შიდა აუდიტის საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის, შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტების, ამ დებულების, და სხვა მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე და საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კანონიერების, გამჭვირვალობის, საჯაროობის და სამართლიანობის პრინციპებით.
მუხლი 5🔗
1. დეპარტამენტი ფუნქციურად დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში, ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე და „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს ჰარმონიზაციის ცენტრთან კოორდინირებულად.
2. დეპარტამენტი დამოუკიდებლად განსაზღვრავს აუდიტის ობიექტებს, მასშტაბს, შემოწმების სიხშირეს, დროს/პერიოდს, ანგარიშის შინაარსს და ა.შ. დაუშვებელია შიდა აუდიტორის საქმიანობაში ჩარევა ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება. ასევე შიდა აუდიტორებს არ აქვთ არანაირი პასუხისმგებლობა და უფლებამოსილება შეასრულონ სხვა ფუნქციები, გარდა აუდიტორული საქმიანობისა.
3. დეპარტამენტის თანამშრომლები მოქმედებენ მაღალი პროფესიული ობიექტურობით ინფორმაციის შეგროვების, შეფასებისა და გავრცელების დროს, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლის შემოწმებასაც ახორციელებენ. შეფასება არის დაბალანსებული, ითვალისწინებს ყველა შესაბამის გარემოებას და გამორიცხავს პირად ან სხვა მხარის მიკერძოებულ ინტერესებს.
4. დეპარტამენტი კერძო სამართლის იურიდიული პირის აუდიტორულ შემოწმებას ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად.
თავი II
შიდა აუდიტის დეპარტამენტის კომპეტენცია, თანამშრომლობა სხვა უწყებებთან და სტრუქტურა
მუხლი 6🔗
1. დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;
ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
გ) სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
დ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;
ე) სამინისტროს სისტემაში არსებული აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;
ვ) სამინისტროს სისტემაში შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელება, მარწმუნებელი და საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელების მიზნით, აუდიტის შემდეგი სახეების გამოყენებით: სისტემური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი, ფინანსური აუდიტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი;
ზ) დეპარტამენტის მიერ შედგენილ დასკვნაში/ანგარიშში დაფიქსირებულ მითითებებზე/რეკომენდაციებზე შემოწმებული ობიექტის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშის შესაბამის ვადებში წარმოდგენის საკითხის კონტროლი;
თ) დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემების (მათ შორის ელექტრონული) შეგროვება, დამუშავება და შესწავლა-ანალიზი;
ი) სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და აღმოჩენა, მათი გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
კ) სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში კომპეტენციის ფარგლებში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და გამოვლენის მიზნით ინსპექტირების ჩატარება, დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა;
ლ) სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე ინფორმაციის შემცველი განცხადებებისა და კორესპონდენციების განხილვა, დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა ან/და შესაბამისი რეაგირება;
მ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმების შედეგად გამოვლენილ სამართალდარღვევებზე სამინისტროსათვის წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა ან/და შესაბამისი რეაგირება;
ნ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი დაწესებულებების მიერ სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;
ო) სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი დაწესებულებებისთვის სამართლებრივი აქტების მოთხოვნების დაცვის, სამართლებრივი აქტების დარღვევის ფაქტების ან/და ხარვეზების გამოსწორების, მათი გამომწვევი ან/და ხელშემწყობი მიზეზების აღმოფხვრის თაობაზე მითითების მიცემა;
პ) საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი დაწესებულებების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი;
ჟ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, მისი თანამშრომლების მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ წინადადებების მინისტრისათვის წარდგენა;
რ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეებისა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი დაწესებულებების, ასევე მათი თანამშრომლების მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ მინისტრისათვის წინადადების წარდგენა;
ს) სამართალდარღვევის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური წარმოების განხორციელების თაობაზე სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი დაწესებულებებისათვის წარდგინებით მიმართვა;
ტ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი და სამსახურებრივი ინსპექტირების განხორციელება;
უ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეების ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
ფ) სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულების კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;
ქ) დისციპლინური წარმოების განხორციელება სამინისტროსა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრების თანამშრომლების მიმართ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ღ) ქმედებაში დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდება და მათთან თანამშრომლობა;
ყ) განსახილველ საკითხებზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად, სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეების/თანამშრომლების ან მოწვეული სპეციალისტების/ექსპერტების მონაწილეობის მოთხოვნა, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით სარგებლობა;
შ) ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება, რომლებიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
2. დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო.
3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შეუზღუდავი დაშვება აქვთ სამინისტროს სტრუქტურული ერთეულისა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი დაწესებულების ყველა საქმიანობასთან და დოკუმენტაციასთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვების გარდა. საქმიანობის პროცესში დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურე უფლებამოსილია, მოითხოვოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, წერილობითი ახსნა-განმარტება ან/და დოკუმენტი, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), ადგილზე გაცნობისათვის პირობების შექმნა, დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, დოკუმენტის ასლები, გამოიძახოს სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი დაწესებულების ნებისმიერი საჯარო მოსამსახურე/თანამშრომელი შესაბამისი ინფორმაციის ან/და წერილობითი ახსნა-განმარტების მიღების მიზნით.
4. სამინისტროს სისტემის თანამშრომლები ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებთან მათი საქმიანობის განხორციელების დროს და უზრუნველყონ ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება და მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციის თაობაზე არსებული მონაცემთა ბაზებისა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობა ან/და ქმედებების განხორციელება. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულისა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი მოქმედი დაწესებულების საჯარო მოსამსახურის/თანამშრომლის მიერ გამოიწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
5. სამსახურებრივი კომპეტენციების განხორციელების პროცესში დეპარტამენტის თანამშრომლები უფლებამოსილნი არიან საშვგამტარი ან სხვა შემზღუდავი რეჟიმის გვერდის ავლით დაუყოვნებლივ შევიდნენ სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი დაწესებულებების ტერიტორიაზე/შენობა-ნაგებობებში, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
6. იმ შემთხვევაში, თუ დეპარტამენტისათვის მოწოდებული ინფორმაცია სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე არის ბუნდოვანი/დაუსაბუთებელი (მაგ.: არ არის მითითებული კონკრეტული გადაცდომის ჩამდენ პირთა ვინაობა, ჩადენის დრო, გარემოებები, ასევე არ არის წარმოდგენილი დარღვევის დამადასტურებელი რაიმე საბუთი ან/და იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებიც დაადასტურებენ დარღვევებს), დეპარტამენტის კომპეტენციაა მოსთხოვოს კორესპონდენციის ავტორს დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, რისთვისაც განუსაზღვრავს ვადას, ხოლო განსაზღვრულ ვადაში სათანადო ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, არ დაიწყოს/შეწყვიტოს წარმოება.
7. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი დაწესებულებების ხელმძღვანელები/თანამშრომლები ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ მიაწოდონ დეპარტამენტს ინფორმაცია სამართალდარღვევის იმ ფაქტების შესახებ, რომელთა განხილვა დეპარტამენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება.
მუხლი 7🔗
1. დეპარტამენტი თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
2. დეპარტამენტი ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის განხორციელებისას თანამშრომლობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან და აწვდის მას აღნიშნული აუდიტორული შემოწმების ანგარიშს მისი მომზადებიდან 1 თვის ვადაში.
3. დეპარტამენტი სხვა უწყებებთან თანამშრომლობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 8🔗
დეპარტამენტში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) შიდა აუდიტის სამმართველო;
ბ) ანალიტიკური სამმართველო;
გ) ინსპექტირების სამსახური.
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და საჯარო მოსამსახურეები
მუხლი 9🔗
1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) დეპარტამენტის უფროსი;
ბ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
გ) სამმართველოს უფროსი;
დ) სამსახურის უფროსი;
ე) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
ვ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
ზ) მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.
2. დეპარტამენტში არამუდმივ ან დამხმარე ამოცანათა შესასრულებლად შეიძლება მიღებულ იქნეს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.
3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით.
5. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 10🔗
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს მასზე დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებისას;
გ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
დ) დადგენილი წესის მიხედვით იხილავს შემოსულ კორესპონდენციას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას;
ე) ხელს აწერს ან ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, ასევე სხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს და სხვა დოკუმენტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) რისკის ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;
ზ) თითოეული შიდა აუდიტორული შემოწმებისათვის შეიმუშავებს და ამტკიცებს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალურ გეგმას;
თ) განიხილავს და ხელს აწერს შიდა აუდიტორთა ჯგუფის მიერ მომზადებულ აუდიტორულ ანგარიშს;
ი) უზრუნველყოფს საჭიროების შესაბამისად და დადგენილი წესით აუდიტორული ანგარიშის გავრცელებას ყველას სათანადო მხარესთან, მათ შორის მინისტრთან;
კ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და დეპარტამენტის მიერ შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე;
ლ) ამზადებს შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს;
მ) შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე წარუდგენს დაწესებულების ხელმძღვანელს და ჰარმონიზაციის ცენტრს;
ნ) უზრუნველყოფს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის, ასევე სამინისტროს ორგანიზაციული სტრუქტურისა და ფუნქციების შეფასებას;
ო) ინსპექტირების განხორციელების ან/და სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე ინფორმაციის შემცველი განცხადებებისა და წერილების შესწავლის შედეგად შედგენილ დასკვნას წარუდგენს მინისტრს;
პ) შიდა აუდიტორულ ანგარიშს წარუდგენს მინისტრს;
ჟ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის ობიექტისთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულებაზე;
რ) შეიმუშავებს და ახორციელებს შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამას;
ს) თანამშრომლობს ჰარმონიზაციის ცენტრთან და მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის დოკუმენტაციასა და ინფორმაციას;
ტ) ითვალისწინებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში გაცემულ რეკომენდაციებსა და მითითებებს;
უ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
ფ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ;
ქ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფლებამოსილებათა შესასრულებლად;
ღ) შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ყ) უზრუნველყოფს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მთავრობის გადაწყვეტილებების, მინისტრის მითითებების დაცვას, აგრეთვე დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესრულების კონტროლს;
შ) პასუხისმგებელია დეპარტამენტში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
ჩ) ასრულებს მინისტრის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს;
ც) მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, წარუდგენს მინისტრს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ძ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის უფლებამოსილებების განხორციელებასა და შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
წ) აკონტროლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ დისციპლინის დაცვას;
ჭ) ზედამხედველობას და კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მუშაობას;
ხ) განსაზღვრავს დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციების შესწავლის რიგითობას შესასწავლ საკითხთა ხასიათის, სიმძიმისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით;
ჯ) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
4. დეპარტამენტის უფროსის მივლინებაში, შვებულებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ან ერთ-ერთი სამმართველოს/სამსახურის უფროსი.
5. დეპარტამენტის უფროსის მიერ, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მიზეზის გარდა, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის ზეპირსიტყვიერი დავალების საფუძველზე, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კოორდინაციას და ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას, ასევე, ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს.
6. დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის/სამსახურის უფროსის ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ ერთდროულად თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
მუხლი 11🔗
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს სამინისტროს საშტატო ნუსხით განსაზღვრული მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და მინისტრის წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მისი უფლებამოსილებების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ შესაბამის სამმართველოებს/სამსახურს შორის;
დ) პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
ე) ასრულებს მინისტრის ან დეპარტამენტის უფროსის კანონშესაბამის დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს;
ვ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს/სამსახურის უფროსი ან დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
მუხლი 12🔗
1. შიდა აუდიტის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. შიდა აუდიტის სამმართველოს უფროსი:
ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ სამმართველოს თანამშრომლებს შორის;
გ) ანაწილებს დავალებებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;
დ) ახორციელებს კონტროლს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
ე) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს სამმართველოს მიერ შემუშავებულ ანგარიშს;
ვ) ხელს აწერს ან ავიზებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) პასუხისმგებელია სამმართველოში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
თ) ხელს უწყობს სამმართველოში შრომის სათანადო პირობების შექმნას და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული ცოდნის დონის ამაღლებას;
ი) ასრულებს მინისტრის და დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კანონშესაბამის მითითებებსა და დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
3. სამმართველოს უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ სამმართველოს უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
4. სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის შესაბამისი მოადგილის წინაშე.
5. შიდა აუდიტის სამმართველოს თანამშრომლები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შიდა აუდიტის სამმართველოს კომპეტენციების განხორციელების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 13🔗
1. შიდა აუდიტის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) დაწესებულების წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;
ბ) სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
გ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;
დ) სამინისტროს აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;
ე) შიდა აუდიტის განხორციელებამდე შიდა აუდიტის ობიექტისთვის აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმის წარდგენა;
ვ) შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ზ) მინისტრის თანხმობის გარეშე, საქმიანობის განხორციელებისას გაცნობილი ინფორმაციის გაუმჟღავნებლობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;
თ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის შესაბამისი მოადგილის დავალებებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. შიდა აუდიტის სამმართველო შიდა აუდიტორულ შემოწმებას ახორციელებს ინფორმაციის იდენტიფიკაციის, შეგროვების, ანალიზის, შეფასებისა და დოკუმენტირების საშუალებით.
3. შიდა აუდიტორული შემოწმება შედგება შემდეგი ეტაპებისაგან:
ა) აუდიტის დაგეგმვა;
ბ) აუდიტის განხორციელება;
გ) ანგარიშგება;
დ) გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი.
4. შიდა აუდიტის სამმართველო შიდა აუდიტორული შემოწმების ფარგლებში ახდენს:
ა) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასებას (სისტემური აუდიტი);
ბ) დაწესებულების/სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის პოლიტიკასთან, გეგმებთან, პროცედურებთან, კანონებსა და სხვა მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შემოწმებას და შეფასებას (შესაბამისობის აუდიტი);
გ) შიდა აუდიტის ობიექტის მიერ განხორციელებული ღონისძიებების, ოპერაციების, პროგრამების, დაწესებულების ორგანიზაციული მოწყობისა და სისტემების ობიექტური და საიმედო შეფასებას მათი ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის პრინციპებთან შესაბამისობის დადგენისა და გაუმჯობესების პოტენციალის გამოვლენის მიზნით (ეფექტიანობის აუდიტი);
დ) შიდა აუდიტის ობიექტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმებას საქართველოს კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით (ფინანსური აუდიტი);
ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმებას და შეფასებას სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით (ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი).
5. შიდა აუდიტის განხორციელების შედეგად შიდა აუდიტის სუბიექტი ადგენს შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტს, რომელიც ასახავს შიდა აუდიტის შედეგებს, შიდა აუდიტის განხორციელების პროცესსა და მიგნებებს, მათ ანალიზს და მათ საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს.
6. შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი გონივრული ვადის მითითებით ეგზავნება შიდა აუდიტის ობიექტს ანგარიშში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის წარდგენის მიზნით.
7. შიდა აუდიტის ობიექტის მიერ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გონივრული ვადის გაშვების შემთხვევაში შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი ჩაითვლება საბოლოოდ, ხოლო მასში ასახული მიგნებები და რეკომენდაციები – შეთანხმებულად.
8. თუ შიდა აუდიტის ობიექტი არ ეთანხმება შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტში ასახულ მიგნებებს ან/და რეკომენდაციებს, იგი საპასუხო წერილში მიუთითებს არგუმენტაციას ან/და მოსაზრებებს თავისი პოზიციის გასამყარებლად.
9. შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტთან დაკავშირებით წარდგენილი შიდა აუდიტის ობიექტის მოსაზრება აისახება საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში.
10. შიდა აუდიტის სუბიექტი საბოლოო სახით აყალიბებს შიდა აუდიტორულ ანგარიშს და მას შიდა აუდიტის ობიექტის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმასთან ერთად დაწესებულების ხელმძღვანელს უგზავნის.
11. თუ შიდა აუდიტის სუბიექტი და შიდა აუდიტის ობიექტი ვერ თანხმდებიან საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებზე, შიდა აუდიტის სუბიექტი შეუთანხმებელ რეკომენდაციებს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად უგზავნის დაწესებულების ხელმძღვანელს, რომელიც გონივრულ ვადაში იღებს გადაწყვეტილებას.
12. შიდა აუდიტორი არ მონაწილეობს შიდა აუდიტორულ შემოწმებაში, თუ გამოვლინდა ინტერესთა კონფლიქტის კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევა;
13. სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების ხელმძღვანელები პასუხისმგებლები არიან დეპარტამენტის ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულებასა და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ დეპარტამენტში სრულყოფილი ანგარიშისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენაზე.
მუხლი 14🔗
1. ანალიტიკურ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. ანალიტიკური სამმართველოს უფროსი:
ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის;
გ) იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ სამმართველოს თანამშრომლებს შორის;
დ) ანაწილებს დავალებებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;
ე) ახორციელებს კონტროლს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
ვ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს სამმართველოს მიერ შედგენილ ანგარიშს;
ზ) ხელს აწერს ან ავიზებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
თ) პასუხისმგებელია სამმართველოში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
ი) ხელს უწყობს სამმართველოში შრომის სათანადო პირობების შექმნას და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული ცოდნის დონის ამაღლებას;
კ) ასრულებს მინისტრის და დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კანონშესაბამის მითითებებსა და დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
3. სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის ფუნქციებს ასრულებს უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული სამმართველოს ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
4. სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის შესაბამისი მოადგილის წინაშე.
5. ანალიტიკური სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები სამმართველოს კომპეტენციების განხორციელების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 15🔗
ანალიტიკური სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) დეპარტამენტის წარმოებაში არსებული კორესპონდენციების შესაბამის ვადებში შესრულების საკითხის მონიტორინგი და აღნიშნულზე დეპარტამენტის უფროსისთვის ყოველკვირეული ანგარიშის წარდგენა;
ბ) დეპარტამენტის მიერ შედგენილ დასკვნაში/ანგარიშში დაფიქსირებულ მითითებებზე/რეკომენდაციებზე შემოწმებული ობიექტის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშის შესაბამის ვადებში წარმოდგენის საკითხის კონტროლი;
გ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის მიერ შესრულებული და მიმდინარე საქმიანობის ანალიზი და აღნიშნულზე დეპარტამენტის უფროსისთვის ყოველთვიური ანგარიშის წარდგენა;
დ) დეპარტამენტის საქმიანობის შეფასება, სუსტი მხარეებისა და პრობლემების იდენტიფიცირება და აღნიშნულთან დაკავშირებით დეპარტამენტის უფროსისთვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
ე) დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემების ელექტრონული სახით შეგროვება, საინფორმაციო მასალების დამუშავება და დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის მიწოდება;
ვ) დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულების კონტროლი და შედეგების ანალიზი;
ზ) სამინისტროს სისტემიდან დეპარტამენტში შემოსული ინფორმაციების დამუშავება, ანალიზი და დეპარტამენტის უფროსისთვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფროსის დავალებებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 16🔗
1. ინსპექტირების სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. ინსპექტირების სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს ინსპექტირების სამსახურის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს ინსპექტირების სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
გ) ანაწილებს შემოსულ კორესპონდენციებს ინსპექტირების სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს შორის;
დ) აკონტროლებს ინსპექტირების სამსახურის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;
ე) პერიოდულად ისმენს ინსპექტირების სამსახურის საჯარო მოსამსახურეების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ვ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ინსპექტირების სამსახურის მიერ შედგენილ დასკვნას;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს/ავიზებს ინსპექტირების სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;
თ) პასუხისმგებელია ინსპექტირების სამსახურში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
ი) ხელს უწყობს სამსახურში შრომის სათანადო პირობების შექმნას და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული ცოდნის დონის ამაღლებას;
კ) ასრულებს მინისტრის და დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კანონშესაბამის მითითებებსა და დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
3. სამსახურის უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში სამსახურის უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული სამსახურის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
4. ინსპექტირების სამსახურის უფროსი სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის შესაბამისი მოადგილის წინაშე.
5. ინსპექტირების სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ინსპექტირების სამსახურის კომპეტენციების განხორციელების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და ინსპექტირების სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 17🔗
ინსპექტირების სამსახურის კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და აღმოჩენა, მათი გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
ბ) სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და გამოვლენის მიზნით ინსპექტირების ჩატარება, დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა;
გ) სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე ინფორმაციის შემცველი განცხადებებისა და კორესპონდენციების განხილვა, დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა ან/და შესაბამისი რეაგირება;
დ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმების შედეგად გამოვლენილ სამართალდარღვევებზე სამინისტროსათვის წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა ან/და შესაბამისი რეაგირება;
ე) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი დაწესებულებების მიერ სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი დაწესებულებების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი;
ზ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი და სამსახურებრივი ინსპექტირების განხორციელება;
თ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეების ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
ი) სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულების კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;
კ) დისციპლინური წარმოების განხორციელება სამინისტროსა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრების თანამშრომლების მიმართ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ლ) საქმიანობის პროცესში მისთვის საჭირო ყველა ინფორმაციის, წერილობითი ახსნა-განმარტების ან/და დოკუმენტის მოთხოვნა/მიღება, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), ადგილზე გაცნობისათვის პირობების შექმნის მოთხოვნა, დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენის მოთხოვნა, დოკუმენტის ასლების მიღება, სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი დაწესებულების ნებისმიერი საჯარო მოსამსახურის/თანამშრომლის შესაბამისი ინფორმაციის ან/და წერილობითი ახსნა-განმარტების მიღების მიზნით გამოძახება;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფროსის დავალებებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 18🔗
1. ინსპექტირების სამსახურის საჯარო მოსამსახურე უფლებამოსილია:
ა) საქმიანობის პროცესში მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია ან/და დოკუმენტი, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), მოითხოვოს ადგილზე გაცნობისათვის პირობების შექმნა, დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, მიიღოს დოკუმენტის ასლები, გამოიძახოს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულისა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი დაწესებულების ნებისმიერი საჯარო მოსამსახურე/თანამშრომელი შესაბამისი ინფორმაციის, დოკუმენტაციის ან/და წერილობითი ახსნა-განმარტების მიღების მიზნით;
ბ) ჩამოართვას წერილობითი ახსნა-განმარტება ან/და მიიღოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია იმ პირებისაგან, რომლებიც არ არიან სამინისტროს სისტემის თანამშრომლები, მათი თანხმობის არსებობის შემთხვევაში;
გ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი;
დ) განსახილველ საკითხებზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად, მოითხოვოს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი დაწესებულებების საჯარო მოსამსახურეების/თანამშრომლების ან/და მოწვეული სპეციალისტების/ექსპერტების წარმოებაში მონაწილეობა, აგრეთვე ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით;
ე) სამსახურებრივი კომპეტენციების განხორციელების პროცესში საშვგამტარი ან სხვა შემზღუდავი რეჟიმის გვერდის ავლით დაუყოვნებლივ შევიდეს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი დაწესებულებების ტერიტორიაზე/შენობა-ნაგებობებში, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
ვ) ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან;
ზ) განახორციელოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
2. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი დაწესებულებების საჯარო მოსამსახურეები/თანამშრომლები ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ ინსპექტირების სამსახურის საჯარო მოსამსახურეებთან თავიანთი საქმიანობის განხორციელების დროს და უზრუნველყონ მათი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციისა და დოკუმენტის ხელმისაწვდომობა ან/და ქმედების განხორციელება.
3. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი დაწესებულებების საჯარო მოსამსახურეები/თანამშრომლები ვალდებულნი არიან ინსპექტირების სამსახურის საჯარო მოსამსახურეს მიაწოდონ ყველა ინფორმაცია ან/და დოკუმენტი, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), უზრუნველყონ ადგილზე გაცნობისათვის პირობების შექმნა, დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღონ დოკუმენტის ასლები, გამოცხადდნენ ინსპექტირების სამსახურის საჯარო მოსამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის ან/და წერილობითი ახსნა-განმარტების მიწოდების მიზნით, მიაწოდონ მას სრულყოფილი, სწორი და უტყუარი ინფორმაცია. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულისა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი დაწესებულების საჯარო მოსამსახურის/თანამშრომლის მიერ გამოიწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
4. ინსპექტირების სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს შეუზღუდავი დაშვება აქვთ სამინისტროს სტრუქტურული ერთეულისა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი დაწესებულების ყველა საქმიანობასთან და დოკუმენტაციასთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვების გარდა.
მუხლი 19🔗
1. სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და გამოვლენის მიზნით ინსპექტირების სამსახური უფლებამოსილია განახორციელოს ინსპექტირება.
2. ინსპექტირება გულისხმობს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი დაწესებულებების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტების დაცვის შესწავლასა და შესაბამის რეაგირებას.
3. ინსპექტირების საფუძველი შეიძლება იყოს ინფორმაცია (ზეპირი/წერილობითი) სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების შესახებ, მათ შორის, განცხადებები, სასამართლოს (მოსამართლის) კერძო განჩინებები (დადგენილებები), სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებიდან, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები და მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, „ცხელი ხაზით“ შემოსული შეტყობინებები (გარდა ანონიმური შეტყობინებებისა), სამსახურის საქმიანობის პროცესში გამორკვეული ფაქტები.
4. ინსპექტირება ასევე შეიძლება განხორციელდეს აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე, შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინიციატივით.
5. ინსპექტირების ჩატარების, შეწყვეტის, შეჩერებისა და გაგრძელების გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით.
6. თითოეული ინსპექტირებისათვის მუშავდება ინსპექტირების გეგმა, რომელშიც აისახება ინსპექტირების საფუძველი, შესასწავლი საკითხები, შესამოწმებელი პერიოდი, ინსპექტირების ხანგრძლივობა და ინსპექტირების განმახორციელებელ პირთა ვინაობა.
მუხლი 20🔗
1. ინსპექტირების ჩატარების ან/და სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე ინფორმაციის შემცველი განცხადებებისა და წერილების შესწავლის შედეგად დგება დასკვნა ან/და სამსახურებრივი ბარათი.
2. დასკვნა შეიძლება შეიცავდეს ინსპექტირების გეგმით ან/და განცხადებით/წერილით გათვალისწინებული საკითხების შესწავლის შედეგებს, მოპოვებული მასალების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებს ან/და ხარვეზებს, მათ სამართლებრივ შეფასებასა და გასატარებელ ღონისძიებათა ჩამონათვალს.
3. თუ სამართალდარღვევის ფაქტი არ დადგინდა, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია აისახება დასკვნაში ან/და სამსახურებრივ ბარათში, რომელსაც სამსახურის საჯარო მოსამსახურე წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს. სამსახურებრივ ბარათში აისახება საჯარო მოსამსახურის მიერ განხორციელებული ქმედებები, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ან/და შესწავლის შედეგები.
4. ინსპექტირების ჩატარების ან/და განცხადებით/წერილით გათვალისწინებული საკითხების შესწავლის შედეგად შედგენილი დასკვნა შესათანხმებლად წარედგინება მინისტრს.
მუხლი 21🔗
1. დასკვნა ეგზავნება სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებს ან/და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალ/მოქმედ დაწესებულებებს, რომელთა საქმიანობის შესწავლაც განხორციელდა.
2. დასკვნა შესაძლებელია გადაეგზავნოს სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ერთეულებს ან/და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალ/მოქმედ დაწესებულებებს, დასკვნაში დაფიქსირებულ სამართალდარღვევებზე ან/და ხარვეზებზე სათანადო რეაგირების განხორციელების, მათი გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით.
3. დასკვნის საფუძველზე დეპარტამენტი უფლებამოსილია მისცეს მითითება სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალ/მოქმედ დაწესებულებებს, მოახდინონ რეაგირება გამოვლენილ სამართალდარღვევაზე, დაიცვან სამართლებრივი აქტების მოთხოვნები, ასევე მოსთხოვოს განხორციელებული ქმედებების თაობაზე დასაბუთებული ანგარიშისა და დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა. დეპარტამენტის მითითების/მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა.
4. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულისა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი დაწესებულების ხელმძღვანელი პასუხისმგებელია დეპარტამენტის მითითების/მოთხოვნის შესრულებასა და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ სრულყოფილი ანგარიშისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ვადაში წარმოდგენაზე.
მუხლი 22🔗
1. დეპარტამენტი წარმოებას არ დაიწყებს/შეწყვეტს, თუ სამართალდარღვევის ფაქტის ჩადენიდან სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციის დეპარტამენტისათვის მიწოდებამდე/შეტყობინებამდე გასულია 3 წელი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადა არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის ან/და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი დაწესებულების საჯარო მოსამსახურის/თანამშრომლის ქმედებით არსებითი ზიანი მიადგა სახელმწიფო ინტერესს ან/და არსებითად შეილახა პირის უფლებები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი