ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 30.03.2021
ძალაში შესვლა 01.04.2021
ძალის დაკარგვა 30.04.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №48/04
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016557
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/04/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,722 სიტყვა · ~19 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.03.2021 მიღება
01.04.2021 ძალაში შესვლა
30.04.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება  №48/04 2021 წლის 30 მარტი ქ. თბილისი ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის და 4​3  პუნქტის, ასევე „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის და მე-16 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელების წესი თანდართულ დანართებთან ერთად. მუხლი 2🔗 ის ანგარიშვალდებული პირი, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკისაგან მიღებული აქვს თანხმობა ელექტრონული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცესის განხორციელებაზე, ვალდებულია ამ ბრძანების ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში თავისი საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანოს ამ ბრძანებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 აპრილიდან. ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელების წესი (შემდგომში - წესი) ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში - სებ) ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ანგარიშვალდებულ პირებზე (შემდგომში - ანგარიშვალდებული პირი), რომლებიც კლიენტთან ან/და კლიენტის სახელით მოქმედ პირთან (შემდგომში - კლიენტი) უშუალო კონტაქტის გარეშე, ელექტრონულად ახორციელებენ  „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პრევენციულ ღონისძიებებს. 2. ეს წესი არ ვრცელდება გადახდის თვითმომსახურების კიოსკებზე, რომელთა მეშვეობით განხორციელებული ოპერაციების დროს კლიენტის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია ხორციელდება სებ-თან წინასწარ შეთანხმებული პროცესის შესაბამისად. 3. ამ წესის მიზანია ხელი შეუწყოს ანგარიშვალდებულ პირებს კლიენტების ელექტრონული იდენტიფიკაციისათვის/ვერიფიკაციისათვის საჭირო პროცედურების შემუშავებასა და განხორციელებაში და დაადგინოს ელექტრონულად განხორციელებული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის დროს ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიზნით გასატარებელი მინიმალური ღონისძიებები. 4. ანგარიშვალდებულმა პირმა, რომელიც აპირებს დანერგოს ელექტრონული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცედურები, ამ წესის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კუთხით საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, სებ-ის სამართლებრივი აქტების მოთხოვნების შესაბამისად, უნდა შეიმუშაოს ელექტრონული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის შიდა კონტროლის მექანიზმები და პროცედურები. 5. ანგარიშვალდებული პირის მიერ, ამ წესით და სებ-თან შეთანხმებული ტექნოლოგიური საშუალებებით და პროცედურებით განხორციელებული ელექტრონული იდენტიფიკაციისას/ვერიფიკაციისას იდენტიფიცირებული/ვერიფიცირებული პირი ჩაითვლება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ კანონმდებლობის მიზნებისათვის იდენტიფიცირებულად/ვერიფიცირებულად. 6. დაუშვებელია ელექტრონულად იდენტიფიცირებული/ვერიფიცირებული პირის მიერ განხორციელდეს საერთაშორისო ჩარიცხვისა და გადარიცხვის ოპერაციები, რომლებიც დაკავშირებულია მაღალი რისკის იურისდიქციებთან/ოფშორულ ზონებთან (ოფშორული ზონები, რომლებიც დადგენილია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის თაობაზე შესაბამისი სექტორული სამართლებრივი აქტებით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ოფშორული ზონა ამავდროულად არის ევროკავშირის წევრი). ელექტრონულად იდენტიფიცირებული/ვერიფიცირებული პირის მიერ ისეთი საბარათე გადახდის ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში, რომლებიც დაკავშირებულია მაღალი რისკის იურისდიქციებთან/ოფშორულ ზონებთან (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ოფშორული ზონა ამავდროულად არის ევროკავშირის წევრი), ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია შეიმუშაოს შიდა პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც დროულად მოხდება ასეთი ოპერაციების გამოვლენა და ასეთი ოპერაციების განმახორციელებელი კლიენტების მიმართ შესაბამისი ღონისძიებების გატარება რისკების შემცირების მიზნით. 7. იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის ელექტრონული იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთდროულად დაკმაყოფილებულია ყველა შემდეგი პირობა: ა) რეგისტრირებულია საქართველოში ან იმ ქვეყნებში, რომლებიც გათვალისწინებულია ამ წესის დანართი №1-ით; ბ) წარმომადგენელი/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი ყველა პირი (დირექტორი) არის საქართველოს ან ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული ქვეყნის მოქალაქე ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირი; გ) მფლობელობით სტრუქტურაში ყველა იურიდიული პირი არის საქართველოში ან ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებულ ქვეყანაში დაფუძნებული  პირი; დ) საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრე არის საქართველოს მოქალაქე ან ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირი ან  საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირი; ე) ანგარიშვალდებულმა პირმა ამ პუნქტით გათვალისწინებული იურიდიული პირის შესახებ დოკუმენტები (მათ შორის, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით დამოწმებული) უნდა მიიღოს ელექტრონული ფორმით ანგარიშის გახსნამდე, ხოლო მატერიალური დოკუმენტების მიღება უნდა განხორციელდეს ანგარიშის გახსნიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა. მატერიალური დოკუმენტების მიღებამდე ამ ქვეპუნქტის შესაბამისად გახსნილ ანგარიშზე შესაძლებელია მხოლოდ შეტანისა და ჩარიცხვის ოპერაციების განხორციელება, ანგარიშვალდებულ პირთან არსებული, კლიენტის (საკუთარ) ანგარიშებს შორის თანხების მოძრაობა, ანგარიშის მომსახურების/საკომისიოს თანხების ჩამოჭრა, სახელმწიფო ბიუჯეტში თანხების გადარიცხვა და კომუნალური მომსახურების საფასურის გადახდა. თუ ანგარიშის გახსნიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში, კომერციული ბანკი არ მიიღებს ანგარიშის გახსნისთვის საჭირო დოკუმენტებს, ანგარიში იხურება და მასზე განთავსებული თანხები უბრუნდება გადმომრიცხავს იმავე ანგარიშზე, საიდანაც განხორციელდა ჩარიცხვის ოპერაცია. თუ თანხის უკან დაბრუნება ვერ ხორციელდება იმავე საბანკო ანგარიშზე, კომერციულმა ბანკმა უნდა იმოქმედოს შიდა ინსტრუქციის მიხედვით. აღნიშნულისთვის კომერციულ ბანკს არ ესაჭიროება კლიენტის თანხმობა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა ვრცელდება საბროკერო კომპანიებში არსებულ ანგარიშებზე და საგადახდო მომსახურების პროვაიდერების შემთხვევაში - ელექტრონულ საფულეებზე. 8. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია არ მოითხოვოს მატერიალური სახით დოკუმენტების წარდგენა, თუ მას „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურის შესწავლის და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 21 ოქტომბრის №189/04 ბრძანებით და „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანებით დამტკიცებული წესების  შესაბამისად თავად აქვს წვდომა შესაბამის რეესტრებზე. 9. თუ ფიზიკური პირი არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირი და არის ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული ქვეყნის მოქალაქე, ანგარიშვალდებულმა პირმა ვერიფიკაციის მიზნით შესაძლოა გამოიყენოს 1 თეთრის ჩარიცხვის ოპერაციის მოთხოვნა, ან/და სხვა, დამატებით სანდო წყაროდან მიღებული ინფორმაცია. თუ საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ვალიდურობის დადგენის შესაძლებლობა აქვს პროგრამულ უზრუნველყოფას, ამ პუნქტით გათვალისწინებული ვერიფიციკაციის ზომების გამოყენება სავალდებულო არ არის. ხოლო თუ იურიდიული პირი არის ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებულ ქვეყანაში რეგისტრირებული პირი, აუცილებელია ვერიფიკაციის მიზნებისთვის პირველი ჩარიცხვის ოპერაცია განხორციელდეს იმ ქვეყნიდან, სადაც არის რეგისტრირებული აღნიშნული იურიდიული პირი. 10. დაუშვებელია კლიენტის ელექტრონული ფორმით იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია მინდობილი პირის მეშვეობით. 11. ანგარიშვალდებულმა პირმა, კლიენტის ელექტრონული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის დროს უნდა გაატაროს იგივე ღონისძიებები, რასაც საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად განახორციელებდა კლიენტთან  უშუალო კონტაქტის შემთხვევაში, კერძოდ: ა) უნდა მოიპოვოს იგივე საიდენტიფიკაციო მონაცემები, რაც გათვალისწინებულია „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანებით დამტკიცებული წესით; ბ) უნდა განახორციელოს პირის ვერიფიკაცია იგივე დოკუმენტების საფუძველზე, რაც გათვალისწინებულია „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანებით დამტკიცებული წესით. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან, ვერიფიკაციის მიზნით, გამოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც გათვალისწინებულია ამ ქვეპუნქტში მითითებული წესით;  გ) უნდა დაადგინოს ბენეფიციარი მესაკუთრე (მფლობელობის და კონტროლის სტრუქტურის შესწავლის გზით), განახორციელოს მისი იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, სებ-ის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად; დ) მიიღოს კლიენტისგან „იცნობდე შენს კლიენტს“ ინფორმაცია (შემდგომში - KYC ინფორმაცია)  (გარდა იმ შემთხვევებისა, სადაც „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანებით დამტკიცებული წესით არ მოითხოვება პრევენციული ღონისძიებების გატარება). KYC ინფორმაციის მიიღება დასაშვებია როგორც უშუალოდ კლიენტის მიერ კითხვარის შევსების გზით, ასევე ნებისმიერი არხით. როგორც კითხვარი, ასევე ნებისმიერი არხით მიღებული KYC ინფორმაცია უნდა იყოს ჩაწერილი/შენახული და ხელმისაწვდომი საზედამხედველო ორგანოსათვის. კლიენტი უნდა ადასტურებდეს მიწოდებული ინფორმაციის სისწორეს; ე) კლიენტს უნდა მიენიჭოს სათანადო რისკის დონე კანონმდებლობის და სებ-ის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით; ვ) კლიენტის რისკის დონის შესაბამისად უნდა განახორციელოს კანონმდებლობით, ასევე, სებ-ის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებები; ზ) კლიენტის რისკის დონის და კლიენტისათვის შეთავაზებული მომსახურების/ოპერაციის სახეობის/ლიმიტის მიუხედავად (გარდა „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული გამონაკლისისა, რომელიც მოიცავს საბიუჯეტო და კომუნალურ გადახდებს ლიმიტის ფარგლებში), განახორციელოს კლიენტის გადამოწმება სანქციადაკისრებულ (მათ შორის, ტერორისტთა და ტერორიზმთან დაკავშირებულ) და პოლიტიკურად აქტიურ პირთა საძიებო სისტემებში და დამთხვევის აღმოჩენის შემთხვევაში, იმოქმედოს კანონმდებლობის, მათ შორის, სებ-ის სამართლებრივი აქტების მოთხოვნების შესაბამისად; თ) ფიზიკური პირების შემთხვევაში, ანგარიშვალდებულ პირს შეუძლია ელექტრონული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის დროს საიდენტიფიკაციო მონაცემები მიიღოს მხოლოდ ელექტრონული სახით. 12. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია კანონმდებლობის და სებ-ის სამართლებრივი აქტების მოთხოვნების შესაბამისად განახორციელოს ელექტრონულად იდენტიფიცირებულ/ვერიფიცირებულ პირთან საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგი. 13. თუ ანგარიშვალდებულ პირს კლიენტთან უშუალო კონტაქტით იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის დროს კანონმდებლობით და სებ-ის სამართლებრივი აქტებით, ასევე შიდა პოლიტიკით დადგენილი აქვს რისკის შესაბამისად კონკრეტული დოკუმენტების გამოთხოვის/მიღების ვალდებულება, იგივე დოკუმენტაცია უნდა იქნას მოთხოვნილი ელექტრონული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის დროსაც. 14. ანგარიშვალდებულმა პირმა კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, უნდა აღრიცხოს და შეინახოს იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის დროს ელექტრონულად მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და საჭიროების შემთხვევაში, უნდა შეძლოს აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტაციის უმოკლეს ვადებში შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოებისთვის წარდგენა. 15. დაუშვებელია პირის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია ელექტრონულად, თუ: ა) ფიზიკური პირი არის მაღალი რისკის იურისდიქციის/ოფშორული ზონის მოქალაქე  (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ოფშორული ზონა ამავდროულად არის ევროკავშირის წევრი, აგრეთვე თუ მას აქვს საქართველოს მოქალაქეობა ან ბინადრობის უფლება); ბ) პირი არის მაღალი რისკის იურისდიქციაში/ოფშორულ ზონაში (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ოფშორული ზონა ამავდროულად არის ევროკავშირის წევრი) რეგისტრირებული იურიდიული პირი/სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი; გ) არის მაღალი რისკის იურისდიქციაში/ოფშორულ ზონაში (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ოფშორული ზონა ამავდროულად არის ევროკავშირის წევრი) რეგისტრაციის ადგილის ან/და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მქონე ფიზიკური პირი (გარდა იმ შემთხვევისა, თუ მას აქვს საქართველოს მოქალაქეობა ან ბინადრობის უფლება); დ) არ სრულდება ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობა. 16. დაუშვებელია იურიდიული პირის ელექტრონული იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია, თუ მისი საქმიანობის სფერო დაკავშირებულია კრიპტო აქტივებთან, ფორექსთან, აზარტულ თამაშობებთან და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებთან. 17. თუ ელექტრონული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის განხორციელების შემდეგ გამოვლინდება, რომ კლიენტის ოპერაციები დაკავშირებულია კრიპტო აქტივებთან, ფორექსებთან, აზარტულ თამაშობებთან და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებთან, ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია ასეთი ტიპის ტრანზაქციებზე განახორციელოს გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები. 18. ამ წესის შესაბამისად  პირების იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის შემთხვევაში, ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა შეიმუშაოს კლიენტის რისკის თანაზომიერი ლიმიტები და შეზღუდვები განსახორციელებელ ტრანზაქციებთან და გამოსაყენებელ მომსახურებებთან მიმართებით და საჭიროების შესაბამისად გაზარდოს მონიტორინგის ღონისძიებების რაოდენობა. 19. თანაზომიერი რისკის განსაზღვრის დროს, ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა გაითვალისწინოს ისეთი კუმულაციური ფაქტორები როგორებიცაა, მათ შორის, ანგარიშვალდებული პირის ზომა, შეთავაზებული პროდუქტების/მომსახურების რისკები,  საოპერაციო რისკები, კლიენტების საქმიანობასთან დაკავშირებული რისკები, სებ-ის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებული საკითხების შემოწმების შედეგები და გაცემული რეკომენდაციები. 20. დაუშვებელია პირის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია განხორციელდეს ელექტრონული საშულებებით, თუ შეუძლებელია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, ამ წესის და  სებ-ის სამართლებრივი აქტების მოთხოვნების შესრულება. 21. ამ წესის შესაბამისად, ელექტრონული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცედურების გამოყენების უფლება არ აქვთ იმ ანგარიშვალდებულ პირებს, რომელთა შიდა კონტროლის სისტემებში სებ-ის მიერ ადგილზე შემოწმებისას იდენტიფიცირებულ იქნა მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები, ან/და რომელთა სქრინინგის სისტემა არ არის ავტომატიზებული და ასევე ხასიათდება ნაკლოვანებებით. ასეთი ანგარიშვალდებული პირების განმეორებით სისტემაში ჩართვა უნდა განხორციელდეს სებ-ის წინასწარი თანხმობით. 22. ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად წარდგენილი პროექტების განსახილველად, სებ-ის პრეზიდენტის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სებ-ში იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც განიხილავს წარდგენილ დოკუმენტებს და პროგრამული უზრუნველყოფის აღწერილობებს და სებ-ის მენეჯმენტს წარუდგენს პოზიციას საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. 23. ამ მუხლის 22-ე პუნქტით განსაზღვრული სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია მოითხოვოს, ამ წესის შესაბამისად წარდგენილი პროექტის და პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამული უზრუნველყოფის განხილვა „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირების ლაბორატორიის ჩარჩოს შექმნისა და მისი გამოყენების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 25 მაისის №110/04 ბრძანებით დამტკიცებული დებულებით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში, პროექტის განხილვაზე ვრცელდება იმავე დებულების მოთხოვნები. თუ პროექტი არ განიხილება დებულების შესაბამისად, ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია ჩაატაროს სრულყოფილი შიდა ტესტირება და საწყის ეტაპზე გაუშვას პროცესი ტესტირების რეჟიმში. მუხლი 2🔗. ანგარიშვალდებული პირის მიერ ელექტრონული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცესის დანერგვა 1. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია ელექტრონული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცესების დანერგვამდე წერილობით მიმართოს სებ-ს და მიიღოს წერილობითი თანხმობა ელექტრონული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცესის დანერგვის შესახებ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სებ-ი გადაწყვეტილებას იღებს მიმართვიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში და საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია აღნიშნული ვადა გაზარდოს დამატებით 30 კალენდარული დღით, რის თაობაზეც ეცნობება ანგარიშვალდებულ პირს. ვადის დინება შესაძლებელია შეჩერდეს, თუ მიმდინარეობს ანგარიშვალდებული პირის ადგილზე შემოწმების პროცესი და მისი დასრულება საჭიროა პროექტთან დაკავშირებით სებ-ის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. 2. თუ პირის ელექტრონული იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია განხორციელდება ისე, რომ ანგარიშვალდებულ პირს არ ექნება მიღებული სებ-ის თანხმობა ელექტრონული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცესის დანერგვის თაობაზე, ყველა ასეთი ფორმით იდენტიფიცირებული/ვერიფიცირებული პირი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის ჩაითვლება არაიდენტიფიცირებულად/არავერიფიცირებულად და სებ-ი უფლებამოსილი იქნება გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები ან/და საზედამხედველო ზომები. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის მიღების მიზნით, ანგარიშვალდებულმა პირმა სებ-ს უნდა წარუდგინოს სულ მცირე შემდეგი ინფორმაცია: ა) ელექტრონული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცესის დეტალური აღწერა; ბ) პროცესის დანერგვასთან დაკავშირებით ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების დოკუმენტი; გ) ამ წესის დანართი №2-ით გათვალისწინებული კითხვარი ანგარიშვალდებული პირების მიერ ელექტრონული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის განხორციელების თაობაზე; დ) თუ ელექტრონული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცესში გამოყენებული იქნება ვიდეოიდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია, ინფორმაცია იმ თანამშრომელთა სპეციალური ცოდნის და გადამზადების შედეგების შესახებ, რომლებმაც უშუალოდ უნდა მიიღონ მონაწილეობა ვიდეოიდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცესში; ე) საოპერაციო და კიბერ რისკების შესახებ დასკვნა, რომელიც მოიცავს პროცესის თანმდევი რისკების შეფასებას, რისკის გაზომვის, კონტროლისა და  მონიტორინგის მექანიზმებს და ნარჩენი რისკების შეფასებას; ვ) იმ პროგრამული უზრუნველყოფის დეტალური აღწერა როგორც ტექნიკურ, ასევე ფუნქციონალურ დონეზე, რომლის გამოყენებაც იგეგმება ელექტრონული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცესში; ზ) ანგარიშვალდებული პირის მიერ მოძიებული ინფორმაცია პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეპუტაციის შესახებ; თ) ინფორმაცია თუ რომელ ქვეყნებში არის აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებლის პროდუქტი დანერგილი და რა მომსახურებასთან მიმართებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ი) ხელშეკრულება (გასაფორმებელი/გაფორმებული), რომელიც, მათ შორის, მოიცავს მიმწოდებელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ანგარიშვალდებულ პირს შორის პასუხისმგებლობებისა და ვალდებულებების დეტალურ აღწერას და რომელიც შეესაბამება „კომერციული ბანკების მიერ საოპერაციო რისკების მართვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 13 ივნისის  №47/04 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მოთხოვნებს; კ) პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ინფორმაციული უსაფრთხოების/ტექნოლოგიების აუდიტის ანგარიში; ლ) ინფორმაცია პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირების, სერტიფიცირების ან/და საერთაშორისოდ აღიარებული უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); მ) ანგარიშვალდებული პირის ან მესამე მხარის მიერ ჩატარებული შეღწევადობის ტესტირება, რომელიც ფარავს ელექტრონული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის სრულ პროცესს; ნ) პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებლის/ანგარიშვალდებული პირის ან მესამე მხარის მიერ ჩატარებული ტესტირების სტატისტიკა, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია კლიენტების ელექტრონული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცესის სიზუსტესთან; ო) გონივრული ლიმიტი, თუ მაქსიმუმ რამდენი ელექტრონული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცესის გაშვებას დაუშვებს ანგარიშვალდებული პირი დროის გარკვეულ მონაკვეთში. 4. წარდგენილ დოკუმენტებს და პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკურ და ფუნქციონალურ აღწერას სებ-ი განიხილავს კონკრეტული ანგარიშვალდებული პირის მიმართ, ამ პირის რისკების, შეთავაზებული მომსახურების/ლიმიტების და შიდა კონტროლის მექანიზმების ეფექტურობის გათვალისწინებით. სხვადასხვა ანგარიშვალდებული პირის მიერ ერთი და იგივე პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება არ ნიშნავს მათთვის ავტომატურად თანხმობის მიცემის ან/და ერთნაირი მოთხოვნების/შეზღუდვების დაწესების ვალდებულებას. 5. საჭიროების შემთხვევაში, სებ-ი უფლებამოსილია გამოითხოვოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის, კონფიდენციალური, რაც საჭიროა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. 6. თუ ანგარიშვალდებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია არ აკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სებ-მა მოითხოვა სხვა დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა, სებ-ი ანგარიშვალდებულ პირს განუსაზღვრავს დამატებით არაუმეტეს 30 კალენდარულ დღეს ხარვეზის აღმოსაფხვრელად, წარდგენილი მონაცემების დასაზუსტებლად ან/და დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარსადგენად. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ჩერდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება. ანგარიშვალდებული პირის მიერ განსაზღვრული ვადის გაშვება წარმოადგენს მისთვის ელექტრონული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცესის დანერგვაზე უარის თქმის საფუძველს. 7. ანგარიშვალდებული პირის მიერ დანერგილი ელექტრონული იდენტიფიკაციის/ ვერიფიკაციის პროცესებთან დაკავშირებით საზედამხედველო, საოპერაციო და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების გაზრდის შემთხვევაში, სებ-ი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ელექტრონული იდენტიფიკაციის/ ვერიფიკაციის პროცესის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერება არსებული რისკების საბოლოო მინიმიზაციამდე. 8. თუ ანგარიშვალდებული პირი ამ წესის შესაბამისად განახორციელებს კლიენტის ან ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციას, ვერიფიკაციას ან/და საიდენტიფიკაციო მონაცემების განახლებას მისი სახელით მოქმედი აგენტის ან აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებელის მეშვეობით, მან უნდა გაითვალისწინოს ის მოთხოვნები, რაც გათვალისწინებულია „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანებით დამტკიცებული წესით. მუხლი 3🔗. ელექტრონული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცესის ეტაპები 1. ელექტრონული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცესი უნდა მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს: ა) პიროვნების ნამდვილობის შემოწმებას (ე.წ. „Liveness Check“); ბ) დროის რეალურ რეჟიმში წარდგენილი დოკუმენტის ნამდვილობის შემოწმებას; გ) პიროვნების და ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე წარდგენილი დოკუმენტის ერთმანეთთან შედარებას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეტაპები შეიძლება იყოს სრულად ავტომატური ან ხორციელდებოდეს ანგარიშვალდებული პირის წარმომადგენლის ჩართულობით. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ  ეტაპზე გადაწყვეტილება ავტომატურია, ანგარიშვალდებული პირის წარმომადგენელი ვალდებულია შემთხვევითი შერჩევით გადაამოწმოს პროცესის გამართულობა, შეამოწმოს გადაწყვეტილების სისწორე (როგორც წარუმატებელ, ასევე წარმატებულ შემთხვევებში) და პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციონირების ხარისხი. 3. ელექტრონული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის დაწყებისას, ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით კლიენტისაგან აიღოს თანხმობა პერსონალურ მონაცემთა მიღებაზე, დამუშავებასა და შენახვაზე. 4. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია კლიენტის, მისი სახელით მოქმედი პირის ან ბენეფიციარი მესაკუთრის ელექტრონული იდენტიფიკაციის, ვერიფიკაციის განხორციელების ან/და საიდენტიფიკაციო მონაცემების განახლების მიზნით მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე ისარგებლოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზებით. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან მოიპოვოს მონაცემთა სუბიექტის ფოტოსურათიც. 5. თითოეული კლიენტის მიმართ ელექტრონული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის მცდელობების ინიცირების რაოდენობა და ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ თითოეულ ეტაპზე განსახორციელებელი ქმედებების რაოდენობა შეზღუდული უნდა იყოს. 6. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია მოახდინოს ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტილი/დახარვეზებული ელექტრონული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის მცდელობების შესაბამისი კლასიფიცირება, შენახვა მინიმუმ 1 წლის ვადით და მონიტორინგი. სებ-ის მოთხოვნის შემთხვევაში, ანგარიშვალდებულ პირს უნდა ჰქონდეს დეტალური ინფორმაციის წარდგენის საშუალება. 7. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია მოახდინოს საეჭვო მცდელობის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, როგორც პირადი ნომრით, ასევე დამატებით მომხმარებლის სხვა მაიდენტიფიცირებელი პარამეტრების ჭრილში (მაგალითად, IP მისამართი) და შეზღუდოს შემდგომი ელექტრონული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის მცდელობები ამ პირებისთვის. 8. პიროვნების ნამდვილობის შემოწმება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) პიროვნების ნამდვილობის შემოწმების მომენტში უნდა ხდებოდეს ფოტოს გადაღება, რომელიც გამოიყენება დოკუმენტთან შედარებისთვის; ბ) პროცესი უნდა მიმდინარეობდეს დროის რეალურ რეჟიმში; გ) პიროვნების ნამდვილობის შემოწმების ტექნოლოგიური ნაწილი შემოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური მესამე მხარის მიერ და აკმაყოფილებდეს ამ წესის მოთხოვნებს; დ) პროცესში გამოყენებული პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციონალური კომპონენტების (მათ შორის, პიროვნების და დოკუმენტების ნამდვილობის) ტესტირება უნდა ჩატარდეს წელიწადში მინიმუმ ერთხელ და ხარვეზის აღმოჩენის ან მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი შედეგები წარედგინოს სებ-ს; ე) თუ პიროვნების ნამდვილობის შემოწმების პროცესში არ მონაწილეობს ადამიანი, რეკომენდებულია გამოყენებული იყოს სახის 3D განზომილებიანი სკანირება და მის შედეგად 3D ბიომეტრიული შაბლონის შექმნა; ვ) თუ ანგარიშვალდებული პირი პიროვნების ნამდვილობის შემოწმებას ახორციელებს მისი თანამშრომლის პროცესში უშუალო მონაწილეობით: ვ.ა) ვიდეოიდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის შემთხვევაში, პროცესი უნდა წარიმართოს კლიენტს და ანგარიშვალდებულ პირს შორის, აუდიოვიზუალურად, დროის რეალურ რეჟიმში, შეფერხების გარეშე. ანგარიშვალდებული პირის მიერ სებ-თან შეთანხმებული წესით უზრუნველყოფილი უნდა იყოს ანგარიშვალდებული პირის თანამშრომელსა და კლიენტს შორის აუდიოვიზუალური კომუნიკაციის უწყვეტობა და კონფიდენციალურობა, რისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ სრულად დაშიფრული საკომუნიკაციო არხები; ვ.ბ) აუდიოვიზუალური კომუნიკაცია უნდა იყოს მინიმუმ HD ხარისხის, რომლითაც შესაძლებელი იქნება სახის ნაკვთების სრულყოფილად გარჩევა (არ უნდა იყოს შავ-თეთრი და არ უნდა ჰქონდეს ჩრდილები), სახის არცერთი ნაწილი არ უნდა იყოს დაფარული რაიმე საშუალებით; ვ.გ) კლიენტს უნდა მოსთხოვოს შემთხვევით შერჩეული მინიმუმ სამი დავალების შესრულება; ვ.დ) ამ პუნქტის „ვ.გ“ ქვეპუნქტში მითითებული დავალებების მთლიანი რაოდენობის გადახედვა უნდა მოხდეს წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით; ვ.ე) ანგარიშვალდებულ პირს უნდა ჰქონდეს განსაზღვრული ვიდეო კავშირის მინიმალური სტანდარტები და მათი კონტროლის საშუალებები. პროცესში დაუშვებელია ვიდეოჩანაწერის გამოყენება. 9. დოკუმენტის ნამდვილობა შემოწმებულად ჩაითვლება, თუ კმაყოფილდება ყველა შემდეგი მოთხოვნა: ა) ელექტრონული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცესში წარდგენილი დოკუმენტი კლიენტს უნდა ჰქონდეს პროცესის განმავლობაში. დაუშვებელია  უკვე გადაღებული დოკუმენტის ფოტოს გამოყენება; ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის ან/და საქართველოს ტერიტორიაზე ბინადრობის ნებართვის მქონე პირის შემთხვევაში, აუცილებელია ელექტრონული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცესში წარდგენილი დოკუმენტის მონაცემები (მათ შორის, ფოტო და MRZ კოდი), სრულად შედარდეს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან გამოთხოვილ ინფორმაციასთან; გ) ბინადრობის ნებართვის არმქონე პირის  შემთხვევაში, აუცილებელია ანგარიშვალდებულმა პირმა სებ-ს წინასწარ, თანხმობის მისაღებად წარუდგინოს პროცესი, თუ როგორ გადაამოწმებს დოკუმენტის ავთენტურობას; დ) წარდგენილი დოკუმენტებიდან საიდენტიფიკაციო ინფორმაცია სრულად უნდა იკითხებოდეს ავტომატურად, სრულყოფილი და შემოწმებული ოპტიკური სიმბოლოების გარჩევადობის (OCR) ან NFC ტექნოლოგიით; ე) არარეზიდენტი პირების იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის მიზნით, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მხოლოდ ისეთი საერთაშორისო ბიომეტრიული პასპორტი ან/და პირადობის ელექტრონული მოწმობა, რომელიც დასაშვებია „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანებით დამტკიცებული წესის მიხედვით და რომლითაც კანონმდებლობის შესაბამისად დასაშვებია საქართველოს საზღვრის კვეთა; ვ) არარეზიდენტი პირების იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის მიზნით, ვიდეოიდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გამოყენების შემთხვევაში, პროცესში გამოყენებული პროგრამული უზრუნველყოფა უნდა იძლეოდეს კლიენტის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების შერჩევითად, მაგრამ მინიმუმ ორი დამცავი ნიშნის გადამოწმების საშუალებას; ზ) ვიდეოიდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცესში ანგარიშვალდებული პირის შესაბამისმა თანამშრომელმა უნდა შექმნას ფოტოები/სქრინშოტები, რომელზეც ნაჩვენებია ის პირი, რომლის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია ხდება. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია ფოტოები გადაუღოს კლიენტის საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ორივე გვერდს (პასპორტის შემთხვევაში მხოლოდ ერთ გვერდს). ფოტოში ნათლად უნდა ჩანდეს დოკუმენტზე განთავსებული ინფორმაცია. ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა მოსთხოვოს კლიენტს ისეთი დავალების შესრულება, რომლითაც დარწმუნდება, რომ საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ფოტოს გადაღების პროცესში ნამდვილად ამ პირს უჭირავს. 10. პიროვნების და დოკუმენტის ერთმანეთთან შედარების ეტაპზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოთხოვნები: ა) საქართველოს მოქალაქეობის ან ბინადრობის ნებართვის მქონე პირების შემთხვევაში, პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით შედარებისას, გამოყენებული უნდა იყოს პიროვნების ნამდვილობის შემოწმების პროცესში გადაღებული ფოტო, რომელიც უნდა შედარდეს როგორც ატვირთული დოკუმენტის ფოტოსთან, ასევე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებულ ფოტოსთან; ბ) პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია მინიმალური სიზუსტის მაჩვენებელი იყოს - 1/10,000; გ) თუ პროცესში გადაწყვეტილების მისაღებად, არც ერთ ეტაპზე ადამიანის ჩართულობა არ ხდება, ანგარიშვალდებული პირის მიერ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა წარმატებული ელექტრონული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის შემდგომი გადამოწმება; დ) თუ ანგარიშვალდებული პირის წარმომადგენელი იღებს გადაწყვეტილებას კლიენტის და დოკუმენტის შედარების სიზუსტეზე, დაცული უნდა იყოს ამ მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნები. 11. თუ ელექტრონული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცესში ნებისმიერ ეტაპზე გადაწყვეტილებას იღებს ანგარიშვალდებული პირის თანამშრომელი, დაკმაყოფილებული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები: ა) პროცესში დაცული იყოს „ოთხი თვალის პრინციპი“; ბ) პროცესში მონაწილე ანგარიშვალდებული პირის ყველა თანამშრომელს გავლილი უნდა ჰქონდეს შესაბამისი გადამზადება; თანამშრომლების სწავლება უნდა განხორციელდეს რეგულარულად, სულ მცირე წელიწადში ერთხელ; გ) პროცესში შეუძლებელი უნდა იყოს  წინასწარ იმის განსაზღვრა, თუ რომელი კლიენტი ანგარიშვალდებული პირის რომელ თანამშრომელთან მოხვდა ვიდეო იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცესის გასავლელად; დ) ანგარიშვალდებული პირის შესაბამისი თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ აწარმოებენ ვიდეოიდენტიფიკაციას/ვერიფიკაციას, იმგვარად უნდა იყვნენ გადამზადებულები, რომ  დაადგინონ, კლიენტების მიერ ვიდეოიდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროდუქტით სარგებლობა შეესაბამება თუ არა მის სურვილს (ფიშინგის რისკი, ქცევა, როდესაც პირი იმყოფება სხვისი ზეგავლენის ქვეშ და სხვა); ე) ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია პროცესში, უშუალოდ კლიენტისგან, იურიდიული პირის შემთხვევაში - მისი წარმომადგენლებისგან (დირექტორებისგან) მიიღოს დოკუმენტები/ინფორმაცია; ვ) იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცესის ამსახველი სრული ვიდეო შენახული უნდა იყოს ანგარიშვალდებული პირის მიერ და მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა წარედგინოს სებ-ს; ზ) ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს მიღებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის და ვიდეო ზარის ჩაწერა და შენახვა იმგვარად, რომ მასზე აღინიშნებოდეს ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიღების და ვიდეოზარის ჩაწერის თარიღი და შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს მათი უმოკლეს ვადებში წარდგენა; თ)  ვიდეოიდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცესში, ანგარიშვალდებული პირის თანამშრომელი, რომელიც უძღვება ვიდეოიდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცესს, უნდა იმყოფებოდეს ისეთ სივრცეში, სადაც შესაძლებელი იქნება კლიენტის ხმის გაგება, მასზე დაკვირვება და ხელი არ შეეშლება ელექტრონული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცესს; ი) ანგარიშვალდებული პირის თანამშრომლები, რომლებიც ვიდეოიდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცესში იღებენ მონაწილეობას, უნდა გაეცნონ ვიდეოიდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცედურაში ნებადართული დოკუმენტების მახასიათებლებს, რომელთა გადამოწმება შესაძლებელია გაყალბების რისკის შესამცირებლად; კ) ანგარიშვალდებულმა პირმა წინასწარ უნდა შეიმუშაოს და პროცესში ჩართული ყველა თანამშრომლისათვის ხელმისაწვდომი გახადოს კლიენტის საეჭვო ქცევის კრიტერიუმები, რომელზეც თანამშრომელმა უნდა გაამახვილოს ყურადღება ვიდეოიდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცესში. 12. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურები სრულდება პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებლის მეშვეობით, პროცესი უნდა აკმაყოფილებდეს სებ-ის სამართლებრივი აქტებით, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის  მიერ დადგენილ მოთხოვნებს, ასევე, აუცილებელია უზრუნველყოფილ იქნას ინფორმაციის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადით უცვლელად შენახვა, დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობა და კონფიდენციალურობა.  მუხლი 4🔗. ინფორმაციის განახლება 1. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია ამ წესის შესაბამისად, ასევე ნებისმიერი საკომუნიკაციო არხით განაახლოს ინფორმაცია უკვე იდენტიფიცირებულ/ვერიფიცირებულ კლიენტებზე. ინფორმაციის განახლების შემთხვევაში, ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია ისარგებლოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზით, „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად. 2.  თუ  ელექტრონულად იდენტიფიცირებული/ვერიფიცირებული კლიენტის შესახებ ინფორმაციის განახლების პროცესში გამოვლინდა ამ წესით გათვალისწინებული რისკ-ფაქტორები, შემზღუდველი გარემოებები ან თუ ამ წესით გათვალისწინებული გამონაკლისები არ არის დაკმაყოფილებული, ანგარიშვალდებულმა პირმა შიდა პოლიტიკა/პროცედურების შესაბამისად, უნდა გადახედოს კლიენტის რისკის დონეს და მასთან საქმიანი ურთიერთობის გაგრძელების მიზანშეწონილობას, ასევე, კლიენტთან მიმართებით გაატაროს ღონისძებები, რომელიც კლიენტთან დაკავშირებული რისკის თანაზომიერი იქნება. 3. თუ ანგარიშვალდებული პირი ამ წესის შესაბამისად ნერგავს პროგრამულ უზრუნველყოფას მხოლოდ არსებული კლიენტების მიმართ ინფორმაციის განახლების მიზნით, იგი ვალდებულია სებ-თან წინასწარ შეათანხმოს შესაბამისი ტექნოლოგიური საშუალებები და პროცედურები. მუხლი 5🔗. ელექტრონული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცესის შეწყვეტა ანგარიშვალდებულმა პირმა არ უნდა დაამყაროს საქმიანი ურთიერთობა/არ უნდა მოემსახუროს კლიენტს, თუ: ა) პროცესში გამოყენებული ფოტოსურათის, ვიდეოს ან ხმის ხარისხი გამორიცხავს კლიენტის იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის შესაძლებლობას; ბ) კონკრეტული კლიენტის იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცესში არ არის უზრუნველყოფილი იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცესის უწყვეტობა. გაწყვეტილი კავშირის შემთხვევაში, კონკრეტული ვიდეოზარის ჩანაწერი უნდა ინახებოდეს ცალკე, წინასწარ განსაზღვრული პერიოდით, როგორც „დახარვეზებული“ და მიენიჭოს შესაბამისი სტატუსი; გ) ეჭვს იწვევს საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ან კლიენტის ვინაობა; დ) შეუძლებელია ვიზუალური გადამოწმება - (მათ შორის, ცუდი განათების პირობების ან სურათის, ვიდეოს დაბალი ხარისხის გამო) ან/და თუ პირთან ვერბალური კომუნიკაცია შეუძლებელია; ე) მოხდა კლიენტის დამთხვევა სანქციადაკისრებულ პირთა სიაში ან/და ანგარიშვალდებული პირის ინფორმაციით, პირი ეჭვმიტანილია/ბრალდებულია/მსჯავრდებულია ფულის გათეთრების ან პრედიკატი დანაშაულისათვის; ვ) შეუძლებელია კლიენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ვერიფიცირება; ზ) კლიენტი ვერ ასრულებს მიცემულ დავალებებს; თ) კლიენტი ვერ/არ პასუხობს ანგარიშვალდებული პირის კითხვებს, ან დაფიქსირებული პასუხები ბუნდოვანია, ადგილი აქვს კლიენტის სხვა საეჭვო ქცევას; ი) კლიენტის მიმართ შეუძლებელია კანონმდებლობით და სებ-ის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული  ღონისძიებების განხორციელება; კ) არსებობს ნებისმიერი სხვა შეუსაბამობა ან გაურკვევლობა, რომელმაც შესაძლოა იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის განხორციელებაზე ნეგატიური გავლენა იქონიოს ან/და რისკების წინაშე დააყენოს ანგარიშვალდებული პირი. მუხლი 6🔗. საზედამხედველო ზომები ან/და სანქცია ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, სებ-ი უფლებამოსილია გამოიყენოს კანონმდებლობით განსაზღვრული საზედამხედველო ზომები ან/და სანქცია.